გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/14656-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი
მოსარჩელე შპს „მ----------------------“
წარმომადგენელი გ------ი თ-------–---–ი
მოპასუხეები ეგ----- ღვ--------, გ------ი ბა-----–---–-
წარმომადგენელი სო----------–-–---–ი
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს ეგ----- ღვ--------ს და გ------ი ბარ---–---–ს შპს „მ----------------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 12 585.82 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 7335 ლარი, სარგებელია - 3630.82 ლარი, პირგასამტეხლოა - 1620 ლარი.
1.2. მოპასუხეებს ეგ----- ღვ--------ს და გ------ი ბარ---–---–ს შპს „მ----------------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი საზღაურის - 50 ლარის და გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ხარჯის - 100 ლარის გადახდა. მოსარჩელე დამატებით მოითხოვს სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ეგ----- ღვ--------მ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნა ცნო სესხის ძირითადი თანხის 7335 ლარის, გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი საზღაურის - 50 ლარის, გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ხარჯის - 100 ლარის და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში. მოპასუხე სარგებლის და პირგასამტეხლოს ნაწილში სასარჩელო მოთხოვნებს არ დაეთანხმა.
(20.11.2018წ, სხდომის ოქმი 10;09:40/1010/03 წთ; 10:21:07/10:21/25წთ; 10:21:35წთ)
2.2. მოპასუხე გ------ი ბარ---–---–მა შესაგებელი არ წარმოადგინა და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 24 ივლისს შპს „მი---------------------“ და გ------ი ბარ---–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება #D----------, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 7335 ლარი, ყოველთვიურად 5%-ის დარიცხვით.
მოპასუხეს სესხი უნდა გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და სარგებელს 444 ლარის ოდენობით შეთანხმებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ 19-26)
- საკრედიტო შეთანხმება; (ს.ფ 28-29;)
- გადახდის გრაფიკი (ს.ფ 30)
3.1.2. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დამგირავებელმა მოგირავნის სასარგებლოდ გირავნობით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: მარკა, მოდელი - ნისან ტიიდა, სარეგისტრაციო ნომერი - B------, გამოშვების წელი - 2004, საიდენტიფიკაციო ნომერი - C---------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ 19-26)
- გირავნობის მოწმობა (ს.ფ 36)
3.1.3. 2017 წლის 24 ივლისს შპს „მი---------------------“ და ეგ----- ღვ--------ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა კრედიტორის მიმართ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ძირითადი მსესხებლის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თავად შეასრულოს კრედიტორის მიმართ არსებული საკრედიტო დავალიანება. თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული მოცულობა განისაზღვრა 22 200 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდებობის განცხადება (ს.ფ 31)
- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ 32-34)
3.1.4. დადგენილია, რომ მოპასუხეთა მხრიდან ადგილი აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, რის გამოც 2018 წლის 21 მაისის მდგომარეობით მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად ერიცხებათ დავალიანება - 12 585.82 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 7335 ლარი, სარგებელია - 3630.82 ლარი, პირგასამტეხლოა - 1620 ლარი. დამატებით გაწეული ხარჯები შეადგენს 150 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 51)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასარჩელო მოთხოვნების გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებანი მხარეებს არ დაუსახელებიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „მ----------------------ს“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 316-ე, 317-ე, 361-ე, 400-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 463-ე, 623-ე, 625-ე, 891-ე, 895-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ეგ----- ღვ--------მ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნა ცნო სესხის ძირითადი თანხის 7335 ლარის, გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი საზღაურის - 50 ლარის, გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ხარჯის - 100 ლარის და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ: შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სრულად შესრულდა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მსესხებელზე გაიცა კრედიტი, ხოლო მოვალეების მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულება შესრულებული არ არის. დადასტურებულია, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ამავე ხელშეკრულებით მოვალეებს აკისრიათ სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ მათ მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებს ეგ----- ღვ--------ს და გ------ი ბარ---–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სესხის ძირითადი თანხა - 7335 ლარი ასევე მასზე დარიცხული სარგებლი - 3630.82 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
დადგენილია, რომ მხარეებმა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში გაითვალისწინეს პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მოპასუხეების მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრება. (ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი)
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. სამოქალაქო კანონმდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური პრინციპია სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერება. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლებისა თუ ვალდებულების რეალიზაციისას კანონმდებელი ეფუძნება იმ დანაწესს, რომ მათი რეალიზაცია განხორციელდება სწორედ კეთილსინდისიერების ფარგლებში. სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს მოუწოდებს და ავალდებულებს კიდეც სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით რომ ეს გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპს ეფუძნება პირგასამტეხლოს ოდენობის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობაც. თუმცა, ამ თავისუფლების საზღვრების განმსაზღვრელიც არის სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპი. პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს.
განვითარებული მსჯელობის შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს ოდენობა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, იგი უნდა შემცირდეს და მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მხოლოდ - 50 ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის დანაწესით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად კი, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
დადგენილია, რომ 2017 წლის 24 ივლისს შპს „მი---------------------“ და ეგ----- ღვ--------ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა კრედიტორის მიმართ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ძირითადი მსესხებლის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თავად შეასრულოს კრედიტორის მიმართ არსებული საკრედიტო დავალიანება. თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული მოცულობა განისაზღვრა 22 200 ლარის ფარგლებში და შესაბამისად კრედიტორის მიმართ ვალდებულების შესრულება სოლიდარულ თავდებსაც უნდა დაეკისროს.
ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეებს დაეკისროთ - 11 015.82 ლარის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2681-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის მე-16 პუნქტის ასევე სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების 5-ე მუხლის 12-ე პუნქტის შინაარსით, მხარეები შეთანხმდნენ გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების შესახებ. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილშიც უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საყურადღებოა, რომ მოპასუხე ეგ----- ღვ--------მ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ (7335 ლარის ნაწილში). შესაბამისად, მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს შესაბამისი პროპორციის სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. ხოლო მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული სახელმწიფო ბაჟი.
მოპასუხეებს ასევე უნდა დაეკისროთ გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი საზღაურის - 50 ლარის და გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ხარჯის - 100 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 263-ე, 2681-ე, 364-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „მ----------------------ს“ სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1 მოპასუხეებს ეგ----- ღვ--------ს და გ------ი ბარ---–---–ს შპს „მ----------------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 11 015.82 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 7335 ლარი, სარგებელია - 3630.82 ლარი, პირგასამტეხლოა - 50 ლარი.
1.2 მოპასუხეებს ეგ----- ღვ--------ს და გ------ი ბარ---–---–ს შპს „მ----------------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი საზღაური - 50 ლარი და გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ხარჯი - 100 ლარი.
1.3 შპს „მ----------------------ს“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეებისთვის 1570 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
3. მოპასუხეებს ეგ----- ღვ--------ს და გ------ი ბარ---–---–ს შპს „მ----------------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 330,44 ლარი საოდანაც ეგ----- ღვინიანიძის პასუხისმგებლობა განისაზღვროს 220,46 ლარით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე