გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.12.2018
საქმის ნომერი
080210118002396837
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
04.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210118002396837

საქმე #2/1236-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

04.12.2018 წ. ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - ლ-------------ე;

წარმომადგენელი- ს----------------ე;

მოპასუხეები - მ----------------ე, გ-----–-----ი, შპს „ბ---------„;

წარმომადგენელი- დ--------–-----ი, თ---------------–--ე;

დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გათავისუფლდეს ყადაღისაგან ლ-------------ის პირადი ნივთები, სამი ცალი მაგიდა, 16 ცალი სკამი, კონდენციონერი Kelon 24-BTUდა კონდენციონერი Kelon 48-BTU.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებას: სამოქალაქო დავის საქმეზე მოსარჩელე მ----------------ის და გ-----–-----ის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ქუთისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის განჩინებით დაყადაღებული იქნა შპს ბ---------ის საკუთრებაში არსებულ ქონება, რომელიც განთავსებული იყო ქ. ქუთაისში, პ--–----------------ში. შპს ბ---------ის ქონებასთან ერთად დაყადაღებული იქნა მის საკუთრებაში არსებული ნივთები კერძოდ მაგიდა 3 ცალი, 16 ცალი სკამი, კარესეტული ტიპის 2 კონდიციონერი კელონის ფირმის. აღნიშნული ქონება არის მისი საკუთრება და შეძენილია პირადი სახსრებით. (იხ. სარჩელი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს „ბ---------„-ის დირექტორმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო. განმარტა, რომ სარჩელში მითითებული ნივთები არ წარმოადგენს შპს „ბ---------„-ის საკუთრებას. არ არის შპს-ს ბალანსზე აღრიცხული. ქონება ლ-------------ის მიერ იქნა შეძენილი.

 

2.2. მოპასუხე მ----------------ემ და გ-----–-----მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 2014 წლის 04 დეკემბერს, გ-----–-----ს და შპს „ბ---------„ შორის დაიდო ხელშეკრულება. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხდნენ იჯარის თანხის ოდენობაზე. ფართი შპს „ბ---------მა„ გაარემონტა ამიტომ პირველი ოთხი თვის ქირა არ გადაუხდია; 2014 წლის 04 დეკემბრის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოიჯარის მიერ შეძენილი ქონება- ინვენტარი აღჭურვილობა, ტექნიკა, ავეჯი, დანადგარები, მოძრავი ქონება და დემონტაჟს დაქვემდებარებული ქონება ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ან ვადამდე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში დარჩებოდა მოიჯარის მფლობელობაში. შეთანხმების თანახმად, სადავო ქონება არის შპს ბ---------ის ქონება. ლ-------------ე არის შპს „ბ---------„-ის ერთ ერთი დამფუძნებელი და 50%-იანი წილის მესაკუთრე. სადავო ნივთები მოსარჩელე მხარის მიერ საწარმოს კაპიტალში იქნა შეტანილი, რადგან ნივთები სამეწარმეო საქმიანობისთვის იყო განკუთვნილი. თუ სადავო ქონება შპს ბ---------ის საკუთრებას არ წარმოადგენს და შპს მხოლოდ სარგებლობდა ამ ქონებით, ასეთ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ქონების სარგებლობისათვის შპს-ს მიერ თანხის გადახდას. შპს „ბ---------„ თავისი ქონებით და შემოსავლით არ შეუძენია ეს ქონება, თუმცა ქონებას შპს „ბ---------ი„ სარგებლობდა და აქედან გამომდინარე მის საკუთრებას წარმოადგენს. აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული იქნა შპს „ბ---------ი„-ს ქონება და არა ლ-------------ის ქონება. ამასთან, მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტს ხელს აწერს შპს ბ---------ის დირექტორი და მას შენიშვნის გრაფაში არ განუცხადებია, რომ ქონება შპს-ს საკუთრებას არ წარმოადგენდა. (იხ. შესაგებელი, 08.08.2018წ სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 04 დეკემბერს გ-----–-----ს და შპს „ბ---------„ შორის გაფორმდა ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე დამქირავებლის დროებით სარგებლობაში გადავიდა ქ. ქუთაისში, ალ.პ--–----------------ში მდებარე შენობის მხოლოდ 117.,60 კვმ სამეურნეო ფართი, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მინიზთ. ხელშეკრულება დადებული იქნა 2020 წლის 04 დეკემბრის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- 2014 წლის 04 დეკემბრის ხელშეკრულება.

 

3.1.2. 2014 წლის 04 დეკემბერს გ-----–-----ს და შპს „ბ---------„ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ: გ-----–-----ს და შპს ბ--------- შორის 2014 წლის 04 დეკემბერს დადებულ ხელშეკრულებაში ნაცვლად „გამქირავებლისა„ მიეთითა „მეიჯარე„, ნაცვლად „დამქირავებლისა„ მიეთითა „მოიჯარე„, ნაცვლად მეიჯარე „გ-----–-----ი„, მიეთითა „მა---------------ე„. 2015 წლის 09 სექტემბრიდან მხარეებად იწოდებიან მეიჯარე „მ----------------ე„ და მოიჯარე „შპს „კ---------- ბ---------ი„. შეთანხმებით შეიცვალა ხელშეკრულების 7.4. და 7.5. პუნქტები და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: მოიჯარის მიერ შეძენილი ქონება- ინვენტარი: აღჭურვილობა, ტექნიკა, ავეჯი, დანადგარები, მოძრავი ქონება და დემონტაჟს დაქვემდებარებული ქონება ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ან ვადამდე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში დარჩეს მოიჯარის მფლობელობაში და სურვლისამებრ მოახდინოს მისი დემონტაჟი და სასურველ ადგილას გადატანა. მეიჯარეს არ აქვს არანაირი კანონიერი უფლება მოიჯარის მიერ შეძენილ მოძრავი და დემონტაჟს დაქვემდებარებული ქონების საკუთრებაში მფლობელობაზე. ხელშეკრულებაში შევიდა ასევე სხვა ცვლილებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- შეთანხმება 2014 წლის 04 დეკემბრის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

 

3.1.3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის განჩინებით მოსარჩელე გ-----–-----ის და მ----------------ის სარჩელის უზრუნველყოფი მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე შპს „ბ---------„-ის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ქონებას სრულად (მათ შორის: ინვენტარი, აღჭურვილობა, ტექნიკა, ავეჯი, სხვა მოძრავი ქონება და დემონტაჟს დაქვემდებარებული ქონება), რომელიც განთავსებულია იჯარის ფართში- ქ. ქუთაისში, ალ.პ--–----------------ში, ასევე ქონება- აგრეგატები, ჰაერის გამწოვი დანადგარები, წყლის ბაკი, რომელიც განთავსებულია მეიჯარის საკუთრებაში არსებულ ეზოში. შპს „ბ---------„ აეკრძალა ყადაღადადებული ქონების დემონტაჟი ან/და იჯარის ფართიდან გატანა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის განჩინება.

 

3.1.4. 2017 წლის 23 მაისს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის თ---------------–--ის მიერ, აღიწერა და ყადაღა დაედო ქ. ქუთაისში, ალ. პ--–----------------ში მდებარე მოძრავი ნივთები. მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 23.05.2017წ აქტის თანახმად, კრედიტორია მ----------------ე, ხოლო მოვალე შპს „ბ---------„.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

-2017 წლის 23 მაისის აქტი (მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ).

 

3.1.5. აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს ინფორმაციით, არსებული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში დაყადაღებული მოძრავი ქონება აუქციონის წესით რეალიზებას არ ექვემდებარება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:

-2018 წლის 12 აპრილის აღმასრულებელ ირ---–--------- პასუხი;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოძრავი ნივთი სამი ცალი მაგიდა, 16 ცალი სკამი, კონდენციონერი Kelon 24-BTU და კონდენციონერი Kelon 48-BTU წარმოადგენს მოსარჩელე ლ-------------ის საკუთრებას. 3 მაგიდა და 16 სკამი დაამზადებინა და შეიძინა ლ-------------ემ კაფე ბ---------ისათვის. Kelon-ის ფირმის კონდენციონერებზე ლ-------------ის საკუთრება დასტურდება საგარანტიო ტალონით, ასევე 22.05.2015წ საბანკო კრედიტისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებით, რომლის თანახმად მოსარჩელე ლ-------------ემ სასყიდლიანი კრედიტით 2015 წლის 22 მაისს სავაჭრო ობიექტში შპს „თელგი„-ში (ელიტ ელექტრონიქსი), შეიძინა კონდენციონერი Kelon 24-BTU და კონდენციონერი Kelon 48-BTU რაშიც გადახდილი იქნა 4625 ლარი. სადავო ნივთების ლ-------------ის მიერ შეძენის ფაქტი მოპასუხე მხარე სადავოდ არ გაუხდია.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის არგუმენტს, რომ სადავო ნივთები წარმოადგენს შპს „ბ---------„-ის საკუთრებას. მოპასუხე გ-----–-----ის და მ----------------ის მტკიცებით სადავო ქონებით სარგებლობდა შპს „ბ---------„-ი, რომლის 50%-იანი წილის მესაკუთრეა ლ-------------ე. სადავო ნივთები მოსარჩელე მხარის მიერ საწარმოს კაპიტალში იქნა შეტანილი, რადგან ნივთები სამეწარმეო საქმიანობისთვის იყო განკუთვნილი. თუმცა მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სადავო ქონება ირიცხება შპს ბ---------ის ბალანსზე და წარმოადგენს მის საკუთრებას.

 

როგორც საქმის მასალებით დგინდება, მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის დადასტურების მიზნით სასამართლოს წარუდგინა 2015 წლის 22 მაისს ლ-------------ეს და სს თიბისი ბანკს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სწრაფი განვადების ფარგლებში ლ-------------ის მიერ შეძენილი იქნა Kelon-ის ფირმის კონდენციონერები, რომლის ღირებულება შეადგენს 4625 ლარს, ასევე წარმოდგენილი იქნა შპს „თელგი„-ს მიერ გაცემული საგარანტიო ტალონი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი შეიცავს ზოგად დებულებას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების თაობაზე. ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელებზე მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსაზღვრულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით, ამდენად, მითითებული ნორმის თანახმად, ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელზე მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს.

 

სასამართლოს მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სარწმუნოდ დაადასტურა სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებები, რითაც მან უზრუნველყო ამ კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება. რაც შეეხება მოპასუხის განმარტებას იმის თაობაზე, რომ სადავო ქონება წარმოადგენს შპს „ბ---------ი„-ს საკუთრებას, სასამრთლოს მოსაზრებით, მხოლოდ განმარტება ვერ გამოდგება საკმარის საფუძვლად, რომ დადასტურდეს მოძრავი ნივთის საკუთრების უფლება, რადგან აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება სწორედ აღნიშნულ გარემოებაზე მიმთითებელ მხარეს. სსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება მხარეებს აკისრიათ, რომლებიც თავიანთ სამართლებრივ მოთხოვნას აღნიშნულ გარემოებებზე აფუძნებენ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ-------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 44-46-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლი, 170-ე, 172-ე, მუხლები;

"სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 40-ე, მე-44, 45-ე, 32-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმით, საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კანონმდებლობით აღიარებული და დაცულია საკუთრების უფლება. საკუთრება წარმოადგენს პირის უფლებას თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მას, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება კანონსა და ზნეობის ნორმებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:

 

სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია ნამდვილი უფლების არსებობა და ამ უფლების საფუძველზე შემძენისათვის ნივთის ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემა. მესაკუთრედ ყოფნის თაობაზე პრეზუმფცია კი გულისხმობს კანონისმიერ ვარაუდს, რომ ნივთის მფლობელი, მფლობელობის წარმოშობის მომენტიდან ნივთის მესაკუთრეა და საკუთრების უფლებას ახორციელებს მფლობელობის პერიოდში. ამდენად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მფლობელი იმავდროულად მესაკუთრეა.

 

6.2. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 44.1. მუხლის თანახმად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. 45-ე მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალი შეიძლება განისაზღვროს ნებისმიერი ოდენობით. კანონის 46-ე მუხლი განსაზღვრავს პარტნიორთა უფლება-მოვალეობებს, რომლის თანახმად პარტნიორთა უფლება-მოვალეობები და წილების თავდაპირველი განაწილების წესი განისაზღვრება საწარმოს წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით). შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალის გაზრდის შემთხვევაში პარტნიორებს უფლება აქვთ, თავიანთი წილების პროპორციულად მიიღონ მონაწილეობა აღნიშნული საზოგადოების კაპიტალის გაზრდაში, პარტნიორთა საერთო კრების მიერ დადგენილ ვადაში კაპიტალში შესაბამისი შენატანების სრული ოდენობით განხორციელებით, თუ ყველა პარტნიორი ამ უფლების გამოყენების სხვა წესზე არ შეთანხმდება;

 

საქმეში არ არის წარმოდგენილი საზოგადოების წესდება, ან სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ სადავო ქონებამ ასახვა ჰპოვა საწარმოს ბალანსზე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში პარტნიორის ლ-------------ის მიერ შეტანილი იქნა საწარმოს საწესდებო კაპიტალში თავისი წილის შენატანით ან პროპორციულად საზოგადოების კაპიტალის გაზრდის მიზნით.

 

ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიიჩნია, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ნივთებიდან (სამი ცალი მაგიდა, 16 ცალი სკამი, კონდენციონერი Kelon 24-BTUდა კონდენციონერი Kelon 48-BTU) წარმოადგენს მოსარჩელე ლ-------------ის საკუთრებას;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის მიხედვით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება. ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და მიღებული იქნას იგი, როგორც ნივთის მესაკუთრე; ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინააღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

 

სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია, საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №-8939/99, § 124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით). ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადების, – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერის აქტში.

 

ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია, აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.

 

მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტის მიხედვით, კრედიტორია მ----------------ე, ხოლო მოვალეა შპს „ბ---------„;

 

საქმის მასალებით დასტურდება და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ სამი ცალი მაგიდა, 16 ცალი სკამი, კონდენციონერი Kelon 24-BTUდა კონდენციონერი Kelon 48-BTU შეძენილია ლ-------------ის მიერ. ის გარემოება, რომ ნივთები განთავსებულია შპს „ბ---------„-ის იჯარით აღებულ ობიექტზე და სამეწარმეო მიზნებისათვის იყო განკუთვნილი არ გულისხმობს ამ ნივთებზე შპს „ბ---------ი„-ის საკუთრების უფლებას, რადგან მოპასუხე მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ლ-------------ის მიერ, სადავო ქონებით საწარმოს კაპიტალში პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული სადავო ნივთები არის მოსარჩელის საკუთრება. მოსარჩელე არ არის მოვალე, რაც იმას ნიშნავს, რომ სადავო ნივთებზე ყადაღის დადება არღვევს მოსარჩელის საკუთრების უფლებას. შპს „ბ---------„-ის ვალდებულებების იძულებითი აღსრულების უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ მოვალე შპს „ბ---------„-ის ქონებიდან. შესაბამისად, არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს ლ-------------ის საკუთრებას.

 

ზემოაღნიშნული ნორმების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ლ-------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ყადაღისაგან გათავისუფლდეს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის თო-----------–-–---–ის და კო-----------------------ის მიერ 2017 წლის 23 მაისის აქტის (მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ) საფუძველზე დაყადაღებული მოძრავი ნივთები, კერძოდ: 1. 3 ცალი მაგიდა, 2. 16 ცალი სკამი და 3. 2 ცალი Kelon-ის ფირმის კონდენციონერი (24-BTU და 48-BTU).

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე ფიზიკური პირისთვის შეადგენს 50 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ლ-------------ეს სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი აქვს 120 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე - 50 ლარი. ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხე მ----------------ეს და გ-----–-----ს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზრაურება 170 ლარის ოდენობით. მოპასუხე შპს „ბ---------„ გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან, ვინაიდან მან მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი კმაყოფილდება არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ლ-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის თო-----------–-–---–ის და კო-----------------------ის მიერ 2017 წლის 23 მაისის აქტის (მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ) საფუძველზე დაყადაღებული მოძრავი ნივთები, კერძოდ: 1. 3 ცალი მაგიდა, 2. 16 ცალი სკამი და 3. 2 ცალი Kelon-ის ფირმის კონდენციონერი (24-BTU და 48-BTU).

 

3. მ----------------ეს და გ-----–-----ს - მოსარჩელე ლ-------------ის სასარგებლოდ დაეკისროთ 170 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ (120 ლარი სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე და 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის).

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე