გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.12.2018
საქმის ნომერი
330210018002316399
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
17.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/5542-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17 დეკემბერი, 2018 წ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

სხდომის მდივანი მარიამ ჩიტოშვილი

მოსარჩელე - სე----------------–--

წარმომადგენელი - ხა--------------ი

მოპასუხე - გი----------ე

დავის საგანი - უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე გი----------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს მოსარჩელის სე----------------–--ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ივ------------–---–------------- საკადასტრო კოდი N---1----.00-.0-- და მოპასუხეზე დროებით სარგებლობაში გადაცემული მიწის ნაკვეთი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს.

 

მოსარჩელის განმარტებით, მის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ივ------------–---–------------- დაზუსტებული ფართობი: 112.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი N---1----.00-.0--. აღნიშნული მიწის ნაკვეთი, მოპასუხეს 2----–-–----------------–- გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა სარგებლობაში. მხარის მითითებით, ქირავნობის ხელშეკრულებით ხელშეკრულების მოქმედების ვადა გათვალისწინებული არ ყოფილა და შესაბამისად, მესაკუთრეს უფლება ჰქონდა ნებისმიერ დროს მოეთხოვა ხელშეკრულების მოშლა და ფართის გამოთავისუფლება. მოპასუხეს ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე 2----–-–----------------- ჩაბარდა წერილობითი შეტყობინება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა დაქირავებული ფართის გამოთავისუფლება 2018 წლის 05 იანვარს. მიუხედავად შეტყობინებისა, მოპასუხე დღემდე არ ათავისუფლებს მისთვის სარგებლობაში გადაცემულ ფართს. ვინაიდან მხარეთა შორის ქირავნობის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყვეტილია, ნივთი იმყოფება მოპასუხის უკანონო მფლობელობაში და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ქონების გამოთხოვა და მისი თავისუფალ მდგომარეობაში დაბრუნება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლითა და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

 

მოპასუხემ მიუთითა, რომ მართალია, მას 2----–-–----------------- ჩაბარდა შეტყობინება ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის თაობაზე, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, მხარეთა შორის შემდგომშიც გაგრძელდა ქირავნობის ურთიერთობა და იგი, როგორც დამქირავებელი, განაგრძობდა ქირის საფასურის გადახდას და ფართით სარგებლობას. აღნიშნულის თაობაზე კი გამქირავებელს პრეტენზია არ დაუფიქსირებია. შესაბამისად, მხარეთა შორის ხელშეკრულება განახლდა განუსაზღვრელი ვადით. ვადის გაგრძელების შემდგომ კი რაიმე შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მას არ მიუღია. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების გაგრძელების შემდგომ გამქირავებელს არ განუცხადებია პრეტენზია მისი მოშლის შესახებ, მოპასუხე უფლებამოსილია კვლავაც ისარგებლოს დაქირავებული ნივთით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახეზე არ არის ნივთის უკანონო მფლობელობა, რაც გამორიცხავს სარჩელის საფუძვლიანობას და მხარეს უარი უნდა ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთში განთავსებულია მხოლოდ მისი ნივთები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთი, მდებარე: ქალაქი თბილისი, ივ------------–---–------------- დაზუსტებული ფართბი: 112.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი N---1----.00-.0-- - რეგისტრირებულია სე----------------–--ის საკუთრებად. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია: უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება N---------- დამოწმების თარიღი: 2---------–- ნოტარიუსი ა-------- გადაწყვეტილება N------------ დამოწმების თარიღი: 0---------–- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

 

(მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 18-19)

 

3.2.2. 2----–-–----------------–- სე----------------–--სა და გი----------ეს შორის გაფორმდა ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გი----------ეს ქირავნობის უფლებით სარგებლობაში გადაეცა სე----------------–--ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. თბილისი, ივ------------–---–------- საკადასტრო კოდი N---1----.00-.0--. ქირის საფასური განისაზღვრა ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით ქირავნობის მოქმედების ვადა გათვალისწინებული არ ყოფილა.

 

(მტკიცებულება: ქირავნობის ხელშეკრულება, ს.ფ. 20-22)

 

3.2.3. 2----–-–----------------- გი----------ეს ჩაბარდა სე----------------–--ას წარმომადგენლის შეტყობინება 2----–-–----------------–- გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის თაობაზე, რომლითაც დამქირავებელს ეცნობა, რომ ქირავნობის ხელშეკრულებას გამქირავებელი წყვეტდა 2018 წლის 05 იანვრიდან და ამ თარიღში უნდა მომხდარიყო ქირავნობის საგნის გამოთავისუფლება და მესაკუთრისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.

 

(მტკიცებულება: შეტყობინება, საფოსტო დასტური, ს.ფ. 23-27)

 

3.2.4. სე----------------–--ას საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ნივთს, მდებარე: ქალაქი თბილისი, ივ------------–---–------------- დაზუსტებული ფართობი: 112.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი N---1----.00-.0-- - ფაქტობრივად ფლობს გი----------ე.

 

(მტკიცებულება: სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება - 2018 წლის 10 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 2-15, 39-48, 78-95)

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ მისი მხრიდან ადგილი არ აქვს ნივთის უკანონო მფლობელობას, ვინაიდან მხარეთა შორის გაგრძელდა ქირავნობის სახელშეკრულებო ურთიერთობა და შესაბამისად, მოპასუხე უფლებამოსილია განაგრძოს ნივთის ფლობა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის მასალები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მტკიცების ვალდებულების თანახმად, საქმეში მონაწილე პირებს აკისრიათ მათ მიერ მითითებულ გარემოებათა დამტკიცების მოვალეობა. აღნიშნულის შესაბამისად, მოსარჩელეს აკისრია ტვირთი დაადასტუროს ის ფაქტები, რომელთა გათვალისწინებითაც შესაძლებელია დადგინდეს საქმის დადებითად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები, ხოლო ამ ფაქტების დადასტურების შემდგომ კი მოპასუხეს წარმოეშვება ვალდებულება გააქარწყლოს მოსარჩელის მიერ მითითებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილება მიზნად ისახავს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენას, ვინაიდან მხოლოდ ფაქტების დადგენითაა შესაძლებელი კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის დარეგულირება, რომელიც კონკრეტულ იურიდიულ შედეგთანაა დაკავშირებული.

 

სადავო შემთხვევაში, მოპასუხე მიუთითებს, რომ იგი დღეის მდგომარეობით ფაქტობრივად აღარ ცხოვრობს სადავო მიწის ნაკვეთში, თუმცა მხარეთა განმარტებით დადგენილია, რომ ფართში განთავსებული არის მოპასუხის კუთვნილი საცხოვრებელი ვაგონი, მისი პირადი ნივთები და მოპასუხე უარს აცხადებს მათ გატანაზე. ამდენად, მოპასუხის მიერ კვლავაც ხდება ნივთის ფლობა. მოსარჩელე მხარე არ ადასტურებს მხარეთა შორის ქირავნობის სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელების ფაქტს მას შემდეგ, რაც მოპასუხეს ჩაბარდა შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტისა და ფართის გამოთავისუფლების შესახებ, ასევე მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ კვლავაც ხდება ნივთის ფლობა და იგი კვლავაც განაგრძობს ფართში ცხოვრებას. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გამქირავებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების ჩაბარების შემდგომ ქირის საფასურის გადახდისა და ქირავნობის სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია, რის გათვალისწინებითაც სახეზე არ არის ქირავნობის ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე მოპასუხის განმარტების გაზიარების საპროცესო-სამართებრივი საფუძველი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისაგან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 312-ე, 531-ე, 559-ე, 561-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმითა და სამოქალაქო კანონმდებლობით აღიარებული და დაცულია საკუთრების უფლება. საკუთრება წარმოადგენს პირის უფლებას თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მას, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება კანონსა და ზნეობის ნორმებს. დაუშვებელია პირს ფორმალურად ჰქონდეს საკუთრების უფლება და ფაქტობრივად ვერ სარგებლობდეს მისით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით აღძრული სარჩელი წარმოადგენს ვინდიკაციურ სარჩელს, რომლის საფუძველზეც მესაკუთრე უფლებამოსილია სხვისი უკანონო მფლობელობიდან გამოითხოვოს საკუთრება. ვინდიკაციური სარჩელის აღძვრა დასაშვებია იმ მოცემულობაში, როდესაც ილახება მესაკუთრის ნივთზე მფლობელობითი უფლება, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის სარგებლობაშია. მითითებული მოთხოვნით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მას არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მითითებულ

 

პირობათაგან რომელიმეს არარსებობა (დაუდასტურებლობა) გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელია მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებაში. საკუთრების რეგისტრაციის კანონიერების საკითხი მოპასუხეს, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სადავოდ არ გაუხდია და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად, ვიდრე საწინააღმდეგო არ დადასტურდება, მიიჩნევა ნამდვილად. ამასთან დადგენილია, რომ ქონება იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში და იგი მფლობელობის უფლებამოსილების საფუძვლად მიუთითებს მხარეთა შორის ქირავნობის სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელების ფაქტზე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 531-ე მუხლის თანახმად, ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 559-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ ქირავნობის ხელშეკრულების ვადა არ არის განსაზღვრული, ქირავნობის ურთიერთობა შეწყდება ხელშეკრულების მოშლის შესახებ განცხადების გაკეთებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 561-ე მუხლის შესაბამისად, ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის ვადა შეადგენს სამ თვეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმის გარემოებებიდან ან მხარეთა შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარებს.

 

სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2----–-–----------------–- გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში არსებობდა ქირავნობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. ხელშეკრულებით ქირავნობის ურთიერთობის ვადა გათვალისწინებული არ ყოფილა და მიიჩნევა განუსაზღვრელი ვადით დადებულად. 2----–-–----------------- დამქირავებელს ჩაბარდა წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების მოშლის თაობაზე, თუმცა მის მიერ დღემდე არ მომხდარა ქირავნობის საგნის მესაკუთრისათვის დაბრუნება. საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა ხელშეკრულების მოშლის თაობაზე შეტყობინების მიღების შემდგომ ქირავნობის ურთიერთობის გაგრძელების ფაქტი. აღნიშნულის გათვალისწინებით, მას შემდგომ, რაც ქირავნობის მოშლის თაობაზე გამოხატული ნება მიუვიდა ადრესატს და გავიდა კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულების მოშლის ვადა, ნივთი გი----------ესთან იმყოფება შესაბამისი უფლების გარეშე. ამდენად, ვინაიდან მოპასუხე მხარე ვერ მიუთითებს ქონების ფლობის უფლებამოსილების დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებაზე, სე----------------–--ას მოთხოვნა გი----------ის მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 60 ლარის ანაზღაურება.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მოსარჩელე სე----------------–--ას სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.1. მოპასუხე გი----------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს მოსარჩელის სე----------------–--ას სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ივ------------–---–------------- საკადასტრო კოდი N---1----.00-.0-- და მოპასუხეზე დროებით სარგებლობაში გადაცემული მიწის ნაკვეთი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს.

 

2. მოსარჩელე სე----------------–--ს დაუბრუნდეს 2----–-–----------------–- ხა--------------ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 120 (ასოცი) ლარიდან 60 (სამოცი) ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ს-----------------, სახაზინო კოდი 300 773 150, ბანკის კოდი TRESGE22, საგადასახადო დავალება №0.

 

3. მოპასუხე გი----------ეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 60 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი