გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.12.2018
საქმის ნომერი
330210018002581203
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
04.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/23693-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

04 დეკემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაია გიგაური

სხდომის მდივანი ნინო კეკელიანი

მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) - სს „ს----------–--------ი“

წარმომადგენლები: დ----- მ----–---–ი, ს-------- რ-----–---–ი

მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) - ზ------ ჯ---------ე

მოპასუხეების წარმომადგენლები: ს------- მ----------ი, ნ---- ქ-----–---–ი

დავის საგანი ძირითადი სარჩელით - პირგასამტეხლოს დაკისრება

დავის საგანი შეგებებული სარჩელით - ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. მოსარჩელის მოთხოვნა ძირითად სარჩელში:

 

1.1. ზ------ ჯ---------ეს შრომითი ხელშეკრულების დამატებითი პირობებით გათვალისწინებული, დასაქმების შეზღუდვის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 34 025.8 ლარის ოდენობით

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2014 წლის 8 აპრილს ზ------ ჯ---------ესა და სს „ს----------–--------ს“ შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც ზ------ ჯ---------ე დაინიშნა საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე. 2017 წლის პირველ აგვისტოს მხარეთა შორის მოხდა ხელშეკრულების დამატებითი პირობების შეთანხმება, მათ შორის დასაქმების შეზღუდვის თაობაზე.

 

სარჩელში მითითებულია, რომ 2018 წლის 1 ივლისს ზ------ ჯ---------ემ განცხადებით მიმართა სს „ს----------–--------ის“ გენ. დირექტორის მოადგილეს და მოითხოვა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება. ამავე განცხადებაში მან მიუთითა, რომ არცერთ საფინანსო ინსტიტუტში არ აპირებდა მუშაობის დაწყებას. 2018 წლის 2 ივლისის ბრძანებით სს „ს----------–--------სა“ და ზ------ ჯ---------ეს შორის შეწყდა შრომითი ურთიერთობა.

 

2018 წლის 11 ივლისს ზ------ ჯ---------ეს გაეგზავნა წერილი, რომლითაც განემარტა მისი ვალდებულების შესახებ, რომ მომდევნო 6 თვის განმავლობაში, მისი დასაქმების გეგმებისა და ამ გეგმების ცვლილებების შესახებ შეეტყობინებინა სს „ს----------–--------ისთვის“.

 

როგორც მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ზ------ ჯ---------ემ მუშაობა დაიწყო სს „ლ-------------–ი“, რითიც დაარღვია დასაქმების შეზღუდვის თაობაზე სს „ს----------–--------თან“ დადებული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება და აღნიშნულის თაობაზე არ აცნობა ბანკს.

 

შეგებებული სარჩელის მოთხოვნა:

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სს „ს----------–--------სა“ და ზ------ ჯ---------ეს შორის 2017 წლის 01 აგვისტოს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების დამატებითი პირობები, შრომითი ხელშეკრულების დანართი №ვ - დასაქმების შეზღუდვის მუხლი 3 იმ ნაწილში, რომლითაც პირგასამტეხლოდ განისაზღვრა 12 თვის გადახდილი ანაზღაურების დაკისრება და მოხდეს დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულ და სამართლიან პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა.

 

შეგებებული სარჩელით მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, სადავო ჩანაწერით დადგენილი პირობები არის კაბალური და მნიშვნელოვნად არღვევს დასაქმებულის ისეთ უფლებებს, როგორიც არის შრომის თავისუფლება.

 

სასამართლო სხდომაზე მხარემ დააკონკრეტა მოთხოვნის ფარგლები და განმარტა, რომ რეალურად, სადავო მუხლში მითითებული პირობა 12 თვის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და ჩამოყვანილ იქნეს 6 თვემდე, ხოლო 6 თვის ქვემოთ კი არაგონივრულად იქნეს მიჩნეული და შემცირდეს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. ძირითადი სარჩელით მოპასუხე ზ------ ჯ---------ემ სარჩელი არ ცნო.

 

მოპასუხე სადავოდ არ ხდის სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ კი, კონკრეტულ პერიოდში სს „ს----------–--------ში“ დასაქმების, 2017 წლის პირველ აგვისტოს შრომით ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილების შეტანის და მისი განცხადების საფუძველზე ბანკთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ფაქტს.

 

მოპასუხე ასევე ადასტურებს, რომ 2018 წლის 11 ივლისს გაეგზავნა წერილი, სადაც საუბარი იყო 6 თვიანი შეზღუდვის ამოქმედებაზე, მაგრამ ამავდროულად აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოსარჩელემ განსაზღვრული ყოველთვიური კომპენსაცია არ გადაუხადა, არც შეზღუდვა აუმოქმედებია რეალურად. შესაბამისად, მოპასუხე არ ეთანხმება სს „ს----------–--------ის“ პოზიციას, რომ სხვა ორგანიზაციაში დასაქმების შემთხვევაში ვალდებულება გააჩნდა ეცნობებინა მისთვის ამის შესახებ.

 

2.2. შეგებებული სარჩელი არ ცნო შეგებებული სარჩელით მოპასუხე სს „ს----------–--------ის“ წარმომადგენელმა, უსაფუძვლობის გამო.

 

სს „ს----------–--------ის“ წარმომადგენლის განმარტებით, პირგასამტეხლო კანონით დადგენილი წესით არის შეთანხმებული, ხოლო მისი ოდენობა - ვალდებულების დარღვევის პროპორციული, თანაზომიერი და გონივრული.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ერთის მხრივ სს „ს----------–--------ს“ და მეორეს მხრივ ზ------ ჯ---------ეს შორის 2014 წლის 8 აპრილს დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ზ------ ჯ---------ე დაინიშნა საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე. 2017 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული დამატებითი პირობებით შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 1 400 ლარით თვეში, რომელიც მოიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.

 

ამავდროულად, 2017 წლის 1 აგვისტოს შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში, მხარეთა შორის გაფორმდა დანართი Nვ - დასაქმების შეზღუდვა, რომლის პირველი პუნქტით განისაზღვრა შემდეგი:

 

ხელშეკრულების ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის, მათ შორის ვადის გასვლის შემთხვევაში, დამსაქმებელს აქვს უფლება საკუთარი გადაწყვეტილებით და დასაქმებულისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე შეუზღუდოს დასაქმებულს უფლება იმუშაოს ფინანსურ სფეროში და/ან გაუწიოს საკონსულტაციო ან მსგავსი სერვისები (უშუალოდ ან მასთან დაკავშირებული პირების მეშვეობით) კონკურენტულ ფინანსურ ინსტიტუტებს იმ ქვეყნებში, სადაც ოპერირებს დამსაქმებელი და/ან მისი შვილობილი კომპანია/ები. ამავე პუნქტის 1.1 ქვეპუნქტით, ამ შეზღუდვის მოქმედების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან, ხოლო 1.3 ქვეპუნქტი განსაზღვრავს დამსაქმებლის ვალდებულებას, გადაუხადოს კომპენსაცია დასაქმებულს, შეზღუდვის პერიოდში.

 

ამავე დანართის მე-3 პუნქტით კი, დასაქმებულის მიერ წინამდებარე დანართით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში იგი ვალდებული იქნება გადაუხადოს დამსაქმებელს პირგასამტეხლო იმ ოდენობით, რაც ტოლია ხელშეკრულების შეწყვეტამდე 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის გადახდილი ნებისმიერი სახის ანაზღაურების ჩათვლით. ამასთან, აღნიშნული პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს დასაქმებულს წინამდებარე დანართით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისგან და არ ართმევს დამსაქმებელს უფლებას მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ხელშეკრულებები დანართით (ს.ფ. 18-22, 23-26, 27-29);

 

3.1.2. პირადი განცხადების საფუძველზე, სს „ს----------–--------ის“ 2018 წლის 02 ივლისის №8---- ბრძანებით შეწყდა სს „ს----------–--------სა“ და საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის, საცალო ბიზნესის უფროს ბანკირ ზ------ ჯ---------ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტით და მხარეებს შორის შრომითი ურთიერთობის ბოლო თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 30 ივნისი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- განცხადება (ს.ფ. 30);

- ბრძანება (ს.ფ. 31)

 

3.1.3. 2018 წლის 11 ივლისს სს „ს----------–--------მა“ ზ------ ჯ---------ეს მიმართა წერილით, რომლითაც ბანკმა მოპასუხეს შეახსენა, რომ დასაქმების შეზღუდვის პირობების შესაბამისად, ეკისრება მას ვალდებულება, მომდევნო 6 თვის განმავლობაში შეატყობინოს დამსაქმებელს დასაქმების გეგმების და მათი ცვლილებების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 11.07.2018წ. წერილი (ს.ფ. 32);

 

3.1.4. უდავოა, რომ სს „ს----------–--------ს“ ზ------ ჯ---------ისთვის კომპენსაცია არ ჩაურიცხავს შეზღუდვის დანაწესიდან გამომდინარე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სარჩელი, შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ანგარიშის ამონაწერი (ს.ფ. 52-114, 216-218)

 

3.1.5. უდავოა, რომ ზ------ ჯ---------ეს არ უცნობებია სს „ს----------–--------ისთვის“ მისი სამუშაო გეგმების თაობაზე მას შემდგომ, რაც 2018 წლის 29 ივნისის განცხადებაში აღნიშნა, რომ არ აპირებდა მუშაობის დაწყებას საფინანსო ინსტიტუტებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- განცხადება (ს.ფ. 30);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

3.1.6. უდავოა, რომ ზ------ ჯ---------ე სს „ს----------–--------იდან“ გათავისუფლების შემდეგ დასაქმდა და დღეის მდგომარეობითაც დასაქმებულია სს „ლ-------------–ი“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სარჩელი, შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1 სს „ს----------–--------ს“ ზ------ ჯ---------ისთვის ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული დასაქმების შეზღუდვა არ აუმოქმედებია.

 

ზემოაღნიშნული დასკვნა სასამართლომ გამოიტანა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და მხარეთა ახსნა-განმარტებების შეჯერების შედეგად. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს თავად ზ------ ჯ---------ის 2018 წლის 29 ივნისის წერილზე (ს.ფ. 30), სადაც მან სს „ს----------–--------ის“ მიმართ დასვა კითხვა, აპირებდა თუ არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დასაქმების შეზღუდვის პირობის ამოქმედებას. აღნიშნულის მიუხედავად, ბანკმა 2018 წლის 02 ივლისს გამოსცა ბრძანება (ს.ფ. 31), რომელშიც არანაირ შეზღუდვაზე არ აქვს საუბარი. მხოლოდ 11 ივლისის წერილით (ს.ფ. 32) „ავალდებულებს“ მოსარჩელე ზ------ ჯ---------ეს, აცნობოს დასაქმების გეგმები, მომდევნო 6 თვის განმავლობაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თუ ბანკის ინტერესში შედიოდა ზ------ ჯ---------ისთვის დასაქმების შეზღუდვის ამოქმედება, მას ეს ნება უნდა გამოეხატა დროულად და აშკარად, შეეძლო მიეთითებინა ამის თაობაზე ბრძანებაში ან თუნდაც 11 ივლისის წერილში. ხსენებულ წერილში საუბარია ზოგადად ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებულ შეტყობინების ვალდებულებაზე და მასში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ ბანკი იყენებს მის უფლებამოსილებას დასაქმების შეზღუდვაზე, რისი დარღვევის შემთხვევაშიც ამ უკანასკნელს დაეკისრება პირგასამტეხლო. ცალსახად ირკვევა, რომ ს----------–--------ი მხოლოდ შეტყობინების გაკეთებას მოითხოვს ზ------ ჯ---------ისგან, რაც რეალურად არ გამომდინარეობს საქართველოს შრომის კოდექსის 46-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებიდან.

 

სასამართლოს მოსაზრებით, საკანონმდებლო ნორმის მიზანი არის დამსაქმებლებს შორის კონკურენციის დაცვა და ბალანსის შენარჩუნება, რის შედეგადაც, დასაქმებულს შეიძლება შეეზღუდოს მესამე პირის (განსაკუთრებით კონკურენტის) სასარგებლოდ სამუშაოს შესრულების უფლება. დასაქმებულის მიერ დამსაქმებლის კონკურენტის სასარგებლოდ სამუშაო შესრულების უფლების შეზღუდვა მოქმედებს არა მხოლოდ შრომითი ურთიერთობის მოქმედების დროს, არამედ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგაც. ანუ, თეორიულად და არა მხოლოდ თეორიულად, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებითაც, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა აემოქმედებინა შეზღუდვა მოპასუხის მიმართ, თუ იარსებებდა ზიანის მიყენების ალბათობა, მაგრამ მან ეს უფლებამოსილება არ გამოიყენა. სასამართლო ვერ ჩათვლის 11 ივლისის წერილს მისი შინაარსის გათვალისწინებით ამ უფლების გამოყენებად.

 

კანონმდებელი საუბრობს ზიანის ანაზღაურებაზე იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელმა დაუწესა შეზღუდვა დასაქმებულს, გადაუხადა შეთანხმებული კომპენსაცია და ამის მიუხედავად დასაქმდა სხვა კონკურენტ დაწესებულებაში. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე პირგასამტეხლოს დაკისრებას ითხოვს შეუტყობინებლობის გამო, რაც, სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ არის არაგონივრული და შეიძლება ითქვას კაბალური შეთანხმება, მით უფრო, რომ არ გამომდინარეობს სშკ-ის 46-ე მუხლის მიზნებიდან.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ მან აამოქმედა შეზღუდვა დასაქმების თაობაზე, რაც თავისთავად უსაფუძვლოს და დაუსაბუთებელს ხდის მოთხოვნას პირგასამტეხლოს დაკისრებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ამავდროულად გამორიცხავს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობასაც.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ძირითადი სარჩელით მოსარჩელე სს „ს----------–--------ის“ და შეგებებული სარჩელით - ზ------ ჯ---------ის სასარჩელო მოთხოვნები არის დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი;

სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6, მე-7 მუხლები;

საქართველოს შრომის კოდექსის პირველი, 46-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. როგორც საერთაშორისო, ასევ ეროვნული კანონმდებლობით განმტკიცებულია შრომის უფლება და დასაქმებულთა გარანტიები.

 

სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფონი (რომელსაც უცილობლად წარმოადგენს საქართველო), აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. ამავე საერთაშორისო სამართლის წყაროს მე-7 მუხლი ადგენს, რომ მონაწილე სახელმწიფონი აღიარებენ თითოეულის უფლებას ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობი პირობები, მათ შორის ანაზღაურება სამართლიანი ხელფასის სახით და სხვა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.

 

საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი); შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (სშკ-ის 1.2. მუხლი).

 

სშკ-ის 46-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება დადგინდეს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა, კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს შეზღუდვა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს გადაუხდის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული შრომითი ხელშეკრულება ითვალისწინებდა ჩანაწერს დასაქმების შეზღუდვასთან დაკავშირებით. თუმცა, სადავო იყო საქმის განხილვის დროს, გამოიყენა თუ არა მოსარჩელემ აღნიშნული უფლებამოსილება.

 

საკასაციო სასამართლომ არაერთხელ (მათ შორის საქმეებზე: სუსგ №ას-426-402-2013, სუსგ №1194-2018) განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო სამართლებრივი აქტით (ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი) ყოველ ფიზიკურ ანდა იურიდიულ პირს ენიჭება შრომითი საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლება. კანონმდებლობით დასაშვებია ამ უფლების განხორციელების დროს გარკვეული შეზღუდვის დაწესება, თუმცა საგულისხმოა მიზანი, რისთვისაც ხორციელდება შეზღუდვის დაწესება. სწორედ ამ თვალსაზრისით აწესებს შრომის კოდექსის 46-ე მუხლი შეზღუდვის მიზანს და ადგენს, რომ შეზღუდვა პირდაპირ უნდა გამომდინარეობდეს მხარის ინტერესებიდან, უნდა იყოს გონივრული და ამ ინტერესების პროპორციული.

 

მოცემულ შემთხვევაში, სს „ს----------–--------ის“ მხრიდან ვერ დადგინდა დასაქმების შეზღუდვის ამოქმედების ფაქტი. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ მოპასუხეზე შეტყობინების ვალდებულების დაკისრება აპრიორი გულისხმობდა ვალდებულებას, არ დაეწყო საქმიანობა სხვა საფინანსო დაწესებულებაში. მით უფრო, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზ------ ჯ---------ემ გამოიჩინა ინიციატივა აღნიშნული გარემოების გამორკვევისკენ, რაზეც, სასამართლოს მოსაზრებით, პასუხი ვერ მიიღო. შესაბამისად, ამის შემდეგ მოთხოვნა, გადაუხადოს ყოფილ დამსაქმებელს პირგასამტეხლო, არაგონივრულია. მართალია, ზ------ ჯ---------ემ არ შეატყობინა ყოფილ დამსაქმებელს სს "ლ-------------–ი" დასაქმების თაობაზე, თუმცა აღნიშნული დარღვევა არ შეიძლება შეფასდეს იმ სახის დარღვევად, რა მიზანსაც ემსახურება სშკ-ის 46-ე მუხლის მე-3 ნაწილი. დასაქმებულმა უნდა იცოდეს იყენებს თუ არა ყოფილი დამსაქმებელი დასაქმების შეზღუდვის უფლებას, შესაბამისად, დასაქმების შეზღუდვის პერიოდში უხდის ანაზღაურებასაც და მითითებული უფლების გამოყენება არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე დაიწყებს უ არა დასაქმებული მუშაობას სხვა კონკურენტ კომპანიაში.

 

6.2. რაც შეეხება ზ------ ჯ---------ის შეგებებულ სარჩელს, სარჩელით მოთხოვნილია სს „ს----------–--------სა“ და ზ------ ჯ---------ეს შორის 2017 წლის 01 აგვისტოს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების დამატებითი პირობების, შრომითი ხელშეკრულების დანართი №ვ - დასაქმების შეზღუდვის მუხლი 3-ის ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც პირგასამტეხლოდ განისაზღვრა 12 თვის გადახდილი ანაზღაურების დაკისრება და დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულ და სამართლიან პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა. ვინაიდან, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოთხოვნა ზოგადად პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და ძირითადი სარჩელი არ დააკმაყოფილა, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გამორიცხავს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, ვინაიდან აღარ არსებობს მითითებული მოთხოვნის იურიდიული ინტერესი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხეს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ვინაიდან არც სარჩელი და არც შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მხარეთა მიერ გადახდილი თანხები სახელმწიფო ბაჟის სახით, დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სს „ს----------–--------ის“ სარჩელი ზ------ ჯ---------ის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ზ------ ჯ---------ის შეგებებული სარჩელი სს „ს----------–--------ის“ მიმართ შრომითი ხელშეკრულების დამატებითი პირობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მაია გიგაური