გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.11.2018
საქმის ნომერი
330210018002369582
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
21.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/9081-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

მოსარჩელე სს ”თ-----------”

წარმომადგენელი სა-–-------–----–---–-

მოპასუხე ლა–-----–---–---–-

დავის საგანი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე

დავალიანების გადახდევინება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნაა:

 

1.1. მოპასუხე ლა–-----–---–--ლს მოსარჩელე სს ”თ-----------ს” სასარგებლოდ დაეკისროს:

1.1.1. 2016 წლის 13 იანვრის საბანკო კრედიტის N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 12 071.86 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 7 037.72 ლარი, სარგებელი - 1 229.70 ლარი, პირგასამტეხლო - 1000 ლარი და დაზღვევა - 16.98 ლარი;

1.1.2. 2018 წლის 28 თებერვლიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2016 წლის 13 იანვრის საბანკო კრედიტის N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 7 037.72 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური სარგებლის 14.5%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 85.03 ლარს;

2016 წლის 13 იანვარს ლა–-----–---–--ლს და სს ,,თ-----------” შორის დაიდო საბანკო კრედიტის N--------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 8 600 ლარის ოდენობით. კრედიტით სარგებლობის ვადად განისაზღვრა 1 463 დღე, 2020 წლის 15 იანვრამდე. კრედიტის წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 14.5%-ით. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისას ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20 ლარი და ამას დამატებული ძირითადი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით, ბანკის სასარგებლოს G----ში.

 

ლა–-----–---–--ლმა დაარღვია 2016 წლის 13 იანვრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2016 წლის 20 დეკემბრის შემდეგ გადახდა არ განუხორციელებია.

 

მსესხებლის მიერ აღნიშნული სესხის დასაფარად გადახდილია ჯამში 3 229.11 ლარი, საიდანაც დაიფარა სესხის ძირითადი თანხა - 1 562.28 ლარი, სარგებელი - 1 079.61 ლარი და პირგასამტეხლო - 587.22 ლარი.

 

2018 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით ლა–-----–---–--ლს 2016 წლის 13 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 12 071.86 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 7 037.72 ლარი, სარგებელი - 1 229.70 ლარი, პირგასამტეხლო - 3 787.46 ლარი და დაზღვევა - 16.98 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელის მოთხოვნები ცნო ნაწილობრივ და არ დაეთანხმა პირგასამტეხლოს ოდენობას. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 13 იანვარს სს "თ-----------ა" და ლა–-----–---–--ლს შორის დაიდო საბანკო კრედიტის N--------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 8 600 ლარის ოდენობით. კრედიტით სარგებლობის ვადად განისაზღვრა 1 463 დღე, 2020 წლის 15 იანვრამდე. კრედიტის წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 14.5%-ით. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით, ბანკის სასარგებლოს G----ში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №---------------;

- №--------------- პოლისი.

 

3.1.2. 2016 წლის 13 იანვრის ხელშეკრულებით გაცემული თანხა მსესხებელმა აითვისა და 2016 წლის 20 დეკემბრის შემდეგ გადახდა არ განუხორციელებია.

 

2018 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით ლა–-----–---–--ლს 2016 წლის 13 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 12 071.86 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 7 037.72 ლარი, სარგებელი - 1 229.70 ლარი, პირგასამტეხლო - 3 787.46 ლარი და დაზღვევა - 16.98 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- გადახდის გრაფიკი

- დავალიანების შესახებ ცნობა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2016 წლის 13 იანვრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისას ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20 ლარი და ამას დამატებული ძირითადი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №---------------;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „თ-----------ს” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 867-ე, 361-ე, 868-ე, 873-ე, 411-ე, 408-ე, 412-ე, 417-ე, 418-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია რომ მხარეებს სს "თ-----------ა” და ლა–-----–---–--ლს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ბანკმა იკისრა ვალდებულება კლიენტზე გაეცა სესხის თანხა შეთანხმებული ოდენობით, ხოლო ლა–-----–---–--ლმა იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში.

 

სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ცნო სარჩელი მის მიმართ დაყენებული მოთხოვნის შესაბამისად, დავალიანების ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.

 

6.3. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, რომლის გადაუხდელი ოდენობა შეადგენს 16.98 ლარს. ამ თანხის გადახდის ვალდებულება მოვალეს უნდა დაეკისროს კრედიტორის სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ.

 

6.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მოსარჩელე ითხოვს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე წლიური პროცენტის დაკისრებას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საკრედიტო ხელშეკრულებით საპროცენტო სარგებლის სახით დადგენილია წლიური 14.5%.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.

 

ამავე კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა ბანკს უფლებას აძლევს მოითხოვოს როგორც დამდგარი ზიანის, ისე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება. ამასთან, საყურადღებოა, ასეთ შემთხვევაში მიუღებელ შემოსავლად რა ჩაითვლება. სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლი ნათლად მიუთითებს, რომ ზიანის საზღაურში ჩაითვლება ის მოგება, რაც კრედიტის გამცემს თანხის სხვაგვარი გამოყენებით შეეძლო მიეღო.

 

სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისთვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების ერთი მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

 

ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი. ფულადი ვალდებულების შემთხვევაში, ასეთი ზიანის მოცულობას კანონი განსაზღვრავს მხარეთა მიერ შეთანხმებული პროცენტის ოდენობით, რომლის გადახდაც მოვალეს ეკისრება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულების შესრულებამდე. ყველა შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის საფუძველია ის დანაკლისი, რაც კრედიტორმა შეიძლება რეალურად განიცადოს ხელშეკრულების პირობათა შეუსრულებლობით. ზიანის ანაზღაურების აუცილებელ პირობას წარმოადგენს ზიანის რეალურად არსებობა, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს კრედიტით სარგებლოსათვის შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი, რაც შეიძლება მიეღო სს ”თ-----------” საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. სასამართლოს მიაჩნია, რომ წლიური საპროცენტო სარგებელი 14.5% არ აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების სტატისტიკური ანგარიშგების საფუძველზე გაანგარიშებულ წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთს.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მოვალის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო სს ”თ------------” ვერ მიიღო სარგებელი, რომლის ოდენობა უნდა განისაზღვროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული წლიური 14.5%-ით. შესაბამისად, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს მსესხებლისაგან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისად სარგებლის გადახდა.

 

დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ არ მომხდარა ვალდებულების შესრულება ჯეროვნად. მხარეთა მიერ შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთი შესაბამისობაშია საქართველოს ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების სტატისტიკური ანგარიშგების საფუძველზე გაანგარიშებულ წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთთან მიმართებაში და მოპასუხეს უნდა დაეკისროს მისი ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

დადგენილია, რომ მხარეებს სს ”თ-----------ა” და ლა–-----–---–--ლს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით შეთანხმებულია პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა და მოითხოვა მოპასუხეზე პირგასამტეხლოს სახით 1000 ლარის დაკისრება. აღნიშნული ოდენობა შესაბამისია ძირითადი ვალდებულების მოცულობასთან მიმართებაში და მოპასუხე ლა–-----–---–--ლს უნდა დაეკისროს მისი გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სს „თ-----------ს“ მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 122.35 ლარის გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს ბიუჯეტიდან სარჩელის ცნობის გამო, უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი 248.02 ლარის ოდენობით (7037.72+1229.70=8267.42ლარის 3%) და სასარჩელო მოთხოვნის შემცირების გამო, 83.62 ლარი, (3787.46-1000=2787.46 ლარის 3%) ჯამში, მოსარჩელისათვის დასაბრუნებელი სახელმწიფო ბაჟია 331.64 ლარი.

 

იმ მხარის წარმომადგენლობისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების მიზნით 500 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს ”თ-----------ს” სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე ლა–-----–---–--ლს მოსარჩელე სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ:

1.1.1 2016 წლის 13 იანვრის საბანკო კრედიტის N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხა - 7 037.72 ლარი, პროცენტი - 1 229.70 ლარი, ჯარიმა - 1000 ლარი და დაზღვევა - 16.98 ლარი.

1.1.2. 2018 წლის 28 თებერვლიდან 2016 წლის 13 იანვრის საბანკო კრედიტის N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 7 037.72 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური სარგებლის 14.5%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 85.03 ლარს.

2. დაეკისროს მოპასუხე ლა–-----–---–--ლს მოსარჩელე სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ 122.35 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად და 500 ლარის გადახდა იურიდიული მომსახურების ხარჯის ნაწილის ასანაზღაურებლად.

2.1. დაუბრუნდეს მოსარჩელე სს ”თ-----------” 2018 წლის 22 მარტს №-- საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 453.99 ლარიდან 331.64 ლარი.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მაკა ჭედია