გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.12.2018
საქმის ნომერი
330210018002603398
კატეგორია
დავის ტიპი
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
თარიღი
14.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/25--1-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

1-----------ი 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ცისანა სირბილაძე

სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი

მოსარჩელე - მ-----------ე

წარმომადგენელი - გ---------------

მოპასუხე - სს „თ--–--ი“

წარმომადგენელი - ვ-----------------ე

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. სს „თ--–--ს“ მ-----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 4 650 ლარის გადახდა.

სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მოსარჩელე ფლობს კომერციულ ობიექტს, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, კ--–-----ს რაიონში, გ---–---ს ქუჩაზე, საკადასტრო კოდით N01.1--05.0---0--- კომერციული ფართის განვითარების შედეგად წარმოშობილი საჭიროებების გათვალისწინებით, 2018 წლის 10 იანვარს მოსარჩელემ მიმართა სს „თ--–--ს“ მიერთების სიმძლავრის 120 კვტ-მდე გაზრდის მოთხოვნით. აღსანიშნავია, რომ გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მომხმარებლის სიმძლავრის გაზრდის საკითხები რეგულირდება სა---------–-----------------------–---–-----------------------–-------–------------–ი კომისიის შემდგომში - სე---ი) 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილებით. მოცემული დადგენილებით დამტკიცებული წესების (შემდგომში - „წესები“) 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტისა და იმავე დადგენილების მე-4 დანართის თანახმად, მიერთების სიმძლავრის გაზრდის ღირებულებად განისაზღვრა 9 300 ლარი, საიდანაც განცხადების წარდგენის ეტაპზე ავანსად გადახდილი იქნა აღნიშნული თანხის 50 % - 4 650 ლარი, რასაც ითვალისწინებდა „წესების“ 27-ე მუხლის მე-3 პუნქტი. ამასთან, „წესების“ მე-4-ე დანართის თანახმად, სს „თ--–--ი“-ს მიერ სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 40 სამუშაო დღე. კონტრაქტორმა ვერ შეძლო კანომდებლობით დადგენილ ვადებში შესაბამისი სამუშაოების დასრულება და გაზრდილი სიმძლავრის მიწოდება შესაძლებელი გახდა მხოლოდ 201--–-–------------–ს. (ვადაგადაცილებამ შეადგინა 18 სამუშაო დღე)

 

მოსარჩელის განმარტებით, განცხადების წარდგენის ეტაპზე მოქმედი „წესების“ 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის შესახებ განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა მოხდეს წესების 26-ე და 261-ე მუხლებით განსაზღვრული წესით. თავის მხრივ, „წესების“ 261-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მოთხოვნილი სამუშაოების კანონით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიერთების საფასური მცირდება 50 % - ით. შესაბამისად, რადგან ავანსად უკვე გადახდილი იყო შესასრულებელი სამუშაოების ჯამური ღირებულების 50 % და სს „თ--–--მა“ ვერ უზრუნველყო სამუშაოების კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში დასრულება, ამ უკანასკნელს აღარ უნდა მოეთხოვა დარჩენილი 50 % - ის 4650 ლარის გადახდა. მიუხედავად ამისა, სს „თ--–--მა“ მაინც წარადგინა აღნიშნული თანხის ანაზღაურების მოთხოვნა, რისი შეუსრულებლობის შემთხვევაშიც მოხდებოდა სასამართლო და სააღსრულებო წარმოების დაწყება მოსარჩელის წინააღმდეგ, ასევე სს „თ--–--ი“ განახორციელებდა მოსარჩელის კომერციული ობიექტის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტას. იმის გათვალისწინებით, რომ კომერციული ობიექტის ფუნქციური დანიშნულების გამო აუცილებელი იყო მისი ელექტროენერგიის უწყვეტობის შენარჩუნება და კომპანიის საქმიანობის პროფილის გამო სასამართლო საქმის წარმოების ფარგლებში კომპანიის ქონების მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოყენების თავიდან აცილება, მოხდა სს „თ--–--ისთვის“ მოთხოვნილი თანხის 4 650 ლარის გადახდა. მოსარჩელე თვლის რომ სს „თ--–--ისთვის“ გადახდილი თანხა წარმოადგენს უსაფუძვლოდ გადახდილ თანხას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ საქმეში არ არის წარდგენილი მომსახურების საფასურის ანაზღაურების შესახებ მტკიცებულება. 2018 წლის 22 მაისს კომისიამ უარი უთხრა მ-----------ეს გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე. წერილში განმარტებულია, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სიმძლავრის გაზრდის საფასურის განახევრებას. სე---მა, რომელიც N 20 დადგენილების საფუძველზე არეგულირებს ლიცენზიანტსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობას განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სს „თ--–--ს“ არ დაურღვევია N 20 დადგენილების პირობები, რადგანაც მოსარჩელეს მიეწოდებოდა ელექტროენერგია და მოითხოვა სიმძლავრის გაზრდა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ ითვალისწინებს გადასახდელი საფასურის განახევრებას. მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია სე---ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე დაეთანხმა მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები;

 

3.1.1. 2018 წლის 10 იანვარს, მ-----------ემ სს „თ--–--ს“ მიმართა ქ. თბილისში, გ---–---ს ქუჩაზე მდებარე ობიექტის ელექტრომომარაგების სიმძლავრის გაზრდის განაცხადით. განაცხადით მოთხოვნილი სამუშაოები დასრულდა 201--–-–------------–ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- განაცხადი (ს.ფ. 17 - 18);

- მიერთების საფასურის აღრიცხვის ფორმა (ს.ფ. 52)

3.1.2. ქ. თბილისში, გ---–---ს ქუჩაზე მდებარე ობიექტის ელექტრომომარაგების სიმძლავრის მიერთების საფასური განისაზღვრა 9 300 ლარით. ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის სამუშაოების ჯამური ღირებულების სანაცვლოდ, 2018 წლის 10 იანვარს მ-----------ემ, სს „თ--–--ი“-ს სასარგებლოდ, გადაიხადა მომსახურების 50 % - 4 650 ლარის ოდენობით. 2018 წლის 31 ივლისს სს „თ--–--ი“-ს მოთხოვნის საფუძველზე მ-----------ემ უზრუნველყო დარჩენილი 4 650 ლარის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საგადახდო დავალებები (ს.ფ. 24 - 25)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-----------ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე, 979-ე მუხლები,სა---------–-----------------------–---–-----------------------–-------–------------–ი კომისიის შემდგომში - სე---ი 20---–-–------ დადგენილება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ''ა'' ქვეპუნქტის მიხედვით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ -კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის თანახმად, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით. თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან, თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით.

 

აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში იშლება. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.

 

უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა ანუ გამდიდრების გათანაბრება. გამდიდრების უსაფუძვლობა კი შეიძლება ემყარებოდეს სხვადასხვა გარემოებებს, მათ შორის მართლზომიერ ქმედებებსაც. უსაფუძვლო გამდიდრების დროს კი მნიშვნელობა არა აქვს ბრალს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ერთი პირის ქონების გადასვლის ფაქტი მეორე პირის საკუთრებაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, დაზარალებულს აუნაზღაურდება ზიანი იმ ოდენობით, რომლითაც მიმღები გამდიდრდა.

 

უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არ აქვს აბსოლიტურად არავითარი მნიშვნელობა, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ-კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.

 

სა---------–-----------------------–---–-----------------------–-------–------------–ი კომისიის შემდგომში - სე---ი 20---–-–------ დადგენილების 261 მუხლი ითვალისწინებს ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცედურებს, კერძოდ, პირველი პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის, ასევე უძრავი ქონების (აბონენტის) გაყოფის შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთებას (ამ წესების 26-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად), პირმა (ან პირთა ჯგუფმა) „გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადით უნდა მიმართოს განაწილების ლიცენზიანტს (ელექტრონული ან წერილობით ფორმით). თუ მოთხოვნილი მიერთება არ შეესაბამება ამ წესებით გათვლისწინებულ ახალი მომხმარებლის მიერთების განსაზღვრებას, დაუშვებელია მისი განხილვა ამ წესების 26-ე და 261 მუხლების საფუძველზე და განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია წინასწარ გადახდილი მიერთების საფასური დაუბრუნოს განმცხადებელს 10 დღის ვადაში.

 

დადგენილების 27-ე მუხლი ითვალისწინებს მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდას, კერძოდ, მეორე პუნქტის თანახმად, საცალო მომხმარებლის მიერ „ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის შესახებ“ განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესების 26-ე და 261 მუხლებით, თუ ამ მუხლით მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.

 

შესაბამისად, მხარეთა შორის ურთიერთობა სწორედ, რომ უნდა დარეგულირდეს სა---------–-----------------------–---–-----------------------–-------–------------–ი კომისიის 20---–-–------ დადგენილების 26-ე და 261 მუხლების საფუძველზე. კერძოდ, მართალია მოსარჩელე წარმოადგენს უკვე რეგისტრირებულ აბონენტს, თუმცა, სიმძლავრის გაზრდის მოთხოვნის შემთხვევაში დადგენილება ავრცელებს ახალ აბონენტთან ურთიერთობის წესებს.

 

სა---------–-----------------------–---–-----------------------–-------–------------–ი კომისიის შემდგომში - სე---ი 20---–-–------ დადგენილების 261 მუხლის მერვე პუნქტის თანახმად, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში დაუსრულებლობის (ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის) შემთხვევაში, ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური შემცირდება 50%-ით. ხოლო განაწილების ლიცენზიანტის მიერ მიერთების მსურველის (განმცხადებლის) „გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადის რეაგირების გარეშე დატოვების შემთხვევაში, შესაძლებელია აღნიშნულ მიერთებაზე გავრცელდეს, განსაზღვრულ ვადაში გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების 50%-ით შემცირებული საფასური (ამ შემთხვევაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისია მიერთების მსურველის სათანადო მოთხოვნის საფუძველზე). შესაბამისად, თუ ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური პირს უკვე გადახდილი აქვს, ზედმეტად გადახდილი თანხა განაწილების ლიცენზიანტმა უნდა დაუბრუნოს განმცხადებელს ამ გარემოების დადგენიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.

 

დადგენილია, რომ მ-----------ეს სს "თ--–--ისათვის" გადახდილი მომსახურების სრული ღირებულება 9300 ლარი, რომელიც სრულადაა გადახდილი მ-----------ის მიერ.

 

დადგენილია, რომ სს „თ--–--მა“ მომსახურება შეასრულა ვადის დარღვევით. შესაბამისად, ამ მოცემულობით სადავო ურთიერთობაზე უნდა გავრცელდეს სე---ის დადგენილების 26-ე და 261 მუხლებით გათვალისწინებული რეგულაცია, რის საფუძველზედაც შესრულების ვადის დარღვევის გამო მ-----------ეს უნდა გაუნახევრდეს მომსახურების ღირებულება.

 

სასამართლოს მიაჩნია, იმ პირობებში როდესაც, სს "თ--–--მა" ვალდებულება შეასრულა სა---------–-----------------------–---–-----------------------–-------–------------–ი კომისიის შემდგომში - სე---ის 20---–-–------- დადგენილებით განსაზღვრული ვადის დარღვევით და მიუხედავად ამისა მოსარჩელეს მოსთხოვა დარჩენილი 50 %-ის 4650 ლარის გადახდა, მ-----------ე უფლებამოსილია მოითხოვოს უსაფუძვლო გამდიდრების წესების შესაბამისად, თანხის დაბრუნება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 140 ლარი. სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს იურიდიული მომსახურების სახით უნდა დაეკისროს 186 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248- 250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მ-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. სს ''თ--–--ს'', მ-----------ის სასარგებლოდ, დაეკისროს 4 650 ლარის გადახდა;

3. სს ''თ--–--ს'', მ-----------ის სასარგებლოდ, დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 140 ლარის გადახდა;

4. სს ''თ--–--ს'', მ-----------ის სასარგებლოდ, დაეკისროს - 186 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ცისანა სირბილაძე