გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.12.2018
საქმის ნომერი
330210018002294738
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
24.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/3724-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 დეკემბერი, 2018 წ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

სხდომის მდივანი მარიამ ჩიტოშვილი

მოსარჩელე - ევ------------

წარმომადგენელი - სა------------------–---–ი

მოპასუხეები - 1 - შპს „კა-------------------------ი“

დირექტორი - ივ----------------ე

2 - შპს „ფ---------“

3 - შპს „ტ--------–------

4 - შპს „კ----------------“

წარმომადგენელი - ვა---------------

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაეკისროთ მოპასუხეებს შპს „კა-------------------------ს“, შპს „ფო---------ს, შპს „ტ--------–-------ს და შპს „კა--------------ს“ სოლიდარულად მოსარჩელე ევ------------ს სასარგებლოდ 10 500 აშშ დოლარის გადახდა.

 

1.2. დაეკისროთ მოპასუხეებს შპს „კა-------------------------ს“, შპს „ფო---------ს, შპს „ტ--------–-------ს და შპს „კა--------------ს“ სოლიდარულად მოსარჩელე ევ------------ს სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება 11 837.28 აშშ დოლარის ოდენობით.

 

სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელე 1992 წლიდან წარმოადგენდა კომპანია „კა-------------------------ის“ წევრსა და პარტნიორს. 1994 წლის 06 დეკემბერს მოსარჩელეს გადაეცა დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდა, რომ იგი ფლობდა 150 000 რუბლის ექვივალენტ აქციებს, რაც პროცენტული ოდენობით შეადგენდა კომპანიის წილის 2.58%-ს. 1995 წლიდან მოსარჩელე საცხოვრებლად გადავიდა ა––-–- და მიიღო მოქალაქეობა, საქართველოში კი ჩამოვიდა 2017 წლის სექტემბერში. 1999 წლის 27 სექტემბერს მოსარჩელეს მიუვიდა კომპანიის წარმომადგენლის წერილი, რომლითაც შეატყობინეს კომპანიის მიერ 1----–-–------------------ ჩატარებული კრების შესახებ. მოსარჩელეს ეცნობა, რომ თუკი იგი თანხმობას განაცხადებდა კომპანიის წილის დატოვებაზე, სანაცვლოდ მას აუნაზღაურდებოდა 1998 წლის დივიდენდი და წილის ღირებულება. პირობაზე დათანხმების შემთხვევაში კი ასევე წერილობით უნდა დაედასტურებინა პასუხი იმავე წლის 30 სექტემბრამდე. როგორც მოგვიანებით გაირკვა, პარტნიორთა კრებაზე დადგინდა, რომ გაკეთებულიყო დამფუძნებელთათვის შეთავაზება 1999 წლის 01 ოქტომბრამდე, რომ თუკი ნებაყოფლობით დატოვებდნენ კომპანიის წილს, მიიღებდნენ შესაბამის კომპენსაციას. კომპენსაციის ოდენობა ითვალისწინებდა 1998-1999 წლების დივიდენდებს და შენატანისა და ქონების წილს. თანხის ასანაზღაურებლად კი უნდა მომხდარიყო კომპანიის აქტივების გასხვისება, რომ მომხდარიყო ვალდებულებათა დაფარვა.

 

კომპანიის წარმომადგენლისაგან მიღებული წერილის შესაბამისად, მოსარჩელემ იმავე დღეს - 1999 წლის 28 სექტემბერს, მიიღო მისი მეგობრის ალ-----------------–--ს წერილი, რომელიც ასევე წარმოადგენდა კომანიის პარტნიორს. წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ კომპანია გაკოტრების პირას იყო და დამფუძნებელთა რიგებიდან გასვლის შემთხვევაში, წილის კომპენსაციის სანაცვლოდ მიიღებდა 3-4 ათას აშშ დოლარს, როგორც ქონების წილს და წინა წლის დივიდენს 6 500 აშშ დოლარის ოდენობით. მოსარჩელემ, 1----–-–------------------ თარიღით შედგენილი წერილით თანხმობა განაცხადა კომპანიის დამფუძნებელთა რიგებიდან გასვლაზე, იმ პირობით, რომ მიიღებდა დივიდენდსა და ქონების ღირებულების წილს, ხოლო თუკი თანხის გადახდა მოხდებოდა 01 ნოემბრამდე, იგი მზად იყო შეემცირებინა მისაღები თანხა 10%-ით. ამავე წერილით მოითხოვა გადახდის ვადებისა და თანხის ოდენობის შესახებ დამატებით ინფორმირება. აღნიშნულ წერილზე კომპანიის პასუხი მოსარჩელეს აღარ მიუღია. მხარემ მოგვიანებით შეიტყო, რომ კომპანია თითქოს გაკოტრდა და ვერ მოხდებოდა თანხის გადახდა.

 

2017 წლის სექტემბერში მოსარჩელე ჩამოვიდა საქართველოში და შეხვდა თავის ძველ პარტნიორებსა და მეგობრებს, რომელთაგანაც შეიტყო, რომ კომანია არ გაკოტრებულა და დღესაც განაგრძობდა საქმიანობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან არ მომხდარა მოსარჩელისათვის თანხის გადახდა, მხარემ ითხოვა, რომ მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ 10 500 აშშ დოლარის გადახდა და ასევე დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება 11 837.28 აშშ დოლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეების წარმომადგენლებმა სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

 

მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია. ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაკავშირებულია მოთხოვნის წარმოშობის მომენტთან, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოსარჩელე წარმოადგენდა შპს-ს პარტნიორს, რაც გულისხმობს შესაძლებლობას, რომ პარტნიორმა მიიღოს საზოგადოებისაგან საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია. შესაბამისად, პარტნიორთა კრების იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც დადგინდა საზოგადოებიდან გამსვლელ პარტნიორთა წილის საფასურის ვადები, მოსარჩელეს უნდა სცოდნოდა გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე წლის განმავლობაში, მით უფრო, რომ მხარემ იცოდა მისაღები თანხების ოდენობის შესახებ. აღნიშნული კი დასტურდებოდა მის მიერ კომპანიის სახელზე გაგზავნილი წერილით, რომლითაც მოსარჩელემ დაადასტურა სურვილი საზოგადოების წევრობიდან გასვლის და წილის ღირებულებისა და დივიდენდის მიღების შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ 18 წლის განმავლობაში არ მოახდინა უფლების რეალიზება, სარჩელი უდავოდ ხანდაზმული იყო.

 

მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ 1999 წლიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდში შეიცვალა კომპანიის დამფუძნებლები, დირექტორები, რომლებიც არ არიან ინფორმირებულები სარჩელის შეტანამდე მასში მითითებული გარემოებების შესახებ. მოძიებული ინფორმაციით კი გაირკვა, რომ ყველა დამფუძნებელმა მიიღო კრების ოქმით განსაზღვრული წესით სათანადო ანაზღაურება და მათ შორის ანაზღაურება მიიღო ასევე მოსარჩელე მხარემაც.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს „კა-------------------------ი“ საბურთალოს რაიონის სასამართლოს მიერ რეგისტრირებულია 1----–-–---------------------- საიდენტიფიკაციო ნომრით: 2--------. საზოგადოების ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად დაფიქსირებულია ივ----------------ე, ხოლო საზოგადოების პარტნიორებს კი წარმოადგენენ თ-----------–---–------ 5%-იანი წილი, ნი-------------- 5%-იანი წილი, ნა--------------- 1.81%-იანი წილი, და-–------–----ე 1.41%-იანი წილი, ივ----------------ე, 45.3%-იანი წილი, იზ----–--–------ 37.86%-იანი წილი, ნ---- თ---------- 1.8--------–--–------------------------- 1.81%-იანი წილი.

 

(მტკიცებულება: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული)

 

იურიდიული პირების რეესტრიდან, ს.ფ. 21-23)

 

3.1.2. შპს „კა-------------------------ის“ პარტნიორთა 2----–-–------------ კრების ოქმით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საზოგადოებიდან სამი სუბიექტის - შპს „ტ--------–-------ის, შპს „ფო---------ისა და შპს „კ----------------ს“ გამოყოფის შესახებ, რომლის საფუძველზეც, სამეწარმეო რეესტრში განხორციელდა გამოყოფილი ახალი სამეწარმეო სუბიექტების რეგისტრაცია.

 

(მტკიცებულება: 2----–-–------------ პარტნიორთა კრების ოქმი, ს.ფ. 140-142, 143)

 

3.1.3. შპს „ტ--------–------ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებულია 2----–-–----------------- საიდენტიფიკაციო ნომრით: 4--------. საზოგადოების ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად დაფიქსირებულია ნი--------------, ხოლო საზოგადოების პარტნიორებს კი წარმოადგენენ თ-----------–---–------ 15%-იანი წილი, ნი-------------- 17.3%-იანი წილი, ნა--------------- 1.81%-იანი წილი, და-–------–----ე 5.41%-იანი წილი, ივ----------------ე 4%-იანი წილი, იზ----–--–------ 52.86%-იანი წილი, ნ---- თ---------- 1.8--------–--–------------------------- 1.81%-იანი წილი.

 

(მტკიცებულება: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ს.ფ. 142, 144)

 

3.1.4. შპს „კ----------------“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებულია 2----–-–----------------- საიდენტიფიკაციო ნომრით: 4--------- საზოგადოების ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად დაფიქსირებულია იზ----–--–------, ხოლო საზოგადოების პარტნიორებს კი წარმოადგენენ თ-----------–---–------ 15%-იანი წილი, ნი-------------- 17.3%-იანი წილი, ნა--------------- 1.81%-იანი წილი, და-–------–----ე 5.41%-იანი წილი, ივ----------------ე 4%-იანი წილი, იზ----–--–------ 52.86%-იანი წილი, ნ---- თ---------- 1.8--------–--–------------------------- 1.81%-იანი წილი.

 

(მტკიცებულება: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ს.ფ. 145-146)

 

3.1.5. შპს „ფ---------“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებულია 2----–-–----------------- საიდენტიფიკაციო ნომრით: 4--------- საზოგადოების ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად დაფიქსირებულია თ-----------–---–------, ხოლო საზოგადოების პარტნიორებს კი წარმოადგენენ თ-----------–---–------ 15%-იანი წილი, ნი-------------- 17.3%-იანი წილი, ნა--------------- 1.81%-იანი წილი, და-–------–----ე 5.41%-იანი წილი, ივ----------------ე 4%-იანი წილი, იზ----–--–------ 52.86%-იანი წილი, ნ---- თ---------- 1.8--------–--–------------------------- 1.81%-იანი წილი.

 

(მტკიცებულება: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ს.ფ. 144-148)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს „კა-------------------------ის“ 1----–-–------------------ წერილის, დამფუძნებელ ფიზიკურ პირთა სიის, სერტიფიკატების, საგადახდო დავალების და ორგანიზაციის1----–-–-- წესდების თანახმად დადგენილია, რომ ე-------–------------ი, წარმოადგენდა შპს „კა-------------------------ის“ დამფუძნებელ პარტნიორს, რომელსაც ეკუთვნოდა 150 000 რუბლის შენატანის სანაცვლოდ კომპანიის 2.58%-იანი წილი.

 

(მტკიცებულება: შპს „კა-------------------------ის“ 1----–-–------------------ წერილი, დამფუძნებელ ფიზიკურ პირთა სია, სერტიფიკატები, საგადახდო დავალება, წესდება, ს.ფ. 24, 26-32, 33-34, 35, 221-232)

 

3.2.2. შპს „კა-------------------------ის“ 1----–-–------------------ დამფუძნებელთა საგანგებო კრების ოქმის თანახმად, 1----–-–------------------ გაიმართა შპს „კა-------------------------ის“ დამფუძნებელთა კრება, რომელზე მიღებული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ვინაიდან კომპანიას გააჩნდა მძიმე ფინანსური სირთულეები და კომპანია ვერ ინარჩუნებდა ქმედითუნარიანობას დაეკმაყოფილებინა დამფუძნებელთა ინტერესები, დამფუძნებლები, რომლებიც 1999 წლის 1 ოქტომბრამდე წარადგენდნენ კომპანიაში განცხადებას დამფუძნებელთა შემადგენლობიდან გასვლის თაობაზე, მიიღებდნენ 1998 წლის დივიდენდებს, ასევე მოხდებოდა მათი წილის შესაბამისი შენატანისა და ქონების წილის უკან დაბრუნება. აღნიშნული კი უნდა განხორციელებულიყო 1999 წლის წლიური შედეგებიდან გამომდინარე შედგენილი წლიური ბალანსის მიხედვით, 1999 წლის წლიური ბალანსის ჩაბარებიდან ერთი წლის განავლობაში.

 

(მტკიცებულება: 1----–-–------------------ კრების ოქმი, ს.ფ. 233-236)

 

3.2.3. 1999 წლის 28 სექტემბერს ევ------------ა, რომელიც საცხოვრებლად გადავიდა ა––-–-, ფაქსით მიიღო შს „კა-------------------------ის“ გენერალური დირექტორის შეტყობინება კომპანიის დამფუძნებელთა საგანგებო კრების გამართვის შესახებ. ე------------ს ეცნობა კრების დადგენილების შესახებ, რომ 1----–-–------------------ გამართულ დამფუძნებელთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით დადგინდა ნებაყოფლობით დამფუძნებელთა რიცხვის შემცირება, რომ შენარჩუნებულიყო კომპანიის ქმედუნარიანობა. ის დამფუძნებლები, რომლებიც გამოხატავდნენ თანხმობას კომპანიის წილის დატოვების თაობაზე, მიიღებდნენ 1998 წლის დივიდენდებს და წილის ღირებულებას კომპანიის ქონებიდან 1999 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით. ამასთან, ე------------ს ეცნობა, რომ პასუხის თაობაზე შეტყობინება უნდა განხორციელებულიყო არაუგვიანეს 30 სექტემბრისა და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, განცხადება უნდა დათარიღებულიყო 1----–-–----------------- თარიღით.

 

(მტკიცებულება: შეტყობინება, ს.ფ. 39-41)

 

3.2.4. 1999 წლის 28 სექტემბერს ევ------------ა მიიღო შპს „კა-------------------------ის“ წევრის - ალ-----------------–--ს წერილი, რომლის თანახმადაც ეცნობა, რომ 01 ოქტომბრამდე დამფუძნებელთა რიგებიდან გასვლის შემთხვევაში, მოსარჩელე გარანტირებულად მიიღებდა სამი-ოთხი ათას აშშ დოლარს, როგორც ქონების წილს და წინა წლის დივიდენდს 6 500 აშშ დოლარის ოდენობით.

 

(მტკიცებულება: შეტყობინება, ს.ფ. 42-44)

 

3.2.5. 1----–-–------------------ თარიღით შედგენილი წერილით, ევ------------ა შპს „კა-------------------------ს“ გაუგზავნა შეტყობინება, რომლითაც თანხმობა განაცხადა დამფუძნებელთა რიგებიდან გასვლაზე და მოითხოვა 1998 წლის დივიდენდისა და „კა--------ში“ ქონების ღირებულების წილის ანაზღაურება 1999 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით. ევ------------ა კომპანიას დამატებით შეატყობინა, რომ თუკი 1998 წლის დივიდენდის გადახდა მოხდებოდა 1999 წლის 01 ნოემბრამდე, იგი თანახმა იყო მიეღო კუთვნილი თანხის 90%, ხოლო 10%-ის დათმობა მოხდებოდა უანგაროდ კომპანიის რესტრუქტურიზაციის შემსუბუქების მიზნით. ამავე წერილით ევ------------ა მოითხოვა ინფორმირება მიღებული გადაწყვეტილებით გადახდის ვადებისა და ოდენობის თაობაზე, იმავდროულად მიუთითა ანგარიშის რეკვიზიტები თანხის გადმოსარიცხად.

 

(მტკიცებულება: წერილი, ს.ფ. 45-47)

 

3.2.6. საქმეში წარმოდგენილი შპს „კა-------------------------ის“ დამფუძნებელთა მიერ წილის დათმობის შესახებ ხელშეკრულებებით დგინდება, რომ 2----–-–------------------------------ ირ---–-----------–---–------------------------------–------------------ს მიერ მოხდა კუთვნილი წილების დათმობა გი-------–-----ას სასარგებლოდ. კერძოდ, ირ---–-----------–---–ის მიერ დათმობილ იქნა 4.99%-იანი წილი (33 382 ლარი), დ---------------ს მიერ დათმობილ იქნა 4.99%-იანი წილი (33 382 ლარი) და ალ------------------ს მიერ დათმობილ იქნა 4.99%-იანი წილი (33 382 ლარი).

 

(მტკიცებულება: ხელშეკრულებები, ს.ფ. 237-239)

 

3.2.7. 2----–-–----------------- ქ. თბილისის ვ---------------–--- რაიონული სასამართლოს დადგენილებით განხორციელდა შპს „კა-------------------------ის“ ცვლილების რეგისტრაცია, რომლის თანახმადაც საზოგადოების პარტნიორებად დაფიქსირდნენ: გი-------–-----ა, 34.81%-იანი წილი; ავ--------–-–----------ე, 8.71%-იანი წილი; ნი----–--------------–---–ი, 8.71%-იანი წილი; ედ--------–---------, 8.71%-იანი წილი; გი---------------–---- 8.71%-იანი წილი; ჯე---–-------------- 8.71%-იანი წილი; ნი--------------, 8.71%-იანი წილი; თ-----------–---–------, 8.71%-იანი წილი; გ-------------ი, 1.07%-იანი წილი და სს „კა------------–-, 3.15%-იანი წილი. საზოგადოების გენერალურ დირექტორს წარმოადგენდა გი-------–-----ა.

 

(მტკიცებულება: დადგენილება, ს.ფ. 240-241)

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის განმარტებას სასარჩელო მოთხოვნით გათვალისწინებული თანხის გადახდისა და მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე. მოპასუხე მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის საზოგადოებიდან გასვლის სანაცვლოდ მისაღები დივიდენდისა და წილის კომპენსაციისათვის გათვალისწინებული თანხის გადახდის ფაქტს. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ საზოგადოების პარტნიორთა გადაწყვეტილებით დადგინდა წილის დათმობის შემთხვევაში დივიდენდისა და წილის კომპენსაციის ანაზღაურება, რაც მოპასუხე საზოგადოების მხრიდან არ განხორციელებულა. მოპასუხეს თანხის გადახდის ვალდებულება და მისი ოდენობა სადავოდ არ გაუხდია, მან მხოლოდ მიუთითა გონივრულ ვარაუდზე, რომ პარტნიორთა გადაწყვეტილებიდან სარჩელის სასამართლოში წარმოდგენამდე გასული ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მოსარჩელეს სავარაუდოდ მიღებული ექნებოდა დივიდენდი და საზოგადოებაში არსებული წილის დათმობის სანაცვლო კომპენსაცია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის მასალები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მტკიცების ვალდებულების თანახმად, საქმეში მონაწილე პირებს აკისრიათ მათ მიერ მითითებულ გარემოებათა დამტკიცების მოვალეობა. აღნიშნულის შესაბამისად, მოსარჩელეს აკისრია ტვირთი დაადასტუროს ის ფაქტები, რომელთა გათვალისწინებითაც შესაძლებელია დადგინდეს საქმის დადებითად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები, ხოლო ამ ფაქტების დადასტურების შემდგომ კი მოპასუხეს წარმოეშვება ვალდებულება გააქარწყლოს მოსარჩელის მიერ მითითებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილება მიზნად ისახავს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენას, ვინაიდან მხოლოდ ფაქტების დადგენითაა შესაძლებელი კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის დარეგულირება, რომელიც კონკრეტულ იურიდიულ შედეგთანაა დაკავშირებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულია მტკიცებულებათა სახეები, რომელთა გათვალისწინებითაც შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენა. ამასთან, არცერთ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა და არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შეფარდებით. საბოლოოდ მტკიცებულებათა შეფასება ხდება სასამართლოს მიერ, რომელთა გამოკვლევა უნდა მოხდეს სასამართლოს შინაგანი რწმენით, მათი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილისა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნით გათვალისწინებული თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, რისი ვალდებულებაც საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენდა მისი მოვალეობას. ასევე, დაუსაბუთებელია განმარტება მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მხარის მიერ არ მითითებულა და არც საქმის მასალებით არ დასტურდება, თუ რა თარიღიდან უნდა მოხდეს მოთხოვნის წარმოშობის ვადის ათვლა, რასთანაც დაკავშირებულია ხანდაზმულობის ვადის გასვლის შედეგად მოთხოვნის უფლების გაქარწყლება. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულების წარმოდგენა, რაც საფუძველი გახდებოდა მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გაზიარებისა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ მოსარჩელე ევ------------ს სარჩელი საფუძვლიანია დივიდენდისა და წილის კომპენსაციის სახით თანხის ანაზღაურების ნაწილში. შესაბამისად, სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს. ხოლო სარჩელი მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 329-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადება (ოფერტი) ითვლება შეთავაზებულად, თუ ამ წინადადებაში, რომელიც მიმართულია ერთი ან რამდენიმე პირისადმი, გამოხატულია, რომ წინადადების მიმცემი (ოფერენტი) თანხმობის (აქცეპტის) შემთხვევაში მზადაა შეასრულოს თავისი წინადადება.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე ევ------------ წარმოადგენდა შპს „კა-------------------------ის“ პარტნიორს, რომლის საკუთრებაშიც ირიცხებოდა 2.58%-იანი წილი. 1----–-–------------------ გამართული საზოგადოების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით დადგინდა შეთავაზების გაკეთება იმ პარტნიორთათვის, რომლებიც ნებაყოფლობით განაცხადებდნენ თანხმობას საზოგადოებიდან გასვლის შესახებ, სანაცვლოდ 1998 წლის დივიდენდისა და წილის

 

კომპენსაციის მიღების თაობაზე. აღნიშნული შეთავაზება 1999 წლის 28 სექტემბერს ფაქსის საშუალებით ჩაბარდა მოსარჩელე ე------------ს და განესაზღვრა ვადა შესაბამისი პასუხის (აქცეპტის) თაობაზე. მოსარჩელემ 1----–-–------------------ თარიღით შედგენილი პასუხით თანხმობა განაცხადა შეთავაზებაზე (ოფერტზე) და წერილით საზოგადოებას მოსთხოვა თანხის გადახდის ოდენობისა და ვადების შეტყობინების თაობაზე. საქმეზე გამოკვლეული გარემოებების შესაბამისად დადგენილია, რომ საზოგადოების მხრიდან მოსარჩელეს თანხის გადახდის ვადებისა და პირობების შესახებ რაიმე შეტყობინება არ ჩაბარებია.

 

ამდენად, მოსარჩელისათვის 1999 წლის 28 სექტემბერს მიღებული შეტყობინებით (ოფერტით), რომელზეც მხარემ 24 სექტემბრის შედგენილი წერილით თანხმობა (აქცეპტი) განაცხადა შეთავაზებაზე, საზოგადოებას წარმოეშვა მისთვის პარტნიორთა კრებით დადგენილი დივიდენდისა და წილის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება. საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს თანხის გადახდის (ვალდებულების შესრულების) რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მოპასუხეს ასევე სადავოდ არ გაუხდია სარჩელით გათვალისწინებული მისაღები დივიდენდისა და წილის კომპენსაციის ოდენობა, მან მხოლოდ სავარაუდოდ ვალდებულების შესრულების ფაქტსა და ხანდაზმულობაზე მიუთითა.

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი შეზღუდული პასუხისმგებლობის კაპიტალი დაყოფილია წილებად. წილი არის მიმოქცევადი უფლება.

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში შესაბამისად პარტნიორთა საერთო კრების ან აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წილური მოგებისა და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება.

 

სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ თავისი კუთვნილი წილის დათმობის სანაცვლოდ თანხმობა განაცხადა პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით დივიდენდისა და წილის კომპენსაციის მიღების თაობაზე. ამდენად, საზოგადოების პარტნიორმა - ევ------------ა, თავისი თანხმობით განახორციელა საზოგადოების პარტნიორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება, რომელიც გულისხმობს პარტნიორის საზოგადოებიდან ნებაყოფლობით გასლას, რის შესაბამისადაც მას წარმოეშვა დივიდენდისა და წილის კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუქნტის შესაბამისად, ამ კანონის მიხედვით პრეტენზიების ხანდაზმულობის ზოგადი ვადა არის ხუთი წელი, რომელიც აითვლება მათი წარმოშობიდან, თუ კანონი სხვა რამეს არ განსაზღვრავს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საზოგადოებას მოსარჩელე ევ------------ს წინაშე წარმოეშვა დივიდენდისა და წილის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება, მაგრამ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი. მოპასუხე მხარემ მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. მოპასუხის განმარტების საწინააღმდეგოდ, მოსარჩელემ განმარტა, რომ მხარეთა შორის არსებული მიმოწერით არ დგინდება კონკრეტული თარიღი და ვადა, რა პერიოდიდანაც მოსარჩელეს წარმოეშვა უფლება სასარჩელო პრეტენზია წარედგინა მოპასუხისათვის ვალდებულების შესრულებაზე.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელის სასამართლოში წარდგენისათვის გათვალისწინებული ვადა გულისხმობს ვადას, რომლის გასვლის შემდგომაც მოვალეს წარმოეშვება შესაძლებლობა უარი განაცხადოს ვალდებულების შესრულებაზე. თავის მხრივ, ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაკავშირებული არის მოთხოვნის წარმოშობის მომენტზე, როდესაც კრედიტორისათვის ცნობილია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დადასტურებულა ის ფაქტი, თუ რა პერიოდიდან წარმოეშვა მოპასუხეს მოსარჩელისათვის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით წილის დათმობის სანაცვლოდ დივიდენდისა და წილის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება. აღნიშნული ვერც მოპასუხე მხარის მიერ დადასტურდა, რის გათვალისწინებითაც მოსარჩელე უფლებამოსილია მოახდინოს თავისი უფლების რეალიზება და მოითხოვოს თანხის გადახდა. მოპასუხე მხარემ ვერ

 

დაადასტურა მისი უფლების წარმოშობის თარიღი, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის შესაბამისად, მიანიჭებდა მას შესაძლებლობას უარი განეცხადებინა თავისი ვალდებულების შესრულებაზე.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-144 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საწარმოს რეორგანიზაციის ერთ-ერთი სახეა გაყოფა (დაყოფა, გამოყოფა). ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საწარმო შეიძლება გაიყოს ორ ან ორზე მეტ საწარმოდ და მათ საქმიანობა გააგრძელონ, როგორც დამოუკიდებელმა საწარმოებმა, საკუთარი სამართლებრივი ფორმით. გაყოფის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება ითვალისწინებდეს გაყოფის შედეგად წარმოქმნილ საწარმოში ადრინდელი პარტნიორების წილობრივი მონაწილეობის შეცვლას. გაყოფის შედეგად წარმოქმნილი საწარმოები სოლიდარულად აგებენ პასუხს თავდაპირველი საწარმოს გაყოფამდე არსებული ვალდებულებებისათვის, ხოლო თავდაპირველი საწარმოს უფლებამონაცვლე საწარმო განისაზღვრება გაყოფის შესახებ გადაწყვეტილებით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „კა-------------------------ის“ 2----–-–------------ პარტნიორთა კრების ოქმით მოხდა საზოგადოებიდან შპს „ტ--------–-------ის, შპს „ფო---------ისა და შპს „კ----------------ს“ გამოყოფა, რომლის შესაბამისადაც სამეწარმეო რეესტრში შპს „კა-------------------------იდან“ გამოყოფილ სუბიექტებად დარეგისტრირდნენ შპს „ტ--------–------, შპს „ფ---------“ და შპს „კ----------------“. ამდენად, სახეზეა კანონის ძალით წარმოშობილი სოლიდარული ვალდებულება, რომლის გათვალისწინებითაც, მოსარჩელის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულება შპს „კა-------------------------თან“ ერთად უნდა დაეკისროთ გამოყოფილ საწარმოებს - შპს „ტ--------–-------ს, შპს „ფო---------ს და შპს „კა--------------ს“.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურებაზე მსჯელობისას, აუცილებელია ამ მოთხოვნის მქონე მხარემ მიუთითოს და უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაამტკიცოს მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგეს და მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანის წარმომშობი ვალდებულებისათვის არის გათვალისწინებული. ამდენად, მიუღებელი შემოსავალი, ისევე როგორც ზიანი, ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.

 

მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Nას- 459-438-2015, 07.10.2015წ.).

 

მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Nას-307-291-2011, 24.10.2011წ.).

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მოპასუხეთა მიერ მოსარჩელისათვის გადასახდელი თანხის კომერციულ ბანკებში განთავსების შემთხვევაში იგი მიიღებდა შემოსავალს 11 837.28 აშშ დოლარის ოდენობით, სასამართლოს არ მიაჩნია საკმარის სამართლებრივ საფუძვლად ზიანის ფაქტის უტყუარად დადასტურებისათვის.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ზიანის მიყენება, იქნება ეს პირდაპირ დამდგარი ზიანი თუ მიუღებელი შემოსავალი, უნდა ადასტუროს ამ მოთხოვნის მქონე პირმა და იმავდროულად უნდა ამტკიცოს და ადასტუროს კონკრეტული მტკიცებულებებით ზიანის ოდენობა და მისი მოცულობა. ვალდებულების შეუსრულებლობა, ზოგადად ზიანის მომტანია პირისათვის, რადგან თანხის მიღებაზე უფლებამოსილ პირს, ყოველთვის აქვს სარგებლის მიღების შესაძლებლობა, მაგრამ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას მოდავე მხარემ, კონკრეტული მტკიცებულებებით უნდა შეძლოს და დაადასტუროს მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. იმავდროულად, მიუღებელ შემოსავალზე მსჯელობისას, ზიანის სხვა კომპონენტებთან ერთად, აუცილებელია მოსარჩელის მიერ დადასტურდეს მოვალის წინასწარი მოლოდინი მისი მოქმედების შედეგად ზიანის მიყენების თაობაზე, მისი მოქმედების უშუალო კავშირი ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილ მიუღებელ სარგებელთან. ყოველივე აღნიშნული კი მოსარჩელის მიერ ვერ დადასტურდა. ამდენად, მხარის მოთხოვნა მოპასუხეთათვის მიუღებელი სარგებლის სახით 11 837.28 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 1 675 ლარის ოდენობით. ასევე, მოპასუხის მიერ წარმოდგენილია იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სახით 1 231.70 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელეს უნდა დაეკისროს შესაბამისი პროპორციით დაკმაყოფილებული სასარჩელო მთხოვნის ნაწილიში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურება, რაც შეადგენს 790 ლარს. დარჩენილი სხვაობა - 885 ლარის ოდენობით კი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. რაც შეეხება მოპასუხის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებას, მოსარჩელეს უნდა დაეკისროს მისი ანაზღაურება გონივრულ ფარგლებში - 500 ლარის ოდენობით, რა ნაწილშიც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მოსარჩელე ევ------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.1. დაეკისროთ მოპასუხეებს შპს „კა-------------------------ს“, შპს „ფო---------ს, შპს „ტ--------–-------სა და შპს „კა--------------ს“ სოლიდარულად მოსარჩელე ევ------------ს სასარგებლოდ 10 500 აშშ დოლარის გადახდა.

 

1.2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე ევ------------ს მოთხოვნა მოპასუხეებისათვის სოლიდარულად მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების 11 837.28 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ.

 

2. დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 790 ლარის გადახდა.

 

3. მოსარჩელე ევ------------ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 885 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. დაეკისროს მოსარჩელე ე------------ს მოპასუხე შპს „კა-------------------------ის“ სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯი 500 ლარის ოდენობით.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი