გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210118002403969
საქმე №2/1273-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
27.11.2018 წ ქ.ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე- ნ---------–------ი;
წარმომადგენელი- ლ--–----–---ა;
მოპასუხე- ლ-------–---ა, ნოტარიუსი მ------------–---–ი;
წარმომადგენელი- მ--–------------------ე (ლ-------–---ას);
დავის საგანი- ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლოს ნაწილში ცვლილების შეტანა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნოტარიუს მ------------–---–ის მიერ 2017 წლის 11 მაისს გაცემულ სააღსრულებო ფურცლის მე-7 პუნქტში შევიდეს ცვლილება, პირგასამტეხლოს ოდენობა ნაცვლად 13000 აშშ დოლარის 0.1% შეიცვალოს პირგასამტეხლოს 13 000 აშშ დოლარის 0.04%-ით ყოველვადაგადაცილებულ დღეზე.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2014 წლის 05 ივნისს მოპასუხე ლ-------–---ასთან დადო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ლ-------–---ამ გადასცა 13 000 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით, თვეში 3.36%-ის დარიცხვით. ხელშეკრუებაში ასევე გათვალისწინებული იყო თანხის დროულად გადაუხდელობის შემთვევაში ყოველვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო 0.1%-ის ოდენობით. მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დიტვირთა თავისი შვილის შ-----------–--------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, წ-------–------------.
აღმასრულებლის რევაზ სულაძის წარმოებაშია სააღსრულებო საქმე #1-------, რომლის მიხედვით ნ---------–------ს ლ-------–---ას სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის 13000 აშშ დოლარის, პროცენტის 1435 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს 13585 აშშ დოლარის და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თანხის 125 ლარის, სულ 28 020 აშშ დოლარის გადახდა. თანხის გადაუხდელბის შემთხვევაში იძულებით აღსასრულებლად მიეცემა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება. პირგასამტეხლო 100%-ით და ბევრად აღემატება როგორც ძირითად თანხას ისე პროცენტის თანხას, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ ხელშეკრულების გაფორმების დროს - 2014 წელს დოლარის კურსი ლართან მიმართებაში შეადგენდა 1.73 ლარს, 2018 წლის მდგომარეობით ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება ლართან მიმართებაში შეადგენს 2.80 ლარს, ჯამში მოსარჩელეს გადასახდელი აქვს 28020 აშშ დოლარი, აქედან პირგასამტეხლოს სახით უწევს ძირი თანხის ტოლფასი ღირებულების - 13585 ლარის გადახდა. (იხ. სარჩელი, 15.11.2018წ სხდომის ოქმი)
2. მოპასუხის პოზიცია;
მოპასუხე ლ-------–---ამ, როგორც წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ პირგასამტეხლოს 0.07%-მდე შემცირების ნაწილში ცნო და განმარტა,რომ მხარეთა შორის გაფორმებულ სესხისა და იპოთეკის შესახებ ხელშეკრულბით მხარეები შეთანხდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე და მოსარჩელე მხარეს რაიმე პრეტენზია ხელშეკრულების დადების დროს არ ქონია. მოსარჩელეს პროცენტი და პირგასამტეხლო საერთოდ არ აქვს გადახდილი. თანახმა იყო ნებისმიერი ფორმით მომხდარიყო ვალდებულების შესრულება თუმცა მოსარჩელე მხარის მიერ ვალდებულება არ შესრულებულა. მხარები შეთანხმებული იყვნენ, რომ მოვალეს ეტაპობრივად გადაეხადა თანხა, თუმცა არაერთი დაპირების მუხედავად ნ---------–------ს ვალდებულება არ შეუსრულებია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 05 ივნისს ნ---------–------ს და ლ-------–---ას შორის გაფორმდა სანოტარო წესით დამოწმებული #1-------- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე ლ-------–---ამ ნ---------–------ს გადასცა 13 000 აშშ დოლარი, თვეში 3.68%-ის სარგებლის დარიცხვით, მსესხებელს სარგებელი უნდა გადაეხადა ყოველი თვის 5 რიცხვში. მსესხებელს ყოველი თვის სარგებლის თანხის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხებოდა პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 0.1%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
05.06.2014 წლის სესხის და იპოთეკის #1-------- ხელშეკრულება.
3.1.2. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დროული შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ---------–------ის საკუთრებაში არსებული უძრვი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, წ-------–-------------ში. აღნიშნული ქონება ამჟამად წარმოადგენს შ-----------–--------ის საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-05.06.2014 წლის სესხის და იპოთეკის #1-------- ხელშეკრულება.
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.1.3. მოსარჩელემ დაარღვია სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირითადი თანხის და სარგებელის გადახდის ვალდებულება ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-11.05.2017წ ნოტარიუს მ------------–---–ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი;
-მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.4. 2017 წლის 11 მაისს ნოტარიუს მ------------–---–ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად ნ---------–------ის ვალდებულება კრედიტორის წინაშე განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირი თანხა 13 000 აშშ დოლარი, სარგებელი 1435 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 13000 აშშ დოლარის (0.1%) ყოველვადაგადაცილებუბლ დღეზე 2014 წლის 05 ივლისიდან აღსრულებამდე, აგრეთვე სააღსრულები ფურცლის გაცემის ხარჯი 125.54 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2014 წლის 11 მაისს ნოტარიუს მ------------–---–ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი;
3.1.5. კერძო აღმასრულებლის რ----------––--ის წარმოებაშია ნოტარიუს მ------------–---–ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული საღსრულებო წარმოება #1-------. კერძო აღმასრულებლის რ----------––--ის მიერ მოვალე ნ---------–------ს და შ-----------–--------ს მიეცათ წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 06.03.2018 წ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ---------–------ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 302-ე, 361-ე, 400, 417-ე, 418-ე, 115-ე, 420-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება;
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.
,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.
კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ როგორც ხელშეკრულების შინაარსი, ასევე მისი შესრულების მექანიზმი. ხელშეკრულება მიიჩნევა მხარეთა ნების დეკლარაციად და ასახავს ხელშემკვრელი მხარეების მიერ წინასწარ შეთანხმებულ პირობებს მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე.
მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობები წარმოიშვა 2014 წლის 05 ივლისის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც განსაზღვრულ იქნა მოსარჩელისა და მოპასუხის, როგორც მსესხებლისა და გამსესხებლის კონკრეტული უფლება-მოვალეობები.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
უდავო გარემოებაა, რომ მოვალის მიერ დარღვეულ იქნა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირითადი თანხის და სარგებელის გადახდის ვალდებულება ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ამავე ხელშეკრულების 5.1. პუნქტის საფუძველზე, 2017 წლის 11 მაისს ნოტარიუს მ------------–---–ის მიერ გაცემულ იქნა #1-------- სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ნ---------–------ის ვალდებულება კრედიტორის წინაშე განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირი თანხა 13 000 აშშ დოლარი, სარგებელი 1435 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 13000 აშშ დოლარის (0.1%) ყოველვადაგადაცილებუბლ დღეზე 2014 წლის 05 ივლისიდან აღსრულებამდე, აგრეთვე სააღსრულები ფურცლის გაცემის ხარჯი 125.54 ლარი. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დადგინდა იპოთეკის საგნის რეალიზაცია.
მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულ ვალდებულებას სესხის ძირი თანხისა და დარიცხული სარგებელის ნაწილში და ითხოვს სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანას მხოლოდ პირგასამტეხლოს ნაწილში.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მხარეთა მიერ ხელშეკრულების 1.1. პუნქტით შეთანხმებული იქნა მსესხებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ვადაგადაცილებული დავალიანების სესხის ძირი თანხის 0.1%-ის ოდენობით.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რომლის წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთის მხრივ მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ხოლო მეორე ფუნქცია მისი მდგომარეობს განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. ვალდებულების დამრღვევ მხარეს პირგასამტეხლო ეკირება იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები, თუმცა აქვე განმარტავს: მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, დავის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს კი წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ზემოაღნიშნული ნორმა პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.
სასამართლოს მსჯელობა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების შესახებ შეესაბამება მოცემული ტიპის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკას. (იხ., სუს 18.03.2015წ.-ის №ას-506-479-2014 განჩინება; სუს 16.02.2015წ.-ის Nას-1198-1140-2014 განჩინება; სუს 16.05.2014წ-ის #ას-1200-1145-2013 განჩინება).
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან და საქმეზე დადგენილი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული დავალიანების 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, როგორც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მისი, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციის, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის ხასიათის, ვალდებულების დარღვევაში მხარის ბრალეულობის ხარისხისა და ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, იგი უნდა განისაზღვროს 0,04%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რაც ჯამში შეადგენს 5,2 აშშ დოლარს.
სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება უნდა აისახოს სააღსრულებო ფურცელში და პირგასამტეხლოს ოდენობა ნაცვლად 0,1% უნდა განისაზღვროს 0.04%-ით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სარჩელზე მოსარჩელის მიერ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 522 ლარის ოდენობით, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფაზე - 50 ლარი. მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან 261 ლარის ოდენობით. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 261 ლარის ოდენობით, მის მიერ არ აღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად. მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სასამართლოს 18.04.2018წ. განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდა ნოტარიუს მ------------–---–ის მიერ, 2017 წლის 11 მაისს გაცემული (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №1--------) სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ -უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი კმაყოფილდება არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ნ---------–------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს მ------------–---–ის მიერ 2017 წლის 11 მაისს გაცემულ №1-------- სააღსრულებო ფურცელში და ნ---------–------ს ლ-------–---ას სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების ძირითადი თანხის 0.04%-ის ოდენობით, ნაცვლად 0.1%-სა, რაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 5,2 აშშ დოლარს;
3. მოპასუხე ლ-------–---ას მოსარჩელე ნ---------–------ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 261 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით;
4. ნ---------–------ს (პ/ნ 6----------), დაუბრუნდეს 2018 წლის 18 აპრილს ნ----------------–---–ის მიერ სს 'ს----------–--------–ი' სარჩელის აღძვრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 261 ლარი (საგადახდო დავალება №56), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი - 300183150.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარინა აბულაძე