გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.12.2018
საქმის ნომერი
330210018002485523
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
19.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/17010-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაია სვიანაძე

სხდომის მდივანი ხატია გაგელიძე

მოსარჩელე - ვი----–------------–ო

წარმომადგენელი - ანდ-------------–-ძე

მოპასუხე - შპს „-------------ი“

წარმომადგენელი - ნ-----------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

შპს „-------------ს“ ვი----–------------–ოს სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის 14 თებერვლამდე ხელფასის სახით მისაღები თანხის - 21 100 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ვი----–------------–ო არის შპს „-------------ის“ (ყოფილი შპს „უ-----) 20% წილის მფლობელი პარტნიორი და დღემდე რეგისტრირებულია კომპანიის ერთ-ერთი დირექტორად. სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელე იძულებული გახდა უფლებამოსილების განხორციელება ფაქტობრივად შეეწყვიტა 2017 წლის 14 თებერვლიდან, თუმცა მას არ მიუღია დირექტორის უფლებამოსილების განხორციელების პროცესში სახელფასო ანაზღაურების ნაწილი. კერძოდ 2016 წლის ნოემბრის ხელფასის ნაწილი-3600 ლარი, 2016 წლის დეკემბრის ხელფასი 7000 ლარი, 2017 წლის იანვრის ხელფასი 7000 ლარი, 2017 წლის 14 თებერვლამდე 3500 ლარი.

2. მოპასუხის პოზიცია

შპს „-------------ის“ წარმომადგენელმა არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ხელფასის გადარიცხვის არსებობა არ შეიძლება წარმოადგენდეს მისი ანაზღაურების ოდონების დადგენის საფუძველს, რადგან დირექტორთან შრომის ანაზღაურება უნდა დადგინდეს პარტნორებსა და დირექტორს შორის დადებული ხელშეკრულებით, რაც მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1 2014 წლის მდგომარეობით მოსარჩელე ვი----–----------–ო წარმოადგენდა შპს „უ-----ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი 4--------) დირექტორს და 50% წილის მფლობელ პარტნიორს. 2015 წელს მისი წილი საზოგადოებაში განისაზღვრა 20%-ით.

(ს.ფ. 17--20)

3.1.2 შპს „უ-----ს“ 2018 წლის 13 თებერვლის პარტნიორთა კრების ოქმით (ს/კ 4--------) დამტკიცდა კომპანიის ახალი წესდება, შეიცვალა შპს „უ-----ს“ სახელი და ეწოდა შპს „-------------ი“. (ს.ფ. 89-105)

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერვიული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს „-------------ის“ (ს/კ 4--------) პარტნიორები არიან: შპს „ინ---ო“ - 40%, ვი----–------------–ო - 20% და შპს „-----------“ – 40%. კომპანიის მმართველობის ორგანოებია პარტნიორთა კრება და დირექტორთა საბჭო, ხოლო ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილნი არიან დირექტორები: ტარ----------------ურ, ვი----–------------–ო და კირ-------გჰ. (ს.ფ. 107-109)

3.1.3. უდავოა, რომ მოსარჩელე ვი----–------------–ოს ფაქტობრივად შეწყვეტილი აქვს დირექტორის უფლებამოსილება შპს „-------------ში“, თუმცა აღნიშნულის რეგისტრაცია არ განხორციელებულა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერვიული) იურიდიული პირების რეესტრში.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშის ამონაწერით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ვი----–------------–ოს სახელფასო ანაზღაურება დირექტორთა საბჭოს წევრობისთვის შეადგენდა 7 000 ლარს. სასამართლო ასევე იზიარებს მოსარჩელის განმარტებას დავალიანების ოდენობასთან დაკავშირებით, ხსენებული ამონაწერის საფუძველზე. კერძოდ მოსარჩელის მიერ მისაღები ხელფასი 2016 წლის ნოემბრის თვის შეადგენს 3600 ლარი, 2016 წლის დეკემბრის 7000 ლარს, 2017 წლის იანვრის 7000 ლარს და 2017 წლის პირველი ნახევრის 3500 ლარს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მისი მოთხოვნის დასადასტურებლად წარმოადგინა საბანკო ანგარიშის ამონაწერი და განმარტა, რომ 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის თებერვლამდე პერიოდში ხელფასის სახით მას უნდა მიეღო ასევე 21 100 ლარი, რაც არ მიუღია. აღნიშნულის საპირისპირო გარემოებაზე მოპასუხემ ვერც სარწმუნოდ მიუთითა და მას არც რაიმე მტკიცებულება წარმოუდგენია. შესაბამისად, შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის დასაბუთებული და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით დადასტურდა მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანების -ვალდებულების შეუსრულებლობა, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე, 42-ე მუხლები;

საქართველოს შრომის კოდექსი პირველი, მე-2 მუხლები;

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 710-ე მუხლი

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.

საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი); შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (სშკ-ის 1.2. მუხლი). ამავე კოდექსის 2.1. მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულების ანაზღაურების სანაცვლოდ.

სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მოთხოვნების მართებულობას.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით.

ამდენად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულია კაპიტალური საზოგადოებების მმართველობის ორგანოების ფორმირების წესი, რომელზეც არ ვრცელდება შრომის კოდექსის მოთხოვნები, საზოგადოების დირექტორის ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე დანიშვნა/არჩევა, ვალდებულებები საზოგადოების წინაშე, თანამდებობიდან გათავისუფლების წესი და პირობები არ წარმოადგენს შრომის ხელშეკრულებით მოსაწესრიგებელ საკითხებს. დირექტორი არ წარმოადგენს ჩვეულებრივ დასაქმებულ პირს და შესაბამისად, შრომის კანონმდებლობით დასაქმებულთა დაცვის მიზნით დადგენილი ნორმები, დირექტორის მიმართ არ მოქმედებს. საზოგადოების ხელმძღვანელი პირის მიერ განხორციელებული საქმიანობა არის სამეწარმეო და მისი ურთიერთობა საზოგადოების პარტნიორებთან წესრიგდება „მეწარმეთა შესახებ“ კანონის საფუძველზე. მხოლოდ ის საკითხები, რაც არ არის მოწესრიგებული „მეწარმეთა შესახებ“ კანონით, საზოგადოების წესდებით, ან თავად დირექტორთან/სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან გაფორმებული ხელშეკრულებით, შეიძლება გახდეს შრომის კანონმდებლობით მოწესრიგების საგანი.

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეს, როგორც დირექტორსა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი ურთიერთობა წარმოადგენს კორპორაციულ ურთიერთობას, რომელზეც დასაშვებია გარკვეულ შემთხვევებში შრომის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების გავრცელება. სადავო სამართლებრივი ურთიერთობა გაჯერებულია, როგორც კორპორაციული, ასევე შრომითი ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ელემენტებით და ამ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებას განსაზღვრავს სწორედ ეს სამართლებრივი ორბუნოვნება. იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც პირდაპირაა მოწესრიგებული „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისი ნორმებით, მის მიმართ, ცხადია, ვეღარ გავრცელდება შრომის კოდექსის მოწესრიგება, თუმცა, მთელი რიგი საკითხები, რაც არ არის მოწესრიგებული „მეწარმეთა შესახებ“ კანონით, საზოგადოების წესდებით ან თავად დირექტორთან გაფორმებული ხელშეკრულებით, შეიძლება გახდეს შრომის კანონმდებლობით მოწესრიგების საგანი.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ვი----–-----------–ი სადავო პერიოდში წარმოადგენდა შპს „-------------ის“ დირექტორს და ამავდროულად პარტნიორს. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მოსარჩელის, როგორც ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ანაზღაურება განისაზღვრებოდა 7 000 ლარით.

6.2.მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების სამოქალაქო მხარე ყველაზე ახლოს დავალების ხელშეკრულებასთან დგას, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. სასამართლო განმარტავს, რომ დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი. საგულისხმოა, რომ დავალების ხელშეკრულების ვადასთან მიმართებით სამოქალაქო კოდექსი რაიმე მოწესრიგებას არ ითვალისწინებს, არამედ, მისი განსაზღვრა მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული, ამასთანავე, 710-ე მუხლის ძალით, დავალება შეიძლება იყოს სასყიდლიანი. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად გასამრჯელო ჩაითვლება უსიტყვოდ შეთანხმებულად, თუ გარემოებათა მიხედვით მოქმედების შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთი არის მოსალოდნელი.

სადავო შემთხვევაში, დადგენილია, რომ ვი----–------------–ოს ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა 7 000 ლარს და რომ სადავო პერიოდში მას ხელფასი არ მიუღია სრული ოდენობით, შედეგად, მიუღებელი ანაზღაურების ოდენობამ შეადგინა 21 100 ლარი. რაც შეეხება დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, განსახილველი დავის ფარგლებში აღნიშნული გარემოება სადავო არ არის, თუმცა ფაქტს, რომ ფაქტობრივად მოსარჩელე აღარ ახორციელებს ხსენებულ უფლებამოსილებას, არც მოპასუხე უარყოფს.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იძლევა კონკრეტული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს, რომლის საპირისპიროდაც სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მტკიცებას დირექტორის მხრიდან დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვანი განხორციელების გამო გასამრჯელოს არდაკისრებასთან მიმართებაში. ამდენად მოთხოვნა გაწეული მომსახურების შესაბამისი გასამრჯელოს მიღების თაობაზე საფუძვლიანია და შპს „-------------ს“ ვი----–------------–ოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის 14 თებერვლამდე ხელფასის სახით მისაღები თანხის - 21 100 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

~ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრება სახელმწიფო ბაჟის - 635 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ვი----–------------–ოს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. შპს „-------------ს“ ვი----–------------–ოს სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის 14 თებერვლამდე ხელფასის სახით მისაღები თანხის - 21 100 ლარის გადახდა.

3. შპს „-------------ს“ ვი----–------------–ოს სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 635 ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია სვიანაძე