გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №3/4409-18
17 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - მერი გულუაშვილი
სხდომის მდივანი - სალომე ზაქაშვილი, გვანცა ჩალიგავა
მოსარჩელე - მ--–----------–---–---–ი
წარმომადგენელი - ქ-----------–-–---–ი
მოპასუხე - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
წარმომადგენლები - თე--------------------ე, გ-----------------
დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის 23 აპრილის №SSG 5------------ და 2018 წლის 11 ივნისის №8---- გადაწყვეტილებები, სისხლის სამართლის საქმეში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალებზე დაშვებაზე უარის შესახებ;
1.3. მოპასუხეს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაევალოს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში არსებულ №0----------- სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალებზე მ--–----------–---–---–ის, მისი ადვოკატების: მა-----------–-–---–ის, ქ-----------–-–---–ის და დამოუკიდებელი ექსპერტის ზა------–------–---–ის დაშვების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხის, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მ--–----------–---–---–ის ადვოკატმა ქ-----------–-–---–მა 2018 წლის 14 თებერვალს №გ---------- განცხადებით მიმართა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს პროკურორს და მოითხოვა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა უზრუნველყოს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არსებულ მასალებს სრულად, მათ შორის, საიდუმლო ნაწილსაც, გაეცნოს თ. მ----–---–---–ის ოჯახის წევრები და ადვოკატები.
ქ. თბილისის პროკურატურის 2018 წლის 3 მარტის №1---------- გადაწყვეტილებით მ--–----------–---–---–ის ადვოკატის, ქ-----------–-–---–ის განცხადება თე-----–-- მ----–---–---–ის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე წარმოებული გამოძიების სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალების გაცნობის თაობაზე განცხადების განხილვის ეტაპზე არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ ამგვარის შესაძლებლობა განიხილება კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მ--–----------–---–---–ის ადვოკატის ქ-----------–-–---–ის 2018 წლის 14 თებერვლის №გ---------- განცხადება (ს.ფ. 21-27);
- ქ. თბილისის პროკურატურის 2018 წლის 3 მარტის №1---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 28-31).
3.2. მ--–----------–---–---–ის ადვოკატმა ქ-----------–-–---–მა 2018 წლის 16 მარტის №გ----------- განცხადებით მოითხოვა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოეხდინა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილთან კომუნიკაცია და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით, ოჯახის ადვოკატებისთვის: მა-----------–-–---–ისთვის, ქ-----------–-–---–ისთვის და დამოუკიდებელი ექსპერტისთვის - ზა------–------–---–ისთვის თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში არსებულ №0----------- სისხლის სამართლის საქმეში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალების გაცნობაზე თანხმობის გაცემა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის 29 მარტის №S---------------- გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ მისი მოთხოვნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინოს კომუნიკაცია გამოძიების მწარმოებელ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილთან ქ-----------–-–---–ისა და ექსპერტისათვის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალების სრულად გაცნობის მიზნით, სცილდება სამსახურის კომპეტენციას. ამავე გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ მის მიერ სახელმწიფო საიდუმლოებასთან გაცნობა მოთხოვნილი იქნა მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით განსაზღვრული წესის იგნორირებით.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მ--–----------–---–---–ის ადვოკატის ქ-----------–-–---–ის 2018 წლის 16 მარტის №გ----------- განცხადება (რ-------------------------------–.) (ს.ფ. 32-37).
- საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის 29 მარტის №S---------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 38);
3.3. ა----------------------–--------–---–---------------------------–---------------ის დირექტორმა თა----------–--ემ და ადვოკატმა ქ-----------–-–---–მა 2018 წლის 13 აპრილს №გ----------- განცხადებით მიმართეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მოითხოვეს განმარტება სხვა რა ალტერნატიული გზებით არის შესაძლებელი დაზარალებულისთვის სისხლის სამართლის საქმეში არსებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცნობა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის 23 აპრილის №SSG 5------------ გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს (EMC) განემარტა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენციას სცილდება მოახდინოს კომუნიკაცია გამოძიების მწარმოებელ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილთან დაცვის მხარისათვის და ექსპერტისათვის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალების სრულად გაცნობის მიზნით. ამავე გადაწყვეტილებით „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
მტკიცებულებები, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ა----------------------–--------–---–---------------------------–---------------ის დირექტორის თა----------–--ის და ადვოკატის ქ-----------–-–---–ის 2018 წლის 13 აპრილის №გ----------- განცხადება (ს.ფ. 39-40);
- საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის 23 აპრილის №SSG 5------------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 41);
3.4. მ--–----------–---–---–ის წარმომადგენელმა ა----------------------–--------–---–---------------------------–---------------ის დირექტორმა თა----------–--ემ 2018 წლის 23 აპრილს №გ----------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს. საჩივრის ავტორის მოთხოვნას წარმოადგენდა: 1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის 23 აპრილის №SSG 5------------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; 2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის დეპარტამენტს დაევალოს საქმის გარემოებების შესწავლა და მ--–----------–---–---–ისათვის, მისი ადვოტაკებისათვის (ქ-----------–-–---–ი, მა-----------–-–---–ი), აგრეთვე, დამოუკიდებელი ექსპერტისათვის - ზა------–------–---–ისათვის №0----------- სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალებზე ინდივიდუალური დაშვების ნებართვის გაცემა.
მ--–----------–---–---–ის წარმომადგენელმა ა----------------------–--------–---–---------------------------–---------------ის დირექტორის თა----------–--ემ 2018 წლის 5 ივნისს დააზუსტა ადმინისტრაციული საჩივრის თარიღი, კერძოდ, ნაცვლად 2018 წლის 23 აპრილისა, უნდა იყოს 2018 წლის 23 მაისი.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2018 წლის 11 ივნისის №8---- წერილით ა----------------------–--------–---–---------------------------–---------------ის დირექტორს თა----------–--ეს და ამავე ცენტრის ადვოკატს ქ-----------–-–---–ს 2018 წლის 23 მაისის ადმინისტრაციული საჩივრის პასუხად განემარტათ, რომ მასში დასმულ საკითხებზე დასაბუთებული პასუხი უკვე ეცნობათ სამსახურის 2018 წლის 23 აპრილის №----- წერილით.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მ--–----------–---–---–ის წარმომადგენელის ა----------------------–--------–---–---------------------------–---------------ის დირექტორის თა----------–--ის 2018 წლის 23 აპრილის №გ----------- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 42-50);
- მ--–----------–---–---–ის წარმომადგენელის ა----------------------–--------–---–---------------------------–---------------ის დირექტორის თა----------–--ის 2018 წლის 5 ივნისის №გ01/301/2018 განცხადება (ს.ფ. 51);
- საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2018 წლის 11 ივნისის №8---- წერილი (ს.ფ. 52);
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, სადავო პერიოდში მოქმედი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამასთან, ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის 23 აპრილის №SSG 5------------ და 2018 წლის 11 ივნისის №8---- წერილების სახით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს, ასევე, ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალდებულებასაც ითხოვს მოსარჩელე და რომლითაც განხორციელდება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში არსებულ №0----------- სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალებზე მ--–----------–---–---–ის, მისი ადვოკატების: მა-----------–-–---–ის, ქ-----------–-–---–ის და დამოუკიდებელი ექსპერტის ზა------–------–---–ის ინდივიდუალური დაშვება.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი იცავს სხვათა იდეების მოპოვებას, დამუშავებასა და შემდგომ გადაცემას. ხსენებული მუხლის შესაბამისად, პიროვნებას აქვს იდეების და ცნობების მიღების უფლება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე.
საქართველოს კონსტიტუცია ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის მეტ გარანტიას იძლევა და სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებს, ხელი არ შეუშალოს პიროვნებას ინფორმაციის მიღებაში, არამედ პოზიტიურ ვალდებულებას - გასცეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია. საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ზღუდავს აღნიშნულ უფლებას თუ ინფორმაცია შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში ჩამოთვლილ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
ამდენად, ინფორმაციის თავისუფლებას საქართველოს კონსტიტუცია გამორჩეულ მნიშვნელობას ანიჭებს. დემოკრატიული წესწყობილებისათვის დამახასიათებელია სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების საქმიანობის მაქსიმალური გამჭვირვალობა. სხვადასხვა ოფიციალური დოკუმენტებიდან ინფორმაციის მიღება ექვემდებარება კანონისმიერ მოწესრიგებას. პირად მონაცემებზე უფლება არ არის აბსოლუტური და შეუზღუდავი. ინფორმაციული თვითგამორკვევის უფლება შესაძლებელია შეიზღუდოს საერთო ინტერესებიდან გამომდინარე. გამჭვირვალობის საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, კანონმდებლობით განსაზღვრულია ინფორმაცია, რომლის ღიაობა აღემატება ინფორმაციის გასაიდუმლოების ინტერესს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველი მოქალაქე უფლებამოსილია, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციას, ასევე სახელმწიფო დაწესებულებაში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით („ინფორმაციის თავისუფლება“). აღნიშნული თავის 28-ე მუხლი იმეორებს კონსტიტუციურ ნორმას, რომ საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.
სასამართლო, ასევე, ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ ყველას აქვს უფლება, გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს.
ამავე საკანონმდებლო აქტის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას. აუცილებელი არ არის, განცხადებაში მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი. ამავე კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ. 42-ე მუხლში კი ჩამოთვლილია იმ ინფორმაციათა სახეობანი, რომელთა გასაიდუმლოებაც დაუშვებელია, კერძოდ, 42-ე მუხლის „ნ“ პუნქტში მითითებულია, რომ ყველას აქვს უფლება იცოდეს ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით არ არის მიჩნეული სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებად ან არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს.
ამრიგად, სახელმწიფოში საჯარო ინფორმაციის ღიაობა უზრუნველყოფილია და ღიაობის შეზღუდვა ორ შემთხვევაშია დაშვებული: როდესაც ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული და როდესაც დადგენილი წესით იგი მიეკუთვნება პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას.
თავის მხრივ, საჯარო ინფორმაციის ლეგალურ დეფინიციას იძლევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია. როგორც აღნიშნული მუხლის შინაარსი ცხადყოფს, ადმინისტრაციული კანონმდებლობა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების სუბიექტად საჯარო დაწესებულებას მიიჩნევს მხოლოდ საჯარო დაწესებულებაში დაცულ, აგრეთვე, საჯარო დაწესებულებაში ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაციის მიმართ. საჯარო ინფორმაციის ამგვარი სახით არსებობის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, მის მომთხოვნზე გასცეს იგი სრულყოფილი სახით, მის მიერ არჩეული საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმით.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში არსებულ №0----------- სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალებზე მ--–----------–---–---–ის, მისი ადვოკატების: მა-----------–-–---–ის, ქ-----------–-–---–ის და დამოუკიდებელი ექსპერტის - ზა------–------–---–ის დაშვებას.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან და ინფორმაციის სფეროში მოქმედი საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრინციპებიდან გამომდინარე, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევასთან, დასაიდუმლოებასთან და დაცვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს ქვეყნის თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობათა, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროებში სახელმწიფოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების დასაცავად.
ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური: ა) უზრუნველყოფს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელებას; ბ) ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებს; გ) აკონტროლებს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებას.
სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია არის დამუშავებული ან დამუშავების პროცესში მყოფი ცნობა/ინფორმაცია ან მატერიალური საგანი (მიუხედავად მისი ფორმისა ან ბუნებისა), რომელიც საჭიროებს უნებართვო მოპყრობისაგან დაცვას, შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მონაცემს/ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობათა, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროებში და, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ მოსარჩელის ინტერესის სფეროს წარმოადგენს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებული სახელმწიფო ინფორმაციის შემცველი მასალების გაცნობა. მას შემდეგ, რაც მან ქალაქ თბილისის პროკურატურისაგან მიიღო უარი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არსებულ მასალებს სრულად, მათ შორის, საიდუმლო ნაწილსაც, გაეცნოს თ. მ----–---–---–ის ოჯახის წევრები და ადვოკატები და განემარტა, რომ ამგვარის შესაძლებლობა განიხილებოდა კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ა(ა)იპ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელმა ქ-----------–-–---–მა 2018 წლის 16 მარტს მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. კერძოდ, დადგენილია, რომ მ--–----------–---–---–ის ადვოკატმა ქ-----------–-–---–მა 2018 წლის 16 მარტის №გ----------- განცხადებით მოითხოვა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოეხდინა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილთან კომუნიკაცია და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით, ოჯახის ადვოკატებისთვის: მა-----------–-–---–ისთვის, ქ-----------–-–---–ისთვის და დამოუკიდებელი ექსპერტისთვის - ზა------–------–---–ისთვის თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში არსებულ №0----------- სისხლის სამართლის საქმეში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალების გაცნობაზე თანხმობის გაცემა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის 29 მარტის №S---------------- გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ მისი მოთხოვნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინოს კომუნიკაცია გამოძიების მწარმოებელ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილთან ქ-----------–-–---–ისა და ექსპერტისათვის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალების სრულად გაცნობის მიზნით, სცილდება სამსახურის კომპეტენციას. ამავე გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ მის მიერ სახელმწიფო საიდუმლოებასთან გაცნობა მოთხოვნილი იქნა მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით განსაზღვრული წესის იგნორირებით.
ამდენად, მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ეტაპზე არსებული საქმის მასალების სრულად, მათ შორის, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცნობა, რისთვისაც მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ამასთან, განცხადებით მის მოთხოვნას წარმოადგენდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოეხდინა კომუნიკაცია გამოძიების მწარმოებელ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილთან ადვოკატებისა და ექსპერტისათვის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალების სრულად გაცნობისთვის, ასევე, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით, ოჯახის ადვოკატებისთვის: მა-----------–-–---–ისთვის, ქ-----------–-–---–ისთვის და დამოუკიდებელი ექსპერტისთვის - ზა------–------–---–ისთვის თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში არსებულ №0----------- სისხლის სამართლის საქმეში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალების გაცნობაზე თანხმობის გაცემა.
სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ კანონმდებელი „სახელმწიფო ინფორმაციის შესახებ“ საქართველოს კანონით ერთმანეთისაგან გამიჯნავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცნობასა და სახელმწიფო საიდუმლოებასთან პირის დაშვებას. მითითებული კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცნობა ხდება იმ სახელმწიფო ორგანოს, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა), სადაც ინახება ეს ინფორმაცია, უფლებამოსილი თანამდებობის პირის ან სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორის თანხმობით. ამავე ნორმატიული აქტის მე-3 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვება არის ინფორმაციის გაცნობის საჭიროების გათვალისწინებით, სახელმწიფო ორგანოსათვის/იურიდიული პირისათვის უფლებამოსილების მინიჭება, განახორციელოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობა. ხოლო მე-12 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალურ დაშვებას წარმოადგენს ინფორმაციის გაცნობის საჭიროების გათვალისწინებით, ფიზიკური პირისათვის უფლებამოსილების მინიჭება, განახორციელოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობა.
სასამართლო მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით, ასევე, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების“ შესაბამისად, იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებას მის კომპეტენციასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ კონკრეტულ პირთა მიერ სისხლის სამართლის საქმის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალების გაცნობის მიზნით სამართალდამცავ ორგანოებთან რაიმე სახის კომუნიკაციის დამყარება სცდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილებას. სასამართლო აქვე გაამახვილებს მხარეთა ყურადღებას სასარჩელო მოთხოვნაზე და აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების - ქ. თბილისის პროკურატურის 2018 წლის 3 მარტის №1---------- გადაწყვეტილების, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ--–----------–---–---–ის ადვოკატის, ქ-----------–-–---–ის განცხადება თე-----–-- მ----–---–---–ის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე წარმოებული გამოძიების სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალების გაცნობის თაობაზე განცხადების განხილვის ეტაპზე - კანონიერების შეფასება სცდება განსახილველი დავის საგანს.
რაც შეეხება სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე პირის დაშვებას, სასამართლო განმარტავს, რომ მითითებულ საკითხს არეგულირებს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 და მე-20 მუხლები. კერძოდ, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის და მეორე პუნქტების შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვება გაიცემა იმ სახელმწიფო ორგანოზე, საწარმოზე, დაწესებულებაზე, ორგანიზაციაზე (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა), რომელსაც აქვს ფიზიკური, ტექნიკური და ორგანიზაციული შესაძლებლობა, სათანადოდ მოეპყრას სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, და აქვს ასეთი ინფორმაციის გაცნობის საჭიროება. სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/ იურიდიული პირის დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას, სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის შემოწმების პროცედურის შედეგების გათვალისწინებით, იღებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფი სათანადო ნებართვის გაფორმებით, რომელიც გაიცემა არაუმეტეს 5 წლის ვადით.
მითითებული კანონის მე-20 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად კი, ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვება, შემოწმების პროცედურის შედეგების გათვალისწინებით, მიეცემა ქმედუნარიან, 18 წლის ასაკს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეს. სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის თანხმობის საფუძველზე იღებს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მქონე სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის ხელმძღვანელი. ამ გადაწყვეტილების თაობაზე ეცნობება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის ქვედანაყოფს.
ზემოხსენებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონმდებელი მართალია შესაძლებლად მიიჩნევს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, შემოწმების პროცედურის შედეგების გათვალისწინებით, ქმედუნარიანი, 18 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს მოქალაქისათვის სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალურ დაშვებას, მაგრამ რიგი პროცედურების დაცვით. კერძოდ, სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მქონე სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის ხელმძღვანელი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის თანხმობის საფუძველზე, აუცილებელია ჯერ თავად ამ სახელმწიფო ორგანომ/იურიდიული პირმა მოიპოვოს დაშვება ამგვარ ინფორმაციასთან. ამისთვის კი, როგორც უკვე აღინიშნა, აუცილებელია ამ სახელმწიფო ორგანოს, საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა) ჰქონდეს ფიზიკური, ტექნიკური და ორგანიზაციული შესაძლებლობა, სათანადოდ მოეპყრას სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, და ამავე დროს გააჩნდეს ასეთი ინფორმაციის გაცნობის საჭიროება. სასამართლო ეთანხმება მოპასუხის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ნებისმიერ პირსა თუ სახელმწიფო ორგანოზე დაშვებას ვერ გასცემს ზოგადად, ნებისმიერ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებით და იგი გადაწყვეტილებას იღებს კონკრეტულ ინფორმაციასთან მიმართებაში პირის დაშვება-არ დაშვებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე კი, დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოსაზრება მოპასუხის მხრიდან მათთვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლასთან დაკავშირებით.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საქართველოს საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად კი, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებები არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებას.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი. ამდენად, მოცემულ საქმეზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-3, მე-4, მე-9, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი - თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი - თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მეშვეობით.
მოსამართლე მერი გულუაშვილი