გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.11.2018
საქმის ნომერი
330210117002046260
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/21184-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი შესავალი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - თამარ აკობია

 

მოსარჩელე - სს ,,ა----------------ა’’

წარმომადგენლები - ნ------–---------, თ---------–-----

მოპასუხე - საქართველოს რ--------–-----------------------------------------------ის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს ს-------------–--------------------------ი

წარმომადგენელი - ლ--------------, ხ-----------–--ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 305 966.24 ლარის გადახდა.

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სარჩელი ს.ფ. 1-21)

1.1.1. საქართველოს რ---------–---------------------------------------------------------ოს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს ს-------------–--------------------------ს (შემსყიდველი) და შპს ,,ე---------------------------------’’-ს (მიმწოდებელი) შორის 2012 წლის 02 აგვისტოს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №1-----;

1.1.2. აღნიშნული ხელშეკრულებით და მისი დანართებით (№1, 2013 წლის 21 იანვრის, დანართი 2-2013 წლის 16 აპრილის, დანართი №3-2013 წლის 30 სექტემბრის, 2013 წლის 10 ოქტომბრის დანართი №4, 2013 წლის 06 ნოემბრის დანართი №5, 2013 წლის 30 დეკემბრის დანართი №6, 2014 წლის 03 ივნისის დანართი №7) გათვალისწინებული ცვლილებების მიხედვით, მიმწოდებელმა იკისრა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე - ქ-------ი-ტ------–ი-ა-------–-----ის საავტომობილო გზის კ-------- (ო---------------–ი) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების ვალდებულება, რომლის მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 4 941 782.73 ლარი;

1.1.3. შეთანხმებით სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების და ხარვეზების აღმოფხვრის ვადად განისაზღვრა 2014 წლის 31 აგვისტო;

1.1.4. სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 25 სექტემბრის №0-------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიმწოდებლის მიერ შესასრულებელ სამუშაოებში გამოვლინდა დეფექტები, რომელთა სავარაუდო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება განისაზღვრა 821 479.73 ლარით;

1.1.5. 2013 წლის 10 ოქტომბერს შემსყიდველს და მიმწოდებელს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც მიმწოდებელმა იკისრა დეფექტების აღმოფხვრის ვალდებულება, ხოლო შესრულების უზრუნველსაყოფად შემსყიდველს მისივე მოთხოვნით წარუდგინა მის მიერ გაცემული №F------------ საბანკო გარანტია 821 500 ლარზე 2014 წლის 02 აგვისტოდან ამავე წლის სექტემბრამდე მოქმედების ვადით;

1.1.6. მიმწოდებელმა გარკვეული მიზეზით ვერ უზრუნველყო დეფექტების აღმოფხვრის ვალდებულების შესრულება, შესაბამისად შემსყიდველმა - ბენეფიციარმა 2014 წლის 29 აგვისტოს წერილით ექსპერტიზის დასკვნაზე მითითებით მისგან მოითხოვა მთლიანი საგარნტიო თანხის გადახდა;

1.1.7. 2014 წლის 26 სექტემბრის წერილით არ დააკმაყოფილა მოპასუხის მოთხოვნა მოთხოვნის საგარანტიო პირობებთან შეუსაბამობის საფუძვლით;

1.1.8. მოპასუხემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში მის მიმართ საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის გადახდის დაკისრების მოთხოვნით;

1.1.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის საფუძვლით მოპასუხის სარჩელი დაკმაყოფილდა და მას მოპასუხის სასარგებლოდ დაკისრა 821 500 ლარის გადახდა;

1.1.10. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 თებერვლის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 05 მაისის განჩინებით და საქართველოს უზენაესის სასამართლოს 2017 წლის 06 მარტის განჩინებებით;

1.1.11. დაუსწრებელი გადაწყვეტილება მის მიერ აღსრულდა 2017 წლის ივნისში;

1.1.12. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ განმეორებით - 2016 წლის 24 მაისს გაცემული დასკვნის მიხედვით, მხარეთა შორის 2012 წლის 02 აგვისტოს დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიმწოდებელს და შემსყიდველს შორის ამ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ დარჩენილი სამუშაოების ფაქტობრივი დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვის - 749 990.23 ლარის, ასევე ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.18 პუნქტის თანახმად წინასწარ გადახდილი (დაკავებული) შესრულებული სამუშაოების ღირებულების - (4 689 129.45 ლარის 5%) 234 456.47 ლარის გათვალისწინებით, საბოლოოდ დაზუსტებული დავალიანება მოპასუხის მიმართ შეადგენს 515 533.76 ლარს;

1.1.13. მოპასუხის მიერ 2015 წლის 21 სექტემბრის ბრძანებით დანიშნული კომისიის შესრულებული სამუშაოების 2015 წლის 23 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტით, ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება კორექტირების შემდგომ არის 4 941 782.73 ლარი. მოპასუხის 2014 წლის 29 აგვისტოს №2-------- წერილის საფუძველზე, მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის 2012 წლის 02 აგვისტოს ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის ამ ხელშეკრულებით შესრულებული სამუშაოების ფაქტობრივმა ღირებულებამ შეადგინა 4 689 129.45 ლარი;

1.1.14. დარჩენილი 749 990.23 ლარის ღირებულების სამუშაოები შეასრულა ტენდერში გამარჯვებულმა შპს ,,დ--იმ’’, რის შემდგომაც ობიექტის საბოლოო ღირებულებაა 5 439 119.68 ლარი;

1.1.15. მის მიერ მოპასუხისთვის გადახდილია 821 500 ლარი, რეალურზე 305 966.24 ლარით მეტი;

1.1.16. მის მიერ მოპასუხისთვის თანხა გადახდილია არა ფაქტობრივი, არამედ სავარაუდო ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, რის შედეგადაც სავარაუდო ხარჯთაღრიცხვის მიხედვით გადახდილი თანხა - 821 500 ლარი, ფაქტობრივზე - 515 533.76 ლარზე 305 966.24 ლარით მეტია, რაც განაპირობებს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე აღნიშნული თანხის მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნას;

1.1.17. ვინაიდან პრინციპალმა ვერ უზრუნველყო დეფექტების აღმოფხვრის სამუშაოები, შემსყიდველმა სხვა მიმწოდებელთან (შპს "დ--ი") გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრა იმავე დეფექტების აღმოფხვრა 749 990.23 ლარის გადახდის სანაცვლოდ. აღნიშნული ნიშნავს, რომ საგარანტიო თანხა, რაც დეფექტების აღმოფხვრის ღირებულების 100%-ს შეადგენდა, გარანტის სასარგებლოდ უნდა შემცირებულიყო 71 509.8 ლარით (821 500-749 990.23=71 509.77)

1.1.18. აღნიშნულის გარდა დეფექტების აღმოფხვრისათვის განსაზღვრულ თანხას, 749 990.23 ლარს უნდა დაკლებოდა ხელშეკრულების 2.18. პუნქტის თანახმად ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით წინასწარ გადახდილი/დაკავებული შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5% (4 689 129.45*5%=234 456.47) 234 456.47 ლარი.

1.1.19. მის მიერ რეალურად გადახდილია ზედმეტად 305 966.24 ლარი;

1.1.20. მოპასუხის ასეთი ქმედება წინააღმდეგობაში მოდის სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლთან, ვინაიდან იგი არ არის შექმნილი მოგების მიღების ან/და უსაფუძვლო გამდიდრების მიზნით და მის აქტივში ვერ დარჩება უსაფუძვლოდ მიღებული თანხები. სამოქალაქო უფლებების მართლზომიერად და კეთილსინდისიერად განხორციელების შემთხვევაში ასეთი თანხები უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს;

1.1.21. მის მიერ დადასტურებულია, რომ გარანტიის მიზანს წარმოადგენდა დეფექტების აღმოფხვრა სრულად, აღმოსაფხვრელად რეალურად გადახდილი იქნა 749 990.43 ლარი, ე.წ. დეფექტების აღმოფხვრის ფონდიდან ბენეფიციარს უკვე გააჩნდა 234 456.45 ლარი. შესაბამისად, მას 821 500 ლარის ნაცვლად მისგან უნდა მიეღო 515 533.76 ლარი. შესაბამისად, მის მიერ უსაფუძვლოდაა გადახდილი 305 965.24 ლარი, რაც ექვემდებარება დაბრუნებას, როგორც უსაფუძვლოდ მიღებული.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი (შესაგებელი ს.ფ. 136-159).

შესაგებლის საფუძვლები:

2.1.1. მასსა და მიმწოდებელს შორის 2012 წლის 02 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე 2013 წლის 10 ოქტომბერს გაფორმდა შეთანხმება დანართი №4, რომლის მიხედვითაც მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება თავად აღმოეფხვრა ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილი ხარვეზები. ამავე შეთანხმების მე-4 პუნქტით კომპანიამ აიღო ვალდებულება წარედგინა 821 479.73 ლარის ოდენობის საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ხელშეკრულების მოქმედების ვადას აღემატებოდა ერთი თვით;

2.1.2. ხელშეკრულებაზე 2013 წლის 30 დეკემბერს გაფორმდა №6 შეთანხმება, რომლის მიხედვითაც შევიდა ცვლილება ხელშეკრულებაში და მიმწოდებელ კომპანიას გაუგრძელდა ხარვეზების აღმოფხვრის ვადა და შესაბამისად დაეკისრა ვალდებულება გაეგრძელებინა საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა;

2.1.3. 2014 წლის 03 ივნისს გაფორმდა №7 დანართი, რომლის მიხედვითაც ცვლილება შევიდა ხელშეკრულებაში. მიმწოდებელ კომპანიას გაუგრძელდა სამუშაოების დასრულების ვადა 2014 წლის 31 აგვისტომდე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2014 წლის 30 სექტემბრამდე. შემსრულებელმა კომპანიამ იკისრა ვალდებულება აღნიშნული დანართის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში წარმოედგინა განახლებული უპირობო საბანკო გარანტია, რომელიც იქნებოდა მოქმედი 2014 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით. აღნიშნული პირობა შემსრულებელი კომპანიის მიერ შესრულებული არ ყოფილა;

2.1.4. მიმწოდებელი კომპანიის მიერ წარმოდგენილ იქნა 2014 წლის 29 მაისს მოსარჩელის მიერ გაცემული უპირობო საბანკო გარანტია, რომელიც მოქმედებდა 2014 წლის 02 აგვისტოდან 2014 წლის 01 სექტემბრის ჩათვლით. აღნიშნული უპირობო საბანკო გარანტიით მოსარჩელემ აიღო ვალდებულება, რომ იქნებოდა გარანტი და პასუხისმგებელი მის წინაშე მიმწოდებელი კომპანიის სახელით 821 500 ლარზე და კისრულობდა აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულებას პირველი მოთხოვნისთანავე;

2.1.5. მიმწოდებელმა კომპანიამ ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც მან მოსარჩელეს 2014 წლის 29 აგვისტოს №2-------- წერილით მოსთხოვა 2014 წლის 29 მაისს გაცემული უპირობო საბანკო გარანტიის სრულად ამოქმედება;

2.1.6. მოსარჩელემ გაუგებარი მიზეზით უარი განაცხადა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის გადახდაზე. მას აღნიშნული თანხის გადახდა დაეკისრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, რომელიც ზემდგომი ინსტანციების მიერ ძალაში იქნა დატოვებული;

2.1.7. მოსარჩელე სარჩელს ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ გარანტიის ამოქმედების შედეგად მოთხოვნილი თანხა არის იმ თანხაზე მეტი, ვიდრე მას უნდა მიეღო, რის საფუძველზეც მიუთითებს სხვა კომპანიის მიერ შესრულებულ ღირებულებებსა და დაანგარიშებაზე, რაც არ არის კავშირში მის მიერ საბანკო გარანტიით ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან;

2.1.8. შესასრულებელი სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფისათვის მის მიერ შემსრულებელი კომპანიისთვის დაკავებული შესრულებული სამუშაოების 5%, რაზეც მიუთითებს მოსარჩელე, არაა კავშირში მასსა და შემსრულებელ კომპანიას შორის ხელშეკრულებაზე გაფორმებულ №4 შეთანხმებასთან, რომლის მიხედვითაც შემსრულებელმა კომპანიამ იკისრა ვალდებულება თავად აღმოეფხვრა ექსპერტიზის დადგენილი ხარვეზები. შემსრულებელი კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების 5%-ის ანაზღაურება დამოკიდებულია შესრულებული სამუშაოების ხარისხზე და არაა კავშირში გაფორმებულ №4 შეთანხმების შესრულების გარანტიასთან. ხელშეკრულების თანახმად, შესრულებული სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფისათვის დაკავებული თანხა - შესრულებული სამუშაოების 5%, ანაზღაურებას ექვემდებარება სამუშაოების სრულად დასრულებისა და მისი უფლებამოსილი კომისიის მიერ სამუშაოების სრულად მიღების შემდეგ, კერძოდ ნაწილი - 2.5% ანაზღაურდება უშუალოდ სამუშაოების მიღების და ხარისხის დადასტურების შემდეგ, ხოლო 2.5% საგარანტიო პერიოდის გასვლის შემდეგ. აღნიშნული თანხა წარმოადგენს შემსრულებელი კომპანიის მიერ უკვე შესრულებული და მოპასუხის მიერ მიღებული სამუშაოების ხარისხის გარანტიას და იგი იყენებს მას შესრულებული და მიღებული სამუშაოების უხარისხობის შემთხვევაში. ხარვეზების აღმოფხვრის სამუშაოები, კი რაც წარმოადგენს ძირითადი სამუშაოებისგან დამოუკიდებელ სამუშაოებს, ვერ იქნება შემხებლობაში სხვა ვალდებულებებთან;

2.1.9. საბოლოო დავალიანების ოდენობას კი მოსარჩელისთვის, როგორც გარანტისთვის, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საბანკო გარანტიის, როგორც უზრუნველყოფის საშუალების არააქცესორული ვალდებულებიდან გამომდინარე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2012 წლის 02 აგვისტოს მოპასუხეს, როგორც შემსყიდველს, და შპს ,,ე---------------------------------’’-ს, როგორც მიმწოდებელს, შორის დაიდო ე------------ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა მიმწოდებლის მიერ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქ-------ი-ტ------–ი-ა-------–-----ის საავტომობილო გზის კ-------- (ო---------------–ი) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.

ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, სამუშაოს მთლიანი ღირებულება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებითი ღირებულების გადასახადის გარეშე შეადგენს 4 194 914.41 ლარს.

ხელშეკრულების 2.18. პუნქტის თანახმად, სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველთვიურად დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის ნახევრის (2.5%) დაბრუნება მოხდება სამუშაოს სრული დასრულებისა და შემსყიდველის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ შედგენილი ობიექტის ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო მეორე ნახევარი საგარანტიო ვადის (ერთი წლის) გასვლის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ აქტის შედგენისას დაფიქსირებული იქნება შესრულებული სამუშაოს ნაკლი ან უხარისხობა, მიმწოდებელს აღნიშნული თანხა არ აუნაზღაურდება დეფექტების გამოსწორებამდე.

ამავე ხელშეკრულების 2.19. პუნქტის თანახმად განისაზღვრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სხვადასხვა მიზეზების გამო მიმწოდებელი ორგანიზაცია ვერ უზრუნველყოფს ან უარს აცხადებს ზემოხსენებული კომისიის მიერ აქტში დაფიქსირებული დეფექტების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, შემსყიდველი ობიექტზე ზედამხედველობის მიმწოდებელს არ აუნაზღაურებს აღნიშნულ თანხას ყოველთვიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულების დაკავებული 5%-დან. თუ დეფექტების აღმოფხვრის ხარჯისათვის საჭირო თანხა აღემატება დაკავებულ 5%-ს, შემსყიდველი დამატებით დააკისრებს მიმწოდებელს ზემოაღნიშნული განსხვავების გადახდას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს უპირობო საბანკო გარანტია. საგარანტიო თანხის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით. გარანტია უნდა იყოს უპირობო და შემსყიდველს უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან პირველი მოთხოვნისთანავე მიიღოს შესაბამისი თანხა. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებლის მიერ წარდგენილი უპირობო საბანკო გარანტია გამოიყენება ნებისმიერი ზიანის ანაზღაურების მიზნით, რომელიც მიადგება შემსყიდველს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, აგრეთვე შემსყიდველის მიერ პირგასამტეხლოს გამოყენების შემთხვევაში. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, შემსყიდველისთვის მიყენებული ზიანის ოდენობის გათვალისწინებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება, ტექნიკური დავალება (ს.ფ. 22-35; 45-48)

 

3.1.2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში შემსრულებლის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე გამოვლინდა ხარვეზები, რომლის აღმოსაფხვრელად აუცილებელი თანხა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 25 სექტემბრის №0-------- დასკვნის თანახმად განისაზღვრა 821 479.73 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 53-61).

 

3.1.3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე შემსყიდველს და მიმწოდებელს შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმებები (დანართები №1-№7), რომლებიც წარმოადგენენ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს:

2013 წლის 21 იანვარს გაფორმებული დანართი შეთანხმება №1-ის თანახმად, სახელშეკრულებო ღირებულება შემცირდა და განისაზღვრა 4 949 804.54 ლარით, ხოლო 2013 წლის 16 აპრილის დანართი შეთანხმება №2-ით ასევე შემცირდა სახელშეკრულებო ღირებულება 8 021.81 ლარით და განისაზღვრა 4 941 782.73 ლარით;

2013 წლის 30 სექტემბერს გაფორმებული დანართი შეთანხმება №3-ის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების დასრულების ვადად განისაზღვრა 2013 წლის 30 ნოემბერი;

2013 წლის 10 ოქტომბრის დანართი შეთანხმება №4-ით მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №0-------- დასკვნის შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის და ნაკლის აღმოფხვრის საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფის შესახებ. ამავე შეთანხმების მე-4 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელმა იკისრა შესასრულებელი ვალდებულების უზრუნველსაყოფად შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების - 821 479.73 ლარის ოდენობით საბანკო გარანტიის წარდგენის ვალდებულება.

