გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.10.2018
საქმის ნომერი
330310018002471676
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
29.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ს-------------------------

საქმე №3/3340-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

29 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე

სხდომის მდივანი ეკატერინე კალმახელიძე

მოსარჩელე - დ-------------–---–ი

წარმომადგენლები - დ-------------------------–---------–---–ი

მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭო (საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს უფლებამონაცვლე)

წარმომადგენელი - გ---–------–-------

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა (იხ. 23.10.2018 წ. სასამართლო სხდომის ოქმი)

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 მარტის №---------- გადაწყვეტილება;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 13 ივლისის განაჩენით №--------- დ-------------–---–ი დაბადებული 1987 წლის 24 აგვისტოს, ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19-109 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა დ-------------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ 2010 წლის 21 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 2011 წლის 13 ივლისის განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა 2010 წლის 21 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1 წელი, 10 თვე და 14 დღე. საბოლოოდ დ-------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 14 წელი, 10 თვე და 14 დღე თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდა დ-------------–---–ს დაეწყო 2010 წლის 4 ნოემბრიდან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 25 ნოემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 1 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 13 ივლისის განაჩენი №--------- (ს.ფ. 28-33);

- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 მარტის №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 108-112);

 

3.2. 2016 წლის 6 თებერვალს №- პენიტენციური დაწესებულებიდან, დ-------------–---–ი, გადაყვანილ იქნა №-- პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 4 მარტის №---- ბრძანების საფუძველზე, სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და განთავსებულ იქნა სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს №-- პენიტენციურ დეპარტამენტში.

 

დ-------------–---–ს სასჯელის მოხდის დაწყების თარიღად განესაზღვრა 2010 წლის 4 ნოემბერი, ხოლო სასჯელის მოხდის დასრულების თარიღად 2020 წლის 4 აგვისტო.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 მარტის №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 108-112);

 

3.3. დ-------------–---–ი სასჯელის მოხდის პერიოდში სარგებლობდა დაწესებულებაში არსებული ბიბლიოთეკით, ესწრებოდა დაწესებულებაში გამართულ კულტურულ ღონისძიებებს, გათავისუფლების შემდგომ სურვილი აქვს დასაქმდეს და დაეხმაროს ოჯახს მატერიალურად. იგი არის დასაოჯახებელი, ჰყავს დედა, მამა და ორი ძმა, რომლებთანაც აქვს კარგი დამოკიდებულება, დ-------------–---–ის თქმით მისი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა არის საშუალო.

 

ინტერვიუირების პროცესში დ-------------–---–ი არის მშვიდი, გაწონასწორებული და კეთილგანწყობილი. მისი გადმოცემით ჰყავს სოციალური მხარდაჭერის ქსელი. გარშემომყოფების მიმართ ავლენს დადებით დამოკიდებულება. აქვს საშუალო განათლება და სამუშაო გამოცდილება. დაწესებულებაში დაკავებულია კითხვითა და ვარჯიშით. მისი სამომავლო გეგმები უკავშირდება დასაქმებას და დაოჯახებას.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2018 წლის 12 მარტის დახასიათება (ს.ფ. 96-100);

 

3.4. საქმეზე დადგენილი არის, რომ დ-------------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ი---------------ე თანახმა არის დ-------------–---–ი გათავისუფლდეს ვადაზე ადრე და ამასთან ი---------------ის თქმით მისი შვილიც ეთანხმება მას, რომელიც იმყოფება საბერძნეთში.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2018 წლის 21 თებერვალს ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილი (ს.ფ. 23-24);

- დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ №--------- სისხლის სამართლის საქმეზე (ს.ფ. 25);

 

3.5. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 მარტის №---------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა მსჯავრდებულ დ-------------–---–ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 მარტის №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 108-112);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ-------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, პატიმრობის კოდექსი, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულება (ძალადაკარგულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 07.08.2018, №320 ბრძანებით).

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 მარტის №---------- გადაწყვეტილება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, პატიმრობის კოდექსისა და სხვა კანონქვემდებარე აქტის დებულებებთან.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ პატიმრობის კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. ამასთან, საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების წესს განსაზღვრავს პატიმრობის კოდექსის მე-40 მუხლი. ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი; დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს და პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე; ე) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელსაც წინათ სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით და შეცვლილი სასჯელი გაუქმდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე.

 

ამავე კოდექსის 41-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ ორგანოს წარმოადგენს სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო). ამავე კოდექსის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა, ადმინისტრაცია ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ამის შესახებ აცნობოს მსჯავრდებულს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის ქცევას, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის გადაწყვეტის მიზნით მსჯავრდებულისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია, იგი ატარებს ზეპირ მოსმენას. ზეპირი მოსმენით საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.

 

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (შემდგომში - საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. საბჭოს მიზანს წარმოადგენს მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. მითითებული დებულების მე-6 მუხლით დადგენილია საბჭოს უფლებამოსილება, რომლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხი.

 

აღნიშნული დებულების მე-11 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას საბჭო ხელმძღვანელობს ამ დებულებით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით და გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით. ამავე დებულების მე-13 მუხლის მიხედვით, შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული და ა.შ.; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში (გამოყენებული დისციპლინური, ადმინისტრაციული და წახალისების ღონისძიებები) – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს, თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო წარსულში ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა; ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, მსჯავრდებულის დამოკიდებულებას დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა მსჯავრდებულებთან, აგრესიულობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის შეფასება ხდება მითითებული კრიტერიუმების შესაბამისად. ხსენებული მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ საკითხის განხილვისას მიიღება ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ; ბ) საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, თუ საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტის მიზნით მსჯავრდებულისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია; გ) სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, საბჭომ საკითხის განხილვისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა პიროვნული მახასიათებლები, ოჯახური პირობები, ის გარემოება, რომ წარმოდგენილია დაზარალებულის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა მსჯავრდებულის გათავისუფლების თაობაზე, თუმცა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევია; პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მის მიერ ჩადენილია ძალადობრივი ხასიათის, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობაში გამოიხატა; სასჯელის მოხდის პერიოდში მის მიმართ გამოყენებულია დისციპლინური ღონისძიებები; მსჯავრდებული ჩადენილ დანაშაულთან მიმართებაში თავს არ ცნობს დამნაშავედ.

 

ამასთან სადავო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია, დანაშაულის ხასიათში, რომ 2010 წლის 24 ოქტომბერს დ---------–---–ი სტუმრად იმყოფებოდა ი-----------ის საცხოვრებელ სახლში, სადაც ამ უკანასკნელთან და მის არასრულწლოვან შვილთან გ-----------ესთან ერთად სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს. მოგვიანებით დ---------–---–სა და გ-----------ეს შრის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რის შემდეგაც დატოვა საცხოვრებელი სახლი, მოგვიანებით დაახლოებით 3 საათზე დ---------–---–ი დაბრუნდა ი-----------ის საცხოვრებელ სახლში ძიებით დაუდგენელ 2 პირთან ერთად, მიეპარა მძინარე გ-----------ეს ჯოხით მრავლობითი დაზიანება მიაყენა თავისა და მკლავის არეში, რამდენჯერმე ჩაარტყა თანნაქონი დანა. თავდაცვის მიზნით დაზარალებული გაიქცა მამის - ი-----------ის ოთახისკენ, ი-----------ემ სცადა შვილის დაცვა, რა დროსაც, გ-----------ისთვის მოქნეული დანა მოხვდა გაუფრთხილებლობით და მიადგა მსუბუქი ხარისხის დაზიანება. მას შემდეგ რაც ი-----------ემ დაიწყო ყვირილი და საშველად უხმო მეზობლებს, დ---------–---–ი შეშინდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 13 ივლისის №--------- განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული არის, რომ 2010 წლის 24 ოქტომბერს, საღამოს საათებში, დ-------------–---–ი იმყოფებოდა ი---------------ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე თბილისში, ქ--–------ ქ. №---ში სადაც ამ უკანასკნელთან და მის არასრულწლოვან შვილთან, გ-------------ესთან ერთად, ღებულობდა ალკოჰოლურ სასმელს. მოგვიანებით გ-------------ემ შეწყვიტა ალკოჰოლური სასმელის მიღება, რითაც დ---------–---–ი განაწყენდა და მოსთხოვა მას, გაეგრძელებინა სმა, ვინაიდან გ-----------ემ აღნიშნულზე კატეგორიული უარი განაცხადა, განაწყენებულ დ---------–---–სა და გ-----------ეს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც ერთმანეთს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნული შეურაცხყოფით განაწყენებულმა დ---------–---–მა დატოვა ი-----------ის საცხოვრებელი სახლი, მოგვიანებით, 24 ოქტომბერს, დაახლოებით ღამის 03:00 საათზე, გამოძიებით დაუდგენელ ორ პირთან ერთად, დაბრუნდა მიეპარა მძინარა გ-----------ეს, ჯოხით მრავლობითი დაზიანება მიაყენა თავისა და მკლავის არეში, ხოლო მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა სცადა, გაქცეულიყო, დაედევნა მას დანის გამოყენებით, მრავლობითი დაზიანებები მიაყენა მარცხენა დუნდულისა და წელის არეში გ-----------ე თავდაცვის მიზნით, გაიქცა მამის - ი---------------ის ოთახისკენ ი-----------ემ სცადა, შვილი დაეცვა დ---------–---–ისგან, რა დროსაც მას გაუფრთხილებლობით მოხვდა გ-----------ისათვის მოქნეული დანა, რითაც მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება. მას შემდეგ, რაც ი-----------ემ დაიწყო ყვირილი და საშველად უხმო მეზობლებს, დ---------–---–ი შეშინდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ 2011 წლის 13 ივლისს გამოტანილ განაჩენში №--------- და სადავო გადაწყვეტილებაში სხვადასხვა ურთიერთ შეუსაბამო გარემოებები არის მოცემული, კერძოდ თუ რა ვითარებაში მოხდა დ-------------–---–ისთვის ბრალად შერაცხული ქმედება.

 

ამასთან სადავო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ასევე მითითებულია, რომ დ-------------–---–ი არის უმაღლესი განათლების მქონე, პროფესიით ეკონომისტი, ხოლო დამცავი ფაქტორებში (მაგ: ქცევის შეცვლის მოტივაცია, სოციალური მხარდაჭერა და ა.შ) მითითებულია, რომ მას აქვს საშუალო განათლება.

 

სადავო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ასევე მითითებულია, რომ დაკისრების შემთხვევაში გადახდილი აქვს თუ არა ჯარიმა დ-------------–---–ს (ასეთი ინფორმაციის არსებობისას) მითითებული არის, რომ განაჩენის მიხედვით სასამართლოს მიერ დაეკისრა ჯარიმა, ამასთან წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა (სსკ-ის მუხლი, გათავისუფლების თარიღი და საფუძველი (ასეთი ინფორმაციის არსებობისას) მითითებული არის, რომ დ-------------–---–ი არის ნასამართლობის მქონე, მაგრამ არ არის აღნიშნული ის თუ რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენისათვის არის ნასამართლევი, აგრეთვე აღნიშნულია ისიც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 2381 -მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, რასაც დაემატა წინა განაჩენიდან სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარისო ოდენობით, 2 წელი და 1 თვე პირობითი და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი და 1 დღე. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მის მარწმუნებელს არ დაკისრებია სასამართლოს მიერ ჯარიმა და ამასთან საქმეზე წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 13 ივლისის №--------- განაჩენში მოცემულია მხოლოდ ის, რომ 2011 წლის 13 ივლისის განაჩენს დაემატა 2010 წლის 21 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1 წელი 10 თვე და 14 დღე.

 

სადავო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ასევე აღნიშნული არის, რომ დ-------------–---–ი დასჯილია 3 ჯერ, ბოლოს 2014 წლის 26 დეკემბერს და განკარგულებით №--- გამოეცხადა საყვედური, რადგან საცხოვრებელი კორპუსიდან უნებართვოდ გამოვიდა, მაგრამ არ არის აღნიშნული დანარჩენი 2 შემთხვევა, თუ როდის და რა სახის დისციპლინური თუ ადმინისტრაციული სახდელი ჰქონდა დაკისრებული მსჯავრდებულ დ-------------–---–ს, სასამართლო აღნიშნავს, რომ ხაზგასმა იმისა, რომ ვინაიდან იგი დასჯილია 3 ჯერ და აღნიშნულის გამო მას, უარი უნდა ეთქვას პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე, არ არის მართებული და ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას.

 

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი გულისხმობს კონკრეტული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის შეფასებას: აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული და ა.შ., რაც უნდა აისახოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში. ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით მსჯავრდებულის პიროვნების შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, მსჯავრდებულის დამოკიდებულებას დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა მსჯავრდებულებთან, აგრესიულობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა. აღსანიშნავია, რომ სადავო გადაწყვეტილება არ შეიცავს ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას, რომელიც მსჯავრდებულის პიროვნების უარყოფითად შეფასებისათვის საფუძველს შექმნიდა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის შეფასება წარმოადგენს ერთ-ერთ და არა ერთადერთ შეფასების კრიტერიუმს პირის სასჯელის მოხდისაგან ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისას. ის გარემოება, რომ დ-------------–---–ის მიერ ჩადენილია ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, არ არის მისთვის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან ასეთი კატეგორიის დანაშაულისათვის ნასამართლობა არ გამორიცხავს პირობით ვადამდე პირის გათავისუფლებას. ასეთი შემთხვევებისათვის კანონმდებლობით დაწესებულია მსჯავრდებულის მიერ მისჯილი სასჯელის მოხდის შესაბამისი ზღვარი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების განსახორციელებლად დაადგინოს გარკვეული კრიტერიუმები, რომლებიც დაეხმარება დისკრეციული უფლებამოსილების სათანადოდ, ამასთან, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად. თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს ამგვარი თვითშეზღუდვა უნდა იყოს განჭვრეტადი და გამართლებული მსგავს სიტუაციაში მყოფი პირების მიმართ ერთი და იმავე შინაარსის გადაწყვეტილებების მიღებით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის გადაწყვეტის მიზნით მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს დასაბუთებას ისეთ გარემოებაზე მითითებით, რომელიც ახსნის, თუ რატომ უშლის ხელს პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის დადებითად გადაწყვეტას ჩადენილი დანაშაულის ხასიათი კონკრეტული პირის მიმართ, ამ პირის პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით. ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადო დასაბუთებით უნდა შეეძლოს იმის მტკიცება, რომ დებულებით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმის შეპირისპირებით დ-------------–---–ი პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლების მიზნებისთვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს სწორედ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და რომ ამ კრიტერიუმის თანმხლებ ნეგატიურ მოსაზრებებს ვერ გააბათილებს და ვერ გადაწონის სხვა, დადებითი კრიტერიუმები, რომლებიც დ-------------–---–ის დახასიათებაში არაერთია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას სწორედ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას იძენს, ვინაიდან კითხვაზე პასუხი, პირმა ისარგებლოს თუ არა კანონმდებლობით დადგენილი შეღავათით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში საკითხის სრულყოფილი შესწავლის შედეგად გამოტანილი დასკვნების სათანადო შეფასებამ და დასაბუთებამ უნდა გასცეს. ამგვარი დასაბუთება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული არ არის, რაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლიდან გამომდინარე, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, მათი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სახეზეა გარემოება, რომელსაც შესაძლოა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება განეპირობებია, ვინაიდან მსჯავრდებულის პიროვნების შეფასების კრიტერიუმები მოიცავენ მნიშვნელოვანი საკითხების შეფასებასა და გამოკვლევას. აღნიშნული გარემოებები სრულყოფილად არ არის გამოკვლეული, მასში არის არსებითი ხასიათის შეუსაბამობები, რომლებზე ყურადღების გამახვილებისა და სათანადო შეფასების პირობებში, შესაძლოა საჭირო გამხდარიყო ახალი გარემოებების გამოკლვევა, მათ შორის ზეპირი მოსმენით თავად მსჯავრდებულისაგან ინფორმაციის მიღება და შეფასება.

 

სასამართლო ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით განმარტავს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს, მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას პიროვნების უკეთ და სრულყოფილად შეფასებისათვის უნდა მოეხდინა, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მსჯავრდებულისაგან დამატებითი ინფორმაცია მისაღებად, ზეპირი მოსმენის გამართვა და გასაუბრებოდა მსჯავრდებულს, რითაც დადგინდებოდა და გამოირიცხებოდა ის უზუსტობები, რაც ასახული არის სადავო გადაწყვეტილებაში, ამასთან მსჯავრდებულისაგან მიიღებდნენ დამატებით ინფორმაციას. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე.

 

6.3. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ასევე ითვალისწინებს პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესაძლებლობას თუ მსჯავრდებულისაგან დამატებითი ინფორმაციის მიღება ხსენებული საკითხის გადაწყვეტას ხელს შეუწყობს. აღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის განხილვისას მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა დახასიათებაში ასახულ უზუსტობათა დასადგენად მსჯავრდებული მოეწვია ზეპირი მოსმენის სხდომაზე, მოეთხოვა სათანადო დოკუმენტაციის წარდგენა ან მისგან მიეღო ახსნა-განმარტება უზუსტობათა აღმოსაფხვრელად. საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ასევე ხელსშეუწყობდა პიროვნების მახასიათებლების უშუალო შეფასებას და განსახილველი საკითხის უკეთ გამოკვლევას. ამდენად, სახეზეა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის ისეთი პროცედურული დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში შესაძლოა მიღებულ იყო სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-12, 271-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დ-------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 მარტის №---------- გადაწყვეტილება;

 

3. მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებ: თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე