გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.11.2018
საქმის ნომერი
330210018002499563
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
16.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/35116-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მადი ჩანტლაძე

სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი

მოსარჩელე - სს „ლი------------ი“

წარმომადგენელი - ნი----------–---–ი

მოპასუხე - ვახ-------------ე

დავის საგანი - საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე ვახ-------------ისათვის მოსარჩელე სს „ლი------------ის“ სასარგებლოდ 9 824,01 ლარის გადახდის დაკისრება, სადაც ძირი თანხაა 6 423,71 ლარი, პროცენტი - 1 450,30 ლარი და პირგასამტეხლო - 200,00 ლარი.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა მოითხოვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

 

სარჩელში განმარტებულია, რომ სს „ლი------------სა“ და ზა----------ას შორის 2014 წლის 02 ივნისს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №0--------------, რომლის მიხედვით, გაიცა კრედიტი 10 800,00 ლარით, კრედიტის მოქმედების ვადა - 2018 წლის 04 ივნისამდე, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 15%, პირგასამტეხლო - 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებელს ვალდებულება უნდა შეესრულებინა ხელშეკრულების გრაფიკის შესაბამისად, რაც მოპასუხემ გაარღვია 2016 წლის 02 ივნისიდან.

 

2014 წლის 02 ივნისს ბანკსა და ვახ-------------ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ იკისრა სოლიდარული პასუხიმგებლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. თავდებობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 14 438,22 ლარი.

 

2017 წლის 21 ნოემბრის მდგომარეობით მსესხებლის დავალიანება №0-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 9 824,01 ლარს, სადაც ძირი თანხაა 6 423,71 ლარი, პროცენტი - 1 450,30 ლარი და პირგასამტეხლო - 1 950,00 ლარი.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, პირგასამტეხლოს ოდენობა შეამცირა 1750,00 ლარით (იხ, 2018 წლის 19 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:19:41).

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და ცნო სასარჩელო მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში (ს.ფ. 35). მოპასუხემ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, რაც უნდა შეამციროს სასამართლომ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. სს „ლი------------სა“ და ზა----------ას შორის 2014 წლის 02 ივნისს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №0--------------, რომლის მიხედვით, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 10 800,00 ლარით, კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 04 ივნისამდე, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 15%, პირგასამტეხლო - 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მსესხებელმა იკისრა ვალდებულება გადაეხადა თანხა ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით, 2014 წლის 02 ივლისიდან 2018 წლის 04 ივნისის ჩათვლით.

 

სადავო არ არის გარემოება იმის, შესახებ მსესხებელმა თანხა აითვისა.

 

სასამართლო ემყარება შემდგომ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3).

საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №0-------------- (ს.ფ. 15-20).

ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 135-140).

 

3.1.2. 2014 წლის 02 ივნისს სს „ლი------------სა“ და ზა----------ას შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის №0-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით 2014 წლის 02 ივნისს სს „ლი------------სა“ და ვახ-------------ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება №0---------------1, რომლის მიხედვით, თავდებმა ბანკის წინაშე იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად.

 

თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 14 438,22 ლარით.

 

სასამართლო ემყარება შემდგომ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3).

თავდებობის ხელშეკრულება №0---------------1 (ს.ფ. 21-22).

 

3.1.3. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 3.4 პუნქტისა და თავდებობის ხელშეკრულების 5.3 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებით მიღებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №0-------------- (ს.ფ. 15-20).

თავდებობის ხელშეკრულება №0---------------1 (ს.ფ. 21-22).

 

3.1.4. 2014 წლის 02 ივნისს გაფორმებული საბანკო კრედიტის №0-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2017 წლის 21 ნოემბრის მდგომარეობით, მსესხებლისათვის დარიცხული დავალიანება შეადგენს შეადგენს 9 824,01 ლარს, სადაც ძირი თანხაა 6 423,71 ლარი, პროცენტი - 1 450,30 ლარი და პირგასამტეხლო - 1 950,00 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდგომ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3).

დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ. 34).

ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 135-140).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

მხარეებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ლი------------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე, 463-ე, 464-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ემუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

დადგენილია რომ მხარეებს სს “ლი------------სა” და ზა----------ას შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ბანკმა კლიენტზე გასცა კრედიტი შეთანხმებული ოდენობით, ხოლო მოპასუხემ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხები გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში. დადგენილია, რომ გამსესხებელმა ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად და გასცა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 10 800,00 ლარის ოდენობით, რაც მსესხებელმა ზა----------ამ აითვისა.

 

დადგენილია, რომ მსესხებელმა არ შეასრულა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და ბანკის წინაშე ერიცხება დავალიანება კრედიტის ძირითადი თანხის 6 423,71 ლარის ოდენობით.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

სს “ლი------------სა” და ზა----------ას შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო კრედიტით სარგებლობისათვის პროცენტის გადახდევინება, ამ ვალდებულების შესასრულებლად მოვალე ზა----------ას დავალიანება სს „ლი------------ის“ წინაშე შეადგენს 1 450,30 ლარს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა კრედიტის თანხა მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით შეთანხმებული წესის შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვილი პირგასამტეხლოს ოდენობა 200,00 ლარი არ არის სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა კრედიტის ძირითად თანხასთან მიმართებით.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ან უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. მოცემულ შემთხევაში სოლიდარული ვალდებულება წარმოშობილია ხელშეკრულებიდან და, შესაბამისად, დავალიანების გადახდა უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს "ლი------------სს“ და ვახ-------------ეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, თავდებმა კრედიტორის წინაშე იკისრა მსესხებლის ზა----------ას მიერ №0-------------- საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 14 438,22 ლარით.

 

დადგენილია, რომ მსესხებელმა ზა----------ამ არ შეასრულა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება და ერიცხება დავალიანება 8074,01 ლარის ოდენობით. შესაბამისად, სს "ლი------------ი" უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხისათვის 8074,01 ლარის გადახდის დაკისრება (ძირი-6 423,71 ლარი; პროცენტი-1 450,30 ლარი; პირგასამტეხლო-200,00 ლარი), ხოლო მოპასუხეს სოლიდარული ვალდებულებიდან გამომდინარე ეკისრება აღნიშნული თანხის მოსარჩელისათვის გადახდა, ამასთან, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრულ ოდენობის 14 438,22 ლარის ფარგლებში.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები საბანკო კრედიტისა და თავდებობის ხელშეკრულებებით შეთანხმდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე.

 

შესაბამისად, სს „ლი------------ი“ უფლებამოსილია მოითხოვოს აღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს გადახდილი აქვს 295,00 ლარი (ს.ფ. 44). მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის (1750,00 ლარის ნაწილში) მოსამზადებელ სხდომაზე შემცირების გამო, სს „ლი------------ს“ უნდა დაუბრუნდეს 52,5 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 242,22 ლარის სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს „ლი------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს:

1.1. მოპასუხე ვახ-------------ეს მოსარჩელე სს „ლი------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 8074,01 ლარის გადახდა, სადაც ძირი თანხაა 6 423,71 ლარი, პროცენტი - 1 450,30 ლარი და პირგასამტეხლო - 200,00 ლარი.

 

2. დაეკისროს მოპასუხე ვახ-------------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 242,22 ლარის გადახდა.

3. დაუბრუნდეს მოსარჩელე სს „ლი------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ 2017 წლის 8 დეკემბერს №5--------- საგადახდო დავალებით გადახდილი 295,00 ლარიდან 52,5 ლარი.

4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

7. სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მადი ჩანტლაძე