გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.11.2018
საქმის ნომერი
330210018002534835
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
14.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N20563-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ხათუნა ჯინორია

სხდომის მდივანი - ანდრო მაღრაძე

მოსარჩელე - ლ---- ლ-----ე

წარმომადგენელი - მ-----– ბ------–---–ი

მოპასუხე - თ------- კ-----ე

წარმომადგენელი - ე-–--------- ჯ--------ე

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. თ------- კ-----ეს ლ---- ლ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის - 4350 ლარის ანაზღაურება.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2017 წლის 28 ნოემბერს თბილისში წ----------- და მ-------- ქუჩის გადაკვეთაზე მოხდა ავტოავარია. ერთმანეთს შეეჯახნენ „ტო-----------------“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით T--------, რომელსაც თ------- კ-----ე მართავდა და „ნ----------–-----“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით P--------, რომელსაც ლ---- ლ-----ე მართავდა. სამართალდამრღვევად მიჩნეული თი----- კ-----ე. გარდა იმისა, რომ ლ---- ლ-----ის კუთვნილი ავტომანქანა დაზიანდა, თავადაც მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. ავტომანქანისათვის მიყენებული ზიანი შეადგენს 4000 ლარს, ხოლო მკურნალობის ხარჯები - 350 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებს ზიანის ოდენობას. ექსპერტიზა, რომლითაც განსაზღვრულია ავტომანქანისათვის მიყენებული ზიანი, ჩატარებულია ავტოავარიიდან 77 დღის შემდეგ. ამ დროის განმავლობაში ლ---- ლ-----ე გადაადგილდებოდა დაზიანებული ავტომანქანით. ლ---- ლ-----ეს არ მიუღია ჯნმრთელობის რაიმე დაზიანება და მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება მოპასუხეს არ ევალება. თ------- კ-----ემ ლ---- ლ-----ეს გადაუხადა 1000 ლარი ზიანის ასანაზღაურებლად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 28 ნოემბერს თბილისში წ----------- და მ-------- ქუჩის გადაკვეთაზე მოხდა ავტოავარია. ერთმანეთს შეეჯახნენ „ტო-----------------“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით T--------, რომელსაც თ------- კ-----ე მართავდა და „ნ----------–-----“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით P--------, რომელსაც ლ---- ლ-----ე მართავდა.

 

ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო თ------- კ-----ის ბრალით, კერძოდ, მან დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის დანართ 1-ის 2.3 პუნქტის მოთხოვნები, გზაჯვარედინზე უგულებელყო ნიშანი „დაუთმე გზა.“

 

ავტოავარიის ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება შეწყდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- დადგენილება (ს.ფ. 16-17)

- ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 108-111).

 

3.1.2. თ------- კ-----ე მიჩნეული იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და დაეკისრა ჯარიმა 250 ლარი. შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შესულია კანონიერ ძალაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საჯარიმო ქვითარი (ს.ფ. 50)

 

3.1.3. თ------- კ-----ემ ლ---- ლ-----ეს გადაუხადა 1000 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ავტოავარიის შედეგად ლ---- ლ-----ემ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება და მკურნალობისათვის გასწია ხარჯი - 330,45 ლარი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსკ-ის) 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. მხარეს დარღვეული უფლების დაცვა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის

მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ. სუსგ Nას-944-894-2015).

 

განსახილველი დავა დელიქტიდან გამომდინარეობს. მტკიცების ტვირთი დელიქტურ სამართალში შემდეგნაირად ნაწილდება:

1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ზიანის ფაქტი;

2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მოპასუხის ქმედებით გამოწვეული ზიანის ფაქტი ანუ მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის;

3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ქმედების მართლზომიერება;

4. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს მისი ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი.

 

სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, ყოველმხრივ, სრულად, ობიექტურად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ მოპასუხემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება შეძლო.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მტკიცებას, რომ ლ---- ლ-----ეს ჯანმრთელობის დაზიანება არ მიუღია და სამედიცინო მანიპულაციებზე ტყუილად გასწია ხარჯი.

 

საქმეში წარმოდგენილია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ლ---- ლ-----ე მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით შპს „N----–------------------------–-“ მოთავსდა 29.11.2017 წელს 0-------------, საიდანაც გაეწერა 29.11.2017 წელს 0---- საათზე. პაციენტს დაუდგინდა დიაგნოზი სკალპის ზედაპირული ტრავმა. ამავე ჩანაწერებით ლ---- ლ-----ეს აღენიშნება ჰემატომა შუბლის მიდამოში მარცხნივ. შპს „ნ--------------–-ს“ ამბულატორული ბარათით და ცნობით დასტურდება, რომ ლ---- ლ-----ემ აღნიშნულ კლინიკას მიმართა 29.11.17 წელს და 04.12.17 წელს. ნევროპათოლოგის კონსულტაციების საფუძველზე დაუდგინა თავის ტვინის შერყევის დიაგნოზი. დასკვნის თანახმად, სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით ავადმყოფს აღენიშნება მწვავე ნევროლოგიური პათოლოგია: თავის ტვინის შერყევა. დოკუმენტაციაში აღწერილი ობიექტური მონაცემები და ტრავმის მიღების თარიღი (28.11.2017 წელი) არაა ერთმანეთთან შეუსაბამობაში. ექსპერტმა საბოლოოდ დაასკვნა, რომ დაზიანებები (ჰემატომა, თავის ტვინის შერყევა) განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარიხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით (ს.ფ 113-114).

 

ექსპერტიზა ჩატარებულია ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.

 

აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის დასკვნა გამოთხოვილია მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე და იგი მიუთითებდა, რომ ამ დასკვნით ლ---- ლ-----ეს არავითარი დაზიანება არ მიუღია, რეალურად კი, ექსპერტიზის დასკვნაში მოცემულია საპირისპირო ინფორმაცია.

 

საქმეში წარმოდგენილია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ცნობით დასტურდება, რომ 2017 წლის 28 ნოემბერს მომხდარი ავტოავარიის გამო ლ---- ლ-----ემ 29.11.2017 წელს მიმართა თბილისის N----–------------------------ს. კლინიკიდან საპატრულო პოლიციაში შევიდა შეტყობინება 29.11.2017 წელს 0---- საათზე (ს.ფ 105).

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებაში ასევეა მითითებული, რომ ლ---- ლ-----ემ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება (ს.ფ. 16)

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია შპს „ნ--------------–-ს“ პაციენტის სამოძრაო ბარათი, რომლის თანახმადაც ლ---- ლ-----ემ ნევროპათოლოგს მიმართა 29.11.2017 წელს და კონსულტაციისათვის გადაიხადა 13 ლარი. გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ერთვის ბარათს (ს.ფ 19).

 

ამავე სამედიცინო დაწესებულების 05.12.2017 წლის პაციენტის სამოძრაო ბარათით დასტურდება, რომ ლ---- ლ-----ეს ჩაუტრდა თავისა და თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, რისთვისაც მან გადაიხადა 190 ლარი. გადახდის ქვითარი ერთვის ბარათს (ს.ფ. 18).

 

საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დასტურდება, რომ ლ---- ლ-----ემ 29.11.2017 წელს 16:11 საათზე შეიძინა 127,45 ლარის ღირებულების შემდეგი დასახელების მედიკამენტები: ვაგოსტაბილი და ნევრალონი (ს.ფ. 20). ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ მოსარჩელე N----–-------------------------დან 29.11:2017 წელს 0---- საათზე გაეწერა. სამედიცინო ექპსერტიზის დასკვნის კვლევითი ნაწილიდან ირკვევა, რომ ნევროპათოლოგმა 29.11.2017 წელს ლ---- ლ-----ეს დაუნიშნა რამდენიმე პრეპარატი, მათ შორის, ვაგოსტაბილი და ნევრალონი (ს.ფ 115).

 

აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივად შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ლ---- ლ-----ემ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. მის მიერ მკურნალობისათვის გაწეული ხარჯი შეადგენს 330,45 ლარს და არა 350 ლარს, როგორც ამას მოსარჩელე უთითებს, ვინაიდან ქვითრებით სწორედ 330,45 ლარის გადახდა დასტურდება.

 

3.2.2. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ლ---- ლ-----ის კუთვნილი ავტომანქანის დაზიანებით მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზიანი - 4000 ლარი.

 

ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება (იხ. სუსგ ას-867-834-2016).

 

საქმეში წარმოდგენილია სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ლ---- ლ-----ის ავტომანქანისათვის მიყენებული ზიანი, საორიენტაციოდ შეადგენს 4000 ლარს (ს.ფ. 22).

 

დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად ავტომანქანის ძარის გადაკრულობის წინა ნაწილზე აღინიშნება ავარიული ხასიათის მექანიკური დაზიანებები, რთული და საშუალო დეფორმაციის სახით და ჩამოთვლილია შესაბამისი დაზიანებები. ექსპერტის მითითებით, ავტომობილზე ჩასატარებელი აღდგენითი სამუშაოებისა და შესაცვლელი დეტალების რაოდენობისა და მათი საბაზრო ღირებულებების გათვალისწინებით, ავტომობილის აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციისათვის, მატერიალური თვალსაზრისით, მიზანშეწონილი არ არის (ს.ფ 23).

 

დასკვნის შესაბამისად, ანალოგიური მონაცემების, ავტომანქანის ღირებულება, მისი დამზადების წლის, ექსპლუატაციაში ყოფნის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, არის 6000 ლარი, ხოლო დაზიანებების გათვალისწინებით - 2000 ლარი, ანუ, ავტოავარიის შედეგად, ავტომანქანის ღირებულება 4000 ლარით შემცირდა (ს.ფ 23).

 

ამავე დასკვნიდან გამომდინარეობს, რომ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა (ავტომანქანის შეკეთება), შეუძლებელი არ არის, მაგრამ დაკავშირებულია შეუსაბამოდ დიდ დანახარჯებთან, რაც პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ნაცვლად კომპენსაციის გადახდის წინაპირობაა (სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 409-ე მუხლები).

 

მოპასუხე არ ეთანხმება ზიანის გაანგარიშებას, აღნიშნავს, რომ ექსპერტიზა, რომლითაც განსაზღვრულია ავტომანქანისათვის მიყენებული ზიანი, ჩატარებულია ავტოავარიიდან 77 დღის შემდეგ. ამ დროის განმავლობაში ლ---- ლ-----ე გადაადგილდებოდა დაზიანებული ავტომანქანით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის დამტკიცება ევალება მოსარჩელეს. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე სასამართლოს წარმოუდგენს მტკიცებულებებს ზიანის გაანგარიშების თაობაზე, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე, რომელიც ზიანის ოდენობას ხდის სადავოდ.

 

რაიმე საპირისპირო მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

 

მოპასუხის შუამდგომლობით სასამართლომ გამოითხოვა სისხლის სამართლის საქმიდან ის დოკუმენტები, რომლებსაც მოპასუხე მიუთითებდა, ვინაიდან, მისი განმარტებით, სწორედ ამ დოკუმენტებში იყო ასახული, რეალურად რა დაზიანებები მიიღო ლ---- ლ-----ის ავტომანქანამ.

 

სისხლის სამართლის მასალები, რომელიც იქნა წარმოდგენილი, მსგავს ინფორმაციას არ შეიცავს.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მტკიცებას, რომ, ავტომანქანა დაზიანებული რომ ყოფილიყო, მას ლ---- ლ-----ეს სახლში არ გაატანდნენ.

 

დაზარალებულის და მოწმის გამოკითხვის ოქმებით ირკვევა, რომ ორივე მძღოლს ავტომანქანა გაატანეს და არ გადაიყვანეს საჯარიმო ავტოსადგომზე, ვინაიდან იმ მომენტისათვის მათ ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ ჰქონდათ (ს.ფ. 122, 119). დაზარალებულის გამოკითხვის ასევე ოქმით ირკვევა, რომ ლ---- ლ-----ემ სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარება თავად მოისურვა (იქვე), შესაბამისად, წარმოდგენილი დასკვნა არის სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგი. გარდა ამისა, მოწმის გამოკითხის ოქმით თავად თ------- კ-----ე მიუთითებს, რომ ლ---- ლ-----ემ ძალის მიწოლის შედეგად დაძრა ავტომანქანა ადგილიდან და გაიყვანა გზიდან (ს.ფ. 119), რაც გამორიცხავს ავტომანქანის ისეთ მდგომარეობაში ყოფნას, რომ მას თავისუფლად ემოძრავა.

 

ექსპერტიზის დასკვნაში ჩამოთვლილი დაზიანებები არ ეწინააღმდეგება ავტოავარიის აღწერას. ლ---- ლ-----ის ავტომანქანა წინა ნაწილით შეეჯახა თი----- კ-----ის კუთვნილ ავტომანქანას, დაზიანებებიც აქვს მიყენებული წინა ნაწილში, ამასთან, მათ შორის, გახსნილია უსაფრთხოების ბალიშები. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით კი, ლ---- ლ-----ეს ჰემატომა და თავის ტვინის შერყევა მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად განუვითარდა, რაც ჰგავს უსაფრთხოების ბალიშით მიყენებულ დაზიანებას. აღსანიშნავია ისიც, რომ მოპასუხის კუთვნილი ავტომანქანა არის მაღალი გამავლობის ე.წ. „ჯიპი“, ხოლო მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა - სედანის კატეგორიას მიეკუთვნება. სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ჩატარებული სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ 50 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ლ---- ლ-----ის ავტომანქანა შეეჯახა 30 კმ/სთ სიჩქარით მოძრავ თ------- კ-----ის ავტომანქანას (ს.ფ. 109). ყველა ამ მოსაზრების გათვალისწინებით სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მტკიცებას, რომ ავტოავარიის შედეგად ლ---- ლ-----ის კუთვნილი ავტომანქანა ასეთ დაზიანებებს ვერ მიიღებდა.

 

სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს გადაუხადა 1000 ლარი, რასაც მოსარჩელეც ადასტურებს, მაგრამ ამტკიცებს, რომ ლ---- ლ-----ეს სხვა ხარჯებიც ჰქონდა (მაგ. დაჭირდა ევაკუატორის მომსახურება), რასაც ეს თანხა მოხმარდა.

 

საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ ლ---- ლ-----ემ მკურნალობის გარდა, სხვა რაიმე ხარჯიც გასწია ავტოავარიის შედეგად, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ უკვე გადახდილი თანხა უნდა გამოაკლდეს ავტომანქანის დაზიანების გამო გადასახდელ კომპენსაციას და თ------- კ-----ის ვალდებულება განისაზღვროს 3000 ლარით.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 326-ე, 408-ე, 409-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

დელიქტური ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ სავალდებულო წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და მიყენებულ ზიანს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.

 

დადგენილია, რომ თ------- კ-----ის ბრალეული, არამართლზომიერი ქმედების შედეგად ლ---- ლ-----ეს მიადგა ზიანი.

 

სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო 409-ე მუხლის თანახმად კი, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (total reparation-ის პრინციპი). სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს (იხ. სუსგ Nას-630-593-2012).

 

დადგენილია, რომ ლ---- ლ-----ისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით არ შეიძლება, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა მოიცავს, ერთი მხრივ, ჯანმრთელობის დაზიანების გამო გაწეული მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო მეორე მხრივ, ავტომანქანის შეკეთება (პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა) დაკავშირებულია არათანაზომიერად დიდ დანახარჯებთან. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მკურნალობის ხარჯების 330,45 ლარისა და ავტომანქანის დაზიანებით მიყენებული ზიანის 3000 ლარის ანაზღაურება (იხ. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები 3.2.1-3.2.2 პუნქტები).

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციული სახელმწიფო ბაჟი, რომელიც დაკმაყოფილდა - 99 ლარი, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი.

 

მოსარჩელე ასევე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის - 500 ლარის ანაზღაურება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი ადგენს მაქსიმალურ ზღვარს, რა ფარგლებშიც შეიძლება წაგებულ მხარეს დაკისროს ადვოკატისათვის გაწული ხარჯის ანაზღაურება: არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-სა. ადვოკატი და კლიენტი ერთმანეთთან დაკავშირებული არიან დავალების ხელშეკრულებით და ამ ხელშეკრულების ფარგლებში შეუძლიათ შეთანხმდნენ ნებისმიერ ჰონორარზე, რაც მათთვის მისაღებია, მაგრამ იმისათვის, რომ წაგებულ მხარეს შეუსაბამო ტვირთად არ დააწვეს სასამართლოს გარეშე ხარჯის ანაზღაურება, კანონმდებელმა დაადგინა მაქსიმალური ზღვარი, რომლის ფარგლებშიც დავის მოწინააღმდეგე მხარე არის ვალდებული, აანაზღაუროს მოგებული მხარის ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი. მოსარჩელის მიერ მითითებული თანხა აღემატება ამ ზღვარს, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილის 4%, რომელიც დაკმაყოფილდა - 133 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და არსებობს მიღებული გადაწყვეტილების აღუსრულებლობის რისკისაგან დაცვის საჭიროება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის შესაბამისად, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლ---- ლ-----ის სარჩელი მოპასუხე თ------- კ-----ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

2. თ------- კ-----ეს ლ---- ლ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის - 3330, 45 ლარის ანაზღაურება;

 

3. დანარჩენ ნაწილში ლ---- ლ-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

4. თ------- კ-----ეს ლ---- ლ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 99 ლარის ანაზღაურება, სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება და ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 133 ლარის ანაზღაურება;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

7. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანა დაიშვება თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს.

 

მოსამართლე ხათუნა ჯინორია