გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.12.2018
საქმის ნომერი
330210118002558297
კატეგორია
დავის ტიპი
პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ
თარიღი
21.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/22022-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 დეკემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

 

მოსამართლე მაია გიგაური

სხდომის მდივანი ნინო კეკელიანი

 

მოსარჩელე: ა-----– ფ------–--ე

მოსარჩელის წარმომადგენლები: ს----- ჯ---------ე, ა---- გ-–-----–--

 

მოპასუხე: ა(ა)იპ ს----------–----------------------–-----------–--–ია

წარმომადგენელი: მ----- შ-----–--

 

დავის საგანი: საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე ა(ა)იპ ს----------–----------------------–-----------–--–იას დაევალოს „t------------ს“ მიმართ სინამდვილესთან შეუსაბამო და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის შესახებ ცნობის გამოქვეყნება იმავე ფორმითა და საშუალებით, როგორც მოხდა ამ განცხადების გამოქვეყნება, კერძოდ კი, ინტერნეტში, ვებგვერდზე - www.1----e .

სინამდვილესთან შეუსაბამო და საქმიანი რეპუტაციის ცნობის უარყოფის გამოქვეყნება მოხდეს შემდეგი ფორმით: „სიცრუეა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანიას ჯარიმის სახით 50 000 ლარამდე ოდენობით თანხის გადახდა დაეკისრა“. ასევე სიცრუეა, რომ „თუმცა მოგვიანებით, მხარეებს შორის გარიგება შედგა და ჯარიმის სანაცვლოდ, კომპანიამ სამართალმემკვიდრეს კონკრეტული თანხა გადაუხადა“.

 

მოსარჩელის განმარტებით, ა(ა)იპ ს----------–----------------------–-----------–--–ია ი--------- და თ----- გ--------–--ეების მემკვიდრეებს წარმოადგენდა საქმეზე, რომელიც ეხებოდა საავტორო უფლებებთან დაკავშირებულ დავას. კერძოდ, საქმე ეხებოდა „t------------ზე“ ლექსიკონის გამოყენების უფლებას. აღნიშნულ საქმეზე, 2017 წლის დეკემბერში დავა დასრულდა მორიგებით.

 

სარჩელში მითითებულია, რომ 2018 წლის 30 იანვარს, მოპასუხის სახელით, მისმა თავმჯდომარემ ბატონმა გ--- კ-----–--ემ საჯაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის საშუალებით მისცა ინტერვიუ, სადაც განაცხადა, რომ მოპასუხეს ჯარიმის სახით დაეკისრა თანხა 50 000 ლარის ოდენობით (იხ. ------------------------------------------------------------------------------------------).

 

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობისას, საავტორო უფლებებთან მიმართებით დაჯარიმების სამართლებრივი ბუნება არ არის გათვალისწინებული. შესაბამისად, მოპასუხემ შეგნებულად შეიყვანა შეცდომაში საზოგადოება, როდესაც აქცენტი გააკეთა ერთის მხრივ ასეთ ნეგატიურ ტერმინოლოგიაზე და მეორეს მხრივ, უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინა “t-----------”. ასეთი განცხადების გათვალისწინებით კი, მოსარჩელის მოსაზრებით, “t-----------”-ს ადგება ზიანი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ა(ა)იპ ს----------–----------------------–-----------–--–იის წარმომადგენელმა არ ცნო სარჩელი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

 

შესაგებელში მითითებულია, რომ სტატიის ავტორია გ------- უ----–--ე, რომელმაც საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელის მხრიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, წყაროზე დაყრდნობით შექმნა სტატია. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას, რის უარყოფასაც ითხოვს იგი, დაფუძნებულია რეალურ ფაქტებზე. ის, რომ კომპანიას 50 000 ლარის გადახდა დაეკისრა და მოგვიანებით მხარეთა შორის შედგა მორიგება, რის საფუძველზეც მემკვიდრეებს გარკვეული თანხა გადაუხადეს, გამომდინარეობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებიდან.

 

მოპასუხე ასევე განმარტავს, რომ სტატიაში სიტყვა ჯარიმის გამოყენება კომპენსაციის ნაცვლად, არის მხოლოდ ტერმინოლოგიური განსხვავება და არ იწვევს საკითხის განსხვავებულად აღქმას და არც ვინმეს საქმიან რეპუტაციას ლახავს. ჯარიმაც და კომპენსაციაც, ორივე წარმოადგენს დარღვევისთვის გარკვეული პასუხისმგებლობის სახეს და აქ მნიშვნელოვანია არა ტერმინოლოგია, არამედ ფაქტი, რომ გარკვეული თანხის გადახდა დაეკისრა კომპანიას არსებული დარღვევისთვის.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ვებ-გვერდის www.t ----------- მმართველი და მასზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელი პირია ა-----– ფ------–--ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სარჩელი, შესაგებელი;

- გადაწყვეტილება/3.2.1 პუნქტი (ს.ფ. 92-99);

 

3.1.2. 2018 წლის 30 იანვარს ვებ-გვერდზე www.1----e გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით „საავტორო უფლებები საქართველოში - რომელი კომპანია დაჯარიმდა 50 000 ლარით“. სტატიაში, რომლის ავტორიცაა გ------- უ----–--ე, მითითებულია, „რა მდგომარეობაა საქართველოში საავტორო უფლებათა დაცვის მიმართულებით, როგორია კანონმდებლობა და პროცედურები, ამის შესახებ პირველ არხთან საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე გ--- კ-----–--ე საუბრობს“.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით სტატიაში მოცემულია შემდეგი შინაარსის ტექსტი: „2017 წელს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქეისია დავა t------------ის ადმინისტრაციასთან. საიტი უნებართვოდ იყენებდა ი--------- გ--------–--ის ლექსიკონს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანიას ჯარიმის სახით 50 000 ლარამდე ოდენობის თანხის გადახდა დაეკისრა. თუმცა მოგვიანებით, მხარეებს შორის გარიგება შედგა და ჯარიმის სანაცვლოდ, კომპანიამ სამართალმემკვიდრეს კონკრეტული თანხა გადაუხადა.“

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ოქმი ფაქტების კონსტანტაციის შესახებ (ს.ფ. 19-35);

- ინტერვიუ (ს.ფ. 100-108).

 

3.1.3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით (საქმე №2/2296-15) დაკმაყოფილდა ს----------–----------------------–-----------–--–იის სარჩელი და ა-----– ფ------–--ეს მის ვებ-გვერდზე www.t ----------- თ----- და ი--------- გ--------–--ეების მიერ შედგენილი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის ნებართვის გარეშე რეპროდუცირების და საჯარო გადაცემისათვის დაეკისრა კომპენსაცია, გადასახდელი საავტორო ჰონორარის 5 000 ლარის ათმაგი ოდენობა - 50 000 ლარი, ს----------–----------------------–-----------–--–იისთვის, ი--------- და თ----- გ--------–--ეების მემკვიდრეების სასარგებლოდ.

 

ზემოაღნიშნულ სამოქალაქო დავაზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის განჩინებით (საქმე №2/ბ-1----2017) საქმის წარმოება შეწყდა მხარეთა მორიგების გამო. შეთანხმების შედეგად, ა-----– ფ------–--ის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრა 13 400 ლარით, ნაცვლად 50 000 ლარისა და ამავდროულად, დადგინდა, რომ მასვე ეკისრებოდა ვებ-გვერდზე განთავსებული რეკლამიდან მიღებული შემოსავლის 25%, არანაკლებ 300 ლარისა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 92-99);

- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება (ს.ფ. 37-43)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. პირველ არხთან საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე გ--- კ-----–--ის მიერ მიცემული ინტერვიუს ის ნაწილი, რომელიც შეეხება t------------ის ადმინისტრაციისთვის თანხის დაკისრებას ი--------- გ--------–--ის ლექსიკონის უნებართვოდ გამოყენების გამო (იხ. გადაწყვეტილების 3.1.2 პუნქტი), არის ფაქტი და არა შეფასებითი მსჯელობა.

 

სასამართლო ამ ტიპის დავების გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს უპირველესად განსაზღვროს, იყო ინტერვიუში გაჟღერებული და სადავოდ გამხდარი ტექსტი კონკრეტული ინფორმაციის შემცველი, თუ მისი ავტორი საუბრობდა მხოლოდ მის აზრსა და შეხედულებებზე.

 

ევროსასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში, მათ შორის საქმეზე Lingens vs. Austria განმარტა, შემდეგი: ფაქტების არსებობა შეიძლება დამტკიცებულ იქნეს, მაშინ როდესაც შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობა არ ექვემდებარება მტკიცებას.. რაც შეეხება შეფასებით მსჯელობას, ამ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია და იგი თავისთავად ხელყოფს შეხედულებების თავისუფლებას, რაც წარმოადგენს კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული უფლების ფუნდამენტურ ნაწილს.

 

მოცემულ დავაში, ინტერვიუს მიცემისას რესპონდენტის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ეყრდნობა სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომლის შინაარსიც ექვემდებარება გადამოწმებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, გ--- კ-----–--ის მიერ მიცემული ინტერვიუ სასამართლოს მიერ განხილულ იქნება როგორც კონკრეტული ფაქტის გავრცელება და უნდა მოხდეს იმის შეფასება, გაავრცელა თუ არა მან არსებითად მცდარი ფაქტი. სამსჯელოა ასევე, ინტერვიუში მისი სიტყვებია ციტირებული თუ სტატიის ავტორის მიერ მოხდა მიწოდებული ინფორმაციის გავრცელება მისეული ინტერპრეტაციით.

 

3.2.2. 2018 წლის 30 იანვარს ვებ-გვერდზე www.1----e გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემული ინფორმაცია არ შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ინტერვიუში მოცემულია ფაქტები და არა შეფასებითი მსჯელობა. სასამართლოს უპირველესად სურს აქცენტი გააკეთოს თავად ინტერვიუს შინაარსზე, კერძოდ კი იმ გარემოებაზე, რომ სტატია შედგენილია მისი ავტორის - გ------- უ----–--ის მიერ და არ დგინდება, რომ უშუალოდ გ--- კ-----–--ის ინტერვიუ არის ციტირებული. მეორეს მხრივ, საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე საუბრობს საქართველოში საავტორო უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ზოგადად და მათ შორის განიხილავს „t-----------”-ის საქმეს. ის, რომ სტატიის ავტორმა ინტერვიუ დაასათაურა შემდეგნაირად: „საავტორო უფლებები საქართველოში - რომელი კომპანია დაჯარიმდა 50 000 ლარით“, არის მისი, როგორც ჟურნალისტის წერის ტექნიკა და პრეროგატივა და მასზე პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს რესპოდენტს. სასამართლო იზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ ტერმინოლოგიურად „ჯარიმა“ იქნებოდა ნახსენები თუ „კომპენსაცია“, იმ ფაქტს, რომ თანხის გადახდა დაეკისრა “t-----------”-ის გ--------–--ეების ლექსიკონის გამოყენებისთვის, ვერ ცვლის.

 

რაც შეეხება სადავო ქეისთან დაკავშირებით მითითებულ ფაქტს - თანხის დაკისრების ნაწილში, არ არის არსებითად მცდარი. სასამართლომ მიუთითა წინამდებარე გადაწყვეტილებაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლებიც ადასტურებენ როგორც თავდაპირველად 50 000 ლარის დაკისრების, ისე შემდეგ გარიგების არსებობის ფაქტს. ამდენად, სასამართლოსთვის დაუსაბუთებელია მოსარჩელის პრეტენზია სტატიაში მოცემულ ინფორმაციასთან მიმართებაში, მით უფრო, ს----------–----------------------–-----------–--–იის წინააღმდეგ.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სახეზე არ გვაქვს განზრახ არსებითად მცდარი ფაქტის გავრცელება, სასამართლოს ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია შედავება, თითქოს ფაქტის გავრცელებამ ინფორმაციის ადრესატს მიაყენა ზიანი. მით უფრო, ზიანის დადასტურების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება და მან აღნიშნული ტვირთი ვერ შეასრულა ჯეროვნად. კერძოდ, მისი მხრიდან ვერ მოხდა არათუ დადასტურება, მითითებაც კი, რაში გამოიხატა მიყენებული ზიანი.

 

3.2.3. ა-----– ფ------–--ის სარჩელი ა(ა)იპ ს----------–----------------------–-----------–--–იის წინააღმდეგ ამავდროულად არის ხანდაზმული.

 

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მიხედვით, ცილისწამების შესახებ სარჩელი სასამართლოში წარდგენილი უნდა იქნეს 100 დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირი გაეცნო ამ შეეძლო რომ გაცნობოდა განცხადებას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ დავაში გამოყენებულ უნდა იქნეს ხანდაზმულობის სწორედ სპეციალური კანონით განსაზღვრული 100 დღიანი ვადა და არა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი. უდავოა, რომ სტატია 2018 წლის 30 იანვარს არის შედგენილი და სარჩელი აღძრულია 2018 წლის 24 ივლისს, ანუ ხანდაზმულობის ასდღიანი ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ წინამდებარე დავა არის ხანდაზმული, რაც ასევე გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი

”სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი, მე-4, მე-7, მე-13, მე-17, მე-19 მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი უზრუნველყოფს აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.

 

როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირთა რეპუტაციის დაცვის უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული უფლებაა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ ორივე უფლება - გამოხატვის თავისუფლებაც და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაც - თანაბარ დაცვას იმსახურებს. თუმცა, იმისათვის, რომ მე-8 მუხლით დაცული უფლების დარღვევა დადგინდეს, თავდასხმამ პირის რეპუტაციაზე სერიოზულობის განსაზღვრულ ხარისხს უნდა მიაღწიოს (Ärztekammer Fur Wien And Dorner v. Austria, no. 8895/10 , § 62, 16 February 2016).

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-10 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გამოხატვის თავისუფლება განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობისაგან. ამიტომ ის შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებსა და სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ამ პუნქტში მითითებული კანონიერი მიზნების მისაღწევად, რომელთაგან ერთ-ერთია სხვა პირთა რეპუტაციის დაცვა.

 

გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის „აუცილებლობის“ ძირითადი პრინციპები ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა მრავალ საქმეში. სასამართლო გამოხატვის თავისუფლებას მიიჩნევს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ საფუძვლად, მისი განვითარებისა და პიროვნების თვითრეალიზების მთავარ პირობად. ამ გადაწყვეტილებებში ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება არა მხოლოდ იმ „ინფორმაციისა“ და „იდეების“ მიმართ, რომლებიც კეთილგანწყობით მიიღება, არაშეურაცხმყოფელად არის მიჩნეული ან ინდიფერენტული დამოკიდებულების საგანია, არამედ იმათ მიმართაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაშფოთებელია.

 

ამიტომ, გამოხატვის თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა განსაზღვრული იყოს მკაცრად და მისი გამოყენების საჭიროება სარწმუნოდ უნდა იყოს დადასტურებული. შეზღუდვის გამოყენება უნდა იყოს „აუცილებელი“ დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვა პირთა რეპუტაციის დასაცავად. „აუცილებელი“ კი, სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“.

 

სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თითოეულ ადამიანს აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე; ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, მიუხედავად საზღვრებისა, მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ყველა სახის ინფორმაცია და მოსაზრებები ზეპირად, წერილობით ან პრესის მეშვეობით, ხელოვნების სახით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით საკუთარი არჩევანისამებრ.

 

საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა განსაკუთრებულ ვალდებულებებსა და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. შესაბამისად, იგი შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია მათ შორის სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის პატივისცემისათვის.

 

ამრიგად, როგორც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით, ისე ეროვნული კანონმდებლობით, აღიარებულია სიტყვისა და აზრის ნებისმიერი საშუალებით გამოხატვის თავისუფლება. განსხვავებით აზრის ქონის უფლებისაგან, რომლის შეზღუდვაც როგორც დაუშვებელი, ისე ობიექტურად შეუძლებელიც არის, მისი გამოხატვის თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის, სხვათა უფლებებისა და ღირსების დაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობის პირობებში. დაცულ უფლებაში ჩარევა გათვალისწინებულია „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც ცილისწამების შემთხვევაში სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვას ადგენს.

 

6.2. სარჩელის განხილვისა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით, უწინარესად სწორად უნდა განისაზღვროს თუ რა მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მოთხოვნა.

