გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6103-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე-ეკატერინე ჯინჭველაშვილი
სხდომის მდივანი- მამუკა გიორგანაშვილი
მოსარჩელე - შპს ,,---------
წარმომადგენელი-თ--------------–---–-
მოპასუხეები- 1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
წარმომადგენელი-ს-----------------
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი-ბ----------------
დავის საგანი- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნები
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება N--------------(ის. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-16; 2018 წლის 09 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
1.2.ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უარი(ვირტუალური უარი) შპს ,--------ის’’ მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-16; 2018 წლის 09ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
1.3. დაევალოს მოპასუხეს-ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტეტურის სამსახურის 2017 წლის 01 ივნისის N------- ბრძანებით განსაზღვრული მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-16; 2018 წლის 09 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
მოსარჩელის განმარტებით, მის საკუთრებაშია ქალაქ თბილისში, თ------------------------------–- მდებარე მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართით 585 კვ.მეტრი. 2017წლის 1 ივნისს შპს ,--------ს“ მიეცა ნებართვა განეხორციელებინა სამშენებლო სამუშაოები და დაესრულებინა მის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე განთავსებული მშენებარე ნაგებობა შეთანხმებული პროექტის მიხედვით, რისთვისაც განესაზღვრა 12 თვიანი ვადა-2018 წლის 1 ივნისამდე. მოსარჩელის განმარტებით, ნებართვის მოქმედების პერიოდში შპს ,--------ის“ მიერ წარმოებული სამშენებლო სამუშაოები შეფერხდა, ვინაიდან უძრავი ქონება(სადაც სამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს) უკანონოდ იქნა დაკავებული მეზობელი ნაკვეთის(საკადასტრო კოდით: N01.10.13.027.036.) მესაკუთრის მიერ, მათ შორის ისინი ცხოვრობენ იმ ნაგებობობაში, რომელიც საჭიროებს დემონტაჟს, მშენებლობის იმ ფორმით დასასრულებლად, როგორც ეს პროექტი არის განსაზღვრული, რამდენადაც ხსენებული უკანონოდ დაკავებული შენობა, დღეს მდგომარეობით მიბჯენილია მშენებარე ნაგებობაზე იმ მხრიდან, საიდანაც პროექტით გათვალისწინებულია კარების ფანჯრების მოაჯირებისა და საწვიმარი მილის მოწყობა. ამასთან, სამშენებლო სამუშაოები არ არის უსაფრთხო უკანონო მფლობელების იქ ყოფნის პირობებში.
მოსარჩელის განმარტებით, მისი ნებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, განსაზღვრულ ვადაში ვერ ხერხდებოდა მშენებლობის დასრულება და საჭირო გახდა სამოქალაქო დავის წამოწყება უკანონო მფლობელობის აღსაკვეთად და დამდგარი ზიანის ასანაზღაურებლად, რის გამოც დღეის მდგომარეობით სასამართლო განჩინებით გასხვისებისა და უფლების დატვირთვის აკრძალვაა რეგისტრირებული მოპასუხეთა საკუთრებაში არსებულ მეზობელ ნაკვეთზე.
მოსარჩელის განმარტებით მშენებლობის დასრულების ხელშემშლელი ფაქტორების გათვალისწინებით, შპს ,--------მა“ მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლამდე(2018 წლის 29 მაისს), მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება, რაზეც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 02ივლისის პასუხით უარი ეთქვა ზემოაღნიშნული ნებართვის გაგრძელებაზე, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი ადგება შპს ,--------ს“, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მას უკვე განხორციელებული აქვს მთელი რიგი სამშენებლო პროცედურები და მხოლოდ 1 თვის სამუშაოები აქვს დარჩენილი. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ზემოაღნიშნული უარი შპს ,--------ის“ მიერ კანონით დადგენილ ვადაში, 2018 წლის 30 ივლისს ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებული იქნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში და შესაბამისად საჩივრის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება უნდა მომხდარიყო 2018წლის 30აგვისტომდე, რაც არ განხორციელებულა.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მოპასუხეს დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2.2.მოპასუხე- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, წერილობითი ფორმით შესაგებელი შპს ,--------ის’’ მიერ აღძრულ სარჩელზე არ წარმოუდგენია, ხოლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა კი თავი შეიკავა შპს ,--------ის’’ მიერ აღძრულ სარჩელზე პოზიციის დაფიქსირებისაგან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ი-------------------------–---------–------------------------------- მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.10.13.027.0--- დაზუსტებული ფართობი: 585.00 კვ.მეტრი, საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს ,--------ის“ სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 02/11/2016(ს.ფ.17-18)
3.1.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 01 ივნისის №------- ბრძანებით დგინდება, რომ დაკმაყოფილდა მოქალაქე ა-------–------ის განცხადება და ნება დაერთო დაასრულოს, ქ.თბილისში, ი---------------------------–----------------------------–-(ნაკვეთის საკადასტრო კოდი: №01.10.13.027.0-- მიწის ნაკვეთზე) უნებართვოდ დაწყებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულება, რისთვისაც განესაზღრა 12 თვის ვადა. ამავე ბრძანების თანახმად დადგინდა, რომ ობიექტის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის შემდგომ, უნდა მიმართოს ობიექტის მესაკუთრემ ან/და მისმა მინდობილმა პირმა ქ.თბილისის მერიის სსიპ-თბილისის არქიტექტურის სამსახურის ობიექტის ლეგალიზებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. აღნიშნული ბრძანებით განისაზღვრა, რომ ობიექტის მშენებლობა დასრულებული იქნა სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მშენებლობის დასრულებიდან არაუგვიანეს 30 დღისა, უფლებამოსილმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს სამსახურს ობიექტის ლეგალიზებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 01 ივნისის ბრძანება №-------(ს.ფ.19-39)
3.1.3. 2018 წლის 29 მაისს შპს ,--------მა’’ განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა მშენებლობის ნებართვის(ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 01ივნისის №------- ბრძანება) ვადის გაგრძელება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 02 ივლისის №-------------- წერილით(ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) შპს ,--------ს“ უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და განემარტა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 1ივნისის №------- ბრძანებით შპს ,--------ის’’ მოთხოვნა დაკმაყოფილდა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №--- ბრძანებულებით დამტკიცებული, ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის“ შესაბამისად, ქ.თბილისში, ი---------------------------–------------------------------ში(საკადასტრო კოდი: N01.10.13.027.0--) უნებართვოდ დაწყებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულების ნება დაერთოთ, რისთვისაც განესაზღვრათ 12 თვის ვადა. ამავე ბრძანების მიხედვით, ობიექტის მშენებლობის დასრულებისა და პროექტის შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ, უფლებამოსილმა პირმა მშენებლობის დასრულებიდან არაუგვიანეს 30დღეში უნდა მიმართოს სამსახურს ობიექტის ლეგალიზებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №--- ბრძანებულებით დამტკიცებული ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პოექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით, დაუსრულებელი ობიექტის წარდგენილ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით შესაბამისი ორგანოს მიერ განმცხადებლისთვის განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1წელს. მოცემულ შემთხვევაში, სამსახურის 2017 წლის 1 ივნისის №------- ბრძანებით, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულებისთვის განესაზღვრათ კანონმდებლობით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადა, რომელიც დღეისთვის უკვე გასულია და მოქმედი კანონმდებლობა ზემოაღნიშნული ვადის გაგრძელების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. ამავე წერილით დაინტერსებულ პირს განემარტა, რომ მასსა და მოპასუხეს შორის არსებული დავა წარმოადგენს კერძო ხასიათის სამოქალაქო დავას და მასზე მსჯელობა სცილდება სამსახურის კომპეტენციის ფარგლებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 02 ივლისის წერილი(ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) №-------------- (ს.ფ. 50)
3.1.4. 2018 წლის 30 ივლისს, შპს ,--------ის“ დირექტორმა მ-----–------------ №20/01--------2-01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018წლის 02 ივლისის N-------------- გადაწყვეტილება(ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი), სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 01 ივნისის №------ ბრძანების თანახმად გაცემული მშენებლობის ნებართვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ ერთი თვით, რომელიც აითვლება შპს,--------ის“ მიერ დაწყებული სამოქალაქო დავის დასრულების შემდეგ(საქმის ნომერი: N2/21519-18).
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, კანონით დადგენილ ვადაში შპს,--------ის’’ მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,--------ის’’ დირექტორის მ-----–-----------ს 2018 წლის 30ივლისის ადმინისტრაციული საჩივარი №20/01--------2-01 (ს.ფ.100-104)
-მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ. 2018 წლის 09 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა(მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული აქტების მიღებისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. შესაბამისად, შპს ,--------ის’’ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №--- ბრძანებულებით დამტკიცებული ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი’’, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-104 დადგენილებით დამტკიცებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდებაზე(დებულება)(2017 წლის 01 ივნისს მოქმედი), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის N----5 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულება’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება N-------------- და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უარი(ვირტუალური უარი) შპს ,--------ს’’ მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018წლის 02 ივლისის N-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა,- მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:
საქართველოს პრეზიდენტის 2007წლის 24 ნოემბრის №--- ბრძანებულებით დამტკიცებული იქნა ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც ეს წესი განსაზღვრავს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების(შემდეგში – ობიექტები ან მათი ნაწილები) ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესს. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ წესის მოქმედება ვრცელდება 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტებისა ან მათი ნაწილების მიმართ, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებით ხდება ობიექტების ან მათი ნაწილების დაკანონება. ლეგალიზება იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის ექსპლუატაციაში მიღებას. ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილება არ წარმოადგენს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრულ ნებართვის გაცემის სტადიას.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №--- ბრძანებულებით დამტკიცებული ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის’’ მე-2 მუხლის თანახმად, ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ორგანო(შემდეგში – შესაბამისი ორგანო). ამავე წესის 3.1 მუხლის თანახმად, ობიექტის ან მისი ნაწილის მესაკუთრე ან სხვა უფლებამოსილი პირი (ხოლო ამ წესის პირველი მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მრავალბინიანი სახლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა) აღნიშნული ობიექტის ლეგალიზების მოთხოვნის შესახებ განცხადებით მიმართავს შესაბამის ორგანოს, რომელიც მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების ან ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) ტოპოგრაფიული საფუძველი და საპროექტო ტერიტორიების სიტუაციური გეგმა ექსპლიკაციით;
ბ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო რუკა, ხოლო თუ მიწის ნაკვეთი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის (სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) საკუთრებაშია, აგრეთვე განმცხადებელსა და მესაკუთრეს შორის დადებული შესაბამისი ხელშეკრულება ან თანხმობა, გარდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე მიშენება-დაშენებისა;
გ) მრავალბინიან სახლებზე მიშენება-დაშენების შემთხვევაში ბინაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
დ) ობიექტის არქიტექტურული პროექტი, ხოლო მრავალბინიან სახლებზე დასრულებული მიშენება-დაშენების შემთხვევაში - ობიექტის აზომვითი ნახაზი;
ე) ფოტოსურათები;
ვ) ამ წესის პირველი მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - დასკვნა კონსტრუქციული მდგრადობის შესახებ;
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-104 დადგენილებით დამტკიცებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდებაზე(დებულება)(2017 წლის 01ივნისს მოქმედი), რომლის მე-2 მუხლით განსაზღვრულია სამსახურის მიზნები. კერძოდ,- დასახელებული მუხლის თანახმად, სამსახურის მიზნებია: ა)მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის(შემდგომში თბილისი) ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ)თბილისის განვითარების კონცეფციის შემუშავება, მისი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების თაობაზე, შესაბამისი კვლევების ჩატარება და რეკომენდაციების მომზადება; გ)თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება. ამავე დებულების 3.1 მუხლის ,,ყ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერით უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ი-------------------------–---------–------------------------------- მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.10.13.027.0--- დაზუსტებული ფართობი: 585.00 კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი:01.10.13.027.026.01.10.13.027.033 შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი:№2(მშენებარე) და ნაგებობა №1, №3, საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს ,--------ის“ სახელზე.
დადგენილია ასევე, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 01 ივნისის №------- ბრძანებით დგინდება, რომ დაკმაყოფილდა მოქალაქე ა-------–------ის განცხადება და ნება დაერთო დაასრულოს, ქ.თბილისში, ი---------------------------–----------------------------–-(ნაკვეთის საკადასტრო კოდი: №01.10.13.027.0-- მიწის ნაკვეთზე) უნებართვოდ დაწყებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულება, რისთვისაც განესაზღვრა 12 თვის ვადა. ამავე ბრძანების თანახმად დადგინდა, რომ ობიექტის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის შემდგომ, უნდა მიმართოს ობიექტის მესაკუთრემ ან/და მისმა მინდობილმა პირმა ქ.თბილისის მერიის სსიპ-თბილისის არქიტექტურის სამსახურის ობიექტის ლეგალიზებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. აღნიშნული ბრძანებით განისაზღვრა, რომ ობიექტის მშენებლობა დასრულებული იქნა სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მშენებლობის დასრულებიდან არაუგვიანეს 30 დღისა, უფლებამოსილმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს სამსახურს ობიექტის ლეგალიზებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
6.3. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №--- ბრძანებულებით დამტკიცებული ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის’’ მე-5 მუხლით განსაზღვრულია დაუსრულებელი ობიექტის ლეგალიზების თავისებურებანი. კერძოდ,-დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ წესის პირველი მუხლის 21 და 22 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, განმცხადებელმა დამატებით უნდა წარმოადგინოს არქიტექტურული პროექტი, რომლის შესაბამისადაც უნდა მოხდეს ობიექტის მშენებლობის დასრულება. ამ წესის პირველი მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მშენებლობის დასასრულებლად წარმოდგენილი პროექტი არ უნდა ითვალისწინებდეს მიშენების გაზრდას ან/და დამატებითი სართულის(მანსარდის) დაშენებას, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ ბრძანებულებით დადგენილი წესით სათანადო დოკუმენტაციის წარდგენიდან 30დღეში შესაბამისი ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას(არა უმეტეს 1 წლისა) დაუსრულებელი ობიექტის წარმოდგენილ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, რის შესახებაც გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
დასახელებული სამართლებრივი ნორმის ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ დაუსრულებელი ობიექტის წარმოდგენილ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კანონმდებლობით განსაზღვრლი მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს.
განსახილველ შემთხვევაში როგორც აღინიშნა დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 01 ივნისის №------- ბრძანებით დაკმაყოფილდა მოქალაქე ა-------–------ის განცხადება და ნება დაერთო დაასრულოს, ქ.თბილისში, ი---------------------------–----------------------------–-(ნაკვეთის საკადასტრო კოდი: №01.10.13.027.0-- მიწის ნაკვეთზე) უნებართვოდ დაწყებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულება, რისთვისაც განესაზღვრა 12 თვის ვადა.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის N----5 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულებაზე’’, რომლის მე-2 მუხლით განსაზღვრულია სამსახურის მიზნები. კერძოდ,- დასახელებული მუხლის თანახმად, სამსახურის მიზნებია: ა) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის(შემდგომში – თბილისი) ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ)თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება. ამავე დებულების 3.1 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
დადგენილია, რომ 2018 წლის 29 მაისს შპს ,--------მა’’ განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა მშენებლობის ნებართვის(ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 01ივნისის №------- ბრძანება) ვადის გაგრძელება, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 02 ივლისის №-------------- წერილით(ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) შპს ,--------ს“ უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და განემარტა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 1 ივნისის №------- ბრძანებით შპს ,--------ის’’ მოთხოვნა დაკმაყოფილდა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №--- ბრძანებულებით დამტკიცებული, ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის“ შესაბამისად, ქ. თბილისში, ი---------------------------–------------------------------ში(საკადასტრო კოდი: N01.10.13.027.0--) უნებართვოდ დაწყებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულების ნება დაერთოთ, რისთვისაც განესაზღვრათ 12 თვის ვადა. ამავე ბრძანების მიხედვით, ობიექტის მშენებლობის დასრულებისა და პროექტის შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ, უფლებამოსილმა პირმა მშენებლობის დასრულებიდან არაუგვიანეს 30 დღეში უნდა მიმართოს სამსახურს ობიექტის ლეგალიზებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №--- ბრძანებულებით დამტკიცებული ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პოექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით, დაუსრულებელი ობიექტის წარდგენილ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით შესაბამისი ორგანოს მიერ განმცხადებლისთვის განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს. მოცემულ შემთხვევაში, სამსახურის 2017 წლის 1 ივნისის №------- ბრძანებით, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულებისთვის განესაზღვრათ კანონმდებლობით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადა, რომელიც დღეისთვის უკვე გასულია და მოქმედი კანონმდებლობა ზემოაღნიშნული ვადის გაგრძელების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.
მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007წლის 24ნოემბრის №--- ბრძანებულებით დამტკიცებული ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი’’ არ კრძალავს ვადის გაგრძელების შესაძლებლობას და რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება ჰქონდა გაეგრძელებინა ვადა,-აღნიშნული სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, რამეთუ როგორც აღინიშნა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №--- ბრძანებულებით დამტკიცებული ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის’’ მე-5 მუხლით განსაზღვრულია დაუსრულებელი ობიექტის ლეგალიზების თავისებურებანი. კერძოდ,-დასახელებული მუხლის 1.2 პუნქტით დადგენილია, რომ ამ ბრძანებულებით დადგენილი წესით სათანადო დოკუმენტაციის წარდგენიდან 30დღეში შესაბამისი ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას(არა უმეტეს 1 წლისა) დაუსრულებელი ობიექტის წარმოდგენილ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, რის შესახებაც გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რაც ნიშნავს იმას, რომ დაუსრულებელი ობიექტის წარმოდგენილ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კანონმდებლობით განსაზღვრული მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1წელს. მოსარჩელე მხარის აპელირებას იმის თაობაზეც, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ვადის გაგრძელების საკითხთან დაკავშირებით შეეძლო ეხელმძღვანელა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებით,- რასაც ასევე ვერ გაიზიარებს სასამართლო რამეთუ დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 01 ივნისის №------- ბრძანების გამოცემის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24ნოემბრის №--- ბრძანებულებით დამტკიცებული ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი’’, სწორედ დასახელებული წესის საფუძველზე დაკმაყოფილდა მოქალაქე ა-------–------ის განცხადება და ნება დაერთო დაასრულოს, ქ.თბილისში, ი---------------------------–----------------------------–-(ნაკვეთის საკადასტრო კოდი: №01.10.13.027.0-- მიწის ნაკვეთზე) უნებართვოდ დაწყებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულება, რისთვისაც განესაზღვრა 12 თვის ვადა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი მოსარჩელე მხარე ითხოვდა აღნიშნული ბრძანების მოქმედების ვადის გაგრძელებას,- შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო(ქ.თბილიის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური) ასეთ შემთხვევაში ,,მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009წლის 24 მარტის N57 დადგენილებით განსაზღვრული სამართლებრივი ნორმებით, რომელიც თავის მხრივ არეგულირებს მშენებლობის ნებართვის გაცემის სტადიებსა და წესს, მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების სამართლებრივ საფუძვლებს,-ვერ იხელმძღვანელებდა, მით უფრო მაშინ როდესაც, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №--- ბრძანებულებით დამტკიცებული ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის’’ 1.3 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებით ხდება ობიექტების ან მათი ნაწილების დაკანონება. ლეგალიზება იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის ექსპლუატაციაში მიღებას. ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილება არ წარმოადგენს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრულ ნებართვის გაცემის სტადიას.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო დაეყრდნო საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიაჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რის გამოც შპს ,--------ის’’ სარჩელი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018წლის 02 ივლისის N-------------- გადაწყვეტილების(ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) ბათილად ცნობისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისათვის ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, რომლითაც გაგრძელდება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 01 ივნისის N------- ბრძანებით განსაზღვრული მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა,- უსაფუძვლოა და მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.5. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უარი(ვირტუალური უარი) შპს ,--------ის’’ მიერ წარდგენილი ადინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177.1 მუხლის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის 178.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 30 ივლისს, შპს ,--------ის“ დირექტორმა მ-----–------------ №20/01--------2-01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018წლის 02 ივლისის N-------------- გადაწყვეტილება, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 01ივნისის №------ ბრძანების თანახმად გაცემული მშენებლობის ნებართვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ ერთი თვით, რომელიც აითვლება შპს ,--------ის“ მიერ დაწყებული სამოქალაქო დავის დასრულების შემდეგ(საქმის ნომერი: N2/21519-18).
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებითა და მხარეთა განმარტებით ირკვევა, რომ კანონით დადგენილ ვადაში ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას არ უმსჯელია და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, ვინაიდან სასამართლოს მიერ მიჩნეული იქნა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 02 ივლისის N-------------- გადაწყვეტილება(ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და ამ ნაწილში სასამართლოს მიერ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად არ არსებობს შპს ,--------ის’’ მიერ წარდგენილი ადინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უარის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს,6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს,--------ის’’ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც შპს ,--------ის’’ სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად-100(ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, შპს ,--------ის’’ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,--------ის“ სარჩელი მოპასუხეების- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი