გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/21551-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით 13 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი შესავალი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი
სხდომის მდივანი - თამარ აკობია
მოსარჩელე - სსიპ შ--------–---------------ი
წარმომადგენელი - ლ-–--------–---–ი
მოპასუხე - შპს ,,ე-–------------------–--ი”
წარმომადგენელი - გ--------------, დ----------–-----
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 109 024.23 ლარის ოდენობით.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სარჩელი ს.ფ. 2-18)
1.1.1. 2015 წლის 23 ოქტომბერს მასსა და შპს ,,ო-–-----------ს’’ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1---- ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მის მიერ გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე შპს ,,ო-–-----------მა’’ სგპ ,,ს------–--ს’’ ტერიტორიაზე შეასრულა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც მოეწყო როგორც გასვლის, ასევე შემოსვლის გვირაბში შეკიდული ჭერი;
1.1.2. მოპასუხე შპს ,,ე-–------------------–--ი” წარმოადგენს შპს ,,ო-–-----------ის უფლებამონაცვლეს;
1.1.3. სგპ ,,ს------–--ს’’ მოწყობილ შეკიდულ ჭერზე ხშირია ხარვეზის გამოვლენის ფაქტები და მიუხედავად იმისა, რომ როგორც მოპასუხის, ასევე შპს ,,ო-–-----------ის’’ მიერ რამდენჯერმე ჩატარდა აღდგენითი სამუშაოები, ხარვეზები ამ დრომდე არ გამოსწორებულა და ძლიერი ქარის შემდგომ კვლავ ცვივა შეკიდული ჭერიდან ალუმინის ფილები. აღნიშნული ბოლო ფაქტი დაფიქსირდა 2017 წლის 20 ივნისს სგპ ,,ს------–--ში’’ ამოვარდნილი ქარიშხალის დროს;
1.1.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №0-------- დასკვნის თანახმად, შპს ,,ო-–-----------ის’’ მიერ დამონტაჟებულ ჭერში გამოვლენილი ხარვეზები წარმოიშვა იმის გამო, რომ ჭერის ფილების დამჭერი კონსტრუქცია დეფორმირებულია, კერძოდ იგი გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: ალუმინის საკიდი დეტალები ისეა მოწყობილი, რომ ვერ უზრუნველყოფს კონსტრუქციის შესაბამის სიხისტეს (რათა თავის მხრივ უზრუნველყოფილ იქნეს ალუმინის პროფილის მდგრადობა). ალუმინის კონსტრუქციის დეფორმაციის შედეგად კი ხდება ფილების პროფილებისგან დაშორება, რაც იწვევს ჭერიდან ფილების ცვენას;
1.1.5. მოპასუხეს არაერთხელ ეცნობა, რომ საბაჟოს შეკიდული ჭერის სამუშაოებს, ისევე როგორც აღდგენით სამუშაოებს, აღენიშნება დეფექტი, თუმცა იგი უარს აცხადებს აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრაზე;
1.1.6. მოპასუხის მიერ სამუშაოს არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოს გამო მისთვის მიყენებული ზიანი შეადგენს 109 024.23 ლარს, საიდანაც 200 ლარი არის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის ღირებულება, 8 069.37 ლარი არის შეკიდული ჭერის სადემონტაჟო სამუშაოების ღირებულება, ხოლო თავად შეკიდული ჭერის თავიდან მოწყობის ღირებულება შეადგენს 100 754.86 ლარს;
1.1.7. ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს მხარეთა მიერ შეთანხმებული ნაკლის აღმოფხვრის ინდივიდუალური წესი საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში წარმოადგენს 3 წელს სარემონტო სამუშაოებზე და 5 წელს გადახურვით სამუშაოებზე, რომელიც აითვლება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების დღიდან. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აანაზღაუროს ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ან გამოვლენილი შესრულებული სამუშაოს ხარვეზები, ხოლო თუ აღნიშნული საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს ხარვეზის აღმოფხვრას, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს;
1.1.8. ობიექტის დანიშნულებიდან, სამსახურისა და ქვეყნის იმიჯის დაცვის ვალდებულებიდან, საბაჟო პროცედურების უწყვეტი განხორციელების პრინციპიდან და უსაფრთხო გარემოს შექმნის აუცილებლობიდან გამომდინარე, სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს შეკიდული ჭერის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული უნდა განხორციელდეს მათი ბიუჯეტიდან ტენდერის გამოცხადების გზით, ხოლო გაწეული ხარჯების ანაზღაურება უნდა მოეთხოვოს მოპასუხეს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი.
შესაგებლის საფუძვლები (შესაგებელი, დაზუსტებული შესაგებელი ს.ფ.145-155; 192-205)
2.1.1.მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ხარვეზები გამოწვეულია იმით, რომ ალუმინის საკიდი დეტალები ისეა მოწყობილი, რომ ვერ უზრუნველყოფს კონსტრუქციის შესაბამის სიხისტეს (რათა თავის მხრივ უზრუნველყოფილ იქნეს ალუმინის პროფილის მდგრადობა). ალუმინის კონსტრუქციის დეფორმაციის შედეგად კი ხდება ფილების პროფილებისგან დაშორება, რაც იწვევს ჭერიდან ფილების ცვენას. აღნიშნული პრობლემა წარმოადგენს არქიტექტურულ -კონსტრუქციულ გადაწყვეტასთან დაკავშირებულ პრობლემას, რომლის მოგვარებაზეც იგი არ არის პასუხისმგებელი;
2.1.2. მისი ნებისმიერი მცდელობა აღმოფხვრას ხარვეზი, იქნება უშედეგო, ვინაიდან თუ სამუშაო შესრულდება არსებული პროექტით და კონსტრუქციებით, კვლავ იარსებებს იგივე ხარვეზები შემდეგ გარემოებათა გამო: 1. ობიექტის არქიტექტურული პროექტის მომზადება და გაანგარიშება არ არის მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება; 2. მას არ ჰქონდა ფაქტობრივი და სამართლებრივი შესაძლებლობა შეემოწმებინა პროექტის კონსტრუქციების გადაწყვეტილების მართებულობა; 3. მან სამუშაოები შეასრულა შემკვეთის - მოსარჩელის მიერ სპეციალურად დანიშნული ზედამხედველის მითითებების მიხედვით; 4. მან თავისი ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, რის შესახებაც არსებობს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები და სარეკომენდაციო წერილი;
2.1.3. სამუშაოების კონსტრუქციული ნაწილი მომზადებულია მოსარჩელის მიერ. მის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე, მასთან ხელშეკრულების დადებამდე, მოსარჩელეს გამოცხადებული ჰქონდა №S----------- ტენდერი. სამუშაოთა იდენტურობა დასტურდება CVP კოდით და დასახელებით. სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად ასევე მომზადებული და ოფიციალურ ვებ გვერდზე ატვირთული იყო კონსტრუქციები, კონსტრუქციული ნაწილი, რომლის ავტორიცაა კონსტრუქტორი დ. ა--–--ე. ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით, ვინაიდან პრეტენდენტებმა ვერ შეძლეს სატენდერო წინაპირობების დაკმაყოფილება, თუმცა სადავო არაა, რომ ტენდერი გამოცხადებული იყო იგივე სამუშაოზე და სატენდერო დოკუმენტაციის გარდა ცალკე არსებობდა შესასრულებელი სამუშაოების კონსტრუქციული ნაწილი;
2.1.4. ტენდერის უარყოფითი შედეგის დასრულების შემდეგ მოსარჩელემ გადაწყვიტა ხელშეკრულების გაფორმება შპს ,,ო-–-----------თან’’, თუმცა გაუგებარია, რატომ არ უზრუნველყო მოსარჩელემ მისთვის პროექტის კონსტრუქციული ნაწილის მიწოდება და რატომ ჩათვალა რომ საკმარისი იქნებოდა მხოლოდ ზედამხედველის ზეპირი მითითება. ამასთანავე, გაუგებარია რატომ ჩათვალა მოსარჩელემ რომ იდენტური სამუშაოების შესასრულებლად ერთ შემთხვევაში შემსრულებლისათვის აუცილებელი იყო კონსტრუქციული ნაწილის არსებობა, ხოლო შპს ,,ო-–-----------თან’’ დადებული ხელშეკრულების გაფორმებისას კი არა;
2.1.5. აღნიშნული ცხადად და ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ მის ვალდებულებას არ წარმოადგენდა სამუშაოების კონსტრუქციული ნაწილის მომზადება, იგი მომზადებული იყო დამოუკიდებელი კონსტრუქტორის მიერ. შესაბამისად, იგი არ შეიძლება პასუხისმგებელი იყოს ნებისმიერ ზიანზე ან/და ზარალსა და დანახარჯზე, რაც მოსარჩელეს წარმოეშვა და რაც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება შესრულებული სამუშაოების კონსტრუქციული ნაწილის არსებობა/არარსებობას და კონკრეტული კონსტრუქციული გადაწყვეტის მართებულობას;
2.1.6. მას ხარვეზების აღმოფხვრაზე უარი არასოდეს განუცხადებია და მიუხედავად იმისა, რომ ხარვეზების აღმოფხვრა მის სამართლებრივ ვალდებულებას არ წარმოადგენდა, მან რამდენჯერმე ჩაატარა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, კონტრაჰენტისადმი პარტნიორული დამოკიდებულებისა და საკუთარი რეპუტაციის გაფრთხილების გამო;
2.1.7. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას და სადავო არ არის მის მიერ შესრულებული მასალების ხარისხი და მის მიერ სამშენებლო ტექნოლოგიის დარღვევა. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოება კი გულისხმობს კონსტრუქციული სამუშაოების ნაკლოვანებას, რომლის შესრულების ვალდებულებაც მას ხელშეკრულებით არ უკისრია;
2.1.8. სამუშაოს ნაკლის პრობლემა სწორედ კონსტრუქციული გადაწყვეტაშია და არა მის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხში;
2.1.9. გაუგებარია, როგორ და რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაიანგარიშა მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული თანხა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.2015 წლის 23 ოქტომბერს მოსარჩელეს, როგორც შემსყიდველს, და შპს ,,ო-–-----------ს’’, როგორც მიმწოდებელს, შორის დაიდო №1---- ხელშეკრულება სგპ ,,ს------–--ს’’ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.
ხელშეკრულების საგნად 2.1. პუნქტის თანახმად განისაზღვრა, რომ წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე, მიმწოდებელი კისრულობს ვალდებულებას მიაწოდოს შემსყიდველს სგპ ,,ს------–--ს’’ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები (C---------- – კაპიტალური რემონტი (შეკეთება) და რეკონსტრუქცია), ხოლო შემსყიდველი კისრულობს ვალდებულებას, საექსპერტო დაწესებულების მიერ შესრულებული სამუშაოების დადასტურების შემდეგ, მიიღოს შესრულებული სამუშაო და უზრუნველყოს ანგარიშსწორება, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისიწინებული შესყიდვის საერთო ღირებულება (შესყიდვის ფასი) შეადგენს 892 490.92 ლარს.
ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად მისაწოდებელი სამუშაოს დეტალური ჩამონათვალი, განფასებები და ხარჯთაღრიცხვა მოცემულია ხელშეკრულების დანართში, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, მისაწოდებელი სამუშაოს დეტალური ჩამონათვალი/ხარჯთაღრიცხვა, სარემონტო სამუშაოების სპეციფიკა მოცემულია ხელშეკრულების დანართში, რომლებიც წარმოადგენენ წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, ხელშეკრულების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე, შემსყიდველი ახორციელებს კონტროლს. ხელშეკრულების მიმდინარეობის კონტროლის მიზანს წარმოადგენს სამუშაოს მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ამავე მუხლის 6.3. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შესრულების კონტროლს ახორციელებენ სამუშაოთა ზედამხედველი - სსიპ შ--------–---------------ის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ი-----------------------------------ის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი - გ-----------–--ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება, დანართი №1 (ს.ფ. 19-25; 26-42)
3.1.2. მოსარჩელეს და შპს ,,ო-–-----------ს’’ შორის 2015 წლის 23 ოქტომბერს გაფორმებული №1---- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მიმწოდებლის მიერ შესრულებული 780 073.57 ლარის ღირებულების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შემსყიდველის მიერ მიღებაზე, 2015 წლის 29 დეკემბერს შედგა მიღება-ჩაბარების აქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოხსენებითი ბარათი, საგადასახადო ანგარიშფაქტურა, მიღება-ჩაბარების აქტი, შესრულებული სამუშაოს აქტი (ს.ფ. 43-65)
- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 66-70)
3.1.3. შპს ,,ო-–-----------ის’’ 2016 წლის 15 მარტის პარტნიორთა კრების ოქმის თანახმად, შეიცვალა შპს ,,ო-–-----------ის’’ საფირმო სახელწოდება და მის ახალ სახელწოდებად განისაზღვრა შპს ,,ე-–------------------–--ი’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერი, განცხადებები, კრების ოქმი (ს.ფ. 94-101)
3.1.4. 2016 წლის 13 მაისის, 2016 წლის 16 სექტემბრის, 2017 წლის 13 იანვრის, 2017 წლის 31 იანვრის, 2017 წლის 14 მარტის და 2017 წლის 09 ივნისის წერილობითი მიმართვებით, მოპასუხეს მოსარჩელის მიერ ეცნობა სგპ ,,ს------–--ში’’ 2015 წლის 23 ოქტომბერის ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების თაობაზე და ამასთანავე, მას თითოეულ შემთხვევაში განესაზღვრა ვადა გამოვლენილი ხარვეზების საკუთარი ხარჯების აღმოფხვრისთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიმართვები (ს.ფ. 76-79; 81-82; 72)
3.1.5. შპს ,,ე-–------------------–--ის’’ 2016 წლის 05 ოქტომბრის, 2017 წლის 23 იანვრის, 2017 წლის 14 თებერვლისა და 2017 წლის 16 მარტის მიმართვებით, მოსარჩელეს განემარტა, რომ ხარვეზები გამოვლენილი იყო იმ ნაწილში, სადაც სამუშაოები შესრულდა პროექტის გარეშე - ზედამხედველის მითითებით. შესაბამისად, გამოვლენილი ხარვეზები არ გამომდინარეობდა მოპასუხის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისგან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიმართვები (ს.ფ. 89-93)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 მარტის №0-------- ექპერტიზის დასკვნის თანახმად, სსიპ შ--------–---------------ის სგპ ,,ს------–--ს’’ ტერიტორიაზე ავტომობილებისათვის განკუთვნილ გასასვლელების (ე.წ. გეითი) შეკიდული ჭერის ფილების დამჭერი კონსტრუქცია დეფორმირებულია და ჭერის ფილები რიგ მონაკვეთებზე დეფორმირებულია (განმარტებით ჩამოცვენილია), რაც გამოწვეულია შემდეგი გარემოებით: ფილების დამჭერი ალუმინის პროფილების საკიდი დეტალები ისეა მოწყობილი, რომ ვერ უზრუნველყოფს კონსტრუქციის შესაბამის სიხისტეს, რათა უზრუნველყოფილ იქნას ალუმინის პროფილების მდგრადობა, ალუმინის კონსტრუქციის დეფორმაციის შედეგად კი ხდება ფილების პროფილებისგან დაშორება, რაც იწვევს ფილების ჭერიდან ცვენას, ამასთან, ჭერის დაზიანების შემდგომში თავიდან აცილების მიზნით უნდა მოხდეს მოწყობილი შეკიდული ჭერის კონსტრუქციის დემონტაჟი და სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით ჭერის თავიდან მოწყობა, კერძოდ, უნდა მოხდეს მზიდი კონსტრუქციის გაანგარიშება წონაზე, ხოლო თუ ვინ და როდის უნდა აწარმოოს აღნიშნული სამუშაოები, ამას არეგულირებს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 83-88)
3.2.2. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ 2015 წლის 23 ოქტომბერის №1---- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადაცემული იყო შესასრულებელი სამუშაოს კონსტრუქციული ნაწილის პროექტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა, მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპი, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომლის შეუსრულებლობას უკავშირდება ამავე მხარისთვის არახელსაყრელი შედეგი. ეს დანაწესი გამომდინარებს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ასევე ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია (იხ. სუსგ, საქმე №ას-1003-964-2016).
დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების - C---------- - კაპიტალური რემონტის (შეკეთება) და რეკონსტრუქციის შესრულება. წარმოდგენილი ხელშეკრულება არ ითვალისწინებს შეთანხმებას შესასრულებელი სამუშაოს სხვა რაიმე დამატებით მახასიათებლების ან თუნდაც წინასწარ გათვალისწინებული კონსტრუქციის შესასრულებლად შედგენილი პროექტის შესახებ მითითებას.
განსახილველ შემთხვევაში სადავო არაა ის გარემოება, რომ სგპ ,,ს------–--ში’’ ჩატარებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შედეგად გამოვლენილია გარკვეული ხარვეზები. მხარეთა შორის მთავარი სადავო გარემოებაა, წარმოადგენს თუ არა მოპასუხე ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს. მოპასუხის მითითებით, მოსარჩელის მიერ არ ყოფილა გადაცემული შესასრულებელი სამუშაოს კონსტრუქციული პროექტი, იგი სამუშაოს ასრულებდა ზედამხედველის მითითებით და მისთვის მხოლოდ დავის განმავლობაში გახდა ცნობილი, რომ ამ შესასრულებელ სამუშაოზე სსიპ შ--------–---------------ის მიერ გამოცხადებული იყო ტენდერი, რომელიც შეიცავდა დანართის სახით მომზადებული კონსტრუქციის პროექტზე მითითებას, თუმცა აღნიშნული სამუშაოს კონსტრუქციის პროექტი 2015 წლის 23 ოქტომბრის ხელშეკრულებით მხარეთა შორის შეთანხმებული არ ყოფილა და მის მიერ სამუშაოები შესრულებულია მხოლოდ ზედამხედველის მითითებითა და მეთვალყურეობით. მის მიერ სამუშაოების ჯეროვნად და ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით შესრულება კი დასტურდება მხარეთა შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტით.
საქმის მასალებში წარმოდგენილია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წლის 12 დეკემბერს შედგენილი ფაქტების კონსტანტაციის ოქმი (ს.ფ. 206-221), რომლის თანახმადაც დასტურდება, რომ სსიპ შ--------–---------------ის მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზე 2015 წლის 01 აგვისტოდან - 2015 წლის 24 აგვისტომდე გამოცხადებული იყო ელექტრონული ტენდერი S----------- სგპ ,,ს------–--ში’’ ჩასატარებელი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესახებ. აღნიშნული ტენდერი დასრულებულია უარყოფითი შედეგით. აღნიშნული ელექტრონული ტენდერის თანდართული დოკუმენტაციის ჩამონათვალი შეიცავს მითითებას და მიმაგრებულია ფაილი ს------–--ს კონსტრუქციის შესახებ.
გარდა აღნიშნულისა, საქმის მასალებში წარმოდგენილია ასევე სსიპ შ--------–---------------ის მიერ გაცემული 2015 წლის 01 აგვისტოს გამოცხადებული ტენდერის დოკუმენტაცია (ს.ფ.223-281), რომლის თანახმადაც, აღნიშნული ტენდერის ფარგლებში 2014 წელს მომზადებული იყო სგპ ,,ს------–--’’ გეითების გადახურვის კონსტრუქციული ნაწილის პროექტი. უშუალოდ ელექტრონული ტენდერის დოკუმენტაცია კი შეიცავდა ჩამონათვალს ტექნიკური დოკუმენტაციისა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფორმის თაობაზე.
შესაბამისად, აღნიშნული წერილობითი დოკუმენტების სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად დასტურდება, რომ სსიპ შ--------–---------------ის მიერ ჯერ კიდევ შპს ,,ო-–-----------თან’’ დადებული ხელშეკრულებამდე, იდენტურ სამუშაოზე მის მიერ გამოცხადებული იყო ტენდერი და აღნიშნული ტენდერის საფუძველზე გამარჯვებულ პირს სამუშაო უნდა შეესრულებინა წინასწარ მომზადებული კონსტრუქციული ნაწილის პროექტის შესაბამისად. როგორც აღინიშნა, მხარეთა შორის ხელშეკრულება არ შეიცავს მითითებას სამუშაოს რაიმე პროექტის თანახმად შესრულების შესახებ. დადგენილია, რომ ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, ხელშეკრულების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე, შემსყიდველი ახორციელებს კონტროლს. ხელშეკრულების მიმდინარეობის კონტროლის მიზანს წარმოადგენს სამუშაოს მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ამავე მუხლის 6.3. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შესრულების კონტროლს ახორციელებს სამუშაოთა ზედამხედველი - სსიპ შ--------–---------------ის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ი-----------------------------------ის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი.
სასამართლო მიუთითებს, რომ წარმოდგენილი სარჩელის, მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებების სადავოდ გახდისა და წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულების გათვალისწინებით, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხისთვის ცნობილი იყო შესასრულებელი სამუშაოს კონსტრუქციული ნაწილის პროექტის შესახებ და მოპასუხეს გადაცემული ჰქონდა შესასრულებელი პროექტი, ეკისრებოდა მოსარჩელეს, თუმცა მის მიერ არ განხორციელებულა აღნიშნული გარემოების კვალიფიციური მტკიცება. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მისთვის უცნობია გადაეცა თუ არა მოპასუხეს აღნიშნული კონსტრუქციის პროექტი. აღნიშნული გარემოება არ დასტურდება ასევე საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით, უპირველესად მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, რომელიც მათ შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისა და ამჟამად ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის წარმოდგენის საფუძველია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ 2015 წლის 23 ოქტომბერის №1---- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადაცემულია შესასრულებელი სამუშაოს კონსტრუქციული ნაწილის პროექტი.
3.2.3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ არ ეკისრება ზიანის - 109 024.23 ლარის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის პრეტენზია ზიანის ანაზღაურებაში მდგომარეობს, რაც მისი მოსაზრებით, განპირობებულია მენარდის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით/არაჯეროვანი შესრულებით. შემკვეთის პრეტენზიას მენარდე არ იზიარებს და თავის შედავებას ხელშეკრულების ჯეროვან შესრულებაზე და ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის მის მიმართ დაკმაყოფილების გამომრიცხველ გარემოებებზე მიუთითებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია სახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურება, რომელიც რეგულირებულია სსკ-ის 408-ე მუხლით, რომლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება (იხ., სუსგ №ას-52-47-2015, 27 მარტი, 2015 წელი).
სასამართლო მიუთითებს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა სახეზეა იმ შემთხვევაში, როდესაც ირღვევა მხარეთა მიერ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მხედველობაშია მისაღები ვალდებულების დარღვევის ხასიათი და მხარეთა ინტერესი ვალდებულების შესრულებისადმი. სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის.
ამასთან, ზემოაღნიშნულ ნორმათა თანახმად, სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე Nას-191-183-2016).
შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისას სასამართლოს კვლევის საგანია აღნიშნული ელემენტების ერთობლიობაში არსებობის ფაქტის დადგენა. თუმცა, უპირველესად, აუცილებელია დასტურდებოდეს რომ მოპასუხე - პირი, ვის მიმართაც არის წარმოდგენილი სარჩელი, წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე წარმოდგენილ სარჩელზე პასუხისმგებელ პირს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 მარტის №0-------- ექპერტიზის დასკვნის თანახმად, სსიპ შ--------–---------------ის სგპ ,,ს------–--ს’’ ტერიტორიაზე ავტომობილებისათვის განკუთვნილ გასასვლელების (ე.წ. გეითი) შეკიდული ჭერის ფილების დამჭერი კონსტრუქცია დეფორმირებულია და ჭერის ფილები რიგ მონაკვეთებზე დეფორმირებულია (განმარტებით ჩამოცვენილია), რაც გამოწვეულია შემდეგი გარემოებით: ფილების დამჭერი ალუმინის პროფილების საკიდი დეტალები ისეა მოწყობილი, რომ ვერ უზრუნველყოფს კონსტრუქციის შესაბამის სიხისტეს, რათა უზრუნველყოფილ იქნას ალუმინის პროფილების მდგრადობა, ალუმინის კონსტრუქციის დეფორმაციის შედეგად კი ხდება ფილების პროფილებისგან დაშორება, რაც იწვევს ფილების ჭერიდან ცვენას, ამასთან, ჭერის დაზიანების შემდგომში თავიდან აცილების მიზნით უნდა მოხდეს მოწყობილი შეკიდული ჭერის კონსტრუქციის დემონტაჟი და სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით ჭერის თავიდან მოწყობა, კერძოდ, უნდა მოხდეს მზიდი კონსტრუქციის გაანგარიშება წონაზე, ხოლო თუ ვინ და როდის უნდა აწარმოოს აღნიშნული სამუშაოები, ამას არეგულირებს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.
სასამართლოს მიერ ექსპერტიზის დასკვნის შეფასება გულისხმობს, თავდაპირველად, ექსპერტიზის დასკვნის შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ, საქმე №ას-535-501-2017). ამასთან, ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას (იმდენად, რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება), ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში (იხ. სუსგ, საქმე №ას-406-383-2014). ამასთანავე, ექსპერტის დასკვნა კრიტიკულად უნდა შეფასდეს, როგორც ცალკე აღებული, ასევე საქმეზე მოპოვებულ ყველა სხვა მტკიცებულებასთან ერთობლიობაში (იხ. სუსგ, საქმე №ას-633-966-07).
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ეთანხმება მოპასუხის პოზიციას და იზიარებს, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა გამოვლენილი ხარვეზების მიზეზად ცალსახად მიიჩნევს კონსტრუქციული ნაწილის გაუმართაობას, ვინაიდან მითითებულია, რომ აუცილებელია კონსტრუქციის დემონტაჟი და მისი ხელახლა მოწყობა სწორედ მას შემდეგ, რაც მოხდება მზიდი კონსტრუქციის გაანგარიშება წონაზე.
შესაბამისად, მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევას ადგილი ექნებოდა, იმ შემთხვევაში თუ დადგინდებოდა, რომ მხარეთა შეთანხმებით მოპასუხე ვალდებული იყო სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განეხორციელებინა კონკრეტული კონსტრუქციული პროექტის მიხედვით და მან იგი არ შეასრულა.
განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ ხელშეკრულების საგანზე ჩასატარებელი სამუშაოების თაობაზე ჯერ კიდევ 2014 წელს, მოპასუხესთან ხელშეკრულების დადებამდე, მოსარჩელეს ჰქონდა კონსტრუქციული ნაწილის პროექტი. თუმცა, საქმის მასალებით არ დადასტურდა ის გარემოება, რომ 2015 წლის 23 ოქტომბერის №1---- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადაცემულია შესასრულებელი სამუშაოს კონსტრუქციული ნაწილის პროექტი. შესაბამისად, არ დასტურდება, რომ მოპასუხის მიერ შესრულება განხორციელებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის დარღვევით. უშუალოდ მენარდის მიერ განხორციელებული სამუშაო (მაგ.გამოყენებული მასალა და სხვა) და მისი მახასიათებლები კი სადავო არაა წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად. შესაბამისად, გამოვლენილი ხარვეზი დაკავშირებულია ისეთ მახასიათებელთან, კერძოდ, კონსტრუქციულ ნაწილთან, რომლის შესაბამისადაც უნდა მოხდეს მზიდი კონსტრუქციის წონაზე გაანგარიშება, რომლის შესრულების ვალდებულებაც მოპასუხეს ხელშეკრულებით არ უკისრია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ არ ეკისრება ზიანის - 109 024.23 ლარის ანაზღაურება.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ არ არსებობს ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 394-ე, 408-ე, 629-ე, 639-ე, 641-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის 2015 წლის 23 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულებით წარმოშობილია ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
6.2. საქმის მასალების თანახმად, მოპასუხის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი ემყარება სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევას, კერძოდ მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისგან ზიანის ანაზღაურებას - 109 024.23 ლარის გადახდას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
იმ საკითხის დადებითად გადაწყვეტა, საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის: უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას; მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს იმის შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას).
სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსკ-ის მე-4 მუხლი). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ ფაქტობრივად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას (სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები), რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, აღნიშნული განეკუთვნება სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს, რომლის განხორციელებისას სასამართლო არ არის შეზღუდული მოსარჩელის მითითებებით. სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 639-ე მუხლის თანახმად, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა. 641-ე მუხლის თანახმად, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს. ხოლო თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.
განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დგინდება, რომ ნაკეთობის ნაკლოვანების საფუძველია კონსტრუქციული ნაწილის არასწორად მოწყობა, კერძოდ აუცილებელია მზიდი კონსტრუქციების გაანგარიშება წონაზე. უშუალოდ მენარდის მიერ განხორციელებული სამუშაოს ხარისხი სადავო არ გამხდარა და მხარეთა შორის შედგენილია სამუშაოს დასრულებასა და შემკვეთის მიერ მის მიღებაზე მიღება-ჩაბარების აქტი. მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დამტკიცება, რომ კონსტრუქციული ნაწილის პროექტი გადაცემული ჰქონდა მოპასუხეს და იგი ვალდებული იყო ამ პროექტის საფუძველზე განეხორციელებინა სამუშაოები. აყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე კი სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ არ ეკისრება ზიანის - 109 024.23 ლარის ანაზღაურება, შესაბამისად არ არსებობს ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
გარდა აღნიშნულისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ ზიანის ოდენობის მტკიცების ტვირთი სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარე მოსარჩელეს ეკისრება. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სადავო გახადა სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული თანხის ოდენობა და მიუთითა, რომ არ დასტურდებოდა საიდან გამომდინარეობდა და რის საფუძველზე იყო დაანგარიშებული ზიანის ოდენობა. წარმოდგენილი სარჩელის სამართლებრივ დასაბუთებაში მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ სამუშაოს არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოს გამო მისთვის მიყენებული ზიანი შეადგენს 109 024.23 ლარს, საიდანაც 200 ლარი არის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის ღირებულება, 8 069.37 ლარი არის შეკიდული ჭერის სადემონტაჟო სამუშაოების ღირებულება, ხოლო თავად შეკიდული ჭერის თავიდან მოწყობის ღირებულება შეადგენს 100 754.86 ლარს. შედავების მიუხედავად მოსარჩელეს არ განუხორციელებია კვალიფიციური მტკიცება ზიანის ოდენობის დასადასტურებლად, თუმცა სასამართლო არსებითად არ მსჯელობს ამ საკითხზე ვინაიდან მის მიერ დადგენილია უმთავრესი გარემოება - მოპასუხეს არ ეკისრება ზიანის ანაზღაურების თაობაზე პასუხისმგებლობა, რაც არსებითია ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე არ არსებობს ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამასთან, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის საფუძველი.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, უნდა გაუქმდეს სარჩელზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებება (ს.ფ. 137-141).
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ შ--------–---------------ის სარჩელი მოპასუხე შპს ,,ე-–------------------–--ის” მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე შპს ,,ე-–------------------–--ს’’ (საიდენტიფიკაციო კოდი 2--------) აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული შემდეგი უძრავ ქონებების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა:
- ქალაქი თბილისი, ს-----–----------------–------ (ხ--------ვის ქუჩა), უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №0---------------);
- გ----------------–---ი, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: №8-----------);
- ქალაქი თბილისი, მ---–----–-–---–---------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: №0-------------------------;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა ჯანხოთელი