გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.12.2018
საქმის ნომერი
340210018002545135
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
17.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №340210018002545135 საქმე №2/595-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

21.11.2018 წელი, ქ. გურჯაანი

 

შესავალი ნაწილი

 

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე იოსებ აბრამიძე

სხდომის მდივანი მზია გულმაგარაშვილი

 

მოსარჩელე (შეგებებული სარჩელის მოპასუხე) - ნა-----------–---–ი

წარმომადგენელი - ნა------------–---–ი

 

მოპასუხე (შეგებებული სარჩელის მოსარჩელე) - ჯუ-–----ა ნე---–------ე

წარმომადგენელი - მა----–ი ხა------–---–ი-ღვ--–--ე

 

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, საცხოვრებელი სახლის სერვიტუტით დატვირთვა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ქ. ყვარელში, დუ-----------------ში (საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით - ქ. ყვარელში, დუ---------------) მდებარე საცხოვრებელი სახლის ჯუ-–----ა ნე---–------ის და მისი შვილების - ან-------ა და და---- მი-----–---–--ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა (თავდაპირველი სარჩელი).

 

1.2. ნა-----------–---–ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის, მდებარე ქ. ყვარელი, დუ----------------ში, სერვიტუტით დატვირთვა (შეგებებული სარჩელი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. ჯუ-–----ა ნე---–------ე არ ცნობს სარჩელს და ითხოვს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

2.2. ნა-----------–---–ი არ ცნობს შეგებებულ სარჩელს და ითხოვს საკუთარი სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. ყვარელი, დუ---------------, საკადასტრო კოდი - 5------------ დაზუსტებული ფართობი - 726.00 მ2, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი - №1, ფართი - 114 მ2, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელე ნა-----------–---–ის საკუთრებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეეტრიდან.

 

3.1.2. სადავო უძრავ ქონებაში, მდებარე - ქ. ყვარელი, დუ---------------, საკადასტრო კოდი - 5------------ დაზუსტებული ფართობი - 726.00 მ2, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი - №1, ფართი - 114 მ2, ცხოვრობს ჯუ-–----ა ნე---–------ე და მისი შვილები - ან-------ა და და---- მი-----–---–--ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა განმარტება.

 

3.1.3. ნა-----------–---–ი არის ჯუ-–----ა ნე---–------ის ყოფილი მეუღლის ბებია და ცხოვრობს სხვა მისამართზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა განმარტება.

 

4.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

როგორც თავდაპირველი, ასევე შეგებებული სარჩელი ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.

 

6. კანონები, სხვა სახის ნორმატიული აქტები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქართველოს კონსტიტუცია, „ბავშვის უფლებათა კონვენცია“, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

სამართლებრივი შეფასება

 

7.1. სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ არასრულწლოვანი (მცირეწლოვანი) ან-------ა და და---- მინდიაშილები დედასთან - ჯუ-–----ა ნე---–------ესთან ერთად ამ უკანასკნელის ყოფილი მეუღლის ბებიის - ნა-----------–---–ის კუთვნილ ბინაში ცხოვრობს და მოსარჩელე მხარე ითხოვს დედასთან ერთად მისი მცირეწლოვანი შვილების გამოსაცლებასაც, ამგვარ მოცემულობაში, არასრულწლოვანის უფლებასთან მიმართებით, რომ ბებიის მიერ უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრებლით, არ იკვეთება მესაკუთრის უპირატესი ინტერესი ჯუ-–----ა ნე---–------ის არასრულწლოვანი შვილების - ან-------ა და და---- მიდნიაშვილების უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვაში.

 

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ პრეამბულის მიხედვით, ყველა შემთხვევაში, არსებობს ბავშვის უფლებების განსაკუთრებული დაცვის აუცილებლობა.

 

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ და უზრუნველყოფენ მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი თითოეული ბავშვის ყველა უფლებას, რომელიც წინამდებარე კონვენციითაა გათვალისწინებული, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის გარეშე, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის, მისი მშობლებისა და კანონიერი მეურვეების ჯანმრთელობისა და დაბადების მდგომარეობის ან სხვა რამ ვითარების განურჩევლად.

 

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტი წევრი ქვეყნებისათვის სამი განსხვავებული სახის ვალდებულებას ადგენს:

 

(ა) თუ გადაწყვეტილების მიღებისას ერთმანეთს სხვადასხვა ინტერესები უპირისპირდება, ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა, რომ გარანტირებულად და უპირატესად მისი საუკეთესო ინტერესები შეფასდეს და გათვალისწინებულ იქნეს;

 

(ბ) თუ სამართლებრივ ნორმას ერთზე მეტი განმარტება შეიძლება მიეცეს, არჩეულ უნდა იქნეს ის განმარტება, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ყველაზე ეფექტურად ემსახურება. (განმარტების ფარგლებს გვთავაზობს ის უფლებები, რომლებიც კონვენციაში და დამატებით ოქმებშია მოცემული);

 

(გ) ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება და განსაზღვრა მოითხოვს საპროცესო გარანტიებს. გადაწყვეტილების მიღებისას უნდა შეფასდეს ბავშვის ინტერესებზე ამ გადაწყვეტილების შესაძლო ზეგავლენის შედეგები (დადებითი თუ უარყოფითი) და გადაწყვეტილებაში პირდაპირ უნდა აისახოს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები უპირატესად შეფასდა და მხედველობაში იქნა მიღებული.

 

„ბავშვის საუკეთესო ინტერესების“ კონცეფცია მიზნად ისახავს კონვენციის მიერ აღიარებული ყველა უფლებით სრულ და ეფექტურ სარგებლობას და ბავშვის კომპლექსურ განვითარებას. ზრდასრულების განსჯა „ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა“, კონვენციით გათვალისწინებული ბავშვის ყველა უფლების პატივისცემას ვერ უკუაგდებს. არ არსებობს კონვენციაში გათვალისწინებული უფლებების იერარქია. ყველა უფლება ბავშვის საუკეთესო ინტერესებში შედის და არცერთი უფლების უარყოფა არ შეიძლება „ბავშვის საუკეთესო ინტერესების“ ნეგატიური განმარტებით.

 

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-4 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ღებულობენ ყველა აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და სხვაგვარ ზომას წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განსახორციელებლად.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეში - ს.ლ. და ჯ.ლ. ხორვატიის წინააღმდეგ, განმარტა, რომ იმ დავებში, რომლებშიც ბავშვები არიან ჩართულნი, მათი საუკეთესო ინტერესები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული. ამ მხრივ, სასამართლომ არაერთგზის აღნიშნა, რომ არსებობს სრული კონსენსუსი, მათ შორის, საერთაშორისო სამართალში, იმ იდეის მხარდასაჭერად, რომ ყველა გადაწყვეტილებაში, რომელიც ბავშვებს უკავშირდება, მათი საუკეთესო ინტერესები არის უპირატესი. გარემოებათა სადავოობის შემთხვევაში, სწორედ ბავშვის ინტერესებს ენიჭება უდავო მტკიცებულებითი ძალა. ამ მიმართებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აპელირებს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ დებულებებზე და განმარტავს, რომ ბავშვს უფლება აქვს, მისი საუკეთესო ინტერესები შეფასდეს და მხედველობაში იქნეს მიღებული როგორც უპირატესი ღირებულება ყველა მოქმედებასა და გადაწყვეტილებაში, რაც უკავშირდება მას, ორივე - საჯარო და კერძო სფეროში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 05 მაისის განჩინება, საქმე №ას-454-426-2017).

 

სასამართლო აქვე განმარტავს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები არ შეიძლება გაგებული იყოს იმდაგვარად, რომ იგი ყოველგვარი გარემოებების გარეშე, უპირობოდ, საკუთრების უფლებას გადასწონიდეს ან/და უცვლელად იქნეს გამოყენებული ბავშვის სრულწლოვანებამდე. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ისეთი მდგომარეობა, როდესაც ნა-----------–---–ი ითხოვს ჯუ-–----ა ნე---–------ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის გამოთხოვას, ხოლო ან-------ა და და---- მი-----–---–--ი წარმოადგენენ ჯუ-–----ა ნე---–------ის შვილებს და ნა-----------–---–ის შვილთაშვილებს. სასამართლომ, მხარის განმარტების საფუძველზე და საქმის მასალების საერთო ანალიზიდან გამომდინარე, დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ საცხოვრებელი ბინიდან დედის გამოსახლება, იმავდროულად გამოიწვევს მისი მცირეწლოვანი შვილების გამოსახლებასაც. ამდენად, მოპასუხის მცირეწლოვანი შვილების გამოსახლება თანხვედრაშია დედის გამოსახლებასთან. სწორედ ამიტომ, ბავშვის საუკეთესო ინტერესები „წინ უსწრებს“ საკუთრების უფლებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

განსახილველ შემთხვევაში, მართალია საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ნა-----------–---–ს სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება გააჩნია, თუმცა იმ პირობებში, როდესაც არ გამოიკვეთა მესაკუთრის უპირატესი ინტერესი მოპასუხის და მასთან ერთად მცხოვრებ მცირეწლოვანთა ინტერესთან მიმართებით, სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ ნაზი მინდაიშვილი არამართლზომიერად იყენებს მესაკუთრის უფლებებს და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია, აღნიშნულის გათვალისწინებით კი სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

7.2. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, შეიძლება სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის სასარგებლოდ ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული), რომ ამ მესაკუთრეს უფლება ჰქონდეს, ცალკეულ შემთხვევებში ისარგებლოს ამ ნაკვეთით, ან აიკრძალოს ამ ნაკვეთზე ზოგიერთი მოქმედების განხორციელება, ანდა გამოირიცხოს დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის ზოგიერთი უფლების გამოყენება სხვა ნაკვეთის მიმართ (სერვიტუტი). სერვიტუტის დადგენის მიმართ გამოიყენება უძრავი ნივთის შეძენისათვის გათვალისწინებული წესები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 253-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ამა თუ იმ პირის სასარგებლოდ სერვიტუტით დაიტვირთოს 247-ე მუხლში გათვალისწინებული პირობით. ამგვარი დატვირთვა შეიძლება იმაში მდგომარეობდეს, რომ უფლებამოსილ პირს მესაკუთრის გამორიცხვით შეუძლია შენობა ან ამ შენობის ნაწილი თავისთვის ან თავისი ოჯახისათვის გამოიყენოს ბინად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სერვიტუტი წარმოადგენს სანივთო უფლებას, სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის სახეობას, რომელიც გამოიყენება უძრავი ქონების მესაკუთრეებს შორის და სერვიტუტის დადგენის მიმართ გამოიყენება უძრავი ნივთის შეძენისთვის დადგენილი წესები. სერვიტუტი უფლებამოსილ პირს ანიჭებს სხვისი კუთვნილი უძრავი ქონებით სარგებლობის უფლებას, ან მესაკუთრეს უკრძალავს საკუთარ, ან სხვის უძრავ ქონებაზე გარკვეული მოქმედებების განხორციელებას. უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელსაც სერვიტუტის უფლების საფუძველზე შეუძლია ისარგებლოს სხვისი კუთვნილი უძრავი ნივთით. ამასთან, სერვიტუტი, როგორც სანივთო გარიგება, შეიძლება დადგინდეს კანონის ობიექტურ-ნორმატიული ნების საფუძველზე, ან სანივთო გარიგების საფუძველზე. კანონისმიერი სერვიტუტის გამოყენებას კონკრეტული ნორმატიული აქტი უზრუნველყოფს, ხოლო სანივთო გარიგებას - მხარეთა ნება. ამასთან, სერვიტუტის სამართალურთიერთობა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ურთიერთობის მონაწილეებს მესაკუთრეები წარმოადგენენ და აუცილებელია, რომ სახეზე იყოს კონტრაჰენტთა ნების თავისუფალი გამოხატვა. პირადი სერვიტუტის დადგენისას, შესაძლოა მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების სერვიტუტით დატვირთვა იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც შესაძლოა არაა მესაკუთრე, თუმცა, აქვს უძრავი ქონების ფლობის სამართლებრივი საფუძვლები (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განსახილველ საკითხზე დადგენილი პრაქტიკა 2011 წლის 10 იანვრის განჩნებაში საქმეზე ას-1077-1009-2010 და 2002 წლის 3 ივლისის განჩინებაში საქმეზე 3კ-535-02).

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი რეგისტრირებულია ნა-----------–---–ის საკუთრებაში და მოსარჩელე ჯუ-–----ა ნე---–------ე, თავის შვილებთან ერთად, ცხოვრობს სადავო სახლში, გარკვეულ პერიოდამდე ამ სახლის მესაკუთრის თანხმობით. ამდენად, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე არ არის მესაკუთრე და მას არც უძრავი ქონების სამართლებრივი საფუძვლით ფლობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარმოუდგენია. შესაბამისად, იგი ვერ ჩაითვლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 253-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების სუბიექტად და კანონის ობიექტურ-ნორმატიული ნების საფუძველზე მხარეთა შორის სერვიტუტის დადგენა შეუძლებელია.

 

ვინაიდან შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული მოპასუხის საკუთრების უფლებაში ჩარევის დასაშვები სამართლებრივი საფუძველი, რაც შესაძლებელს გახდიდა სამოქალაქო კანონმდებლობით აღიარებული და დაცული საკუთრების უფლების შეზღუდვას, სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

სასამართლო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებლი იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის, ასევე 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ღირებულება განსახილველი სარჩელების მიმართ შეადგენს 4000 ლარს, ხოლო შესაბამისად, გადასახდელი ბაჟის ოდენობაა 60 ლარი.

 

სარჩელები არ დაკმაყოფილდა, თავდაპირველ მოსარჩელეს გადავადებული აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ხოლო მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, ამიტომ თავდაპირველ მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 60 ლარის გადახდა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯის ანაზღაურების საფუძველი თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესისა. ამასთან, შეგეგებულ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია არასრულად - 50 ლარის ოდენობით, ამიტომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს უნდა დაკისროს დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა 10 ლარის ოდენობით.

 

სარჩელის უზრუნველყოფა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში, სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 აგვისტოს განჩინებით, სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შეგებებული სარჩელის მოპასუხე ნა-----------–---–ს (პ/ნ 4----------) აეკრძალა უძრავი ქონების, მდებარე ქ. ყვარელი, დუ---------------- (საკადასტრო კოდი - 5------------ დაზუსტებული ფართობი - 726.00 მ2, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი - №1, ფართი - 114 მ2), გასხვისება და სანივთო უფლებით დატვირთვა.

 

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ვინაიდან საქმეზე გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არსებობს სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 365-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ნა-----------–---–ის სარჩელი მოპასუხე ჯუ-–----ა ნე---–------ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ჯუ-–----ა ნე---–------ის შეგებებული სარჩელი მოპასუხე ნა-----------–---–ის მიმართ, საცხოვრებელი სახლის სერვიტუტით დატვირთვის შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.

 

3. ნა-----------–---–ს (პ/ნ 4----------) დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 60 (სამოცი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4. ჯუ-–----ა ნე---–------ეს (პ/ნ 6----------) დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 10 (ათი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

5. გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც ნა-----------–---–ს (პ/ნ 4----------) აეკრძალა უძრავი ქონების, მდებარე ქ. ყვარელი, დუ--------------- (საკადასტრო კოდი - 5------------ დაზუსტებული ფართობი - 726.00 მ2, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი - №1, ფართი - 114 მ2), გასხვისება და სანივთო უფლებით დატვირთვა.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს (ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24) მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე იოსებ აბრამიძე