გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/26517-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
21 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი - ირაკლი გამსახურდია
მოსარჩელე - შპს „ა--------“
წარმომადგენლები - გ-----------------ე, მ--------------------ე
მოპასუხე - შპს ,,ს----------–---------------------–------------------------------–-------------–-----–------ი"
წარმომადგენლები - თ--------ე, ნ-----–----------–---–ი, ვ-------------–---ია
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „ს----------–---------------------–------------------------------–-------------–-----–------ს“ შპს „ა--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მიწოდებული პროდუქციის საფასურის - 3896,99 ლარის გადახდა
1.2. შპს „ს----------–---------------------–------------------------------–-------------–-----–------ს“ შპს „ა--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის - 3804,85 ლარის ანაზღაურება.
სარჩელს საფუძვლად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები უდევს: შპს „ა--------ის“ (მოსარჩელის) საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა საბითუმო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით, სამედიცინო ინვენტარის შეძენა-რეალიზაცია. მოსარჩელესა და შპს „ს----------–---------------------–------------------------------–-------------–-----–------ს“ (მოპასუხეს) შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე მოსარჩელე მოპასუხეს აწვდიდა საქონელს, ხოლო მოპასუხე ვალდებული იყო, აენაზღაურებინა მიღებული საქონლის ღირებულება საქონლის მიღების დღესვე. მოსარჩელემ 2015-2018 წლებში მოპასუხეს 84890,5 ლარის ღირებულების პროდუქცია მიაწოდა. მოპასუხემ არ შეასრულა ვალდებულება და გადასახდელი დარჩა 3896,99 ლარი. მოსარჩელეს ადგება ზიანი ვალდებულების დარღვევის გამო, მის მიერ მიუღებელი შემოსავალი შეადგენს 3804,85 ლარს, რაც შეადგენს ნებისმიერ საბანკო დაწესებულების სადეპოზიტო ანგარიშზე გადაუხდელი თანხისათვის დარიცხულ სარგებელს. სარგებელი დაანგარიშებულია ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირებისათვის დაწესებული მინიმალური პროცენტით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი ნაწილობრივ ცნო. მოპასუხე ეთანხმება მიწოდებული საქონლის საფასურის - 3896,99 ლარის გადახდის მოთხოვნას. რაც შეეხება მიუღებელ შემოსავალს, მოპასუხე არ ეთანხმება ზიანის გაანგარიშებას და მიუთითებს, რომ ზიანი არ იყო მათთვის წინასწარ სავარაუდო. 2015 წლის 17 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება და ურთიერთშედარების აქტი, სადაც არავითარ ზიანზე საუბარი არ ყოფილა, პირიქით, მოსარჩელემ ფასდათმობაც კი განახორციელა. არსებულ დავალიანება დაგროვებულია 2016 წლის მარტსა და აპრილში. მოპასუხისათვის ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ პარტნიორი, რომელიც პროდუქციას ფასდაკლებით აწვდიდა, განიცდიდა ზიანს, მით უმეტეს, რომ ერთი ოფიციალური დოკუმენტიც კი არ მიუღიათ დავალიანების გადახდის მოთხოვნით.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს „ა--------ი“ (გამყიდველი, მოსარჩელე) შპს „ს----------–---------------------–------------------------------–-------------–-----–------ს“ (მყიდველი, მოპასუხე) აწვდიდა სამედიცინო პროდუქციას.
მოპასუხემ ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა და მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი დარჩა 2016 წლის მარტსა და აპრილში მიწოდებული პროდუქციის საფასური - 3896,99 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- სასაქონლო ზედნადებები;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 მოპასუხე არ არის ვალდებული მოსარჩელეს აუნაზღაუროს მიუღებელი შემოსავალი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსკ-ის) 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. მხარეს დარღვეული უფლების დაცვა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ. სუსგ Nას-944-894-2015). მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. სსკ-ის მე-3 მუხლით, დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, დადგენილია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. მოდავე მხარეებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები გულისხმობს მხარეების ვალდებულებას, წარმოადგინონ სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან საკუთარი პოზიციის სარწმუნო სამართლებრივ საფუძველსა და შინაგან რწმენას (იხ. სუსგ ას-1227-1150-2015, ას-1051-991-2015).
