გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2-1207-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20 დეკემბერი 2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე ყანჩელი
სხდომის მდივანი - ქეთევან ინასარიძე
მოსარჩელე - ნი---------------–ი
წარმომადგენელი - მა--------–-–---–ი
არასრულწლოვანი- ალ----------ი
მოპასუხე- აზ---------ი
მესამე პირი- საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
მესამე პირის წარმომადგენელი- პა-----–------–--ე
სოციალური მუშაკი- ლა-–--------ე
დავის საგანი - გვარის შეცვლა
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
2006 წლის 09 სექტემბერს ქ. თბილისში დაბადებული ალ----------ის პირადი ნომრით 01411112978, დაბადების სააქტო ჩანაწერში შეტანილ იქნეს ცვლილება: გვარის გრაფაში არსებული ჩანაწერი ,,ის---ი'' შეიცვალოს ,,გო--------–ი"-თ.
სარჩელის საფუძვლები:
სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელე ნი---------------–ი და მოპასუხე აზ---------ი 2005 წლიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ შვილი ალ----------ი- დაბადებული 2006 წლის 9 სექტემბერს. 2008 წლის ზაფხულიდან მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ, რის შემდეგაც მამას შვილი არ უნახავს, უფრო მეტიც, არ იცნობს მას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს:
2006 წლის 09 სექტემბერს ქ. თბილისში დაბადებული ალ----------ის პირადი ნომრით 01411112978, დაბადების სააქტო ჩანაწერში შეტანილ იქნეს ცვლილება: გვარის გრაფაში არსებული ჩანაწერი ,,ის---ი'' შეიცვალოს ,,გო--------–ი"-თ.
2.მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე აზ---------ს სარჩელის და სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, კერძოდ, საჯარო შეტყობინების გზით, თუმცა, მას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და სხდომაზეც არ გამოცხადებულა, მას სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ არ უცნობებია, შესაბამისად, უცნობია მისი პოზიცია სარჩელთან დაკავშირებით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ნი---------------–ი და აზ---------ი 2005 წლიდან 2008 წლამდე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარის ახსნა-განმარტება
3.1.2.მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში- 2006 წლის 9 სექტემბერს შეეძინათ საერთო შვილი- ალ----------ი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარის ახსნა-განმარტება , დაბადების მოწმობა (ს.ფ. 14)
3.1.3. მოპასუხე აზ---------ს 2008 წლიდან შვილი აღარ უნახავს და არ ზრუნავს მასზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარის ახსნა-განმარტება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სადავო გარემოებები არ მოიპოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, ბავშვის სურვილისა და ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბავშვისათვის დედის გვარის ,,გო--------–ის“ მინიჭება შეესაბამება მის ინტერესებს და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლი, ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-8, მე-12, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1195-ე, 1197-ე, 1200-ე, 1196-ე, 1199-ე მუხლები. სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის 62-ე მუხლი, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის #12 (2009) კომენტარი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინდადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტი თავადვე იძლევა ჩარევის ლეგიტიმური საფუძვლის დეფინიციას და განსაზღვრავს, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“.
მოხმობილი კონვენცია ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის პრეამბულაში აღნიშნულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბავშვი სრულყოფილად უნდა იყოს მომზადებული საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის.
ბავშვის უფლებების კონვენციის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებსა კისრულობენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მათ შორის მოქალაქეობა, სახელი და ოჯახური ურთიერთობა, როგორც გათვალისწინებულია კანონით, ამასთან არ დაუშვან კანონსაწინააღმდეგო ჩარევა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მოითხოვა არასრულწლოვანი შვილისათვის, 2006 წლის 09 სექტემბერს დაბადებული ალ----------ისათვის გვარის შეცვლა, კერძოდ, ნაცვლად ის---ისა, დედის გვარის ,,გო--------–ის“ მიკუთვნება და ბავშვის დაბადების მოწმობის სააქტო ჩანაწერში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, აღნიშნული მოთხოვნა ეფუძვნება არასრულწლოვნის სურვილს მიენიჭოს დედის გვარი, ვინაიდან წლებია არ აქვს მამასთან ურთიერთობა, გაუცხოვებულია მასთან და არ სურს ატაროს მისი გვარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1195-ე მუხლის თანახმად შვილის გვარი განისაზღვრება მშობლების გვარის მიხედვით. თუ მშობლებს საერთო გვარი არა აქვთ, შვილს მიეკუთვნება დედის ან მამის გვარი, ან შეერთებული გვარი მშობლების შეთანხმებით;
სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით.
სამოქალაქო კოდექსის 1196-ე მუხლის მეორე ნაწილით, მშობლებს, რომლებთანაც არასრულწლოვანი შვილი საცხოვრებლად დარჩა ქორწინების შეწყვეტის ან ბათილად ცნობის შემდეგ, უფლება აქვთ, შვილის ინტერესების შესაბამისად, მიმართონ სასამართლოს შვილისათვის თავიანთი გვარის მიკუთვნების შესახებ. თუ ბავშვი ათ წელზე მეტი ხნისაა, გვარის შეცვლისათვის საჭიროა მისი თანხმობაც.
სამოქალაქო აქტების შესახებ კანონის 62-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სახელის ან/და გვარის შეცვლისათვის სავალდებულოა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაცია.
სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს არასრულწლოვანის ნება, აღნიშნული არსებითი საკითხის შეფასების მიზნით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები 2008 წლიდან ცხოვრობენ ცალ-ცალკე, ამ ეტაპზე ბავშვი ატარებს მამის გვარს - ის---ს. მამა-შვილს შორის ურთიერთობა 2008 წლიდან არ შემდგარა.
ამდენად, დადგენილია გარემოება იმის შესახებ, რომ ბავშვი სრულად არის გაუცხოვებული მამასთან, აღნიშნულის საპირისპიროდ კი არასრულწლოვანს აქვს განსაკუთრებული მიჯაჭვულობა დედასთან.
სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვანთან მოხდა გასაუბრება გვარის შეცვლასთან დაკავშირებით. ბავშვის გადმოცემით, იგი დაბადებიდან ატარებს მამის გვარს - ის---ს, თუმცა მამას 8 თვის შემდეგ იგი არ უნახავს, შესაბამისად, მის მიმართ არ გააჩნია ემოციური მიჯაჭვულობა. არასრულწლოვნის განმარტებით, მას სკოლის დამთავრება სურს დედის გვარით, ვინაიდან მისი გვარის გამო თანატოლებთან ექმნება კომფლიქტური სიტუაციები. არასრულწლოვნის პოზიციის გათვალისწინებით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ არასრულწლოვანი ალ----------ის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, ბავშვს მიენიჭოს დედის გვარი ,,გო--------–ი“.
გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის #12 (2009) კომენტარისა და “ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-12 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოხატოს ეს შეხედულებანი ბავშვთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, ამასთან ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა ბავშვის ასაკისა და მოწიფულობის შესაბამისად. ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა მოსმენილი იქნეს ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი, ან წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით.
არასრულწლოვანთან გასაუბრების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბავშვი სრულიად თავისუფალია არჩევანის გაკეთებისას, მასზე არ ხორციელდება რაიმე სახის ზეწოლა სხვა პირის მხრიდან. ალ----------ის ამგვარი ნება ფორმირებულია მშობლებს შორის წლების მანძილზე არსებული მწვავე დაპირისპირებით და მოპასუხის უყურადღებობით მის მიმართ.
მხარეთა ახსნა-განმარტებების, არასრულწლოვნის გამოკითხვის, საქმეში არსებული მტკიცებულებების შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ალ----------ის საუკეთესო ინტერესია საქმის განხილვის ამ ეტაპზე არსებული მშვიდი, სტაბილური ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შენარჩუნება, წარსული მძიმე ემოციური ფონის თავიდან აცილება, რაც ხელს შეუწყობს არასრულწლოვანის სრულფასოვან განვითარებას. არასრულწლოვანი ბავშვისათვის გვარის შეცვლის საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალ წერტილს წარმოადგენს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები. სასამართლომ ყოველმხრივ უნდა შეუწყოს ხელი არასრულწლოვანი ბავშვის საზოგადოების ღირსეულ სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას და უნდა უზრუნველყოს მის საზოგადოებაში ინტეგრირებისათვის სათანადო პირობების შექმნა. ბავშვს, რომელსაც აქვს საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარი, შეუძლია გამოთქვას თავისი აზრი ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მას ეხება და აქვს უფლება მისი პოზიცია გათვალისწინებულ იქნას მასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას ნებისმიერი ორგანოს მხრიდან.
სასამართლო ითვალისწინებს არასრულწლოვანის სურვილს გვარის შეცვლასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, არასრულწლოვან ალ----------ისათვის დედის გვარის - გო--------–ის მინიჭება უზრუნველყოფს მისთვის მშვიდ და კომფორტული გარემოს შექმნას. თავად არასრულწლოვანს სურს იცნობდნენ დედის გვარით და არ უნდა ატაროს მამის გვარი. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი, დაბადებიდან ცხოვრობს დედასთან და მამასთან ურთიერთობა არ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ უმთავრეს შემთხვევაში, მშობლები წყვეტენ ბავშვის გვართან დაკავშირებულ საკითხს, აღნიშნული არ წარმოადგენს მშობლის აბსოლუტურ პრეროგატივას. ნებისმიერ შემთხვევაში ბავშვისათვის გვარის შეცვლა უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის ინტერესებს. საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან არ გამოიკვეთა არასრულწლოვანი ბავშვისათვის გვარის მინიჭების რაიმე ხელისშემშლელი გარემოება, რაც უარყოფითად აისახებოდა არასრულწლოვანის ინტერესებზე. სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. არასრულწლოვანს მისი ასაკის გათვალისწინებით ჩამოყალიბებული და გათვითცნობიერებული აქვს სურვილი დედის გვარის მიღებისა, შესაბამისად სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვის ამგვარი ჩამოყალიბებული სურვილისათვის დაბრკოლების შექმნამ, შესაძლებელია ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანის ინტერესებს. შესაბამისად, არასრულწლოვანი ალ----------ის გვარი უნდა შეიცვალოს, განისაზღვროს ,,გო--------–ით“ და შესაბამისი ცვლილება იქნეს შეტანილი ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს ნი---------------–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნი---------------–ის სარჩელი მოპასუხე აზ---------ის მიმართ გვარის შეცვლის მოთხოვნით დაკმაყოფილდეს;
2. 2006 წლის 09 სექტემბერს ქ. თბილისში დაბადებული ალ----------ის პირადი ნომრით 01411112978, დაბადების სააქტო ჩანაწერში შეტანილ იქნეს ცვლილება: გვარის გრაფაში არსებული ჩანაწერი ,,ის---ი'' შეიცვალოს ,,გო--------–ი"-თ.
3. აზ---------ს ნი---------------–ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 100 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. #6) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი