გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.12.2018
საქმის ნომერი
330210018002245628
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
19.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/276-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 ნოემბერი 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნინო მამულაშვილი

სხდომის მდივანი - თამთა ყრუაშვილი

მოსარჩელე - შ----------------ი"

წარმომადგენელი - გ---------------, ა-----–--–---------ე

მოპასუხე - შ--------------------------"

წარმომადგენელი - ლ------–------ია, თ-----------ი

მესამე პირი _ ი-------------------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1.სასარჩელო მოთხოვნა

1.1 მოპასუხე შ--------------------------“-ს მოსარჩელე შ-----------------“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს ნასყიდობის თანხის 60000 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხის გადახდა ეროვნულ ვალუტაში.

სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2014 წლის 08 ნოემბერს, შ-----------------“, შ--------------------------“-ს და ი----------------------“-ს შორის გაფორმდა მოწონების პირობით ნასყიდობისა და მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შ-----------------ა“ გაყიდა, ხოლო შ--------------------------“-მ იყიდა გამყიდველის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება - ორი ცალი 500 კვტ. სიმძლავრის სინქრონული ძრავა იმ პირობით, რომ მყიდველი თავისი ხარჯით უზრუნველყოფდა ნაყიდი სინქრონული ძრავების ტრანსპორტირებას სპეციალისტთან ქ. თ---–--–ი შემოწმების მიზნით და თუ შემოწმების შედეგად დადგინდებოდა, რომ სინქრონული ძრავები არ ექვემდებარებოდა რემონტს, მყიდველი საკუთარი ხარჯით უზრუნევლყოფდა ძრავების უკან დაბრუნებას ქ. ხ-–----–ი, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით და ამ შემთხევევაში ჩაითვლებოდა, რომ მყიდველის მიერ დადგენილი მოწონების პირობა არ შესრულდა და ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულად აღარ მიიჩნეოდა.

ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 60 000 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხა ეროვნულ ვალუტაში.

ხელშეკრულების ხელმოწერის დღესვე შ-----------------ა“ და შ--------------------------“-ს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი ქ. თ---–--–ი, ტრანსპორტების მიზნით, 2 ცალი 500 კვ. სიმძლავრის სინქრონული ძრავის გადაცემის თაობაზე და გამოიწერა სასაქონლო ზედნადები N--–-----------.

მყიდველმა მოახდინა ნაყიდი სინქრონული ძრავების ტრანსპორტირება სპეციალისტთან და ძრავები უკან აღარ დაუბრუნებია. ამდენად, დადგა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა და გარიგება დადებულად ითვლება.

ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, სპეციალისტს ერთი თვის ვადაში უნდა უზრუნველყო სინქრონული ძრავების შემოწმება და საჭირო შემთხვევაში განეხორციელებინა რემონტი მათი მიღებიდან ერთი თვის ვადაში. მან ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა.

2015 წლის 05 თებერვალს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის ელექტროენერგეტიკული პროდუქციის და მოწყობილობების ტესტირების (საგამოცდო) ლაბორატორიამ ს------–---------–ი, ელ. ძრავების სარემონტო საამქროში მოახდინა ძრავების ტესტირება. ტესტირების შედეგებიდან ჩანს, რომ ძრავები იყო მუშა მდგომარეობაში.

ხელშეკრულების მე-7 პუქნტის მიხედვით, მყიდველი სარემონტო სამუშაოებისათვის სპეციალისტისათვის თანხის გადახდიდან 10 სამუშაო დღეში დარჩენილი თანხიდან 50% უხდის გამყიდველს, ხოლო 50%-ს ოთხი თვის შემდეგ. მყიდველს თანხა არ გადაუხდია არც სპეციალისტისთვის და არც გამყიდველისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობიდ თანხის მოპასუხისათვის დაკისრება.

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ნასყიდობა დადებულად ჩაითვლებოდა სპეციალისტის დადებითი დასკვნის საფუძველზე, თუმცა სპეციალისტმა დასკვნის შედგენა და შეფასება რემონტის მიუხედავად ვერ შეძლო. შესაბამისად, ხელშეკრულება ძალაში შესულად არ ჩაითვლება.

 

მოპასუხის განმარტებით, ტვირთის ტრანსპორტირების დროისათვის შედგა დროებითი მიღება-ჩაბარება არა ნასყიდობის ვალდებულების ნაწილში, არამედ სინქრონული ძრავების ვარგისიანობის საკითხში ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებული წესის გამო. ნასყიდობის პირობითი ხელშეკრულებით მოპასუხეს უნდა მიეღო მხოლოდ ექსპლუატაციისათვის ვარგისი ქონება, რაც არ მომხდარა იმ მიზეზის გამო, რომ სპეციალისტმა ვარგისიანობა ვერ დაადგინა. მან მხოლოდ შეძლო ძრავის აღწერა მწარმოებლის მონაცემებით, თავად დასკვნა მას არ დაუდია. აღნიშნული გარემოება ცნობილი იყო ორივე მხარისათვის.

 

ხელშეკრულებით განსაზღვრული არ ყოფილა ქონების დაბრუნების ვალდებულება ისეთ შემთხვევაში, როცა სპეციალისტი ვერ ადგენდა ვარგისიანობას, რასაც რეალურ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. ამასთანავე, მოსარჩელეს ეცნობა ზეპირსიტყვიერად შეფასების (დასკვნის) შეუძლებლობის შესახებ, ასევე ეცნობა თანხის გადახდაზე და ნასყიდობის უარის გადაწყვეტილება.

 

მესამე პირის პოზიცია

 

ი-------------------ის განმარტებით, მის მიერ ვადაში იქნა შესრულებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, თუმცა შემოწმების თაობაზე წერილობითი დოკუმენტი არ შემდგარა. მოპასუხის წარმომადგენელმა მოიწვია სხვა ექსპერტები, რომელთაც შეაფასეს მის საამქროში განთავსებული ძრავები და შეადგინეს შესაბამისის დასკვნაც.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 8 ნოემბერს, ერთის მხრივ გამყიდველს _ შ-----------------“, მეორეს მხრივ მყიდველს _ შ--------------------------“-ს და მესამე მხრივ ი----------------------“-ს შორის გაფორმდა მოწონების პირობით ნასყიდობისა და მომსახურების ხელშეკრულება. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა 2 (ორი) ცალი 500 კვტ. სიმძლავრის სინქრონული ძრავი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 8 ნოემბრის მოწონების პირობით ნასყიდობისა და მომსახურების ხელშეკრულება (ს.ფ. 17-18).

 

3.1.2. 2018 წლის 8 ნოემბერს შ-----------------“-ს და შ--------------------------“-ს შორის გაფორმებულ იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ შ-----------------ა“ ქ. ხ-–----–ი გადასცა, ხოლო შ--------------------------“-მ მიიღო ორი ცალი 500 კვტ. სიმძლავრის სინქრონული ძრავი ტრანსპორტირებისათვის თ---–--–ი, ვ-–-–----------------ში მდებარე სარემონტო საამქროში (ი-------------------ესთან), ძრავების ტექნიკური მდგომარეობის შესამოწმებლად და საჭირო შემთხვევაში რემონტის მიზნით.

მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ძრავების ტრანსპორტირების, შემოწმების და რემონტის თანხას იხდიდა შ--------------------------“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ 19);

- სასაქონლო ზედნადები #--–----------- (ს.ფ 24).

 

3.1.3. მოპასუხეს ნასყიდობის საგანი შ-----------------“-სათვის არ დაუბრუნებია და დღემდე სინქრონული ძრავები განთავსებულია სპეციალისტ ი------------------------ სარემონტო საამქროში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები).

 

3.1.4. მოპასუხეს სინქრონული ძრავების ღირებულება შ-----------------“-სათვის არგადაუხდია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, სესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები).

 

3.1.5. საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის ელ.ენერგეტიკული პროდუქციის და მოწყობილობების ტესტირების (საგამოცდო) ლაბორატორიის მიერ განახორციელა ძრავების ტესტირება და შედგა ძრავის გამოცდის ოქმები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 05 თებერვლის ძრავის გამოცდის ოქმი N----- (ს.ფ 20-21);

- 2015 წლის 03 თებერვლის ძრავის გამოცდის ოქმი N----- (ს.ფ 22-23).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. მითითებული დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლით მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

3.2.1. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის არგუმენტაცია სპეციალისტის მიერ ნასყიდობის საგნის ვარგისიანობის თაობაზე დასკვნის შედგენის შეუძლებლობის თაობაზე და საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია სადავო გარემოება, რომ შ-------------------------ას“ დაკვეთით საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის ელ.ენერგეტიკული პროდუქციის და მოწყობილობების ტესტირების (საგამოცდო) ლაბორატორიამ განახორციელა სინქრონული ძრავების ტესტირება.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მესამე პირის დ--------------ის განმარტებაზე, რომ მხარეთა შორის გაფორმებული 2014 წლის 8 ნოემბრის ხელშეკრულებით განსაზღვრული არ ყოფილა, სინქრონული ძრავების შემოწმების თაობაზე წერილობითი დოკუმენტის შედგენის სავალდებულოობა, რომ მან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ერთთვიან ვადაში განახორციელა სინქრონული ძრავების შემოწმება და დამაკმაყოფილებელი შედეგების თაობაზე აცნობა მყიდველი კომპანიის ხელმძღვანელს, რომლითვისაც არადამაჯერებელი აღმოჩნდა შემოწმების შედეგები და შ------------------------ას“ დაკვეთით მისსავე საამქროში საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის სპეციალისტთა მიერ განხორციელოდა ძრავების ტესტირება.

 

საქმეში წარმოდგენილი ელ.ენერგეტიკული პროდუქციის და მოწყობილობების ტესტირების (საგამოცდო) ლაბორატორიის მიერ შედგენილი ძრავის გამოცდის N--- და N--- ოქმებით დასტურდება, რომ ტესტირება ჩატარებულ იქნა 2015 წლის 3 და 5 თებერვალს, ს-------------–ი, ელ.ძრავების სარემონტო სამქროში.

 

ძრავის გამოცდის ოქმებში ასახული მონაცემების სიზუსტე სასამართლო სხდომაზე ასევე დაადასტურა ტესტირების განმახორციელებელმა პირმა გ-------–----–---–მა. სპეციალისტის განმარტებით: ტესტირება სავარაუდოდ განხორციელდა მოპასუხის დაკვეთით; ტესტირებაზე წარმოდგენილი გენერატორებიდან ერთი ძრავა იყო სრულიად გამართული (ოქმი N---), ხოლო მეორე, 1964 წლის გამოშვება ძრავის საიზოლაციო მახასიათებელი, აბსორბციის კოეფიციენტი იყო ნორმასთან შეუსაბამო. მახასიათებლის ცვალებადობის გამო მხოლოდ ქიმიური ანალიზის შედაგად შეიძლებოდა განსაზღვრულიყო დაექვემდებარებოდა თუ არა იგი რემონტს;

 

ამდენად საქმის მასალებით არ დასტურდება, მოპასუხის პოზიციის მართებულობა, სინქრონული ძრავების ვარგისიანობის თაობაზე დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 8 ნოემბრის მოწონების პირობით ნასყიდობისა და მომსახურების ხელშეკრულება (ს.ფ. 17-18).

- 2015 წლის 05 თებერვლის ძრავის გამოცდის ოქმი N----- (ს.ფ 20-21);

- 2015 წლის 03 თებერვლის ძრავის გამოცდის ოქმი N----- (ს.ფ 22-23).

- მესამე პირის, გ-–----–---–ის განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმები);

 

3.2.2. მესამე პირისა და სპეციალისტ გ-–----–---–ის განმარტებების საფუძველზე, დგინდება, რომ მათ მიერ ნასყიდობის საგანზე სარემონტო სამუშაოები არ განხორციელებულა;

 

3.2.3. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ არის ხანდაზმული.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და განმარტავს: სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს სხვადასხვა ტიპის ვადებს. მათ შორისაა სამოქალაქო უფლების განხორციელების ხანდაზმულობის ვადები და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები. ხანდაზმულობის ვადა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირი, რომლის უფლებაც დაირღვა შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას.

 

სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხი წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სამოქალაქო სამართლებრივი უფლების, ინტერესის ან თავისუფლების დარღვევა. თუ დარღვევა არ არსებობს დასაცავი არაფერია. ვინაიდან ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა, იგი მჭიდროდაა დაკავშირებული სარჩელის უფლებასთან. დავის მხარე კი, რომელსაც ხანდაზმულობის საკითხის წამოჭრის უფლება აქვს, არის პირი, რომლისკენაც მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა უშუალოდაა მიმართული, ან პირი, რომლის ინტერესზეც ხანდაზმული მოთხოვნის დაკმაყოფილება ნეგატიურ გავლენას მოახდენს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით თანახმად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

 

სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან ობიექტურად უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, ამასთან, ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორცილებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ.

 

სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ანგარიშსწორება მხარეებს შორის განხორციელდებოდა სპეციალისტის მიერ სარემონტო სამუშაოების დასრულების, სინქრონული ძრავების ტესტირების დამაკმაყოფილებელი შედეგის მიღების და მხარეების მიერ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 10 სამუშაო დღეში (პ.4); მყიდველი სარემონტო სამუშაოებისათვის “სპეციალისტისათვის“ თანხის გადახდიდან 10 სამუშაო დღეში დარჩენილი თანხიდან 50%-ს უხდის გამყიდველს, ხოლო 50%-ს _ 4 თვის შემდეგ (პ.7).

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, დასტურდება რომ სინქრონული ძრავების შემოწმება/ტესტირება განხორციელდა 2015 წლის 03 და 05 თებერვალს.

 

შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მომართა 2018 წლის 05 იანვარს, ამ უკანასკნელის მოთხოვნა, ნასყიდობის ღირებულების ანაზრაურებაზრ ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გათვალისწინებით, არ არის ხანდაზმული.

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა სადავო გარემოებები საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ შ-----------------“-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 477-ე, 520-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სსკ-ის 319 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი; მათ შორის შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგია, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე და მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია მოწონების პირობით ნასყიდობისა და მომსახურების ხელშეკრულება გაფორმებული 2014 წლის 8 ნოემბრს ერთის მხრივ გამყიდველს _ შ-----------------“, მეორეს მხრივ მყიდველს _ შ--------------------------“-ს და მესამე მხრივ ი----------------------“-ს შორის. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა 2 (ორი) ცალი 500 კვტ. სიმძლავრის სინქრონული ძრავი, რომელსაც მყიდველი შეისყიდიდა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ;

 

ხელშეკრულების სახელწოდების, მისი შინაარსისა და მასში ასახული მხარეთა კონკრეტული უფლება-მოვალეობების გათვალისწინებით, დასტურდება რომ 2014 წლის 8 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე სპეციალისტსა და მყიდველ მხარეს შორის წარმოიშვა მომსახურების (ნარდობის), ხოლო გამყიდველსა და მყიდველს შორის მოწონების პირობით დადებული ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულების დროს, გარიგების ობიექტია ქონება, რომლის სანაცვლოდ და საკომპენსაციოდაც შემძენი იხდის ნასყიდობის ფასს.

 

საქმეზე დადგენილი უდავო გარემოებაა, რომ ხელშეკრულების გაფორმების დღესვე 2014 წლის 8 ნოემბერს, გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის საფუძველზეც მყიდველმა გამყიდველს ქ.ხ-–----–ი გადასცა, ხოლო გამყიდველმა მიიღო ნასყიდობის საგანი თ---–--–ი ტრანსპორტირებისათვის, სპეციალისტის სარემონტო საამქროში ძრავების ტექნიკური მდგომარეობის შემოწმებისა და საჭიროების შემთხვევაში რემონტის მიზნით.

 

წინამდებარე სარჩელით, მოსარჩელე მხარე (გამყიდველი) ითხოვს 2014 წლის 8 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე მყიდველისაგან ნასყიდობის საგნის ღირებულების ანაზღაურებას იმ დასაბუთებით, რომ გამყიდველის მიერ შესრულებულ იქნა სინქრონული ძრავების მყიდველისათვის მიწოდების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მოპასუხემ კი არ შეასრულა მისი წილი ვალდებულება, გადაეხადა ნასყიდობის საფასური და არც ნასყიდობის საგანი დაუბრუნებია.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 520-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულება შეიძლება ნივთის მოწონების პირობით დაიდოს თუ მყიდველი შეთანხმებულ ვადაში არ დაიწუნებს ნივთს. დაწუნების შემთხვევაში მხარეები მოვალენი არიან დაუბრუნონ ერთმანეთს ის, რაც ხელშეკრულებით მიიღეს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოწონების პირობით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება პირობითი ხელშეკრულების სპეციალური რეგულაციაა. კერძოდ, ეს არის გადადების პირობით დადებული ხელშეკრულება, რომლის საბოლოოდ ძალაში შესვლა და ნამდვილობა დამოკიდებულია შეთანხმებული პირობის დადგომაზე _ მოწონებაზე. ნასყიდობა მოწონების პირობით მყიდველს ანიჭებს შესაძლებლობას ნივთის დათვალიერებისა და გამოცდის შემდეგ მიიღოს საბოლოო და ინფორმირებული გადაწყვეტილება ნივთის მოწონებისა თუ დაწუნების, შესაბამისად მისი დატოვების თუ გამყიდველისათვის დაბრუნების თაობაზე; გამყიდველი მხარე კი მყიდველის მიერ მოწონების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ცალმხრივადაა შებოჭილი ვალდებულებით მყიდველს მისცეს ნივთის შემოწმების შესაძლებლობა, ნივთის ფაქტობრივი გადაცემის ან დათვალიერების უფლების მინიჭების გზით.

 

მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-2 პუნქტით დასტურდება, რომ მყიდველი კისრულობდა ვალდებულებას გამყიდველთან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ თავისი ხარჯით უზრუნველეყო სინქრონული ძრავების ტრანსპორტირება ,,სპეციალისტთან“ მისამართზე: ქ. თბილისი, ვ-–-–----------------ი. იმ შემთხვევაში, თუ სინქრონული ძრავები არ დაექვემდებარებოდა რემონტს, ,,მყიდველი“ თავისი ხარჯით უზრუნველყოფდა შ-----------------სათვის“ გენერატორების დაბრუნებას ხ-–----–ი, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით. ასეთ შემთხვევაში, ,,მყიდველის“ მიერ დადგენილი მოწონების პირობა არ შესრულდებოდა და ნასყიდობის ხელშეკრულება არ მიიჩნეოდა დადებულად.

 

ამდენად სახეზეა ნასყიდობის საგნის შემოწმებისა და გამოცდის პირობით დადებული ხელშეკრულება, რომელიც მყიდველის მიერ ნივთის მოწონების შესახებ გადაწყვეტილებას ობიექტურ კრიტერიუმებზე - შემოწმების შედეგებზე აფუძნებდა.

 

6.4 როგორც სამოქალაქო კოდექსის 520-ე მუხლით გათვალისწინებულ ნორმის დანაწესშია აღნიშნული ხელშეკრულება მოწონების პირობით გარკვეული ვადით იზღუდება. ანუ მოწონების/დაწუნების შესახებ მხარის ნება, როგორც მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა მყიდველის მიერ შეთანხმებული ვადაში უნდა განხორციელდეს; ვადის განსაზღვრას ორმაგი დატვირთვა გააჩნია: ერთი რომ იგი ზღუდავს მყიდველის უფლებამოსილების ფარგლებს, მიიღოს გადაწყვეტილება მხოლოდ განსაზღვრულ ვადაში და მეორე _ დათქმა ვადის თაობაზე იცავს გამყიდველ მხარეს არ იმყოფებოდეს გაურკვევლობაში განუსაზღვრელი ვადით; დათქმულ ვადაში მყიდველის მიერ შეტყობინების განუხორციელებლობა ანთავისუფლებს გამყიდველს ბოჭვის ვალდებულებისაგან, ხოლო მყიდველს რომელიც ნივთს არ მოიწონებს, ავალდებულებს საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს გამყიდველისათვის ნივთის დაბრუნება. შემთხვევას, როდესაც მოწონების ვადა მხარეთა მიერ განსაზღვრული არ არის, მართალია აღნიშნული ნორმა არ ითვალისწინებს, თუმცა მოწონების პირობით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მოწონების განხორციელების ვადის შეთანხმების არარსებობისას მხარეებმა უნდა იხელმძღვანელონ ვადის გონივრულობის მაშტაბით.

 

2014 წლის 8 ნოემბრის ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, ,,სპეციალისტი“ იღებდა ვალდებულებას უზრუნველყო სინქრონული ძრავების შემოწმება და საჭირო შემთხვევაში რემონტი მათი მიღებიდან ერთი თვის ვადაში; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სინქრონული ძრავები არ დაექვემდებარებოდა რემონტს, ,,მყიდველი“ თავისი ხარჯით უზრუნველყოფდა შ-----------------სათვის“ გენერატორების დაბრუნებას (მე-2 პუნქტი).

 

დადგენილია რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ი.მ. დ--------------ის მიერ ნასყიდობის საგნის შემოწმების დადებითი შედეგები მისაღები არ აღმოჩნდა „მყიდველისათვის“ და ამ უკანასკნელის დაკვეთით, ნასყიდობის საგნის ტესტირება განხორციელდა სა---------–------------–---------------------–-------------–იის სპეციალისტთა მიერ; შემოწმების შედეგად 2015 წლის 3 და 5 თებერვალს შედგენილ იქნა ელ.ენერგეტიკული პროდუქციის და მოწყობილობების ტესტირების (საგამოცდო) ლაბორატორის ძრავის გამოცდის N--- ფ და N--- ოქმები. ტესტირების შედეგად დადგინდა, რომ ნასყიდობის საგნიდან ერთ-ერთ ძრავს აღენიშნებოდა იზოლაციის მახასიათებლის ნორმიდან გადახრა, ხოლო მეორე ძრავი იყო სრულიად გამართულ მდგომარეობაში.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობის, 2014 წლის 8 ნოემბრის ხელშეკრულებით განსაზღვრული „მყიდველის“ ვალდებულებების გათვალისწინებითა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შ--------------------------“-ს უმოქმედობა, რაც გამოიხატა მისივე დაკვეთით განხორციელებული ტესტირების შედეგებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ, გამყიდველისათვის სინქრონული ძრავების დაბრუნების ვალდებულების შეუსრულებლობაში, უნდა შეფასდეს მყიდველის მიერ ნივთის მოწონებად, რაც გამყიდველს წარმოუშობს საპასუხო შესრულების _ ნასყიდობის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

 

მოპასუხის განმარტებას, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული არ ყოფილა მყიდველის მიერ ქონების დაბრუნების ვალდებულება ისეთ შემთხვევაში, როცა სპეციალისტი ვერ დაადგენდა ნასყიდობის საგნის ვარგისიანობას _ სასამართლო ვერ გაიზიარებს და მიუთითებს: იმ შემთხვევაშიც კი თუ სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევდა მოპასუხის პოზიციას სპეციალისტის მიერ ძრავების ვარგისიანობის დადგენის შეუძლებლობის თაობაზე, აღნიშნული მხარეს არ ანთავისუფლებდა ნასყიდობის საგნის მყიდველისათვის დაბრუნების ვალდებულებისაგან, ვინაიდან მოწონების პირობით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, სწორედ მყიდველის აქტიური ქმედება - ძრავების დაბრუნება და არა უმოქმედობა, განიხილებოდა მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების პირობად.

 

„მყიდველის“ უმოქმედობის შეფასების თვალსაზრისით, სასამართლო ასევე მიუთითებს სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილის კეთილსინდისიერებისა და მეორე მონაწილის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების ვალდებულების დაცულობის აუცილებლობაზე და განმარტავს: სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები (სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი). მართალია, მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, თავად განსაზღვროს რა სახის სახელშეკრულებო ურთიერთობა დაამყარონ და ისარგებლონ მათთვის ხელსაყრელი პირობებით, თუმცა კანონმდებელი, ამავდროულად, ავალდებულებს მხარეებს, იმოქმედონ კეთილსინდისიერად. კეთილსინდისიერება მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მისი მოქმედება. სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება. იგი წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუტარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება (სუსგ 9.03.2016წ. საქმე №ას-898-848-2015). კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მეორე ნაწილი, ხელშეკრულების ყოველ მხარეს ვალდებულების შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ავალდებულებს გამოიჩინოს მეორე მხარის ქონებისა და უფლებებისადმი გულისხმიერება. სასამართლო მიუთიტებს, რომ გულისხმიერების ვალდებულება მხარეებისათვის დამატებითი ვალდებულების დაკისრებას არ გულისხმობს, ყოველთვის ვალდებულების შინაარსშივე მოიაზრება და ერთგვარ მორალურ კატეგორიას განეკუთვნება. იგი შეიძლება გულისხმობდეს ასევე წინასახელშეკრულებო პერიოდში მხარის მიერ განხორცილებული ქმედებებისადმი პატივისცემას, აგრეთვე, მისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებასაც.

 

შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში მყიდველის მიერ გამყიდველისათვის შეთანხმებულ (ან/და გონივრულ) ვადაში მოწონების პირობით გადაცემული ნასყიდობის საგნის დაუბრუნებლობით, უგულვებელყოფილ იქნა არა მხოლოდ 520-ე მუხლის კონკრეტული დანაწესი, არამედ სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილის კეთილსინდისიერებისა და მეორე მონაწილის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერი დამოკიდებულების ვალდებულება.

 

6.5. 2014 წლის 8 ნოემბრის მოწონების პირობით ნასყიდობისა და მომსახურების ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 60 000 (სამოცი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში, გადახდის დღისათვის არსებული ეროვნული ბანკის კურსით. ხელშეკრულების საერთო ღირებულება მოიცავდა ,,სპეციალისტი“-ს მიერ გაწეული სარემონტო სამუშაოების ღირებულებას, რომელსაც უნდა შეედგინა არაუმეტეს 20 000 (ოცი ათასი) ლარისა და რომლის ანგარიშსწორების ვალდებულება ეკისრებოდა ,,მყიდველს“. ანგარიშსწორება მხარეებს შორის განხორციელდებოდა სპეციალისტის მიერ სარემონტო სამუშაოების დასრულების, სინქრონული ძრავების ტესტირების დამაკმაყოფილებელი შედეგის მიღების და მხარეების მიერ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 10 სამუშაო დღეში (პუნქტი 4); მყიდველი სარემონტო სამუშაოებისათვის “სპეციალისტისათვის“ თანხის გადახდიდან 10 სამუშაო დღეში დარჩენილი თანხიდან 50%-ს უხდის გამყიდველს, ხოლო 50%-ს _ 4 თვის შემდეგ (პუნქტი.7).

 

სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 361-ე მუხლების საფუძველზე, ვინაიდან 2014 წლის 8 ნოემბრის მოწონების პირობით ნასყიდობისა და მომსახურების ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველს წარმოეშვა მყიდველის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის ღირებულების მოთხოვნის უფლება, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ნასყიდობის ღირებულების _ 60000 აშშ დოლარის ოდენობით შ--------------------------“-სთვის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, მხოლოდ ნაწილობრივ, ხელშეკრულებით განსაზღვრული, „სპეციალისტი“-ს მიერ გაწეული/გასაწევი სარემონტო სამუშაოების მაქსიმალური ღირებულების (20 000 ლარი) გამოკლებით და შ--------------------------ს" შპ------------------ს" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს _ 52 248აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელეების მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 4860 ლარის ოდენობით.

 

წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, ვინაიდან მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შ--------------------------“-ს შ-----------------“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 4044 ლარის ოდენობით, შ------------------ს" უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან _ 216 ლარი; ხოლო მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ოდენობა უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპ------------------ს" სარჩელი მოპასუხე შ--------------------------"-ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. შ--------------------------ს" მოსარჩელე შპ------------------ს" სასარგებლოდ დაეკისროს _ 40 000 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხის გადახდა ეროვნულ ვალუტაში.

 

3. შ--------------------------ს" მოსარჩელე შპ------------------ს" სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის _ 4044 ლარის გადახდა.

 

4. შ------------------ს" დაუბრუნდეს ნ----------–-----ის (5----------) მიერ 2017 წლის 28 ნოემბერს ( გადამხდელის ბანკი ს--------------ი" (საგადასახადო დავალება N-) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან ( 4860 ლარი) _ 216 ლარი;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო მამულაშვილი