2013 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული დანართი №6-ით შევიდა ცვლილება 2012 წლის 02 აგვისტოს გაფორმებული ე------------ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებაში, რომელიც შეეხებოდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქ-------ი-ტ------–ი-ა-------–-----ის საავტომობილო გზის კ-------- (ო---------------–ი) მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას და ხელშეკრულების №4-ის შესაბამისად ხარვეზების აღმოფხვრის სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიების განხორციელების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 31 მაისი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების დასრულების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 01 ივლისი. ამავე შეთანხმების თანახმად, განისაზღვრა მიმწოდებლის ვალდებულება დანართი №4-ის შესაბამისად 821 479.73 ლარზე წარმოდგენილი უპირობო საბანკო გარანტიის განახლების თაობაზე, რომელის მოქმედების ვადაც უნდა განსაზღვრულიყო 2014 წლის 01აგვისტოს ჩათვლით.

2014 წლის 03 ივნისს გაფორმებული დანართი №7-ის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საგანზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას და ხარვეზების აღმოფხვრის სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების განხორციელების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 31 აგვისტო, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების დასრულების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 30 სექტემბერი. ამავე შეთანხმების მე-3 პუნქტის თანახმად განისაზღვრა, რომ მიმწოდებელი ვალდებულია დანართის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში, განაახლოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის არსებული უპირობო საბანკო გარანტია. განახლებული უპირობო საბანკო გარანტია უნდა მოქმედებდეს 2014 წლის 31 ოქტომბრის ჩათლით. საბანკო გარანტიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია აამოქმედოს არსებული გარანტია და ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულების დანართები (ს.ფ. 36-44)

 

3.1.4. მოსარჩელის მიერ 2014 წლის 29 მაისს გაიცა №F------------ უპირობო საბანკო გარანტია, რომლითაც მან იკისრა მოპასუხის წინაშე პასუხისმგებლობა მიმწოდებლის სახელით 821 500 ლარზე. ამავე საბანკო გარანტიის თანახმად, მოსარჩელემ იკისრა საბანკო გარანტიაში მითითებული თანხის გადახდის ვალდებულება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევისა და მოპასუხის მიერ პირველივე მოთხოვნის წარდგენისთანავე.

საბანკო გარანტიის მოქმედების პერიოდად განისაზღვრა 2014 წლის 02 აგვისტოდან 2014 წლის 01 სექტემბრის ჩათვლით დროის მონაკვეთი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო გარანტია, ხელშეკრულება (ს.ფ. 49; 415)

 

3.1.5. მოპასუხის 2014 წლის 29 აგვისტოს №2-------- მიმართვის თანახმად, მოპასუხემ მოსარჩელეს მიმწოდებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისა და მის მიერ ამ საფუძვლით ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლით მოსთხოვა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის გადახდა, რაზეც მოსარჩელემ 2014 წლის 26 სექტემბრის მიმართვის თანახმად განაცხადა უარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვები (ს.ფ. 50-52)

 

3.1.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №2--------- დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს ,,ს--------------------------------------ს’’ მოსარჩელე საქართველოს რ---------–---------------------------------------------------------ოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს ს-------------–--------------------------ის სასარგებლოდ დაეკისრა 821 500 ლარის გადახდა.

აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 თებერვლის განჩინებით, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 05 მაისის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 06 მარტის განჩინებებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №2--------- დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე 2017 წლის 02 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადაწყვეტილება, განჩინებები, სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 63-68; 70-93; 342)

 

3.1.7. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული იძულებითი აღსრულების ფარგლებში, მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის სრულად იქნა ანაზღაურებული 2014 წლის 29 მაისს გაცემული №F------------ უპირობო საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა - 821 500 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, საგადახდო დავალებები (ს.ფ. 95-103)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ არ ეკისრება 305 966.24 ლარის გადახდა.

განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე არსებითად მიუთითებს მიმწოდებლის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ოდენობის განსაზღვრის თაობაზე 2016 წლის 24 მაისის №0-------- ექსპერტიზის დასკვნაზე და ბენეფიციარის/მოპასუხის მიერ პრინციპალისათვის ხელშეკრულების 2.18. პუნქტით განსაზღვრული წესით ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით დაკავებულ შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%-ზე.

მოსარჩელის განმარტებით, მის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დასტურდება, რომ მიმწოდებლის მიერ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 515 533.76 ლარით, მაშინ როდესაც მის მიერ საბანკო გარანტიის საფუძველზე მოპასუხისთვის გადახდილია 821 500 ლარი, რეალურზე 305 966.24 ლარით მეტი. ამასთან, იგი სასარჩელო მოთხოვნით მოთხოვნილი 305 966.24 ლარიდან 234 456.47 ლარის, როგორც მოპასუხის მიერ მიმწოდებლისთვის/პრინციპალისათვის ხელშეკრულების საფუძველზე დაკავებული თანხის და დარჩენილი 71 509.78 ლარის მოპასუხისთვის დაკისრების საფუძვლად მიუთითებს მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრებას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

სასამართლო მიუთითებს, რომ მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო სამართალში მტკიცებულებათა სახეებად განსაზღვრულია მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტანტაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტთა დასკვნა. ამავე კოდექსის 105-ე მუხლით კი დადგენილია წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების სტანდარტი, კერძოდ, განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

სასამართლოს მიერ ექპსერტიზის დასკვნის შეფასება გულისხმობს თავდაპირველად, ექსპერტიზის დასკვნის შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ, საქმე №ას-535-501-2017).

ამასთან, ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას (იმდენად, რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება), ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში (იხ. სუსგ, საქმე №ას-406-383-2014). ამასთანავე, ექსპერტის დასკვნა კრიტიკულად უნდა შეფასდეს, როგორც ცალკე აღებული, ასევე საქმეზე მოპოვებულ ყველა სხვა მტკიცებულებათან ერთობლიობაში (იხ. სუსგ, საქმე №ას-633-966-07).

განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა არსებითად ემყარება სწორედ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 24 მაისის დასკვნას, თუმცა სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან დავა მიმდინარეობს გარანტსა და ბენეფიციარს შორის, მიმდინარე დავის ფარგლებში დასადგენ და შესაფასებელ გარემოებას არ წარმოადგენს მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოს სავარაუდო ღირებულებასა და რეალურად შესრულებულ სამუშაოს შორის სხვაობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადგენა.

სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და მიუთითებს, რომ სარჩელის საფუძვლიანობის განსაზღვრისათვის არსებითია საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ბუნების განმარტება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლით, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა ნებისმიერი საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

ამავე კოდექსის 880-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას. 881-ე მუხლის თანახმად კი საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის იგი გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე.

ზოგადად საბანკო გარანტიის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარეობს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის მიხედვით საბანკო გარანტია ფულადი ვალდებულებაა, რომელიც ბენეფიციარს შესაძლებლობას ანიჭებს, მოვალის (პრინციპალის) მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს გარანტს წერილობით, მოითხოვოს გადახდა და მიიღოს მოთხოვნილი თანხა. მას ამისათვის არ სჭირდება წინასწარ მიმართვა რომელიმე იურისდიქციის ორგანოსთვის, თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ასეთი მიდგომა ბენეფიციარის უფლების დასაცავად, გამოწვეულია საქონლის/მომსახურების სწრაფად მზარდი ბრუნვით როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, როცა ყველა მხარე დაინტერესებულია ხელშეკრულებების სწრაფად შესრულებაში და მისი შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულების გარემოება დადგება.

სასამართლო მიუთითებს, რომ საბანკო გარანტია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც სხვა უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან განსხვავებით, რიგი თავისებურებებით ხასიათდება. საბანკო გარანტიის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რაც მას უზრუნველყოფის სხვა საშუალებებისაგან გამოარჩევს, არის საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობა ძირითადი ვალდებულებისაგან. საბანკო გარანტიის გაცემისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, პრინციპალსა და გარანტს შორის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ბანკი (გარანტი) ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნისთანავე, ბენეფიციარს უპირობოდ გადაუხდის ფულად თანხას. მიუხედავად საბანკო გარანტიის კანონით გათვალისწინებული დამოუკიდებელი (არააქცესორული) ბუნებისა და მისი დამოუკიდებლობისა ძირითადი ვალდებულებისაგან, მისი გაცემის მართლზომიერად მიჩნევის მიზნებისათვის, აუცილებელია, რომ საბანკო გარანტია აკმაყოფილებდეს ასევე ორ მნიშვნელოვან წინაპირობას, კერძოდ, ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს გარანტიის პირობებს და მისი წარდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ გარანტიით განსაზღვრულ ვადაში.

სასამართლო მიუთითებს, რომ საბანკო გარანტიის მთავარი განმასხვავებელი თავისებურება სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან სწორედ ის არის, რომ იგი არ არის დამოკიდებული ხელშეკრულებაზე, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. საბანკო გარანტია არააქცესორული ვალდებულებაა. იგი ბენეფიციარის კუთვნილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას იმ შემთხვევაშიც უზრუნველყოფს, როცა საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე ბენეფიციარის მოთხოვნა არ წარმოშობილა, მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულდა, შეწყდა ან ბათილია. საბანკო გარანტიის, როგორც არააქცესორული ვალდებულების, შედეგი იმაში მდგომარეობს, რომ გარანტს არ შეუძლია ბენეფიციარს წარუდგინოს შესაგებელი, რომელიც ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის არსებული გარანტიით უზრუნველყოფილი ურთიერთობიდან გამომდინარეობს. უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „საბანკო გარანტია შესასრულებელია გაცემული პირობების ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესაგებელი” (იხ. სუსგ 2009 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე № ას-562-871-09).

სასამართლო ასევე მოიხმობს საკასაციო პალატის განმარტებას, რომლის მიხედვითაც კანონმდებლობა საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით - არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება - ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე. საბანკო გარანტია შესასრულებელია გაცემული პირობების ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესაგებელი. საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობას ძირითადი, უზრუნველყოფილი ვალდებულებისაგან (პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის არსებული ვალდებულება), განაპირობებს მისი არააქცესორული ბუნება. თავად საბანკო გარანტია წარმოადგენს დამოუკიდებელ ვალდებულებას [სსკ-ის ის 881-ე მუხლი}. პრინციპალის ძირითადი ვალდებულების გაბათილება, შეწყვეტა ან სამართლებრივი ვითარების სხვაგვარი შეცვლა, თავისთავად არ გამოიწვევს საბანკო გარანტიის მოქმედების შეწყვეტას. ამიტომაც, საბანკო გარანტიაში მკაფიოდ უნდა აისახოს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები (იხ. სუსგ №ას-749-709-2015, 25 სექტემბერი, 2015 წელი).

განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, გარანტი სარჩელის საფუძვლად მიუთითებს მათ შორის მის მიერ გაცემული და რეალურად შესასრულებელი სამუშაოს განსხვავებულ ღირებულებაზე. ზემოაღნიშნული განმარტებებიდან და უმთავრესად საბანკო ხელშეკრულების დამოუკიდებელი არააქცესორული ბუნებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გარანტის უფლებამოსილებას არ წარმოადგენს იმ შესაგებლის წარდგენა, რომელიც შეიძლება ჰქონდეს პრინციპალს ბენეფიციარის მიმართ (მაგ. ანაზღაურებულ თანხასა და რეალურად შესასრულებელ სამუშაოებს შორის სხვაობა), ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება საბანკო გარანტიის ხელშეკრულების არსს.

სწორედ აღნიშნული განაპირობებს, იმ გარემოებასაც, რომ დავაში მონაწილე სუბიექტების გათვალისწინებით მიმდინარე დავის ფარგლებში არსებითი მნიშვნელობის მქონე და შესაბამისად, სასამართლოს შესაფასებელ და დასადგენ გარემოებას არ წარმოადგენს პრინციპალს და ბენეფიციარს შორის დადებული ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების, ან თუნდაც ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა, ასევე იმ თანხაზე (234 456.47ლარი) აპელირება, რომელიც მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს გარანტად აქვს დაკავებული მოპასუხეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების 2.18. პუნქტის თანახმად, სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველთვიურად დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების 5%, რომლის ნახევრის (2.5%) დაბრუნება მოხდება სამუშაოს სრული დასრულებისა და შემსყიდველის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ შედგენილი ობიექტის ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო მეორე ნახევარი საგარანტიო ვადის (ერთი წლის) გასვლის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ აქტის შედგენისას დაფიქსირებული იქნება შესრულებული სამუშაოს ნაკლი ან უხარისხობა, მიმწოდებელს აღნიშნული თანხა არ აუნაზღაურდება დეფექტების გამოსწორებამდე.

სასამართლო იზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენს შემსრულებელი კომპანიის მიერ უკვე შესრულებული და მოპასუხის მიერ მიღებული სამუშაოების ხარისხის გარანტიას და იგი იყენებს მას შესრულებული და მიღებული სამუშაოების უხარისხობის შემთხვევაში. ხარვეზების აღმოფხვრის სამუშაოები, კი რაც წარმოადგენს ძირითადი სამუშაოებისგან დამოუკიდებელ სამუშაოებს, ვერ იქნება შემხებლობაში სხვა ვალდებულებებთან. ამასთან, აღნიშნული თანხის მოთხოვნაზე უფლებამოსილი შესაბამისი საფუძვლების არსებობისას არის მიმწოდებელი და არა მოსარჩელე. შესაბამისად, მის მიერ აღნიშნული თანხის მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

არსებითია ის გარემოება, რომ გარანტის მიერ ბენეფიციარისთვის გადახდილი თანხა შეესაბამება საბანკო გარანტიით გათვალისწინებულ პირობებს და მოსარჩელისთვის აღნიშნული თანხის დაკისრების საფუძვლიანობაზე ნამსჯელია სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ

მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ არ ეკისრება 305 966.24 ლარის გადახდა.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 385-ე, 879-ე, 880-ე, 881-ე, 879-ე, 976-ე, 991-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სასამართლო განმარტავს, რომ დავის სამართლებრივ შეფასებას სასამართლო დამოუკიდებლად ახდენს. ამ დროს იგი არ არის შებოჭილი მხარეთა მოსაზრებებით, შესაბამისად, დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებით. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა სასამართლოს პრეროგატივაა, რადგანაც ასეთი შეფასების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის ან ნორმების ზუსტი განსაზღვრა და, აქედან გამომდინარე, მოთხოვნის წინაპირობების შესრულების დადგენა.

შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლებრივი ნორმის მისად--ება სასამართლოს პრეროგატივაა. ამ შემთხვევაში მთავარია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შესატყვისი მტკიცებულებებით გამყარება, რაც მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მიუთითებლობის შემთხვევაშიც ან არასწორად მითითების დროსაც კი, მოწინააღმდეგის პოზიციისა და საქმეზე მტკიცებულებათა ერთობლიობით გაანალიზებისა და შეჯერების შედეგად, სასამართლოს კვლევისა და იურიდიული შეფასების საგანია (იხ. სუსგ #ას-493-473-2016, 14.12.2016წ; ასევე შდრ. სუსგ #ას-1224-1149-2015, 20.05.2016წ.; #ას-920-870-2015, 09.06.2016წ.; #ას-101-97-2016, 15.07.2016წ.; #ას-195-183-2014, 21.10.2016წ.).

იმისათვის, რომ სასამართლომ იმსჯელოს უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილი ვალდებულების არსებობის შესახებ, აუცილებელია მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა სწორედ ამ საფუძველს და შესაბამის ფაქტებს დააყრდნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით შეცვალოს სარჩელის საფუძველი. ეს დაარღვევს არა მარტო დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს, არამედ მთლიანად შეცვლის მხარეთა პროცესუალურ მდგომარეობას. თუ ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულებისას მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აკისრია, ხოლო მოპასუხეს, მხოლოდ, ფაქტების მითითების ტვირთი აქვს, უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილ ურთიერთობებში, ვალდებულების არსებობის მითითებისა და მისი მტკიცების ტვირთიც მოპასუხეს ეკისრება. თუ მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად ვალდებულებას უთითებს, თავად არის ამ მითითებისა და, აქედან გამომდინარე, შესაბამისი სამართლებრივი შედეგების რისკის მატარებელი.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრებაზე და მის მიერ წარმოდგენილი სარჩელი ეფუძნება სწორედ უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ვალდებულებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი.

ამავე კოდექსის 976–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უპირატესობის მიღებამდე...უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით. უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი-მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია-ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას (იხ. სუსგ. №ას-184-171-2015)

გარდა ამისა, მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: 1. მოპასუხის გამდიდრება; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.

მოხმობილ ნორმათა სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარე, კონდიქციური სარჩელის საფუძვლიანობის შეფასებისას უნდა დადგინდეს: არსებობდა თუ არა შესრულების მიღების საფუძველი.

მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი შეფასების შედეგად, დადგენილია, რომ ხელშეკრულებიდან წარმოშობილი მიმწოდებლის ვალდებულებები უზრუნველყოფილი იყო საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის სპეციფიკურ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ ძირითადი ვალდებულება, რომლის უზუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე. საბანკო გარანტია შესასრულებელია გაცემული პირობების ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესაგებელი.

დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ არ ეკისრება 305 966.24 ლარის გადახდა. ამდენად, მოსარჩელის მითითება მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრებისა და მისი მხრიდან 305 966.24 ლარის უკან დაბრუნების თაობაზე, მოკლებულია ვარგის სამართლებრივ საფუძველს და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (ს.ფ. 128) ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,ა----------------ის’’ სარჩელი მოპასუხე ს----------–--------------–------------------------------------------------------------ოს საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს ს-------------–--------------------------ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი