გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.12.2018
საქმის ნომერი
330210018002629372
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
11.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/26732-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით 11 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი შესავალი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - თამარ აკობია

 

მოსარჩელე - შპს „კ-----------ი“

წარმომადგენელი - გ----------------–---–ი

მოპასუხე - შპს „დ--–---------ი“

წარმომადგენელი - ა-----–-----–-–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 21 122 ლარის გადახდა.

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სარჩელი ს.ფ. 2-13, 2018 წლის 11 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

1.1.1. მხარეებს შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც იგი მოპასუხეს აწვდიდა სხვადასხვა სახის ავტოსათადარიგო ნაწილებს;

1.1.2. მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის მანძილზე მოპასუხე პერიოდულად ასრულებდა ვალდებულებას მთლიანად ან ნაწილობრივ, თუმცა სრული ღირებულება მოპასუხის მიერ არ არის გადახდილი და მისი დავალიანება შეადგენს 21 122 ლარს;

1.1.3. ავტოსათადარიგო ნაწილების მიწოდება და დავალიანების არსებობა დასტურდება მოპასუხის მიერ დადასტურებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურებით და შესაბამისი სასაქონლო ზედნადებებით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი.

წარმოდგენილ შესაგებელში მოპასუხე შემოიფარგლა მხოლოდ ზოგადი და არაკვალიფიციური შედავებით, რომ არ ეთანხმებოდა სარჩელში მითითებულ გარემოებებს (ს.ფ. 85-92).

სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ ასევე არ ცნო სარჩელი (2018 წლის 11 დეკემბრის სხდომის ოქმი) და განმარტა, რომ:

 

2.1.1. მოსარჩელეს არ გაუწევია მისთვის მოთხოვნილი ოდენობის ღირებულების მომსახურება;

2.1.2. მისთვის მიწოდებულია მხოლოდ ნაწილი ავტოსათადარიგო ნაწილების;

2.1.3. დამადასტურებელი უნდა წარმოედგინა მოსარჩელეს მის მიერ მითითებული გარემოებების, რამდენადაც ის ვერ წარმოადგენს არ შესრულების დამადასტურებელს;

2.1.4. მძღოლთან ხდებოდა მოლაპარაკება და ადგილზე ხდებოდა თანხის გადახდა, რის გამოც არ ეთანხმება მოთხოვნილი ოდენობით თანხის დაკისრებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოსარჩელე მოპასუხეს აწვდიდა სხვადასხვა სახის ავტოსათადარიგო ნაწილებს და უწევდა მომსახურებას.

აღნიშნული გარემოება, კერძოდ, მხარეთა შორის შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტობრივი გარემოება მხარეებს შორის სადავო არ არის.

მოპასუხე სადავოდ არ ხდის შესაბამისი ურთიერთობის არსებობას მხარეებს შორის, იგი სადავოდ ხდის მხოლოდ გაწეული მომსახურების/მიწოდებული ავტოსათადარიგო ავტონაწილების ღირებულებას.

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხე შპს „დ--–---------ის“ მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი თანხა შეადგენს 21 122 ლარს. მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მიწოდებული და გაწეული იქნა 21 122 ლარის ღირებულების ავტოსათადარიგო ნაწილები და მომსახურება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპი, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომლის შეუსრულებლობას უკავშირდება ამავე მხარისთვის არახელსაყრელი შედეგი. ეს დანაწესი გამომდინარებს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ასევე ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია (იხ. სუსგ, საქმე №ას-1003-964-2016).

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომელთა თანახმადაც მიუთითა, რომ მოპასუხის დავალიანება შეადგენდა 21 122 ლარს და რომ მის მიერ მოპასუხისათვის მიწოდებული იქნა და გაწეული იქნა აღნიშნული ღირებულების ავტოსათადარიგო ნაწილები და მომსახურება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამავე კოდექსის 132-ე მუხლის თანახმად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს.

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ სადავო გახადა მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებანი, კერძოდ, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით მის მიერ ავტოსათადარიგო ნაწილების და მომსახურების მიღების ფაქტობრივი გარემოება.

მოპასუხე განმარტავდა, რომ მან მიიღო, მაგრამ არა მოთხოვნილი ოდენობით შესაბამისი ავტოსათადარიგო ნაწილები და მომსახურება, თუმცა რა ოდენობით, მას ამის დამადასტურებელი სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია მის მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად შესაბამისი საგადასახადო ანგარიშფაქტურები. მოპასუხეს აღნიშნულის საწინააღმდეგო არ წარმოუდგენია და მასზე არც სარწმუნოდ არ მიუთითებია.

მოპასუხე ასევე განმარტავდა, რომ მძღოლთან ადგილზე ხდებოდა მოლაპარაკება და თანხის გადახდა. მოპასუხეს სასამართლოსათვის არც ამ შემთხვევაში არ წარმოუდგენია თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც სასამართლოს დაუდასტურებდა, რომ მას არ ერიცხებოდა მოსარჩელის წინაშე შესაბამისი ოდენობის დავალიანება.

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას, რომ მას არ ეკისრება აღნიშნული გარემოებების მტკიცების ტვირთი. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საპირისპიროდ სწორედ მან უნდა დაუდასტუროს სასამართლოს, რომ არ მიუღია შესაბამისი ღირებულების ავტოსათადარიგო ნაწილები და მომსახურება მოსარჩელისაგან/რა ღირებულების პროდუქცია და მომსახურება მიიღო, ისევე როგორც მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენს შესრულების/გადახდის დადასტურება.

მოპასუხემ სასამართლოს ვერ დაუდასტურა მის მიერ სადავოდ გამხდარი გარემოებები. შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება მიწოდებული ავტოსათადარიგო ნაწილების და გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 21 122 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- საგადასახადო ანგარიშფაქტურები (ს.ფ. 14-74)

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 477-ე, 629-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

ამავე კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის წარმოშობილია ნასყიდობის და ნარდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები.

 

6.2. საქმის მასალების თანახმად, მოპასუხის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი ემყარება სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევას, კერძოდ, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისგან მიწოდებული პროდუქციის და გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას 21 122 ლარის ოდენობით.

იმ საკითხის დადებითად გადაწყვეტა, საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის: უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას; მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს იმის შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას).

სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსკ-ის მე-4 მუხლი). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ ფაქტობრივად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას (სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები), რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, აღნიშნული განეკუთვნება სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს, რომლის განხორციელებისას სასამართლო არ არის შეზღუდული მოსარჩელის მითითებებით. სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.

დავის განხილვისას მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა და შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოსარჩელე მოპასუხეს აწვდიდა სხვადასხვა სახის ავტოსათადარიგო ნაწილებს და უწევდა შესაბამის მომსახურებას.

სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმის დანაწესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას. ვალდებულების ჯეროვანი, კეთილსინდისიერი შესრულების სტანდარტი მოქმედებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დროის მიმართაც. ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულებისათვის დროის განსაზღვრა, ნიშნავს მხარეთა ინტერესს აღნიშნულ ვადაში ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში შესრულების მიმართ მტკიცებას არ საჭიროებს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მიწოდებული იქნა ავტოსათადარიგო ნაწილები და გაწეული იქნა მომსახურება 21 122 ლარის ოდენობით.

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ არ ყოფილა ანაზღაურებული მოსარჩელისათვის მიწოდებული პროდუქციის და გაწეული მომსახურების ღირებულება 21 122 ლარის ოდენობით.

შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 634 ლარის ოდენობით (ს.ფ. 81). სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 634 ლარის ოდენობით, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს „კ-----------ის“ სარჩელი მოპასუხე შპს „დ--–---------ის“ მიმართ დაკმაყოფილდეს;

2. მოპასუხე შპს „დ--–---------ს“ მოსარჩელე შპს „კ-----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 21 122 ლარის გადახდა;

3. მოპასუხე შპს „დ--–---------ს“ მოსარჩელე შპს „კ-----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 634 ლარის ოდენობით;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: შორენა ჯანხოთელი