გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 07.12.2018
საქმის ნომერი
070310018002705235
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
07.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/21-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

07 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირინა ზარქუა

სხდომის მდივანი ანდრო კუკავა

 

მოსარჩელე - დ--–--–-----–-ა

მოპასუხე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

წარმომადგენელი - დ-------------ა

დავის საგანი - შრომის სტაჟის დადგენა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. აღიარებული იქნას, რომ დ--–--–-----–-ა, 1982 წლის 11 იანვრიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე, მუშაობდა ქ. სოხუმის ტაქსო-მოტორის პარკში, ოპერატორ-ბუღალტრად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, რომ სამინისტროში სათანადო არქივის უქონლობის გამო სასარჩელო განცხადებაში მოყვანილ ფაქტებს ვერ დაადასტურებს და ვერც უარყოფს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დ--–--–-----–-ა (დაბადებული: 1963 წლის 16 აგვისტოს, პირადი №-----------) არის აფხაზეთიდან დევნილი, იძულებით გადაადგილებული პირი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა (ს.ფ. 15).

 

3.1.2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაცემული წერილით, დ--–--–-----–-ას უარი ეთქვა შრომითი სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემაზე, სამინისტროში სათანადო არქივის უქონლობის გამო. მასვე განემარტა სასამართლოსათვის მიმართვის უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 26 ოქტომბრის №------ წერილი (ს.ფ. 19).

 

3.1.3. მოწმის სახით დაკითხულმა ნ-------------–---–-ამ და ნ----–-----–-ამ დაადასტურეს, რომ დ--–--–-----–-ა 1982 წლის 11 იანვრიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე მუშაობდა ქ. სოხუმის ტაქსო-მოტორის პარკში, ოპერატორ-ბუღალტრად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სასამართლო სხდომის ოქმი.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეებს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ დ--–--–-----–-ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანხმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. კანონმდებელი ასეთი სახის ადმინისტრაციული სარჩელის დასაშვებობის მნიშვნელოვან პირობად მიიჩნევს პირდაპირ და უშუალო ინდივიდუალური ზიანის არსებობის საკითხს. ეს თავის მხრივ დაკავშირებულია სარჩელის აღძვრაზე უფლებამოსილი პირის საკითხთან (სასარჩელო უფლებამოსილება). აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სარჩელი დასაშვებია ისეთი ქმედების განხორციელების ან ისეთი ქმედებისგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებას ან უარს რაიმე მოქმედების განხორციელებაზე ან ისეთი ქმედებისგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციული აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ასეთ დროს მთავარი და გადამწყვეტი ფაქტორი არის ის, რომ მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს, რომ სწორედ მის კანონიერ უფლებებსა ან ინტერესებს პირდაპირი და უშუალო ზიანი მიადგა ან მიადგება ადმინისტრაციული ორგანოს იმ ქმედების შედეგად, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციული აქტის გამოცემას.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22-24-ე მუხლების საფუძველზე. აღნიშნული მუხლის ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, აღიარებითი სარჩელის აუცილებელი პირობაა მოსარჩელის ინტერესი დავის საგანზე, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მოპასუხე ედავება მას უფლებაში, რომ თუ ასეთი დავა არ გადაწყდა მოსარჩელის უფლება შეიძლება დაირღვეს. ამ მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, აღიარებითი სარჩელი შეიძლება დაკავშირებული იყოს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის მოთხოვნასთან, რაც ასევე გულისხმობს შესაბამისი დოკუმენტის ნამდვილობის აღიარებასაც ან ყალბი დოკუმენტის უარყოფასაც.

 

6.3. საქართველოს სსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი. ამასთან, მტკიცებულებათა სახეებს წარმოადგენს მხარეთა (მესამე პირი) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტის დასკვნა. ძირითადად, მტკიცებულებათა შეგროვება შესაძლებელია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილის სახით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს გარკვეული გარემოებების გარკვეული მტკიცებულებით დამტკიცებას (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებას თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არარსებობის შესახებ.

 

6.5. თანახმად საქართველოს სსკ-ის 134-ე მუხლის პირველი ნაწილისა, წერილობით მტკიცებულებას წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ. ამავე კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად კი წერილობითი მტკიცებულება როგორც წესი წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარდგენილია საბუთის ასლი სასამართლოს მხარეთა შუამდგომლობით ან თავის ინიციატივით შეუძლია მოითხოვოს დედნის წარდგენა. პირი შეიძლება გათავისუფლდეს დედნის წარდგენიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაამტკიცებს, რომ ასეთი საბუთის წარდგენა გარკვეული მიზეზით, რომელსაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს შეუძლებელია. საბუთის ასლისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ.

 

მოწმეების ნ-------------–---–-ას და ნ----–-----–-ას ჩვენებებით დასტურდება, რომ დ--–--–-----–-ა, 1982 წლის 11 იანვრიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე, მუშაობდა ქ. სოხუმის ტაქსო-მოტორის პარკში, ოპერატორ-ბუღალტრად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული უდავო ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებათა გათვალისწინებით, მოსარჩელემ წარმოადგინა მისი ნამუშევარი სტაჟის დამადასტურებელი მტკიცებულებანი, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის და ’’სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ’’ა’’ და ’’უ’’ პუნქტების თანახმად, მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, მე-13, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. დ--–--–-----–-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. დადგინდეს, რომ დ--–--–-----–-ა (პირადი №-----------), 1982 წლის 11 იანვრიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე, მუშაობდა ქ. სოხუმის ტაქსო-მოტორის პარკში, ოპერატორ-ბუღალტრად.

 

3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის ქ. №7ა), 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის დღიდან, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. თბილისი, ა. კალანდაძის ქ. N7ა) მეშვეობით.

 

მოსამართლე ირინა ზარქუა