გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/391-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 ნოემბერი 2018 წელი ქ. მცხეთა
მცხეთის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ბადრი შონია
სხდომის მდივანი ეკა გაბიდაური
მოსარჩელე - შპს ,,სა------------------ი’’
წარმომადგენელი - ვა---– ხა----------
მოპასუხე - შპს ,,Ge------’’
წარმომადგენელი - სო----- ნე-----
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს ,,Ge------’’-ს შპს ,,სა------------------ის’’ სასარგებლოდ 85 971,02 ლარის გადახდა (იხ. სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის დაზუსტება, 2018 წლის 16 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 16:20:02სთ).
სასარჩელო მოთხოვნის საფუძველად მითითებულია შემდეგი:
შპს „სა------------------ი“ ფლობს სასტუმროს, საფირმო სახელწოდებით RO-----------------I. სასტუმრო თავის კლიენტებს სთავაზობს ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს. 2017 წლის 16 მაისს შპს „Ge------“-მა ელ. ფოსტის საშუალებით სთხოვა მოსარჩელეს ხელშეკრულების გაფორმება, თუმცა მოპასუხე აქამდეც სარგებლობდა შპს „სა------------------ი“-ს მომსახურებით. ამავე დღეს მოსარჩელემ ელ. ფოსტის საშუალებით გაუგზავნა ხელშეკრულება. ამის შემდგომ მოპასუხემ მიიღო მომსახურება შპს „სა------------------ისგან“, რაც დასტურდება საგადასახადო ანგარიშფაქტურებით. მომსახურების გაწევის კვალ და კვალ მოპასუხე ადასტურებდა მისთვის გაგზავნილ საგადასახადო ანგარიშფაქტურებს, თუმცა მომსახურების ღირებულება არ გადაუხდია. მოპასუხისთვის გაწეული მომსახურების ღირებულებამ, რომელიც მას არ გადაუხდია შეადგინა 95 771.02 ლარი.
მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მოპასუხე არ იხდის მომსახურების ღირებულებას. მოსარჩელეს ჰქონდა მცდელობა მოეგვარებინა საკითხი სასამართლოში მიმართვის გარეშე, თანახმა იყო დავალიანების ეტაპობრივად გადახდაზეც, თუმცა მოპასუხის ქმედებებმა მოსარჩელეს მისცა საფუძველი ეფიქრა, რომ იგი მიზანმიმართულად ცდილობდა ვალდებულების შესრულებისგან თავი არიდებას. მოსარჩელემ მიმდინარე წლის 16 მარტს მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, გამარტივებული საქმის წარმოების სამსახურს. მოსარჩელეს იმედი ჰქონდა, რომ მოპასუხე გამოიჩენდა კეთილსინდისიერებასა და მოხდებოდა შეთანხმება დავალიანების დაფარვასთან დაკავშირებით (რადგან გამარტივებული წარმოება ასევე ითვალისწინებს მორიგებას თანხის გადახდის გადანაწილების გზით), თუმცა მოპასუხემ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარადგინა პროტესტი, რის გამოც შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი გახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი სარჩელით ნაწილობრივ ცნო სარჩელი და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
საქმეში წარმოდგენილი არ არის მხარეებს შორის გაფორმებული და ხელმოწერილი სასტუმრო მომსახურების ხელშეკრულება. ელექტრონულ ფოსტაზე სამი სახის სხვადასხვა ხელშეკრულების გაგზავნა არ ნიშნავს მათ შინაარსზე თანხმობას და მათზე ხელმოწერას. შპს „სა------------------ი“ შპს „Ge------“-ის ტურისტებს ემსახურებოდა ყოველგვარი ხელშეკრულების გარეშე. მოპასუხის მოთხოვნის შესაბამისად ხდებოდა ჯგუფის მიღება და მომსახურების ღირებულების გადახდა.
2017 წლის 14 თებერვალს და 2017 წლის 25 მაისს მოპასუხის მიერ სრულად დაიფარა 2016 წლის დავალიანება და მოსარჩელის ანგარიშზე ჩარიცხული იქნა 18 138 ლარი და 45 თეთრი, რა დროსაც განულდა ძველი წლის დავალიანება, ხოლო შემდგომ განხორციელდა მომდევნო ჩარიცხვები, რომლის ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 65 543 ლარი და 93 თეთრი, რაც იყო 2017 წლის მომსახურების თანხა.
მხარეებს შორის უთანხმოების მიზეზი გახდა, „სა------------------ის“ მიერ მოთხოვნილი შეუსაბამოდ მაღალი თანხა. ანგარიშფაქტურებში ნათლად ჩანს, რომ მოთხოვნილი თანხები ჯამში 95 771,02 ლარი არის სასტუმრო მომსახურების ღირებულება, აღნიშნულ თანხას მოპასუხე არ ეთანხმება, რადგან მოსარჩელეს მოპასუხე კომპანიისთვის არ გაუწევია სრულად 95 771,02 ლარის ღირებულების მომსახურება, აღნიშნული თანხის წარმომავლობა მოპასუხისთვის გაუგებარია, სარჩელში მხარე ცდილობს მოთხოვნილი თანხა წარმოაჩინოს როგორც გაწეული მომსახურების საზღაური, რაც არ შეიძლება მიჩნეულ იქნას საფუძვლიან მოთხოვნად. მოპასუხის ვარაუდით სასტუმრომ მხარეთა შეთანხმების გარეშე ტურისტული ჯგუფების გამოუცხადებლობისათვის ერთპიროვნულად დაარიცხა სასტუმროს ნომრის 2 ღამის ღირებულება სრულად, ორჯერადი კვებით (საუზმე, ვახშამი) და დღგ-ს ჩათვლით, რამაც ჯამში შეადგინა 55 890 ლარი და 79 თეთრი. ასევე მოპასუხის აზრით, სასარჩელო მოთხოვნა მოიცავს გაუქმებული ნომრების ღირებულებასაც 15 905 ლარსა და 92 თეთრს, რომელშიც შედის დილის კვება, ვახშამი და დღგ. გაუქმებულ ნომრებში იგულისხმება ისეთი შემთხვევა, როცა სასტუმროს წინასწარ რამდენიმე დღით ადრე ეცნობა სტუმრების გამოუცხადებლობის თაობაზე.
მოთხოვნილი თანხები ვერ ჩაითვლება მომსახურებად, რადგან არ ყოფილა რეალური შესრულება და თუ სასტუმრო თავად თვლის, რომ მოემსახურა მოპასუხის ჯგუფებს, მათი ვალდებულებაა დაამტკიცონ და წარმოადგინონ შესაბამისი მომსახურების გაწევის ზუსტი ინფორმაცია.
მოპასუხის განმარტებით მოსარჩელის მიერ გამოწერილი ყველა ანგარიშფაქტურა არის დასაკორექტირებელი და შესამცირებელი, რის შემდგომ მოპასუხე მოახდენს რეალური დავალიანების დაფარვას.
მოპასუხე შპს ,,Ge------’’-ის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მოთხოვნა (85 971,02 ლარი) ცნო 13 674,51 ლარის ნაწილში. (იხ. 2018 წლის 23 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 15:28:32 სთ).
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეზე არ არსებობს უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, შპს ,,Ge------’’-ის მიერ შპს ,,სა------------------ისგან’’ მომსახურების შეძენის ფაქტობრივ გარემოებას. ასევე, დადგენილად მიიჩნევს რომ მოპასუხე შპს ,,Ge------’’-ს მოსარჩელე შპს ,,სა------------------ის’’ მიმართ გააჩნია ნასყიდობის საფასურის დავალიანება 85 971,02 ლარის ოდენობით.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას, ხელშეკრულების დადების და ვალდებულების არსებობის ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესრულებას - მიწოდებული მომსახურების ღირებულების დავალიანების - 85 971,02 ლარის გადახდას. მოპასუხე სადავო 85 971,02 ლარის გადახდას უარყოფს იმ საფუძვლით, რომ მასსა და მოსარჩელეს შორის არ ყოფილა გაფორმებული და ხელმოწერილი სასტუმრო მომსახურების ხელშეკრულება, ასევე განმარტავს, რომ სასტუმროს მოთხოვნილი თანხის მომსახურება მისთვის არ გაუწევია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლით დადგენილია მხარეთა მტკიცების ტვირთის სტანდარტი, რომლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის თაობაზე. საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მტკიცებულებათა შინაგანი რწმენით შეფასება, როგორ სამოქალაქო პროცესის მთავარი პრინციპი ცხადჰყოფს, რომ არავითარ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევას. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული და შეფასებული თითოეული დეტალი, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწენით მტკიცებულებათა შეფასების მეთოდი, მოიცავს როგორც დამოუკიდებლად თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრას.
სადავო გარემოების დადასტურების მიზნით, კერძოდ, იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მოპასუხემ მიიღო მომსახურება, მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილია ელექტრონულად დადასტურებული 2017 წლის 15 სექტემბრის (ეა-13 9924170), 2017 წლის 22 დეკემბრის (ეა-14 0110747), 2017 წლის 15 სექტემბრის (ეა-14 0110734), 2017 წლის 27 დეკემბრის (ეა-14 0710749), 2017 წლის 13 ოქტომბრის (ეა-14 1002699), 2017 წლის 13 ოქტომბრის (ეა-14 1057871, რომლის კორექტირება მოხდა ეკ 3451680 ანგარიშფაქტურით), 2017 წლის 28 დეკემბრის (ეა-14 1601538), 2017 წლის 14 ნოემბრის (ეა-14 2079292) და 2017 წლის 15 დეკემბრის (ეა-142184596) ანგარიშფაქტურები, რომელთა ნამდვილობა საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ გამხდარა სადავოდ. ამასთან, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები - ანგარიშფაქტურები, შეესაბამება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №996 ბრძანებას (გადასახადების ადმინისტრირების შესახებ).
უდავოდ დადგენილია, რომ შპს ,,სა------------------ის’’ მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა მიღებული და დადასტურებული აქვს მყიდველს - შპს ,,Ge------’’-ს. ამდენად, მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისთვის სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს საგადასახადო ანგარიშფაქტურის სამართლებრივ ბუნებაზე. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშფაქტურა წარმოადგენს ჩათვლის დოკუმენტს. მისი ფორმები, შევსებისა და წარდგენის წესი რეგულირდება კანონით. საგადასახადო ანგარიშფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომლის გამოწერისა და წარდგენისს წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია საგადასახადო ანგარიშფაქტურა გამოიწეროს და საქონლის/მომსახურების მიმღებს წარუდგინოს მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისას. ანგარიშ-ფაქტურა საგადასახადო სამართლებრივ ურთიერთობებში ცვლის როგორც სასაქონლო ზედნადებს, ისე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას (მათ შორის, სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს) და მისი გამოწერის/გამოუწერლობის შემთხვევაში დგება ყველა იმ სამართლებრივი შედეგი, რომლებიც სასაქონლო ზედნადების ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების) გამოწერისას/გამოუწერლობისას.
იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ დაადასტურა მოსარჩელის მიერ გამოწერილი ანგარიშფაქტურა, იგულისხება, რომ მხარეთა შორის წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სერვისი მოიცავს საქონლის და მომსახურების მიწოდების რთულ პროცესების ერთობლიობას, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ლოგიკური ჯაჭვით. აღნიშნულ პროცესებში მონაწილეობას იღებს, როგორც სასაქონლო ზედნადების, საგადასახადო ანგარიშ/ფაქტურის გამომწერი (გამყიდველი), ასევე მიმღები (მყიდველი) და შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი. ანგარიშ-ფაქტურის მყიდველის მიერ დადასტურებისას, უტყუარად ივარაუდება, რომ მან მიწოდებული საქონელი შეიძინა, ვინაიდან ანგარიშ-ფაქტურა იგზავნება უშუალოდ მყიდველთან და მის დადასტურებაზე ხელი არ მიუწვდება სხვა მესამე პირს. ანგარიშფაქტურის გამოწერისა და დადასტურებისას, მხარეები განსაზღვრავენ საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს. აღიარებენ საქონლის მიწოდებასა და მის მიღებას.
ამდენად დადგენილია, რომ სასტუმროს მომსახურების ყოველი მიწოდება-შესყიდვისას, ელექტრონული ფორმის ხელმოწერით (ელექტრონული დადასტურებით), მხარეები ათანხმებდნენ და განსაზღვრავდნენ მისაწოდებელი საქონლის (მომსახურების) რაოდენობასა და ღირებულებას.
3.2.2 სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ შპს ,,სა------------------ს’’ მისთვის მოთხოვნილი თანხის მომსახურება არ გაუწევია, რადგან არ ყოფილა რეალური შესრულება და სასარჩელო მოთხოვნა მოიცავს გაუქმებული ნომრების ღირებულებასაც.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
დასახელებული ნორმით განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუნდამენტური პრინციპი - შეჯიბრებითობა, რა დროსაც მხარეები თავადვე, დამოუკიდებლად წყვეტენ მათი მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურება რომელი მტკიცებულების წარდგენის გზითაა შესაძლებელი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს შეუქმნიდა რწმენას მოპასუხის ზემოთ აღნიშნული განმარტების სისწორისადმი.
საქმის მასალებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ მოპასუხე, მისთვის გაგზავნილ და მის მიერ ელექტრონულად დადასტურებულ ანგარიშფაქტურებში მითითებულ თანხას (როგორც ზედმეტად დარიცხულს) არ ეთანხმებოდა და აღნიშნული თანხები მის მიერ სადავოდ იყო გამხდარი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა შპს ,,სა------------------ის’’ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალიწინებული სხვა საფუძვლიდან. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლელბას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი. ხოლო, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმა-პრინციპის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, ყოველი შესრულება უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ მუხლში მოყვანილ პირობებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის მეორე ნაწილით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
ამდენად დადგენილია, რომ 2017 წლის 15 სექტემბრის (ეა-13 9924170), 2017 წლის 22 დეკემბრის (ეა-14 0110747), 2017 წლის 15 სექტემბრის (ეა-14 0110734), 2017 წლის 27 დეკემბრის (ეა-14 0710749), 2017 წლის 13 ოქტომბრის (ეა-14 1002699), 2017 წლის 13 ოქტომბრის (ეა-14 1057871, რომლის კორექტირება მოხდა ეკ 3451680 ანგარიშფაქტურით), 2017 წლის 28 დეკემბრის (ეა-14 1601538), 2017 წლის 14 ნოემბრის (ეა-14 2079292) და 2017 წლის 15 დეკემბრის (ეა-142184596) ანგარიშფაქტურების საფუძველზე, მხარეთა შორის წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა, მხარეებმა განსაზღვრეს ნასყიდობის საგნის ფასი.
აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,სა------------------ის’’ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების დაკისრების დროს გასათავლისწინებელია, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ 13 674,51 ლარის ნაწილში, რაც არის დაკისრებული თანხის 15,9%. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2873,13 ლარის 15,9% არის 456,82 ლარი. ამდენად მოპასუხე თავისუფლდება მოსარჩელის სასარგებლოდ აღნიშნული თანხის (456,82 ლარის) გადახდისაგან, ხოლო მოსარჩელეს შპს ,,სა------------------ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 456,82 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,სა------------------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. შპს ,,Ge------’’-ს (ს/კ 4--------) დაეკისროს შპს ,,სა------------------ის’’ (ს/კ 4--------) სასარგებლოდ 85 971,02 ლარის გადახდა;
3. შპს ,,Ge------’’-ს (ს/კ 4--------) დაეკისროს შპს ,,სა------------------ის’’ (ს/კ 4--------) სასარგებლოდ 2416,31 ლარის გადახდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
4. შპს ,,სა------------------ს’’ (ს/კ 4--------) დაუბრუნდეს 2018 წლის 01 მაისს №654 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (2923,13 ლარიდან) 456,82 ლარი, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300783150, მიმღების ბანკის კოდი TRESGE22;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ბადრი შონია