გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
071210018002585561
#2/211-2018წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12.11.2018 წ ქ. საგარეჯო
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილი
სხდომის მდივანი ხათუნა ხვთისავრიშვილი
მოსარჩელე: გ---- პ--------
მოპასუხე: მ----- ს----–---–-
მოპასუხის წარმომადგენელი: ბ-------- შ----------
დავის საგანი: განქორწინება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა.
სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე 2013 წლის 10 მაისიდან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში მოპასუხესთან. ერთმანეთთან რთული დამოკიდებულების გამო, მხარეთა შორის შეწყდა თანაცხოვრება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მეუღლესთან ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია. მხარეებს ჰყავთ ორი მცირეწლოვანი შვილი (სასკოლო ასაკის).
მოპასუხემ ითხოვა შესარიგებელი ვადის დანიშვნა. შესარიგებელი ვადის უშედეგოდ გასვლის მიუხედავად, მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა განქორწინებას, იმ ფაქტზე მითითებით, რომ მეუღლეთა შორის ოჯახის შენარჩუნება შესაძლებელია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. გ---- პ-------- და მ----- ს----–---–- 2013 წლის 10 მაისიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა.
3.1.2. მხარეებს შეწყვეტილი აქვთ თანაცხოვრება და ცხოვრობენ ცალ-ცალკე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- სასამართლო სხდომის ოქმი.
3.1.3. სასამართლოს მიერ მხარეებს დაენიშნათ მორიგებისთავის ვადა. მხარეთა შერიგება არ მოხდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- სასამართლო სხდომის ოქმი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გერემოებები:
3.2.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ქორწინების შენარჩუნება შეუძლებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
გამოკვლეული იქნა რა მხარეთა ქორწინების აღდგენის შესაძლებლობის საკითხი, მხარეთა მოსმენით და მხარეთა პოზიციის შეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ოჯახის აღგდენა შეუძლებელია და მათ შორის ქორწინება ამჟამად ატარებს ფორმალურ ხასიათს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასაუხე მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ გ---- პ----------- რეგისტრირებული ქორწინება არ უნდა შეწყდეს, რადგან მასთან ურთიერთობის აღდგენა და ოჯახის შენარჩუნება შესაძლებელია, ვინაიდან აღნიშნული მოსაზრება დაუსაბუთებელი და არაარგუმეტირებულია. მხარეთა ახსნა-განმარტებებიდან ნათლად ჩანს, რომ მეუღლეთა ერთან ცხოვრება შეუძლებელია. მას შემდეგ, რაც სასამრთლოს მიერ დანიშნული იქნა შესრიგებელი ვადა მეუღლეებისათვის ოჯახის შენარჩუნების მიზნით, მხარეთა შორის ვერ იქნა მიღწეული მორიგება. პირიქით, გ---- პ-------- გადავიდა სხვა ბინაში და დატოვა მისი მშობლების სახლი, სადაც იმყოფებიან მოსარჩელე და მათი შვილები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან არ გამოიკვეთა მხარის ნება ოჯახის აღდგენასთან დაკავშირებით, გ---- პ--------ს და მ----- ს----–---–-ს შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე მუხლის ”გ” ქვეპუნქტი, 1127-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. სასამართლოს უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 (ექვს) თვეს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს ზემოაღნიშნულ დადგენილ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მით უმეტეს, რომ სასამართლოს მიერ შესარიგებლად მიცემული ვადაში მხარეებმა ვერ შეძლეს ოჯახის შენარჩუნების მიზნით შერიგება.
ამასთან, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ოჯახი არის ქორწინებაზე, ურთიერთგაგებაზე და პატივისცემაზე დაფუძნებული პირთა თავისუფალი და ნებაყოფლობითი თანაცხოვრება. ამდენად, როგორც დაქორწინებისათვის, ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა აუცილებელი. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩლე კატეგორიულად წინააღმდეგია ქორწინების შენარჩუნებისა, ვინაიდან მათ შორის ურთიერთობები ვერ გაუმჯობესდა, მიუხედავად სასამართლოს მიერ მიცემული შესარიგებელი ვადისა. ამასთან, მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ, რაც ჩანს თვით მხარეთა ახსნა-განმარტებებიდან. გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას იმ ფაქტთან მიმართებაში, რომ ოჯახის შენარჩუნება შესაძლებელია, ვინაიდან ქორწინება და ერთ ოჯახად ცხოვრება წარმოადგენს არა მხოლოდ ერთი, არამედ ორივე მხარის ნებათა შერწყმის პროცესს, ოჯახი დამყარებული უნდა იყოს ქალისა და მამაკაცის ურთიერთსიყვარულზე, ურთიერთდაფასებასა და პატივისცემაზე, ხოლო თუ მეუღლეთა ურთიერთობა ეწინააღმდეგება ამ პრინციპებს და ოჯახი ფაქტობრივად დაინგრა, აზრს კარგავს მისი ხელოვნურად შენარჩუნებისათვის ზრუნვა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ განქორწინება წარმოადგენს შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთ სწორ გამოსავალს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.“
მოცემულ შემთხვევაში გ---- პ--------ს სარჩელი განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდა. მის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, რის გამოც მ----- ს----–---–- უნდა დაეკისროს გ---- პ--------ს მიერ გადახდილი სახელმწოფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 14-ე, 39-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 259-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. გ---- პ--------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს გ---- პ--------- (პირადი ნომერი: 0----------) და მ----- ს----–---–- (პირადი ნომერი: 3----------) შორის 2013 წლის 10 მაისს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში რეგისტრირებული ქორწინება, აქტის ჩანაწერი №-----------.
3. მ----- ს----–---–- გ---- პ--------ს სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სიღნაღის რაიონული სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გიორგი ბუხრაშვილი