გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.11.2018
საქმის ნომერი
330210018002457826
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
20.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/14818-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

20 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი

სხდომის მდივანი ანა ბაჩიაშვილი

 

მოსარჩელე - შპს "ე-----------------";

წარმომადგენელი - ნ--------------–---–ი;

მოპასუხე - ნ-----–---------ე;

წარმომადგენელი - გ--------------–---–ი;

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება;

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ნ-----–---------ეს მოსარჩელე შპს ''ე-----------------''-ს სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის - 4062 აშშ დოლარის, სარგებლის - 3825.05 აშშ დოლარის და ჯარიმის - 1098.23 აშშ დოლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხე ნ-----–---------ეს მოსარჩელე შპს ''ე-----------------''-ს სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის - 455 აშშ დოლარის, სარგებლის - 345.75 აშშ დოლარის და ჯარიმის - 194.40 აშშ დოლარის გადახდა.

 

1.3. სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ნ-----–---------ემ 2018 წლის 15 მაისის შესაგებლით სარჩელი ცნო, ხოლო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მიუთითა, რომ სარჩელს ცნობს ნაწილობრივ ორივე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხების დაკისრების ნაწილში. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და მოითხოვა მისი შემცირება (იხ. სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 26 ივლისს, მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება N1--------. ამ ხელშეკრულების საფუძველზე 2016 წლის 26 ივლისსვე სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმება N1---------ით მოსარჩელემ მოპასუხეს 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 4200 აშშ დოლარის ოდენობით.

 

3.1.2. დადგენილია, რომ 2016 წლის 15 სექტემბერს სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმება N1---------ით მოსარჩელემ მოპასუხეს ასევე 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა კიდევ ერთი სესხი 520 აშშ დოლარის ოდენობით.

 

3.1.3. დადგენილია, რომ საკრედიტო ხაზის ქვეშ გაცემული სესხების უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით იქნა დატვირთული მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი: ''მერსედეს ბენც ე 350''. გირავნობის ხელშეკრულება დარეგისტრირდა სსიპ მომსახურების სააგენტოში. ხოლო, ხელშეკრულების თანახმად გირავნობის საგანი - ავტომობილი, არ წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთადერთ საშუალებას და მსესხებელი გამსესხებლის წინაშე პასუხისმგებელია მთელი თავისი ქონებით.

 

3.1.4. დადგენილია, რომ შეთანხმება N1------ის ფარგლებში მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს 254 აშშ დოლარის ოდენობით ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად. თუმცა, მოპასუხის მიერ სულ გადახდილია ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული 3 თვის გადასახადი სრულად, ხოლო რაც შეეხება მე-4 თვის და მომდევნო თვეების გადასახადს, მის მიერ ამ დრომდე გადახდილი არ არის.

 

3.1.5. დადგენილია, რომ შეთანხმება N1------ის ფარგლებში მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 24 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარვადა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს 38 აშშ დოლარის ოდენობით ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული 5 თვის გადასახადი სრულად, ხოლო რაც შეეხება მე-6 თვის და მომდევნო თვეების გადასახადს, მის მიერ გადახდილი არ არის.

 

3.1.6. დადგენილია, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ხელშეკრულების დადგენილი წესით 2018 წლის 31 იანვარს მოსარჩელის მიერ მსესხებლისათვის გაგზავნილ იქნა შეტყობინება, რომლის მიხედვითაც მსესხებელს ეცნობა არსებული დავალიანების შესახებ და მიეცა დამატებითი ვადა დავალიანების ნებაყოფლობით დასაფარად, თუმცა ადრესატი დატოვებულ შეტყობინებას არ გამოეხმაურა და ვალდებულების შესრულება მის მიერ არ მომხდარა. რაც შეეხება ავტომობილს, იგი დგას დიღმის საჯარიმო სადგომზე, ავტომობილით მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, შესაბამისად, იგი წარმოადგენს გამოძიების საგანს და მისი გამოყვანის საშუალება კომპანიას არ აქვს.

 

3.1.7. დადგენილია, რომ ხელშეკრულების თანახმად, გადახდის ვადის 21-დან 30 კალენდარული დღით გადაცილების შემთხვევაში მსესხებელს გამსესხებლის სასარგებლოდ დაეკისრება ჯარიმა - 30 აშშ დოლარის ოდენობით, შესაბამისად, რადგან მოპასუხის მიერ ვადაგადაცილების პერიოდი იწყება შეთანხმება N1---------ის შემთხვევაში 2016 წლის 26 ნოემბრიდან, ხოლო შეთანმხება N1---------ის შემთხვევაში 2017 წლის 15 მარტიდან, ე.ი. ვადაგადაცილების 21-30 დღემდე პერიოდი სახეზეა ორივე შეთანხმების ფარგლებში და მოპასუხე ნ-----–---------ეს შპს ''ე-----------------''-ის სასარგებლოდ ერიცხება ჯარიმა ორივე სესხის დარღვევისთვის ჯამში - 60 აშშ დოლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ასხნა-განმარტება (იხ. სარჩელი,შესაგებელი, სხდომის ოქმი);

- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ 19-24);

- შეთანხმება სესხის გაცემის შესახებ (ს.ფ 25; 28-29);

- გადახდის გრაფიკი (ს.ფ 26;31);

- საბანკო რეკვიზიტები თანხის გადახდის წესი (ს.ფ 27; 30);

- ცნობა N1-------- (ს.ფ 32);

- გაფრთხილების წერილი (ს.ფ 33-35).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებებით შეთანხმებული წლიური საპროცენტო განაკვეთი 60%-ის ოდენობით, წარმოადგენს უცილოდ ბათილ შეთანხმებას.

 

სასამართლოს მოსაზრებით გამსესხებლის მიერ ბაზარზე საბანკო დაწესებულებების კრედიტებზე დადგენილი საშუალო საპროცენტო განაკვეთებზე ბევრად მეტი ოდენობით პროცენტის განსაზღვრა ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სახელმძღვანელო დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპია.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ წლიური 24% სარგებლის დადგენის შედეგად 2018 წლის 21 მაისის მდგომარეობით, მოპასუხე ნ-----–---------ეს ხელშეკრულება N1---------იდან გამომდინარე ერიცხება საპროცენტო სარგებლის დავალიანება - 1526 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ხელშეკრულება N1---------დან გამომდინარე - 136.5 აშშ დოლარის ოდენობით (დამატებითი მოტივაცია იხილეთ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში).

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ''ე-----------------''-ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-420-ე, 623-ე, 625-ე 867- 873-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნები დავალიანების ძირითადი თანხების დაკისრების ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.2. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით შპს ''ე-----------------''-ს და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს გასესხებული თანხის დაბრუნება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

დადგენილია რომ მხარეებს შპს "ე-----------------"-სს და მოპასუხე ნ-----–---------ეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს "ე-----------------" უფლებამოსილია მოითხოვოს საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაცემული სესხის ძირითადი თანხების - 4062 აშშ დოლარის და 455 აშშ დოლარის გადახდა.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სესხის ხელშეკრულებები ნაწილობრივ ბათილია სესხის ძირითად ნაწილზე სარგებლის სახით ყოველთვიურად 5%-ს დარიცხვის ნაწილში. როგორც აღინიშნა სარგებლის სახით მხარეთა მიერ განსაზღვრულია ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის - 5%, რაც წლიურად შეადგენს - 60 პროცენტს, რამდენადაც მხარეთა მიერ წლიური საპროცენტო განაკვეთის სახით 60%-ის განსაზღვრა ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგსა და ზნეობის ნორმებს და შეთანხმებები ამ ნაწილში წარმოადგენს ნაწილობრივ ბათილ შეთანხმებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

ამავე კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.

 

სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა დაამკვიდროს დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. ყოველივე აღნიშნულის საფუძველი სტაბილური ეკონომიკური ბრუნვა და ბრუნვის მონაწილეთა ძირითადი უფლებების დაცვაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი, ხოლო ამავე კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან, ასევე ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც გამოავლინა გარიგების დადების ნება მხარემ.

 

სასამართლოს მოსაზრებით, გამსესხებლის მიერ ბაზარზე საბანკო დაწესებულებების კრედიტებზე დადგენილი საშუალო საპროცენტო განაკვეთებზე ბევრად მეტი ოდენობით პროცენტის განსაზღვრა ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სახელმძღვანელო დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპია. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ (სსკ-ის 8.3 მუხლი). ''უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები'' (სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი). შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - ყოველთვიური 4%. მართალია, ამ შეთავაზებას მსესხებელი გი-----------------–---–-ც დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც შპს ''მი---------------------'' მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: ''თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე”. ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და მოსარჩელე (სარგებლის მიმღები) მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 48%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარგებლის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი და სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, რაც მან ვერ დაამტკიცა. ამრიგად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების დებულება, რომლითაც გამსესხებელმა სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, მაშინ როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე (აღნიშნული დასაბუთება სრულად შეესაბამება საქართელოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას, იხ. სუსგ, საქმე N663-629-2015, 28.07.2015 წელი).

 

დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს მოსარჩელის წინაშე მასზე დაკისრებული ვალდებულება თანხის გადახდის შესახებ არ შეუსრულებია ჯეროვნად და სრულად და ერიცხება დავალიანება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეებს შორის ყოველთვიურ საპროცენტო განაკვეთად სასამართლოს მხარეთა ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიაჩნია, წლიურ საპროცენტო განაკვეთად განისაზღვროს ძირითადი თანხის - 24% (ყოველთვიური 2%). შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს N1---------იდან გამომდინარე საპროცენტო სარგებლის დავალიანება - 1526 აშშ დოლარის ოდენობით და N1---------დან გამომდინარე 136.5 აშშ დოლარის ოდენობით, კერძოდ: მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სარჩელით ითხოვს მოპასუხისათვის საპროცენტო სარგებლის გადახდის დაკისრებას - 18 თვის + 25 დღისას. ხელშეკრულება N1---------იდან გამომდინარე, სესხის ძირითადი თანხაა - 4062 აშშ დოლარი, რომლის წლიური 24% შეადგენს - 975 აშშ დოლარს, ყოველთვიურად, მსესხებლის მიერ საპროცენტო სარგებლის სახით გადასახდელი თანხა კი - 81 აშშ დოლარს. საპროცენტო სარგებლის თანხა უნდა განისაზღვროს - 1526 აშშ დოლარით, 4062 აშშ დოლარის წლიური 24% = 975 აშშ დოლარს, თვეში - 81 აშშ დოლარს, 18 თვის განმავლობაში 81*18=1458 აშშ დოლარს, რასაც ემატება 25 დღის საპროცენტო სარგებელი დღეში 2.7 აშშ დოლარის ოდენობით, სულ - 68 აშშ დოლარი). რაც შეეხება ხელშეკრულება N1---------დან გამომდინარე დავალიანებას, 455 აშშ დოლარის წლიური 24% არის - 109 აშშ დოლარი, თვეში - 9.9 აშშ დოლარი. მსესხებლის მიერ სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად გადასახდელია 15 თვისა და 6 დღის საპროცენტო სარგებლის თანხა, რაც საერთო ჯამში შეადგენს - 136.5 აშშ დოლარს.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი განაკვეთიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი 1098.23 აშშ დოლარის და 194.40 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში პირგასამტეხლოს განაკვეთის ოდენობა უნდა შემცირდეს და მსესხებელს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - 100 აშშ დოლარის და 50 აშშ დოლარის გადახდა.

 

ამდენად, სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ''ვ'' ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით, ასეთ შემთხვევაში არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დაშვებისას სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში.

 

ხოლო ამავე კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, გამოიწვევს თუ არა გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნება გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, თავისი შინაარსით ემსახურება მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის დაცვას აღუსრულებლობისაგან, რათა სააპელაციო თუ საკასაჩიო საჩივრით მოპასუხე მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, არ მოხდეს გადაწყვეტილების აღუსრულებელ გადაწყვეტილებად ქცევა, რითაც ფაქტიურად აზრი ეკარგება მოსარჩელის უფლებების სასამართლოს გზით დაცვას.

 

მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხისთვის თანხის დაკისრება, რაც სასამართლოს მიერ სრულად დაკმაყოფილდა, ხოლო, მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობაში მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა აღარ არის უზრუნველყოფილი და საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების გაჭიანურებამ შესაძლოა აღუსრულებელი გახადოს, სასამართლოს მიაჩნია, რომ საფუძვლიანია მოპასუხე მხარის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რომელიც არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს - 147 ლარის გადახდა, ამასთან ვინაიდან მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, მას უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან - 422 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 263-ე, 2681-ე, 364-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ''ე-----------------''-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე ნ-----–---------ეს მოსარჩელე შპს ''ე-----------------''-ს სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის - 4062 აშშ დოლარის, სარგებლის - 1526 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 100 აშშ დოლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე ნ-----–---------ეს მოსარჩელე შპს ''ე-----------------''-ს სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის - 455 აშშ დოლარის, სარგებლის - 136.5 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 50 აშშ დოლარის გადახდა.

 

4. მოპასუხე ნ-----–---------ეს მოსარჩელე შპს ''ე-----------------''-ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან - 147 ლარის გადახდა.

 

5. მოსარჩელე შპს ''ე-----------------''-ს (საიდენტიფიკაციო N4--------) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 26 თებერვალს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 680.33 ლარიდან - 422 ლარი, რაც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300773150, საგადასახადო დავალება №1519633331.

 

6. სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რომელიც დაუყოვნებელი აღსრულების ნაწილში შეიძლება გადაჩივრდეს კერძო საჩივრის შეტანის გზით გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი