გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №820310018002566750
№3-81/18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24.10.2018 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი
სხდომის მდივანი სოფია კობახიძე
მოსარჩელე - სს ,,ე--------პ--------------ა“
წარმომადგენელი - შ--–--------------------–----------–----–-–---–-----------–--ე
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის რეგიონული ოფისი;
მოპასუხის წარმომადგენელი - ნ--------–----ე
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
1.სასარჩელო მოთხოვნა
ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის 15.06.2018 წლის, №8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 06.07.2018 წლის №2----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ასევე, დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, განაახლოს წარმოება №8----------- სარეგისტრაციო განაცხადზე და მიიღოს ახალი გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების დასრულების შესახებ, რომლითაც მოხდება უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, სს „ე--------პ--------------ას“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.
სარჩელში მოსარჩელე თავის მოთხოვნებს შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
05.02.2017 წ. ერთის მხრივ, საქართველოს მთავრობას, სს „საქართველოს გაერთიანებულ სადისტრიბუციო ე------- კომპანიას“, შპს „აჭარის ე------- კომპანიას“ და მეორეს მხრივ, „ე--------პრო ე.ი. ეს“-ს და სს „ე--------პ--------------ას“ შორის გაფორმებული ჰიდროელექტროსადგურების და ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულების“, ასევე 29.06.2017 წ. შპს „აჭარის ე------- კომპანიასთან“ და სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ე------- კომპანიასთან“ დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, სს „ე--------პ--------------ას“ სხვა ქონებასთან ერთად, საკუთრებაში გადაეცა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენის ტერიტორიაზე მდებარე 221,00 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია ქვესადგური „ახალშენი“. აღნიშნულ ქვესადგურს დღიდან დაარსებისა (2000 წლიდან), იყენებდა და ექსპლოატაციას უწევდა შპს „აჭარის ე------- კომპანია“, შემდგომ იგი შეიძინა ეპჯ-მ და დღიდან შეძენისა, ე------- კომპანია უწყვეტად ფლობს ქვესადგურს, უწევს ექსპლუატაციის და მისი საშუალებით ახორციელებს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული აბონენტების ე-------მომარაგებას. შეძენის შემდგომ ე-------კომპანიას არ უწარმოებია ქვესადგურში ისეთი სამუშაოები, რომელიც გამოიწვევდა მის მიერ დაკავებული ფართობის გაზრდას.
18.03.2018 წ. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავ ქონებაზე ცვლილებების რეგისტრაცია (დაზუსტება).
განცხადებასთან ერთად სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა 29.06.07 წელს გაცემული ამონაწერი უძრავი ქონების აზომვითი ნახაზის ფურცლის და ელექტრონული ვერსიები. სარეგისტრაციო სამსახურმა 19.03.2018 წ. №8------------03 გადაწყვეტილებით კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა. სარეგისტრაციო წარმოების დასრულება არ მოხდა. მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა ე------- კომპანიის მიერ აღნიშნული უძრავი ქონების შესყიდვის და საკუთრების უფლებით ფლობის დამადასტურებელი უკლებლივ ყველა დოკუმენტაცია. ამასთანავე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 26.04.2018 წ. №6------ მიმართვით, პირდაპირ დაუდასტურა საჯარო რეესტრს, რომ ეპჯ-მ 29.06.2007 წ. უძრავი ქონების (აქტივების) ნასყიდობის №1-6321 ხელშეკრულებით შესაბამის ტერიტორიაზე შეიძინა და საკუთრების უფლება დაირეგისტრირა სწორედ 221 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. ასევე, ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს გაყიდვების მხარდაჭერის სამსახურის უფროსისათვის საჯარო რეესტრის საინფორმაციო სამსახურის 24. 04.2018 წ. №181111 მიმართვა, რომლითაც კიდევ ერთხელ დასტურდება ის გარემოება, რომ ე-------კომპანიის საკუთრებას წარმოადგენს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენი ტერიტორიაზე არსებული 221 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული ქვესადგური ახალშენით და არა 121 კვ. მ. აღნიშნულის მიუხედავად, საჯარო რეესტრი ჯიუტად და სრულიად დაუსაბუთებლად ითხოვს, მოხდეს კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა 100 კვ.მ-ით ნაკლებ ფართზე იმ საფუძვლით, რომ პირველის რეგისტრაციის დოკუმენტაციის მიხედვით დასარეგისტრირებელი უძრავი ქონების ფართი შეადგენდა 121 კვ.მ-ს ე------- კომპანიის მიერ გასაჩივრებული იქნა საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება №8------------20, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, თუმცა საჯარო რეესტრმა უარი გვითხრა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე და შეწყვიტა აღნიშნული სარეგისტრაციო წარმოება.
2.მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის რეგიონული ოფისის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რადგან გასაჩივრებული გადაწყვეტილებები გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან და არ შეიცავს ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისათვის დადგენილ რომელიმე წინაპირობას, რადგან არ ეწინააღმდეგება კანონს და მათი მიღების დროს არ არის დარღვეული ადმინისტრაციული წარმოების წესები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას სრულად იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და სადავო გადაწყვეტილებები მიღებული იქნა ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ხოლო მეორე სასარჩელო მოთხოვნა - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (15.06.2018წ. №8-------------- და 06.07.2018წ. №2-----) ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა სასარჩელო მოთხოვნა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე და არ არსებობს ტერიტორიული სამსახურის დავალდებულების სამართლებრივი საფუძვლები.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ არ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის 15.06.2018 წლის, №8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 06.07.2018 წლის №2----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძველი ასევე არ არსებობს ტერიტორიული სამსახურის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების სამართლებრივი საფუძვლები და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2007 წლის 5 თებერვალს ერთის მხრივ, საქართველოს მთავრობას, სს „საქართველოს გაერთიანებულ სადისტრიბუციო ე------- კომპანიას“, შპს „აჭარის ე------- კომპანიას“ და მეორეს მხრივ, „ე--------პრო ე.ი. ეს“-ს და სს „ე-------- პ--------------ას“ შორის გაფორმებული „ჰიდროელექტროსადგურების და ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულების“, ასევე 2007 წლის 29 ივნისს შპს „აჭარის ე------- კომპანიასთან“ და სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ე------- კომპანიასთან“ დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, სს „ე--------პ--------------ას“ სხვა ქონებასთან ერთად, საკუთრებაში გადაეცა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია ქვესადგური „ახალშენი“. სს „ე------- პ--------------ას“ საკუთრების უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში დაუზუზტებელი სახით და უძრავ ქონებას მინიჭებული აქვს საკადასტრო კოდი 22.03.01.0-- .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
შპს „ აჭარის ე------- კომპანიის“ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან საკადასტრო კოდით 22.03.01.0--.
3.1.2. 2018 წლის 13 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონულ ოფისს №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სს „ე------- - პ--------------ას“ წარმომადგენელმა და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ახალშენში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი 22.03.01.0--) ცვლილების რეგისტრაცია.
დაინტერესებულმა პირმა №8----------- სარეგისტრაციო განცხადებასთან ერთად წარადგინა მინდობილობა და მიუთითა №882017217096 სარეგისტრაციო განცხადებას დართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე.
ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონული ოფისის №8------------03 (19.03.2018) გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ შეესაბამებოდა საჯარო რეესტრში არსებულ მონაცემებს, კერძოდ, საკადასტრო აზომვითი ნახაზის ზომები და ფართი არ შეესაბამებოდა 11.01.2006 წელს წარდგენილ აზომვითი ნახაზის ზომებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესებულ პირს მოეთხოვა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა, რეგისტრირებული მონაცემების შესაბამისად. აჭარის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------05 (26.03.2018) გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №131272, №1----- და №------ წერილებით გამოითხოვა ინფორმაცია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან და გადაწყვეტილებას მიიღებდა აღნიშნულ წერილებზე პასუხების მიღების შემდეგ. ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონული ოფისის №8------------16 (14.05.2018), №8------------18 (23.05.2018) და №8------------20 (01.06.2018) გადაწყვეტილებებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე (2005 წლის 25 ოქტომბრის მდგომარეობით შპს „ე--------პ--------------ას“ საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთის ჩამონათვალში მე-8) მიწის ნაკვეთის ფართობი ფიქსირდებოდა 121 კვ.მ, ასევე, ტექნიკური პასპორტის მიხედვით, მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენდა 121 კვ.მ-ს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი ან 221 კვ.მ ფართობზე უფლების დამდგენი დოკუმენტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა განმარტებები, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონული ოფისის №8------------16 (14.05.2018), №8------------18 (23.05.2018) და №8------------20 (01.06.2018) გადაწყვეტილებები
3.1.3 საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 20.03.2018 წ. №1----- წერილით მიმართა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თხოვნით, დაედასტურებინათ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (27.09.2007 წ. ნასყიდობის ხელშეკრულება) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და ე-------კომპანიის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით/აგეგმვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა./ ხოლო 26.03 2018 წ. №------ წერილით იმავე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დამატებით სთხოვა, ამ უკანასკნელს მიეწოდებინა ინფორმაცია ნასყიდობის ხელშეკრულების №1-6321 29.06.2007 წ. საფუძველზე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენში ე-------კომპანიისათვის გაცემული მიწის ნაკვეთის შესახებ. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 აპრილის №6/20425 წერილით საჯარო რეესტრს ეცნობა, რომ მათ ხელთ არსებული დოკუმენტაციით, 2005 წელს შპს „აჭარის ე-------კომპანიის“ კაპიტალში შეტანილი იქნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში მდებარე 121კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი, რომლის ზუსტი მდებარეობის და გავრცელების საზღვრების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია სააგენტოს არქივში დაცული არ იყო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
2018 წლის 12 აპრილის №6/20425 წერილი
3.1.4 უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, 22.03.01.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის თავდაპირველი მესაკუთრეა შპს „აჭარის ე-------კომპანია“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 2--------). 2007 წლის 29 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის №1-6321 ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა სააქციო საზოგადოება „ე--------პ--------------აზე“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 2--------) და ამჟამად რეგისტრირებულია მასზე . აღნიშნულ უძრავ ნივთთან დაკავშირებით სააგენტოში დაცული დოკუმენტაციით შპს „აჭარის ე-------კომპანიის" საკუთრების უფლება დგინდება 121 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. ხოლო საჯარო რეესტრის ამონაწერით რეგისტრირებულია 221 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი ზუსტი მდებარეობის და გავრცელების საზღვრების ამსახველი ინფორმაციის გარეშე დაუზუსტებელი ფართი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
საქართველო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000 წლის 14 თებერვლის №1-5/25 ბრძანება, სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 2005 წლის 27 ოქტომბრის №1-3/627 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 8 ნოემბრის №1----------------- ბრძანება, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 15 თებერვლის დადგენილება.
3.1.5 2018 წლის 15 ივნისს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №8-------------- გადაწყვეტილება. 2018 წლის 08 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში წარმოდგენილი იქნა სს „ე--------პ--------------ას“ გენერალური დირექტორის მი----–----–----ს №3-------- ადმინისტრაციული საჩივარი აჭარის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------20 (01.06.2018) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, სარეგისტრაციო წარმოების განახლებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილმა პირმა მიიჩნია, რომ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონული ოფისის მიერ მიღებული სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------16 (14.05.2018), №8------------18 (23.05.2018) და №8------------20 (01.06.2018) გადაწყვეტილებები კანონიერია და მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა, რის გამოც საჩივარი 06.07.2018 წ. №2----- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სს ,,ე--------პ--------------ა“ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქ/პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები რომლითაც სს "ე------- პ--------------ას" უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. შესაბამისად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო (ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი პირი) ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით.
ადმინისტრაციული წარმოების შედეგად ადმინისტრაციულმა ორგანომ დადგინდა, რომ:
№8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი იყო 22.03.01.0-- საკადასტრო კოდით ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ახალშენში მდებარე უძრავი ნივთის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია, რისთვისაც დაინტერესებული პირის - სს „ე--------პ--------------ას“ მიერ საკადასტრო აზომვითი ნახაზი წარდგენილია 221 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, 22.03.01.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის თავდაპირველი მესაკუთრე იყო შპს „აჭარის ე-------კომპანია“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 2--------). რეგისტრაციას საფუძვლად დაედო საქართველო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000 წლის 14 თებერვლის №1-5/25 ბრძანება, სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 2005 წლის 27 ოქტომბრის №1-3/627 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 8 ნოემბრის №1----------------- ბრძანება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 15 თებერვლის დადგენილება. აღნიშნული უძრავი ნივთი შპს „აჭარის ე-------კომპანიამ“ 2007 წლის 29 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის №1-6321 ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა სააქციო საზოგადოება „ე--------პ--------------აზე“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 2--------) და რეგისტრირებულია მასზე. აღნიშნულ უძრავ ნივთთან დაკავშირებით სააგენტოში დაცული დოკუმენტაციით შპს „აჭარის ე-------კომპანიის" საკუთრების უფლება დგინდებოდა მხოლოდ 121 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.
ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში გაიგზავნა №1----- (20.03.2018) და №------ (26.03.2018) წერილები, სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოწოდების მოთხოვნით.
აღნიშნული წერილების პასუხად სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ №6------ (26.04.2018) მიუთითა, რომ სააგენტოს არქივში დაცული და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული დოკუმენტაციით სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2005 წლის 27 ოქტომბრის №1-3/627 ბრძანებით შპს ,,აჭარის ე-------კომპანიის“ კაპიტალში შეტანილ იყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალშენში მდებარე 121 კვ.მ მიწის ნაკვეთი ზუსტი მდებარეობისა და გავრცელების საზღვრების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაციის გარეშე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 193-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო იხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს მასში აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეუძლია გასცდეს მათ.
ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით შემოწმების შედეგად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილმა პირმა მიიჩნია, რომ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონული ოფისის მიერ მიღებული სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------16 (14.05.2018), №8------------18 (23.05.2018) და №8------------20 (01.06.2018) გადაწყვეტილებები კანონიერია და მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა. ასევე კანონიერია აღნიშნული გადაწყვეტილების თანმდევი შედეგი - სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №8-------------- (15.06.2018) გადაწყვეტილებაც და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობდა. შესაბამისად , საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №2----- (06.07.2018) გადაწყვეტილებით, სს „ე------- - პ--------------ას“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 2--------) გენერალურ დირექტორს მ-----–----–---ეს 2018 წლის 8 ივნისის №3-------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოს და მასზე სრულად ვრცელდება მმართველობითი ფუნქციის განხორციელებასთან დაკავშირებით ამავე კოდექსით დადგენილი უმნიშვნელოვანესი პრინციპები, მათ შორის კანონიერების, გარემოებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის, კერძო და საჯარო ინტერესებს შორის ბალანსის დაცვისა და სხვა პრინციპები.
საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს, როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით კი სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულია, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის მიზნებისათვის, დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ადმინისტრაციული აქტი, უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ გაცემული ცნობა, სასამართლოს გადაწყვეტილება და სხვა), რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს ცვლილების რეგისტრაციას.
სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტისა და რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები განსაზღვრულია ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლებით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ” ინსტრუქციის მე-18 მუხლით განსაზღვრულია რეგისტრაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების დამატებითი პირობები. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ი“ პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სარეგისტრაციო წარმოების შედეგად. სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მარეგისტრირებელ ორგანოს ეკისრება გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევა და სწორი სამართალშეფარდება, რაც კანონიერი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობაა. გადაწყვეტილების მიღებისას მარეგისტრირებელი ორგანოს ვალდებულება, შეისწავლოს უფლების რეგისტრაციისთვის აუცილებელი გარემოებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასებები, გულისხმობს, როგორც ზოგად-სამართლებრივ ჭრილში საკითხის შეფასებას, ისე კონკრეტული კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების გამოკვლევასა და შეფასებას, კერძოდ, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს რეგისტრაცია, რომელსაც მე-2 მუხლის ,,თ“ პუნქტი განმარტავს და განსაზღვრავს, რომ რეგისტრაცია წარმოებს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებით. სხვა სამართლებრივ შედეგებთან ერთად, საკუთრების უფლების წარმოშობა, შეცვლა და შეწყვეტა სწორედ საჯარო რეესტრში რეგისტრაციას - რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას უკავშირდება. რეგისტრაციას პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს, ის არის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის პირობა, რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი, რითაც რეგისტრაციის განმახორციელებელი კისრულობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობათა კომპლექსის დაცვის ვალდებულებას, სახელმწიფო რეგისტრაცია მოწოდებულია მთლიანობაში სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა განამტკიცოს, ის არის ტიტულის, პირის უფლებების სახელმწიფო დაცვის ფორმალური პირობა.
სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველსაყოფად, 2016 წლის 3 ივნისს მიღებულ იქნა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი (გამოქვეყნების თარიღი: 17.06.2016 წელი). ეს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით, სპორადული რეგისტრაცია განმარტებულია, როგორც სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაინტერესებული პირის განცხადებისა და მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად.
ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სპორადული რეგისტრაცია წარმოებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დაინტერესებული პირის განცხადების, სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და ამ კანონის შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ამავე კანონით გათვალისწინებული შეღავათების შესაბამისად.
ამ კანონის 4.1 მუხლის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების გარდა, საკუთარი ინიციატივით სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას და უზრუნველყოფს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფას და მათ ურთიერთშესაბამისობას.
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს №153 ბრძანებით დამტკიცდა ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესი", რომლის 4.1 მუხლის ,,დ“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოებისას გამოვლენილი გარემოებების შესაბამისად, სააგენტო, სარეგისტრაციო წარმოების ვადაში, საკუთარი ინიციატივით გამოითხოვს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტაციას/ინფორმაციას სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან) შესაბამისი დოკუმენტაცია/ინფორმაცია სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან).
ამ წესის 4.2 მუხლის მიხედვით, სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან) საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტაციის/ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში, სააგენტო იღებს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებას, რომელშიც მიეთითება დოკუმენტაციის/ინფორმაციის სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან) გამოთხოვის შესახებ და სააგენტოს მიერ გაგზავნილი კორესპონდენციის რეკვიზიტები (თარიღი და ნომერი), ხოლო 4.4. მუხლის შესაბამისად, სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან) დოკუმენტაცია/ინფორმაცია გამოითხოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი ან სააგენტოში დაცული დოკუმენტაცია/ინფორმაცია არ არის საკმარისი დაინტერესებული პირის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით განსაზღვრულია, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება საკუთრება. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, რეგისტრირებული უფლების შესახებ მონაცემების გარდა, ასევე შეიტანება უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის, უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რათა შესაძლებელი იყოს უძრავი ნივთის იდენტიფიცირება, რომელზეც ხორციელდება უფლების რეგისტრაცია.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ საკადასტრო აღწერის შედეგებით მიწის ნაკვეთის ფართობი, კონფიგურაციის მიუხედავად, სარეგისტრაციო დოკუმენტში მითითებულ ფართობზე, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ ან ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათში დაფიქსირებულ დაუზუსტებელ ფართობზე მეტია (5 ჰა-მდე ან 50000 კვ.მ-მდე არა უმეტეს 1 პროცენტისა, ხოლო 5 ჰა-ზე ან 50000 კვ.მ-ზე ზევით – არა უმეტეს 0.5 პროცენტისა) ან ნაკლებია, რეგისტრაცია წარმოებს ბოლო საკადასტრო აღწერის შედეგად დადგენილი ფართობის შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მიხედვით: 1. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. 2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება
.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის თანახმად, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ამავე კოდექსის 489-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფლებრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია არარსებული უფლება.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს.
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 30 კალენდარული დღე, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ამ მუხლით დადგენილი ვადები აითვლება დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო ამ გადაწყვეტილების სააგენტოს შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნების შემთხვევაში – მისი გამოქვეყნებიდან. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ამ მუხლით განსაზღვრული ვადების გაგრძელება დაუშვებელია. ამ მუხლის მე-4 პუნქტიდან გამომდინარე, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაციის ან დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ. ამგვარად, განსახილველ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოების ვადის დინების განახლების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.
სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დაინტერესებული პირის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში არ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტი, რაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ პუნქტის მიხედვით, წარმოადგენდა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის (კერძო სამართლის სუბიექტები) მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, ხოლო ამავე კოდექსის 319-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. გარიგების დამდებ პირს გააჩნია რა გარიგების დადების ნება, მან ეს ნება გარეგნული სახით უნდა გამოავლინოს. წერილობითი ფორმით დასადებ გარიგებებში მხარის ნება ვლინდება ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით. ხელმოწერით დასტურდება, რომ ხელმომწერი პირი დგას ნების გამოვლენის უკან და მას სურს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მიღწევა საკუთარი თავისათვის. გარიგება ნების თავისუფალი გამოვლენაა, რომელიც მისი მონაწილე მხარეების განსჯის შედეგია, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ მისი შედეგები და შესაძლო სამომავლო რისკები. მონაწილის მიერ შესრულებული ხელმოწერა ასახავს ამ უკანასკნელის ნებას, შევიდეს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში შეთანხმებული პირობებით და აღიჭურვოს შესაბამისი უფლება-მოვალეობებით.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
სამოქალაქო ბრუნვის თითოეული მონაწილე, ნების ავტონომიისა და სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპების საფუძვლებზე დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას შევიდეს თუ არა კონკრეტულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში, მას მართებს საკუთარი უფლებებისადმი სათანადო გულისხმიერებისა და წინდახედულების გამოჩენა და ყველა შესაძლო სამომავლო გართულება მხოლოდ მისი (და არა რომელიმე ადმინისტრაციული ორგანოს) პასუხისმგებლობის სფეროს განეკუთვნება. ხელშეკრულების მხაარეებს შეუძლიათ გამოიყენონ ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრის თავისუფლების პრინციპი და თავად განსაზღვრონ ხელშეკრულების პირობები.
საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლების ნამდვილობისათვის განმსაზღვრელია არა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ფაქტი, არამედ უფლების წარმოშობის საფუძვლის შინაარსი. გარიგების საფუძველზე საკუთრების უფლების შეძენის შემთხვევაში ქონების შემძენს საკუთრების უფლება წარმოეშობა გარიგების საგანზე იმ ფარგლებში, რაც ქონების გამსხვისებელს ეკუთვნოდა. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული დოკუმენტაციით, დგინდება, რომ შპს "აჭარის ე-------კომპანიას" საკუთრებაში ჰქონდა 121 კვ.მ მიწის ნაკვეთი, შესაბამისად, გამყიდველს 221 კვ.მ მიწის ნაკვეთის მყიდველისათვის გადაცემის უფლება არ გააჩნდა და ვერც გადასცემდა, რადგან 221 კვ.მ ფართი ქონების გამსხვისებელს საკუთრებაში არ ჰქონია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. მოცემულ შემთხვევაში კი სააგენტოსა და შესაბამისი ტერიტორიული სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დაფუძნებულია სარეგისტრაციო დოკუმენტაციაზე, სარეგისტრაციო წარმოების დროს სრულყოფილად შესწავლილ და გამოკვლეულ გარემოებებზე.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილებები გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან და არ შეიცავს ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისათვის დადგენილ რომელიმე წინაპირობას, რადგან არ ეწინააღმდეგება კანონს და მათი მიღების დროს არ არის დარღვეული ადმინისტრაციული წარმოების წესები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას სრულად იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და სადავო გადაწყვეტილებები მიღებული იქნა ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე .
რაც შეეხება მეორე სასარჩელო მოთხოვნას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დავალდებულება ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, რომლითაც დაკმაყოფილდება №8----------- სარეგისტრაციო განცხადება უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით 22.03.01.0-- რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე, ვინაიდან არ არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (15.06.2018წ. №8-------------- და 06.07.2018წ. №2-----) ბათილად ცნობის საფუძველი, უსაფუძვლოა სასარჩელო მოთხოვნა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია მხარეთა შორის ხარჯების განაწილების წესი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე და 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,ე--------პ--------------ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358).
მოსამართლე
ხვიჩა კიკილაშვილი