გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210018002501482
საქმე № 2/1128-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი
მოსარჩელე - ს----–--------------ი“
წარმომადგენელი - ლ--–----------
მოპასუხე - ლ--–---------–---–ი
დავის საგანი- თანხის დაკისრება, გირავნობის საგნის რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ლ--–---------–---–ს ს-----–-------------ის“ სასარგებლოდ, დაეკისროს 1317.87 ლარის გადახდა, საიდანაც 1029.14 ლარი არის ძირითადი თანხა, 192.57 ლარი - სარგებელი, 71.16 ლარი - პირგასამტეხლო.
1.2. დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს სს „ლიბერთი ბანკის“ სასარგებლოდ გირავნობით დატვირთული ლ--–---------–---–ის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება HONDA FIT, სახელმწიფო ნომერი: NN420XX, საინდენტიფიკაციო ნომერი: GD31524975;
1.3. გირავნობის საგნების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში აღსრულება მოხდეს მოპასუხე ლ--–---------–---–ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან;
2. მოსარჩელის პოზიცია
მოსარჩელის განმარტებით მასსა დამოპასუხეს შორის 2017 წლის 17 მარტს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელს გადაეცა 2000 ლარი, წლიური 67% სარგებლით, შეთანხმებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადცილებულ დღეზე 0.41%-ის ოდენობით. კრედიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 17 სექტემბერი. აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მხარეებს შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელის სასარგებლოდ დაიტვირთა ლ--–---------–---–ის საკუთრებაში მყოფი ავტომობილი HONDA FIT, სახელმწიფო ნომერი: NN420XX, საინდენტიფიკაციო ნომერი: GD-31524975. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მიუხედავად გაფრთხილებისა და დამატებითი ვადის მიცემისა, მოპასუხე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს.
3.მოპასუხის პოზიცია
3.1. მოპასუხე ლ--–---------–---–მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ მას გადახდილი აქვს 1958 ლარი და იგი აღიარებს, რომ გადასახდელი აქვს 540 ლარი. მოპასუხე წარმოდგენილი შესაგებლით არ ეთანხმება ჯარიმის და პირგასამტეხლოს მოთხოვნა და მიიჩნევს, რომ არაგონივრულია და შეუსაბამოდ მაღალი.
4.ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. 2017 წლის 17 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე გაიცა 2000 ლარი 18 თვის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება № 12485156
4.1.2. 2017 წლის 17 მარტს ლ--–---------–---–სა და მოსარჩელეს შორის დაიდო გირავნობის ხელშეკრულება, საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, რომლითაც გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის სატრანსპორტო საშუალება HONDA FIT, სახელმწიფო ნომერი: NN420XX, საინდენტიფიკაციო ნომერი: GD-31524975
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გირავნობის ხელშეკრულება №12485156
- ცნობა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ
4.1.3. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მიუხედავად გაფრთხილებისა და დამატებითი ვადის მიცემისა მან ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გაფრთხილების წერილი
- ცნობა დავალიანების შესახებ
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2017 წლის 17 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო კრედიტის წლიური სარგებელი 67% ოდენობით და პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის 0.41%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება № 12485156
- მხარეთა ახსნა - განმარტება
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ''ლიბერთი ბანკის“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე, 316-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლები;
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.
ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2017 წლის 17 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე გაიცა 2000 ლარი 18 თვის ვადით.
საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო კრედიტის წლიური სარგებელი 67% ოდენობით და პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის 0.41%.
მოპასუხე შესაგებლით მიუთითებს, რომ იგი ცნობს სარჩელს ნაწილობრივ და აღიარებს რომ გადასახდელი აქვს 540 ლარი. რაც შეეხება ჯარიმას და პირგასამტეხლოს, მიიჩნევს არაგონივრულად და შეუსაბამოდ მაღალს.
აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის პოზიცია არ არის დასაბუთებული და მითუმეტეს არ არის გამყარებული მტკიცებულებებით, რისი ვალდებულებაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდესის მე-4, 102-ე მუხლების დანაწესით მის ვალდებულებას წარმოადგენდა.
7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
7.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოცემულ შემთხვევაში სს „ლიბერთი ბანკსა“ და ლ--–---------–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე.
7.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
7.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მხრიდან სრულად იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება - შეთანხმებული საკრედიტო თანხის გაცემის თაობაზე, ხოლო მოპასუხის მხრიდან ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. კერძოდ, ლ--–---------–---–მა საკრედიტო ხელშეკრულებათა საფუძველზე მიიღო სესხის თანხა, რომელიც მოსარჩელეს არ აუნაზღაურა. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ''ლიბერთი ბანკი'' უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, გადასახდელად დარჩენილი კრედიტის ძირითადი თანხის - 1029.14 ლარის ანაზღაურება.
7.7. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის - 192.57 დოლარის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეებს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია სრულად.
საქმეში დაცული მასალებიდან დგინდება, რომ მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად.
7.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418-ე მუხლის მეორე ნაწილი კი ადგენს, რომ შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
7.9. ამავე კოდექსის სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მოცემულ შემთხვევაში მხარეები საკრედიტო ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მოვალეს ეკისრება პირგასამტეხლო ძირი თანხის 0.41%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან დასტურდება, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულება და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 71.16 ლარით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების გარკვეულწილად კომპენსირება და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 24 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ
7.10. საქართველოს სამოქალქო კოდექსის 276 -ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 278-ე შესაბამისად გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება მოგირავნეს აქვს მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
დადგენილია, რომ 2017 წლის 17 მარტს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გირავნობის უფლებით დაიტვირთა ავტოსატრანსპორტო საშუალება HONDA FIT, სახელმწიფო ნომერი: NN420XX, საინდენტიფიკაციო ნომერი: GD-31524975.
საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულების 9.3.3. პუნქტის და გირავნობის ხელშეკრულების შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ გირავნობის საგნის რეალიზებით მიღებული თანხა სრულად ვერ ფარავს მოგირავნის მოთხოვნას, იგი უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხეთა მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება, რომლის უზრუნველყოფის მატერიალურ საშუალებას წარმოადგენს გირავნობა, რაც შესაბამისად კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოთხოვნა დაიკმაყოფილოს გირავნობის უფლებით დატვირთული მოძრავი ქონებების იძულებით რეალიზაციის გზით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებული დავალიანების გადახდევინების მიზნით სარეალიზაციო უნდა მიექცეს მოპასუხეთა გირავნობით დატვირთული მოძრავი ქონებები.
ასევე დასაბუთებულია სს „ლიბერთი ბანკის“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის საკუთრებაში რიცხული სხვა ქონების რეალიზაციის ნაწილში, რადგან მხარეთა მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნა მოვალის სხვა ქონების რეალიზაციის შესაძლებლობაც.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალქო საპროცესო მოდექსის 49-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ, აქედან გამომდინარე მოსარჩელეს, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარიდან უნდა დაუბრუნდეს 20.88 ლარი, ხოლო 29.12 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვიანიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 29.12 ლარიდან, უნდა აუნაზღაურდეს 27.28 ლარი.
რაც შეეხება მოსარჩელის მიერ გაღებულ საპროცეო ხარჯს, დადასტურებულია, რომ მოსარჩელემ გაიღო ხარჯი 25 ლარი, რომლის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს ასევე მოპასუხეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე სს „ლიბერთი ბანკის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე ლ--–---------–---–ს მოსარჩელე ს----–--------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 1245.71 გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირი თანხა არის 1029.14 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 192.57 ლარი, პირგასამტეხლო - 24 ლარი;
3. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს:
4. ლ--–---------–---–ის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება HONDA FIT, სახელმწიფო ნომერი: NN420XX, საინდენტიფიკაციო ნომერი: GD-31524975, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გირავნობით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხით სრულად არ დაიფარება მოსარჩელის მოთხოვნა, აღსრულება მოხდეს ლ--–---------–---–ის სხვა ქონებიდან.
5. მოსარჩელე სს „ლიბერთი ბანკის“ (ს/კ; 203828304) მის მიერ 2018 წლის 15 ივნისს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300843150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარიდან (საგადასახადო დავალება №5144112745) დაუბრუნდეს 20.88 ლარი, ხოლო 29.12 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
6. მოპასუხე ლ--–---------–---–ს მოსარჩელე სს „ლიბერთი ბანკის“ სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ დაეკისროს 27.29 ლარის ანაზღაურება და ასევე საპროცესო ხარჯების ანაზღაურება 25 ლარის ოდენობით.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილის გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით ( მის: ქ. გორი ჯორბენაძის ქ. № 30) მისი დასაბუთებული ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 ( თოთხმეტი) დღის ვადაში ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მაია კუთხაშვილი