გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.11.2018
საქმის ნომერი
330210118002480627
კატეგორია
დავის ტიპი
გადაზიდვა-გადაყვანა
თარიღი
09.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/16607-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

9 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ხათუნა ჯინორია

სხდომის მდივანი - ხათუნა ბუცხრიკიძე

მოსარჩელე - შპს ,,ე-–-"

წარმომადგენელი - ა---------– კ-------ე

მოპასუხე - შპს ,,კ---------------ი"

წარმომადგენელი - ე---------- ი-----ე

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „კ---------------ს“ შპს „ე-–-“-ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის - 40 320 ლარის ანაზღაურება

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2015 წლის 16 აპრილს მხარეებს შორის დაიდო საექსპედიტორო მომსახურების ხელშეკრულება. ხელშეკრულების ფარგლებში შპს „კ---------------მა“ განახორციელა ტვირთის გადაზიდვა 2016 წლის იანვრიდან აპრილის პერიოდში ჩ------ს ს----–-ო რ-------–--იდან. ტვირთი ჩამოტანილი იქნა დაგვიანებით, რის გამოც, დამკვეთმა სსიპ ს--------- ს------–----- მ-------------------მ მოსარჩელე დააჯარიმა 40320 ლარით. გადამზიდავი ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი, რომლითაც განმარტა, რომ 2015 წლის 16 აპრილს მხარეთა შორის დაიდო გენერალური ხელშეკრულება არა ტვირთის გადაზიდვის, არამედ საექსპედიტორო მომსახურების შესახებ. ამ ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ 2016 წლის 28 იანვარის N3--- განაცხადის საფუძველზე განახორციელა მომსახურება. ხელშეკრულებით არ ყოფილა მომსახურების ვადა, შესაბამისად, მოპასუხეს ვალდებულება არ დაურღვევია.

 

2016 წლის 30 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 2016 წლის 28 იანვრის N3--- განაცხადის პირობების შესაბამისად შპს „კ---------------მა“ შპს „ე-–--“-ს გაუწია გადაზიდვის ორგანიზების მომსახურება. ტვირთი მოსარჩელეს 2016 წლის 31 მარტს ჩაბარდა, ხოლო 1 აპრილს მოსარჩელემ დაუდასტურა მოპასუხეს, რომ ტვირთი ფოთის ტერმინალში იყო.

 

ტვირთის დაგვიანებით წარდგენისათვის მოსარჩელეს მოპასუხისათვის პრეტენზია არ წარუდგენია. ტვირთი იყო დაზღვეული. დაზღვევის პერიოდი იყო 2016 წლის 20 იანვრიდან 2016 წლის 20 აპრილის ჩათვლით, რაც ასევე ადასტურებს, რომ გადაზიდვის პროცესის დასრულება ნავარაუდები იყო 2016 წლის 20 აპრილისათვის.

 

მოპასუხის განმარტებით, ტვირთის პორტამდე მიტანა მოსარჩელის ვალდებულება იყო. მხოლოდ გემზე ჩატვირთვის შემდგომ იღებდა პასუხისმგებლობას მოპასუხე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ტვირთი გემზე 2016 წლის 18 თებერვალს დაიტვირთა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 16 აპრილს შპს „ე-–--“-სა (შემკვეთი) და შპს „კ---------------ს“ (ექსპედიტორი) შორის დაიდო ექსპედიციის გენერალური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ექსპედიტორმა იკისრა ვალდებულება შემკვეთის დავალებითა და ხარჯზე გაუწიოს მას ტვირთების გადაზიდვის ორგანიზება და გადაზიდვასთან დაკავშირებული სხვა დამატებითი მომსახურება, ხოლო შემკვეთმა იკისრა ვალდებულება, გადაუხადოს ექსპედიტორს მომსახურების საზღაური.

 

ხელშეკრულების 2.1.1 პუნქტის თანახმად შემკვეთი ვალდებულია, ექსპედიტორისათვის შეკვეთის მისაცემად გააფორმოს განაცხადი მხარეთა მიერ შეთანხმებული ფორმით და მიაწოდოს ექსპედიტორს აღნიშნული განაცხადის გასაფორმებლად და მომსახურების ჯეროვნად გასაწევად საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი.

 

ხელშეკრულების ფარგლებში, თითოეული ექსპედიციისათვის ფორმდებოდა ცალკე განაცხადი მხარეთა შორის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა განმარტება;

- 16.04.2015 წლის ხელშეკრულება (ს.ფ. 19- 21)

 

3.1.2. შპს „ე-–--“-სა და სსიპ ს--------- ს------–----- მ-------------------ს შორის 2015 წლის 2--------------- გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით შპს „ე-–--“ ვალდებული იყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 140 კალენდარული დღის განმავლობაში მიეწოდებინა მეხანძრე-მაშველის სახანძრო ტექნიკური სამოსი და აღჭურვილობა.

 

აღნიშნული პროდუქცია მოსარჩელემ შეუკვეთა ჩ-----ში და 2016 წლის 28 იანვრის N3--- განაცხადის საფუძველზე, ტვირთის გადაზიდვის ორგანიზება განახორციელა შპს „კ---------------მა.“ ექსპედიტორს თავად არ განუხორციელებია გადაზიდვა, არამედ გადამზიდავი იყო მესამე პირი.

 

იმის გამო, რომ მიმწოდებელმა პროდუქცია 24 კალენდარული დღის დაგვიანებით მიაწოდა, კერძოდ კი, 2016 წლის 11 მარტის ნაცვლად 2016 წლის 4 აპრილს, სსიპ ს--------- ს------–---ის მ-------------------მ შპს „ე-–--“-ს დაარიცხა პირგასამტეხლო.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ ს--------- ს------–----- მ-------------------ს სარჩელი შპს „ე-–--“-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შპს „ე-–--“-ს მოსარჩელე სსიპ ს--------- ს------–----- მ-------------------ს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 40320 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა განმარტება;

- 29.03.2018 წლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 29-35)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2016 წლის 28 იანვრის N3--- განაცხადის საფუძველზე მოპასუხემ გასწია ტვირთის გადაზიდვის ორგანიზების მომსახურება (ექსპედიცია) და მხარეთა შორის არ დადებულა გადაზიდვის ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების მხარეები არ შეთანხმებულან მომსახურების გაწევის ვადებზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსკ-ის) 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. მხარეს დარღვეული უფლების დაცვა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ. სუსგ Nას-944-894-2015). მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. სსკ-ის მე-3 მუხლით, დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, დადგენილია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. მოდავე მხარეებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები გულისხმობს მხარეების ვალდებულებას, წარმოადგინონ სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან საკუთარი პოზიციის სარწმუნო სამართლებრივ საფუძველსა და შინაგან რწმენას (იხ. სუსგ ას-1227-1150-2015, ას-1051-991-2015).

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს, რომელიც ითხოვს ხელშეკრულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, უნდა დაედასტურებინა სამოქალაქო კოდექსის 394-ე და 395-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, სახელშეკრულებო ვალდებულების არსებობა, ხელშეკრულების დარღვევა, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი ხელშეკრულების დარღვევასა და ზიანის მიყენებას შორის.

 

მოპასუხე მიუთითებს, რომ მას არ დაურღვევია ვალდებულების შესრულების ვადა, რადგან მხარეები მომსახურების გაწევის ვადაზე არ შეთანხმებულან.

 

სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, ყოველმხრივ, სრულად, ობიექტურად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება ვერ შეძლო.

 

მხარეთა შორის სადავოა ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება და მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების ხასიათი.

 

მოსარჩელის მითითებით, მხარეებს შორის დადებულია გადაზიდვის ხელშეკრულება.

 

საქმეში წარმოდგენილია 2015 წლის 16 აპრილის ხელშეკრულება, დადებული შპს „ე-–--“-სა (შემკვეთი) და შპს „კ---------------ს“ (ექსპედიტორი) შორის, რომლის საფუძველზე მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, შემკვეთის დავალებითა და ხარჯზე გაუწიოს მას ტვირთების გადაზიდვის ორგანიზება და გადაზიდვასთან დაკავშირებული სხვა დამატებითი მომსახურება, ხოლო შემკვეთმა იკისრა ვალდებულება, გადაუხადოს ექსპედიტორს მომსახურების საზღაური.

 

ხელშეკრულების აღნიშნული პირობა შეესაბამება სატრანსპორტო ექსპედიციას და არა გადაზიდვას. მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ მოპასუხეს არ განუხორციელებია გადაზიდვა თავად, არამედ გადამზიდავი იყო მესამე პირი.

 

გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე, თითოეული მომსახურებისათვის ფორმდებოდა ცალკე განაცხადი, რომლითაც განისაზღვრებოდა კონკრეტულად რომელი ტვირთის საიდან სადამდე გადაზიდვის ორგანიზებას ახდენდა ექსპედიტორი.

 

სადავო ტვირთის გადაზიდვის ორგანიზება განხორციელდა 2016 წლის 28 იანვრის N3--- განაცხადის (შეკვეთის ორდერის) საფუძველზე.

 

მოპასუხემ წარმოადგინა 2016 წლის 28 იანვრის შეკვეთის ორდერი, რომლის თანახმადაც შპს „ე-–-“-ის შეკვეთილი ტვირთის გადაზიდვა უნდა განხორციელებულიყო ჩ-----ის ს----–-ო რ-------–--ის ქ. ქ--------ს პორტიდან თ---–--–-. ორდერში ტვირთის დატვირთვის თარიღად მითითებულია 2016 წლის 28 იანვარი, ხოლო ჩამოტანის ვადა განსაზღვრული არ არის.

 

მოსარჩელემ აღნიშნული ორდერი სადავოდ გახადა, მიუთითა, რომ იგი ხელმოუწერელია ხოლო ხელმოწერილი ორდერი, სადაც ვადა იყო მითითებული, არის მოპასუხესთან.

 

მოპასუხემ უარყო ხელმოწერილი ორდერის არსებობა და აღნიშნა, რომ ხელშეკრულების საფუძველზე სავალდებულო არ იყო განაცხადის წერილობით გაფორმება.

 

სამოქალაქო კოდექსის 730-743 მუხლების საფუძველზე, სატრანსპორტო ექსპედიცია არ არის ფორმასავალდებულო გარიგება.

 

2018 წლის 26 სექტემბრის მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხის ზემოაღნიშნული განმარტების პასუხად, მოსარჩელემ მიუთითა, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული ფორმა იყო ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ორდერით შეკვეთის გაფორმება, რის დასადასტურებლადაც ითხოვა საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადება, რათა წარმოედგინა მხარეთა შორის დადებული სხვა შეკვეთის ორდერები.

 

სასამართლომ მოსარჩელემ მისცა შესაძლებლობა, დაედასტურებინა მის მიერ მითითებული გარემოება და მოსამზადებელი სხდომა გადადო სხვა დროისათვის. მიუხედავად ამისა, მოსარჩელემ ვერ შეძლო სადავო გარემოების დადასტურება. 2018 წლის 19 ოქტომბრის სხდომაზე მან წარმოადგინა მხოლოდ ერთი ორდერი და აღნიშნა, რომ სხვა ორდერები მათთან არ ინახება. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი N2--- ორდერით გადაზიდვის პერიოდი განსაზღვრულია დაახლოებით 38-45 დღით. ამასთან ორდერი ხელმოწერილია მხოლოდ შპს „ე-–-“-ის მხრიდან.

 

მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ ექპედიციის ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელეს განხორციელებული აქვს არაერთი შეკვეთა, ასეთ პირობებში, სასამართლო მხოლოდ ერთ ორდერზე დაყრდნობით ვერ მიიჩნევს დადგენილად, რომ მხარეები შეთანხმებული იყვნენ შეკვეთის გაფორმების სპეციალურ ფორმაზე, მით უმეტეს, რომ N2--- ორდერი ხელმოწერილია მხოლოდ მოსარჩელის მიერ. გარდა ამისა, ამ მტკიცების საპირისპიროდ საქმეში წარმოდგენილია წერილობითი მტკიცებულება - სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულება, რომლის 3.1 პუნქტის თანახმად შემკვეთის მიერ ექსპედიტორისათვის მომსახურების დაკვეთა ხორციელდება მხარეთა მიერ შესაბამისი წერილობითი განაცხადის გაფორმებით, რომელიც გაფორმების მომენტიდან წარმოადგენს ხელშეკრულების არსებით შემადგენელ ნაწილს. მხარეთა მიერ მომსახურების დაკვეთა და შესაბამისი პირობების შეთანხმება განაცხადის ფორმის შევსების გარეშე, ელ-ფოსტით კომუნიკაციის მეშვეობით განიხილება როგორც განაცხადი და აღნიშნული წესით შეთანხმებული პირობები წარმოადგენს ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს.

 

ხელშეკრულების აღნიშნული პირობის თანახმად, მხარეთა შორის შეთანხმებული იყო შეკვეთის გაფორმების ორი წესი: განაცხადის ფორმის შევსება და პირობების შეთანხმება ელ. ფოსტის მეშვეობით, რაიმე დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ წარმოადგინა მეორე წესით შეთანხმებული შეკვეთის პირობები, რომლითაც არ იყო განსაზღვრული ტვირთის ჩამოტანის ვადა. სხვა პირობებზე შეთანხმების დამადასტურებელი მტკიცებულება კი, მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ე-–-“-ს შპს „კ---------------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა მომსახურების, მათ შორის N 3--- შეკვეთის საფუძველზე განხორციელებული მომსახურების, საფასურის ანაზღაურება.

 

გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, 2016 წლის 28 იანვრის №3--- განაცხადის პირობების შესაბამისად, მოსარჩელემ მოპასუხეს გაუწია გადაზიდვის ორგანიზების მომსახურება ჩ------დან საქართველოში. გადაზიდვა განხორციელდა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად და დანიშნულების ადგილზე ტვირთის გამოცხადების შემდეგ, მოპასუხეს წარედგინა შესაბამისი ინვოისი №4----9325,6 აშშ დოლარზე და ინვოისი №4--- - 410 აშშ დოლარზე. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.

 

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს აქვს პრეიუდიციული ძალა განსახილველი დავისათვის, შესაბამისად, დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული, რომ შპს „კ---------------მა“ ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა.

 

აღსანიშნავია ასევე, რომ შემკვეთს ექსპედიტორისათვის არ წარუდგენია პრეტენზია ტვირთის დაგვიანების გამო. ამ გარემოებას არც მოსარჩელე უარყოფს.

 

სასამართლო დამატებით იმ გარემოებაზეც მიუთითებს, რომ ტვირთი იყო დაზღვეული. საქმეში წარმოდგენილია დაზღვევის პოლისი. დამზღვევია „კ---------------ი.“ დაზღვევის პერიოდი იყო 2016 წლის 20 იანვრიდან 2016 წლის 20 აპრილის ჩათვლით, რაც იმას ნიშნავს, რომ ტვირთის მიმღების პასუხისმგებლობაში ტვირთის გადაცემის მაქსიმალური ვადა იყო სწორედ 2016 წლის 20 აპრილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამზღვევი, იგივე ექსპედიტორი, არ გაწევდა დამატებით ხარჯს და არ დააზღვევდა ტვირთს იმ პერიოდისათვის, როცა ამის საჭიროება, ექსპედიციის ფარგლებში, აღარ უნდა ყოფილიყო.

 

მხარეებს შორის სადავო არ არის, რომ ტვირთი 2016 წლის 1 აპრილისათვის იმყოფებოდა ფოთის პორტში და შემკვეთმა მიიღო. შესაბამისი დადასტურების წერილი მოპასუხემ წარმოადგინა.

 

3.2.2. ექსპედიტორი არ არის პასუხისმგებელი ტვირთის დაგვიანებით ჩამოსვლისათვის.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს: მხარეთა შორის არ არის სადავო, რომ გადაზიდვა არ განუხორციელებია თავად ექსპედიტორს, ამდენად, გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები მას არ ეკისრება.

 

სამოქალაქო კოდექსის 740-ე მუხლის თანახმად ექსპედიტორი ექსპედიციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალეობებისათვის, ჩვეულებრივ, მაშინ აგებს პასუხს, თუ მას ან მის დამხმარეს მიუძღვის რაიმე ბრალი.

 

მოცემულ შემთხვევაში, თუნდაც დადასტურებულად ყოფილიყო მიჩნეული, რომ ტვირთის გადაზიდვა უნდა განხორციელებულიყო 2016 წლის 28 იანვრიდან ამავე წლის 11 მარტამდე, შპს „კ---------------ი“ პასუხისმგებელი იქნებოდა დაგვიანებისათვის იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდებოდა მისი ან მის მიერ დაქირავებული გადამზიდავის ბრალეულობა.

 

მოპასუხის განმარტებით, ექსპედიტორი გადაზიდვის ორგანიზებას იწყებდა ტვირთის გემზე ჩატვირთვის შემდგომ. პორტში მიტანა და გემზე ჩატვირთვა იყო შემკვეთის ვალდებულება.

 

სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულების 2.1.2 პუნქტის თანახმად, შემკვეთი ვალდებულია, უზრუნველყოს ტვირთის დროული ჩაბარება ჩატვირთვის ადგილზე, ასევე ტვირთის მარკირება და შეფუთვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

 

N3--- შეკვეთის თანახმად, მიწოდების პირობა იყო FOB. ვაჭრობის საერთაშორისო პალატის 2010 წლის საერთაშორისო სავაჭრო წესების (Incoterms 2010) შესაბამისად, FOB პირობა გამოიყენება წყლის ტრანსპორტით გადაზიდვისას და ნიშნავს, რომ გამყიდველის მიერ მყიდველისათვის საქონლის მოწოდების ვალდებულება შესრულებულად ითვლება, როდესაც საქონელი გადაჰკვეთს გემის კიდეს დასახელებული ჩატვირთვის პორტში. ამ მომენტიდან ტვირთვის შემთხვევით დაღუპვის ან დაზიანების რისკი ეკისრება მყიდველს. გარდა ამისა, FOB-ი გულისხმობს გამყიდველის მიერ საქონლის ექსპორტისათვის მომზადებას და მის ვალდებულებას, უზრუნველყოს ტვირთის პორტამდე მიტანა, გემზე ჩატვირთვა, შესაბამისი საბაჟო პროცედურების გავლა.

 

ხელშეკრულების აღნიშნული პირობების შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოპასუხის მტკიცებას, რომ ტვირთის ქ--------ს პორტში მიტანა და გემზე ჩატვირთვა იყო მოსარჩელის ვალდებულება.

 

მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ ტვირთი გემზე ჩაიტვირთა არა 2016 წლის 28 იანვარს, არამედ 2016 წლის 18 თებერვალს, რამაც, საბოლოოდ, გამოიწვია ტვირთის დაგვიანებით ჩამოსვლა და სსიპ ს--------- ს------–----- მ-------------------სთან დადებული ხელშეკრულების ვადის დარღვევა. „დაგვიანებაში“ სასამართლო გულისხმობს ტვირთის ჩამოსვლას 2016 წლის 11 მარტის შემდგომ, ვინაიდან სწორედ ამ ვადამდე უნდა შეესრულებინა მოსარჩელეს სსიპ ს--------- ს------–----- მ-------------------სთან დადებული ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების აღნიშნული პირობების საწინააღმდეგოდ, სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას, რომ ტვირთის ქ--------ს პორტში მიტანა და გემზე ჩატვირთვა იყო მოპასუხის ვალდებულება და მის მიერ საამისოდ დაქირავებულმა გადამზიდავმა დაარღვია ვადები.

 

ამ გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელემ წარმოადგინა ელექტრონული ფოსტის მიმოწერა შპს „ე-–-“-ის სახელით ლ---- წ------ესა და შპს „კ---------------ის“ სახელით თ---- ხ--–-–---–ს შორის.

 

სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ ეს მიმოწერა არ ეხება მხოლოდ სადავო ტრანსპორტირებას, არამედ მეორე შეკვეთასაც, რომლის ფარგლებში ტვირთი ასევეა გამოგზავნილი ჩ------დან (შანხაის პორტიდან) და ყოველთვის ვერ ხერხდება გარჩევა, რომელ შეკვეთაზე საუბრობენ მიმოწერის მხარეები. 12.01.2016 წლის შეტყობინებით თ---- ხ--–-–---–ი ატყობინებს ლ---- წ------ეს, რომ გამომგზავნი ელოდება დამკვეთის მიერ ტვირთის ქარხანაში შემოწმებას. წერილის პასუხად, 12.01.16 წელს ლ---- წ------ე აღნიშნავს: „ტვირთის შემოწმებას გადავდე და აღარ არის საჭირო ამიტომ ეხლა მივწერ რომ არ დამელოდოს.“ შესაბამისად, ამ მიმოწერიდან ასევე ირკვევა, რომ ტვირთის პორტამდე მიტანა და ჩატვირთვა შემკვეთის პასუხისმგებლობა იყო.

 

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ პორტში დროულად მიტანილი და ჩატვირთული ტვირთი მოპასუხის გადამზიდავმა გემიდან გადმოტვირთა. შესაბამისი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის და სასამართლო ამ არგუმენტს ვერ გაიზიარებს.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებაზე, საიდანაც ირკვევა, რომ შემკვეთმა სსიპ ს--------- ს------–----- მ-------------------ს მიმართ ვალდებულების დარღვევის მიზეზად ფორს-მაჟორი დაასახელა და განმარტა, რომ ხელშეკრულების გაფორმების დღესვე მათი მხრიდან მოხდა დასახელებული საქონლის შეკვეთა, მისი კონტეინერში და შემდგომში საცავში ჩატვირთვა, ასევე ჩ------ს პორტ ქ--------ში მიტანა ვადაზე ადრე (2016 წლის 25 იანვარს) განხორციელდა, თუმცა ვინაიდან ჩ-----ში აღნიშნავდნენ ახალ წელს, ასევე დაემთხვა დასვენების დღეები, ტვირთის გემზე დატვირთვა მხოლოდ 2016 წლის 18 თებერვალს განხორციელდა. შესაბამისად, დაგვიანების წინასწარ განსაზღვრა და მასზე ზეგავლენის მოხდენა მათ არ შეეძლოთ.

 

გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა: მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ დროულად უზრუნველყო შეკვეთის განხორციელება საქონლის მწარმოებელ ფირმასთან, მისთვის ხელშეკრულების გაფორმების დროისთვის სავარაუდო უნდა ყოფილიყო, რომ ჩ------ს ს----–-ო რ-------–--აში აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით უქმე და გამოსასვლელი დღეების გამო შესაძლოა ტვირთის საქართველოში გამოგზავნას დაბრკოლებები შექმნოდა.

 

აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე თავად მოსარჩელე ადასტურებს, რომ ტვირთის პორტამდე მიტანა და გემზე ჩატვირთვა მისი ვალდებულება იყო და მან გააფორმა ხელშეკრულება ტვირთის მწარმოებელთან. მართალია, გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არ აქვს პრეიუდიციული ძალა განსახილველი დავის მიმართ, ვინაიდან საქმეში სხვა მხარეები მონაწილეობენ, მაგრამ იგი წარმოადგენს ერთ-ერთ წერილობით მტკიცებულებას, რომელსაც სასამართლო სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად აფასებს.

 

საქმეში ასევეა წარმოდგენილი 11.11.2015 წლის ტვირთის შეფუთვის ფურცელი, რომლის შესაბამისადაც ექსპორტიორია „Q-------------------------------------“, ხოლო მიმღები - შპს „ე-–--“. გაგზავნის ადგილად მითითებულია ქ--------, ჩ------. ეს დოკუმენტი ადასტურებს, რომ პორტამდე გადაზიდვა განახორციელა ტვირთის მწარმოებელმა, მასთან ხელშეკრულება დადო შემკვეთმა, ხოლო ტვირთის პორტამდე მიტანის პროცესში შპს „კ---------------ი“ არ მონაწილეობდა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ტვირთის დაგვიანება არ იყო გამოწვეული ექსპედიტორის ან მის მიერ დაქირავებული დამხმარის ბრალით.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 730-ე, 740-ე, 394-ე, 395-ე, 408-ე, 409-ე, 412-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

ამავე კოდექსის 395-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდანაც სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა.

 

სამოქალაქო კოდექსის 730-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ექსპედიციის ხელშეკრულებით ექსპედიტორი კისრულობს თავისი სახელითა და შემკვეთის ხარჯზე განახორციელოს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებანი. შემკვეთი მოვალეა გადაიხადოს შეთანხმებული პროვიზია.

 

ამავე კოდექსის 408.1 მუხლის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო 409-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში ექსპედიტორმა შემკვეთის მოთხოვნის შესაბამისად განახორციელა ტვირთის ჩ------დან საქართველოში გადაზიდვის ორგანიზება. გადამზიდავი ექსპედიტორი არ იყო (იხ. 3.1.1 და 3.1.2 პუნქტები).

 

ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას განაპირობებს ამ მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი წინაპირობების შესრულება და მოთხოვნის გამომრიცხავი ან მისი განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებების არარსებობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევისას ანაზღაურებას არ ექვემდებარება ყველა სახის ზიანი. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო კოდექსის 395-ე მუხლი ზიანის ანაზღაურების წინაპირობად ბრალის არსებობას განსაზღვრავს. გარდა ამისა, სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

„ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (იხ. სუსგ №ას-459-438-2015). ამდენად, იმისათვის, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, უნდა დადგინდეს შემდეგი ელემენტების არსებობა: სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა, კრედიტორისთვის ზიანის მიყენება, მიზეზობრივი კავშირი ხელშეკრულების დარღვევასა და ზიანს შორის, მოვალის ბრალი ზიანის მიყენებაში.

 

დადგენილია, რომ შემკვეთს დადებული ჰქონდა ხელშეკრულება მესამე პირთან, რომლის საფუძველზე ჩ-----ში შეკვეთილი ტვირთი უნდა მიეწოდებინა არაუგვიანეს 2016 წლის 11 მარტისა. ტვირთი ფოთის პორტში იმყოფებოდა 2016 წლის 1 აპრილს, რის გამოც, შემკვეთმა დაარღვია მესამე პირთან დადებული ხელშეკრულება და დაერიცხა პირგასამტეხლო (იხ. 3.1.2 პუნქტი).

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი სახეზეა, მაგრამ სხვა საკითხია, არის თუ არა ამ ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი მოპასუხე.

 

დადგენილია, რომ შემკვეთსა და ექსპედიტორს არ განუსაზღვრავთ მომსახურების გაწევის დასრულების ვადა (იხ. 3.2.1 პუნქტი), რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპედიტორს არ დაურღვევია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ არის პასუხისმგებელი მესამე პირის მიმართ ხელშეკრულების დარღვევაზე, რაც იმთავითვე გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 740-ე მუხლის თანახმად ექსპედიტორი ექსპედიციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალეობებისათვის, ჩვეულებრივ, მაშინ აგებს პასუხს, თუ მას ან მის დამხმარეს მიუძღვის რაიმე ბრალი.

 

იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიჩნეული იქნებოდა, რომ ექსპედიცია უნდა განხორციელებულიყო 2016 წლის 11 მარტამდე, ექსპედიტორს ვერ დაეკისრებოდა ზიანის ანაზღაურება. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ტვირთის დაგვიანებით ჩამოსვლა გამოწვეული არ იყო ექსპედიტორის ან მის მიერ დაქირავებული გადამზიდავის ბრალით (იხ. 3.2.2 პუნქტი), რაც ასევე გამორიცხავს მოპასუხის პასუხისმგებლობას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გაწეულ პროცესის ხარჯებს მოპასუხე არ აანაზღაურებს.

 

მოპასუხე შუამდგომლობს მოსარჩელეს დაეკისროს ადვოკატის მომსახურების საფასურის -1770 ლარის ანაზღაურება.

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა და დავა მოპასუხის სასარგებლოდ დასრულდა, ამასთან საქმეში წარმოდგენილია აღნიშნული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება, მოსარჩელეს უნდა დაეკისროს ადვოკატის მომსახურების საფასურის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 37-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „ე-–--ის“ სარჩელი მოპასუხე შპს „კ---------------ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

3. შპს „ე-–--ს“ შპს „კ---------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ადვოკატის მომსახურების საფასურის - 1770 ლარის ანაზღაურება;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ჯინორია