გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/27456-15
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
05 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი - თამთა ბარამიძე
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) - ა------- ფ---–---–--ე
წარმომადგენელი - ი--- ც--–--ე, ო-–-- რ-------–---–ი, ი-----–ი ს-------–-–---–ი
დ----- ს-------–-–---–ი
მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) - შპს ,,ა---–-----------–ი გ--------“
წარმომადგენელი - ე-–---------–---–ი, გ--–---------ე, ზ--------–-------ე
თავდაპირველი სარჩელის დავის საგანი - თანხის დაკისრება
შეგებებული სარჩელის დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს ,,ა---–----------– გ--------ს“ მოსარჩელე ინდ.მეწარმე ა------- ფ---–---–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 30 472.68 ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე შპს ,,ა---–----------– გ--------ს“ მოსარჩელე ინდ.მეწარმე ა------- ფ---–---–--ის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს, გადასახდელი თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სულ 1200 ლარის ოდენობით.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
მოსარჩელე ა------- ფ---–---–--ე წლების მანძილზე მუშაობდა სხვადასხვა არქიტექტურულ და სამშენებლო ფირმებში, ასევე ჰქონდა ურთიერთობა სხვადასხვა ამდაგვარ ფირმებთან, მათ შორის ინდ. მეწარმე ი-----–ი ს-------–-–---–თან. ამჟამად იგი არის მცირე მეწარმე და გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრობლობის შეთანხმება ინდ. მეწარმე ი-----–ი ს-------–-–---–თან და შპს ,,ო----ს“ დირექტორ ო-–-- რ-------–---–თან. 2015 წლის 23 სექტემბერს, მოსარჩელემ ხელშეკრულება გააფორმა შპს ,,ა---–-----------–ი გ------იის“ დირექტორთან მ. არა----–თან, რომლის თანახმად უნდა შეესრულებინა სარემონტო სამუშაოები. აღნიშნულ გ--------სთან ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა ინდ. მეწარმე ი-----–ი ს-------–-–---–საც, ხოლო ხარჯთაღრიცხვა ორივე კომპანიის მიერ შესასრულებელი სამუშაოსთვის შპს ,,ა---–-----------–ი გ------იისთვის“ შეადგინა შპს ,,ო----ს“ დირექტორმა ო-–-- რ-------–---–მა. 2015 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულების თანახმად ინდ. მეწარმე ა------- ფ---–---–--ეს უნდა შეესრულებინა სარემონტო სამუშაოები 430 კვ.მ. ფართზე, რომლის ღირებულება შეადგენდა 60 000 ლარს, საიდანაც ავანსის სახით შპს ,,ა---–-----------–ი გ--------“ გადაურიცხავდა 10 000 ლარს, ხოლო დანარჩენ თანხას ეტაპობრივად და ბოლო 10 000 ლარს სამუშაოს ჩაბარების შემდეგ. 2015 წლის 29 სექტემბერს, შპს ,,ახ--–-ა ქა-------–მა გ--------მ“ მოსარჩელეს ჩაურიცხა 6000 ლარი 10 000 ლარის ნაცვლად. მიუხედავად ამისა, მოსარჩელემ დაიწყო სამუშაოების ჩატარება, მაგრამ მოპასუხემ ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხები არ გადაიხადა, მიუხედავად იმისა, რომ ა------- ფ---–---–--ემ არაერთხელ მოსთხოვა გ------იის ადმინისტრაციას შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება, რაც შეადგენდა 36 472.68 ლარს (საიდანაც 30 472.68 ლარი შეადგენს დავალიანებას, ხოლო 6000 ლარი გადმორიცხულია ავანსის სახით), მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა.
მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ მოპასუხემ მას არათუ არ გადაურიცხა ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა, არამედ უარს აცხადებს იმ თანხების გადახდაზე, რომლის ღირებულების სამუშაოებიც უკვე შესრულებული აქვს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს ,,ა---–-----------–ი გ------იის“ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები არ შეესაბამება სიმართლეს და მოპასუხეს ა------- ფ---–---–--ის მიმართ არანაირი დავალიანება არ გააჩნია. მოსარჩელემ რამდენჯერმე განსხვავებული თანხის გადახდა მოითხოვა დაუსაბუთებლად, ისე რომ არაფერი გაუკეთებია და მეტიც, მხარის მიერ არ მომხდარა არანაირი სამუშაოს შესრულება, რაც თავის მხრივ ავანსის სახით გადახდილი თანხის უკან მოთხოვნის საფუძველია.
2.2. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:
2.2.1. მოპასუხე ინდ. მეწარმე ა------- ფ---–---–--ეს შპს ,,ა---–-----------–ი გ------იის“ სასარგებლოდ დაეკისროს 6000 ლარის გადახდა.
შეგებებული სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
შპს ,,ა---–----------– გ--------ს“ და ინდ. მეწარმე ა------- ფ---–---–--ეს შორის 2015 წლის 23 სექტემბერს დაიდო ხელშეკრულება 60 კალენდარული დღის ვადით, ამავე გ------იის შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებაზე, ჯამური სახელშეკრულებო თანხით 60 000 ლარი. 29.09.2015 წელს გ--------მ ა------- ფ---–---–--ეს ჩაურიცხა ავანსის თანხა 6000 ლარი, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა ავანსის სახით თანხის გადახდას. ხელშეკრულების 3.4 პუნქტის შესაბამისად, ბოლო 10 000 ლარი უნდა ჩარიცხულიყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად ჩაბარების შემდეგ. ინდ. მეწარმე ა------- ფ---–---–--ის მიერ არ შესრულდა გადარიცხული 6000 ლარის ღირებულების სამუშაო. მიუხედავად შპს ,,ა---–-----------–ი გ------იის“ არაერთგზის სიტყვიერი თუ წერილობითი მოთხოვნისა, რომლის საფუძველზეც გ------იის ადმინისტრაცია ითხოვდა 6000 ლარის ხარჯვის ან შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტებს (სასაქონლო ზედნადები ან/და სხვა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ოფიციალური დოკუმენტები), რათა გაფორმებულიყო მიღება-ჩაბარების აქტი და შემდგომ განხორციელებულიყო გადარიცხვა. სამაგიეროდ, 09.11.2015 წელს ინდ. მეწარმე ა------- ფ---–---–--ისგან გ--------ში შევიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც იგი ითხოვდა 24 896.62 ლარის ანაზღაურებას. წერილს თან ერთვოდა მის მიერვე ცალმხრივად შედგენილი გაურკვეველი ცხრილი, სადაც მითითებული ჰქონდა, რომ თითქოსდა მის მიერ სულ შესრულებულია 120 896.62 ლარის ღირებულების სამუშაო და აქედან მას ეკუთვნის 24 895.62 ლარი. შემდგომ 11.12.2015 წელს გამოაგზავნა მეორე შეტყობინება, რომლის საფუძველზეც მოითხოვა 30 472.68 ლარის ანაზღაურება. შეტყობინებას თან ერთვოდა ისევ გაურკვეველი ცხრილი, ამჯერად საერთო თანხით 128 098.71 ლარი.
შეგებებული სარჩელის მოსარჩელემ მიუთითა, რომ ა------- ფ---–---–--ე ითხოვს თანხებს, როდესაც მის მიერ საერთოდ არანაირი სამუშაოები ჩატარებული არ არის. ამასთან, ა------- ფ---–---–--ეს დასაბრუნებელი აქვს ძირითადი თანხა 6000 ლარი.
2.3. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია
2.3.1. მოპასუხე ა------- ფ---–---–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით შეგებებული სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მან შპს ,,ა---–-----------–ი გ------იისგან“ მოითხოვა 24 895.62 ლარის ანაზღაურება იმ ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე, რომელიც თავიდან იყო შეთანხმებული და რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი მშენებლობაზე, ხოლო შემდეგ ინდ. მეწარმე ი-----–ი ს-------–-–---–თან მოხდა შეძენილი მასალის რაოდენობისა და ღირებულების დაზუსტება, ასევე დათვლილი იქნა ის მასალა და მისი ღირებულება, რომელიც არ იქნა გამოყენებული, რამაც გამოიწვია მოთხოვნილი თანხების სხვაობა. აღნიშნულის გათვალისწინებით არ არსებობს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილდეს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 20 ივლისს, შპს ,,ა---–----------– გ--------ს“ და ინდ. მეწარმე ი-----–ი ს-------–-–---–ს შორის დაიდო მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, 60 კალენდარული დღის ვადით.
ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, შესასრულებელი სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 90 000 ლარს და მოიცავდა სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებულ ანაზღაურებას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სახის გადასახადისა და მოსაკრებლის ჩათვლით.
ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, შესრულებული სამუშაო და მისი ნაწილი ჩაითვლებოდა მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. 3.3 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება განხორციელდებოდა შესრულებული სამუშაოს შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. 3.4 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს ავანსის სახით გადაერიცხებოდა 10 000 ლარი ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ სამუშაო დღეში.
ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მხარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1%-ს ოდენობით, ხოლო ვალდებულების ნაწილის შეუსრულებლობის შემთხვევაში ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის 0.1%-ს ოდენობით. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მხარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ნაწილის 0.1%-ს ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 20 ივლისის მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 16-18);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა, რომ 2015 წლის 20 ივლისის ხელშეკრულების ფარგლებში შპს ,,ა---–----------– გ------იის“ მიერ ანაზღაურებული იქნა ი-----–ი ს-------–-–---–ისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 90 000 ლარი სრულად. ასევე, უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი გაფორმებული არ არის შესრულებული სამუშაოების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 20 ივლისის მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 16-18);
- საგადახდო დავალებები (ტომი I, ს.ფ. 133-140);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. 2015 წლის 21 სექტემბერს, შპს ,,ო----ს“ (დირექტორი ო-–-- რ-------–---–ი) და ინდ. მეწარმე ა------- ფ---–---–--ეს შორის დაიდო შეთანხმება ურთიერთთანამშრომლობაზე, რომლის თანახმად, შპს ,,ო----მ“ აიღო ვალდებულება შეედგინა ხარჯთაღრიცხვა ინდ. მეწარმე ა------- ფ---–---–--ისთვის, მის მიერ აღებული, შესასრულებელი შეკვეთის ღირებულების დასადგენად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 21 სექტემბრის შეთანხმება ურთიერთთანამშრომლობაზე (ტომი I, ს.ფ. 74-75);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.4. 2015 წლის 21 სექტემბერს, ინდ. მეწარმე ი-----–ი ს-------–-–---–ს და ინდ. მეწარმე ა------- ფ---–---–--ეს შორის დაიდო შეთანხმება ურთიერთთანამშრომლობაზე, რომლის თანახმად, მხარეთა შეთანხმება მოხდა მათ მიერ აღებული შეკვეთების ფარგლებში საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულებისათვის ურთიერთდახმარების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 21 სექტემბრის შეთანხმება ურთიერთთანამშრომლობაზე (ტომი I, ს.ფ. 76-77);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.5. 2015 წლის 23 სექტემბერს, შპს ,,ა---–----------– გ--------ს“ და ინდ. მეწარმე ა------- ფ---–---–--ეს შორის დაიდო მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა საკუთარი სახსრებით შენობის რეკონსტრუქციის სამუშაოების შესყიდვა, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების სანაცვლოდ. შესასრულებელი სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 60 000 ლარს და მოიცავდა სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებულ ანაზღაურებას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სახის გადასახადისა და მოსაკრებლის ჩათვლით.
ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, შესრულებული სამუშაო ან მისი ნაწილი ჩაითვლებოდა მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. შემსყიდველის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენდა წინამდებარე ხელშეკრულების 6.1 პუნქტში მითითებული პირი. 3.3. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება განხორციელდებოდა შესრულებული სამუშაოს შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში. 3.4 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს, ბოლო 10 000 ლარი გადაერიცხებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად ჩაბარების შემდეგ.
ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, სამუშაო უნდა შესრულებულიყო ხელშეკრულებიდან დადებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 23 სექტემბრის მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 109-111);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.6. 2015 წლის 29 სექტემბერს, ინდ. მეწარმე ა------- ფ---–---–--ეს შპს ,,ა---–-----------–ი გ------იის“ მიერ ანგარიშზე ჩაერიცხა 6000 ლარი, სკოლის შენობის სარემონტო სამუშაოების ნაწილობრივი ჩარიცხვის სახით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი ინდ. მეწარმე ა------- ფ---–---–--ის პირადი ანგარიშიდან (ტომი I, ს.ფ. 19);
- 29/09/2015 წლის საგადახდო დავალება #14-------2 (ტომი I, ს.ფ. 113);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.7. უდავოა, რომ 2015 წლის 23 სექტემბერის შპს ,,ა---–----------– გ--------ს“ და ინდ. მეწარმე ა------- ფ---–---–--ეს შორის არსებული ხელშეკრულების ფარგლებში სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულება ვერ მოხდა, სამუშაოები შეჩერებული იქნა და აღარ გაგრძელებულა. არსებული მდგომარეობით სამუშაოების წარმოება დასრულდა სხვა პირის მიერ და საგანმანათლებო დაწესებულებაში მიმდინარეობს სამუშაო პროცესი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 23 სექტემბრის მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 109-111);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელე ინდ. მეწარმე ა------- ფ---–---–--ის მიერ 2015 წლის 23 სექტემბრის მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, 30 472.68 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოების განხორციელების ფაქტი.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია, მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მის მიერ სარემონტო სამუშაოების განხორციელების შემდეგ, მოპასუხე მხარე არ აფორმებდა მიღება-ჩაბარების აქტებს და მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარდგენილი სამუშაოების ჩამონათვალის და გახარჯული თანხების მითითებით ახორციელებდა თანხების ჩარიცხვას. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ ხელშეკრულება ჯერ გაფორმდა ი-----–ი ს-------–-–---–თან და შემდეგ ა------- ფ---–---–--ესთან, მაგრამ მხარეებისთვის კარგად იყო ცნობილი, რომ ეს იქნებოდა უწყვეტი პროცესი და სამუშაოების ერთიანი ხარჯთაღრიცხვა. ხოლო რაც შეეხება ორი ხელშეკრულების გაფორმებას, ეს წარმოადგენდა მოპასუხე მხარის მოთხოვნას და განხორციელდა დამატებითი ღირებულების გადასახადის თავიდან არიდების მიზნით.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე ა------- ფ---–---–--ის ზემოაღნიშნულ პოზიციას და მიიჩნევს, რომ სადავო ურთიერთობის სამართლებრივი რეგულირების მიზნებისთვის, მნიშვნელოვანია განიმარტოს მხარეთა შორის 2015 წლის 23 სექტემბერს დადებული მომსახურების ხელშეკრულების პირობები. სასამართლოსთვის საგულისხმოა, ხელშეკრულების ფაბულა, რომელშიც მხარეთა ნამდვილი ნება გამოიხატა და არსებული დავაც სწორედ ამ ხელშეკრულების ჭრილში უნდა იქნეს განხილული. 2015 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულების 1.1 პუნქტში მითითებულია, რომ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა საკუთარი სახსრებით შენობის რეკონსტრუქციის სამუშაოების შესყიდვა, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების სანაცვლოდ. 2.1 პუნქტის თანახმად, შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 60 000 ლარს და მოიცავდა სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებულ ანაზღაურებას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სახის გადასახადისა და მოსაკრებლის ჩათვლით. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესრულებული სამუშაო ან მისი ნაწილი ჩაითვლებოდა მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. სასამართლოსთვის საგულისხმოა ის გარემოება, რომ ასეთი მიღება-ჩაბარების აქტები, სამუშაოს ნაწილობრივ ან სრულად შესრულების თაობაზე, საქმეში წარმოდგენილი არ არის. რაც შეეხება საქმეში არსებულ, სხვადასხვა თარიღის ხარჯთაღრიცხვის დამადასტურებელ მტკიცებულებებს და ექსპერტთა დასკვნებს, სასამართლო სადავო სარემონტო სამუშაოების შესრულების დადასტურების მიზნით აღნიშნულ მტკიცებულებებს ვერ დაეყრდნობა, რადგან მხარეებმა ხელშეკრულებით პირდაპირ განსაზღვრეს სამუშაოების შესრულების დადასტურების ფორმა, კერძოდ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება სამუშაოების სრულად ან ნაწილობრივ დასრულების შემდგომ. სასამართლო მით უფრო არ იზიარებს ხარჯთაღრიცხვის ამსახველ დოკუმენტაციას, რადგან ისინი ბუნდოვანია და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას შეიცავს; კერძოდ, 2015 წლის 31 მაისის ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, შესრულებული სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 50 683.12 ლარი და 49 971.09 ლარი. 2015 წლის 23 სექტემბრის ხარჯთაღრიცხვის მიხედვით გაწეული სამუშაოების მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 51 340.80 ლარი. 28.09.2015 წლის ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, გაწეული სამუშაოების ღირებულებამ ჯამში შეადგინა 60 220.86 ლარი. 23.10.2015 წლის ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, გაწეული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 157 611.72 ლარი, 76 677.07 ლარი და 37 716.10 ლარი. ასევე, ხოლო 22.04.2015 წლის ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, შესრულებული სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 90 151.23 ლარი და 40 131.03 ლარი. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ხარჯთაღრიცხვები შედგენილია ცალმხრივად და არ იქა გაზიარებული შემკვეთის მიერ.
აქვე, შპს ,,სა–---------–---------------------------–-------–------ის“ ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, გ-–----ში ,,ა“ მ/რ-ში შპს ,,ა---–-----------–ი გ------იის“ შენობის რეკონსტრუქციის შესრულებულ სამუშაოებზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 83 818 ლარი. ზედმეტად შეძენილი გაუხარჯავი მასალების თანხა შეადგენს 4534.43 ლარს. ადგილზე აღნიშნული მასალები ექსპერტის დათვალიერების შემდეგ არ აღმოჩნდა ობიექტზე.
ასევე, სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 27.02.2017 წლის დასკვნის თანახმად, თბილისში, გ-–----ის ,,ა“ მ/რ-ში, #1-- საჯარო სკოლის მიმდებარედ, კერძო სკოლის მეხუთე სართულზე განხორციელებული რეკონსტრუქცია-დაშენების ღირებულება წარმოდგენილი დოკუმენტაციის და კვლევის შედეგად აღებული მონაცემების გათვალისწინებით შეადგენს 120482.67 ლარს დარიცხვების ჩათვლით, ნაცვლად წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს აქტში (ფორმა #2) დაფიქსირებული 120 482.67 ლარისა. სხვაობა ნაკლებობით შეადგენს 9134.26 ლარს.
ყოველივ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ ხდება კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების გამიჯვნა, მათი დადასტურება. წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვით, ექპერტიზის დასკვნებით არ დასტურდება, თუ კონკრეტულად რომელი ხელშეკრულების (2015 წლის 20 ივლისის თუ 2015 წლის 23 სექტემბრის), ფარგლებში იქნა შესრულებული სამუშაოები. ამასთან, თითოეულ დოკუმენტში მითითებულია განხორციელებულ სამუშაოებზე გახარჯული თანხების რადიკალურად განსხვავებული ოდენობები, შესაბამისად, არ დასტურდება, თუ რა მოცულობის სამუშაოები განახორციელა ინდ. მეწარმე ა------- ფ---–---–--ემ 2015 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში. მეტიც, ციფრობრივი უზუსტობების არსებობის თაობაზე (გაგზავნილი შეტყობინებების შინაარსი) არგუმენტირებულია სწორედ იმით, რომ ი-----–ი ს-------–-–---–თან იქნა გავლილი კონსულტაციები მანამდე მის მიერ შეძენილი პროდუქციის ღირებულებების თაობაზე.
სასამართლო მიუთითებს, რომ მიუხედავად ორივე ხელშეკრულების შესაბამისად ერთი ობიექტის ფარგლებში მსგავსი გასაწევი სამუშაოების წარმოებისა, საქმეზე მოთხოვნის უფლება მოსარჩელე მხარის სწორედ კონკრეტული ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, რაც შესაბამისად, აღნიშნული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების ანაზღაურების მტკიცების ტვირთს აკისრებს მას, რაც წარმოდგენილ შემთხვევაში საქმეზე არსებული და გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 20 ივლისის მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 16-18);
- ამონაწერი ინდ. მეწარმე ა------- ფ---–---–--ის პირადი ანგარიშიდან (ტომი I, ს.ფ. 19);
- ხარჯთაღრიცხვები (ტომი I, ს.ფ. 25; ს.ფ. 29; ს.ფ. 37; ს.ფ. 44; ს.ფ. 47-48; ს.ფ. 54; ს.ფ. 237);
- 2015 წლის 21 სექტემბრის შეთანხმება ურთიერთთანამშრომლობაზე (ტომი I, ს.ფ. 74-75);
- 28.09.2015 წლის ხარჯთაღრიცხვა (ტომი I, ს.ფ. 112);
- 06.11.2015 წლის ხარჯთაღრიცხვა (ტომი I, ს.ფ. 118);
- 05.12.2015 წლის ხარჯთაღრიცხვა (ტომი I, ს.ფ. 120-122; ს.ფ. 171);
- 22.04.2015 წლის ხარჯთაღრიცხვა (ტომი I, ს.ფ. 130-131; ს.ფ. 132);
- ექსპერტის 25/12/2015 წლის დასკვნა (ტომი I, ს.ფ. 160-166);
- ექსპერტის 27/02/2017 წლის დასკვნა (ტომი III, ს.ფ. 4-12);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
3.2.2. სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ინდ. მეწარმე ანდრე ფ---–---–--ის მიერ 2015 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხე შპს ,,ა---–-----------–ი გ------იის“ მიერ ავანსის სახით გადარიცხული 6000 ლარით სარემონტო სამუშაოების წარმოებისათვის შეძენილი იქნა კონკრეტული მასალები.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
წარმოდგენილ შემთხვევაში, მოპასუხე შპს ,,ა---–-----------–ი გ------იის“ წარმომადგენელი მიუთითებს, რომ ინდ. მეწარმე ა------- ფ---–---–--ის მიერ 2015 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელი სარემონტო სამუშაოები არ შესრულებულა, მისი მხრიდან არანაირი მოქმედება არ განხორციელებულა. თუმცა საქმეში წარმოდგენილია სასაქონლო ზედნადებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ავანსის სახით 6000 ლარის გადარიცხვის შემდგომ, გ------იის მისამართზე გარკვეული სახის მასალებია მიტანილი, რაც სასამართლოს უქმნის გონივრული და დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ ინდ. მეწარმე ა------- ფ---–---–--ის მიერ ჩარიცხული თანხის ფარგლებში ვალდებულება შესრულდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადახდო დავალება #14-------2 (ტომი I, ს.ფ. 113);
- სასაქონლო ზედნადებები (ტომი III, ს.ფ. 65-179);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა ინდ. მეწარმე ა------- ფ---–---–--ის სარჩელი და შპს ,,ა---–-----------–ი გ------იის“ შეგებებული სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი და შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 417-418-ე, 629-ე, 630-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
წარმოდგენილ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2015 წლის 23 სექტემბერს, შპს ,,ა---–----------– გ--------ს“ და ინდ. მეწარმე ა------- ფ---–---–--ეს შორის დაიდო მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა საკუთარი სახსრებით შენობის რეკონსტრუქციის სამუშაოების შესყიდვა, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების სანაცვლოდ. შესასრულებელი სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 60 000 ლარს და მოიცავდა სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებულ ანაზღაურებას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სახის გადასახადისა და მოსაკრებლის ჩათვლით.
ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, შესრულებული სამუშაო ან მისი ნაწილი ჩაითვლებოდა მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. შემსყიდველის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენდა წინამდებარე ხელშეკრულების 6.1 პუნქტში მითითებული პირი. 3.3. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება განხორციელდებოდა შესრულებული სამუშაოს შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში. 3.4 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს, ბოლო 10 000 ლარი გადაერიცხებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად ჩაბარების შემდეგ. ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, სამუშაო უნდა შესრულებულიყო ხელშეკრულებიდან დადებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, მოპასუხე შპს ,,ა---–-----------–ი გ------იის“ ადმინისტრაციამ ინდ. მეწარმე ა------- ფ---–---–--ეს ავანსის სახით გადაურიცხა 6000 ლარი. წარმოდგენილ შემთხვევაში თავდაპირველი სარჩელის მოთხოვნა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს საფასურის ანაზღაურებაა, ხოლო შეგებებული სარჩელის მოთხოვნა ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოპასუხე მხარის მიერ არაფერი შესრულებულა (6000 ლარის ფარგლებში), რაც ამ თანხის უკან დაბრუნების საფუძველია. ვინაიდან შეგებებული სარჩელით მოსარჩელე უთითებს მხოლოდ აღნიშნულ გარემოებას და მითითება არ გაკეთებული შესრულებული სამუშაოს მიმართ დაკარგულ ინტერესზე, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით (იხ. გადაწყვეტილების 3.2.2. პუნქტი) შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე, სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, არ დადასტურდა ინდ. მეწარმე ა------- ფ---–---–--ის მიერ ხელშეკრულებით გაწერილი სამუშაოების განხორციელების ფაქტი, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
ვინაიდან, წარმოდგენილ შემთხვევაში, სასამართლომ არ დააკმაყოფილდა ინდ. მეწარმე ა------- ფ---–---–--ის სარჩელი მის მიერ განხორციელებული სარემონტო სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე, ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, ვინაიდან, აღნიშნული მოთხოვნა გამომდინარეობს ძირითადი მოთხოვნიდან და არ აქვს დამოუკიდებელი შინაარსი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ვინაიდან მხარეებს უარი ეთქვათ სარჩელის და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე, მოცემულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 996 ლარის ნაწილი 950.18 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფოს ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო 45.82 ლარი დაუბრუნდეს მოსარჩელეს, როგორც ზედმეტად გადახდილი. ასევე შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 517 ლარის ნაწილი 472 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო 45.00 ლარი უნდა დაუბრუნდეს შეგებებული სარჩელის მოსარჩელეს, როგროც ზედმეტად გადახდილი(შემცირებული მოთხოვნის გათვალისწინებით).
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ვინაიდან, შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 იანვრის შეგებებული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო სს ,,თიბისი ბანკში”, სს ,,აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი საქართველოში”, სს ,,ბანკ რესპუბლიკაში”, სს ,,ბაზისბანკში”, სს ,,ბითიეი ბანკში”, სს ,,საქართველოს ბანკში”, სს ,,ინვესტბანკში”, სს ,,ბანკი ქართუში”, სს ,,ლიბერთი ბანკში”, სს ,,პრივატბანკში”, სს ,,ხალიკ ბანკში”, სს პროკრედიტ ბანკში”, სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯიაში”, სს ,,ეიჩ ეს ბი სი ბანკში” სს ,,ზირაათ ბანკის” თბილისის ფილიალში, სს ,,პროგრეს ბანკში”, სს ,,კორ სტანდარტ ბანკში”, სს ,,ბანკი კონსტანტაში” და სს ,,კავკასიის განვითარების ბანკში”, მოპასუხე ი/მ ა------- ფ---–---–--ის (პ/ნ 0----------) საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს 10 283.50 ლარის ფარგლებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელე ა------- ფ---–---–--ის სარჩელი მოპასუხე შპს ,,ა---–-----------–ი გ------იის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე შპს ,,ა---–-----------–ი გ------იის“ სარჩელი მოპასუხე ა------- ფ---–---–--ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა კოლეგიის 2016 წლის 21 იანვრის შეგებებული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო სს ,,თიბისი ბანკში”, სს ,,აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი საქართველოში”, სს ,,ბანკ რესპუბლიკაში”, სს ,,ბაზისბანკში”, სს ,,ბითიეი ბანკში”, სს ,,საქართველოს ბანკში”, სს ,,ინვესტბანკში”, სს ,,ბანკი ქართუში”, სს ,,ლიბერთი ბანკში”, სს ,,პრივატბანკში”, სს ,,ხალიკ ბანკში”, სს პროკრედიტ ბანკში”, სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯიაში”, სს ,,ეიჩ ეს ბი სი ბანკში” სს ,,ზირაათ ბანკის” თბილისის ფილიალში, სს ,,პროგრეს ბანკში”, სს ,,კორ სტანდარტ ბანკში”, სს ,,ბანკი კონსტანტაში” და სს ,,კავკასიის განვითარების ბანკში”, მოპასუხე ი/მ ა------- ფ---–---–--ის (პ/ნ 0----------) საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს 10 283.50 ლარის ფარგლებში.
4. ა------- ფ---–---–--ეს დაუბრუნდეს დ----- ს-------–-–---–ის მიერ 24/12/2015 წლის №1 საგადახდო დავალებით სს ,,ბანკი რესპუბლიკას“ მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 996.00 ლარის ნაწილი - 45.82 ლარის ოდენობით, რომლიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, ბანკის კოდი TRESGE22.
5. შპს ,,ა---–----------– გ--------ს“ დაუბრუნდეს მის მიერ 11/01/2016 წლის №1452518491 საგადახდო დავალებით სს ,,თიბისი ბანკის“ მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 517.00 ლარის ნაწილი - 45.00 ლარის ოდენობით, რომლიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, ბანკის კოდი TRESGE22.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე