გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1148-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით 20 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი შესავალი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი
სხდომის მდივანი - თამარ აკობია
მოსარჩელე - მ-----–----–--ე
წარმომადგენლები - რ--------------------ე, თ-----------------ე, დ--–-------ე
მოპასუხეები - ა------------------–---–ი, შპს ,,ს----------–-------–----------------ია'', შპს "ს------------ი"
წარმომადგენლები - ნ------------–--ე, თ-----------------ე, ლ---–-------–----–--ე/ა------------------–---–ის და შპს ,,ს----------–-------–----------------იის''
წარმომადგენელი - კ------------------------/შპს "ს------------ის"
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 3 047.11 ლარის ანაზღაურება (იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა).
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი ს.ფ. 1-15; 102-116):
1.1.1. 2017 წლის 05 სექტემბერს მოძრაობდა მის საკუთრებაში არსებული ავტომობილით (სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით I------) ქალაქ თბილისის გამოსასვლელთან, რა დროსაც მის წინ მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან მარკა/მოდელი - H--- Z-----------, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით K------, საიდენტიფიკაციო ნომერი - L----------------, რეგისტრაციის მოწმობის ნომერი - A--------, გადმოიყარა ღორღი და მის ავტომანქანას დაუზიანა წინა საქარე მინა;
1.1.2. ადგილზე გამოძახებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ შედგა რეაგირების ოქმი, რომლიდანაც დგინდება, რომ ავტომობილს სახელმწიფო ნომრით K------ მართავდა ა------------------–---–ი, რომლის ავტომობილიდან ჩამოცვენილი კენჭებიც მოხვდა მის საკუთრებაში არსებული მანქანის საქარე მინას, რის გამოც მინა დაზიანდა და შემდგომში მისი გამოყენება/ექსპლოატაცია გადხდა შეუძლებელი;
1.1.3. მოპასუხე ა------------------–---–ისგან მოითხოვა ზიანის ანაზღაურება, რომელმაც აღიარა აღნიშნული ფაქტი და აიღო მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება;
1.1.4. მოპასუხე ა------------------–---–ს არ შეუსრულებია ზიანის ანაზღაურების თაობაზე ნაკისრი ვალდებულება;
1.1.5. იგი იძულებული გახდა თავად შეეცვალა დაზიანებული საქარე მინა, რომლის ღირებულებამაც შეადგინა 2 837.11 ლარი, შეცვლის ღირებულებამ - 210 ლარი, შესაბამისად სულ მის მიერ გაღებულია ხარჯი - 3 047.11 ლარის ოდენობით;
1.1.6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით K------ ირიცხება შპს ,,ს----------–-------–----------------იის’’ საკუთრებად და ა------------------–---–ი წარმოადგენს აღნიშნული კომპანიის დასაქმებულს - ავტომობილის მძღოლს;
1.1.7. 2017 წლის 13 ივლისის ლიზინგის ხელშეკრულების თანახმად ავტოსატრანსპორტო საშუალება მარკა/მოდელი - ჰ----- Z-----------, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით K------, საიდენტიფიკაციო ნომერი - L----------------, რეგისტრაციის მოწმობის ნომერი - A--------, გადაცემული აქვს შპს ,,ს------------ს’’;
1.1.8. ვინაიდან მისთვის ზიანი მიყენებულია მათი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი მოვალეობის შესრულებისას, მოპასუხეებს ეკისრებათ ზიანის ანაზღაურება სოლიდარულად.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს ,,ს----------–-------–----------------იამ’’ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი.
შესაგებლის საფუძვლები (ს.ფ. 32-39; 71-79; 160-170):
2.1.1. მისთვის უცნობია ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტის თაობაზე და აღნიშნულზე შეიტყო სარჩელიდან;
2.1.2. ავტოსატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით ,,K------’’ წარმოადგენს მის საკუთრებას, თუმცა აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული აქვს შპს ,,ს------------ისთვის’’, რომლიც მას ამუშავებს, იღებს შემოსავალს და წარმოადგენს მის სრულყოფილ მფლობელს.შესაბამისად, იგი წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს;
2.1.3. ა------------------–---–ი არ წარმოადგენს მის მძღოლს და არ არის შპს ,,ს----------–-------–----------------იაში’’;
2.2. მოპასუხე ა------------------–---–ს ჩაბარდა სარჩელი სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, თუმცა მას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია.
2.3. მოპასუხე შპს ,,ს------------ს’’ ჩაბარდა სარჩელი სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, თუმცა მას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 13 ივლისს შპს ,,ს----------–-------–----------------იას’’, როგორც ლიზინგის გამცემს და შპს ,,ს------------ს’’, როგორც ლიზინგის საგნის გამყიდველს (მიმწოდებელი) შორის დაიდო გამოსყიდვის უფლებით №G------------ ლიზინგის ხელშეკრულება.
აღნიშნული ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, შპს ,,ს----------–-------–----------------იამ’’ ლიზინგის მიმღებს შემდგომი შესყიდვის უფლებით 2019 წლის 03 ივლისამდე მფლობელობასა და სარგებლობაში გადასცა ავტოსატრანსპორტო საშუალება მარკა/მოდელი - ჰ----- Z-----------, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით K------, საიდენტიფიკაციო ნომერი - L----------------, სატრანსპორტო საშულების რეგისტრაციის ნომერი - A--------.
ხელშეკრულების 5.4. პუნქტის თანახმად, ლიზინგის საგნის ან მისი ნაწილის მიწოდების მომენტიდან ლიზინგის საგნის ან მისი ნაწილის განადგურების, დაღუპვის ან დაზიანების რისკი და პასუხისმგებლობა სრულად გადადის ლიზინგის მიმღებზე.
ხელშეკრულების 7.3.2. პუნქტის თანახმად, გათვალისწინებულია, რომ ლიზინგის მიმღები უფლებამოსილია გარდა ამ ხელშეკრულებით, მისი დანართ(ებ)ით, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული შეზღუდვისა, სრულად და შეუზღუდავად გამოიყენოს საკუთარი, როგორც მესაკუთრის უფლებები (მაგ. ლიზინგის საგნის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება, სხვაგვარად დატვირთვა მესამე პირების სასარგებლოდ და ა.შ) და აღნიშნული ქმედების შედეგად წარმოშობილი სამართლებრივი შედეგი მხარეთა მიერ არ იქნება განხილული ლიზინგის საგნის უფლებრივ ნაკლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება, დანართები, მიღება-ჩაბარების აქტი, რეგისტრაციის მოწმობა (ს.ფ. 40-55)
3.1.2. 2017 წლის 14 ივლისიდან ავტოსატრანსპორტო საშუალება მარკა/მოდელი - ჰ----- Z-----------, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით K------, საიდენტიფიკაციო ნომერი - L----------------, სატრანსპორტო საშულების რეგისტრაციის ნომერი - A--------, რეგისტრირებულია შპს ,,ს----------–-------–----------------იის’’ სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა (ს.ფ. 20)
3.1.3. 2017 წლის 05 სექტემბერს მოსარჩელე მოძრაობდა მის საკუთრებაში არსებული ავტომობილით (სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით I------) ქალაქ თბილისის გამოსასვლელთან, რა დროსაც მის წინ მოძრავი ავტომანქანიდან მარკა/მოდელი - ჰ----- Z-----------, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით K------, საიდენტიფიკაციო ნომერი - L----------------, რეგისტრაციის ნომერი - A--------, გადმოიყარა ქვის კენჭები და დაუზიანა მის ავტომანქანას წინა საქარე მინა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- რეაგირების ოქმი (ს.ფ. 17-18)
3.1.4. 2017 წლის 05 სექტემბერს მომხდარი შემთხვევისას ავტოსატრანსპორტო საშუალებას მარკა/მოდელი - ჰ----- Z-----------, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით K------, საიდენტიფიკაციო ნომერი - L----------------, რეგისტრაციის ნომერი - A--------, მართავდა ა------------------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- რეაგირების ოქმი (ს.ფ. 17-18)
3.1.5. 2017 წლის 05 სექტემბერს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ შედგენილი რეაგირების ოქმის თანახმად, ა------------------–---–მა აიღო ვალდებულება მოსარჩელისთვის ავტომობილიდან ქვის კენჭების გადმოყრის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- რეაგირების ოქმი (ს.ფ. 17-18)
3.1.6. მოსარჩელის მიერ შეცვლილია 2017 წლის 05 სექტემბერს მომხდარი შემთხვევის შედეგად მისი კუთვნილი ავტომობილის დაზიანებული წინა საქარე მინა. აღნიშნული ნაწილის შეცვლის გამო, მის მიერ გაღებულია ხარჯი ჯამში 3 047.11 ლარის ოდენობით, საიდანაც 2 837.11 ლარი არის თავად საქარე მინის, ხოლო 210 ლარი მისი შეცვლის ღირებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ცნობა (ს.ფ.19)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. ა------------------–---–ი წარმოადგენს შპს ,,ს------------ის’’ თანამშრომელს. 2017 წლის 05 სექტემბერს მომხდარი შემთხვევისას იგი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.
მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია (იხ. სუსგ, საქმე №ას-1003-964-2016).
განსახილველ შემთხვევაში დაზუსტებულ სარჩელში მითითებულია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ა------------------–---–ი დასაქმებულია შპს ,,ს------------ში’’. წარმოდგენილი სარჩელი შპს ,,ს------------ის’’ პასუხისმგებლობის ნაწილში ემყარება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ა------------------–---–ი წარმოადგენდა მოპასუხე კომპანიის დასაქმებულს და იგი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას შესაბამისი შემთხვევის დადგომისას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შეჯიბრებითობისა და დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში მოპასუხეებს სადავო არ გაუხდიათ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებანი.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, მოპასუხედ დასახელებული პირი აღჭურვილია ასევე უფლებით, დაეთანხმოს მის წინააღმდეგ წარდგენილ პრეტენზიებს - ნაწილობრივ ან სრულად ცნოს სარჩელი. სწორედ მოპასუხის დისპოზიციური ნების დაცვის ინსტრუმენტად გვევლინება სარჩელისაგან თავდაცვის იმგვარი საპროცესო საშუალება როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი არ წარმოადგენს კანონის ფორმალურ დანაწესს და როგორც მისი არასაპატიოდ წარუდგენლობა, ისე, შინაარსობრივი დასაბუთება მნიშვნელოვან შედეგებთანაა დაკავშირებული. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლი არეგულირებს შესაგებლის წარდგენის სტანდარტს, რომელიც უნდა განიმარტოს ამავე კოდექსის მე-4 მუხლთან შესაბამისობაში (შეჯიბრებითობა) და იმის მიხედვით, თუ რამდენად არსებითია მოპასუხის შედავება, შესაძლებელია მისი კვალიფიკაცია, როგორიცაა, მაგალითად: ზოგადი, ანუ აბსტრაქტული სახის შედავება, კვალიფიციური შედავება და სხვა. მითითებული კვალიფიკაცია, თავისთავად, გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთსა და მტკიცების საგანში შემავალ გარემოებათა წრეზე.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებს ა------------------–---–სა და შპს ,,ს------------ს’’ არ განუხორციელებიათ შედავება მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით, შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ა------------------–---–ი წარმოადგენს შპს ,,ს------------ის’’ თანამშრომელს. 2017 წლის 05 სექტემბერს მომხდარი შემთხვევისას იგი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.
3.2.2. მოპასუხე შპს ,,ს----------–-------–----------------იას’’ არ ეკისრება მოსარჩელისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირებს წარმოადგენენ ა------------------–---–ი და შპს ,,ს------------ი’’.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.
შეიძლება ითქვას, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების კერძო შემთხვევაა და მიუხედავად ბრალისა, მომეტებული საფრთხის წყაროს იურიდიულ მფლობელს აკისრებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.
მოხმობილი ნორმა ადგენს სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელის ვალდებულებას, ნორმაში ჩამოთვლილ სიკეთეთა ხელყოფის შემთხვევაში, აგოს პასუხი. თავის მხრივ, ნორმის სუბიექტები არიან ვალდებული და დაზარალებული პირები. ვალდებულ პირად კანონი განიხილავს ნივთის მფლობელს, ანუ პირს, რომელსაც ამ ქონებაზე საკუთრება მართლზომიერად აქვს მოპოვებული, თუმცა, მფლობელი, როგორც ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი, შეიძლება იყოს, როგორც პირდაპირი, ისე _ არაპირდაპირი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სახეზე გვყავს კვლავ „მფლობელი’’ (არაპირდაპირი) და „მოსარგებლე’’ (პირდაპირი მფლობელი).
უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია (იხ. სუსგ №ას-494-463-2010).
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეები არიან ლიზინგის გამცემი, ლიზინგის მიმღები და უშუალოდ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილ სარჩელზე პასუხისმგებლობის სუბიექტთა დიფერენცირება სამართალურთიერთობის როგორც ფაქტობრივი ისე იურიდიული ელემენტების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ამისათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან მოპასუხეთა სამართლებრივი კავშირი და ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით.
სასამართლო მიუთითებს, რომ ლიზინგის ხელშეკრულება ორმხრივად მავალდებულებელი, სასყიდლიანი გარიგებაა. ლიზინგის სამართლებრივი ურთიერთობა, როგორც წესი გამოირჩევა მასში მონაწილე მხარეთა სიმრავლით, რომლებიც ლიზინგის სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში დებენ სხვადასხვა გარიგებებს. ლიზინგის ეს სამართლებრივი ბუნება განაპირობებს მის მონაწილეთა პასუხისმგებლობის საკითხების თავისებურებასაც.
დადგენილია, რომ 2017 წლის 13 ივლისს შპს ,,ს----------–-------–----------------იას’’, როგორც ლიზინგის გამცემს და შპს ,,ს------------ს’’, როგორც ლიზინგის საგნის გამყიდველს (მიმწოდებელი) შორის დაიდო გამოსყიდვის უფლებით №G------------ ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს ,,ს----------–-------–----------------იამ’’ ლიზინგის მიმღებს შემდგომი შესყიდვის უფლებით 2019 წლის 03 ივლისამდე მფლობელობასა და სარგებლობაში გადასცა ავტოსატრანსპორტო საშუალება მარკა/მოდელი - ჰ----- Z-----------, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით K------, საიდენტიფიკაციო ნომერი - L----------------, სატრანსპორტო საშულების რეგისტრაციის ნომერი - A--------.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული ავტომობილი საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს ,,ს----------–-------–----------------იის’’ სახელზე.
სასამართლო მიუთითებს, რომ ის ფაქტი, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილი რეგისტრირებული იყო შპს ,,ს----------–-------–----------------იის’’ სახელზე, არაა საკმარისი მისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის წარმოდგენილი ლიზინგის ხელშეკრულების პარალელურად. მისი საკუთრების უფლება სალიზინგო ხელშეკრულების სპეციფიკიდან გამომდინარე, ნომინალურია და უზრუნველყოფის ფუნქციით არის დატვირთული. ამიტომ, იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე, ავტომობილის ფაქტობრივ ფლობას მოპასუხე შპს ,,ს----------–-------–----------------ია’’ არ ახორციელებდა, იგი არ წარმოდგენს სადავო ავტომობილის ექსპლოატაციიდან გამომდინარე მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ სუბიექტს. ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე, მფლობელობის გადაცემა იმგვარი იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებაა, რომელიც დელიქტური ვალდებულებისაგან ათავისუფლებს მომეტებული საფრთხის წყაროს მესაკუთრეს (სკ-ის 999.4 მუხლი) და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის სუბიექტები არიან ვალდებული და დაზარალებული პირები. ვალდებულ პირად კანონი განიხილავს ნივთის მფლობელს, ანუ პირს, რომელსაც ამ ქონებაზე საკუთრება მართლზომიერად აქვს მოპოვებული, თუმცა მფლობელი, როგორც ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი, შეიძლება იყოს, როგორც პირდაპირი, ისე - არაპირდაპირი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სახეზე გვყავს კვლავ „მფლობელი’’ (არაპირდაპირი) და „მოსარგებლე’’ (პირდაპირი მფლობელი). სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლი ითვალისწინებს გამონაკლისსაც - ნივთის იურიდიულ მფლობელს პასუხისმგებლობა არ ეკისრება კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში (ნორმის მე-2 და მე-3 ნაწილები), მათ შორის მაშინაც, როდესაც სატრანსპორტო საშუალებას მართავდა სხვა პირი, თუმცა ამ შემთხვევაში ვალდებული პირის დადგენა ხდება იმის მიხედვით, თუ რა გზით (იურიდიულად ნამდვილი უფლების საფუძველზე) აღმოჩნდა ნივთი მოსარგებლის ფაქტობრივი ბატონობის არეალში (ნორმის მე-4 ნაწილი). თუ პირი, რომელიც იყენებს სატრანსპორტო საშუალებას მისი მფლობელის ნებართვის გარეშე (არამართლზომიერი მფლობელი), ამ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციით მიაყენებს ზიანს სხვას, სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაეკისრება მას და არა სატრანსპორტო საშუალების მფლობელს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პირს, რომელიც მართავდა სატრანსპორტო საშუალებას, არ გააჩნდა მისი ფლობის უფლება (მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების მფლობელს არ გადაუცია მოსარგებლისათვის იგი, ანდა გადაცემული ტრანსპორტის მოსარგებლემ გამოიყენა მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ). ამასთან, მფლობელი ვალდებულია, აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო (მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების კარები დატოვა ღიად, გასაღები დატოვა მასში). აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მან ვერ უზრუნველყო მის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალების სათანადოდ დაცვა, რაც გახდა სხვა პირთა მიერ სატრანსპორტო საშუალების დაუფლების საფუძველი. სხვა შემთხვევაა, როდესაც მფლობელის ნების საფუძველზეა მოსარგებლისათვის გადაცემული სატრანსპორტო საშუალება (იხ. სუსგ №ას-39-38-10, 15 ივლისი, 2010 წელი).
სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ლიზინგის მიმღებმა ავტომანქანა გადასცა შპს ,,ს------------ს’’. როგორც საქმეში არსებული საპატრულო პოლიციისათვის მძღოლის - ა------------------–---–ის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, მან აღიარა ზიანის მიყენების ფაქტიც და მისი ვალდებულებაც ზიანის ანაზღაურებაზე.
განსახილველ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 999-ე მუხლის პირველი ნაწილის განმარტებებით და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა აფუძნებს მოპასუხეების შპს ,,ს------------ის’’ და ა------------------–---–ის პასუხისმგებლობას. ამასთან შპს ,,ს------------ის’’ პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლითაც, რომლითაც განსაზღვრულია, რომ პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას. დადგენილია, რომ ა------------------–---–ი წარმოადგენს შპს ,,ს------------ის’’ თანამშრომელს. 2017 წლის 05 სექტემბერს მომხდარი შემთხვევისას იგი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. შესაბამისად, ლიზინგის მიმღებს - შპს ,,ს------------სა’’ და ა------------------–---–ის მიმართ სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 999-ე, 992-ე, 997-ე მუხლებით გათვალისწინებული მძღოლისა და ლიზინგის მიმღების სოლიდარული პასუხისმგებლობის წინაპირობები. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხე შპს ,,ს----------–-------–----------------იას’’ არ ეკისრება მოსარჩელისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირებს წარმოადგენენ ა------------------–---–ი და შპს ,,ს------------ი’’.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ იგი უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხეების - ა------------------–---–ის და შპს ,,ს------------ის’’ მიმართ, ხოლო მოპასუხე შპს ,,ს----------–-------–----------------იის’’ მიმართ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 576-ე, 992-ე, 997-ე. 999-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსკ-ის მე-4 მუხლი). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ ფაქტობრივად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას (სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები), რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, აღნიშნული განეკუთვნება სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს, რომლის განხორციელებისას სასამართლო არ არის შეზღუდული მოსარჩელის მითითებებით. სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.
განსახილველ შემთხვევაში ვალდებულების წარმოშობის საფუძველია დელიქტური ვალდებულება. ამასთან, სარჩელი მოპასუხე შპს ,,ს------------ის’’ ნაწილში ემყარება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.
ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე Nას-191-183-2016).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილით, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.
სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლისა და 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დელიქტურ პასუხისმგებლობას ახასიათებს მტკიცების ტვირთის განაწილება დაზარალებულისა და ზიანის მიმყენებელს შორის - დაზარალებული მიმართავს რა სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობის ფაქტი, ასევე ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და მიღებულ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი.
მოცემულ შემთხვევაში, ზიანის არსებობის ფაქტი დადგენილია და იგი სადავო არ არის. სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოპასუხე შპს ,,ს------------ის’’ წარმომადგენლის მთავარ სხდომაზე გაჟღერებულ განმარტებას, იმის თაობაზე, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, ვინაიდან მოპასუხეთა მიერ ზიანის მიყენების ფაქტი და მისი ოდენობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით სადავო არ გამხდარა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლის თანახმად, პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად კი სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
დადგენილია, რომ ლიზინგის ხელშეკრულების არსებობის პირობებში ლიზიგნის გამცემს - მოპასუხე შპს ,,ს----------–-------–----------------იას’’ არ ეკისრება მოსარჩელისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. ამასთან, სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირებს წარმოადგენენ ა------------------–---–ი და შპს ,,ს------------ი’’. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხე შპს ,,ს----------–-------–----------------იის’’ წინააღმდეგ წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მოპასუხე ა------------------–---–ისა და შპს ,,ს------------ის’’ მიმართ წარმოდგენილი სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილია 100 ლარი (ს.ფ. 27). სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სასარჩელო მოთხოვნა სრული ოდენობით დაკმაყოფილდა მოპასუხეების - შპს ,,ს------------ის’’ და ა------------------–---–ი მიმართ. იგი არ დაკმაყოფილდა შს "ს----------–-------–----------------იის მიმართ". შესაბამისად, მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება დაეკისრებათ მოპასუხეებს - შპს ,,ს------------ს’’ და ა------------------–---–ს, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, მე-11, მე-14, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მ-----–----–--ის სარჩელი მოპასუხეების - ა------------------–---–ის, შპს ,,ს----------–-------–----------------იის'' და შპს ,,ს------------ის’’ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხეებს - ა------------------–---–ს და შპს ,,ს------------ს’’ მოსარჩელე მ-----–----–--ის სასარგებლოდ დაეკისროთ 3 047.11 ლარის გადახდა;
3. მოპასუხეებს - ა------------------–---–ს და შპს ,,ს------------ს’’ მოსარჩელე მ-----–----–--ის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით.
4. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე შპს ,,ს----------–-------–----------------იისათვის'' თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა ჯანხოთელი