გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.11.2018
საქმის ნომერი
031210018002462260
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
12.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 031210018002462260

№ 2-299/2018წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 ნომბერი, 2018 წელი ქობულეთი

 

შესავალი ნაწილი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლო

ქობულეთის მუნიციპალიტეტში

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი ზინაიდა აბაშიძე

 

მოსარჩელე - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

წარმომადგენელი - ხა----------–-ძე

 

მოპასუხე - ფა------------ძე

 

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ფა------------ძემ დაუყოვნებლივ გამოანთავისუფლოს და მოსარჩელეს გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება (ს/კ 20.47.01.2--, 2229.00 კვ.მ. და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა), ვინაიდან სახელმწიფოს, მოსარჩელის სახით, არ ეძლევა უფლება, მოახდინოს საკუთრების უფლების რეალიზება უძრავ ნივთზე. სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული მითითებული მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, სახელმწიფოს სახელზე დარეგისტრირების პერიოდიდან იმ გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, რაც აუცილებელი იყო წინა მესაკუთრის მხრიდან მის გამოსანთავისუფლებლად, იმყოფება მოპასუხის უკანონო მფლობელობაში. აღნიშნული ქონება მოსარჩელეს ესაჭიროება სახელმწიფო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად და აუცილებელია მისი უკანონო მფლობელობიდან დროულად გამოთხოვა;

 

1.2. სასამართლო გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენიაю

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დეპარტამენტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმე №3-162/15) და 2015 წლის 31 ივლისის სააღსრულებო ფურცლით, ქობულეთის შემოვლითი გზის კმ12.4 - კმ31.259 მონაკვეთის მშენებლობის პროექტის განხორციელებისთვის, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება, მოქალაქე ფა------------ძის (პ/ნ 6---------6) საკუთრებაში არსებულ შემდეგ მიწის ნაკვეთზე: მდებარე ქობულეთი, სოფელი საჩინო, საექსპროპრიაციო უძრავი ქონების - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ №20.47.01.0--) მთლიანი ფართობის - 5587 კვ.მ.-ის ნაწილზე 2228 კვ.მ.-ზე და მასზე არსებული შენობა-ნაგებობაზე.

 

- სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- - მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება და 31 ივლისის სააღსრულებო ფურცელი;

3.1.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებისა და 31 ივლისის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დეპარტამენტამ მოპასუხეს მის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე გადაურიცხა ექსპროპრიაციისთვის საკომპენსაციოდ განსაზღვრული თანხა სრულად 138 196 (ას ოცდათვრამეტი ათას ას ოთხმოცდათექვსმეტი ლარი) ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- გადახდის ქვითარი №0----;

 

3.1.3 მიწის ნაკვეთი (ს/კ №20.47.01.0--) გაიმიჯნა და ექსპროპრიაციის დაქვემდებარებული ნაწილი (ს/კ №20.47.01.2--) მასზე არსებული შენობა-ნაგებობით, 2015 წლის 5 სექტემბრიდან რეგისტრირებულია სახელმწიფო საკუთრებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.1.4. მოპასუხე ვალდებული იყო, სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის შემდეგ, გონივრულ ვადებში დაეცალა ზემოაღნიშნული ქონება და გაეთავისუფლებინა მიწის ნაკვეთები სამშენებლო სამუშაოების დაწყების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულის შესახებ მას ნათლად განემარტა ექსპროპრიაციის საკითხის განმხილველ სასამართლო პროცესებზე. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე და აღსრულების შემდეგ მოპასუხეს რამოდენიმეჯერ განემარტა სახელმწიფოს საკუთრებაში დარეგისტრირებული უძრავი ნივთების გამოთავისუფლების სავალდებულოობის შესახებ.

 

დეპარტამენტის 2015 წლის 15 სექტემბრის №2-07/7546, 2017 წლის 16 ნოემბრის №2-12/13137 წერილობითი მიმართვებისა და დეპარტამენტის წარმომადგენლის 2018 წლის 23 აპრილის ზეპირსიტყვიერი სატელეფონო მიმართვის (რომელზეც შედგენილია ოქმი) და გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხე აგრძელებს უძრავი ნივთის უკანონო ფლობას და უარს აცხადებს ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობისათვის აუცილებელი, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოთავისუფლებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დეპარტამენტის 2015 წლის 15 სექტემბრის №2-07/7546 წერილი;

- დეპარტამენტის 2017 წლის 16 ნოემბრის №2-12/13137 წერილი;

- 2018 წლის 23 აპრილის შედგენილი ოქმი სატელეფონო საუბრის შესახებ;

- დეპარტამენტის განსახლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 26 აპრილის №3805-2 მოხსენებითი ბარათი;

 

3.1.5. დეპარტამენტი ახორციელებს ქობულეთის შემოვლითი გზის კმ12.4–კმ31.259 მონაკვეთის მშენებლობის პროექტს (შემდგომში-პროექტი). პროექტის დაფინანსებას ახორციელებს აზიის განვითარების ბანკი (საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2009 წლის 29 ოქტომბერს გაფორმებული სასესხო შეთანხმების ფარგლებში (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 17 ნოემბრის №2087–IIს დადგენილებით) და საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2009 წლის 29 აგვისტოს გაფორმებული დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 9 ოქტომბრის №1774-II ს დადგენილებით) ზემოთაღნიშნული სასესხო შეთანხმებებით საქართველოს სახელმწიფოს აღებული აქვს ვალდებულება უზრუნველყოს განსახლების გეგმის განხორციელება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სასესხო შეთანხმებები;

- დადგენილებები;

- განსახლების სამოქმედო გეგმა;

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1.საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს: დავალდებულდეს ფა------------ძე დაუყოვნებლივ გამოანთავისუფლოს და მოსარჩელეს გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება (ს/კ 20.47.01.2--, 2229.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა) და ჩააბაროს იგი თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, საქართველოს კონსტიტუციით, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე, 168-ე, 170-ე, 172-ე, 311-ე და 312-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-17 მუხლის თანახმად ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად.

 

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. ამავე მუხლის მესამე ნაწილი კი ადგენს, რომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე ფა------------ძეს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, კერძოდ, ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის მიზნებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პროცედურების დაცვით ჩამოერთვა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, პროექტის ზემოქმედების არეალში მოექცა მიწის ნაკვეთის ნაწილი ფართობი 2229.00 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მისამართზე: ქობულეთი, სოფელი საჩინო არსებული უძრავი ქონება, ს/კ N20.47.01.2-- მიწის ნაკვეთის ფართობი 2229.00 კვ.მ. და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა, ამჟამად წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, ხოლო აღნიშნულ მიწის ნაკვეთს დღემდე ფლობს მოპასუხე ფა------------ძე და მიუხედავად მოსარჩელის არაერთი მოთხოვნისა, არ ანთავისუფლებს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს

ქონებით (ნივთით) და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.

 

6.4. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო, ხოლო მოპასუხე – მფლობელს. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის კუთვნილ ნივთს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ამჟამად ფლობს მოპასუხე. ნივთზე საკუთრების უფლება არ არის შეზღუდული მოპასუხის მხრიდან ამ ნივთის ფლობით, რადგან მოპასუხე არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოიშობა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. უძრავი ქონების მესაკუთრე არის ის, ვინც ამ ქონების მესაკუთრედაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა”. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე არის სახელმწიფო, რომელიც ითხოვს მოპასუხისაგან უძრავი ნივთის გამოთხოვას. ამ შემთხვევაში, მოთხოვნა ვინდიკაციური ხასიათისა და არსებობს სავინდიკაციო სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მოსარჩელეს აქვს სრული უფლება მოსთხოვოს სადაო უძრავ ქონებაზე მოპასუხეს ფაქტობრივი მფლობელობის შეწყვეტა. შესაბამისად, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად დადგენილია, რომ თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის ,,კ” პუნქტით თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა მაშინ დავის საგნის ღირებულებაა 4000 ლარი. ამდენად დასახელებულ მოთხოვნაზე სახ. ბაჟი გადახდილი უნდა იქნას სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” პუნქტის შესაბამისად, რაც შეადგენს 120 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დადგენილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ნახევარს.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ”უ” პუნქტის თანახმად გათავისუფლებულია ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით სახელმწიფო ბაჟის საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგი სახით: მოპასუხე ფა------------ძეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 60 ლარის ოდენობით.

 

ს ა რ ე ზო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 26-ე, 270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;

 

1.1. მოპასუხე ფა------------ძის უკანონო მფლობელობისაგან გამოთხოვილი იქნეს უძრავი ქონება (მდებარე მისამართზე - ქობულეთი, სოფელი საჩინო, ს/კ 20.47.01.2--, 2229.00 კვ.მ ფართი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა) და გამონთავისუფლებელი სახით გადაეცეს მოსარჩელეს.

 

2. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

3. მოპასუხე ფა------------ძეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 60 ლარის ოდენობით გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მეშვეობით (ქობულეთი, თავისუფლების ქ. №21).

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში ქობულეთის მუნიციპალიტეტში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე