გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.12.2018
საქმის ნომერი
330210018002479052
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
05.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/1-----18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

9 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი ირინე ობოლაშვილი

მოსარჩელე - გ--------------–-–---–ი

მოსარჩელის წარმომადგენელი - მ-------------–---–ი

მოპასუხეები - ნ-------------------ი, ა--–-------------ი, მ----------------ი

დავის საგანი - საზიარო უფლების გაუქმება საგნის გაყიდვით, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ქალაქ თბილისში, ჯ---------------–-------ი, კორპუსი 12-ში მდებარე ბინა N18-ზე რეგისტრირებული საზიარო უფლების გაუქმება, საზიარო საგნის გაყიდვითა და ამონაგები თანხის განაწილებით.

1.2. მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით მოპასუხეებისთვის 29100 ლარის დაკისრება.

 

(10.09.2018 წლის მოსამზადებელ სხდომაზე მოხდა არასათანადო მოსარჩელის რ----------------–-–---–ის სათანადო მოსარჩელით გ--------------–-–---–ით შეცვლა).

 

სასამართლო მოთხოვნები შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:

 

უძრავ ქონებიდან ¼ წილზე რეგისტრირებულია გ--------------–-–---–ის საკუთრება, ¼ წილზე - ნ-------------------ის საკუთრება, ხოლო დარჩენილი 2/4 ნაწილი წარმოადგენს ნ-------------------ის ძმების თანასაკუთრებას, თუმცა საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ აქვთ. საცხოვრებელ სახლში ცხოვრობს რამოდენიმე ოჯახი, მოსარჩელეს ოჯახთან ერთად, ასევე მოპასუხე ნ-------------------ი ოჯახთან ერთად, მათ შორის მისი შვილი, ოჯახთან ერთად. მხარეებს შორის დაძაბული ურთიერთობაა, 2017 წლის 4 დეკემბერს, გვიან ღამით, ნ-------------------ის ოჯახიდან გამოსული ხმაურით შეწუხებულმა მოსარჩელის მეუღლემ, რ----------------–-–---–მა, თხოვნით მიმართა. შენიშვნაზე გაღიზიანებულმა ნ-------------------მა მეორე დღეს, რ----------------–-–---–ს ხელზე დაარტყა და კედელს მიანარცხა. ჩხუბის ფაქტზე გამოძახებული იქნა პოლიცია. მოპასუხის მხრიდან გრძელდება შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება და მუქარა. აღნიშნულის გამო მოსარჩელის არასრულწლოვან შვილს დასჭირდა ფსიქოლოგის მკურნალობა და მისი ფსიქიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდა. გარდა ამისა, მ-----–-–---–ების ოჯახში ყველანი ნერვული სტრესის ქვეშ იმყოფებიან, რ----------------–-–---–ს დაეწყო თავის ტკივილები, მომატებული აქვს არტერიული წნევა. მცირეწლოვანი შვილი, ქ------- მ-----–-–---–ი, განმეორებითი ჩხუბის მოლოდინში საერთოდ ჩაიკეტა და იშვიათად გამოდის კონტაქტზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან დაკავშირებით

 

მოპასუხემ გამორიცხა მოთხოვნის დაკმაყოფილება, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

საზიარო უფლების გაუქმება ვერ მოხდებოდა, ვინაიდან რეგისტრირებული მესაკუთრეების გარდა ქონება სხვა მემკვიდრეების საკუთრებაც იყო. კონფლიქტი გამოწვეული იყო მოპასუხის უკანონო ქმედებით, როცა მან ფარულად საკუთრებაში დაირეგისტრირა ავტოფარეხი, რაზეც სასამართლოში დავა ეხლაც მიმდინარეობს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თბილისში, ჯ---------------–-------ი, კორპუსი 12, ბინა 18 - წარმოადგენდა ა–---------------ის (მოპასუხეთა მამის) საკუთრებას და მისი გარდაცვალების შემდგომ, სამკვიდრო თანაბრად გადანაწილდა 4 მემკვიდრეს - მოსარჩელის დედას, რ--------------------ს და მოპასუხეებს შორის, საიდანაც რ--------------------მა კუთვნილი ¼ ნაწილი აჩუქა შვილს - გ--------------–-–---–ს და განხორციელდა ჩუქების რეგისტრაცია, ¼ ნაწილი - დარეგისტრირდა მოპასუხე ნ-------------------ის სახელზე, ხოლო დარჩენილი 2/4 ნაწილის საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრაცია დანარჩენი მემკვიდრეების - ა--–-- და მ----------------ების მიერ არ განხორციელებულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. თბილისში, ჯ---------------–-------ი, კორპუსი 12, ბინა 18-ზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N-----------------------) ¼ ნაწილზე რეგისტრირებულია გ--------------–-–---–ის და ¼ ნაწილზე - ნ-------------------ის თანასაკუთრება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.1.3. ქ------- მ-----–-–---–ი არის მოსარჩელის არასრულწლოვანი შვილი (12 წლის), რომელსაც დეკემბრის თვეში გაეწია ფსიქოლოგის კონსულტაცია, რა დროსაც გაიცა ფსიქოლოგიური მუშაობის გაგრძელების რეკომენდაცია, საშუალოდ 12 სესია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- ფსიქოლოგიური საკონსულტაციო დიაგნოსტიკური ც-------------–---- წერილი.

 

3.1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.01.2018 წლის გადაწყვეტილებით ქ------- მ-----–-–---–ის და მისი კანონიერი წარმომადგენლის რ----------------–-–---–ის განცხადების საფუძველზე გაიცა დამცავი ორდერი ნ-------------------ის მიმართ. დამცავი ორდერის გაცემის საფუძველი გახდა ნ-------------------ის მიერ რ----------------–-–---–ის და ქ------- მ-----–-–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- 25.01.2018 წლის გადაწყვეტილება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ, როგორც არასრულწოვანი ქ------- მ-----–-–---–ის კანონიერმა წარმომადგენელმა გასწია ხარჯი, რაც შეადგენს 200 ლარი კონსულტაციის ხარჯი და 73,61 ლარი - მედიკამენტების ღირებულება. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ სხვა დოკუმენტებს (ადმინისტრაციული წესით განსახილველ საქმეზე გადახდილი იურიდიული მომსახურებისა და სახელმწიფო ბაჟის ქვითრები, სესხის დაფარვის ქვითრები, კომპანია „გ-----“ წერილი), არ დასტურდება აღნიშნულ საქმესთან კავშირი და სასამართლო ვერ განიხილავს, როგორც ზიანის ოდენობის დამადასტურებელ მტკიცებულებებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- გადახდის ქვითრები;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ მოსარჩელე გ--------------–-–---–ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 413-ე, 953-ე, 961-ე, 964-ე და 992-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საზიარო უფლების გაუქმება, უძრავი ქონების გაყიდვით და თანხის განაწილებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. მესაკუთრე თავის ქონების ფლობა-განკარგვის დროს თავისუფალია, მაგრამ მისი ეს უფლებამოსილება შესაძლოა, შეზღუდული იყოს ან კანონით, ან ხელშეკრულებით. მესაკუთრის მოქმედებით არ უნდა ილახებოდეს მეზობლების ან მესამე პირთა უფლებები. მოცემულ შემთხვევაში საზიარო საკუთრებიდან გამომდინარე, ნივთით სარგებლობის თავისუფლება გარკვეულწილად იზღუდება, რაც სხვა თანამესაკუთრეთა არსებობით და მათი ინტერესების გათვალისწინებითაა გამოწვეული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის თანახმად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

ამავე კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. საზიარო უფლების გაუქმება კანონით გარანტირებული უფლებაა. სამოქალაქო კოდექსი იცნობს საზიარო უფლების გაუქმების ორ შესაძლებლობას, საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით (963-ე მუხლი) და საზიარო უფლების გაუქმებას საზიარო საგნის გაყიდვის გზით (964-ე მუხლი). ეს უკანასკნელი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია. მოსარჩელე შუამდგომლობს ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით. მიწის ნაკვეთის შემთხვევაში გამოიყენება აუქციონზე უძრავი ქონების იძულებით გაყიდვის წესები. თუ დაუშვებელია საზიარო საგნის გასხვისება მესამე პირზე, მაშინ საგანი აუქციონზე უნდა გაიყიდოს მონაწილეებს შორის.

 

საზიარო საგანი წარმოადგენს კორპუსის სამოთახიან ბინას, რომელსაც აქვს ერთი საერთო შესასვლელი და ერთი სველი წერტილი და მისი ნატურით გაყოფა შეუძლებელია. შესაბამისად, უნდა მოხდეს საზიარო უფლების გაუქმება საზიარო საგნის აუქციონზე გაყიდვის გზით. ამასთან, რეალიზაციის შედეგად მიღებული ამონაგები თანხა თანამესაკუთრეებს შორის უნდა განაწილდეს მათი წილების შესაბამისად.

 

6.2. მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.

 

სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისთვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

 

მოსარჩელე ითხოვს მორალური ზიანის ანაზღაურებას, თუმცა არ არის დასახელებული კანონით კონკრეტულად განსაზღვრულ რომელი საფუძვლით ითხოვს მორალური ზიანის ანაზღაურებას და მოთხოვნა არც დასაბუთებას შეიცავს, რა იგულისხმება კონკრეტულად მოსარჩელის მიმართ მიყენებულ მორალურ ზიანში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად სარჩელში მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეზეა. ამდენად, მორალური ზიანის ანაზღაურებაზე გ--------------–-–---–ს უნდა ეთქვას უარი.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ საფუძველს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს, ამ ვალდებულებიდან მომდინარე პასუხისმგებლობა მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში. ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ-------------------ის ქმედების გამო არასრულწლოვან ქ------- მ-----–-–---–ს დასჭირდა ფსიქოლოგის კონსულტაცია და მკურნალობის კურსის გავლა, რომლის ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულები მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია და ჯამში შეადგენს 273,61 ლარს. სწორედ ამ ოდენობით უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს მოსარჩელის, როგორც ქ------- მ-----–-–---–ის კანონიერი წარმომადგენლის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

 

7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 128,20 ლარის, ხოლო იურიდიული მომსახურების ხარჯის სანაცვლოდ - 170,94 ლარის ანაზღაურება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლო იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე გ--------------–-–---–ის სარჩელი მოპასუხეების ნ-------------------ის, ა--–-------------ისა და მ----------------ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს გ--------------–-–---–ის, ნ-------------------ის, ა--–-------------ის, მ----------------ის საზიარო უფლება ქ. თბილისში, ჯ----------–-----------, კორპუსი 12, ბინა N18-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი: 0-----------------------);

 

3. საზიარო უფლების გაუქმება მოხდეს ქ. თბილისში, ჯ----------–-----------, კორპუსი 12, ბინა N18-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი: 0-----------------------) ამ ქონების აუქციონზე გაყიდვის გზით და აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა განაწილდეს თანამესაკუთრეთა შორის მათი წილების შესაბამისად.

 

4. მოპასუხეებს ნ-------------------ს, ა--–-------------ს, მ----------------ს მოსარჩელის გ--------------–-–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მატერიალური ზიანისათვის 273.61 ლარი.

 

5. მოპასუხეებს ნ-------------------ს, ა--–-------------ს, მ----------------ს მოსარჩელის გ--------------–-–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ ამ უკანასკენლის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ 170.94 ლარი.

 

6. მოპასუხეებს ნ-------------------ს, ა--–-------------ს, მ----------------ს მოსარჩელის გ--------------–-–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ ამ უკანასკენლის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ხარჯის სანაცვლოდ 128.20 ლარის ანაზღაურება.

 

7. მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

8. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ივერი აბაშიძე