ზოგიერთ შემთხვევაში, თავად მატერიალური კანონმდებლობა გვკარნახობს მტკიცების ტვირთის განაწილების წესს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა სახელშეკრულებო ზიანი. ამ შემთხვევაში, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ვალდებულების არსებობა, მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დარღვევა, ასევე რომ არა ვალდებულების დარღვევა, იგი მიიღებდა შემოსავალს.
მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ბრალის გამომრიცხავი გარემოებები, ასევე ის, რომ ზიანი არ იყო მისთვის წინასწარ სავარაუდო.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა და არც ის, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულება - გადასახდელი დარჩა ნასყიდობის საფასურის ნაწილი.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით, სასამართლო აფასებს, არსებობს თუ არა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ვალდებულება.
რასაკვირველია, ნებისმიერი კომერციული იურიდიული პირი ორიენტირებულია მოგების მიღებაზე, რაც ვერ იქნება უცხო მოპასუხისათვის, რომელიც შპს-ს სამართლებრივი ფორმითაა რეგისტრირებული. ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა, გარკვეულ ზიანს ყოველთვის აყენებს მეწარმე სუბიექტს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელშეკრულების კონტრაჰენტი ყოველთვის ვალდებულია, ეს ზიანი აანაზღაუროს.
მოსარჩელეს სარწმუნოდ უნდა დაედასტურებინა, რომ სადავო ფულადი თანხიდან დამატებით შემოსავალს მიიღებდა, მათ შორის ის გარემოება, რომ თანხას განათავსებდა ანაბარზე ან სადეპოზიტო ანგარიშზე.
საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება და არც სარჩელშია მითითებული, რომ მოსარჩელე თავისუფალ ფულად თანხებს ანაბარზე (სადეპოზიტო ანგარიშზე) ათავსებდა და მასზე დარიცხული პროცენტით დამატებით შემოსავალს იღებდა. მხარემ მარტივი მათემატიკური გამოთვლით დაიანგარიშა, რა იქნებოდა სადავო თანხაზე დარიცხული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირებისათვის განსაზღვრული პროცენტი, რაც არ წარმოადგენს სარწმუნო მტკიცებულებას იმისა, რომ მოსარჩელე დამატებით შემოსავალს მიიღებდა სადავო თანხიდან.
თუნდაც დადასტურებულად იქნეს მიჩნეული, რომ მოსარჩელე სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის განთავსებით დამატებით შემოსავალს მიიღებდა, უნდა შეფასდეს, იყო თუ არა ეს გარემოება მოპასუხისათვის სავარაუდო ხელშეკრულების დადებისას.
მოსარჩელე არ არის ფინანსური ინსტიტუტი. მისი საქმიანობა პირდაპირ არ უკავშირდება ანაბარზე თანხის განთავსებას ან თანხის გასესხების ( ან ინვესტირების) გზით მასზე დარიცხული პროცენტებიდან შემოსავლის მიღებას, შესაბამისად, ხელშეკრულების დადებისას მოპასუხე ასეთ ვარაუდს ვერ დაუშვებდა. მნივშენლოვანია, რომ მოპასუხის მითითებით, მოსარჩელე მას ფასდაკლებით აწვდიდა პროდუქციას. ამ გარემოებას მოსარჩელე არ უარყოფს. სადავო არც ის გარემოებაა, რომ სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე მოსარჩელეს მოპასუხისათვის არ გაუგზავნია ოფიციალური შეხსენება ან გაფრთხილება ვალდებულების დარღვევისათვის. ამ მოცემულობაში მოპასუხისათვის ვერ იქნებოდა მოსალოდნელი მის მიერ ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის მოცულობა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 361-ე, 394-ე, 395-ე, 411-ე, 412-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება
დადგენილია, რომ მოსარჩელე მოპასუხეს აწვდიდა პროდუქციას, რომლის საფასური მყიდველს სრულად არ გადაუხდია (იხ. 3.1.1 პუნქტი). ამ გარემოებას არც მოპასუხე უარყოფს.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება დაარღვია, რაც მოსარჩელეს ანიჭებს გადაუხდელი თანხის მოთხოვნის უფლებას და ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
ამავე კოდექსის 395-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდანაც სხვა რამ არ გამომდინარეობს.
სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა.
დადგენილია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია და ნასყიდობის საფასური სრულად არ გადაიხადა, ამდენად, ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმაა სკ-ის 394-ე მუხლი.
სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევისას ანაზღაურებას არ ექვემდებარება ყველა სახის ზიანი. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო კოდექსის 395-ე მუხლი ზიანის ანაზღაურების წინაპირობად ბრალის არსებობას განსაზღვრავს. გარდა ამისა, სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Total reparation-ის პრინციპი). სსკ-ის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება (იხ. სუსგ ას-929-869-2017).
ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
„ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში. სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (Lucrum cessans). სსკ-ის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს (Pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს“ (იხ სუსგ ას-776-725-2017).
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება და არც სარჩელშია მითითებული, რომ მოსარჩელე თავისუფალ ფულად თანხებს ანაბარზე (სადეპოზიტო ანგარიშზე) ათავსებდა და მასზე დარიცხული პროცენტით დამატებით შემოსავალს იღებდა. როგორც უკვე აღინიშნა, მხარემ მარტივი მათემატიკური გამოთვლით დაიანგარიშა, რა იქნებოდა სადავო თანხაზე დარიცხული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირებისათვის განსაზღვრული პროცენტი, რაც არ წარმოადგენს სარწმუნო მტკიცებულებას იმისა, რომ მოსარჩელე დამატებით შემოსავალს მიიღებდა სადავო თანხიდან.
გარდა ამისა, თუნდაც დადასტურებულად იქნეს მიჩნეული, რომ მოსარჩელე სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის განთავსებით დამატებით შემოსავალს მიიღებდა, ეს გარემოება ვერ იქნებოდა მოპასუხისათვის სავარაუდო ხელშეკრულების დადებისას.
მოსარჩელის საქმიანობა პირდაპირ არ უკავშირდება ანაბარზე თანხის განთავსებას ან თანხის გასესხების (ან ინვესტირების) გზით მასზე დარიცხული პროცენტებიდან შემოსავლის მიღებას, შესაბამისად, ხელშეკრულების დადებისას მოპასუხე ასეთ ვარაუდს ვერ დაუშვებდა. გარდა ამისა, მხარეები ადასტურებენ, რომ მათ შორის შედგა შეთანხმება დავალიანების დაფარვის შესახებ და ზიანზე საუბარი არ ყოფილა. მათ აქვთ ხანგრძლივი თანამშრომლობის ისტორია და მოსარჩელეს ერთხელაც არ გაუგზავნია გაფრთხილება ან შეტყობინება დავალიანების დაფარვის მოთხოვნით. ასეთ პირობებში მხარისათვის მოსალოდნელი ვერ იქნებოდა მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის - 118 ლარის ანაზღაურება.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ უარი თქვა სასამართლოს გარეშე ხარჯის - ადვოკატის მომსახურების საფასურის ანაზღაურების მოთხოვნაზე.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ა--------ის“ სარჩელი მოპასუხე შპს ,,ს----------–---------------------–------------------------------–-------------–-----–------ის" მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. შპს ,,ს----------–---------------------–------------------------------–-------------–-----–------ს" შპს „ა--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მიწოდებული პროდუქციის საფასურის - 3896,99 ლარის გადახდა;
3. დანარჩენ ნაწილში შპს „ა--------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. შპს ,,ს----------–---------------------–------------------------------–-------------–-----–------ს" შპს „ა--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 118 ლარის ანაზღაურება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია