გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 100210018002632284
#2/347 -18 წ.
გადაწყვეტილება
დაუსწრებელი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10.12. 2018 წ. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე: ს.ს. ,,ფ---- ბ---- ს----------–ო“
წარმომადგენელი: დ----- დ---–--ე
მოპასუხე: თ-------------ე
დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება
სასამართლოს სხდომაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად განიხილა მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის გამო გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
საჩხერის რაიონული სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე - ს.ს ” ფ---- ბ---- ს----------–ო“-ს (ს/კ 2--------) წარმომადგენელმა, მოპასუხის თ-------------ის (პ/ნ 3----------) მიმართ, ვალდებულების შესრულების თაობაზე.
მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ 2018 წლის 31 მარტს ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელმა თ-------------ემ სს „ფ---- ბ---- ს----------–ო“-სგან აიღო სესხი 6000 ლარის ოდენობით. სესხი გაიცა 31.03.2018-დან 25.03.2021-მდე ანუ 1090 დღის ვადით. საპროცენტო განაკვეთათ განისაზღვრა 32.50% წლის განმავლობაში. სესხის ხელშეკრულების მიხედვით სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელი თანხა იბეგრება საურავით, რომელიც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1.0%-ს. ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში. ვინაიდან მოსარჩელე თვლის რომ მოპასუხე მხარემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეწყვიტა სესხის ხელშეკრულება და მომართა სასამართლოს თანხის დაკისრების მოთხოვნით.
მოსარჩელე ითხოვს, რომ მოპასუხეს დაეკისროს დავალიანებული თანხის გადახდა 9374.22 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 5871.57 ლარი, სარგებელი 3272.84 ლარი, საურავი 217.84 ლარი. დაზღვევის თანხა 11.97 ლარი
მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 281.23 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას.
სარჩელის მიხედვით მოსარჩელე მოითხოვს სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მოსარჩელე მხარემ სასამართლოს სხდომაზე უარი განაცხადა მოთხოვნაზე დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოცემულ სარჩელზე შესაგებელი არ შემოუტანია მოპასუხეს, მიუხედავად ამისა სასამართლომ მიზანშეწონილად ჩათვალა რომ დაენიშნა მოსამზადებელი სხდომა.
სასამართლოს მიერ დანიშნულ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე - თ-------------ე 2018 წლის 21 ნოემბერს არ გამოცხადებულა, რომელსაც სასამართლოს სხდომის თარიღი ეცნობა კანონით დადგენილი წესით. საქმის განხილვა გადაიდო და სხდომა დაინიშნა 10 დეკემბერს 14:00 საათზე, აღნიშნული თარიღიც ეცნობა მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით, თუმცა არც აღნიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია რომ 2018 წლის 31 მარტს ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელმა თ-------------ემ სს „ფ---- ბ---- ს----------–ო“-სგან აიღო სესხი 6000 ლარის ოდენობით. სესხი გაიცა 31.03.2018-დან 25.03.2021-მდე ანუ 1090 დღის ვადით. საპროცენტო განაკვეთათ განისაზღვრა 32.50% წლის განმავლობაში. სესხის ხელშეკრულების მიხედვით სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელი თანხა იბეგრება საურავით, რომელიც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1.0%-ს. ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ.1-13)
- ხელშეკრულება და გრაფიკი (ს.ფ. 14-20)
- მოსარჩელე მხარის განმარტებები.
3.2.2. დადგენილია, რომ სესხის დანართის სახით მსესხებელთან გაფორმებულია სოციალური დაზღვევის პოლისი. მზღვეველის სს „ს-----------------------------------–------“, დამზღვევი თ-------------ე, მოსარგებლე სს „ფ---- ბ---- ს----------–ო“. საწყისი სადაზღვეო თანხაა 6000 ლარი. სადაზღვეო პრემიაა მიმდინარე სადაზღვეო თანხის წლიური 0.6 %, რომლის ყოველთვიური გადახდის ოდენობა მოცემულია სესხის დაფარვის გრაფიკში. დაზღვევის ღირებულება 63.36 ლარი. სადაზღვეო პოლისის დანართის 3.1 პუნქტის თანახმად დამზღვევის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის დაზღვევიდან 93 დღის შემდგომ წყდება დაზღვევის ღირებულების თანხის დარიცხვაც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სიცოცხლის დაზღვევის პოლისი (ს.ფ.22-25)
- ხელშეკრულება და გრაფიკი (ს.ფ. 14-20)
- მოსარჩელე მხარის განმარტებები.
3.2.3. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულია სესხის ხელშეკრულების პირობები, შესაბამისად მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა. სარჩელის მიხედვით მოსარჩელე მხარე მიუთითებს რომ მოპასუხეს „ფ---- ბ---- ს----------–ო“-ს მიმართ აქვს დავალიანება 9374.22 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 5871.57 ლარი, სარგებელი 3272.84 ლარი, საურავი 217.84 ლარი. დაზღვევის თანხა 11.97 ლარი. დადგენილია, რომ სარგებლიდან -3272,84 ლარიდან 745.92 ლარი არის პროცენტი სარჩელის შემოტანამდე, ხოლო 587.16 ლარი არის მიუღებელი შემოსავალი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადახდების ისტორია (ს.ფ.26)
- გაფრთხილების წერილი და საფოსტო შეტყობინება (ს.ფ.27-28
- მოსარჩელე მხარის განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
1.2. სასამართლო თვლის, რომ მიღებული იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში, ხოლო დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მიღებული უნდა იქნას გადაწყვეტილება. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის სახით 7434 ლარისა და 46 თეთრის გადახდა. დანარჩენ ნაწილში ს.ს.,,ფ---- ბ---- ს----------–ო“-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო (გადაწყვეტილება).
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 623-628-ე მუხლებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70 - 78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
მოპასუხის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა არავითარი დოკუმენტი, რომელიც საპატიოდ ჩათვლიდა მოპასუხის გამოუცხადებლობას.
სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ნაწილობრივ ამართლებს მოთხოვნას, შესაბამისად ამ ნაწილში უნდა იქნას მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ხოლო იმ ნაწილში სადაც გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას მიღებული უნდა იქნას გადაწყვეტილება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად ”საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.”
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად ”სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.”
დადგენილია რომ 2018 წლის 31 მარტს ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელმა თ-------------ემ სს „ფ---- ბ---- ს----------–ო“-სგან აიღო სესხი 6000 ლარის ოდენობით. სესხი გაიცა 31.03.2018-დან 25.03.2021-მდე ანუ 1090 დღის ვადით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 32.50% წლის განმავლობაში. სესხის ხელშეკრულების მიხედვით სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელი თანხა იბეგრება საურავით, რომელიც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1.0%-ს. ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ”მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.” მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, „კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას.“ უდავოდაა დადგენილი, რომ მოვალეს დარღვეული აქვს ვალდებულება რის გამოც კრედიტორმა სარჩელის აღძვრით ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება მოვალესთან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის შესაბამისად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი .
აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში ასევე კანონიერია ნარჩენი სადაზღვევო შენატანის დაკისრება.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად „ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით.“
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად „ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.“
სსკ-ის 394.1-ე მუხლის თანახმად: „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება“. ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა. სსკ-ის 408.1-ე მუხლის თანახმად, „პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა“. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. სსკ-ის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემული ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
სსკ-ის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.
ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი (მიუღებელი შემოსავალი). ამდენად, მოხმობილ ნორმათა ერთობლივი ანალიზის შედეგად, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში და თვლის, რომ მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც საბანკო დაწესებულებას უნდა მიეღო, მართებულია, ვინაიდან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის (მოსარჩელის) უსაფუძვლო გამდიდრება.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეს სს „ფ---- ბ---- ს----------–ო“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ძირითადი თანხის ათი პროცენტი 587,16 ლარის გადახდა (მიუღებელი შემოსავალი).
6.6. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. საქმე #.ას 848-814-16, #ას-816-767-15, #ას-953-918).
ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014);
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო და მოთხოვნილი პირგასამტეხლო ზომიერია.
6.7. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 230, 234-237, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს.ს.,,ფ---- ბ---- ს----------–ო“-ს შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ:
1.1.თ-------------ეს ს.ს. ,,ფ---- ბ---- ს----------–ო“-ს სასარგებლოდ დაეკისროს გადასახდელად 7434 (შვიდი ათას ოთხასოცდათოთხმეტი) ლარისა და 46 (ორმოცდაექვსი) თეთრის (საიდანაც 5871.57 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 745.92 ლარი არის პროცენტი სარჩელის შემოტანამდე, ხოლო 587.16 ლარი არის სარგებელი(მიუღებელი შემოსავალი), 217.84 პირგასამტეხლო, 11.97 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევა) გადახდა (დაუსწრებელი გადაწყვეტილება).
1.2. დანარჩენ ნაწილში ს.ს.,,ფ---- ბ---- ს----------–ო“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო(გადაწყვეტილება).
2. თ-------------ეს ს.ს. ,,ფ---- ბ---- ს----------–ო“-ს სასარგებლოდ დაეკისროს გადასახდელად, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 223 (ორასოცდასამი) ლარისა და 03 (სამი) თეთრის ოდენობით გადახდა.
3. დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საჩივრით, საჩხერის რაიონულ სასამართლოში.
გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი