გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №3/5300-18
11 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ოქროპირიძე
სხდომის მდივანი ს--–---- ზაქაშვილი
მოსარჩელე - ლ---- გ--–--ე;
წარმომადგენლები: ნ---- თ----–---–ი, მ------- ღ----–---ა;
მოპასუხე - სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია;
წარმომადგენელი - ს--–---- ტ--–--–-–---–ი;
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 2, 3, 9, 10, 16 და 17 ივნისს ჩატარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგად შემოსული საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის 2018 წლის 20 ივლისის N01 სხდომის ოქმი იმ ნაწილში, რომლითაც ლ---- გ--–--ეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე (ოქმის 1-ლი პუნქტის 42-ე ნაწილი);
1.2. დაევალოს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დაკმაყოფილდება ლ---- გ--–--ის 2018 წლის 17 ივნისის საჩივარი N2 ტესტზე ქულის მომატების თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეზე წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. ლ---- გ--–--ემ 2018 წლის 2 ივნისს მონაწილეობა მიიღო სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ჩატარებულ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაში სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალ----ციით. ლ---- გ--–--ემ ტესტირების შედეგად დააგროვა 74 ქულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერები სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აპლიკანტის პორტალიდან (ს.ფ. 22-23);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. ლ---- გ--–--ემ ტესტირების შედეგები 4 ტესტის, მათ შორის, №2 ტესტის შეფასების ნაწილში გაასაჩივრა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო კომისიაში.
სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 2, 3, 9, 10, 16 და 17 ივნისს ჩატარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგად შემოსული საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის 2018 წლის 20 ივლისის №01 სხდომის ოქმით ლ---- გ--–--ეს უარი ეთქვა საჩივრების დაკმაყოფილებაზე და არ მოემატა არცერთი ქულა. შესაბამისად, მისი საბოლოო შედეგი განისაზღვრა 74 ქულით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 2, 3, 9, 10, 16 და 17 ივნისს ჩატარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგად შემოსული საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის 2018 წლის 20 ივლისის №01 სხდომის ოქმი (ს.ფ. 65-68).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ლ---- გ--–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, ,,ადვოკატთა შესახებ’’ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 2, 3, 9, 10, 16 და 17 ივნისს ჩატარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგად შემოსული საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის 2018 წლის 20 ივლისის №01 სხდომის ოქმი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, სადავო საკითხის მომწესრიგებელ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. სასამართლო მიუთითებს ,,ადვოკატთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ადვოკატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ამ კანონით დადგენილი წესით ან ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა/პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა, აგრეთვე გავლილი აქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული პროფესიული ადაპტაციის პროგრამა, რომელიც 1-წლიანია და შედგება თეორიული ნაწილისა და სტაჟირებისაგან.
ამავე კანონის მე-11 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა წელიწადში არანაკლებ ორჯერ ტარდება. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს და საგამოცდო პროგრამას ამტკიცებს და გამოცდის ჩატარების თარიღსა და ადგილს განსაზღვრავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო. მითითებული მუხლის მე-3-4 პუნქტების თანახმად, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა არის საერთო ან სპეციალ----ციის მიხედვით; ადვოკატების სპეციალ----ცია ხდება სამოქალაქო სამართლისა და სისხლის სამართლის დარგებში. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი, სამოქალაქო სამართლის სპეციალ----ციის მქონე ადვოკატთა ტესტირება ტარდება შემდეგ საგნებში: ა) საკონსტიტუციო სამართალი; ბ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი; გ) ადმინისტრაციული სამართალი; დ) ადმინისტრაციული სამართლის პროცესი; ე) სამოქალაქო სამართალი; ვ) სამოქალაქო სამართლის პროცესი. აღნიშნული მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილია, რომ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პირი იღებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს (სერტიფიკატს).
სასამართლო ასევე მიუთითებს ,,ადვოკატთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მეორე პუნქტზე, რომლის თანახმად, ადვოკატთა საკვალიფიკაციო კომისიის არანაკლებ ნახევარს შეადგენენ საქართველოს ადვოკატთა და იურისტთა სხვა გაერთიანებების (საადვოკატო ფირმა, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და ა.შ.) წარმომადგენლები.
6.3. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის №2 ტესტური დავალების შეფასებას.
სასამართლო განმარტავს, რომ ტესტური დავალებების შერჩევა და შეფასება საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას მიეკუთვნება, თუმცა მსგავსი კატეგორიის დავების განხილვის პროცესში, სასამართლო კონტროლი შეეხება ისეთ საკითხებს, რომელიც უკავშირდება კომისიის მხრიდან გამოსაყენებელი ნორმის გაუთვალისწინებლობას, არასწორი ფაქტობრივი გარემოებებით ხელმძღვანელობას, შეფასების საყოველთაო მასშტაბის დარღვევას, როდესაც შეფასება ეყრდნობა საკითხის ყოველგვარ გონივრულ ზღვარს გამცდარ არასწორ გააზრებას, საგამოცდო ტესტის, მისი შინაარსობრივი წყობის, დასმული კითხვისა და მასზე სწორად მიჩნეული პასუხის აშკარა შეუსაბამობას. ხსენებული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას შეაფასოს ზემოაღნიშნული ასპექტები.
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის №2 ტესტური დავალება შემდეგი შინაარსისაა:
საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, სადაც განსაზღვრა, რომ გამოძიების და სასამართლოში საქმის განხილვის დროს პირი არ იყო უფლებამოსილი თავისი ძმის/დის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე უარი განეცხადებინა.
კითხვა: შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას პარლამენტის მიერ მიღებული კანონი?
ტესტის სწორ პასუხად მიჩნეულია ,,გ“ ვარიანტი - დიახ, რადგან იმ ახლობელთა წრეს, რომლის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემის ვალდებულებაც პირს არა აქვს განისაზღვრება კანონით.
გაცემული პასუხი: ,,ბ“ ვარიანტი - არა, რადგან არავინ არ არის ვალდებული თავისი ძმის/დის საწინააღმდეგო ჩვენება მისცეს და ასეთი ჩვენების მიცემის იძულება ისჯება კანონით.
სადავო ტესტთან დაკავშირებით შემდეგი პოზიცია აქვს დაფიქსირებული სამართლის ექსპერტს: ,,ტესტური დავალების შეკითხვაზე - შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას პარლამენტის მიერ მიღებული კანონი? აპლიკანტმა უპასუხა უარყოფითად - ,,არა, რადგან არავინ არ არის ვალდებული თავისი ძმის/დის საწინააღმდეგო ჩვენება მისცეს და ასეთი ჩვენების მიცემის იძულება ისჯება კანონით.“ აპლიკანტის მიერ არჩეული დისტრაქტორი შეიძლება დავყოთ ორ ნაწილად: პირველი - ,,არა, რადგან არავინ არ არის ვალდებული თავისი ძმის/დის საწინააღმდეგო ჩვენება მისცეს“ და ,,არა, რადგან ასეთი ჩვენების მიცემის იძულება ისჯება კანონით.“ აპლიკანტის მიერ არჩეული დისტრაქტორი ცალსახად არ გამომდინარეობს ტესტური დავალების სამართლებრივი საფუძვლის - საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 ნაწილის შინაარსიდან, რომელიც არ განსაზღვრავს იმ ახლობელთა წრეს, რომელიც არ არის ვალდებული მისცეს ჩვენება. კონსტიტუცია ახლობელთა წრის განსაზღვრის შესაძლებლობას აძლევს კანონს. შესაბამისად, აპლიკანტის პასუხი შეიძლება შესაბამისობაში იყოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან, მაგრამ არა საქართველოს კონსტიტუციასთან. რაც შეეხება დისტრაქტორის მეორე ნაწილს, აქ საერთოდ გაუგებარია რა სამართლებრივი საფუძვლით აირჩია აღნიშნული დისტრაქტორი, რადგან კანონის მოთხოვნათა დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა ნამდვილად არ აქვს, თუმცა ჩვენების მიცემის იძულების კანონით დასჯის სამართლებრივი საფუძველი ნამდვილად არ არსებობს. აღნიშნულის გათვალისწინებით აპლიკანტის მიერ გაცემული პასუხი არ შეესაბამება ტესტური დავალების შინაარსს და ტესტური დავალების სამართლებრივ საფუძველს. რაც შეეხება ტესტური დავალების შინაარსისა და სწორ დისტრაქტორის სამართლებრივ საფუძველთან შესაბამისობას შეიძლება ითქვას შემდეგი: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 ნაწილით, ,,არავინ არ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით.“ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტი განსაზღვრავს პირის უფლებას, არ მისცეს საკუთარი თავის ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის ეს ნორმა არის ბლანკეტური. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის (,,მოწმის უფლება-მოვალეობანი“) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი აკონკრეტებს ამ უფლებას ახლო ნათესავზე მითითებით (ისე, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით, რომ ახლობელთა წრეს განსაზღვრავს კანონი). ტერმინი ,,ახლო ნათესავი“ კი განმარტებულია იმავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილში. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ ნათესავთა წრეს, ეს სწორედ რომ საქართველოს პარლამენტის დისკრეციას წარმოადგენს ახლობელთა წრე განსაზღვროს ვიწრო გაგებით თუ ფართო გაგებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი პირველადი რედაქციით ახლობელთა წრეს განსაზღვრავდა შემდეგნაირად: ახლო ნათესავი - მშობელი, შვილად ამყვანი, შვილი, შვილობილი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის განქორწინებული), რომელშიც 2017 წელს განხორციელდა ცვლილება და გაფართოვდა იმ ახლობელთა წრე, რომლებიც ვალდებული არ არიან მისცენ ჩვენება და ჩამოთვლილ ახლობელთა წრეს დაემატა ,,მინდობით აღსაზრდელი“. სწორედ საქართველოს პარლამენტი, როგორც საკანონმდებლო ორგანო, საკუთარი კანონშემოქმედებითი პროცესის გზით არის ვალდებული მიიღოს კანონი, რომლითაც განსაზღვრავს ახლობელთა წრეს, რომელთაც აღჭურავს მოწმის იმუნიტეტით. შესაბამისად, ტესტურ დავალებაში ასახული შინაარსი, საქართველოს პარლამენტის მიერ კანონით ახლობელთა წრის განსაზღვრა სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას.
მოსარჩელე მხარე არ ეთანხმება ექსპერტის განმარტებებს და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ტესტზე მის მიერ გაცემული პასუხი არის სწორი და სრულად შეესაბამება საკითხში წამოჭრილ პრობლემას. ლ---- გ--–--ის განმარტებით, სადავო ტესტზე მის მიერ გაცემული პასუხის მიხედვით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომლითაც განისაზღვრა, რომ გამოძიების და სასამართლოში საქმის განხილვის დროს პირი არ იყო უფლებამოსილი თავისი ძმის/დის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე უარი განეცხადებინა, არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, ვინაიდან არავინ არ არის ვალდებული თავისი დის/ძმის საწინააღმდეგო ჩვენება მისცეს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს უზენაესი კანონია და ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. ამდენად, მხარეს მიაჩნია, რომ მართალია პარლამენტს უფლება აქვს მიიღოს კონკრეტული კანონი, თუმცა კანონის მიღება არ ნიშნავს იმას, რომ ის ყველა შემთხვევაში კონსტიტუციური ნორმა იქნება. შესაბამისად, მოსარჩელე თვლის, რომ ტესტის ფარგლებში პარლამენტის მიერ მიღებული კანონი არაკონსტიტუციურია, ვინაიდან არღვევს პირის პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობას.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტზე, რომლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით.
ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმა ცალსახად ადგენს პირის უფლებას არ მისცეს თავისი ან ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, თუმცა ახლობელ პირთა წრე კონსტიტუციით განსაზღვრული არ არის. ამავე ნორმით დადგენილია, რომ იმ პირთა წრე, რომლის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემის ვალდებულებაც პირს არ გააჩნია, განსაზღვრულია კანონით.
ამდენად, ცალსახაა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში არ არის გაწერილი იმ კონკრეტულ პირთა წრე, რომელთა წინააღმდეგ ჩვენების მიცემის ვალდებულებაც პირს არ გააჩნია. კონსტიტუციამ მიუთითა, რომ ახლობელ პირთა წრე კანონით განისაზღვრებოდა, რაც განსაზღვრა კიდეც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსმა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე თავის სასარჩელო მოთხოვნის არგუმენტაციას არსებითად ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ტესტური დავალება განმარტებული უნდა იქნას ფართოდ და არა სიტყვასიტყვით, კანონის ტექსტიდან გამომდინარე.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას და მიუთითებს, რომ ტესტური დავალებები იქმნება იმ მიზნით, რომ შემოწმდეს გამოსაცდელი პირის ცოდნა კონკრეტული ნორმის შინაარსისა და მნიშვნელობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული ტესტური დავალება შედგენილი იყო საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე და მიზნად ისახავდა აპლიკანტის მიერ ამ კონკრეტული ნორმის ცოდნის შემოწმებას. შესაბამისად, ლ---- გ--–--ეს უნდა ეხელმძღვანელა სწორედ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტის გათვალისწინებით და ისე აერჩია სწორი პასუხი. განსახილველ შემთხვევაში კი სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ტესტის შეფასებისას, მოსარჩელე მხარე გაცდა ტესტში დასმულ პირობას, გვერდი აუარა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტს და გადავიდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დებულებებში, რამეთუ საქართველოს კონსტიტუციით არ არის დადგენილი, რომ და ან ძმა წარმოადგენენ იმ ახლობელ პირებს, რომელთა საწინააღმდეგო ჩვენების მიცემის ვალდებულებაც პირს არ გააჩნია. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციაში გაწერილი ნორმის გათვალისწინებით პარლამენტის მიერ მიღებული კანონი სრულად შეესაბამება კონსტიტუციას და წინააღმდეგობაში არ მოდის მასთან.
სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ სადავო ტესტის შეფასებისთვის არარელევანტურია მოსარჩელე მხარის აპელირება საქართველოს კონსტიტუციის, როგორც ქვეყნის უზენაესი კანონის მნიშვნელობაზე, ვინაიდან მართალია კონსტიტუცია ქვეყნის უზენაესი კანონია და ყველა კანონი მას უნდა შეესაბამებოდეს, თუმცა კანონის შინაარსის კონსტიტუციურობის შემოწმება მოცემულ შემთხვევაში გამოსაცდელ პირს არ ევალებოდა. ამასთან, შეუძლებელია სადავო ტესტის ფარგლებში აპლიკანტს შეეფასებინა კონკრეტული კანონის კონსტიტუციურობის საკითხი, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივაა და ცალსახად არ წარმოადგენს ტესტური დავალების ფორმატით გადასაწყვეტ საკითხს. სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის ამოცანას არა პარლამენტის მიერ მიღებული კანონის შინაარსობრივად შეფასება წარმოადგენდა, რაც მოცემულ შემთხვევაში არაარსებითი იყო, არამედ მას მხოლოდ სადავო ტესტის პირობის კონკრეტულ ნორმასთან - საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტთან და აქედან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობა უნდა დაედგინა, რაც ტესტური ტიპის დავალების მახასიათებელია და ზემოაღნიშნული ნორმის ფორმულირების ცოდნის პირობებში არ გამოიწვევდა გამოსაცდელი პირის მიერ სწორ პასუხად სხვა ვარიანტის არჩევას.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ განურჩევლად იმისა, თუ რა სახისაა და რა მიზანს ემსახურება ტესტი, ის რამდენიმე მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ: ინსტრუქციები და საკითხები ისე მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ სწორედ იმ ცოდნას ზომავდეს, რომლის გაზომვასაც ეს კონკრეტული ტესტი ისახავს მიზნად; მისი შედეგები უნდა ფასდებოდეს წინასწარ შედგენილი პასუხებით ან შეფასების სქემით; წინასწარ უნდა იყოს დადგენილი ქულების რაოდენობაც სწორი პასუხისთვის; შეფასების მექანიზმი უნდა იყოს მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი, იგი ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას არ უნდა იძლეოდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ტესტი არ არის ხარვეზიანი და არ იძლევა ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას. ტესტის პირობა და ვარიანტები ჩამოყალიბებულია ნათლად, გარკვევით და შესაბამისი ცოდნის პირობებში გამოსაცდელ პირს აძლევს შესაძლებლობას ერთმნიშვნელოვნად განსაზღვროს სწორი პასუხი.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 2, 3, 9, 10, 16 და 17 ივნისს ჩატარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგად შემოსული საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის 2018 წლის 20 ივლისის N01 სხდომის ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და N2 ტესტზე ქულის მომატების შესახებ ლ---- გ--–--ის 2018 წლის 17 ივნისის საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელწიფო ბაჟი, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, ვინაიდან განსახილველ საქმესთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი, იგი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლ---- გ--–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით.
მოსამართლე თამარ ოქროპირიძე