გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/4238-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით 13 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი შესავალი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი
სხდომის მდივანი - თამარ აკობია
მოსარჩელე - შპს ,,მ------------–ა’’
წარმომადგენლები - ბ--------------ი, ნ-------–---–----ე
მოპასუხე - შპს ,,ვ----ა’’
წარმომადგენელი - ი-----–----–-----–---–ი
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 11 989 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდა (იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, 2018 წლის 13 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სარჩელი ს.ფ. 1-14, 2018 წლის 13 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
1.1.1. მხარეებს შორის 2011 წლის 08 აგვისტოს გაფორმებულია საიჯარო ხელშეკრულება, რომლის ვადაც რამდენიმე შეთანხმების საფუძველზე ამოიწურა 2017 წლის 30 ივნისს;
1.1.2. ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხის მიერ ასანაზღაურებელი დავალიანება შეადგენდა 4 462 აშშ დოლარს, ხოლო საურავი ვადაგადაცილებულ დღეებზე, ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდზე-17.01.2017 წლამდე, შეადგენს 18 960 დოლარს;
1.1.3. სარჩელის წარმოდგენის შემდეგ მოპასუხის მიერ მოთხოვნილი ძირითადი დავალიანება სრულად არის ანაზღაურებული;
1.1.4. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო უფლებამოსილია მოითხოვოს პირგასამტეხლოს დაკისრება;
1.1.5. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ უფლებამოსილია მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდზე, იგი მოითხოვს მოპასუხისთვის სარჩელის შემოტანამდე მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში დარიცხული პირგასამტეხლოს - 11 989 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდას;
1.1.6. მიუხედავად ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციისა, მოპასუხის მიერ არ არის შესრულებული ვალდებულება პირგასამტეხლოს ანაზღაურების თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი.
შესაგებლის საფუძვლები (ს.ფ. 182-191, 2018 წლის 13 ნოემბრის სხდომის ოქმი):
2.1.1. მის მიერ სრულადაა შესრულებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდის ვალდებულება;
2.1.2. ვინაიდან მის მიერ შესრულებულია ძირითადი დავალიანების გადახდის ვალდებულება ხელშეკრულებით დადგენილი წესით, არ არსებობს მისთვის მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი;
2.1.3. მოსარჩელეს არ გაუგზავნია წერილობითი შეტყობინება პირგასამტეხლოს დარიცხვისა და მისი გადახდის თაობაზე;
2.1.4. ამასთანავე, მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია ძირითად ვალდებულებასთან მიმართებით, რომლის გადახდასაც ითხოვდა მოსარჩელე და რომელიც მის მიერ ამ ეტაპისათვის სრულადაა შესრულებული.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2011 წლის 08 აგვისტოს შპს ,,ვ----ას’’, როგორც მოიჯარეს და შპს ,,მ------------–ას’’, როგორც მეიჯარეს შორის, დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა, რომ მეიჯარე მოიჯარეს დროებით სარგებლობაში გადასცემდა უძრავ ქონებას, მდებარე ქ. თბილისი, დ----------------------- კომბინირებულ სამ და ოთხსართულიან შენობას საერთო ფართით 1 192.7 მ2, ხელშეკრულების ხელმოწერიდან ხუთი წლის განმავლობაში.
ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ფართის სარგებლობისათვის მხარეები შეთანხმდნენ, რომ იჯარის ხელშეკრულების ძალაში შესვლის მომენტიდან ოთხი თვის განმავლობაში საიჯარო ქირა განისაზღვრებოდა 6 000 აშშ დოლარის ოდენობით, მომდევნო რვა თვის განმავლობაში 9 500 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო მეორე საიჯარო წლიდან მოყოლებული 12 თვის განმავლობაში - 9 000 აშშ დოლარის ოდენობით.
ხელშეკრულების 3.6. პუნქტის თანახმად განსაზღვრულია, რომ მხარეებს შორის ანგარიშსწორება წარმოებს მოიჯარის მიერ იჯარის ქირის გადახდის ვალდებულების წარმოშობიდან და მოიჯარე ამ თანხას იხდის არაუგვიანეს 5 საბანკო დღის ვადაში, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში, ყოველი მომდევნო თვის 5 (ხუთი) რიცხვამდე, უნაღდო ანგარიშსწორების გზით, წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებულ რეკვიზიტებზე.
ხელშეკრულების 7.2. პუნქტის თანახმად, მოიჯარეს ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაციელებისათვის ეკისრება საურავი გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ. 25-31)
3.1.2. მხარეთა შორის 2013 წლის 22 აპრილს შედგენილი დამატებითი შეთანხმებით 2011 წლის 02 აგვისტოს იჯარის ხელშეკრულების 3.1 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ფართის სარგებლობისთვის მხარეები თანხმდებიან, რომ 2013 წლის პირველი ივლისიდან 2013 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით საიჯარო ქირა განისაზღვროს 11 000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო 2013 წლის პირველი სექტემბრიდან 2016 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით 12 500 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დამატებითი შეთანხმება (ს.ფ. 24)
3.1.3. მხარეთა შორის 2014 წლის ივნისში შედგენილი დამატებითი შეთანხმებით 2011 წლის 02 აგვისტოს იჯარის ხელშეკრულების 3.1 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ფართის სარგებლობისთვის მხარეები თანხმდებიან, რომ 2014 წლის პირველი ივლისიდან 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით საიჯარო ქირა განისაზღვრა 10 000 აშშ დოლარის ოდენობით.
ამავე შეთანხმების 6.1. პუნქტის თანახმად, განისაზღვრა, რომ წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში იქნებოდა 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დამატებითი შეთანხმება (ს.ფ. 23)
3.1.4. მხარეთა შორის 2015 წლის 10 ივლისს დადებული დამატებითი შეთანხმებით, 2011 წლის 02 აგვისტოს იჯარის ხელშეკრულების 3.1 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: მხარეები თანხმდებიან, რომ 2015 წლის 1 ივნისიდან - 2015 წლის 1 ოქტომბრამდე იჯარის ღირებულება განისაზღვრება 8 500 აშშ დოლარის ოდენობით დღგ-ის ჩათვლით, ექვივალენტს ლარში გადახდის დღისათვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, ხოლო 2015 წლის 1 ოქტომბრიდან - 2016 წლის 1 ოქტომბრამდე იჯარის ღირებულება განისაზღვრება 10 375 აშშ დოლარის ოდენობით დღგ-ის ჩათვლით, ექვივალენტს ლარში გადახდის დღისათვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
ამავე შეთანხმების მეორე პუნქტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ ჯამური დავალიანება შეადგენს 19 637.41 აშშ დოლარს, დღგ-ის ჩათვლით, რომლის დაფარვაც მოხდება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
- 2015 წლის 10 ივლისამდე მოხდება 8 500 აშშ დოლარის გადახდა, ექვივალენტი ლარში, გადახდის დღისათვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლით.
- 2015 წლის 15 ივლისამდე მოხდება 2 637.41 აშშ დოლარის გადახდა, ექვივალენტი ლარში, გადახდის დღისათვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლით.
- 2015 წლის 30 ივლისამდე მოხდება 8 500 აშშ დოლარის გადახდა, ექვივალენტი ლარში, გადახდის დღისათვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლით.
ამავე შეთანხმების მე-3 პუნქტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ 2015 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 1 აგვისტომდე არსებულ საიჯარო დავალიანებასთან დაკავშირებით არ გამოიყენებენ ხელშეკრულებით და შესაბამისი დანართებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოებს და საჯარიმო სანქციებს.
ამავე შეთანხმების მე-4 პუნქტის თანახმად კი, მხარეები თანხმდებიან, რომ მოიჯარის მიერ წინამდებარე დამატებითი შეთანხმებით გათვალისწინებული გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, დამატებითი შეთანხმების მე-3 პუნქტი კარგავს ძალას და მოქმედებს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დამატებითი შეთანხმება (ს.ფ. 21-22)
3.1.5. მოპასუხის მიერ სრულადაა შესრულებული 2011 წლის 08 აგვისტოს ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე დადებული დამატებითი შეთანხმებებიდან გამომდინარე საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- ცხრილები (ს.ფ. 41-94; 263-297)
- საგადახდო დავალებები (ს.ფ. 193-199)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.1.6. მოსარჩელეს მოპასუხისთვის წერილობით არ შეუტყობინებია ძირითადი ვალდებულების დარღვევის გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოპასუხის მიერ 2011 წლის 08 აგვისტოს ხელშეკრულებით და ამ ხელშეკრულების საფუძველზე 2015 წლის 10 ივლისის დამატებითი შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულება დავალიანების გადახდის თაობაზე, ისევე როგორც მიმდინარე საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება შესრულებულია მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული გრაფიკისა და მისი გადახდის წესის დარღვევით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპი, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომლის შეუსრულებლობას უკავშირდება ამავე მხარისთვის არახელსაყრელი შედეგი. ეს დანაწესი გამომდინარებს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ასევე ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია (იხ. სუსგ, საქმე №ას-1003-964-2016).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 10 ივლისს დადებული დამატებითი შეთანხმებით, 2011 წლის 02 აგვისტოს იჯარის ხელშეკრულების 3.1 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2015 წლის 1 ივნისიდან 2015 წლის 1 ოქტომბრამდე იჯარის ღირებულება განისაზღვრებოდა 8 500 აშშ დოლარის ოდენობით დღგ-ის ჩათვლით, ექვივალენტს ლარში გადახდის დღისათვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, ხოლო 2015 წლის 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 1 ოქტომბრამდე იჯარის ღირებულება განისაზღვრებოდა 10 375 აშშ დოლარის ოდენობით დღგ-ის ჩათვლით, ექვივალენტს ლარში გადახდის დღისათვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად. ამავე შეთანხმების მეორე პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჯამური დავალიანება შეადგენდა 19 637.41 აშშ დოლარს, დღგ-ის ჩათვლით, რომლის დაფარვაც მოხდება შემდეგი გრაფიკის მიხედვით: პირველი გადახდა 8 500 აშშ დოლარის ოდენობით უნდა განხორციელებულიყო 2015 წლის 10 ივლისამდე, მეორე გადახდა 2 637.41 აშშ დოლარის ოდენობით უნდა განხორციელებულიყო 2015 წლის 15 ივლისამდე, ხოლო მესამე გადახდა 8 500 აშშ დოლარის ოდენობით უნდა განხორციელებულიყო 2015 წლის 30 ივლისამდე.
განსახილველ შემთხვევაში მართალია უდავოა ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ სრულადაა შესრულებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდის ვალდებულება, მაგრამ მოსარჩელე სადავოდ ხდის და მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლად მიუთითებს მის მიერ ვალდებულების შესასრულებლად გათვალისწინებული გრაფიკის დარღვევას, რის დასტურადაც მის მიერ წარმოდგენილია ცხრილი (ს.ფ. 41-94; 263-297), რომელშიც ასახულია მოპასუხის მიერ განხორციელებული ჩარიცხვები ვალდებულების შესრულების მიზნით.
წარმოდგენილი ცხრილით დასტურდება, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულია შეთანხმებით გათვალისწინებული დავალიანების გადახდის გრაფიკი, კერძოდ, მის მიერ მესამე გადახდა ნაცვლად შეთანხმებით განსაზღვრული 2017 წლის 30 ივლისამდე პერიოდისა, 8 500 აშშ დოლარის ოდენობით განხორციელებულია 2018 წლის 05 აგვისტოს (ს.ფ. 66; 268). გასათვალისწინებელია ისიც, რომ შეთანხმებით დადგენილი თარიღის ნაცვლად მესამე გადახდის 2018 წლის 05 აგვისტოს განხორციელებას სადავოდ არ ხდის და ეთანხმება მოპასუხის წარმომადგენელიც.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ხელშეკრულების 3.6. პუნქტის თანახმად, მხარეებს შორის ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო მოიჯარის მიერ იჯარის ქირის გადახდის ვალდებულების წარმოშობიდან და მოიჯარის მიერ იჯარის ქირის გადახდის ვალდებულების წარმოშობიდან და მოიჯარეს ეს თანხა უნდა გადაეხადა არაუგვიანეს 5 საბანკო დღის ვადაში, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში, ყოველი მომდევნო თვის 5 (ხუთი) რიცხვამდე. მხარეთა შეთანხმებით აღნიშნული იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით. საქმის მასალებით და თავად მოპასუხის მიერ მითითებული პოზიციის გათვალისწინებით, დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელის წარმოდგენის დროისთვის - 2018 წლის 12 თებერვლისათვის მოპასუხეს ერიცხებოდა საიჯარო ქირის დავალიანების ნაწილი იმ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რომლის მოქმედების ვადაც გაგრძელებული იყო 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდამდე. ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების გადახდა მოპასუხის მიერ განხორციელდა სარჩელის წარმოდგენის შემდეგ, კერძოდ, 2018 წლის 21 თებერვალსა და 2018 წლის 22 თებერვალს (ს.ფ. 197-199).
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად მიმდინარე დროისათვის მოპასუხის მიერ ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტისა, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ 2011 წლის 08 აგვისტოს ხელშეკრულებით და ამ ხელშეკრულების საფუძველზე 2015 წლის 10 ივლისის დამატებითი შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულება დავალიანების გადახდის თაობაზე, ისევე როგორც მიმდინარე საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება შესრულებულია მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული გრაფიკისა და წესის დარღვევით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- ცხრილები (ს.ფ. 41-94; 263-297)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2.2. 2011 წლის 08 აგვისტოს ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე გაფორმებული დამატებითი შეთანხმებების დარღვევიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 11 989 აშშ დოლარი არის შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული, შესაბამისად, არსებობს მისი 4 000 აშშ დოლარამდე შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
დადგენილია, რომ 2011 წლის 08 აგვისტოს ხელშეკრულების 7.2. პუნქტის თანახმად განისაზღვრა, რომ მოიჯარეს ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, ეკისრება საურავი გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 10 ივლისის დამატებითი შეთანხმების მე-2 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის ვადასა და წესზე. ამავე შეთანხმების მე-3 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2015 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 1 აგვისტომდე არსებულ საიჯარო დავალიანებასთან დაკავშირებით არ გამოიყენებდნენ ხელშეკრულებით და შესაბამისი დანართებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოებს და საჯარიმო სანქციებს. ამავე შეთანხმების მე-4 პუნქტის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოიჯარის მიერ წინამდებარე დამატებითი შეთანხმებით გათვალისწინებული გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში დამატებითი შეთანხმების მე-3 პუნქტი კარგავს ძალას და მოქმედებს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები.
დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ 2011 წლის 08 აგვისტოს ხელშეკრულებით და ამ ხელშეკრულების საფუძველზე 2015 წლის 10 ივლისის დამატებითი შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულება დავალიანების გადახდის თაობაზე, ისევე როგორც მიმდინარე საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება შესრულებულია მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული გრაფიკისა და წესის დარღვევით.
ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ერიცხება პირგასამტეხლო 11 989 აშშ დოლარის ოდენობით.
მხარეთა შორის სადავოა დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა. თუმცა უპირველად მოპასუხე მიიჩნევს, რომ არ არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი და ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი იგი დარიცხულ პირგასამტეხლოს მიიჩნევს არაგონივრულად და ითხოვს მის შემცირებას. მოსარჩელის მითითებით, არ არსებობს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი, ვინაიდან იგი წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნით უკვე ითხოვს შემცირებულ სარჩელის წარმოდგენამდე მხოლოდ სამი წლის განმავლობაში გადასახდელ პირგასამტეხლოს, ნაცვლად იმისა, რომ იგი უფლებამოსილი იყო მოეთხოვა პირგასამტეხლო მთელი სახელშეკრულებო ურთიერთობის მანძილზე.
უპირველესად პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მსჯელობისას სასამართლო მიუთითებს, რომ იგი ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლის არ არსებობის გამო.
სასამართლო მიუთითებს, სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება ,,pacta sunt servanda’’-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
აღნიშნულიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა, რაც განსახილველ შემთხვევაში უდავოა. ხოლო ის გარემოება რა სიმძიმისაა ვალდებულების დარღვევა შეიძლება გახდეს არა პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის, არამედ მისი ოდენობის შემცირების საფუძველი. ამასთანავე, პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის საფუძველი არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მოპასუხისთვის არ გაუგზავნია წერილობითი შეტყობინება პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე. მხარეებმა ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს დაკისრება დაუკავშირეს მხოლოდ ვალდებულების დარღვევის ფაქტს და მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი კი უდავოდ დასტურდება საქმის მასალებით.
შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას ამ ნაწილში, თუმცა ეთანხმება მის მიერ მითითებულ გარემოებას პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებასთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია და არსებობს მისი შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
როგორც აღინიშნა, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს.
პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე №ას-1560-1463-2012).
სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, 2011 წლის 08 აგვისტოს ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. ,,სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.
მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების ,,მნიშვნელოვანი’’ თუ ,,უმნიშვნელო’’ დარღვევა შეფასებითი კატეგორიებია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი შეფასება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული. მითითებული გარემოება კი შეფასების საგანი შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობის კონტექსტში.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:
ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;
ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;
გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;
დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. ნიშანდობლივია, რომ სასამართლოს ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს შეთხვევაში, რამეთუ ნორმატიულად განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს. ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დანიშნულებისა და მისი განაკვეთის შემცირების წინაპირობების თაობაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (იხ. სუსგ №ას-170-165-2016, 14 ივნისი, 2016 წელი; სუსგ №ას-48-43-2015, 19 მარტი, 2015 წელი; სუსგ №ას-637-603-2015, 23 ოქტომბერი, 2015 წელი; სუსგ№ას-23-23-2014, 10 აპრილი, 2014 წელი; სუსგ №ას-1432-1351-2012, 20 მაისი, 2013 წელი).
პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ ,,შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა. ამასთან, არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ მოპასუხის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო არ არის გონივრული, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და მისი გადახდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.
შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების ვადის დარღვევის, ხელშეკრულების შესრულებისადმი მხარეთა ინტერესის, მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო, რაც შეადგენს 11 989 აშშ დოლარს, შეუსაბამოდ მაღალია, იგი უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 4 000 აშშ დოლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 417-418-ე, 420-ე 581-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოფს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. შესაბამისად, იჯარის ხელშეკრულება ორმხრივი, რეალური ხელშეკრულებაა, რომლის მხარეებსაც წარმოადგენენ ერთის მხრივ მოიჯარე და მეორეს მხრივ მეიჯარე. ამასთან, მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზეც.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის წარმოშობილია იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.
სასამართლო მიუთითებს, რომ ვალდებულების შესრულების შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იყოს, იყო თუ არა განხორციელებული მოქმედება, და თუ ასეთს ჰქონდა ადგილი, რა გზით მოხდა შესრულება. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებასაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ სრულადაა შესრულებული 2011 წლის 08 აგვისტოს ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე დადებული დამატებითი შეთანხმებებიდან გამომდინარე საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება.
6.3. მიუხედავად იმისა, რომ სადავო არ არის მოპასუხის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების სრულად გადახდის ფაქტი, მის მიერ აღნიშნული ვალდებულება შესრულებულია არაჯეროვნად, ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ 2011 წლის 08 აგვისტოს ხელშეკრულებით და ამ ხელშეკრულების საფუძველზე 2015 წლის 10 ივლისის დამატებითი შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულება დავალიანების გადახდის თაობაზე, ისევე როგორც მიმდინარე საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება შესრულებულია მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული გრაფიკისა და წესის დარღვევით.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმებით განსაზღვრულ იქნა პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლო წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალს და გონივრულად მიიჩნია მისი შემცირება, შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლო - 4 000 აშშ დოლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 1 727 ლარის (ს.ფ. 100) ოდენობით. მის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე ასევე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი (ს.ფ. 101). ვინაიდან, მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა 11 989 აშშ დოლარამდე (მოთხოვნა შეამცირა 51.19%-ით), მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 884.05 ლარი. ამასთან, ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (დაკმაყოფილდა მოთხოვნის 33.6%) მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 281.21 ლარის და უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა. დარჩენილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 100 ლარი.
მოსარჩელემ ასევე მოითხოვა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 4 900 ლარის დაკისრება მოპასუხისთვის (ს.ფ. 97-98). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მისი ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გონივრული ოდენობით, კერძოდ, 350 ლარის ოდენობით.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებება რჩება ძალაში (ს.ფ. 239-244).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,მ------------–ას" სარჩელი მოპასუხე შპს ,,ვ----ას’’ მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე შპს ,,ვ----ას’’ მოსარჩელე შპს ,,მ------------–ას" სასარგებლოდ დაეკისროს 4 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდა;
3. მოპასუხე შპს ,,ვ----ას’’ მოსარჩელე შპს ,,მ------------–ას" სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 350 ლარის ოდენობით;
4. მოსარჩელე შპს ,,მ------------–ას" დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 02 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 884.05 ლარი, რომელიც გადახდილია №1517571868 საგადახდო დავალებით შემდეგ რეკვიზიტებზე - მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300 773 150;
5. მოსარჩელე შპს ,,მ------------–ას" დაუბრუნდეს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი, რომელიც გადახდილია 2018 წლის 02 თებერვალს №1517572061 საგადახდო დავალებით შემდეგ რეკვიზიტებზე - მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300 773 150;
6. მოპასუხე შპს ,,ვ----ას’’ მოასარჩელე შპს ,,მ------------–ას" სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 281.21 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა ჯანხოთელი