 

წარმოდგენილი სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელი, ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა. მოთხოვნისა და მის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილიდან, რომელიც თავის მხრივ, მიუთითებს სპეციალური „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით პირადი უფლების დაცვის შესაძლებლობაზე.

 

„სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს იმ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახეებს, რომელიც შეიძლება დაეკისროს პირს ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში.

 

კერძოდ, კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისთვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითაც მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს მიადგა ზიანი. ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ ცილისწამებასთან დაკავშირებით მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.

 

ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადჰყოფს, რომ სასამართლოს გზით პირის საქმიანი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების დაცვის განსახორციელებლად აუცილებელია კუმულატიურად არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1. არსებითად მცდარი ფაქტის (ფაქტების) გავრცელება; 2. გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობა; 3.განცხადების გავრცელების შედეგად პირისათვის ზიანის მიყენება.

 

კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადება არის ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გაანდო.

 

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. ამავე კანონის პირველი მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აბსოლუტური პრივილეგია განმარტებულია, როგორც კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო განთავისუფლება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადგინდეს ცილისწამების არსებობა, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია შეფასდეს, სადავო განცხადება და მასში გადმოცემული გამონათქვამები აზრის, შეხედულების გამოხატვაა, თუ დადასტურებადი ან უარყოფადი ფაქტების შემცველი ცნობის გავრცელება, რადგან აზრის გამოხატვა, მისი აბსოლუტური პრივილეგიით დაცულობის გათვალისწინებით, გამორიცხავს პირისათვის რაიმე სახის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას.

 

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს; ხოლო იმავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით ცილისწამებას წარმოადგენს არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით დაწესებული აზრისა და ფაქტის გამიჯვნის მინიმალური სტანდარტი, რომელიც ადგენს, რომ აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში (#ას-1477-1489-2011) განმარტა შემდეგი: „აზრში“ იგულისხმება ნებისმიერი შეფასებითი გამონათქვამი, რომელიც შედგება განსჯის, დამოკიდებულებისა და შეფასების ელემენტებისაგან, რომლის სისწორე თუ მცდარობა მთლიანად პირად წარმოდგენებზეა დამოკიდებული. ამდენად, აზრი პირის სუბიექტური დამოკიდებულება პიროვნულ შეფასებებს მოვლენისა თუ სიტუაციის შესახებ და იმის მტკიცებას, სიმართლეს შეესაბამება თუ მცდარია, არ ექვემდებარება. აზრის საწინააღმდეგოდ, „ფაქტში“ იგულისხმება ნამდვილი, რეალური ან არსებული გარემოებები და საგნები, რომლებიც ექვემდებარება მტკიცებულებებით დადასტურებას. გასათვალისწინებელია, რომ აზრები ფაქტებთან გარკვეული დამოკიდებულებით გამოითქმება, ანუ აზრი, როგორც წესი, ეყრდნობა ფაქტებს. ასეთ შემთხვევაში, აზრის დაყოფა შეხედულებად და ფაქტის გამოდმოცემად დაუშვებელია, რადგანაც მთლიანად გამონათქვამი აზრის თავისუფლების სფეროში ექცევა. ამავდროულად, აზრის თავისუფლებით აშკარად ცრუ ფაქტების ძირითადი უფლებით უზრუნველყოფილი დაცვა გამორიცხულია. კონსტიტუციით დაცული სფეროს ფარგლებში არ ხვდება ისეთი ფაქტები, რომელთა მცდარობის შესახებ კარგად იცის თავად გამომთქმელმა სუბიექტმა (შეგნებული სიცრუე) ან, რომელთა მცდარობა ცხადია მათი გამოთქმის მომენტში.

 

ამდენად, ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია განმცხადებლის მიერ ისეთი ფაქტების მითითება, რომელიც რეალობასთან ახლოა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური, და, რაც მთავარია, მისი დამტკიცება შესაძლებელია.

 

განსახილველ დავაში სასამართლომ დაადგინა, რომ სადავოდ გამხდარი ინტერვიუ შეიცავს კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაციას და არა მისი ავტორის პირად მოსაზრებებს. სასამართლო კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას თავად ინტერვიუს შინაარსსა და ხასიათზე, კერძოდ კი იმ გარემოებაზე, რომ ინტერვიუს ავტორი არის ჟურნალისტი, რომელსაც საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე გ--- კ-----–--ე ესაუბრა საქართველოში საავტორო უფლებების თაობაზე და განიხილა ასევე სადავო საქმე “t-----------”-სთან მიმართებაში. ინტერვიუში მოცემულია შემდეგი შინაარსის ტექსტი: „2017 წელს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქეისია დავა t------------ის ადმინისტრაციასთან. საიტი უნებართვოდ იყენებდა ი--------- გ--------–--ის ლექსიკონს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანიას ჯარიმის სახით 50 000 ლარამდე ოდენობის თანხის გადახდა დაეკისრა. თუმცა მოგვიანებით, მხარეებს შორის გარიგება შედგა და ჯარიმის სანაცვლოდ, კომპანიამ სამართალმემკვიდრეს კონკრეტული თანხა გადაუხადა.“

 

სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას, რომლის მიხედვითაც, ინტერვიუში სიტყვა „ჯარიმის“ ხსენება არ აყენებს ზიანს მოსარჩელე მხარეს, რამდენადაც, მასში მოცემული ინფორმაცია გამომდინარეობს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან. შესაბამისად, გავრცელებულ სადავო განცხადება სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს გამონათქვამების კონტექსტის გათვალისწინებით. ამასთან, რაც მთავარია, მათი შეფასებისა და ფაქტისა და თუ აზრის სტატუსის მინიჭებისათვის აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იქნეს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით დაწესებული აზრისა და ფაქტის გამიჯვნის სტანდარტი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტი, განსხვავებით აზრისგან, რეალური შედეგის გადმოცემას წარმოადგენს. მასში იგულისხმება რეალური გარემოებები ან/და საგნები, რომელთა მტკიცებულებით დადასტურება შესაძლებელია. საეჭვო ქმედება, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი მტკიცებულება/ინფორმაციის წყარო, არ ჩაითვლება უტყუარ ფაქტად. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელით სადავო განცხადების შინაარსი არ იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ მოპასუხეების მიერ გავრცელებული იქნა მცდარი ფაქტის შემცველი ინფორმაცია, რაც თავის მხრივ, ვერც ზიანის მომტანი იქნება მხარისათვის. ის, რომ თანხის გადახდა დაეკისრა t------------ს გ--------–--ეების მემკვიდრეთა სასარგებლოდ, არის ფაქტი და არის დადგენილი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რაც არ წარმოადგენს მცდარ ფაქტს. ამდენად, მხოლოდ სტატიის ავტორის მიერ სტატიისთვის სათაურის შერჩევის და მისი შინაარსის გადმოცემისთვის ვერ დააკისრებს პასუხისმგებლობას სასამართლო მხარეს. მით უფრო, რომ კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ცალსახად განსაზღვრავს, რომ ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შეზღუდვის ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ამ უფლებათა შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ სადავო განცხადებას არ გააჩნია ცილისწამებისათვის მაკვალიფიცირებელი ისეთი ძირითადი ნიშანი, როგორიცაა არსებითაც მცდარი ფაქტის გავრცელება და შესაბამისად, ვერც ზიანზე მოხდება მსჯელობა.

 

6.3. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მე-19 მუხლით, ცილისწამების შესახებ სარჩელი სასამართლოში წარდგენილი უნდა იქნეს 100 დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირი გაეცნო ამ შეეძლო რომ გაცნობოდა განცხადებას.

 

სასამართლომ აღნიშნულ საკითხზე იმსჯელა და დაადგინა, რომ სწორედ ხსენებული კანონით დადგენილი ხანდაზმულობის 100 დღიანი ვადა უნდა გავრცელდეს წინამდებარე დავის განხილვისას და რომ ხანდაზმულობის ვადის დარღვევით არის სარჩელი აღძრული სასამართლოში.

 

ამდენად, ყოველი ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და ხანდაზმულობის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. არ დაკმაყოფილდეს ა-----– ფ------–--ის სარჩელი ააიპ - ს----------–----------------------–-----------–--–იის მიმართ საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების უარყოფის მოთხოვნით;

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია გიგაური