გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210116001561944
№2-3279/2016
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 ივლისი, 2017 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - სალიხ შაინიძე
სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე
მოსარჩელე - შპს,,RA-------”
წარმომადგენელი - გუ---- ღო-----------
მოპასუხე - შპს „ელ--- პრ------–--“, ლე--- ხა---
წარმომადგენელი - ლე--- ხა---
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „ელ--- პრ------–--“-ს და ლე--- ხა---ს სოლიდარულად დაეკისროთ 10440 ლარის გადახდა, საიდანაც 9440 ლარი ძირითადი დავალიანებაა, 1000 ლარი კი ზიანის თანხა - პირგასამტეხლო.
1.2. მოპასუხე მხარეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი და იურიდიული მომსახურებისათვის გადასახდელი თანხების ანაზღაურება.
სარჩელი უფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- მხარეებს შორის 2013 წლიდან არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობები, რის საფუძველზეც თავისი ორი ბეტონმრევი მამანქანით მომსახურებას უწევდა შპს ,,ელ--- პრ------–--ს" სხვადასხვა ობიექტებზე გარკვეული საფასურის გადახდის სანაცვლოდ.
- მოპასუხე ლე--- ხა--- თვითონ არის შპს ,,ელ--- პრ------–--ის" დამფუძნებელი და დირექტორი, მან სოლიდარული პასუხისმგებლობა აიღო ვალდებულებების შესრულებაზე, თუმცა დაარღვია პირობები.
- 2015 წლის 31 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეების დაკვეთით თავისი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდა ბეტონი ქედის რაიონის სოფელ გეგელიძეებში, რამაც შეადგინა 4240 ლარი. შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით დასტურდება ამ ვალის არსებობა, თუმცა არ გადაუხდიათ.
- 2015 წლის 29 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეების დაკვეთით თავისი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდა ბეტონი ქედის რაიონის სოფელ გეგელიძეებში, რამაც შეადგინა 1600 ლარი. შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით დასტურდება ამ ვალის არსებობა, თუმცა არც ეს ვალი გადაუხდიათ.
- 2015 წლის 31 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეების დაკვეთით თავისი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდა ბეტონი ქედის რაიონის სოფელ გეგელიძეებში, რამაც შეადგინა 3600 ლარი. მოპასუუხებს არც ამჯერად გადაუხდიათ თანხა.
- მოპასუხეებმა აიღეს სოლიდარული ვალდებულება, რომ დავალიანებას გადაიხდიდნენ, ხოლო ერთ თვეზე მეტი ხნით დაგვიანების შემთხვევაში, დაეკისრებოდათ პირგასამტეხლო და ზიანის ანაზღაურება.
1.3. საქმის მომზადების სტადიაზე, მოსარჩელემ გაიხმო სარჩელი მოპასუხე ლე--- ხა---ს მიმართ ნაწილში და სასარჩელო მოთხოვნა უცვლელად დატოვა მოპასუხე შპს ,,ელ--- პრ------–--ის" მიმართ.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ:
2.1.1. მოპასუხე ლე--- ხა--- არ ეთანხმება სარჩელს მის მიმართ სოლიდარული პასუხისმგებლობის ნაწილში, ასევე არ ეთანხმება სარჩელს პირგასამტეხლოს ნაწილში, რადგან პირგასამტეხლოს ოდენობა ხელშეკრულებებით განსაზღვრული არ ყოფილა.
2.1.2. მოპასუხე შპს ,,ელ--- პრ------–--ის" წარმომადგენელი სარჩელს ცნობს ნაწილობრივ. მას დაუსაბუთებლად მიაჩნია პირგასამტეხლოს თანხის მოთხოვნის საფუძველი, რადგან პირგასამტხლოს ოდენობა ხელშეკრულებებით განსაზღვრული არ ყოფილა. ხოლო რაც შეეხება ძირითადი დავალიანების ნაწილს, მხარე აპელირებს იმის თაობაზე, რომ მას გააჩნია საკუთარი ბეტონმზიდი ავტომანქანა, რითაც არაერთჯერ გაუწია მომსახურება მოსარჩელეს.
2.2. საქმის მომზადების სტადიაზე, მოსარჩელემ გაიხმო რა სარჩელი მოპასუხე ლე--- ხა---ს მიმართ ნაწილში, მოპასუხე შპს ,,ელ--- პრ------–--ის" წარმომადგენელმა სარჩელი ცნო.
3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეებს შორის 2013 წლიდან არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობები, რის საფუძველზეც მოსარჩელე თავისი ორი ბეტონმრევი ავტომანქანით მომსახურებას უწევდა შპს ,,ელ--- პრ------–--ს" სხვადასხვა ობიექტებზე გარკვეული საფასურის გადახდის სანაცვლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება; (იხ. სხდომის ოქმი);
- 01.12.2015 წლის ხელშეკრულება;
- 07.12.2015წ. შეთანხმება;
3.1.2. 2015 წლის პერიოდში, მოსარჩელემ მოპასუხეების დაკვეთით თავისი ავტოსატრანსპორტო საშუალებით, სამჯერ გადაზიდა ბეტონი ქედის რაიონის სოფელ გეგელიძეებში, ბეტონის ღირებულებამ ტრანსპორტირების ჩათვლით ჯამში შეადგინა 9440 ლარი. აღნიშნული თანხა მოპასუხეებს არ გადაუხდიათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 31 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტი;
- 2015 წლის 29 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტი;
- 2015 წლის 31 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები;
3.1.3. მოპასუხეებმა აიღეს სოლიდარული ვალდებულება, რომ დავალიანებას გადაიხდიდნენ, ხოლო ერთ თვეზე მეტი ხნით დაგვიანების შემთხვევაში, დაეკისრებოდათ პირგასამტეხლო და ზიანის ანაზღაურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 01.12.2015 წლის ხელშეკრულება;
- 07.12.2015წ. შეთანხმება;
3.1.4. საქმის მომზადების სტადიაზე, მოსარჩელემ გაიხმო სარჩელი მოპასუხე ლე--- ხა---ს მიმართ ნაწილში და სასარჩელო მოთხოვნა უცვლელად დატოვა მოპასუხე შპს ,,ელ--- პრ------–--ის" მიმართ. სასამართლოს 2017 წლის 01 ივნისის განჩინებით სარჩელი მოპასუხე ლე--- ხა---ს მიმართ ნაწილში დატოვებულ იქნა განუხილველად. სასამართლო ეყრდნობა შემა;დეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის განცხადება;
- 2017 წლის 01 ივნისის განჩინება;
3.1.4. საქმის მომზადების სტადიაზე, მოსარჩელემ გაიხმო რა სარჩელი მოპასუხე ლე--- ხა---ს მიმართ ნაწილში, მოპასუხე შპს ,,ელ--- პრ------–--ის" წარმომადგენელმა სარჩელი ცნო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- წერილობითი განცხადება;
- 2017 წლის 01 ივნისის განჩინება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მომზადების სტადიაზე, მოსარჩელემ გაიხმო რა სარჩელი მოპასუხე ლე--- ხა---ს მიმართ ნაწილში და მოპასუხე შპს ,,ელ--- პრ------–--ის" წარმომადგენელმა სარჩელი ცნო, - მხარეებს შორის სადავო ფაქტობრივი გარემოებები აღარ არსებობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- წერილობითი განცხადება;
- 2017 წლის 01 ივნისის განჩინება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს,,RA-------”-ის სასარჩელო განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, შპს ,,ელ--- პრ------–--ს" შპს ,,RA-------”-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დავალიანების თანხის გადახდა 10440 ლარის გადახდა, საიდანაც 9440 ლარი ძირითადი დავალიანებაა, 1000 ლარი კი - პირგასამტეხლო.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალხმრივი, ორმხრივი, ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
აღნიშნული ურთიერთობის შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებით აღიარებული ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს ხელშეკრულების დადების თავისუფლებას და მისი შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ეს უკანასკნელი ელემენტი ასევე გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ, დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. (იხ., სუს 08.11.2011წ.-ის გადაწყვეტილება Nას-839-890-2011).
7.2. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია შემდეგი:
- მხარეებს შორის 2013 წლიდან არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობები, რის საფუძველზეც მოსარჩელე თავისი ორი ბეტონმრევი ავტომანქანით მომსახურებას უწევდა შპს ,,ელ--- პრ------–--ს" სხვადასხვა ობიექტებზე გარკვეული საფასურის გადახდის სანაცვლოდ.
- 2015 წლის პერიოდში, მოსარჩელემ მოპასუხეების დაკვეთით თავისი ავტოსატრანსპორტო საშუალებით, სამჯერ გადაზიდა ბეტონი ქედის რაიონის სოფელ გეგელიძეებში, ბეტონის ღირებულებამ ტრანსპორტირების ჩათვლით ჯამში შეადგინა 9440 ლარი. აღნიშნული თანხა მოპასუხეებს არ გადაუხდიათ.
- მოპასუხეებმა აიღეს სოლიდარული ვალდებულება, რომ დავალიანებას გადაიხდიდნენ, ხოლო ერთ თვეზე მეტი ხნით დაგვიანების შემთხვევაში, დაეკისრებოდათ პირგასამტეხლო და ზიანის ანაზღაურება.
ზემოაღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა შორის სადავო არ არის.
სასამართლო განმარტავს, რომ ნასყიდობის თანხის დაუბრუნებლობა უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს მიწოდებული ბეტონის ღირებულების თანხის მოპასუხისათვის დაკისრება ტრანსპორტირების საფასურის ჩათვლით.
7.3. საქართველოს სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.
7.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. დადგენილია, რომ 2015 წლის პერიოდში, მოსარჩელემ მოპასუხეების დაკვეთით თავისი ავტოსატრანსპორტო საშუალებით, სამჯერ გადაზიდა ბეტონი ქედის რაიონის სოფელ გეგელიძეებში, ბეტონის ღირებულებამ ტრანსპორტირების ჩათვლით ჯამში შეადგინა 9440 ლარი,საიდანაც 9440 ლარი ძირითადი დავალიანებაა, 1000 ლარი კი - პირგასამტეხლო. აღნიშნული თანხა მოპასუხეებს არ გადაუხდიათ.
მხარეთა შეთანხმებით, ანგარიშსწორების ვადის დარღვევის შემთხვევაში, შპს ,,RA-------” უფლებამოსილია დაარიცხოს შპს ,,ელ--- პრ------–--ს" პირგასამტეხლო.
7.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად კი დადგენილია, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ეს ნორმა განამტკიცებს ვალდებულების დროულად (შეთანხმებულ ვადაში) შესრულების პრინციპს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მხარეებმა ხელშეკრულებით განსაზღვრეს შესრულების ვადა, ვალდებულება ამ ვადაში უნდა შესრულდეს, მოვალემ არ უნდა გადააცილოს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადას.
მოპასუხე შპს ,,ელ--- პრ------–--"-მა საქმის მომზადების სტადიაზე სარჩელი ცნო.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემელ შემთხვევაში მოპასუხეთა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ძირითადი დავალიანების მოთხოვნის ნაწილში იქნა ცნობილი, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს - დისპოზიციურობას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ამავე კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ხსენებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობა, იმ მოთხოვნის ფარგლებში რაც ცნო, სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია.
7.6. დადგენილია, რომ დავალიანებაზე დარიცხულმა პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 1000 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მხარეებს შორის არსებობს შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის თანახმადაც პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს შეადგენს 1000 ლარს.
როგორც უკვე აღინიშნა მოვალის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს, გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან. ამდენად, კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მისი შემცირებული ოდენობიდან გამომდინარე, არ წარმოადგენს შეუსაბამო თანხას.
სასამართლო, მოქმედებს რა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მხარის მითითების საფუძველზე მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მხედველობაში იღებს ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად თანხასთან მიმართებაში. მოპასუხე პირგასამტეხლოს ოდეობას სადავოდ არ ხდის და მთლიანად ცნობს სარჩელს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს სამართლიანად მიაჩნია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს 1000 ლარის ოდენობა, რომ ეს ოდენობა არის მართებული, თანაზომიერი.
8. საპროცესო ხარჯები
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 314 ლარი, ასევე მის უზრუნველყოფაზე გადახდილი აქვს 50 ლარი. მოპასუხემ ცნო სარჩელი სასამართლოს მთავარ სხდომამდე, შესაბამისად მოპასუხე თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისგან და მოსარჩელეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 314 ლარი უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ხაზინიდან - ბიუჯეტის შემოსავლებიდან, ხოლო მოსარჩელეზე 50 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
მოსარჩელის წარმომადგენელი მოითხოვს იურიდიული მომსახურების საფასურის ანაზღაურებასაც, თუმცა მას საფასურის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მოსარჩელე შპს,,RA-------”-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
2. დაეკისროს მოპასუხე შპს „ელ--- პრ------–--ს“ მოსარჩელე შპს,,RA-------"-ის სასარგებლოდ 10 440 ლარის გადახდა.
3. მოსარჩელე შპს,,RA-------"-ს სახელმწიფო ხაზინიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 314 ლარის ოდენობით (საგადახდო დავალება #21, 13.10.2016წ., გადამხდელი შპს,,RA-------", ს/კ 445415---, გადამხდელის ბანკი - სს ,,საქართველოს ბანკი", მიმღების ანგარიში - 300693150, კოდი - TRESGE22).
4. მოპასუხე შპს „ელ--- პრ------–--ს“ მოსარჩელე შპს,,RA-------"-ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.
5. საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფა დარჩეს ძალაში უცვლელი.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. № 30).
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თრიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სალიხ შაინიძე