გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/23920-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი - დალი მახაური
მოსარჩელე - რი---------–--ლი
წარმომადგენელი - ლელ--–---–-----ი
მოპასუხე - ხა-----------------ი
წარმომადგენელი - მა-------------ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ხა-----------------ს რი---------–--ლის სასარგებლოდ დაეკისროს - 18 000 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2012 წლის 30 ოქტომბერს ხა-----------------მა აიღო ვალდებულება რი---------–--ლისათვის გადაეხადა 18 000 ლარი, ხოლო რი---------–--ლი თავის მხრივ იღებდა ვალდებულებას შპს ,,Si----------“-ის 50 %-იანი წილიდან 25% დაეთმო ხა-----------------ისათვის. აღნიშნულთან დაკავშირებით, შპს ,,Si----------“-ის დამფუძნებლებს ნა-----------–---–ს (50%-იანი წილი), იო-----------–---–სა (50%-იანი წილი) და ხა-----------------ს შორის გაფორმდა წილის გაყიდვის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ხა-----------------მა აიღო ვალდებულება რი---------–--ლისათვის გადაეხადა 18 000 ლარი. სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, კი ხა-----------------ის მიერ მოსარჩელისთვის თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო 2013 წლის ბოლომდე.
რი---------–--ლმა შეასრულა ვალდებულება, გირავნობისაგან გაათავისუფლა ნა-----------–---–ის 50%-იანი წლიდან 25%-იანი წილი და ხა-----------------ს მისცა საშუალება დაერეგისტრირებინა შპს ,,Si----------“-ის 100%-იანი წილი. შესაბამისად, ხა-----------------ი გახდა ფირმის ერთპიროვნული მესაკუთრე. თუმცა, ხა-----------------ს თავის მხრივ არ შეუსრულებია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება რი---------–--ლის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ხა-----------------ი არის შპს ,,Si----------“-ის 100%-იანი წილის მფლობელი და აღნიშნული ფირმის მეშვეობით დღემდე იღებს გარკვეულ შემოსავლებს მა-------–----------ში მდებარე კარიერის საშუალებით. ხა-----------------ს სურდა მთლიანი კარიერის გადაფორმება და მოპოვებული მასალის რეალიზაცია, რის გამოც თავის თავზე აიღო ვალდებულება, რომ დაფარავდა რი---------–--ლის ვალს - 18 000 ლარს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რი---------–--ლი მას 100%-იან წილს არ გადაუფორმებდა. ამრიგად, ზემოთ აღნიშნული 30.10.2012წ. ხელშეკრულებითა და მხარეთა შორის არსებული ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, რი---------–--ლის მიმართ ნა-----------–---–ის ფულადი ვალდებულება გადაიკისრა ხა-----------------მა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2012 წლის 30 ოქტომბრის ხელშეკრულების მხარეები იყვნენ მხოლოდ ნა-----------–---–ი, იო-----------–---–ი და ხა-----------------ი. ხელშეკრულების მხარე არ ყოფილა მოსარჩელე რი---------–--ლი. იგი არც წილს ფლობდა კომპანიაში. შესაბამისად, 50%-დან 25% წილს ვერ დათმობდა ხა-----------------ის სასარგებლოდ. რი---------–--ლის სასარგებლოდ გირავნობით იყო დატვირთული კომპანიაში ნა-----------–---–ის 50%-იანი წილიდან 25% 26.08.2012წ. და 03.09.2012წ,. სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე.
წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით განისაზღვრა წილის ნასყიდობის ღირებულების გადახდის წესი. კერძოდ, მყიდველს ორ ეტაპად უნდა გადაეხადა წილის ღირებულება. პირველ ეტაპზე მყიდველს უნდა გადაეხადა 18 000 ლარი, რომლითაც განთავისუფლდებოდა გირავნობის საგანი - ნა-----------–---–ის 50%-იანი წილიდან 25%. ხოლო მე-2 ეტაპზე, კი 2012 წლის 30 დეკემბრამდე, მყიდველს უნდა გადაეხადა 13 000 აშშ დოლარი. ხა-----------------მა შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად. ამასთან, ნა-----------–---–თან და იო-----------–---–თან გაფორმებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულება მოპასუხეს არ ავალდებულებდა პირადად შეესრულებინა ფულადი ვალდებულება რი---------–--ლის მიმართ. რი---------–--ლის პირადი მოვალე იყო ნა-----------–---–ი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2012 წლის 30 ოქტომბერს ერთი მხრივ შპს „Si----------”-ის დამფუძნებლებს - ნა-----------–---–სა და იო-----------–---–ს (წილის გამყიდველები), ხოლო მეორე მხრივ ხა-----------------ს (წილის მყიდველი) შორის გაფორმდა წილის გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც წილის გამყიდველებმა იკისრეს ვალდებულება მათ საკუთრებაში არსებული წილი, რომელიც საერთო ჯამში შეადგენდა შპს-ს 100%-ს, საკუთრებაში გადაეცათ წილის მყიდველისათვის, ამ უკანასკნელის მიერ შესაბამისი ღირებულების გადახდის სანაცვლოდ.
ხელშეკრულების 2.1. პუნქტით განისაზღვრა ნასყიდობის საგნის ღირებულება, ხოლო 2.2. პუნქტის თანახმად, ნასყიდობის საგნის ღირებულების გადახდა უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად 2.3. პუნქტის შესაბამისად ეროვნულ ვალუტაში, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
ხელშეკრულების 2.3.1. და 2.3.2. პუნქტების თანახმად, გადახდა უნდა განხორციელებულიყო ორ წილად შემდეგი პირობების გათვალისწინებით: 1) 18 000 ლარის გადახდა უნდა მომხდარიყო იპოთეკარ (მოგირავნე) რი---------–--ლზე, რის საფუძველზეც გათავისუფლდებოდა იპოთეკით (გირავნობით) დატვირთული ნა-----------–---–ის 50%-იანი წილიდან 25%-იანი წილი ხა-----------------ის სასარგებლოდ (მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე); 2) 13 000 აშშ დოლარის გადახდა უნდა მომხდარიყო 2012 წლის 30 დეკემბრამდე, რის შედეგადაც წილის გამყიდველს საკუთრების უფლება წილზე დაუყოვნებლივ (იმავე დღეს) უნდა გადაეცა წილის მყიდველისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, ხა-----------------ი დარეგისტრირდა შპს „Si----------”-ის 100% წილის მესაკუთრედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 30.10.2012წ. ხელშეკრულება წილის გაყიდვის შესახებ (იხ. ს.ფ. 14-19);
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 20-22; 74-75);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.2. 30.10.2012წ. წილის გაყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის, შპს „Si----------”-ის ნა-----------–---–ის კუთვნილი 50%-იანი წილიდან 25% კრედიტორის - რი---------–--ლის სასარგებლოდ დატვირთული იყო გირავნობით 26.08.2012წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისა და სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებაში ცვლილებების და/ან დამატების შეტანის შესახებ 03.09.2012წ. ხელშეკრულების საფუძველზე.
წილის გაყიდვის შესახებ 30.10.2012წ. ხელშეკრულებისა და კრედიტორის - რი---------–--ლის თანხმობის საფუძველზე, ხა-----------------ი აღირიცხა შპს „Si----------”-ის 100%-იანი წილის მესაკუთრედ, თუმცა მის საკუთრებაში აღრიცხული 100%-იანი წილიდან 25%-ზე დღემდე რეგისტრირებულია გირავნობა კრედიტორის - რი---------–--ლის სასარგებლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 20-22; 74-75);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი მხრივ შპს „Si----------”-ის დამფუძნებლებს - ნა-----------–---–სა და იო-----------–---–ს და მეორე მხრივ ხა-----------------ს შორის 30.10.2012წ. გაფორმებული წილის გაყიდვის ხელშეკრულების 2.3.1. პუნქტი (18 000 ლარის გადახდა უნდა მოხდეს იპოთეკარ რი---------–--ლზე, რის საფუძველზეც გათავისუფლდება იპოთეკით დატვირთული ნა-----------–---–ის 50%-იანი წილიდან 25%-იანი წილი ხა-----------------ის სასარგებლოდ) წარმოადგენს მოვალესა და მესამე პირს შორის შეთანხმებას - ხა-----------------ის მიერ, რი---------–--ლის სასარგებლოდ, ნა-----------–---–ის ვალის გადაკისრების თაობაზე. (დასაბუთება იხ. გადაწყვეტილების მე-6 ნაწილში).
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ რი---------–--ლის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე, 316-317-ე, 203-204-ე, 477-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ხოლო, ამავე კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების, ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. დასახელებული ხელშეკრულების ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების არსებობით ვლინდება. კერძოდ, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველს ევალება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2012 წლის 30 ოქტომბერს შპს „Si----------”-ის დამფუძნებლებს - ნა-----------–---–სა და იო-----------–---–ს (წილის გამყიდველები), ასევე ხა-----------------ს (წილის მყიდველი) შორის გაფორმდა წილის გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც წილის გამყიდველებმა წილის მყიდველს მიყიდეს მათი კუთვნილი 100%-იანი წილი შპს „Si----------”-ში. ხელშეკრულების 2.3. პუნქტით განისაზღვრა ნასყიდობის საფასურის გადახდის წესი. კერძოდ, გადახდა უნდა განხორციელებულიყო ორ წილად შემდეგი პირობების გათვალისწინებით: 18 000 ლარის გადახდა უნდა მომხდარიყო იპოთეკარ რი---------–--ლზე, ხოლო 13 000 აშშ დოლარის გადახდა უნდა მომხდარიყო 2012 წლის 30 დეკემბრამდე.
ამდენად, მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2012 წლის 30 ოქტომბერს ერთი მხრივ შპს „Si----------”-ის დამფუძნებლებს - ნა-----------–---–სა და იო-----------–---–ს და მეორე მხრივ ხა-----------------ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობაზე. ასევე არ არის სადავო, რომ წილის გაყიდვის შესახებ 30.10.2012წ. ხელშეკრულებისა და კრედიტორის - რი---------–--ლის თანხმობის საფუძველზე, ხა-----------------ი აღირიცხა შპს „Si----------”-ის 100%-იანი წილის მესაკუთრედ, თუმცა მის საკუთრებაში აღრიცხული 100%-იანი წილიდან 25%-ზე დღემდე რეგისტრირებულია გირავნობა კრედიტორის - რი---------–--ლის სასარგებლოდ.
6.3. წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში სადავო (განსახილველი) საკითხია - 30.10.2012წ. ხელშეკრულების 2.3.1. პუნქტი, რომლითაც განისაზღვრა, რომ ნასყიდობის საგნის საფასურის ნაწილის - 18 000 ლარის გადახდა უნდა მომხდარიყო რი---------–--ლზე, წარმოადგენს თუ არა ხა-----------------ის მიერ კრედიტორის - რი---------–--ლის სასარგებლოდ ნა-----------–---–ის ვალის გადაკისრების შესახებ შეთანხმებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც (ვალის გადაკისრება). ასეთ შემთხვევაში მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს. თავდაპირველ მოვალეს უფლება აქვს არ დაეთანხმოს მოთხოვნის მფლობელისა და მესამე პირის ამ შეთანხმებას და თვითონ გადაიხადოს ვალი. ამავე კოდექსის 204-ე მუხლის თანახმად, კი თუ ვალის გადაკისრებაზე მესამე პირი და მოვალე შეთანხმდნენ, მისი გადაკისრების ნამდვილობა მოთხოვნის მფლობელის თანხმობაზეა დამოკიდებული. ვალის გადაკისრების ნამდვილობისათვის მოთხოვნის მფლობელის თანხმობა საჭირო არ არის „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ვალის გადაკისრების ხელშეკრულება არის აბსტრაქტული ხელშეკრულება. მისი სამართლებრივი საფუძვლის შესახებ კოდექსი არაფერს ამბობს. ვალის გადაკისრების სამართლებრივი საფუძველი შეიძლება იყოს როგორც კრედიტორსა და თავდაპირველ მოვალეს შორის არსებული ვალდებულებითი ურთიერთობა, ისე ახალი მოვალის მიზანი დაიცვას თავდაპირველი მოვალის ინტერესები კრედიტორის მოთხოვნებისგან. ვალის გადაკისრებით ხელშეკრულების საფუძველზე ახალი მოვალე იკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს. ვალდებულების შინაარსი რჩება უცვლელი. ეს შეეხება, უპირველეს ყოვლისა, ვალდებულების შესრულების ადგილსა და დროს.
დადგენილია, რომ 2012 წლის 30 ოქტომბერს შპს „Si----------”-ის დამფუძნებლებსა (ნა-----------–---–ი, იო-----------–---–ი) და ხა-----------------ს შორის გაფორმებული წილის გაყიდვის შესახებ ხელშეკრულების 2.3. პუნქტით განისაზღვრა ნასყიდობის საფასურის გადახდის წესი. კერძოდ, გადახდა უნდა განხორციელებულიყო ორ წილად შემდეგი პირობების გათვალისწინებით: 18 000 ლარის გადახდა უნდა მომხდარიყო იპოთეკარ რი---------–--ლზე, რის საფუძველზეც გათავისუფლდებოდა გირავნობით დატვირთული ნა-----------–---–ის 50%-იანი წილიდან 25%-იანი წილი ხა-----------------ის სასარგებლოდ (ხელშეკრულების 2.3.1. პუნქტი); ხოლო, 13 000 აშშ დოლარის გადახდა უნდა მომხდარიყო 2012 წლის 30 დეკემბრამდე (ხელშეკრულების 2.3.2. პუნქტი). აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელს აწერენ წილის გამყიდველები - ნა-----------–---–ი და იო-----------–---–ი და წილის მყიდველი - ხა-----------------ი.
მოსარჩელის მტკიცებით, ხელშეკრულების 3.2.1. პუნქტის საფუძველზე, ხა-----------------მა კრედიტორის რი---------–--ლის სასარგებლოდ გადაიკისრა ნა-----------–---–ის ვალი. ამასთან, აღნიშნულთან დაკავშირებით მოთხოვნის მფლობელის მიერ თანხმობა გამოხატულ იქნა საჯარო რეესტრში ხა-----------------ზე წილის გადაფორმების თაობაზე თანხმობის გაცემით. შესაბამისად, რი---------–--ლის მიმართ თავდაპირველი მოვალის ნა-----------–---–ის ვალის 18 000 ლარის გადახდის ვალდებულება ეკისრება ხა-----------------ს. მოსარჩელის ამ მოსაზრებას სასამართლო არ ითვალისწინებს და აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს შემდეგს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი ადგენს ნების გამოვლენის განმარტების წესს. კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ნება უნდა განიმარტოს იურიდიულ-დოგმატური მეთოდოლოგიის (ე.ი. გარიგებათა განმარტების მეთოდოლოგიის) საფუძველზე. არსებობს განმარტების „სუბიექტური“ (ანუ ნების) და „ობიექტური“ (ანუ გამოხატვის) თეორიები. ნების თეორიის საფუძველზე თითოეული ხელშეკრულების შემთხვევაში, ხელშეკრულების პირობების ანალიზის შედეგად უნდა განიმარტოს მხარეთა ნამდვილი ნება. მიზანია, დავის შემთხვევაში გაირკვეს, რა განზრახვა ჰქონდათ მხარეებს ხელშეკრულების დადებისას და როგორ უნდა გავიგოთ ხელშეკრულების სადავო გამონათქვამი. გამოხატვის თეორია უპირატესობას ანიჭებს ნების გარეგნულ გამოხატულებას, ე.ი. გამოხატვას და ამას ხსნის იმით, რომ სამართლებრივი ურთიერთობების სტაბილურობა სხვაგვარად წარმოუდგენელია. რთულია შემთხვევები, როცა მხარეებმა ხელშეკრულების დადების დროს კი განსაზღვრეს გარკვეული პორობა, მაგრამ თითოეულმა მათგანმა მასში განსხვავებული აზრი ჩააქსოვა, ანდა ერთ-ერთს მოგვიანებით შეეცვალა აზრი ნაგულისხმევზე. ასეთ შემთხვევაში შეუძლებელია საუბარი მხარეთა „საერთო ნებაზე“. გადამწყვეტი ამ დროს არის ის მნიშვნელობა, რომელსაც გონიერი ადამიანი მოცემულ გამონათქვამს მიანიჭებდა და უნდა წარმოვიდგინოთ, თუ რა მნიშვნელობას მიანიჭებდა იგი გამოთქმულ პირობას საქმის კონკრეტულ, მნიშვნელოვან გარემოებათა გათვალისწინებით. “ნების გონივრული განსჯა” ნიშნავს სადავო გამონათქვამის იმ მნიშვნელობის დადგენას, რომელსაც გონიერი ადამიანი ანალოგიურ პირობებში მიანიჭებდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ 30.10.2012წ. ხელშეკრულების 3.2.1. პუნქტიდან არ იკვეთება ხა-----------------ის ნამდვილი და გაცხადებული ნება იმის თაობაზე, რომ სრულად იკისრა ნა-----------–---–ის ფულადი ვალდებულება იმგვარად, რომ ამ უკანასკნელის ნაცვლად თვითონ ყოფილიყო კრედიტორის - რი---------–--ლის მოვალე, ხოლო ნა-----------–---–ი გათავისუფლებულიყო რი---------–--ლის მიმართ არსებული ვალდებულებისაგან. აღნიშნული შინაარსი, ხელშეკრულების მითითებული პუნქტის დეტალური ანალიზისა და მხარეთა მიერ გამოხატული ნების გონივრული განსჯის შედეგად არ დგინდება.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, მოცემულ შემთხვევაში სადავო საკითხი ეხება ვალის გადაკისრების შესახებ მოვალისა და მესამე პირის შეთანხმების არსებობას. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 204-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ვალის გადაკისრების თაობაზე მესამე პირისა და მოვალის შეთანხმების შემთხვევაში, მისი გადაკისრების ნამდვილობა დამოკიდებულია მოთხოვნის მფლობელის თანხმობაზე. ამ დანაწესის საწინააღმდეგოდ, 30.10.2012წ. ხელშეკრულება წილის გაყიდვის შესახებ დადებულია ნა-----------–---–ს, იო-----------–---–სა და ხა-----------------ს შორის. ხელშეკრულებას ხელს აწერენ სწორედ ეს პირები. რაც შეეხება რი---------–--ლს, რომელიც სადავო ურთიერთობაში გამოდის როგორც კრედიტორი - მოთხოვნის მფლობელი, არ წარმოადგენს ხელშეკრულების მხარეს. ამასთან, საქმეზე არაა წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა რი---------–--ლის მიერ ვალის გადაკისრების თაობაზე თანხმობის გაცემა.
რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ რი---------–--ლი ხა-----------------ის სახელზე შპს „Si----------”-ის 100%-იანი წილის საკუთრებაში აღრიცხვის თაობაზე თანხმობის გამოხატვით, ასევე დაეთანხმა ხა-----------------ის მიერ ნა-----------–---–ის ვალის გადაკისრებას, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნულ გარემოება არებითი არაა იმის დასადგენად გადაიკისრა თუ არა ხა-----------------მა ნა-----------–---–ის ვალი. რი---------–--ლი წარმოადგენს მოგირავნეს და მის სასარგებლოდ ნა-----------–---–ის 25%-იან წილზე გირავნობის არსებობა მას ანიჭებდა უფლებამოსილებას გამოეხატა ან არ გამოეხატა თანხმობა იმის თაობაზე, რომ შპს „Si----------”-ის დაგირავებული წილი აღრიცხულიყო ხა-----------------ის საკუთრებაში. როგორც მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე თავად განმარტა, იგი დაეთანხმა საჯარო რეესტრში გირავნობის საგნის ხა-----------------ის სახელზე აღრიცხვას. მის მიერ ნების გამოხატვას, კი მოჰყვა შესაბამისი შედეგი. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ გირავნობა აქცესორული უფლებაა და გირავნობის საგნის მესაკუთრის ცვლილების შემთხვევაში, არ უქმდება ან/და არ იცვლება გირავნობის თაობაზე შეთანხმება ან/და ძირითადი ვალდებულება. არამედ, გირავნობა იმავე სახით და იმავე მოცულობით გადადის გირავნობის საგნის შემძენზე, როგორც იყო ძველი მესაკუთრის მფლობელობაში. შესაბამისად, ხა-----------------ის სახელზე შპს-ს 100%-იანი წილის საკუთრებაში აღრიცხვის შემდგომ, არ შეცვლილა რი---------–--ლის სასარგებლოდ დადებული გირავნობის უფლება და ძირითადი მოთხოვნა. მას კვლავ თავდაპირველი სახით გააჩნია მოთხოვნის უფლება ნა-----------–---–ის მიმართ და მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას ისევ შპს „Si----------”-ის 25% წილი წარმოადგენს. ამდენად, რი---------–--ლის მიერ ზემოთ აღნიშნული თანხმობის გაცემა არ გულისხმობს იმას, რომ რი---------–--ლმა, ასევე გამოხატა ხა-----------------ის მიერ ნა-----------–---–ის ვალის გადაკისრების თაობაზე თანხმობა.
შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე უარყოფს მის მიერ ნა-----------–---–ის ვალის გადაკისრების ფაქტს, ხოლო წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება აღნიშნული სადავო გარემოება, სასამართლო მიიჩნევს, რომ 30.10.2012წ. ხელშეკრულების 3.2.1. პუნქტი წარმოადგენს, სამოქალაქო სამართალში არსებული ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ფარგლებში, მხარეთა შეთანხმებას ნასყიდობის საფასურის გადახდის წესზე და არა შეთანხმებას ვალის გადაკისრების თაობაზე. კერძოდ, როგორც საქმის მასალებიდან დგინდება, ვინაიდან ნა-----------–---–ს გააჩნდა რი---------–--ლის მიმართ გადაუხდელი ფულადი ვალდებულება, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნა-----------–---–ის ფულადი ვალდებულების დაფარვის მიზნით, ხა-----------------ი პირდაპირ მის კრედიტორს - რი---------–--ლს გადასცემდა ნასყიდობის საფასურის ნაწილს. შესაბამისად, თუკი ხა-----------------ი ამ წესის შესაბამისად არ გადაიხდიდა ნასყიდობის საფასურის ნაწილს, მას თანხის გადახდის ვალდებულება დარჩებოდა ნა-----------–---–ის მიმართ, ხოლო თავის მხრივ ნა-----------–---–ს რი---------–--ლის მიმართ. აღნიშნული გარემოება არ წარმოშობდა რი---------–--ლის უფლებამოსილებას ხა-----------------ისაგან მოეთხოვა ნა-----------–---–ის ფულადი ვალდებულების დაფარვა.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ 30.10.2012წ. წილის გაყიდვის შესახებ ხელშეკრულების 3.2.1. პუნქტის დანაწესით არ მომხდარა ვალდებულებაში მხარეთა ჩანაცვლება, არამედ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების გაიოლების მიზნით, განისაზღვრა თანხის გადახდის ზემოთ აღნიშნული წესი. შესაბამისად, ხელშეკრულების 3.2.1. პუნქტი წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებას ნასყიდობის საფასურის გადახდის წესზე და არა ვალის გადაკისრების თაობაზე შეთანხმებას.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ რი---------–--ლის სარჩელი ხა-----------------ის მიმართ 18 000 ლარის დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამდენად, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა რი---------–--ლის სარჩელი, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
შესაბამისად, ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის შუამდგომლობა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების თაობაზე.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. რი---------–--ლის სარჩელი ხა-----------------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე