განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №-/1----18
(№0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
9 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - მაია კვირიკაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ ონიანი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ან–--–-------ა
სტაჟიორ-პროკურორი - გი-------–------–---–ი, ან---------–---–ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ალ------------------–---–ი
ბრალდებული - ელ-------------–---–-ა, დაბადებული - 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ზ----------------------------–-------–------, თ---------–---------------, დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------–---------------------------------------–---------–--------------, ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის №- დაწესებულების პატიმარი.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - სსკ) 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტები.
დისპოზიცია: ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევა შეეძლო, ჩადენილი არაერთგზის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------–---- განაჩენით, ელ-------------–---–-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით. ელ-------------–---–-ა პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2----–-–---------–---.
1.2. 2018 წლის 1--------, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თბილისში, მეტროსადგურ „ს--------------------“ გაჩერებაზე შესვლისას, მეტროსადგურ „ა-------–----------------“ „ვ---------–--“ მიმართულებით მოძრავ მატარებელში, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი ელ-------------–---–-ა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, შეეცადა ფარულად დაუფლებოდა ლა-----–-----–---–-ს კუთვნილ 900 (ცხრაასი) ლარად ღირებულ „ა---------“ ფირმის მობილურ ტელეფონს. აღნიშნული ქმედებით ლა-----–-----–---–ს შესაძლოა მისდგომოდა 900 (ცხრაასი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. ელ-------------–---–-ას მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას:
2.2. სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულ ლა-----–-----–---–-ს ჩვენების თანახმად, 2018 წლის 1--------, ნა----------------–-–---–სა და ელ-------------–--ესთან ერთად „დ--------“ მეტროსადგურიდან მიდიოდა მეტროსადგურ „თ---------–--------------“ მიმართულებით. მოწმის განმარტებით, ხალხმრავლობის გამო, ის და მისი მეგობრები ვაგონში ერთმანეთის პირისპირ იდგნენ შემჭიდროვებულად. მოწმეს გზად მიუვიდა მოკლეტექსტური შეტყობინება, რომლის გამოც მობილური ამოიღო, დახედა და შემდგომ ჩაიდო ღია ჯიბეში. მოწმის თქმით, მათ „ნ----–-------“ სადგურიდან „ვ-----–------------“ სადგურამდე მონაკვეთში, კითხვით: ხომ არ ჩადიოდნენ ამ უკანასკნელ სადგურზე, მიუახლოვდა მამაკაცი, რაზეც უპასუხეს, რომ არ ჩადიოდნენ. მატარებლის გაჩერების შემდეგ, ეს მამაკაცი დაიძრა და ნელა გაიარა მასსა და ნა----------------–-–---–ს შორის. ამ მომენტში, მიუხედავად ხალხმრავლობისა, მათ შორის გავლის აუცილებლობა არ იყო, რადგან მამაკაცს შეეძლო ნა----------------–-–---–ის უკან გავლა. მოწმემ დაადასტურა, რომ გავლისას ხსენებული მამაკაცი მას მიაწვა ოდნავ და საბოლოოდ ჩავიდა არა იმ კარიდან, რომელიც მათთან ახლოს იყო, არამედ სხვა გასასვლელიდან. აღნიშნული ფაქტი მოწმემ და მისმა მეგობრებმა მიიჩნიეს საეჭვოდ, რის გამოც გადაამოწმეს ჯიბეებში განთავსებული ნივთები. მოწმის განმარტებით, მას აღარ ჰქონდა კუთვნილი მობილური ტელეფონი, ამიტომ მატარებლის გაჩერებისთანავე მომენტალურად გავიდნენ ბაქანზე მათთან ახლოს არსებული კარიდან (მათგან ბოლოს მატარებლის ვაგონიდან გავიდა ელ-------------–--ე). მოწმის თქმით, ის და მისი მეგობრები ყვიროდნენ და ითხოვდნენ დახმარებას. ამასობაში, ნა----------------–-–---–მა იმ კაცს, რომელზეც ეჭვი ჰქონდათ, ჩაავლო ხელი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა ამოიღო ტელეფონი და მოწმეს მიაჩეჩა ხელში, თავად კი გაიქცა და შევარდა წინა ვაგონში. მოწმის გადმოცემით, მის მიერ მითითებულ პირს დაედევნა ორი მამაკაცი, რომლებმაც ჯაჯგურით შეძლეს მისი გამოყვანა ბაქანზე. აღნიშნული მამაკაცებიდან პოლიციელის ფორმა არცერთს ეცვა. მოწმის თქმით, ამის შემდეგ მასთან მივიდა ერთი პოლიციელი და სთხოვა პოლიციის განყოფილებაში გაყოლა, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად.
2.3. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ნა----------------–-–---–მა.
2.4. ლა-----–-----–---–-სა და ნა----------------–-–---–ის ჩვენებაში ასახული ფაქტობრივი გარემოებების სიზუსტე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ელ-------------–--ემ. ერთადერთი განსხვავება, რაც მათ ჩვენებებში გამოიკვეთა არის ის ფაქტი, რომ ამ უკანასკნელს არ დაუნახავს უცნობი მამაკაცის მიერ ლა-----–-----–---–-სთვის ტელეფონის დაბრუნების მომენტი.
2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმე ალ-----------–-------–---–-ს მიერ მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს ქ. თბილისის დ-----------------------------------–-------- განყოფილებაში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის პოზიციაზე. 2018 წლის 1--------, დაახლოებით 19:00 საათზე, ის და მისი თანამშრომელი - ლევ----------ე ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ, დანაშაულის აღკვეთისა და დამნაშავე პირთა გამოვლენის მიზნით, დადიოდნენ მიკროავტობუსებსა და მეტროსადგურებში. მითითებულ დღეს, ისინი მიდიოდნენ „დ--------“ მეტროსადგურიდან „ვ-----–------------“ მიმართულებით, რა დროსაც ვაგონში შენიშნეს ახალგაზრდა მამაკაცი (მოგვიანებით დაადგინეს, რომ აღნიშნული მამაკაცი იყო ელ-------------–---–-ა), რომელმაც მიიქცია მათი ყურადღება (იგი იყურებოდა საეჭვოდ). მოწმემ ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ „ნ----–-------“ სადგურიდან „ვ-----–------------“ სადგურამდე მონაკვეთში, აღნიშნული მამაკაცი მიუახლოვდა და გამოელაპარაკა იქვე მდგომ სამ გოგონას, შემდეგ ერთ-ერთ მათგანს მარჯვენა ჯიბიდან ამოაცალა მუქი ფერის მობილური ტელეფონი და გასცდა მათ. ამის შემდეგ კი, გადავიდა მომდევნო კარებთან. მოწმის თქმით, ხალხმრავლობის გამო, მათი მხრიდან დადევნების პროცესი გართულდა, რის გამოც ხსენებულ მამაკაცთან მისვლამდე მატარებელი გაჩერდა და კარები გაიღო. გაჩერებული მატარებლის სხვადასხვა კარებიდან გავიდნენ გოგონები და მამაკაცი. მოწმემ დაადასტურა, რომ მათ აღნიშნულ მამაკაცთან მისვლა გოგონებმა დაასწრეს, რომელთაგან ერთ-ერთმა მოსთხოვა თავისი ტელეფონის დაბრუნება, რაზეც აღნიშნულმა მამაკაცმა ტელეფონი მიაგდო და სცადა მიმალვა. ამ დროს, ის და მისი თანამშრომელი დაედევნნენ მას. წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, მათ დააკავეს ეს პირი და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. მოწმის თქმით, ამის შემდეგ, იგი მივიდა გოგონებთან და სთხოვა პოლიციის განყოფილებაში გაყოლა.
2.6. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ლევ----------ემ და მხარეთა დამაზუსტებელ შეკითხვაზე დამატებით განმარტა ელ-------------–---–-ას საეჭვოდ მიჩნევის მიზეზი: „მამაკაცს, რომელმაც ამოაცალა გოგონას მობილური ტელეფონი, მხედველობის არეალი ქვევით ჰქონდა, იყურებოდა ჩანთების და ჯიბეების მიმართულებით.“ ამასთან, დადასტურებულად განაცხადა, რომ მატარებლის ვაგონში მისი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით შეუძლებელი იყო რაიმეს შეეშალა ხელი ქურდობის ფაქტის დანახვაში.
2.7. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ელ-------------–---–-ას ფაქტობრივი დაკავების დროა 2----–-–------------------- საათი. მისი დაკავება მოხდა მატარებლის ვაგონში, მას შემდეგ, რაც სცადა მიმალვა. რაც შეეხება პირად ჩხრეკას, იგი ჩატარდა დაკავებისთანავე, გადაუდებელი აუცილებლობის გამო. პირადი ჩხრეკის შედეგად, ამოიღეს ელ-------------–---–-ას პირადი ნივთები, რაც დაილუქა კანონით დადგენილი წესით.
2.8. ამოღების ოქმის თანახმად, ლა-----–-----–---–-სგან ამოიღეს შავი „ა---------” მოდელის მობილური ტელეფონი, რაც დაილუქა კანონის შესაბამისად.
2.9. სასაქონლო ექსპერტიზის №5---- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი „ა--------- P---“ ფირმის მობილური ტელეფონის საბაზრო ღირებულება შეადგენს 900 (ცხრაასი) ლარს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მიერ მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.
2.10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ნა--------–---–-----მა განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებაში, კერძოდ: დაკითხა ბრალდებული და მოწმეები, ბრალდების შესახებ დადგენილება გააცნო ელ-------------–---–-ას, დაზარალებულისგან ამოიღო მობილური ტელეფონი.
2.11. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ელ-------------–---–-ამ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 1--------, დაახლოებით 19:00 საათზე, მგზავრობდა მეტროსადგურ „დ-----------“ მეტროსადგურ „ს---------“ მიმართულებით. მოწმის თქმით, მეტროსადგურ „ვ-----–---------------“ ხალხმრავლობის გამო, მან მის წინ მდგარ გოგონებს სთხოვა გატარება, რის შემდეგაც გაჰყვა ხალხის მასას. გარეთ გასვლის შემდეგ, იგი კვლავ შებრუნდა მატარებლის ვაგონში, თუმცა ნაცვლად ხსენებული გოგონებისა, კართან დახვდა ორი პირი, რომლებმაც დააკავეს ის და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. მოწმის თქმით, აღნიშნული პირები აღიარების სანაცვლოდ ჰპირდებოდნენ მსუბუქ სასჯელს. მოგვიანებით, მოწმემ განაცხადა, რომ იგი დააკავა პოლიციის დაახლოებით 9-10 თანამშრომელმა.
2.12. სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმტკიცებულ მოსაზრებას, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003, № 37801/97, §34; ასევე Van De Hurk v. The Netherlands, №-6034/90, 19/04/1994, §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93, 29/05/1997, §43). ამდენად, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე და განმარტავს მათი გაუზიარებლობის საფუძვლებს.
2.13. დაცვის მხარის მოსაზრებით, ბრალდებულის უდანაშაულობის დამადასტურებელი ძირითადი არგუმენტი არის პოლიციელთა ჩვენებების არასანდოობა. აღნიშნული არგუმენტის გასამყარებლად ადვოკატი აპელირებდა ხალხმრავლობაზე, რაც მისი აზრით, გამორიცხავდა პოლიციელთა მხრიდან ქურდობის ფაქტის დანახვის შესაძლებლობას. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ განმარტებას, რადგან პოლიციელებმა ალ-----------–-------–---–მა და ლევ----------ემ, რომლებიც წარმოადგენენ დანაშაულის უშუალო შემსწრე პირებს, სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას, დეტალურად და თანმიმდევრულად აღწერეს შემთხვევის დღეს მატარებლის ვაგონში განვითარებული მოვლენები. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობის ხარისხის ასამაღლებლად, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დაზარალებულისა და მისი მეგობრების ჩვენებებს, რომლებიც თანხვედრაშია პოლიციელების ჩვენებებთან. უფრო მეტიც, მათ შორის არ არსებობს უმნიშვნელო შეუსაბამობაც კი. კერძოდ, ალ-----------–-------–---–მა, რომელსაც მსგავსი ტიპის საქმეებზე მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს, განმარტა, რომ ვაგონში ყოფნის დროს მისი ყურადღება მიიქცია ელ-------------–---–-ამ, რადგან ის სხვა მგზავრებისგან განსხვავებით იქცეოდა საეჭვოდ. ბრალდებულის მხრიდან საეჭვო მოქმედების ფაქტი დაადასტურა და შემდეგნაირად ახსნა მოწმე-პოლიციელმა ლევ----------ემ: „მამაკაცს, რომელმაც ამოაცალა გოგონას მობილური ტელეფონი, მხედველობის არეალი ქვევით ჰქონდა, იყურებოდა ჩანთების და ჯიბეების მიმართულებით.“ ამასთან, ამ უკანასკნელმა ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ იდგა მის მიერ შერჩეულ იმგვარ პოზიციაზე, რაც ხალხმრავლობის გათვალისწინებით, აძლევდა საშუალებას დაუბრკოლებლად დაენახა ქურდობის ფაქტი. ის გარემოება, რომ თავად ლა-----–-----–---–მა ვერ იგრძნო მობილური ტელეფონის მოპარვის მომენტი, სასამართლოს შეფასებით ბუნებრივიცაა, რადგან გართული იყო მეგობრებთან საუბრით. რაც შეეხება პოლიციელებს, ისინი ელ-------------–---–-ას დანახვის პირველივე წუთებიდან, ორიენტირებულნი იყვნენ მასზე და რაიმე ხელშემშლელი წინაღობა არ ჰქონიათ. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად, ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ჩატარებისას არ გამოვლენილა. ამასთან, საქმის მასალებით ბრალდებულ ელ-------------–---–-ას მიმართ, მოწინააღმდეგე მხარის სუბიექტური დამოკიდებულება არ გამოკვეთილა. საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Ochelkov v. Russia, 11/04/2013, N17828/05, §90), თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა გამოძიება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება, საქმე №96აპ-17, სამოტივაციო ნაწილი, §11).
2.14. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დაცვის მხარის არგუმენტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის ჩაუტარებლობის თაობაზე და მსგავსად სხვა სისხლის სამართლის საქმეებისა, კვლავ განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც აკმაყოფილებენ უტყუარობის მაღალ სტანდარტს, ცალსახად დასტურდება ელ-------------–---–-ას მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა. შესაბამისად, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის არ არსებობა, არ წარმოადგენს უპირობოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს. საგულისხმოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიდგომაც ამ საკითხთან დაკავშირებით: „საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც არსებობს მოწმე პოლიციელების თანმიმდევრული, თანხვდენილი ჩვენებები, რომელთა ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში ეჭვის საფუძველი არ არსებობს, ასევე საქმეშია ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელიც შედგენილია საპროცესო ნორმების სრული დაცვით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო საპროცესო მოქმედებები ჩატარებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და პოლიციელთა მხრიდან ბრალდებულის მიმართ რაიმე ინტერესი არ იკვეთება, მხოლოდ ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა, რომ ნივთზე არ აღმოჩნდა ბრალდებულის გენეტიკური პროფილი... არ წარმოადგენს უპირობოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება, საქმე №262აპ-17, სამოტივაციო ნაწილი, §10). ამასთან, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი სახელმწიფო ბრალმდებლის მოვალეობაა, თუმცა სისხლის სამართლის პროცესი მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპზე დაყრდნობით, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე მხარე წარმოადგენს საკუთარი პოზიციის დამადასტურებელ მტკიცებულებას. საგულისხმოა, რომ ელ-------------–---–-ას ინტერესებს, ბრალდების წარდგენის მომენტიდან იცავდა მის მიერ მოწვეული ადვოკატი. შესაბამისად, მას ჰქონდა სრული შესაძლებლობა თავად დაენიშნა და მოეპოვებინა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა, რაც არ განუხორციელებია.
2.15. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ ელ-------------–---–-ას ჩვენებას და განმარტავს, რომ იგი არათუ გამყარებულია სხვა მტკიცებულებით, არამედ ეწინააღმდეგება თავისი ჩვენების ნაწილსაც და მიმართულია პასუხისმგებლობის თავიდან აცილებისკენ, რაც საბოლოო ჯამში უკარგავს მას სანდოობას. კერძოდ, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მისი ჩვენების ორ დეტალზე:
- ბრალდებულმა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მეტროსადგურ „ვ-----–---------------“ მის წინ მდგარ გოგონებს სთხოვა გატარება, რის შემდეგაც გაჰყვა ხალხის მასას. გარეთ გასვლის შემდეგ, იგი კვლავ შებრუნდა მატარებლის ვაგონში. სასამართლოს ჩვენების ამ ნაწილის შეფასებისას სრულიად მართებულად უჩნდება კითხვა: თუკი ელ-------------–---–-ა არ აპირებდა „ვ-----–------------“ სადგურზე ჩასვლას (აღნიშნულს მოწმისვე გადმოცემით, მოწმობს მისი ვაგონში შემობრუნება), რატომ მივიდა ის კარებთან მდგარ გოგონებთან და რატომ სთხოვა გატარება? ხოლო, იმ შემთხვევაში, თუკი იგი აპირებდა ჩასვლას, რატომ შებრუნდა მატარებლის ვაგონში? სასამართლო მიუთითებს, რომ დაცვის მხარეს სასამართლო განხილვის არცერთ ეტაპზე, არ უცდია შეეთავაზებინა სასამართლოსთვის ბრალდებულის ვერსიის მისეული დასაბუთება, რაც სასამართლოს არ დაუტოვებდა კითხვებს, თუმცა ამგვარი განმარტება დაცვის მხარის მხრიდან არ გაკეთებულა.
- ბრალდებულმა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მას შემდეგ რაც გაჰყვა ხალხის მასას, იგი შებრუნდა მატარებლის ვაგონში, რა დროსაც კართან დახვდა ორი პირი, რომლებმაც დააკავეს ის და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. მოგვიანებით, მოწმემ განაცხადა, რომ იგი დააკავა დაახლოებით 9-10 პოლიციის თანამშრომელმა. სასამართლოსთვის ცალსახაა, რომ ელ-------------–---–-ას ჩვენება შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას.
2.16. სასამართლო მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, 06/12/1988, №-0590/83, §68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, 08/04/2010, №24086/04, §32). აღნიშნული გადაწყვეტილებით, ევროპული სასამართლოს პოზიცია მტკიცებულებების შეფასებისა და ფაქტების დადგენისას შიდასახელმწიფოებრივი სასამართლოსთვის უპირატესობის მინიჭებაში გამოიხატება.
2.17. ფაქტების დადგენისას და მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო ეროვნული კანონმდებლობის დონეზე, მიუთითებს საქართველოს უზენაეს საკანონმდებლო აქტზე, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას”.
2.18. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი სახელმწიფო ბრალდების მოვალეობაა. მოცემულ შემთხვევაშიც ელ-------------–---–-ა არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, თუმცა მისი განვითარებული ვერსია უდანაშაულობის შესახებ და აღნიშნულის დაუდასტურებლობა სხვა მტკიცებულებებით, ასევე - დაუსაბუთებელი ზეპირსიტყვიერი ვარაუდები ვერ გახდება მისი გამართლების საფუძველი, მაშინ, როდესაც ბრალდების მხარის მიერ წარდგენილია იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ელ-------------–---–-ას მიმართ ბრალად შერაცხულ ქმედებას.
2.19. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა მხარეთა მიერ როგორც სადავოდ, ისე უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი - როგორც დასაშვებობისა და უტყუარობის, ისე ურთიერთშეჯერებულების თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1.-1.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. ქურდობას ექნება ადგილი ასევე ისეთი შემთხვევაშიც, როდესაც პირის ქმედება არ რჩება შეუმჩნეველი სხვა პირისათვის, თუმცა დამნაშავემ ეს არ იცის და დარწმუნებულია, რომ მას ვერ ხედავენ. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია დამნაშავის სურვილი - დანაშაული ფარულად ჩაიდინოს და იმის შეგნება, რომ ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ხდება სხვებისგან შეუმჩნევლად, თუმცა შესაძლებელია რეალურად მისი მოქმედება აშკარა ხასიათსაც ატარებდეს. ქურდობის ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს, მავნე შედეგის დადგომას ან ასეთი შედეგის დადგომის საფრთხის შექმნას, ამიტომ, ქურდობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის ქონებას და აქვს რეალური შესაძლებლობა განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებისამებრ, იმისდა მიუხედავად, მოახდინა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება.
3.2. საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. მაშასადამე, დანაშაულის მცდელობის დასჯადობის წინაპირობას წარმოადგენს: ა) დანაშაულის ჩადენის გადაწყვეტილება, გამოხატული განზრახვაში; ბ) დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების უშუალოდ დაწყება, რომელსაც შედეგი უნდა მოჰყვეს და შედეგი ობიექტური პირობების გამო არ დგება.
3.3. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასებით ელ-------------–---–-ამ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, თუმცა, იმისათვის, რათა ზუსტად დადგინდეს იყო თუ არა სახეზე ქურდობის მცდელობა, პირველ რიგში უნდა დადგინდეს ქურდობის ობიექტური ნიშნების არსებობა.
3.4. სასამართლო მიიჩნევს, რომ ელ-------------–---–-ას ამოძრავებდა ლა-----–-----–---–-ს მფლობელობაში არსებული მობილური ტელეფონის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, რაც გამოიხატა დანაშაულისთვის შერჩეულ დროსა და თავად ქმედების ხასიათში. ვინაიდან მეტროში, საღამოს საათებში არის ხალხმრავლობა (არის ე.წ. „პიკის საათი“), მან ქურდობის განსახორციელებლად შეარჩია სწორედ ეს დრო, რათა აერჩია გაქურდვის სასურველი სუბიექტი. რაც შეეხება თავად ქმედების ხასიათს, აღნიშნული ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დასტურდება პოლიციელების ალ-----------–-------–---–-სა და ლევ----------ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით, რა დროსაც მათ დეტალურად მიუთითეს ბრალდებულ ელ-------------–---–-ას ქმედებაზე - თუ როგორ ამოაცალა ლა-----–-----–---–ს ჯიბიდან მობილური ტელეფონი; აგრეთვე, ლა-----–-----–---–-ს და ნა----------------–-–---–ის ჩვენებებით, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ელ-------------–---–-ამ მათ შორის გაიარა საეჭვოდ. რამდენიმე წუთში კი, ვაგონიდან გასულ ლა-----–-----–---–ს დაუბრუნა თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონი. სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა აგრეთვე ქურდობის მეორე ობიექტური ნიშანი - ფარულობა, ვინაიდან ბრალდებულის შეგნებით, აღნიშნული ქმედების განხორციელების მომენტში, მოქმედებდა ფარულად.
3.5. იმის გათვალისწინებით, რომ ელ-------------–---–-ა ქურდობის მომენტში შეამჩნიეს პოლიციელებმა, რის შემდეგაც ვეღარ შეძლო მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მობილური ტელეფონის მისი სურვილისამებრ განკარგვის შესაძლებლობა, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა არა ქურდობა, არამედ მისი მცდელობა, რის დასადასტურებლადაც სასამართლო მიმოიხილავს მცდელობის ორივე კომპონენტს უშუალოდ ელ-------------–---–-ასთან მიმართებაში: ა) დანაშაულის ჩადენის გადაწყვეტილება, გამოხატული განზრახვაში - 2018 წლის 1--------, ელ-------------–---–-ამ განიზრახა დაუფლებოდა სხვის მოძრავ ქონებას - ლა-----–-----–---–-ს კუთვნილ მობილურ ტელეფონს; ბ) დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების უშუალოდ დაწყება, რომელსაც შედეგი უნდა მოჰყვეს და შედეგი ობიექტური პირობების გამო არ დგება - განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ელ-------------–---–-ა მეტროსადგურ „ა-------–----------------“ მეტროსადგურ „ვ---------–--“ მიმართულებით მოძრავ მატარებელში, მიუახლოვდა ლა-----–-----–---–სა და მის მეგობრებს და სთხოვა გატარება. მათ შორის გავლისას იგი ოდნავ მიაწვა ლა-----–-----–---–ს, რათა ამ უკანასკნელისა და გარშემო მყოფთათვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო ქურდობის ფაქტი და ჯიბიდან ამოაცალა მობილური ტელეფონი. იმ მომენტში, როდესაც ელ-------------–---–-ა შეეცადა მიმალვას, რათა თავისი სურვილისამებრ განეკარგა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ნივთი, შემჩნეულ იქნა როგორც დაზარალებული და მისი თანმხლები პირების, ისე პოლიციელთა მიერ. სასამართლო მიიჩნევს, რომ არა დაზარალებულის და მისი თანმხლები პირების მყისიერი რეაქცია და შემთხვევის ადგილზე პოლიციელების ყოფნა, აგრეთვე მათი დროული რეაგირება, ელ-------------–---–-ა დაეუფლებოდა ზემოაღნიშნულ მობილურ ტელეფონს.
3.6. სასამართლო განმარტავს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით ნათლად დასტურდება, ელ-------------–---–-ას მიერ ქურდობის მცდელობის განხორციელება, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევა. ამ საკითხზე მსჯელობისას, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო ექსპერტიზის №5---- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი „ა--------- P---“ ფირმის მობილური ტელეფონის საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 900 (ცხრაასი) ლარი, რაც აღემატება კანონით დადგენილ 150 ლარიან ნიშნულს.
3.7. საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, - დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.
3.8. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------–---- განაჩენით, ელ-------------–---–-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით. ელ-------------–---–-ა პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2----–-–---------–---.
3.9. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2----–-–------------------- წერილისა და მასზე დართული ამონაწერის თანახმად, დგინდება, რომ ელ-------------–---–-ას (პირადი №-----------) მიმართ ბოლო შეწყალების აქტი გამოცემულია 2----–-–------------------.
3.10. ამდენად, ვინაიდან ელ-------------–---–-ას დანაშაულის ჩადენის მომენტში, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------–---- განაჩენისთვის დადგენილი ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია, სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, მისი მხრიდან საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის არაერთგზის ჩაიდინა.
3.11. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დადასტურდა ელ-------------–---–-ას მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, ქმედების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლო მართებულად მიიჩნევს პასუხი გასცეს დაცვის მხარის მიერ, ალტერნატივის სახით შეთავაზებულ ვერსიას ბრალდებულის ქმედების საქართველოს სსკ-ის 21-ე მუხლის (დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება) ფარგლებში მოქცევის თაობაზე. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 21-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „პირს არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მან დანაშაულის დამთავრებამდე ნებაყოფლობით და საბოლოოდ აიღო ხელი“. აღნიშნული ნორმის ანალიზი გვიჩვენებს, რომ დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღებისას, ისევე როგორც დაუმთავრებელი დანაშაულისას, არ გვაქვს დანაშაულებრივი შედეგი. თუმცა, მათ შორის განსხვავება ისაა, რომ დანაშაულის განმახორციელებელი თავადვე სპობს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, რითაც მთლიანად ქრება განხორციელებული ქმედების სოციალური საშიშროება. ამდენად, დანაშაულის დამთავრებამდე ნებაყოფლობით ხელის აღებისათვის აუცილებელია ორი პირობის არსებობა: ნებაყოფლობითობა და საბოლოობა. ადამიანის ნებაყოფლობით მოქმედებას კი მხოლოდ მაშინ აქვს ადგილი, როდესაც მის მიერ დასახული მიზნის მიღწევა მიმდინარეობს მისი სურვილის შესაბამისად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, ელ-------------–---–-ამ მხოლოდ მას შემდეგ გადასცა მოპარული მობილური ტელეფონი პატრონს, რაც იგრძნო, რომ მისი დანაშაულებრივი ქმედება არ დარჩენილა სხვა პირთათვის შეუმჩნეველი, რის გამოც, სასამართლო ამ უკანასკნელის ქმედებას აფასებს, როგორც გარეგანი ფაქტორების იძულების შედეგად განხორციელებულს, რაც ავტომატურად გამორიცხავს ადამიანის თავისუფალი ქცევას.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადგენილა, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა დანაშაულის რეციდივი.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
5.2. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა, ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს, ვინაიდან, მიზნები ერთმანეთისაგან „და“ კავშირით გამოიყოფა. ამდენად, შესაძლოა ითქვას, რომ საბოლოო ჯამში, სასჯელის გამართლება მისი მიზნების შესაბამისობით დგინდება.
5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილი მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. სასამართლო მოცემულ შემთხვევაში შეზღუდულია თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნით, რადგან ხსენებული მუხლი უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. საგულისხმოა ისიც, რომ ელ-------------–---–-ას მიმართ სასამართლო ვერ გამოიყენებს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ საკანონმდებლო შეღავათს, რადგან სახეზე არ არის ამ მუხლის გამოყენებისთვის დაწესებული არც ერთი წინაპირობა (ბრალდებული არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, ამასთან, მას წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას). შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ კანონით განსაზღვრული სასჯელიდან უნდა შეარჩიოს ის ზომა, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
5.4. სასამართლო სასჯელის კონკრეტული ზომის განსაზღვრისას სამართლიანობის, პროპორციულობის და თანასწორობის პრინციპებთან მიმართებით, ითვალისწინებს ელ-------------–---–-ას მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია მომეტებული საშიშროების მატარებელი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ბრალდებული საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ხალხმრავალ ადგილას შეეცადა ფარულად დაუფლებოდა სხვის საკუთრებას), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის მტკიცე სურვილს ჩაედინა დანაშაული), ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (დაუფლებოდა სხვის მობილურ ტელეფონს), აგრეთვე მის პიროვნებას (მან განზრახი დანაშაული, ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში)).
5.5. საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ელ-------------–---–-ა არაერთხელ იქნა ნასამართლევი სხვადასხვა კატეგორიის განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის, რაც მისთვის არ აღმოჩნდა შემაკავებელი ხასიათის. კერძოდ, გარდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------–---- განაჩენისა, რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს ელ-------------–---–-ას მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას, იგი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------------- განაჩენით, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით; ფოთის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------ განაჩენით - საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენით - საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის 1-ლი ნაწილით.
5.6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენით (ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო 2----–-–---------------- განაჩენის გადასინჯვის თაობაზე) მსჯავრდებული ელ-------------–---–-ა გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დანიშნული სასჯელისგან და მოსახდელად განესაზღვრა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------ განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.
5.7. სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------- წერილის თანახმად, ელ-------------–---–-ა თბილისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე იმყოფება 2----–-–---------------- განაჩენის საფუძველზე. გამოსაცდელი ვადის დასასრულად მითითებულია 2020 წლის 27 სექტემბერს.
5.8. ზემოაღნიშნული განაჩენების მხედველობაში მიღებით, ელ-------------–---–-ას საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი მოთხოვნის შესაბამისად (დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით). ამასთან, ვინაიდან 2018 წლის 1--------, ელ-------------–---–-ამ დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მის მიმართ უპირობოდ უნდა გაუქმდეს პირობითი მსჯავრი და საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენთან ერთობლიობით, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესით.
5.9. საბოლოო სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილის/თბილისის აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსის 2----–-–------------- წერილზე, რომლითაც დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენის საფუძველზე, ელ-------------–---–-ა დაკისრებული ჯარიმის (2 000 ლარი) გადაუხდელობის გამო, რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში და მის მიმართ ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოქმედებები. სასამართლო განმარტავს, რომ ეს გარემოება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენის გათვალისწინებით (იხ. პუნქტი 5.6.), ვერ გახდება ბოლო განაჩენისთვის მისი მიმატების საფუძველი.
6. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ:
· ლა-----–-----–---–-სგან ამოღებული მობილური ტელეფონი „აიფონ 6S”, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
· ელ-------------–---–-ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები: შავი „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, მაჯის საათი, ორი ცალი ვერცხლისფერი სამაჯური, ყავისფერი საფულე, მასში მოთავსებული ფულადი თანხით (ჯამში 76 ლარის და 35 თეთრის ოდენობით), ღვთისმშობლის ხატი, მეტრომანი, ელ-------------–---–-ას სახელზე გაცემული მართვის მოწმობა, „ლიბერთი ბანკის“ აგრობარათი, მცირე ზომის წარწერებიანი ქაღალდის ფურცელი, თეთრი USB სადენი, თეთრი ყურსასმენი, შავი ე.წ. გადამყვანი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ელ-------------–---–-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით დაემატოს ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ელ-------------–---–-ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ელ-------------–---–-ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 1 მარტიდან.
ელ-------------–---–-ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულებები:
· ლა-----–-----–---–-სგან ამოღებული მობილური ტელეფონი „აიფონ 6S” დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
· ელ-------------–---–-ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები: შავი „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, მაჯის საათი, ორი ცალი ვერცხლისფერი სამაჯური, ყავისფერი საფულე, მასში მოთავსებული ფულადი თანხით (ჯამში 76 ლარის და 35 თეთრის ოდენობით), ღვთისმშობლის ხატი, მეტრომანი, ელ-------------–---–-ას სახელზე გაცემული მართვის მოწმობა, „ლიბერთი ბანკის“ აგრობარათი, მცირე ზომის წარწერებიანი ქაღალდის ფურცელი, თეთრი USB სადენი, თეთრი ყურსასმენი, შავი ე.წ. გადამყვანი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე მაია კვირიკაშვილი