გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 2/6089-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 დეკემბერი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ელისო ტუკვაძე
სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი
მოსარჩელე : შპს „---------
შეგებებული სარჩელით მოპასუხე
წარმომადგენელი: ხ------ა ი----–---–ი
მოპასუხე: ს----------–----–---------------------------ო
შეგებებული სარჩელით მოსარჩელე
წარმომადგენლები: თ---------------------ე
დავის საგანი: პირგასამტეხლოს შემცირება
შეგებებული სარჩელის დავის საგანი: პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. 12.07.2017 წლის N5-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 30852,52 ლარის შემცირება 4114 ლარამდე;
1.2. 22.07.2017 წლის N5-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 18501,98 ლარის შემცირება 2467 ლარამდე.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ს----------–----–---------------------------ოსა და შპს „-------ს“ შორის 2017 წლის 12 ივლისს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N5--, რომლის თანახმად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში მოპასუხისთვის 337186 ლარის ღირებულების მიეწოდებინა უბნის ინსპექტორის ქურთუკები და კეპები. ხოლო 2017 წლის 22 ივლისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N5-- ხელშეკრულებით, მოსარჩელეს 62 კალენდარული დღის ვადაში მოპასუხისთვის უნდა მიეწოდებინა 198946 ლარის ღირებულების, უბნის ინსპექტორის შარვლები და ქვედაბოლოები. ორივე ხელშეკრულება ითვალისწინებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში საქონლის მიუწოდებლობისთვის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას, რაც შეადგენდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესყიდვის ობიექტის ღირებულების 0,5%-ს.
საქონლის შესაკერად ქსოვილის შეძენას შპს „--------- ჩინეთიდან, გუანდგდონგის პროვინციაში მდებარე ფაბრიკიდან ახდენდა. ვინაიდან აღნიშნულ პროვინციაში მოხდა ტაიფუნი, ფაბრიკამ 50 დღით შეაჩერა მუშაობა, რის გამოც დაგვიანდა ნედლეულის მოწოდება და მისი მიღება მოხერხა სექტემბრის ნაცვლად ნოემბრის თვეში.
აღიშნული დაბრკოლების გათვალისწინებით, შუამდგომლობის მიუხედავად შ-----------------------------მ ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ გააგრძელა და საქონლის ვადაგადაცილებით მიწოდების გამო დაარიცხა პირგასამტეხლო, N5-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 30852,52 ლარი, ხოლო N5-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 18501,98 ლარი.
დაკისრებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს, ვინაიდან ვალდებულების დარღვევა მოსარჩელის მიზეზით არ მომხდარა, ამასთან დარღვეულია მცირე ვადით.
2. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა
2.1. შპს „-------ისთვის“ 2017 წლის 12 ივლისის და 2017 წლის 22 ივლისის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს, ჯამში 23052,78 ლარის ს----------–----–---------------------------ოს სასარგებლოდ დაკისრება;
შეგებებული სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
შპს „-------ის“ მოთხოვნის საფუძველზე ორივე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ვადა გადაიწია 2017 წლის 25 ოქტომბრამდე. მიუხედავად ამისა, მიმწოდებელმა ორივე ხელშეკრულება შეასრულა დამატებით დაწესებული ვადის დარღვევით, თითოეულ შემთხვევაში 62-62 დღის დაგვიანებით და დაეკისრა N5-- ხელშეკრულების დარღვევისთვის - 31350,30 ლარის, ხოლო 5-- ხელშეკრულების დარღვევისთვის - 18501,98 ლარი.
ხელშეკრულებების დარღვევის გამო შემსყიდველმა მიიღო საბანკო გარანტიის თანხა, რაც N5-- ხელშეკრულებისთვის შეადგენდა 16860 ლარს, ხოლო N5-- ხელშეკრულებისთვის - 9947,5 ლარს.
ს----------–----–---------------------------ო, გათხოვილი გარანტიის თანხების გათვალისწინებით სრულად არ ითხოვს პირგასამტეხლოს და ითხოვს მხოლოდ ნაწილის დაკისრებას, N5-- ხელშეკრულების შემთხვევაში 14498,30 (31358,30-16860) ლარს, ხოლო N5-- ხელშეკრულებისთვის 8554,48 (18501,98-9947,5) ლარს. ჯამში პირგასამტეხლო შეადგენს 23052,78 ლარს.
3. მოპასუხის პოზიცია (პირვანდელ სარჩელზე)
3.1. ს----------–----–---------------------------ომ წერილობითი წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
არასწორი იყო მხარის მითითება, რომ შემსყიდველმა უარი განაცხადა ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე. შპს „-------მა“ 2017 წლის 3 ოქტომბერს წერილობით მიმართა სამინისტროს და აცნობა აგვისტოს თვეში სამხრეთ ჩინეთში მომხდარი ტაიფუნის შესახებ და ამის საფუძველზე ორივე ხელშეკრულებისთვის საქონლის მიწოდების ვადა 2017 წლის 25 ოქტომბრამდე გადაიწია. მიუხედავად ამისა, შპს „-------მა“ N5-- ხელშეკრულებით შეთანხმებული უბნის ინსპექტორის ქურთუკები და კეპები მიაწოდა 62 დღის დაგვიანებით, 2017 წლის 25 დეკემბერს და ასევე, N5-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული უბნის ინსპექტორის შარვლები და ქვედაბოლოები მიაწოდა 62 კალენდარული დღის დაგვიანებით, 2017 წლის 25 დეკემბერს.
არ იყო გასაზიარებელი შპს „-------ის“ მოთხოვნა პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით. მისი ოდენობა მხარეებს მიერ იყო შეთანხმებული და მიმწოდებელს გააზრებული ჰქონდა ის სამართლებრივი შედეგი, რასაც მის მიერ ვალდებულების დარღვევა გამოიწვევდა.
4. მოპასუხის პოზიცია (შეგებებულ სარჩელზე)
4.1. შპს „--------- სარჩელში მის მიერ მითითებულ ფარგლებში დაეთანხმა პირგასამტეხლოს გადახდას, რითაც შეგეგებებული სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ მოთხოვნილი დანარჩენი პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი.
5. ფაქტობრივი გარემოებები
5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
5.1.1. შპს „-------ს“ (მიმწოდებელი) და ს----------–----–---------------------------ოს (შემსყიდველი) შორის 2017 წლის 12 ივლისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება N5-- ხელშეკრულებისა და მისი N1 დანართის შესაბამისად, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა უბნის ინსპექტორების ქურთუკებისა და კეპების შესყიდვა, რაც შპს „-------ს“ უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 75 კალენდარული დღის განმავლობაში, 2017 წლის 26 სექტემბრამდე.
ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 337 186 ლარით, აქედან ქურთუკების ჯამური ღირებულება 291500 ლარით, ხოლო კეპების - 45686 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- N5-- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ;
- ხელშეკრულების დანართი N1
5.1.2. შპს „-------ს“ (მიმწოდებელი) და ს----------–----–---------------------------ოს (შემსყიდველი) შორის 2017 წლის 27 ივლისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება N5-- ხელშეკრულებისა და მისი N1 დანართის შესაბამისად, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა უბნის ინსპექტორების შარვლებისა და ქვედაბოლოების შესყიდვა, რაც შპს „-------ს“ უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში, 2017 წლის 26 სექტემბრამდე.
ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 198 946 ლარით, აქედან შარვლების ჯამური ღირებულება - 189880 ლარით, ხოლო ქვედაბოლოების - 9066 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- N5-- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ;
- ხელშეკრულების დანართი N1
5.1.3. ორივე ხელშეკრულების მე-11 პუნქტით განისაზღვრა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დარიცხვის წესი, რომლის 11.4 ქვეპუნქტის თანახმად, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობებს ვერ შეასრულებს (შესრულების ვადა, ხარისხი) ან/და დაარღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს, შემსყიდველი უფლებამოსილია: ბ) ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დააკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,15%-ის ოდენობით (ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან).
გარდა ზემოაღნიშნულისა, ხელშეკრულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით შპს „-------ის“ მიერ შემსყიდველის სასარგებლოდ 2017 წლის 10 ივლისს და 2017 წლის 25 ივლისს წარდგენილი იქნა სს „ს--------------------------–----ის“ საბანკო გარანტია. საბანკო გარანტია გაიცა ერთ ხელშეკრულებაზე 9947,5 ლარის უპირობო ანაზღაურებაზე, ხოლო მეორე ხელშეკრულებაზე 16 860 ლარის უპირობო ანაზღაურებაზე, თუკი პრინციპალი (შპს ნიტექსი) არ შეასრულებდა ბენეფიციართან გაფორებული სახელმწიფო შესწყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. ნაკისრი ვალდებულების შინაარსი შეიცავდა როგორც საქონლის მიწოდების ვალდებულებას ასევე მიწოდებას კონკრეტულ ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N5-- და N5-- ხელშეკრულებები;
- 25.07.2017 წლის საბანკო გარანტია N B------------;
- 10.07.2017 წლის საბანკო გარანტია N B------------.
5.1.4. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საქონლის შესაკერად შპს „--------- ნედლეულის მიღებას ახდენდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, გუანგდონგის პროვინციაში მდებარე ფაბრიკიდან, მასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში.
2017 წლის აგვისტოს თვეში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხრეთ ნაწილში, გუანგდონგის პროვინციაში მომხდარი შტორმის, ტაიფუნის გამო ფაბრიკამ სამი კვირით შეაჩერა მუშაობა, რის გამოც დროულად ვერ შეძლეს შპს „-------ისთვის“ საჭირო ნედლეულის წარმოება. მოსარჩელის განცხადების საფუძველზე მოპასუხემ გაუგრძელა ხელშეკრულების შესრულების ვადა, თუმცა საბოლოო ვადაშიც ვერ მიაწოდა მოსარცელემ მოპასუხეს საქონელი და დაირღვა ვადები 62 დღით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- გუანგდონგის მთავრობის დადგენილება;
- ფაბრიკის წერილი;
5.1.5. სახელმწიფო შესყიდვის ორივე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოსარჩელის მიერ ნაწილობრივ დაირღვა, კერძოდ: ერთ შემთხვევაში 198 946 ლარის საერთო ღირებულების პროდუქციიდან პროდუქციის ნაწილი - 18 800 ლარის ღირებულების და მეორე შემთხვევაში 337 186 ლარის საერთო ღირებულების პროდუქციიდან პროდუქციის ნაწილი - 74250 ლარის ღირებულების შპს „-------მა“ ს----------–----–---------------------------ოს მიაწოდა 62 დღის დაგვიანებით, 2015 წლის 25 დეკემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 25.12.2017 წლის მიღება-ჩაბარების აქტები.
5.1.6. ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულების გამო შპს „-------ზე“ დაანგარიშებული პირგასამტეხლო N5-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხელშეკრულების საერთო ღირებულების - 337186 ლარის 0,15%, 62 დღეზე შეადგენს 31358,30 ლარს და N5-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხელშეკრულების საერთო ღირებულების - 198946 ლარის 0,15%, 62 დღეზე შეადგენს 18501,98 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2017 წლის 17 ივლისის და 2017 წლის 27 ივლისის ხელშეკრულებები;
5.1.7. ს----------–----–---------------------------ოს მიერ ასევე გამოთხოვილი იქნა საბანკო გარანტიის თანხები: N5-- ხელშეკრულებაზე - 16860 ლარი და N5-- ხელშეკრულებაზე - 9947,5 ლარი.
შეგებებული სარჩელით პირგასამტეხლოს მოთხოვნისას ს----------–----–---------------------------ოს მხრიდან გათვალისწინებული იქნა უკვე გამოთხოვილი საბანკო გარანტიის თანხები და პირგასამტეხლოს სახით 2017 წლის 12 ივლისის ხელშეკრულებაზე მოთხოვილ იქნა 14498,3 (31358,30-16860) ლარი, ხოლო 2017 წლის 27 ივლისის ხელშეკრულებაზე - 8554,48 (18501,98-9947,5) ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოპასუხის ახსნა-განმარტება;
- 11.01.2018 წლის და 13.03.2018 წლის წერილები;
- შეგებებული სარჩელი.
5.1.8. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ 2016 წლის 29 სექტემბერს გაიცა რეკომენდაცია პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე, სადაც შემსყიდველ ორგანიზაციებს მიეცათ რეკომენდაცია ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისთვის (მათ შორის, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების დროს) პირგასამტეხლოს განესაზღვრათ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0,02%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის N306 დადგენილება;
- 29.06.2016 წლის რეკომენდაცია.
5.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
5.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სადავო გარემოებები საქმეში წარმოდგენილი არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „-------ის“ სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ს----------–----–---------------------------ოს შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2017 წლის 12 ივლისის ხელშეკრულებით და მისი დანართით ს----------–----–---------------------------ო და შპს „--------- შეთანხმდნენ, რომ შპს „--------- შემსყიდველს მიაწვდიდა უბნის ინსპექტორის ქურთუკებსა და კეპებს, ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 კალენდარული დღის ვადაში. ხოლო 2017 წლის 27 ივლისის ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ უბნის ინსპექტორის შარლვებსა და ქვედაბოლოებს მიაწვდიდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში. მიუხედავად მიწოდების ვადის 2017 წლის 25 ოქტომბრამდე გადაწევისა პროდუქციის ნაწილის მიწოდება შპს „-------მა“ ვადაგადაცილებით, 2017 წლის 25 დეკემბერ განახორციელა. ამასთან, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადის დარღვევით შესრულება საპატიო მიზეზით არ იყო გამოწვეული.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლოს დაკისრების დროს სასამართლო ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს, ასევე ყურადღებას მიაქცევს დარღვევის შინაარსს და დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული
სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს დაკისრებაზე, რაც დაუკავშირეს ხელშეკრულების მთლიან ღირებულებას და შეადგენს ერთ შემთხვევაში 337186 ლარის 0,15%-ს 31358,30 ლარს და მეორე შემთხვევაში - 198946 ლარის 0,15% -ს 18501,98 ლარს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხელშეკრულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, შპს „-------მა“ გადააცილა ორივე ხელშეკრულებით არა მთლიანი საქონლის მიწოდების ვადას, არამედ მხოლოდ ნაწილის. ერთ შემთხვევაში მთლიანი მისაწოდებელი საქონლის მხოლოდ მეთორმეტედ ნაწილში, მეორე შემთხვევაში მთლიანი მისაწოდებელი საქონლის მხოლოდ მეოთხედ ნაწილში და ვადაგადაცილება შეადგენს თითოეულ ხელშეკრულებაზე დაახლოებით 62 დღეს. ამასთან, ვადის გადაცილება გამოწვეული იყო ჩინეთში, გუანგდონგის პროვინციაში მომხდარი შტორმის, ტაიფუნის გამო, რისთვისაც კრედიტორმა მოვალეს მოვალის თხოვნის საფუძველზე განუსაზღვრა დამატებითი ვადა, თუმცა დამატებით განსაზღვრულ დროშიც შეფერხდა ნედლეულის მიღება. აღნიშნული გარემოება გასათვალისწინებელია შპს „-------ის“ ბრალის ხარისხთან მიმართებაში, სახეზე არ არის უხეში დაუდევრობა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოთხოვნა უზრუნველყოფილი იყო როგორც საბანკო გარანტიით, ასევე პირგასამტეხლოს ანაზღაურებით. საბანკო გარანტიაც და პირგასამტეხლოს შემსყიდველის მხრიდან გამოყენებულია საქონლის განსაზღვრულ ვადაში შესრულების ვალდებულების დარღვევის გამო.
ორივე საბანკო გარანტიით ვალდებულების დარღვევის გამო მოთხოვნა გამოსახული იყო კონკრეტულ თანხებში, რაც უზრუნველყოფდა შინაარსობრივად ხელშეკრულების ვადაში შესრულების ვალდებულების დარღვევის გამო კრედიტორისთვის ზიანის ანაზღაურებას. თავის მხრივ პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულებაც არის მინიმალური ზიანის ანაზღაურება და პრევენცია.
სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ პირგასამტეხლოს გაანგარიშების პრინციპი მხარეთა შორის შეთანხმებული იყო ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, ხოლო მოსარჩელემ შესრულების ვადა საერთო ღირებულების ნაწილზე დაარღვია. ასევე აღნიშნული ვალდებულების დარღვევის გამო კრედიტორმა გაითხოვა საბანკო გარანტიის თანხა და ვალდებულების დარღვევა ეხება არა მთლიან ღირებულებას, არამედ მხოლოდ ნაწილს და მისი ხანგრძლივობაც არის მხოლოდ 2 თვე, აღნიშNულიდან გამომდინარე, შპს „-------ის“ სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ:
ორივე ხელშეკრულებიდან მთლიანობაში ვალდებულება დაირღვა 93050 (18800+74250) ლარის ღირებულების საქონლის მიწოდების ნაწილში. ორივე ხელშეკრულების ვადაში შეუსრულებლობის გამო გათხოვილი იქნა საბანკო გარანტიის თანხა, რაც ერთობლიობაში შეადგენს 26807,5 (9948,5+16860) ლარს. შეგებებული სარჩელი ს----------–----–---------------------------ო ითხოვს ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული პირგასამტეხლოს 23052,78 (14498,3+8554,48) ლარს, მოპასუხემ თავად განაცხადა უარი დარიცხული პირგასამტეხლოს სრულად მოთხოვნაზე თავად შეამცირა პირგასამტეხლო, ხოლო შპს „--------- ითხოვს ორივე ხელშეკრულებიდან პირგასამტეხლო განისაზღვროს ჯამში 6581 (4114+2467) ლარით. ამდენად, შპს „--------- 6581 ლარის ნაწილში ცნობს შეგებებულ სარჩელს, რაც ვადაგადაცილებული ვალდებულების მოცულობის, ვადაგადაცილების პერიოდის და უკვე საბანკო გარანტიით ანაზღაურებული თანხის ოდენობის გათვალისწინებით სასამართლოს გონივრულ ოდენობად მიაჩნია. შპს „-------ის“ მოთხოვნა პირგასამტეხლოს 0,15%-იდან 0,02%-მდე შემცირების შესახებ ემყარება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციას, სადაც შემსყიდველ ორგანიზაციებს მიეცათ რეკომენდაცია მათ შორის ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების დროს პირგასამტეხლო განსაზღვრონ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0,02%-ით.
ამდენად, საფუძვლიანია შპს „-------ის“ მოთხოვნა და პირგასამტეხლოს ოდენობა ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯამში უნდა განისაზღვროს 6581 ლარით. შესაბამისად, შეგებებული სარჩელიც უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ 6581 ლარის დაკისრების ნაწილში.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
9. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ს----------–----–---------------------------ო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
სარჩელის აღძვრისას დავის საგნის ფასი განისაზღვრა 42773,50 ლარით და გადახდილია სახელმწიფო ბაჟი1284 ლარი. შეგებებული სარჩელის აღძვრის შემდგომ, ს----------–----–---------------------------ოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების საფუძველზე ძირითად სარჩელზე დავის საგნის ფასი დავის გადაწყვეტის დროისთვის უნდა განისაზღვროს 16472,78 ლარით (23052,78-6581), ვინაიდან 23052,78 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრებაზე წაუყენა კრედიტორმა მოვალეს პრეტენზია, ხოლო მოვალე ითხოვდა პირგასამტეხლოს განსაზღვრას ორივე ხელშეკრულებიდან 6581 ლარის ფარგლებში, შესაბამისად შემცირება ეხება 16471,78 ლარის პირგასამტეხლოს მოთხოვნას. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სახელმწიფო ბაჟი ძირითად სარჩელზე საბოლოოდ განსაზღვრული დავის საგნის ფასის მიხედვით შეადგენს 494,15 ლარს და შპს „-------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 789,85 ლარი, ხოლო ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლით ს----------–----–---------------------------ოს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 494,15 ლარის ანაზღაურება.
რაც შეეხება შეგებებულ სარჩელზე ასანაზღაურებელ სახელმწიფო ბაჟს, ვინაიდან შპს „--------- ცნობს ს----------–----–---------------------------ოს მოთხოვნას ნაწილობრივ, 6581 ლარის ნაწილში, რა ნაწილშიც დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი, შპს „--------- უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „-------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2017 წლის 12 ივლისის N5-- და 2017 წლის 27 ივლისის N5-- ხელშეკრულებებიდან გამომდინარე გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს ჯამში 6581 ლარით;
3. ს----------–----–---------------------------ოს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. შპს „-------ს“ ს----------–----–---------------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს ჯამში 6581 ლარის გადახდა, ხოლო დამატებით პირგასამტეხლოს სახით 16 471,78 ლარის დაკისრებაზე ს----------–----–---------------------------ოს უნდა ეთქვას უარი;
5. ს----------–----–---------------------------ოს შპს „-------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 494,15 ლარი;
6. შპს „-------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 789,85 ლარი, რაც სს „თიბისი ბანკის“ 2--------- წლის #0 საგადასახადო დავალებით ჩარიცხულია ანგარიშზე სახაზინო კოდი 300773150;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ელისო ტუკვაძე