გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.11.2018
საქმის ნომერი
100210018002487833
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
21.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 100210018002487833

#2/212-18 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

21.11.2018 წელი. ქ. საჩხერე

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე

 

მოსარჩელე: შპს ,,გ---–-- ე--- ბ----”

წარმომადგენელი: გ---- გ---–--ა, ზ------ გ--–-–---–ი, გ--- ბ-------ე

მოპასუხე: ს.ს.ი.პ. თვითმმართველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტი

წარმომადგენელი: ნ---- ჩ----–--ე

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1.საჩხერის რაიონულ სასამართლოში სარჩელი შემოიტანა შ.პ.ს. „ გ---–-- ე--- ბ----“-ს (ს/ნ 4--------) წარმომადგენელმა ს.ს.ი.პ. თვითმმართველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტის (ს/ნ 2--------) მიმართ და მოითხოვა შ.პ.ს „ გ---–-- ე--- ბ----“-ს სასარგებლოდ თანხის დაკისრება.

 

1.2.მოსარჩელე განმარტავს, რომ 2017 წლის 11 სექტემბერს ს.ს.ი.პ “თვითმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტი“-სა და შ.პ.ს „გ---–-- ე--- ბ----“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება # 230, რომელიც ითვალისწინებდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ელექტრონული ტენდერის საშუალებით (NAT170009612) გერბის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვას.

 

სამუშაოები მასში რამოდენიმე აუცილებელი ცვლილებების განხორციელების შემდგომ დასრულებულ იქნა ვადაში, ხელშეკრულების თანახმად და შესაბამისი პროცედურების დაცვით. მუნიციპალიტეტს 2017 წლის 20 ნოემბერს წარედგინა საშემსრულებლო დოკუმენტაცია (ფორმა 2, ხელმოწერილი ტექნიკური ზედამხედველის ბ-ნ ხვიჩა ჩხიტუნიძის მიერ, ასევე ბ-ნ ხვიჩა ჩხიტუნიძის მოხსსენებითი ბარათი (#1665-51 01,12,2017 წ)). პროექტის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენდა 17373,14 ლარს, ხოლო შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება ტექზედამხედველის მიერ დამოწმებული ფორმა 2-ის და ფარული აქტების შესაბამისად შეადგენს 17319 ლარს (ჩვიდმეტი ათას სამას ცხრამეტ ლარს).

მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ ხელშეკრულების პირობების უხეში დარღვევით შესრულებული სამუშაოების საზღაური კომპანია დღემდე არ მიუღია.

მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე ს.ს.ი.პ. ჭიათურის მუნიციპალიტეტს მის სასარგებლოდ დაეკისროს 20 661 ლარისა და 60 თეთრის გადახდა , საიდანაც 17 319 ლარი არის შესრულებული სამუშაოების ღირებულება, ხოლო 3342 ლარი და 60 თეთრი არის პირგასამტეხლო.

 

2. მოპასუხე მხარის პოზიცია

 

2.1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ 28.06.2018წ შემოიტანა შესაგებელი რომლითაც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია მოსარჩელე შ.პ.ს „გ---–-- ე--- ბ----“-ს სარჩელს არ ცნობს. მოპასუხე აცხადებს, რომ მოსარჩელემ არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე. 18.07.2018წ მოპასუხემ შემოიტანა დაზუსტებული შესაგებელი და განმარტავს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „გ---–-- ე--- ბ----“-ს შორის 2017 წლის 11 სექტემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #230 ხელშეკრულება . ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შ.პ.ს „ გ---–-- ე--- ბ----“-ს ვადა გაუგრძელდა 4-ჯერ. საბოლოოდ სამუშაოს დასრულების ვადა გაგრძელდა 2017 წლის 20 ნოემბრამდე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2018 წლის 03 იანვრამდე. შპს „გ---–-- ე--- ბ----“-ს მიერ დამონტაჟებული იქნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გერბი ე.წ „საშევარდნოს“ კლდეზე.

 

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, 2017 წლის 5 დეკემბრის ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის #512241 ბრძანების თანახმად შექმნილი იქნა კომისია „მუნიციპალიტეტის მიერ გერბის და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების მიღების მიზნით კომისიის შექმნის შესახებ“. კომისიის მიერ შესწავლილ იქნა ეგრედწოდებული „გერბის“ მდგრადობის საკითხი. აღნიშნულთან დაკავშირებით კომისია შეჯერდა, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიერ ჩატარებულიყო ექსპერტიზა გერბის“ მდგომარეობის თაობაზე.

2018 წლის 11 მაისს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მიღებულ იქნა # 5002766318 ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ სამუშაოების შესრულებულია უხარისხოდ.

ზემოთ მითითებული ექსპერტიზის დასკვნით ნათლად არის ჩამოყალიბებული ის პრობლემა, რასაც ტენდერის პირობები ითვალისწინებდა. შესაბამისად ჩვენს შორის 2017 წლის 11 სექტემბერს გაფორმებული #230 ხელშეკრულების 5.1.5 პუნქტის შესაბამისად, მიწოდებული (ანუ შპს „გ---–-- ე--- ბ----“) ვალდებულია სამუშაოს დასრულებიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში აღმოფხვრას ყველა ხარვეზი მექანიკური დაზიანების გარდა.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმართა შ.პ.ს „გ---–-- ე--- ბ----“-ს დირექტორს, რათა მოეხდინა გონივრულ ვადაში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მიღებულ # 5002766318 ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ხარვეზების აღმოფხვრა ან მოეხდინა „ჭიათურის მუნიციპალიტეტში ე.წ „საშევარდნოს“ კლდეზე არსებულ გერბის დემონტაჟი მოსალოდნელი უბედური შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია მოსარჩელე შ.პ.ს „გ---–-- ე--- ბ----“-ს სარჩელს არ ცნობს, შ.პ.ს „გ---–-- ე--- ბ----“-მ არაჯეროვნად შეასრულა # 230 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, რის გამოც უარი უნდაა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .

3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეზე არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „გ---–-- ე--- ბ----“-ს შორის 2017 წლის 11 სექტემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #230 ხელშეკრულება აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერის საშუალებით (#თI170009612) გერბის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 17373,14 ლარს. #230 ხელშეკრულებით სამუშაოს დასრულების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 30 სექტემბერი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად კი 2017 წლის 18 ნოემბერი.

ხელშეკრულების 7.1. მუხლის შესაბამისად შესრულებული სამუშაოები მიღებულად ჩაითვლება მხოლოდ მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე შექმნილი მიმღები კომისიის მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადების ან ანგარიშფაქტურის წარმოდგენის შემდეგ.

დადგენილია, რომ ხელშეკრულებაში არ არის წერილობითი შეთანხმება დამკვეთის მხრიდან პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე.

ხარჯთაღრიცხვის მიხედვით გერბის მოწყობა უნდა განხორციელებულიყო საშევარდნოს კლდეზე. ხელშეკრულების შესრულების ნაკისრი ვალდებულების კონტროლისა და ზედამხედველობის პროცესზე პასუხისმგებელი პირია ხვიჩა ჩხიტუნიძე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ.15-17)

- წერილი(ს.ფ.18)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 29 სექტემბრის შეთანხმება #1-ით შეიცვალა ხელშეკრულების 5.1.7 პუნქტი და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით „სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 17 ოქტომბერი“, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 30 ნოემბერი“. შეთანხმების დადების საფუძველი შ.პ.ს „გ---–-- ე--- ბ----“-ს დირექტორის ზ------ გ--–-–---–ის მომართვა; ტექნიკური ზედამხედველის ხვიჩა ჩხიტუნიძის მოხსენებითი ბარათი.

2017 წლის 16 ოქტომბრის #2 შეთანხმებით შ.პ.ს „გ---–-- ე--- ბ----“-ს სამუშაოს დასრულების ვადა გაუგრძელდა 2017 წლის 30 ოქტომბრამდე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაუგრძელდა 2017 წლის 13 დეკემბრამდე.

2017 წლის 27 ოქტომბრის #03 შეთანხმებით შ.პ.ს „გ---–-- ე--- ბ----“-ს სამუშაოს დასრულების ვადა გაუგრძელდა 2017 წლის 10 ნოემბრამდე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაუგრძელდა 2017 წლის 25 დეკემბრამდე.

2017 წლის 09 ნოემბრის #04 შეთანხმებით შ.პ.ს „გ---–-- ე--- ბ----“-ს სამუშაოს დასრულების ვადა გაუგრძელდა 2017 წლის 20 ნოემბრამდე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაუგრძელდა 2018 წლის 03 იანვრამდე. წინამდებარე შეთანხმებები წარმოადგენს მხარეთა შორის 2017 წლის 11 სექტემბერს გაფორმებული # 230 ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

2017 წლის 17 ნოემბერს # 05 შეთანხმებით #230 ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვაში (გერბის მოწყობა საშევარდნოს კლდეზე) შევიდა ცვლილება დანართის მიხედვით. შეთანხმების დადების საფუძველი: შ.პ.ს. „გ---–-- ე--- ბ----“-ს მომართვა; ტექნიკური ზედამხედველის ხვიჩა ჩხიტუნიძის მოხსენებითი ბარათი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შეთანხმებები (ს.ფ.22-24, 29)

- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)

 

3.2.3. 2017 წლის 9 ნოემბერს ხვიჩა ჩხიტუნიძემ მიმართა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელს მოხსენებითი ბარათით, სადაც მითითებულია, რომ მშენებელმა (მოსარჩელემ) წარმოადგინა კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა და მიმდინარეობს კორექტირებული ნახაზის შეთანხმება. მშენებელი ითხოვს ვადის გაგრძელებას ნახაზის შეთანხმებამდე.

2017 წლის 14 ნოემბერს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერს, შ.პ.ს. ,,საპროექტოს“ კონსტრუქტორმა მიმართა მოხსენებითი ბარათით, სადაც მითითებულია, რომ 2017 წლის 5 აგვისტოს გაფორმებული N184 ხელშეკრულების საფუძველზე საშევარდნოს გერბზე დაპროექტდა გერბი. მშენებლობის დაწყების დროს შეიცვალა გერბის მდებარეობა, რის გამოც საჭირო გახდა არსებული რკინა ბეტონის კონსტრუქციაზე მონოლითური რკინაბეტონის ჩარჩოს მოწყობა სიმაღლით 2,7 მ.... დადგენილია, რომ ამ სემთხვევაში შეიცვალა პროექტი, რაც ემსახურებოდა კონსტრუქციის გამაგრებას.

დადგენილია და მხარეებიც არ დაობენ იმ გარემოებაზე, რომ სამუშაოს პროექტირება შესრულებულია არა მოსარჩელის, არამედ სხვა პირის მიერ 2017 წლის 5 აგვისტოს გაფორმებული N184 ხელშეკრულების საფუძველზე.

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შეიცვალა პროექტი და ხარჯთაღრიცხვა და საბოლო ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილია საქმეში.

2017 წლის 07 ნოემბრის წერილით შ.პ.ს. ,,საპროექტო 2015“ -ის დირექტორმა წარუდგინა დამკვეთს შეთანხმებული კორექტირებული ნახაზი და ხარჯთაღრიცხვა.

საქმეში წარმოდგენილია ასევე ფარული სამუშაოების აქტები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შ.პ.ს. ,,საპროექტოს“ კონსტრუქტორის მოხსენებითი ბარათი (ს.ფ.31)

- ზედამხედველის მოხსენებითი ბარათი(ს.ფ.27)

- საბოლოო ხარჯთაღრიცხვა(ს.ფ.32-33)

- მიმართვა(ს.ფ.36-39)

- აქტები(ს.ფ.46-48)

- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)

3.2.4. დადგენილია, რომ ხვიჩა ჩხიტუნიძემ 2017 წლის 1 დეკემბერს მიმართა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერს და აცნობა, რომ N230 ხელშეკრულების საფუძველზე შ.პ.ს. ,,გ---–-- ე--- ბ----“ ასრულებდა გერბის მოწყობის სამუშაოებს საშევარდნოს კლდეზე. მუშაოების პროცესში საჭირო გახდა პროექტისა და ხრჯთაღრიცხვის კორექტირება, რის გამოც მოხდა სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევა 2017 წლის 20 ნოემბრამდე. გერბის მოწყობის სამუშაოების დასრულდა 2017 წლის 20 ნოემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზედამხედველის მოხსენებითი ბარათი(ს.ფ.49)

- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)

 

3.2.5. საქმეში წარმოდგენილია გერბის მოწყობის სამუშაოების შესახებ ფორმა 2, რომლითაც დასტურდება, რომ შესრულებულია 17319 ლარის სამუშაოები. აღნიშნულ დოკუმენტს ხელს აწერს ტექნიკური ზედამხედველი ხვიჩა ჩხიტუნიძე და შ.პ.ს. ,,გ---–-- ე--- ბ----“-ს დირექტორი.

სასამართლოს სხდომაზე ხვიჩა ჩხიტუნიძის მიერ დადასტურებული იქნა ის ფაქტი, რომ სამუშაოები შერულებულია პროექტის დაცვით და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. ხვიჩა ჩხიტუნიძე ადასტურებს ასევე იმ გარემოებას, რომ პროეტის სრულყოფაზე პასუხისმგებელი არ ყოფილა შ.პ.ს. ,,გ---–-- ე--- ბ----“. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს მოპასუხეც , ასევე მოცემული გარემოება დასტურდება იმ ფაქტითაც, რომ საპროექტო სამუშაოები შესრულებულია სხვა იურიდიული პირის მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ფორმა 2(ს.ფ.43-45)

- მოწმე ხვიჩა ჩხიტუნიძის ჩვენება(იხ.ოქმი)

- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)

3.2.6. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დაკვეთით შესრულებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით „ჭიათურის მუნიციპალიტეტში ე.წ „საშევარდნოს“ კლდეზე არსებული გერბის საპროექტო დოკუმენტაცია შესრულებულია საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევის და სრულყოფილი გაანგარიშების გარეშე და არ არის შესაბამისობაში საპროექტო დოკუმენტაციასთან. ვიზუალური დათვალიერებით, დარღვეულია კონსტრუქციული ელემენტების ღერძულობა, თითქმის ყველა კვანძი შესრულებულია სამშენებლო ნორმების დარღვევით და კოროზირებულია.

გერბის კონსტრუქციის მდგრადობის შეფასება შეუძლებელია და ყოველგვარ აზრს მოკლებულია, რადგან, როგორც კლასიკური მეთოდებით, ასევე პროექტირების საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით გაანგარიშების დროს იგულისხმება, რომ ყველა შეუღლების კვანძი არის ხისტი და სამშენებლო ნორმების დარღვევით შესრულებული.

ამრიგად „ჭიათურის მუნიციპალიტეტში ე.წ „საშევარდნოს“ კლდეზე არსებული გერბის ტექნიკური მდომარეობა არადამაკმაყოფილებელია, არსებული მდგომარეობით მისი შემდგომი ექსპლოატაცია დაუშვებელია. აუცილებელია სამშენებლო ნორმების მოთხოვნების დაცვით ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევის და გერბის კონსტრუქციის გაანგარიშების ჩატარება და მისი ტექნიკური მდგომარეობის დეტალური გამოკვლევა, მიღებული შედეგების მიხედვით ეკონომიკური თვალსაზრისის გათვალისწინებით, გერბის კონსტრუქციის დემონტაჟი ან მისი გამაგრება ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული პროექტის მიხედვით“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ექსპერტიზა (ს.ფ.77-79)

- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)

 

3.2.7. სასამართლოს მიერ დანიშნული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის #007443818 დასკვნის მიხედვით ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საშევარდნოს კლდეზე ღერბის მოწყობის სამუშაოებზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულებაა სულ 17156 ლარი. სხვაობა შეადგენს 17319-17156=163 ლარს ნაკლებობით, რაც გამოვლინდა ჩასატანებელი დეტალების (ფურცლოვანი ფოლადი) დაუმონტაჟებლობით. ღერბის მოწყობაზე სამუშაოები შესრულებულია 2017 წლის 11 სექტემბრის #230 ხელშეკრულების, არსებული კორექტირებული ხარჯთაღრიცხვისა და ძირითადად საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად. შედუღების შეერთებები არ არის შესრულებული პროექტში მითითებულის შესაბამისად. შედუღების კვანძების ნახაზები არ არის სრულყოფილი, ზოგიერთი კვანძი შეერთების ნახაზი საერთოდ გაუგებარია.

საჭირო არის კვანძების შეერთება მოხდეს ნორმების და წესების CHиП 3.03.01-87-ის მოთხოვნათა შესაბამისად.

2017 წლის 11 სექტემბრის ხელშეკრულებით (ს.ფ.15-17) გათვალისწინებული სამუშაოებიდან არ არის შესრულებული 163 ლარის სამუშაოები. საჭირო არის კვანძების შეერთება მოხდეს სამშენებლო ნორმების და წესების CHиП 3.03.01-87-ის მოთხოვნათა შესაბამისად.

აღნიშნული ხარვეზის გასწორების შემდგომ შესრულებული სამუშაოების ხარისხი შეიძლება ჩაითვალოს დამაკმაყოფილებლად.

ის სამუშაოები, რომლებიც მითითებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #003063618. დასკვნაში- სამშენებლო ნორმების მოთხოვნების დაცვით ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევის და ღერბის კონსტრუქციის გაანგარიშების ჩატარება, უნდა მომხდარიყო პროექტირების პროცესში. მიმდინარე ექსპერტიზის აზრით ზემოთ აღნიშნული სამუშაოების ჩატარება ვერ მოახდენს გავლენას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოსარჩელის ვალდებულებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ექსპერტიზა (ს.ფ. 77-79 )

- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო თვლის, რომ შ.პ.ს. ,,გ---–-- ე--- ბ----“-ს სარჩელი ს.ს.ი.პ.თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ უნდა დაკმაყოფილდეს იმ ნაწილში რა თანხის სამუშაოები იქნა შესრულებული, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან აღნიშნული საკითხი წერილობით არ ყოფილა შეთანხმებული, რის გამოც მოთხოვნა უსაფუძვლოა .

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 361-ე, 405-ე, 417-ე, 420-ე,629-631-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის შესაბამისად მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ფაქტები, რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს; ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა

 

6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ შ.პ.ს. ,,გ---–-- ე--- ბ----“-ს და ჭიათურის მუნიციპალიტეტს შორის დადებულია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. მითითებული ნორმებიდან სახეზეა ნარდობის ხელშეკრულება (სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლი)

6.3. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

ნარდობასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვის შედგენა არ ანაზღაურდება, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

სამოქალაქო კოდექსის 631-ე მუხლის თანახმად ნარდობის ხელშეკრულებით თუ მენარდე მიახლოებით ხარჯთაღრიცხვას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, მას შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ შეთანხმებული საზღაური, გარდა იმ შემთხვევებისა,როცა გადახარჯვების წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელი იყო.

მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის ისეთი გაზრდის შესახებ, რომლის გათვალისწინებაც შეუძლებელი იყო ხელშეკრულების დადებისას, მენარდემ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს შემკვეთს. თუ შემკვეთი წყვეტს ხელშეკრულებას ხარჯთაღრიცხვის გაზრდის გამო, მაშინ იგი ვალდებულია აანაზღაუროს შესრულებული სამუშაო მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით.

 

დადგენილია, რომ შ.პ.ს. ,,გ---–-- ე--- ბ----“-ს მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №230 ხელშეკრულებით გათვალისწინებული, სამუშაოების შესრულებულია პროექტის შესაბამისად, მხოლოდ გათვალისწინებული სამუშაოებიდან არ არის შესრულებული 163 ლარის სამუშაოები.

 

6.4. სასამართლოს მიერ დანიშნული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის #007443818 დასკვნის მიხედვით ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საშევარდნოს კლდეზე ღერბის მოწყობის სამუშაოებზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულებაა სულ 17156 ლარი. სხვაობა შეადგენს 17319-17156=163 ლარს ნაკლებობით, რაც გამოვლინდა ჩასატანებელი დეტალების (ფურცლოვანი ფოლადი) დაუმონტაჟებლობით. ღერბის მოწყობაზე სამუშაოები შესრულებულია 2017 წლის 11 სექტემბრის #230 ხელშეკრულების, არსებული კორექტირებული ხარჯთაღრიცხვისა და ძირითადად საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად. შედუღების შეერთებები არ არის შესრულებული პროექტში მითითებულის შესაბამისად. შედუღების კვანძების ნახაზები არ არის სრულყოფილი, ზოგიერთი კვანძი შეერთების ნახაზი საერთოდ გაუგებარია.

საჭირო არის კვანძების შეერთება მოხდეს ნორმების და წესების CHиП 3.03.01-87-ის მოთხოვნათა შესაბამისად.

2017 წლის 11 სექტემბრის ხელშეკრულებით (ს.ფ.15-17) გათვალისწინებული სამუშაოებიდან არ არის შესრულებული 163 ლარის სამუშაოები. საჭირო არის კვანძების შეერთება მოხდეს სამშენებლო ნორმების და წესების CHиП 3.03.01-87-ის მოთხოვნათა შესაბამისად.

აღნიშნული ხარვეზის გასწორების შემდგომ შესრულებული სამუშაოების ხარისხი შეიძლება ჩაითვალოს დამაკმაყოფილებლად.

 

6.5. მოპასუხე შესრულებულ სამუშაოებზე მიუთითებს, რომ სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ , რადგან გერბის მდგრადობა საეჭვო იყო და საჭიროებდა დემონტაჟს. მოპასუხის დაკვეთით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით კი „ჭიათურის მუნიციპალიტეტში ე.წ „საშევარდნოს“ კლდეზე არსებული გერბის ტექნიკური მდომარეობა არადამაკმაყოფილებელია, არსებული მდგომარეობით მისი შემდგომი ექსპლოატაცია დაუშვებელია. აუცილებელია სამშენებლო ნორმების მოთხოვნების დაცვით ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევის და გერბის კონსტრუქციის გაანგარიშების ჩატარება და მისი ტექნიკური მდგომარეობის დეტალური გამოკვლევა, მიღებული შედეგების მიხედვით ეკონომიკური თვალსაზრისის გათვალისწინებით, გერბის კონსტრუქციის დემონტაჟი ან მისი გამაგრება ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული პროექტის მიხედვით“.

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ შემსრულებლის მიერ სამუშაოები არ იქნა შესრულებული ხელშეკრულების შესაბამისად და შესრულებულია უხარისხოდ, რადგან შ.პ.ს. ,,გ---–-- ე--- ბ----“ პასუხისმგებელი არ იყო საპროექტო სამუშაოებზე. ექსპერტიზის დასკვნით ის სამუშაოები, რომლებიც მითითებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #003063618. დასკვნაში- სამშენებლო ნორმების მოთხოვნების დაცვით ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევის და ღერბის კონსტრუქციის გაანგარიშების ჩატარება, უნდა მომხდარიყო პროექტირების პროცესში. მიმდინარე ექსპერტიზის აზრით ზემოთ აღნიშნული სამუშაოების ჩატარება ვერ მოახდენს გავლენას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოსარჩელის ვალდებულებაზე. ერთმნიშვნელოვანია, რომ საპროექტო სამუშაოებზე სხვა საწარმო იყო პასუხისმგებელი და შემსრულებელი ასრულებდა სამუშაოებს დამკვეთის მიერ დამტკიცებული პროექტის შესაბამისად.

 

6.6. სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის შესაბამისად თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას,მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.

 

სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით.

ეს წესი არ გამოიყენება, როცა ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველი მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

 

სამოქალაქო კოდექსის 644-ე მუხლის შესაბამისად ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სამოქალაქო კოდექსის 645-ე მუხლის შესაბამისად შემკვეთს, რომელიც არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია იმ თანხით შეამციროს საზღაური, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ზემოთ მითითებული გარემოებებიდან და მოხმობილი ნორმებიდან გამომდინარე მოპასუხის პოზიცია თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით სრულიად უსაფუძვლოა.

6.7.სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. საქმე #.ას 848-814-16, #ას-816-767-15, #ას-953-918).

განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლოზე შეთანხმება დამკვეთთან მიმართებაში არ არსებობს, შესაბამისად ამ ნაწილში სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

6.8. ამდენად სასამართლო თვლის, რომ სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შესრულებული სამუშაოს ასანაზღაურებელი თანხის ფარგლებში, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.9.„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 619 ლარისა და 83 თეთრის ოდენობით (ს.ფ110)

დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ და ამდენად მოპასუხეს უნდა დაეკისროს გადასახდელად მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის შესაბამისად მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, კერძოდ 514(ხუთასთოთხმეტი) ლარი და 68 (სამოცდარვა) თეთრი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე - 244-ე, 247-ე - 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შ.პ.ს.,,გ---–-- ე--- ბ----”-ს სარჩელი ს.ს.ი.პ. თვითმმართველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტის (ს/კ/2-------- მისამართი: ქ.ჭიათურა, ნ----–---–-- ქ.№7) მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და შ.პ.ს. ,,გ---–-- ე--- ბ----”-ს სასარგებლოდ ს.ს.ი.პ. თვითმმართველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტს (ს/კ/2-------- მისამართი: ქ.ჭიათურა, ნ----–---–-- ქ.№7) დაეკისროს 17156 (ჩვიდმეტიათასასორმოცდათექვსმეტი) ლარის გადახდა.

 

2. შ.პ.ს.,,გ---–-- ე--- ბ----”-ს სასარგებლოდ ს.ს.ი.პ. თვითმმართველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტს (ს/კ/2-------- მისამართი: ქ.ჭიათურა, ნ----–---–-- ქ.№7) დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის- 514(ხუთასთოთხმეტი) ლარის და 68 (სამოცდარვა) თეთრის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი