გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.11.2018
საქმის ნომერი
030210017002224676
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
29.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმის N 030210017002224676

N 2/1328-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 აგვისტო, 2018 წელი ქ.ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი ეკატერინე ბაბილუა

მოსარჩელე შპს ,,ს---–--"

წარმომადგენელი ს-------- შ-------–---–-

მოპასუხე დ------- ბ----–---

წარმომადგენელი მ-----–- ა-----–---

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. დ------- ბ----–---ს შპს „ს---–--ს“ სასარგებლოდ, დაეკისროს შემცირებული დავალიანების - 2000.00 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 922.60 ლარს, პროცენტი - 122.78 ლარს, პირგასამტეხლო - 954.62 ლარს.

1.2. პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად.

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

შპს „ს---–--სა“ და დ------- ბ----–---ს შორის, 2016 წლის 05 სექტემბერს, ელექტრონული ფორმით დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, დ------- ბ----–---ზე გაიცა სესხი 1300. 00 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით: სესხის ვადა - 365 დღე, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი - 101.36%, სესხის დაფარვა გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური გადახდებით, ყოველთვიური შენატანები (ძირითადი თანხა+პროცენტი)- 175.89 ლარი, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - ნარჩენი ძირითადი თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხემ არ შეასრულა სესხის დაფარვის ვალდებულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ძირი თანხის - 922,60 ლარის ფარგლებში, ხოლო პროცენტის და პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. შპს „ს---–--სა“ და დ------- ბ----–---ს შორის, 2016 წლის 05 სექტემბერს, ელექტრონული ფორმით დაიდო N 5146_1 სესხის ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი, ახსნა-განმარტებები, სესხის ხელშეკრულება.

 

3.1.2. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ დაფარა სესხი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების შესახებ, მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. შპს „ს---–--სა“ და დ------- ბ----–---ს შორის, 2016 წლის 05 სექტემბერს, ელექტრონული ფორმით დაიდო N 5146_1 სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, დ------- ბ----–---ზე გაიცა სესხი 1300. 00 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით: სესხის ვადა - 365 დღე, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი - 101.36%, სესხის დაფარვა გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური გადახდებით, ყოველთვიური შენატანები (ძირითადი თანხა+პროცენტი) - 175.89 ლარი, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - ნარჩენი ძირითადი თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

3.2.2. მსესხებლის მიერ, ხელშეკრულება დაირღვა 2017 წლის 13 მარტს. 2017 წლის 24 ნოემბრის მდგომარეობით, გამსესხებლის წინაშე მსესხებლის ფულადი ვალდებულება შეადგენს 2013.75 ლარს. საიდანაც სესხის ძირი თანხაა 922.60 ლარი, პროცენტი - წლიური საპროცენტო განაკვეთიდან ხელშეკრულების დარღვევამდე არსებულ პერიოდზე პროპორციულად დარიცხული გადაუხდელი ოდენობა - 122.78 ლარი, პირგასამტეხლო ნარჩენი ძირითადი თანხის დღიური 0.41% 2017 წლის 13 მარტიდან მოყოლებული ვადაგადაცილებულად დაფიქსირებულ დღეებზე რომელშიც არ შედის ის დღეები, როდესაც მსესხებელი სარგებლობდა გადავადებით) – 968.37 ლარი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, საქმის მასალებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ს---–--ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ყოველი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებისაგან, რომლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებით და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით (საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი).

 

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. სასამართლო დაცვის უფლება თავად არის ადამიანის ერთ-ერთი დამოუკიდებელი უფლება, ამასთან, ადამიანის ყველა სხვა უფლებისა და თავისუფლების აუცილებელი გარანტია, დაცვის საშუალება.

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.

 

ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე (კრედიტორი) ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან (მოვალესთან). ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ შპს „ს---–--სა“ და დ------- ბ----–---ს შორის, 2016 წლის 05 სექტემბერს, ელექტრონული ფორმით დაიდო N 5146_1 სესხის ხელშეკრულება. ამასთან, შეთანხმებულნი არიან ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება.

 

ვინაიდან, მოპასუხემ სარჩელი ცნო მხოლოდ ძირი თანხის ნაწილში, შპს „ს---–--ს“ მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ, პირგასამტეხლოს გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, გადაწყვეტილებას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ანუ სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება.

 

სესხის ძირი თანხაა 922.60 ლარი, პროცენტი - წლიური საპროცენტო განაკვეთიდან ხელშეკრულების დარღვევამდე არსებულ პერიოდზე პროპორციულად დარიცხული გადაუხდელი ოდენობა - 122.78 ლარი, პირგასამტეხლო ნარჩენი ძირითადი თანხის დღიური 0.41% 2017 წლის 13 მარტიდან მოყოლებული ვადაგადაცილებულად დაფიქსირებულ დღეებზე რომელშიც არ შედის ის დღეები, როდესაც მსესხებელი სარგებლობდა გადავადებით) – 968.37 ლარი.

 

მხარეთა მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო 0.41%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ დარიცხული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და იგი უნდა შემცირდეს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი ნაწილის თანახმად ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

 

საქართველოს სსკ-ის 268-ე მუხლით გათვალისწინებული დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილებები გამოიტანება ისეთ საქმეებზე, რომლებიც პირთა უმნიშვნელოვანეს ინტერესებს შეეხება, ესენია: 1) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; 2) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახდელის დაკისრების შესახებ; 3)მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; 4) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ.

 

სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ასევე ყველა სხვა საქმეზე, მხოლოდ მაშინ, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს (იგულისხმება კრედიტორი) მნიშვნელოვაინი ზიანი მიაყენოს, ან თუ თავად გადაწყვეტილების აღსრულება საერთოდ შეუძლებელი აღმოჩნდება.

 

გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეუძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.

 

მოწინააღმდეგე მხარისათვის მიყენებული ზარალის ოდენობის დადგენის გარეშე სასამართლოს არა აქვს იურიდიული საფუძველი მოახდინოს გადაწყვეტილების აღსრულება.

 

თუ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაწყვეტილების მიქცევის საფუძვლები არ არსებობს, სასამართლოს უფლება აქვს სარჩელის უზრუნველყოფისათვის დადგენილი წესების დაცვით მიიღოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

დაუყოვნებლივ აღსრულება გამონაკლისია აღსრულების ზოგადი წესებიდან. მისი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ დაუყოვნებლივ აღსრულებული გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო და საკასაციო წესით. თუკი შემდგომში გადაწყვეტილება გაუქმდება, ან საქმის ხელახლა განხილვის დროს სარჩელი არ დაკმაყოფილდება, ან სარჩელი განუხილველი დარჩება, ან საქმის წარმოება შეწყდება, კანონით გათვალისწინებული წესით და შემთხვევებში დაიშვება გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნება.

 

დასაშვებია პრაქტიკულად ყველა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება, რომელიც კი კანონიერ ძალაში არ არის შესული, მაგრამ დაუყოვნებლივ აღსრულება შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლისის წესით, თუ სახეზე იქნება კანონით გათვალისწინებული განსაკუთრებული გარემოებები. პირველყოვლისა, ამისათვის, აუცილებელია მოსარჩელის განცხადება. თავის განცხადებაში მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების აუცილებლობა და წარადგინოს განსაკუთრებულ გარემოებათა არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელთა გამოც სასამართლო აქტის აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება მოსარჩელისთვის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვიოს ან საერთოდ თავად აღსრულება გახდეს შეუძლებელი.

 

ამ საკითხის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს შესაბამისი მოტივები ანუ უნდა მიეთითოს მიზეზები და განსაკუთრებული გარემოებები, რომელთა გამოც სასამართლო მივიდა დაუყოვნებლივ აღსრულების წესის გამოყენების აუცილებლობის შესახებ დასკვნამდე.

 

სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხზე გამოტანილი განჩინება, მიუხედავად იმისა, გამოტანილია თუ არა იგი გადაწყვეტილების მიღების დროს ან შემდგომში, დაკმაყოფილებულია თუ არა მოსარჩელის განცხადება დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე, თუ ამაზე მას უარი ეთქვა, შეიძლება გასაჩივრდეს. იმავდროულად, კერძო საჩივრის შეტანა არ აჩერებს იმ განჩინების მოქმედებას, რომლითაც სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება მიქცეულია დაუყოვნებლივ აღსასულებლად.

 

სასამართლო, ასევე განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლში ჩამოთვლილი პირობების არსებობას უკავშირებს სასამართლოს უფლებამოსილებას და არ ზღუდავს იმპერატიულობით, რაც იმას ნიშნავს, რომ საპროცესო მხარე, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, დამაჯერებლად უნდა ადასტურებდეს და ასაბუთებდეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების აუცილებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების მოცემულ ეტაპზე მისთვის სასიცოცხლო მნიშვენელობას, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, თუ რა სახის ზიანი მიადგება მას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღუსრულებლობის შემთხვევაში.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე უთითებს მხოლოდ საპროცესო ნორმაზე, რომელშიც აღნიშნულია სასამართლოს უფლებამოსილებაზე, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება, მაგრამ ის არ ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

შპს „ს---–--ს“ უნდა დაუბრუნდეს შპს "ს---–--ს" მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 50 ლარიდან (გადახდის თარიღი: 04.12.2017 წ. საგადასახადო დავალება N10) 23,07 ლარი, მოპასუხეს სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 5.46 ლარის გადახდა, ხოლო 21.47 ლარი დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლები

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს „ს---–--ს“ სარჩელი დ------- ბასიალაიას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე დ------- ბ----–---ს შპს „ს---–--ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხის - 922.60 ლარი, პროცენტი - 122.78 ლარი, პირგასამტეხლო - 95.62 ლარის, სულ 1141 ლარის გადახდა.

 

3. შპს „ს---–--ს“ სასარჩელო მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

4. შპს „ს---–--ს“ უნდა დაუბრუნდეს შპს "ს---–--ს" მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 50 ლარიდან (გადახდის თარიღი: 04.12.2017 წ. საგადასახადო დავალება N10) 23,07 ლარი, მოპასუხეს სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 5.46 ლარის გადახდა, ხოლო 21.47 ლარი დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად.

 

5. გადაწყვეტილება (განჩინება) გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების ნაწილში შეიძლება კერძო საჩივრით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში აქტის მხარისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვობით.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე