გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/15514-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
08 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: ნატო ხელაშვილი
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: შპს „ე-----------------“
წარმომადგენელი: ა-----------–---–ი
მოპასუხე: ე-----------------ი
წარმომადგენელი: გ---–-------------ა
დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ე-----------------ს შპს „ე-----------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხის - 4 096 ლარის გადახდა;
1.2. ე-----------------ს შპს „ე-----------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს სარგებლის - 3 091.52 ლარის გადახდა;
1.3. ე-----------------ს შპს „ე-----------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით - 194.72 ლარის გადახდა;
1.4. ე-----------------ს შპს „ე-----------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 1 460.53 ლარის გადახდა;
1.5. ე-----------------ს შპს „ე-----------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის - 120 ლარის გადახდა;
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2016 წლის 18 აპრილს შპს „ე-----------------“-სა და ე-----------------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება №1--------, რომლის საფუძველზე ამავე დღეს გაფორმდა შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ №1-------- და მოსარჩელემ მოპასუხეს 6%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი - 4000 ლარის ოდენობით. ასევე, 2016 წლის 05 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ №1--------, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს 6%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი - 1600 ლარის ოდენობით. მოპასუხე ვალდებული იყო თითოეული სესხი გადაეხადა 24 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა ლ----------–----ს კუთვნილი ავტომობილი - ტ------------–-----.
მოპასუხემ დაარღვია ორივე შეთანხმებით განსაზღვრული სესხის გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, წინამდებარე სარჩელის აღძვრის მომენტისათვის, მოპასუხის დავალიანება შპს „ე-----------------“-ის მიმართ შეადგენს შემდეგს:
№1-------- შეთანხმებიდან გამომდინარე:
სესხი - 2672 ლარი
სარგებელი - 2017 წლის 18 მაისისა და ყოველი მომდევნო თვის 18 რიცხვისათვის სესხის დარჩენილი ნაწილის 6%, რაც შეადგენს 160.32 ლარს. შესაბამისად, ვინაიდან წინამდებარე ხელშეკრულების ვადის გასვლის მომენტისათვის გასულია სრული 12 თვე, დარიცხული სარგებელი შეადგენს 1923.84 ლარს;
ამასთან, მოპასუხეს ეკისრება ხელშეკრულების ვადის გასვლიდან სარჩელის შეტანის მომენტამდე დარიცხული მიუღებელი შემოსავლის გადახდა. შესაბამისად, ვინაიდან ხელშეკრულების ვადის გასვლიდან სარჩელის სასამართლოში შეტანის დღემდე გასულია 1 თვე და 07 კალენდარული დღე, დარიცხული მიუღებელი შემოსავალი შეადგენს 194.72 ლარს.
პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხი 0.1%-ის ოდენობით (რაც შეადგენს 2.67 ლარს და რაც მოსარჩელის მიერ შემცირებულია 5-ჯერ, ვიდრე ხელშეკრულებით იქნა განსაზღვრული). შესაბამისად, ვინაიდან 2017 წლის 19 მაისიდან დღემდე გასულია 371 კალენდარული დღე, პირგასამტეხლო შეადგენს - 990.57 ლარს.
ჯარიმა - 21-დან 30 კალენდარული დღით ვადაგადაცილების შემთხვევაში, მსესხებელს გამსესხებლის სასარგებლოდ დაეკისრება ჯარიმა 60 ლარის ოდენობით. შესაბამისად, რადგან მოპასუხის მიერ ვადაგადაცილების პერიოდი იწყება 2017 წლის 18 მაისიდან, ვადაგადაცილების 21-დან 30 დღემდე პერიოდი სახეზეა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ერიცხება ფიქსირებული ჯარიმა 60 ლარის ოდენობით.
№1-------- შეთანხმებიდან გამომდინარე:
სესხი - 1424 ლარი
სარგებელი - 2017 წლის 05 მაისისა და ყოველი მომდევნო თვის 05 რიცხვისათვის სესხის დარჩენილი ნაწილის 6%, რაც შეადგენს 85.44 ლარს. შესაბამისად, ვინაიდან წინამდებარე სარჩელის აღძვრის მომენტისათვის გასულია სრული 13 თვე და 20 კალენდარული დღე, დარიცხული სარგებელი შეადგენს 1167.68 ლარს;
პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხი 0.1%-ის ოდენობით (რაც შეადგენს 1.24 ლარს და რაც მოსარჩელის მიერ შემცირებულია 5-ჯერ, ვიდრე ხელშეკრულებით იქნა განსაზღვრული). შესაბამისად, ვინაიდან 2017 წლის 06 მაისიდან დღემდე გასულია 379 კალენდარული დღე, პირგასამტეხლო შეადგენს - 469.96 ლარს. ჯარიმა - 21-დან 30 კალენდარული დღით ვადაგადაცილების შემთხვევაში, მსესხებელს გამსესხებლის სასარგებლოდ დაეკისრება ჯარიმა 60 ლარის ოდენობით. შესაბამისად, რადგან მოპასუხის მიერ ვადაგადაცილების პერიოდი იწყება 2017 წლის 05 მაისიდან, ვადაგადაცილების 21-დან 30 დღემდე პერიოდი სახეზეა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ერიცხება ფიქსირებული ჯარიმა 60 ლარის ოდენობით.
არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, პრობლემური დეპარტამენტი აქტიურად მუშაობდა საქმეზე, თუმცა ვინაიდან შედეგი არ დადგა, ხელშეკრულებით დადგენილი წესით, 15.01.2018წ. მსესხებელს გაეგზავნა შეტყობინება და მოეთხოვა დაგირავებული ავტომობილის მოგირავნისათვის გადაცემა, თუმცა ვალდებულების შესრულება არ მომხდარა.
ამას გარდა, ავტომობილის მფლობელობაში გადმოცემისა და მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კანონით დადგენილი წესით 22.02.2018წ. შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ იქნა გირავნობის მოწმობა, რომლის საფუძველზეც 26.02.2018წ. დაიწყო სააღსრულებო წარმოება - ავტომობილი იძებნებოდა. თუმცა, ავტომობილის მოძიება ვერ მოხერხდა. მოსარჩელის ვარაუდით, შესაძლოა გირავნობის საგანი აღარც არსებობდეს - იყოს დაშლილი ან განადგურებული. სააღსრულებო წარმოებისათვის მოსარჩელის მიერ გაწეულ იქნა შესაბამისი ხარჯი - 150 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, სესხის ძირი თანხის მოთხოვნის ნაწილში. დარჩენილ ნაწილში მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. ამასთან, მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, საპროცენტო სარგებლის ოდენობა არის კანონშეუსაბამო. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არის არაგონივრულია და მო
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 18 აპრილს შპს ,, ე-----------------“-სა და ე-----------------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №--------. ხელშეკრულებით საკრედიტო ხაზის მაქსიმალურ მოცულობად განისაზღვრა - 7500 ლარი.
ხელშეკრულების 2.4. პუნქტის თანახმად, სესხი არის პროცენტიანი და სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება შეთანხმებით სესხის გადაცემის შესახებ.
ხელშეკრულების 3.3. პუნქტის თანახმად, გადახდის ვადის 21-დან 30 კალენდარული დღით ვადაგადაცილების შემთხვევაში გამსესხებელს მსესხებლის სასარგებლოდ დაეკისრება ჯარიმა - 60 ლარის ოდენობით. ხოლო, მე-4 პუნქტის თანახმად, კი გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულების 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში, ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულს ჯარიმასთან ერთად, გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებელს დააკისროს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული სესხის 0.5%-ის ოდენობით.
აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 2016 წლის 18 აპრილს მხარეთა შორის გაფორმდა №-------- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ, რომლითაც ე-----------------ს თვეში 6%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით, 24 თვის ვადით, გადეცა სესხი - 4000 ლარის ოდენობით. ასევე, 2016 წლის 05 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა №-------- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ, რომლითაც ე-----------------ს თვეში 6%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით, 24 თვის ვადით, გადეცა სესხი - 1600 ლარის ოდენობით. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხა და დარიცხული სარგებელი უნდა გადაეხადა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა ლ----------–----ს კუთვნილი ავტომობილი - ტ----------------.
3.1.2. ე-----------------ის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და შპს „ე-----------------“-ს შორის 18.04.2016წ. გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებითა და მის საფუძველზე გაფორმებული შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, მას 2017 წლის 18 მაისიდან აღარ გადაუხდია 18.04.2016წ. შეთანხმებიდან გამომდინარე გრაფიკით განსაზღვრული გადასახადი. ასევე, 2017 წლის 05 მაისიდან აღარ გადაუხდია 05.12.2016წ. შეთანხმებიდან გამომდინარე გრაფიკით განსაზღვრული გადასახადი.
3.1.3. 2018 წლის 15 იანვარს შპს „ე-----------------“-ის მიერ მსესხებელს ე-----------------სა და მოგირავნეს ლ----------–---ეს გაეგზავნათ შეტყობინება დავალიანების დაფარვის ან/და მოსარჩელისათვის გირავნობის საგნის, ავტომობილი - ტ-----------------ს მფლობელობაში გადაცემის თაობაზე, თუმცა უშედეგოდ.
3.1.4. 2018 წლის 22 თებერვალს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის საგანზე - ტ----------------, გაიცა გირავნობის მოწმობა №0-----. შპს „ე-----------------“-ის მიერ გირავნობის მოწმობის გაცემის სანაცვლოდ გადახდილ იქნა საფასური - 50 ლარის ოდენობით.
3.1.5. 22.02.2018წ. სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული №0----- გირავნობის მოწმობის აღსრულების მიზნით, 2018 წლის 26 თებერვალს შპს „ე-----------------“-სა და კერძო აღმასრულებელს - გ----------ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სააღსრულებო მომსახურების შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულებით მომსახურების საფასურად განისაზღვრა - 100 ლარი, რაც გადახდილ იქნა შპს „ე-----------------“-ის მიერ.
არსებული მდგომარეობით, დაგირავებული ავტომობილის მოძიება ვერ მოხერხდა.
3.1.6. 2018 წლის 25 მაისს შპს „ე-----------------“-ის მიერ გაცემული დავალიანების შესახებ ცნობის თანახმად, 18.04.2016წ. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე 18.04.2016წ. და 05.12.2016წ. გაცემული შეთანხმებიდან გამომდინარე, ე-----------------ს შპს „ე-----------------“-ის მიმართ, 2018 წლის 25 მაისის მდგომარეობით, ერიცხება შემდეგი დავალიანება:
ძირი თანხა: 4096 ლარი;
დარიცხული სარგებელი: 3 091.51 ლარი;
მიუღებელი შემოსავალი: 194.72 ლარი;
პირგასამტეხლო: 1 460.53 ლარი;
ჯარიმა: 120 ლარი;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა შპს „ე-----------------“-ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 316-317-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 411-ე, 417-418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, 18.04.2016წ. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან და მის საფუძველზე გაცემული სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 2672 ლარისა და 1424 ლარის მოთხოვნის ნაწილში. შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ე-----------------“-ის სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილშიც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, კი ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 18 აპრილს შპს ,, ე-----------------“-სა და ე-----------------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №--------. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 2016 წლის 18 აპრილს მხარეთა შორის გაფორმდა №-------- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ, რომლითაც ე-----------------ს თვეში 6%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით, 24 თვის ვადით, გადეცა სესხი - 4000 ლარის ოდენობით. ასევე, 2016 წლის 05 დეკემბერს გაფორმდა №-------- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ, რომლითაც ე-----------------ს თვეში 6%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით, 24 თვის ვადით, გადეცა სესხი - 1600 ლარის ოდენობით. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხა და დარიცხული სარგებელი უნდა გადაეხადა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით, გათვალისწინებულ იქნა ერთჯერადი ჯარიმა - გადახდის ვადის 21-დან 30 კალენდარული დღით ვადაგადაცილების შემთხვევაში - 60 ლარის ოდენობით; ასევე, პირგასამტეხლო -გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულების 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილებისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული სესხის 0.5%-ის ოდენობით.
ამდენად, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. მხარეები - ერთი მხრივ მოსარჩელე, ხოლო მეორე მხრივ მოპასუხე შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:
ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას;
დადგენილია, ასევე, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და შპს „ე-----------------“-ს შორის 18.04.2016წ. გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებითა და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, მოპასუხეს 2017 წლის 18 მაისიდან აღარ გადაუხდია 18.04.2016წ. შეთანხმებიდან გამომდინარე გრაფიკით განსაზღვრული გადასახადი. ასევე, 2017 წლის 05 მაისიდან აღარ გადაუხდია 05.12.2016წ. შეთანხმებიდან გამომდინარე გრაფიკით განსაზღვრული გადასახადი.
შესაბამისად, ზემოთ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 2672 ლარისა და 1424 ლარის მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.ამდენად, პირგასამტეხლო ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს.
18.04.2016წ. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 3.3. პუნქტით განისაზღვრა ერთჯერადი ჯარიმა - გადახდის ვადის 21-დან 30 კალენდარული დღით ვადაგადაცილების შემთხვევაში - 60 ლარის ოდენობით. ასევე, ხელშეკრულების მე-4 პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო - გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულების 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილებისათვის - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული სესხის 0.5%-ის ოდენობით. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები, რაც ამავე ხელშეკრულების თანახმად, შესაძლებლობას ანიჭებს შპს „ე-----------------“-ს გამოიყენოს მოპასუხის მიმართ გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები. თუმცა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შედეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, მხარეთა ინტერესებსა და უფლება-მოვალეობებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს დისკრეციას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. ამასთან, მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი. ხოლო, შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.
ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულისა და მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება. კერძოდ, 18.04.2016წ. შეთანხმებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლო/ჯარიმა ჯამში - 1050.57 ლარის ოდენობით, უნდა შემცირდეს და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - 300 ლარის გადახდა. ასევე, უნდა შემცირდეს 05.12.2016წ. შეთანხმებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლო/ჯარიმა ჯამში - 529.96 ლარის ოდენობით და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - 200 ლარის გადახდა,6.4. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხისათვის საპროცენტო სარგებლის დაკისრების თაობაზე, სასამართლო განმარტავს შემდეგს:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის 2016 წლის 18 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულებითა და შესაბამისი შეთანხმებებით, შეთანხმებულ იქნა საპროცენტო სარგებელი ყოველთვიურად 6%-ის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს როგორც კანონი, ასევე მორალური ქცევის სტანდარტი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და შესაბამისად, ბათილად ითვლება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიზანია თავიდან იქნეს აცილებული ისეთი გარიგებები, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს.
სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად გარიგების ბათილობას იწვევს შემდეგი სახის ფასეულობათა დარღვევა: ა) კანონით დადგენილი წესები და აკრძალვები; ბ) საჯარო წესრიგი; გ) ზნეობის ნორმები. საჯარო წესრიგის დარღვევაში იგულისხმება სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპები, როგორიცაა საკუთრების უფლება, ხელშეკრულებისა და მეწარმეობის თავისუფლებანი და ა.შ. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ურთიერთობის კონკრეტული მონაწილის უფლებები, არამედ იგი ვნებას აყენებს, პირველ რიგში, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს.
სასამართლო განმარტავს, რომ გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ გამსესხებლის მიერ ბაზარზე საკრედიტო დაწესებულებების კრედიტებზე დადგენილ საშუალო საპროცენტო განაკვეთებზე ბევრად მეტი ოდენობით პროცენტის განსაზღვრა ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისათვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს და ზემოთ მოყვანილი ნორმის შესაბამისად ბათილია.
ამდენად, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ე-----------------“-სა და ე-----------------ს შორის 2016 წლის 18 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულებითა და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 18.04.2016წ. და 05.12.2016წ. გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის ოდენობა - ყოველთვიურად სესხის თანხის 6% (წლიური 72%), ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლიდან გამომდინარე ბათილია. მით უფრო იმ პირობებში, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური ვებ გვერდის მონაცემებით (, საპროცენტო განაკვეთების სტატისტიკა), 2016-2017 და 2017-2018 წლებში ეროვნულ ვალუტაში გრძელვადიანი სესხების საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა დაახლოებით 16%, რაც თვეში საშუალოდ დაახლოებით შეადგენს 1.45%-ს.
ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხეს 18.04.2016წ. შეთანხმებიდან გამომდინარე გადახდილი აქვს 12 თვის საპროცენტო სარგებელი ჯამში - 2495 ლარის ოდენობით, ასევე 05.12.2016წ. შეთანხმებიდან გამომდინარე 4 თვის საპროცენტო სარგებელი ჯამში - 460 ლარის ოდენობით და მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ე-----------------ს მის მიერ გადახდილი საპროცენტო სარგებლის ოდენობის გათვალისწინებით, აღარ უნდა დაეკისროს სესხზე დამატებით საპროცენტო სარგებლის გადახდა.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა - მოპასუხისთვის საპროცენტო სარგებლის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.5. მოსარჩელე, ასევე ითხოვს 18.04.2016წ. შეთანხმებიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით - 194.72 ლარის დაკისრებას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:
მოსარჩელის განმარტებით, მიუღებელი შემოსავლის სახით მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს ხელშეკრულების ვადის გასვლიდან სარჩელის შეტანის დღემდე დარიცხულ საპროცენტო სარგებელს.
თუმცა, მოსარჩელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ამ მოთხოვნის ფარგლებში, არ არის წარმოდგენილი საკმარისი ფორმით, რომ განისაზღვროს მისი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. სასამართლო აღნიშნავს, რომ მსგავსი შინაარსით უფლების რეალიზაციის შესაძლებლობას აწესრიგებს სამოქალაქო კოდექსის როგორც 403-ე მუხლი, ისე ამავე კოდექსის 411-ე მუხლი. მოთხოვნის აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლებისადმი შესაბამისობას განსაზღვრას სარჩელის ფაქტობრივი ნაწილი. მოსარჩელე ვალდებულია, სასამართლოს მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომელიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას, რადგან მოთხოვნა არსებობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მოცემულია კანონით გათვალისწინებული წინაპირობები. შპს „ე-----------------“-ის სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში არ შეიცავს საკმარის ინფორმაციას სავალდებულო წინაპირობების სახით, რაც შესაძლებლობას მისცემს სასამართლოს შეაფასოს მოთხოვნა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ შპს „ე-----------------“ ცდილობს უფლების დაცვას სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის შინაარსით, მას სავალდებულო წესით უნდა მიეთითებინა ის აუცილებელი წინაპირობები რომლებიც ქმნიან აღნიშნული მუხლის ნორმატიულ შინაარს (მათ შორის შეთანხმება და ა.შ.). ანალოგიური ვითარებაა სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლთან მიმართებით. ამის სანაცვლოდ, სარჩელი ამ ნაწილში მხოლოდ მშრალი მოთხოვნის სახით არის დეკლარირებული.
გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, რომელიც მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლებას აწესრიგებს, განსაზღვრავს რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
სასამართლო, ასევე განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა ''უნდა-ყოფილიყო'' და ''არის მდგომარეობას'' შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (total reparation-ის პრინციპი). ამასთანავე, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა, თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია, რომ 18.04.2016წ. შეთანხმების საფუძველზე, მსესხებელზე გაიცა სარგებლიანი სესხი. მოსარჩელე გარდა დარიცხული სარგებლისა, ასევე მოითხოვს მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურებას, თუმცა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში, მოსარჩელეს არ მიუთითებია კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რითიც უცილობლად დადასტურდებოდა მისი ინტერესი აღნიშნული მოთხოვნის მიმართ და რაც განაპირობებდა მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრებას.
შესაბამისად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის მიუღებელი შემოსავლის სახით - 194.72 ლარის დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია - 273.38 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ამდენად, შპს „ე-----------------“-ს მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობის გამო (სესხის ძირი თანხის, ჯამში 4096 ლარის ნაწილში) უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 122.88 ლარის ოდენობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, რადგან შპს „ე-----------------“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ე-----------------ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 15 ლარის ანაზღაურება, ხოლო დარჩენილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გირავნობის მოწმობის გაცემის სანაცვლოდ გადახდილი საზღაურის - 50 ლარისა და სააღსრულებო წარმოების ხარჯის - 100 ლარის გადახდა.
ამასთან, მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 273.38 ლარი. თუმცა, ვინაიდან დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს - 268.88 ლარს, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა - 4.5 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ე-----------------“-ის სარჩელი ე-----------------ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე ე-----------------ს მოსარჩელე შპს „ე-----------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 18 აპრილის სესხის გადაცემის შესახებ №-------- შეთანხმებიდან გამომდინარე, სესხის ძირი თანხის - 2672 ლარის გადახდა;
1.2. ე-----------------ს მოსარჩელე შპს „ე-----------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 18 აპრილის სესხის გადაცემის შესახებ №-------- შეთანხმებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს - 300 ლარის გადახდა;
1.3. მოპასუხე ე-----------------ს მოსარჩელე შპს „ე-----------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 05 დეკემბრის სესხის გადაცემის შესახებ №-------- შეთანხმებიდან გამომდინარე, სესხის ძირი თანხის - 1424 ლარის გადახდა;
1.4. ე-----------------ს მოსარჩელე შპს „ე-----------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 05 დეკემბრის სესხის გადაცემის შესახებ №-------- შეთანხმებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 200 გადახდა;
2. შპს „ე-----------------“-ის სარჩელი მოპასუხე ე-----------------ის მიმართ საპროცენტო სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში, არ დაკმაყოფილდეს.
3. მოპასუხე ე-----------------ს მოსარჩელე შპს „ე-----------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 15 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე ე-----------------ს მოსარჩელე შპს „ე-----------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი გირავნობის მოწმობის საზღაურის - 50 ლარისა და სააღსრულებო წარმოების ხარჯის - 100 ლარის გადახდა.
4. შპს „ე-----------------“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 25 მაისს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 273.38 ლარიდან - 127.38 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150, საგადახდო დავალება №1---------.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
საქმე №2/15514-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
08 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: ნატო ხელაშვილი
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: შპს „ე-----------------“
წარმომადგენელი: ა-----------–---–ი
მოპასუხე: ე-----------------ი
წარმომადგენელი: გ---–-------------ა
დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ე-----------------“-ის სარჩელი ე-----------------ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე ე-----------------ს მოსარჩელე შპს „ე-----------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 18 აპრილის სესხის გადაცემის შესახებ №-------- შეთანხმებიდან გამომდინარე, სესხის ძირი თანხის - 2672 ლარის გადახდა;
1.2. ე-----------------ს მოსარჩელე შპს „ე-----------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 18 აპრილის სესხის გადაცემის შესახებ №-------- შეთანხმებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს - 300 ლარის გადახდა;
1.3. მოპასუხე ე-----------------ს მოსარჩელე შპს „ე-----------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 05 დეკემბრის სესხის გადაცემის შესახებ №-------- შეთანხმებიდან გამომდინარე, სესხის ძირი თანხის - 1424 ლარის გადახდა;
1.4. ე-----------------ს მოსარჩელე შპს „ე-----------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 05 დეკემბრის სესხის გადაცემის შესახებ №-------- შეთანხმებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 200 გადახდა;
2. შპს „ე-----------------“-ის სარჩელი მოპასუხე ე-----------------ის მიმართ საპროცენტო სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში, არ დაკმაყოფილდეს.
3. მოპასუხე ე-----------------ს მოსარჩელე შპს „ე-----------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 15 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე ე-----------------ს მოსარჩელე შპს „ე-----------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი გირავნობის მოწმობის საზღაურის - 50 ლარისა და სააღსრულებო წარმოების ხარჯის - 100 ლარის გადახდა.
4. შპს „ე-----------------“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 25 მაისს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 273.38 ლარიდან - 127.38 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150, საგადახდო დავალება №1---------.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი