გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №3/3512-18
24 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მერი გულუაშვილი
სხდომის მდივანი ნათია ფურელიანი, ბეჟან ნემსაძე
მოსარჩელე - შპს ,,რო----------–------------–ო’’
წარმომადგენლები - მ------------–----ე, მა------------–--ე
მოპასუხე-სსიპ საქართველოს კონკურენციის სააგენტო
წარმომადგენელი-მა--------------–---–ი
დავის საგანი -ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ,,კონკურენციის შესახებ'' საქართველოს კანონის დარღვევის შესახებ სსიპ კონკურენციის სააგენტოს 2018 წლის 7 მაისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N0----- ოქმი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ის უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის მოსაზრებით, სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, ფორმალური და მატერიალური კანონიერება, იგი გამოცემულია კანონის შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. ,,საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების მიზნით, საავტომობილო საწვავის (ბენზინი და დიზელი) სასაქონლო ბაზარზე კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 12 ნოემბრის N-- ბრძანების შესაბამისად წარმოებული მოკვლევის ხელახალი დაწყების და მოკვლევის ჯგუფის შექმნის შესახებ’’ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 17 იანვრის N---- ბრძანების შესაბამისად, სააგენტომ დაიწყო ხელახალი მოკვლევა საავტომობილო საწვავის (ბენზინი და დიზელი) სასაქონლო ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების მხრიდან ,,კონკურენციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-,,საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების მიზნით, საავტომობილო საწვავის (ბენზინი და დიზელი) სასაქონლო ბაზარზე კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 12 ნოემბრის N-- ბრძანების შესაბამისად წარმოებული მოკვლევის ხელახალი დაწყების და მოკვლევის ჯგუფის შექმნის შესახებ’’ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 17 იანვრის N---- ბრძანება (სფ.48-50)
3.1.2. 2018 წლის 10 იანვარს საქართველოს კონკურენციის სააგენტომ N02/8 წერილით აცნობა შპს ,,რო----------–------------–ოს’’ გენერალურ დირექტორს იმის შესახებ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ა--------- გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, რომლითაც საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 24 ივლისის N81 ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,რო----------–------------–ოს’’ ნაწილში დ სააგენტოს დაევალა საქმის ხელახალი შესწავლა აღნიშნულ კომპანიასთან მიმართებით, სააგენტოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოების მასალების ხელახალი გადახედვა. შესაბამისად, მოსარჩელეს 10 სამუშაო დღის ვადაში დაევალა შემდეგი სახის ინფორმაციის მიწოდება: 1) რომელი წლიდან (ზუსტი თარიღი) ხელშეკრულებები პარტნიორობის შესახებ შემდეგ ეკონომიკურ აგენტებთან: შპს ,,აჭ-----------------------’’, შპს ,,M-’’, შპს ,,ჯი---–----ი’’, შპს ,,რო--------ი’’, შპს ,,T-’’; 2. ზეოაღნიშნულ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები-გაფორმების პირველი თარიღიდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით; 3) ჩამოთვლილი კომპანიების გარდა, 2008 წლიდან 2015 წლის ივლისის ჩათვლით, ჰყავდა თუ არა შპს ,,რო----------–------------–ოს’’ ქველიცენზიატის/ფრენშაიზის მიმღები/,,პარტნიორი’’ სხვა ეკონომიკური აგენტები (კომპანიათა სრული ჩამონათვალი, მათთან გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები, ხელშეკრულებების გაფორმებისა და შეწყვეტის თარიღები).
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სსიპ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს 2018 წლის 10 იანვარს N02/8 წერილი (სფ.131-132)
3.1.3. საქართველოს კონკურენციის სააგენტოს 2018 წლის 11 აპრილის N02/481 წერილით შპს ,,რო----------–------------–ოს’’ წერილობით კვლავ ეცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს 2018 წლის 10 იანვრის N02/8 წერილით შპს ,,რო----------–------------–ოს’’ ეთხოვა შემდეგი სახის ინფორმაციის წარდგენა: 1) რომელი წლიდან (ზუსტი თარიღი) ხელშეკრულებები პარტნიორობის შესახებ შემდეგ ეკონომიკურ აგენტებთან: შპს ,,აჭ-----------------------’’, შპს ,,M-’’, შპს ,,ჯი---–----ი’’, შპს ,,რო--------ი’’, შპს ,,T-’’; 2. ზეოაღნიშნულ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები-გაფორმების პირველი თარიღიდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით; 3) ჩამოთვლილი კომპანიების გარდა, 2008 წლიდან 2015 წლის ივლისის ჩათვლით, ჰყავდა თუ არა შპს ,,რო----------–------------–ოს’’ ქველიცენზიატის/ფრენშაიზის მიმღები/,,პარტნიორი’’ სხვა ეკონომიკური აგენტები (კომპანიათა სრული ჩამონათვალი, მათთან გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები, ხელშეკრულებების გაფორმებისა და შეწყვეტის თარიღები).
ამავდროულად, საქმის მოკვლევის ფარგლებში 2018 წლის 22 მარტს ჩატარებული ახსნა-განმარტების დროს, კომპანიას დაევალა გარკვეული სახის დამატებითი ინფორმაციის დაზუსტება -რაც ასევე არ იქნა სააგენტოსათვის მიწოდებული. შესაბამისად, ,,კონკურენციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,საქმის მოკვლევის წესისა და პროცედურის დამტკიცების თაობაზე’’ კონკურენციის სააგენტოს 2014 წლის 30 სექტემბრის N3------ ბრძანებით დამტკიცებული პროცედურის III თავის მოთხოვნათა გათვალისწინებით, შპს ,,რო----------–------------–ოს’’ 5 დღის ვადაში დაევალა სააგენტოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის წარდგენა.
ამასთან, მოსარჩელეს ეცნობა, რომ კონკურენციის სააგენტოსათვის წარუდგენლობა ან არასრული/არასწორი სახით წარდგენა ,,კონკურენციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების საფუძველია.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-,,საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების მიზნით, საავტომობილო საწვავის (ბენზინი და დიზელი) სასაქონლო ბაზარზე კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 12 ნოემბრის N-- ბრძანების შესაბამისად წარმოებული მოკვლევის ხელახალი დაწყების და მოკვლევის ჯგუფის შექმნის შესახებ’’ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 17 იანვრის N---- ბრძანება (სფ.48-50)
-საქართველოს კონკურენციის სააგენტოს 2018 წლის 11 აპრილის N02/481 წერილი (სფ.12-13)
3.1.4. სსიპ კონკურენციის სააგენტოს მიერ 2018 წლის 7 მაისს შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N0----- ოქმი, რომლის თანახმად სამართალდარღვევის არსი მდგომარეობს შემდეგში: საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 17 იანვრის N---- ბრძანების საფუძველზე დაწყებული მოკვლევის მიზნებისათვის, 2018 წლის 11 აპრილის N02/481 წერილით გამოთხოვილი ინფორმაციის განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობა. სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, დარღვეულ იქნა ,,კონკურენციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი და ამავე კანონის 25 მუხლის V პუნქტი. ამავე კანონის 32-ე მუხლის თანახმად, შეფარდებულ იქნა სანქცია 3000 ლარის ოდენობით, განმარტებულ იქნა გასაჩივრების ვადა და წესი.
სამართალდამრღვევმა პირმა გააკეთა შემდეგი ახსნა-განმარტება: შპს ,,რო----------–------------–ოს’’ წარმომადგენლობის მიერ ელ. ფოსტაზე სრულად იქნა გაგზავნილი სააგენტოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია, მხარეთა შეხვედრისას შეთანხმებულ იქნა, რომ ელ. ფოსტით მოხდებოდა ინფორმაციის გადაცემა სააგენტოსათვის.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სსიპ კონკურენციის სააგენტოს მიერ 2018 წლის 7 მაისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N0----- ოქმი (სფ. 18-19)
3.1.5. შპს ,,რო----------–------------–ოს 2015 წლის 25 მაისის N0----------0 წერილით, რომელიც სსიპ კონკურენციის სააგენტოში წარდგენილია 2015 წლის 25 მაისს, სსიპ კონკურენციის სააგენტოს გაეგზავნა მოთხოვნილი დოკუმენტაცია, ასევე ეცნობა, რომ მიმდინარე პერიოდისათვის შპს რო----------–------------–ოს პარტნიორობის შესახებ კონტრაქტი გაფორმებული აქვს ექვს კომპანიასთან. აღნიშნული ავტოგასამართი სადგურების მისამართები მოცემულია წინამდებარე წერილის დანართ N1 და შესაბამის ხელშეკრულებებში. რაც შეეხება აგს-ების კოდებსა და მფლობელებს შპს ,,რო----------–------------–ო'' არ ფლობს აღნიშნულ ინფორმაციას.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-შპს ,,რო----------–------------–ოს 2015 წლის 25 მაისის N0----------0 წერილი (სფ.53)
3.1.6. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თავდაპირველად სადავო დოკუმენტაცია შპს ,,რო----------–------------–ოდან’’ გამოთხოვილ იქნა სსიპ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს 2018 წლის 10 იანვარს N02/8 წერილით, ხოლო 2018 წლის 22 მარტს შპს ,,რო----------–------------–ოს’’ წარმომადგენლისაგან მიღებული ახსნა-განმარტების ფარგლებში, მოსარჩელეს ასევე დაევალა წარედგინა ინფორმაცია 2018 წლის 22 მარტის მდგომარეობით მოქმედი ხელშეკრულებების შესახებ, რაც ასევე არ იქნა შესრულებული.
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს 2018 წლის 11 აპრილის N02/481 წერილით გამოთხოვილ ინფორმაციასთან მიმართებით, კომპანიას კიდევ ერთხელ ეთხოვა დოკუმენტაციის დაუყოვნებლივ მიწოდება 2018 წლის 1 მაისს გამართულ შემაჯამებელ სხდომაზე, თუმცა მის მიერ გაკეთდა განმარტება, რომ ეს ინფორმაცია უკვე იყო წარდგენილი სააგენტოში ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მტკიცების ტვირთი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება მხოლოდ, ხოლო მოსარჩელისათვის საკმარისია მხოლოდ იმაზე მითითება, რომ მის მიერ ვალდებულება შესრულებულია. სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობაში მხარეთა შორის დამტკიცების ტვირთის განაწილება მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის კონკრეტული გამოვლინებაა.
სასამართლო თვლის, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით დადგენილი შეჯიბრებითობის პრონციპი გულისხმობს ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილე ყველა სუბიექტის უფლებას მოახდინოს საკუთარი უფლებების დაცვა ყველა შესაძლო საშუალებით. შეჯიბრებითობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ, უარყონს ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებანი. სასამართლომ განმარტა, რომ კანონის აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას, აქვე კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ: როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე, მოპასუხე სუბიექტზე. მიუხედავად ამისა, მტკიცების ტვირთის ამგვარი განაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისაგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდა.
ამდენად, ის გარემოება, რომ შპს ,,რო----------–------------–ომ’’ სსიპ კონკურენციის სააგენტოში წარადგინა ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია ელექტრონული ფორმით, საქმეში დაცული მტკიცებულებებით არ დასტურდება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-2018 წლის 22 მარტის ახსნა-განმარტების ოქმი (სფ.133-138)
-2018 წლის 1 მაისის შემაჯამებელი სხდომის ოქმი (სფ.140-148)
-საქართველოს კონკურენციის სააგენტოს 2018 წლის 11 აპრილის N02/481 წერილი (სფ.12-13)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,რო----------–------------–ოს’’ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,კონკურენციის შესახებ’’ საქართველოს კანონი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 17 იანვრის N---- ბრძანების საფუძველზე დაწყებული მოკვლევის მიზნებისათვის, 2018 წლის 11 აპრილის N02/481 წერილით გამოთხოვილი ინფორმაციის განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობიოს გამო დარღვეულ იქნა ,,კონკურენციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი და ამავე კანონის 25 მუხლის მე-5 პუნქტი, რის გამოც ამავე კანონის 32-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს სანქციის სახით დაეკისრა 3000 ლარის გადახდა. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
,,კონკურენციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი ადგენს სააგენტოს უფლებამოსილებებს, კერძოდ, სააგენტო ეკონომიკურ აგენტთან მიმართებით უფლებამოსილია: ა) აწარმოოს საქმის მოკვლევა წარდგენილი განცხადების ან/და საჩივრის საფუძველზე, ან საკუთარი ინიციატივით; ბ) საქმესთან დაკავშირებით შესაბამის ეკონომიკურ აგენტს, სხვა დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს ინფორმაცია, მათ შორის, მისი სამართლებრივი, ორგანიზაციული და სამეურნეო ურთიერთობების შესახებ, გაეცნოს ეკონომიკური აგენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ შესაბამის დოკუმენტაციას; გ) საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიუღებლობის შემთხვევაში მოკვლევის მიზნით სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა ეკონომიკური აგენტის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის თაობაზე; დ) საჩივრის არსებობის შემთხვევაში მოიწვიოს მხარეები მათგან ზეპირი ახსნა-განმარტების მისაღებად და, საჭიროების შემთხვევაში, მოაწყოს შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან; ე) მოკვლევის მიზნით, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე, ადგილზე შეამოწმოს საქმეში ჩართული ეკონომიკური აგენტი; ვ) საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში ეკონომიკურ აგენტს დაუწესოს ადმინისტრაციული ჯარიმა; ზ) ეკონომიკურ აგენტს მოსთხოვოს განხორციელებული ქმედების ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; თ) ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში დააკისროს შესაბამისი ჯარიმა ამ კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად; ი) საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს ექსპერტები საქმის მოკვლევის პროცესში; კ) მიზანშეწონილობის შემთხვევაში აწარმოოს კვლევა დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტაბების დასადგენად შესაბამის ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის განმსაზღვრელი საბაზრო წილის განსაზღვრის მიზნით. ლ) დომინირებული მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის არაერთგზის დარღვევისას შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას მისი იძულებითი დაყოფის საკითხი, თუ არსებობს საწარმოს ორგანიზაციული და ტერიტორიული განცალკევების შესაძლებლობა, ან განახორციელოს კონკურენციის პოლიტიკით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები; მ) შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევი ეკონომიკური აგენტის ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი; ნ) სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე, თუ არსებობს აშკარა მტკიცებულება, რომ ეს ქმედება მნიშვნელოვნად ზღუდავს ამ კანონის მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებულ კონკურენციას.
ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს, რომ სააგენტოს უფლება აქვს, საქმის მოკვლევის პროცესში შესაბამისი ეკონომიკური აგენტისაგან გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია და დოკუმენტები.
ამდენად, სსიპ საქართველოს კონკურენციის სააგენტო მოქმედებდა რა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით, მან 2018 წლის 10 იანვარს N02/8 წერილით აცნობა შპს ,,რო----------–------------–ოს’’ გენერალურ დირექტორს იმის შესახებ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ა--------- გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, რომლითაც საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 24 ივლისის N81 ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,რო----------–------------–ოს’’ ნაწილში და სააგენტოს დაევალა საქმის ხელახალი შესწავლა აღნიშნულ კომპანიასთან მიმართებით, სააგენტოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოების მასალების ხელახალი გადახედვა. შესაბამისად, მოსარჩელეს 10 სამუშაო დღის ვადაში დაევალა შემდეგი სახის ინფორმაციის მიწოდება: 1) რომელი წლიდან (ზუსტი თარიღი) ხელშეკრულებები პარტნიორობის შესახებ შემდეგ ეკონომიკურ აგენტებთან: შპს ,,აჭ-----------------------’’, შპს ,,M-’’, შპს ,,ჯი---–----ი’’, შპს ,,რო--------ი’’, შპს ,,T-’’; 2. ზეოაღნიშნულ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები-გაფორმების პირველი თარიღიდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით; 3) ჩამოთვლილი კომპანიების გარდა, 2008 წლიდან 2015 წლის ივლისის ჩათვლით, ჰყავდა თუ არა შპს ,,რო----------–------------–ოს’’ ქველიცენზიატის/ფრენშაიზის მიმღები/,,პარტნიორი’’ სხვა ეკონომიკური აგენტები (კომპანიათა სრული ჩამონათვალი, მათთან გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები, ხელშეკრულებების გაფორმებისა და შეწყვეტის თარიღები).თავდაპირველად სადავო დოკუმენტაცია შპს ,,რო----------–------------–ოდან’’ გამოთხოვილ იქნა სსიპ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს 2018 წლის 10 იანვარს N02/8 წერილით, ხოლო 2018 წლის 22 მარტს შპს ,,რო----------–------------–ოს’’ წარმომადგენლისგან მიღებული ახსნა-განმარტების ფარგლებში, მოსარჩელეს ასევე დაევალა წარედგინა ინფორმაცია 2018 წლის 22 მარტის მდგომარეობით მოქმედი ხელშეკრულებების შესახებ, რაც ასევე არ იქნა შესრულებული.
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს 2018 წლის 11 აპრილის N02/481 წერილით გამოთხოვილ ინფორმაციასთან მიმართებით, კომპანიას კიდევ ერთხელ ეთხოვა დოკუმენტაციის დაუყოვნებლივ მიწოდება 2018 წლის 1 მაისს გამართულ შემაჯამებელ სხდომაზე, თუმცა მის მიერ გაკეთდა განმარტება, რომ ეს ინფორმაცია უკვე იყო წარდგენილი სააგენტოში, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება შპს ,,რო----------–------------–ოს’’ მიერ სსიპ კონკურენციის სააგენტოში ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით, ან სხვა ფორმით წარდგენა.
6.2. ,,კონკურენციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის თანახმად, სააგენტოსათვის ამ კანონით განსაზღვრული ინფორმაციის მიუწოდებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან სამი ათას ლარამდე.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. აღნიშნული კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამასთან, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას ადგენს კანონმდებელი. აქედან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია სამართლის ნორმის შინაარსის გარკვევა. კანონის ტექსტში უშუალოდ არ არის გამოყენებული ტერმინი „დისკრეციული უფლებამოსილება“, იგი გამოიხატება სიტყვებით - ადმინისტრაციულ ორგანოს „შეუძლია“, „უფლება აქვს“ ან „უფლებამოსილია“. მთელ რიგ შემთხვევებში, ეს გამომდინარეობს ნორმის შინაარსიდან. ამის საპირისპიროდ, როდესაც კანონმდებელი უთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო „ვალდებულია“, „უნდა განახორციელოს“, „უფლება არა აქვს“, „უნდა აიკრძალოს“ და ა.შ. ასეთ შემთხვევებში აშკარაა კანონმდებლის ნება: ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება. დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის სრული თავისუფლების მინიჭებას, იგი მას აკისრებს გარკვეულ უფლებამოსილებას, რომ საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არ უწევს ანგარიშს კანონმდებლის მიერ მისთვის მინიჭებული მოქმედების თავისუფალ სივრცეს, ასეთ შემთხვევაში სახეზე გვაქვს შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ღონისძიება არის უკანონო. შესაძლებელია სამი შემთხვევის გამოყოფა, როდესაც ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე: ა) როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არ იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას, ის უშვებს შეცდომას და მის მიერ განხორციელებული ღონისძიება ხდება უკანონო; ბ) როდესაც ადმინისტრაციული ორგანო სცილდება მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებს და ახორციელებს ისეთ ღონისძიებას, რომელიც კანონით არ არის გათვალისწინებული, ასეთ შემთხვევაში სახეზეა შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და, შესაბამისად, უკანონო მმართველობითი ღონისძიება; გ) როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ანგარიშს არ უწევს კანონის ნორმის მიზნებს და არ იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას იმ მიზნისათვის, რაც კანონმდებელმა მასში ჩადო. ასეთ შემთხვევაში სახეზეა შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და, შესაბამისად, უკანონო მმართველობითი ღონისძიება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების შესაბამისად სასამართლო განმარტავს, რომ ჯარიმის ოდენობის საკითხის გადაწყვეტა სსიპ კონკურენციის სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, რომელიც მას მინიჭებული აქვს ,,კონკურენციის შესახებ’’ საქართველოს კანონით. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის არაერთგზის მოთხოვნისა, მითითებულ ვადაში არ ყოფილა წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტები და არც შესაბამისი განმარტებები გაკეთებულა ამის თაობაზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილ ფარგლებს გადაცილებით ან/და იმ მიზნის უგულებელყოფით, რა მიზნითაც სააგენტოს მინიჭებული აქვს აღნიშნული უფლებამოსილება. წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხის მიერ ზემოაღნიშნული მმართველობითი ღონისძიების განხორციელებისას მოცემული სანქციის გამოყენება სრულად შეესაბამება მითითებული საკანონმდებლო აქტით დადგენილ მოთხოვნებს.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონიერია, მისი გამოცემისას ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად და ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-3, მე-4 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,რო----------–------------–ოს’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) მეშვეობით.
მოსამართლე მერი გულუაშვილი