გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.12.2018
საქმის ნომერი
330210117002041267
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
04.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/20854-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით 04 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი შესავალი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - მარი კირვალიძე

 

მოსარჩელე - დ---------------ე

წარმომადგენელი - თ------------ე

მოპასუხე - ქ------------------ე

წარმომადგენელი - ა---------–---------–---–ი

მოპასუხე - ლ-–-------–-–---–ი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მიყენებული ზიანის - 4 500 ლარის ანაზღაურება.

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სარჩელ ს.ფ. 1-16):

1.1.1. 2017 წლის 22 ივლისს საკუთარი ავტომობილით, მარკა/მოდელი - MERCEDES BENZ C-------, სახელმწიფო ნომრით - X--------, მოძრაობდა ქალაქ თბილისში, ნ-----–----ის ქუჩა 19-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მის კუთვნილ ავტომობილს დაეჯახა BMW-ს მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით I--------;

1.1.2. აღნიშნულ ავტომობილს მართავდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მოპასუხე ლ-–-------–-–---–ი, რომელსაც არ ჰქონდა მართვის მოწმობა;

1.1.3. BMW-ს მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით I-------- საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოპასუხე ქ------------------ის სახელზე, რომელმაც იგი ლ-–-------–-–---–ს გადასცა სამართავად;

1.1.4. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სრულიად დაზიანდა მისი ავტომობილი;

1.1.5. მიყენებული ზიანის დასადგენად ჩატარებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარმოდგენილ 2000 წელს დამზადებულ მსუბუქ ავტომობილზე MERCEDES BENZ C-------, სახელმწიფო ნომრით - X--------, მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა საორიენტაციოდ შეადგენს 4 500 ლარს;

1.1.6. მოპასუხეებს ეკისრებათ სოლიდარულად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ვინაიდან მათი ერთობლივი ქმედების შედეგად დადგა ზიანი. ქ------------------ემ, როგორც ავტომობილის მესაკუთრემ, გადასცა იგი მოპასუხე ლ-–-------–-–---–ს, რომელიც იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და იმავდროულად არ ჰქონდა მართვის მოწმობა;

1.1.7. სარჩელის წარმოდგენამდე მიმართა მოპასუხეებს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა მათ მიერ მიყენებული ზიანი არ ანაზღაურებულა.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

2.1. მოპასუხე ქ------------------ემ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი.

შესაგებლის საფუძვლები (ს.ფ. 61-70):

2.1.1. ლ-–-------–-–---–ისთვის ავტომობილის გადაცემა არ მომხდარა პირდაპირი დანიშნულებით ავტომობილის ექსპლოატაციისთვის ანუ მართვის მიზნით;

2.1.2. 2017 წლის 22 ივლისს თანამშრომელმა, ი-–-------–--–-–---–მა, გააცნო ლ-–-------–-–---–ი, როგორც ავტომანქანის შიდა სალონის ხელოსანი, რომელიც მუშაობდა ე.წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების ერთ-ერთ პროფილაქტიკაში;

2.1.3. ვინაიდან მის ავტომანქანას ესაჭიროებოდა სალონში არსებული ნაწილების შეკეთება, იგი მოურიგდა ლ-–-------–-–---–ს მომსახურების პირობებსა და ფასზე;

2.1.4. ლ-–-------–-–---–მა ავტომანქანის შესაკეთებლად მოითხოვა 4 დღე. მან გადაუხდა შეთანხმებული თანხა და დაუტოვა კუთვნილი BMW-ს მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით I-------- შეკეთების მიზნით;

2.1.5. ვიანიდან ავტომობილი შეკეთების მიზნით არ საჭიროებდა გადაადგილებას, შესაბამისად, ისინი არ შეთანხმებულან აღნიშნულზე. აქედან გამომდინარე, მისთვის ასევე უცნობი იყო ის გარემოება, ჰქონდა თუ არა ლ-–-------–-–---–ს მართვის მოწმობა;

2.1.6. 2017 წლის 24 ივლისს ლ-–-------–-–---–ი დაუკავშირდა მის მეგობარ ი-–-------–--–-–---–ს და უთხრა, რომ 2017 წლის 22 ივლისს მისი ავტომობილით დაეჯახა სხვა მანქანას.

 

2.2. მოპასუხე ლ-–-------–-–---–ს ჩაბარდა სარჩელი სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, თუმცა მას განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2017 წლის 22 ივლისს მოსარჩელე გადაადგილდებოდა ქალაქ თბილსში, ნ-----–----ის ქუჩა 19-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მის კუთვნილ ავტომობილს - მარკა/მოდელი - MERCEDES BENZ C-------, სახელმწიფო ნომრით - X--------, დაეჯახა BMW-ს მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით I--------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ახსნა-განმარტებები, ოქმები (ს.ფ. 18-23)

 

3.1.2. ავტოსატრანსპორტო საშუალება, მარკა, მოდელი - ,BMW 530 I’’, სანომრე ნიშნით I--------, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, სარეგისტრაციო მოწმობა - A-------- საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოპასუხე ქ------------------ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ს.ფ. 48)

 

3.1.3. 2017 წლის 22 ივლისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტოსატრანსპორტო საშუალებას, მარკა, მოდელი - ,,BMW 5----’’, სანომრე ნიშნით I--------, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, სარეგისტრაციო მოწმობა - A--------, მართავდა მოპასუხე ლ-–-------–-–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ახსნა-განმარტებები (ს.ფ. 18-20)

 

3.1.4. 2017 წლის 22 ივლისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას მოპასუხე ლ-–-------–-–---–ი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ახსა-განმარტება, ალკო ტესტის შედეგი (ს.ფ. 20; 24)

 

3.1.5. 2017 წლის 22 ივლისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაზე პასუხისმგებელ პირად ცნობილ იქნა მოპასუხე ლ-–-------–-–---–ი. იგი დაჯარიმდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესით 1 000 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ელექტრონული საჯარიმო ქვითარი (ს.ფ. 26)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. 2017 წლის 22 ივლისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელის კუთვნილ ავტომობილზე, მარკა/მოდელი - MERCEDES BENZ C-------, სახელმწიფო ნომრით - X--------, საიდენტიფიკაციო ნომრით W----------------, მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს 4 500 ლარს.

მოსარჩელის მიერ ზიანის ოდენობის დასადასტურებლად წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 01 აგვისტოს შედგენილი №0-------- დასკვნა, რომელსაც ასევე ეყრდნობა სასამართლო ფაქტობრივი გარემოების დადგენის მიზნით. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ, 2000 წელს დამზადებულ, მსუბუქ ავტომობილზე, მარკა/მოდელი - MERCEDES BENZ C-------, სახელმწიფო ნომრით - X--------, საიდენტიფიკაციო ნომრით W----------------, მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა დღევანდელი საბაზრო ფასების გათვალისწინებით შეადგენს 4 500 ლარს.

სასამართლო ფაქტობრივი გარემოების დადგენის მიზნით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მითითებული ზიანის ოდენობა მოპასუხეთა მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შეჯიბრებითობის ფარგლებში სადავო არ გამხდარა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2017 წლის 22 ივლისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელის კუთვნილ ავტომობილზე, მარკა/მოდელი - MERCEDES BENZ C-------, სახელმწიფო ნომრით - X--------, საიდენტიფიკაციო ნომრით W----------------, მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს 4 500 ლარს.

 

3.2.2. მოპასუხე ქ------------------ის კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებას მოპასუხე ლ-–-------–-–---–ი იყენებდა მისი ნებართვით.

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ქ------------------ემ თავისი პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებად მიუთითა ის ფაქტი, რომ მას მისი კუთვნილი ავტომობილი მოპასუხე ლ-–-------–-–---–ისათვის არ გადაუცია მართვის მიზნით. მოპასუხის განმარტებით, ლ-–-------–-–---–ი გაიცნო როგორც ავტომობილის სალონის ხელოსანი და ავტომობილი დაუტოვა მხოლოდ შესაკეთებლად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია (იხ. სუსგ, საქმე №ას-1003-964-2016).

სასამართლო ზემოაღნიშნული შეჯიბრებითობის პრინციპის პარალელურად ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმადაც საქმის გარემოებები, რომლებიც შეიძლება დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტება იმ ფაქტის საპირისპიროდ, რომ ლ-–-------–-–---–ი მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას ნამდვილად მართავდა ქ------------------ის კუთვნილ ავტომობილს, არ არის საკმარისი მოპასუხის მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად. სასამართლო აღნიშნულთან მიმართებით იზიარებს მოსარჩელის პოზიციას და მიუთითებს, რომ საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება (მაგ. ლ-–-------–-–---–ის წინააღმდეგ აღძრული საქმე ან სხვა), რაც სასამართლოს შეუქმნიდა საფუძველს მოპასუხის პოზიციის გაზიარებისათვის.

შესაბამისადე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხე ქ------------------ის კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებას მოპასუხე ლ-–-------–-–---–ი ავტომანქანას იყენებდა მისი ნებართვით.

 

3.2.3. მოპასუხეებს სოლიდარულად ეკისრებათ მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის - 4 500 ლარის ანაზღაურების ვალდებულება.

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილ სარჩელზე პასუხისმგებლობის სუბიექტთა დიფერენცირება სამართალურთიერთობის როგორც ფაქტობრივი ისე იურიდიული ელემენტების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ამისათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან მოპასუხეთა სამართლებრივი კავშირი და ურთიერთობა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ლ-–-------–-–---–ს ეკისრება მოსარჩელის მიმართ აღნიშნული ნორმის თანხმად ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია მის მიერ არამართლზომიერი, ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტი, რის გამოც იგი დაჯარიმდა და ცნობილ იქნა მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე პასუხისმგებელ პირად. ამასთან, უდავოა მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტი და მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა.

წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეთათვის, როგორც უშუალოდ ზიანის მიმყენებელი პირისათვის, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისათვის - ქ------------------ისთვის, ზიანის ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრებას.

ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების კერძო შემთხვევაა და მიუხედავად ბრალისა, მომეტებული საფრთხის წყაროს იურიდიულ მფლობელს აკისრებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.

მოხმობილი ნორმა ადგენს სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელის ვალდებულებას, ნორმაში ჩამოთვლილ სიკეთეთა ხელყოფის შემთხვევაში, აგოს პასუხი. თავის მხრივ, ნორმის სუბიექტები არიან ვალდებული და დაზარალებული პირები. ვალდებულ პირად კანონი განიხილავს ნივთის მფლობელს, ანუ პირს, რომელსაც ამ ქონებაზე საკუთრება მართლზომიერად აქვს მოპოვებული, თუმცა, მფლობელი, როგორც ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი, შეიძლება იყოს, როგორც პირდაპირი, ისე _ არაპირდაპირი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სახეზე გვყავს კვლავ „მფლობელი’’ (არაპირდაპირი) და „მოსარგებლე’’ (პირდაპირი მფლობელი).

უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია (იხ. სუსგ №ას-494-463-2010).

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლი ითვალისწინებს გამონაკლისსაც - ნივთის იურიდიულ მფლობელს პასუხისმგებლობა არ ეკისრება კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში (ნორმის მე-2 და მე-3 ნაწილები), მათ შორის მაშინაც, როდესაც სატრანსპორტო საშუალებას მართავდა სხვა პირი, თუმცა ამ შემთხვევაში ვალდებული პირის დადგენა ხდება იმის მიხედვით, თუ რა გზით (იურიდიულად ნამდვილი უფლების საფუძველზე) აღმოჩნდა ნივთი მოსარგებლის ფაქტობრივი ბატონობის არეალში (ნორმის მე-4 ნაწილი). თუ პირი, რომელიც იყენებს სატრანსპორტო საშუალებას მისი მფლობელის ნებართვის გარეშე (არამართლზომიერი მფლობელი), ამ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციით მიაყენებს ზიანს სხვას, სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაეკისრება მას და არა სატრანსპორტო საშუალების მფლობელს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პირს, რომელიც მართავდა სატრანსპორტო საშუალებას, არ გააჩნდა მისი ფლობის უფლება (მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების მფლობელს არ გადაუცია მოსარგებლისათვის იგი, ანდა გადაცემული ტრანსპორტის მოსარგებლემ გამოიყენა მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ). ამასთან, მფლობელი ვალდებულია, აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო (მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების კარები დატოვა ღიად, გასაღები დატოვა მასში). აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მან ვერ უზრუნველყო მის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალების სათანადოდ დაცვა, რაც გახდა სხვა პირთა მიერ სატრანსპორტო საშუალების დაუფლების საფუძველი. სხვა შემთხვევაა, როდესაც მფლობელის ნების საფუძველზეა მოსარგებლისათვის გადაცემული სატრანსპორტო საშუალება (იხ. სუსგ №ას-39-38-10, 15 ივლისი, 2010 წელი).

საქმის მასალებით არ დადასტურდა ის გარემოება, რომ მოპასუხე ქ------------------ის კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებას მოპასუხე ლ-–-------–-–---–ი იყენებდა მისი ნებართვის გარეშე. შესაბამისად, არ დასტურდება მოპასუხე ქ------------------ის, როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელის პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოება. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 999-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ნორმები და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა აფუძნებს მოპასუხეების სოლიდარულ პასუხისმგებლობას.

შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეებს სოლიდარულად ეკისრებათ მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის - 4 500 ლარის ანაზღაურების ვალდებულება.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 463-ე, 464-ე, 992-ე, 999-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსკ-ის მე-4 მუხლი). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ ფაქტობრივად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას (სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები), რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, აღნიშნული განეკუთვნება სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს, რომლის განხორციელებისას სასამართლო არ არის შეზღუდული მოსარჩელის მითითებებით. სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.

განსახილველ შემთხვევაში ვალდებულების წარმოშობის საფუძველია დელიქტური ვალდებულება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე Nას-191-183-2016).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილით, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.

აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს სამოქალაქო სამართლის ზოგადი პრინციპიდან (პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანის გამო პირს ეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მოქმედება არის ბრალეული) განსხვავებულ - სატრანსპორტო საშუალების მომხმარებლის ისეთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რა დროსაც მისი დაკისრებისათვის ბრალეულობა სავალდებულო არ არის. ამ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების დადგომის შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივი სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია. ამავდროულად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების დაკისრებისას სატრანსპორტო საშუალების მფლობელის პასუხისმგებლობა უნდა გამოირიცხოს, თუ ზიანი გამოწვეულია თუნდაც ნივთის ექსპლუატაციის დროს, მაგრამ სხვა გარე ფაქტორების ზემოქმედებით და არა მომეტებული საფრთხის წყაროს თვისებებიდან გამომდინარე. პასუხისმგებლობის მთლიან ან ნაწილობრივ გამომრიცხველ გარემოებად უნდა ჩაითვალოს როგორც დაუძლეველი ძალა (სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი), ასევე დაზარალებულის ბრალი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლი სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი ქცევის წესია და ერთგვარად საგამონაკლისო ხასიათის ნორმაცაა, რადგან განსაზღვრავს ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის წარმოშობის საფუძვლებს. სწორედ ამითაა განპირობებული, რომ პასუხისმგებლობა ზიანისათვის ყოველთვის ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყო ზიანის უშუალო მიმყენებელი, ვისი ბრალით იყო გამოწვეული ზიანი.

პასუხისმგებლობის ამ წესით განსაზღვრა და პასუხისმგებელ სუბიექტთა სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი კვალიფიკაცია განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს, რა დროსაც ადამიანის მხრიდან მისი გამოყენების შემთხვევაში სრული და გარანტირებული კონტროლის განხორციელება შეუძლებელია და ექსპლუატაციისას ადამიანისა თუ ნივთისადმი რაიმე სახის ზიანის მიყენების გარკვეული შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს. სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის გამოყენება სწორედ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც ზიანი გამოწვეულია ნივთის თვისებებით, რის გამოც იგი მომეტებული საფრთხის წყაროს განეკუთვნება, ანუ სატრანსპორტო საშუალების მფლობელს მხოლოდ მაშინ დაეკისრება პასუხისმგებლობა, თუ დარღვეულია მისი ექსპლუატაციის წესები.

სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია, მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამავე ნორმის მესამე წინადადების თანახმად, ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.

აღნიშნული ნორმის მიზნებიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალების მფლობელად მიიჩნევა პირი, რომელიც იურიდიული საფუძვლით ახორციელებს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას. იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომელიც იყენებს სატრანსპორტო საშუალებას მისი მფლობელის ნებართვის გარეშე, სხვას მიაყენებს ზიანს ამ სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით, სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ პირს და არა სატრანსპორტო საშუალების მფლობელს. სწორედ ასეთ რეგულირებას შეიცავს 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის პირველი წინადადება. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო, რასაც ითვალისწინებს 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის მეორე წინადადება. სხვა შემთხვევაა, როდესაც მფლობელის მიერ მოსარგებლისათვის სატრანსპორტო საშუალების გადაცემა მართლზომიერია და სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ზიანი. ასეთ შემთხვევაში 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის მესამე წინადადება მიჯნავს მფლობელის ნებით სატრანსპორტო საშუალების სამართავად დანიშნული პირის მიერ ზიანის მიყენებას და მფლობელის მიერ პირისათვის სხვა საფუძვლით გადაცემული სატრანსპორტო საშუალებით ზიანის მიყენებას. უნდა ვიგულისხმოთ, რომ მფლობელის ნებით სატრანსპორტო საშუალების გადაცემით მისი მიმღები ხდება მართლზომიერი მფლობელი, მაგრამ კანონი განსახილველი ნორმით მფლობელის ნების საფუძველზე სატრანსპორტო საშუალების მიმღებ პირად გულისხმობს მოსარგებლეს, რომელსაც ამ ნორმის თანახმად, არ ეკისრება პასუხიმგებლობა მის მიერ მიყენებული ზიანისათვის, 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის პირველი წინადადებით გათვალისწინებული შემთხვევის მსგავსად.

ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის მესამე წინადადების თანახმად, შესაძლებელია გამოვყოთ ორი შემთხვევა, როდესაც პასუხისმგებლობა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს: როდესაც მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება მომეტებული საფრთხის წყაროთი ზიანის მიყენების ინსტიტუტის თავისებურებას, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მფლობელს, რომელიც არ წარმოადგენს ზიანის მიმყენებელს, არ მიუძღვის ბრალი ზიანის დადგომაში.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად კი სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

დადგენილია, რომ მოპასუხეებს უშუალოდ ზიანის მიმყენებელ პირს, და ავტოსატრანსპორტო საშუალების იურიდიულ მფლობელს, რომელმაც ვერ დაადასტურა, რომ ავტომობილი მოპასუხე ლ-–-------–-–---–ს მისი ნების საფუძველზე არ ჰქონდა გადაცემული სამართავად, ეკისრებათ მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა. შესაბამისად, საფუძვლიანია სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეთათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილია 155 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილია 50 ლარი (ს.ფ. 39-42). სასარჩელო მოთხოვნის ოდენობისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის გათვალისწინებით, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ზედმეტად გადახდილი 20 ლარი. ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მის მირ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 135 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად ასევე უნდა დაეკისროთ ექსპერტიზის ხარჯის - 541 ლარის, ევაკუატორის მომსახურების ღირებულების - 109 ლარის და სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის ღირებულების - 37 ლარის ანაზღაურება.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, არ არსებობს სარჩელზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმების საფუძველი (ს.ფ. 50-52).

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, მე-11, მე-14, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. დ---------------ის სარჩელი მოპასუხეების - ქ------------------ის და ლ-–-------–-–---–ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. მოპასუხეებს - ქ------------------ეს და ლ-–-------–-–---–ს მოსარჩელე დ---------------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 4 500 ლარის გადახდა;

3. მოპასუხეებს - ქ------------------ეს და ლ-–-------–-–---–ს მოსარჩელე დ---------------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ექსპერტიზის ხარჯის ანაზღურება 541 ლარის, ევაკუატორის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 109 ლარის და სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის ღირებულების ანაზღაურება 37 ლარის ოდენობით;

4. მოპასუხეებს - ქ------------------ეს და ლ-–-------–-–---–ს დ---------------ის სასარგებლოდ დაეკისროთ მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით;

5. მოსარჩელე დ---------------ეს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 155 ლარიდან, რომელიც გადახდილია 2017 წლის 08 აგვისტოს, შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22; სახაზინო კოდი 300 773 150 (საგადასახადო დავალება №0) ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 20 ლარის ოდენობით;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი