გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2063-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30.11.2018 წელი ქ. რუსთავი
გარდაბნის მუნიციპალიტეტში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი: თამარ კობაიძე
მოსარჩელე ნ--- ჩ------ე
მოპასუხე ფ------ მ-----–----ე
წარმომადგენელი ვახტანგ დვალიშვილი
დავის საგანი ალიმენტის ოდენობის შემცირება
II აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შემცირდეს ნ--- ჩ------ისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტი 200 ლარით და არასრულწლოვანი შვილიშვილის 2012 წლის 6 აგვისტოს დაბადებული ო----- ნ--–-----ის სარჩენად დაეკისროს ყოველთვიურად 50 ლარის გადახდა
სარჩელის გარემოებები
მოპასუხე ფ------ მ-----–----ე 2011 წლის 25 ოქტომბრიდან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში ფიქრის მ-----–----ის შვილთან ბექა ნ--–-----ესთან და 2012 წლის 06 აგვისტოს შეეძინათ შვილი ო----- ნ--–-----ე. 2012 წლის 26 აგვისტოს მისი შვილის გარდაცვალების შემდეგ მოპასუხემ წამოაყენა ქონებრივი პრეტენზიები. ერთადერთი შვილის გარდაცვალების შემდეგ დარჩა მარტოდმარტო, მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით, ბავშვობიდან ინვალიდი. მოპასუხე მეუღლის გარდაცვალების შემდეგ საცხოვრებლად დაბრუნდა მშობლებთან. მოპასუხე დასაქმებულია, გააჩნია სტაბილური შემოსავალი, აქვს საცხოვრებელი ადგილი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს გაეზარდა დაკისრებული ალიმენტი ოდენობა და არასრულწლოვანი შვილიშვილის ო----- ნ--–-----ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის სახით 250 ლარის გადახდა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2018 წლის 30 აპრილის ბრძანებით მას შეუწყდა ვეტერანის სტატუსი და ფულადი შემწეობა 1 000 ლარის ოდენობით. თავად დასაქმებულია და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 375 ლარს. ასევე საჭიროებიდან გამომდინარე აღებული აქვს საბანკო კრედიტი და ყოველთვიურად იხდის გადასახადს. ამას ემატება მისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც საჭიროებს დამატებით ხარჯებს. ვინაიდან მნიშვნელოვნად გაუარესდა მისი ფინანსური მდგომარეობა, არა აქვს საშუალება სრულად დაფაროს ალიმენტის დაკისრებული ოდენობა და შეუძლია გადაიხადოს ალიმენტი 50 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
ფ------ მ-----–----ემ წერილობით შესაგებელში და სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ მოსარჩელის შვილთან_ბექა ნ--–-----ესთან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში და თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ საცხოვრებლად დაბრუნდა მშობლების ბინაში და ამჟამად ცხოვრობს ძმის ოჯახში ვინაიდან საკუთარი საცხოვრებელი სახლი არ გააჩნია. მოსარჩელე ვეტერანის სტატუსიდან გამომდინარე ღებულობდა ფულად შემწეობას 1000 ლარს, რომელიც შეუწყდა მას შემდეგ, რაც იქორწინა და ამჟამად იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაშია. მოსარჩელე შემწეობის დანიშვნამდეც მუშაობდა და მისი ანაზღაურება შეადგენდა 375 ლარს. ალიმენტის 250 ლარის დაკისრებამდე მოსარჩელეს დაკისრებული ჰქონდა 150 ლარი ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილიშვილის სარჩენად.
მოპასუხემ თანხმობა განაცხადა, რომ ალიმენტის ოდენობა განისაზღვროს 170 ლარით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდაო გარემოებები
3.2.1. ფ------ მ-----–----ე დასაქმებულია გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საორგანიზაციო განყოფილებაში და თანამდებობრივი სარგო შეადგენს 1100 ლარს. მასთან, ცხოვრობს არასრულწლოვანი შვილი ო----- ნ--–-----ე. იგი ცხოვრობს გარდაბნის მუნიცაპილიტეტის სოფელ ახალსოფელში მშობლებთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- მხარეთა განმარტებები (30.11.2018 წ სხდომის ოქმი CD დისკი)
- ცნობა (ს.ფ. 124. ტომი1)
3.2. დადგენილი სადაო გარემოებები
3.2.1. ნ--- ჩ------ეს არასრულწლოვანი შვილიშვილის ო----- ნ--–-----ის სარჩენად კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 250 ლარის ოდენობით.
ნ--- ჩ------ეს ჰყავს არასრულწლოვანი შვილიშვილი_ო----- ნ--–-----ე დაბადებული 2012 წლის 06 აგვისტოს. ბავშვის მამა ბექა ნ--–-----ე გარდაიცვალა 2012 წლის 26 აგვისტოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილებით ფ------ მ-----–----ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ნ--- ჩ------ეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილიშვილის, 2012 წლის 06 აგვისტოს დაბადებული ო----- ნ--–-----ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით ფ------ მ-----–----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაიზარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 03 ივლისის N2/7648-14 გადაწყვეტილებით ნ--- ჩ------ისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა და ნ--- ჩ------ეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილიშვილის ო----- ნ--–-----ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 250 ლარის გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადაწყვეტილებების ასლები (ს.ფ.17-20. ტომი 1)
3.2.2. ალიმენტის განსაზღვრის შემდეგ ნ--- ჩ------ის ჯანმრთელობის მდგომარეობა არსებითად არ გაუარესებულა. მისი მატერიალური მდგომარეობა მკვეთრად არ გაურესებულა.
ნ--- ჩ------ის მოთხოვნა ალიმენტის შემცირების შესახებ ეფუძნება იმ გარემოებას, მას აქვს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი ხელფასი შეადგენს 375 ლარს და მას შეუწყდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსი და სახელმწიფო მიერ დანიშნული ფულადი შემწეობა, რის გამოც შემცირდა მისი ყოველთვიური შემოსავალი.
ნ--- ჩ------ის განმარტებით, ალიმენტის დაკისრების შემდგომ მას მოეხსნა ფულადი შემწეობა 1000 ლარის ოდენობით ასევე, საჭიროებიდან გამომდინარე აღებული აქვს საბანკო კრედიტი 3000 ლარი და ყოველთვიურად იხდის გადასახადს.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საექიმო-შრომითი საექსპერტო კომისიის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ნ--- ჩ------ეს მინიჭებულია აქვს მეორე ჯგუფის ინვალიდობა ბავშვობიდან უვადოდ. დასკვნის თანახმად იგი არის შრომისუუნარო.
სარებილიტაციო მედიცინის ცენტრის შპს გიგეას მიერ 2018 წლის 17 მაისს გაცემული ცნობის თანახმად, ნ--- ჩ------ის დიაგნოზია მრავალკვანძიანი ჩიყვი, ჰიპოთირეოზის სხვა ფორმები, სიმსუქნე, ბრადიკარდია, დირსოპათია, დუმბალგა, ქვედა კიდურების ნეიროპათია. გადატინილი დაავადებებია ხერხემლის ოსტეოქონდროზი, ხერხემლის სქოლიოზი. პაციენტის ჩივილებია წონაშ მატება, კანი სიმშრალე, მეხიერების დაქვეიტება, ტკივილი კისრის, ზურგის მიდამოში, ძილიანობა, ადვილად აღგზენაბდობა. სამკურნალო და შრომით რეკომენდაციებში მითითებულია, რომ პაციენტს ესაწიროება ენდოკრინოლოგის და ნევროლოგის მუდმივი მეთვალყურეობა და მკურნალობის გაგრძელება - ლიეტოთერაპია, L-თიროქსი 50მგ, ტორვიტინი 20მგ - 3 თვე, მედიკამენტი ომეგა 3. პაციენტს აქვს სამშობიარო ტრამვა და დეფექტური განუვითარებელი მარჯვენა ზემო კიდური, რისთვისაც მინიჭებული აქვს მე-2 ჯგუფის ინვალიდობა. კლინიკას პაცეინტმა მიმართ 2017 წლის 24 დეკემბერს და გაეწერა 2018 წლის 23 აპრილს. ამდენად, ამ კლინიკაში მოსარჩელემ მკურნალობის კურსი დაასრულა 2018 წლის 23 აპრილს.
შპს გიგეასა და ნ--- ჩ------ეს შორის 2017 წლის 14 დეკემბერს დადებულია სამედიცინო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გაწეული მომსახურების ღირებულებაა 3000 ლარი. ხელშეკრულების მიხედვით, ნ--- ჩ------ისათვის გასაწევი მომსახურებებია - ნევროლოგის კონსულტაცია, კარდიოლოგის კონსულტაცია, ფიზიოთერაპევტის კონსულტაცია, სისხლის ანალიზის ჩატარება, ფსიქოლოგ-ტერაპევტის კონსულტაცია, დიეტოლოგ-ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, თერაპევტის და სხვა სპეციალისტების კონსულტატია საჭიროების შემთხვევაში, ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა, დიაგნოსტიკის შემდეგ სპეციალისტი შეუმუშავებს ინდივიდულურ პროგრამას, რომელიც შედის სამედიცინო მომსახურების პაკეტში.
ამდენად, სამედიცინო დოკუმენტაციით დასტურდება, რომ ნ--- ჩ------ე არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. მას აქვს ქრონიკული დაავადება - ჩიყვი, ამასთან, ბავშვობის ასაკიდან სრულყოფილად განვითარებული არა აქვს მარჯვენა ზემო კიდური. სამედიცინო დოკუმენტაციით დასტურდება, რომ ნ--- ჩ------ეს დანიშნული აქვს მედიკამენტური მკურნალობა, ენდოკრინოლოგის და ნევროლოგის მეთვალყურეობა. რაიმე სპეციფიკური მკურნალობის კურსი მოსარჩელეს დანიშნული არა აქვს.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დასტურდება, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის და მისი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მიუხედავად მოსარჩელე დასაქმებულია. იგი მუშაობს ქ. თბილისის ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოში დასუფთავების მენეჯერად და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურებაა 375 ლარი.
2014-2015 წლებში ალიმენტის დანიშვნის დროს ნ--- ჩ------ე იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლების და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული ოჯახის წევრის სტატუსის გამო ფულად დახმარებას ყოველთვიურად 1000 ლარს.
სსიპ ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2018 წლის 30 აპრილის ბრძანებით ნ--- ჩ------ეს შეუწყდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლების და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული ოჯახის წევრის სტატუსი და შესაბამისად შეუწყდა ამ სტატუსის გამო დანიშნული ფულადი დახმარება.
ამდენად, 2015 წელს ალიმენტის განსაზღვრის შემდეგ ნ--- ჩ------ის ყოველთვიური სტაბილური შემოსავლის ოდენობა შემცირდა, რადგან იგი ვეტერანის სტატუსთან დაკავშირებულ ფულად დახმარებას აღარ იღებს.
მოსარჩელე მისი მატერიალური მდგომარეობის გაუარესების გამომწვევ ერთერთ გარემოებად ასახელებს საბანკო კრედიტის არსებობას. ნ--- ჩ------ესა და სს ლიბერთი ბანკს შორის 2017 წლის 24 დეკემბერს დადებულია საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლით გათვალისწინებული სესხის ძირითადი თანხაა 3000 ლარი, კრედიტის ვადა 18 თვე, ყოველთვიური შენატანი 166,67 ლარი. სს „ლიბერთის ბანკის“ მიერ 2018 წლის 15 მაისს გაცემული ცნობის თანახმად, ნ--- ჩ------ის დავალიანება 2018 წლის მაისის მდგომარეობით შეადგენს 1900,44 ლარს. სესხის ხელშეკრულებაზე დართული გადახდის გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიური შენატანის დროულად გადახდის შემთხევაში 2018 წლის მაისის მდგომარეობით გადასახდელი დავალიანებაა 2166,65 ლარი, ხოლო ივნისის მდგომარეობთ 1999,98 ლარი. ამდენად, ბანკის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ მოსარჩელე სისტემატიურად, ვადის გადაცილების გარეშე იხდის კრედიტს.
მხარეთა განმარტებით დასტურდება, რომ ნ--- ჩ------ე დაქორწინებულია, მას ჰყავს მეუღლე, ხოლო ოჯახს ჰყავს ავტომობილი, რომლითაც მოსარჩელის მეუღლე ტაქსით მომსახურებას ახორციელებს. ამდენად, მოსარჩელის ოჯახის შემოსავალი მხოლოდ მისი ხელფასი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი(ს.ფ. 3-7. ტომი 1)
- ვეტერანთა დეპარტამენტის ბრძანება (ს.ფ.23-24. ტომი 1)
- სამედიცინო დოკუმენტები (ს.ფ.21-22, 29-30. 41-46. ტომი 1)
- საკრედიტო ხელშეკრულება და ბანკის ცნობა (ს.ფ. 31-37. ტომი 1)
- მხარეთა განმარტებები (30.11.2018 წლის სხდომის ოქმი CD დისკი)
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოსარჩელის მოთხოვნა ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, დაკისრებული ალიმენტის ოდენობა უნდა შემცირდეს 120 ლარამდე.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1226-ე,1230-ე, 1231-ე, 1199-ე, 1237-ე, 1198-ე, 1234-ე მუხლები
- გაეროს ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენცია
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1226-ე მუხლით განსაზღვრულია პაპისა და ბებიის საალიმენტო მოვალეობანი შვილიშვილების მიმართ. კერძოდ, პაპა და ბებია, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილიშვილი, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია სარჩო მიიღოს თავისი მშობლებისაგან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1230-ე მუხლის შესაბამისად, 1. ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით. 2. თუ ოჯახის რჩენა ერთდროულად რამდენიმე პირის მოვალეობაა, სასამართლო მათი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით განსაზღვრავს თითოეულის წილის ოდენობას ამ მოვალეობის შესრულებაში; ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს ალიმენტის გადამხდელ ყველა პირს, იმისდა მიუხედავად, ალიმენტს სთხოვენ ყველა ამ პირს, თუ მხოლოდ ერთ ან რამდენიმე მათგანს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1231-ე მუხლის მიხედვით, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.
ამ ნორმების შესაბამისად, ალიმენტის ოდენობა შეიძლება შეიცვალოს თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ალიმენტის დაკისრების შემდეგ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. მოსარჩელე აღარ იღებს ვეტერანის სტატუსის გამო ფულად დახმარებას ყოველთვიურად 1000 ლარს. ამასთან, ამჟამად იგი დაოჯახებულია. საქმეში არსებული მტკიცებულებები არ დასტურდება მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, სპეციფიკური და ხანგრძლივი მკურნალობის კურსის საჭიროება. მოსარჩელე დასაქმებულია, ასევე თვითდასაქმებულია მისი მეუღლე და მათი ოჯახის შემოსავალი მხოლოდ მოსარჩელის ხელფასი არ არის.
ამდენად, რომ მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობა შეიცვალა, მაგრამ იგი არსებითად, მნიშვნელოვნად არ გაუარესებულა, მოსარჩელე კი ალიმენტის მნიშვნელოვნად შემცირებას მოითხოვს, რადგან მოითხოვს ყოველთვიურად 50 ლარის დაკისრებას, რისი საფუძველი საქმის გარემოებებიდან არ დგინდება.
ალიმენტის შემცირების მოთხოვნას მოპასუხე ნაწილობრივ დაეთანხმა. მისი განმარტებით იგი თანახმაა ალიმენტის ოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს ყოველთვიურად 170 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1226-ე და 1230-ე მუხლების მიხედვით, პაპასა და ბებიას ეკისრებათ შვილიშვილისათვის ალიმენტის გადახდა, თუ ბავშვს არ შეუძლია მიიღო სარჩოს მშობლისგან. ამ შემთხვევაში ბავშვს არ შეუძლია მამისგან სარჩოს მიღება მისი გარდაცვალების გამო, რაც გახდა მოსარჩელისათვის ალიმენტის დაკისრების საფუძველი.
იმის გამო, რომ რჩენის საკითხი შეეხება არასრულწლოვან ბავშვს, უპირველეს ყოვლისა გათვალისწინებული უნდა იქნას ბავშვის ინტერესები, რადგან ამას მოითხოვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და ბავშვის უფლებების კონვენცია. ბავშვის ინტერესების გამო ალიმენტის ოდენობის შეცვლის საკითხის გადაწყვეტისას გათვალისწინებული უნდა იქნას საზოგადოდ ალიმენტის ოდენობის გონივრულობის განმსაზღვრელი გარემოებები და ამ კუთხით უნდა შეფასდეს მხარეთა მატერიალური მდგომარეობის შეცვლის გარემოება და ალიმენტის შეცვლის საკითხი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. მართალია ეს ნორმა ბავშვის მშობელების უფლებებს შეეხება, მაგრამ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და ბავშვის უფლებების კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეს ნორმა ფართოდ უნდა განიმარტოს და ეს ვალდებულება ყველა იმ პირს შეეხება, რომელსაც ევალება ბავშვზე ზრუნვა, მისი აღზრდა და რჩენა.
მშობლებისა და შვილის ურთიერთობის საკითხი მოწესრიგებულია გაეროს მიერ მიღებული „ბავშვის უფლებათა კონვენციით”, რომლის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ”ბავშვთა უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს ან აღმზრდელებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ბავშვთან დაკავშირებულ დავებში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესები, ასევე, უფლებები და თავისუფლება და, განსაკუთრებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მისი უფლებები კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად. „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს" (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ; პლაზა პოლონეთის წინააღმდეგ). ბავშვის საუკეთეო ინტერესის პრინციპი საერთოა ბავშვთან დაკავშირებულ ყველა სადაო სამართალურთიერთობაში, რაც გამომდინარეობს ბავშვთა უფლებების კონვენციიდან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე და 1230-ე მუხლების მიხედვით როგორც მშობლების, ისე ოჯახის წევრების მიერ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე ალიმენტის გადამხდელი პირის და ბავშვის რჩენაზე პასუხისმგებელი ყველა პირის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. 1230-ე მუხლის მიხედვით, თუ ოჯახის რჩენა ერთდროულად რამდენიმე პირის მოვალეობაა, სასამართლო მათი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით განსაზღვრავს თითოეულის წილის ოდენობას ამ მოვალეობის შესრულებაში. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს ალიმენტის გადამხდელ ყველა პირს, იმისდა მიუხედავად, ალიმენტს სთხოვენ ყველა ამ პირს, თუ მხოლოდ ერთ ან რამდენიმე მათგანს
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მატერიალური და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მისთვის ყოველთვიურად 50 ლარის ალიმენტის დაკისრება არაგონივრულად მცირე ფულადი ვალდებულების დაკისრება იქნება. საქმის გარემოებები არ მიუთითებს მოსარჩელის უკიდურესად მძიმე მატერიალური მდგომარეობაზე ან ისეთ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომლის გამოც მოსარჩელეს თავად სჭირდება დახმარება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1237-ე მუხლის მიხედვით, 1. ალიმენტის გადახდისაგან განთავისუფლება ან ალიმენტის დავალიანების შემცირება შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. 2. სასამართლოს უფლება აქვს ალიმენტის გადამხდელი მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს ალიმენტის დავალიანების გადახდისაგან, თუ დაადგენს, რომ ალიმენტის გადაუხდელობა გამოწვეული იყო ამ პირის ავადმყოფობით ან სხვა საპატიო მიზეზით. ბავშვის მატერიალურ უზრუნველყოფაზე მთავარი პასუხისმგებლები არიან მისი მშობლები ან სხვა აღმზრდელები. მათ თანაბრად ეკისრება ბავშვის რჩენის ვალდებულება და ამ ვალდებულებისგან პირი თავისუფლდება ან ვალდებულება მცირდება მხოლოდ ზემოთდასახელებული ნორმით გათვალისწინებული განსაკუთრებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში. მართალია მოპასუხე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, მაგრამ იგი დასაქმებულია, რაიმე სპეციფიკური ხანგრძლივი მკურნალობის კურსი არ სჭირდება, რის გამოც ალიმენტის მკვეთრად შემცირების საფუძველი არ არსებობს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ყოველთვიურად 50 ლარის გადახდა არსებული ეკონომიკური პირობების, ეროვნული ვალუტის კურსის ცვალებადობის და სამომხმარებლო ფასების ზრდის ტენდენციის გათვალისწინებით ნიშნავს უმნიშვნელო ფულადი ვალდებულების შესრულებას, რადგან ამ თანხის გადახდით ვერ იქნება უზრუნველყოფილი ბავშვის რჩენაში საჭირო დახმარება. ბავშვის რჩენისათვის კი აუცილებელია საკვები პროდუქტების, მედიკამენტების, სასწავლო ნივთების, სეზონური ტანსაცმლის შეძენა, რაც მხოლოდ მოპასუხის ვალდებულება არ არის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ბავშვის უფლებების კონვენციის საფუძველზე არასრულწლოვანი შვილების რჩენის ვალდებულება მშობლებს ან ოჯახის წევრებს ეკისრებათ მათი უნარების და შესაძლებლობების შესაბამისად, რაც გულისხმობს ამ პირების მატერიალური შესაძლებლობის კვალობაზე ამ მოვალეობის დაკისრებას. კონვენციის დებულება, რომლითაც მშობლებს მათი უნარების და შესაძლებლობების შესაბამისად ეკისრებათ შვილების რჩენა, არ ნიშნავს რჩენაზე ვალდებულების პირისათვის ბავშვის რჩენაში საშეღავათო პრინციპის დადგენას. ამ დებულებით კონვენცია აღიარებს იმ გარემოებას, რომ ყოველი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა განსხვავებულია და სწორედ თითოეული ოჯახის ქონებრივ შესაძლებლობების კვალობაზე უნდა განისაზღვროს რჩენის ვალდებულება. ბავშვის უფლებათა კონვენცია ბავშვის უფლებებს შეეხება, შესაბამისად, მატერიალური დახმარების მიღება ბავშვის უფლებაა, კონვენცია ბავშვის ამ უფლების დაცვას ავალდებულებს მშობლებს, მის ოჯახის წევრებს, სახელმწიფოს და კონვენციის მიზანი არ არის აღმზრდელებისათვის ამ საკითხში შეღავათის დადგენა. კონვენციის ამავე ნორმით (27-ე მუხლი) აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. შესაბამისად, მშობლებმა უნდა იზრუნონ ბავშვის ამ უფლების რეალიზაციისათვის, თავიანთი უნარების შესაბამისად გააუმჯობესონ ბავშვების ცხოვრების დონე.
ალიმენტის შემცირების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე დასაქმებულია, მას ყოველთვიურად აქვს ხელფასი 1100 ლარი. ამდენად, მოპასუხეს აქვს მოსარჩელეზე მეტი შემოსავალი. მოპასუხე თანახმაა ალიმენტი შემცირდეს 170 ლარამდე, რაც მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის და შემოსავლის გათვალისწინებით არაგონივრულად მაღალი თანხაა. მართალია მოპასუხე დასაქმებულია, მაგრამ მისი სტაბილური სახელფასო შემოსავალია თვეში 375 ლარი. ამასთან, მას აქვს გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც იგი გადის მკურნალობის კურსს. ამასთან, ამ გარემოებების გამო ალიმენტის 50 ლარით განსაზღვრა ბავშვისათვის აშკარად საზიანო იქნება, რადგან მხოლოდ ეს გარემოებები მოპასუხის მატერიალურ სიდუხჭირეზე არ მიუთითებს. მოპასუხეს სამედიცინო მკურნალობის დასაფინანსებლად აღებული აქვს კრედიტი, რომელსაც სტაბილურად იხდის და ვადაგადაცილებული დავალიანება რა გააჩნია. მხოლოდ მისი ხელფასი არ არის მისი ოჯახის შემოსავლის წყარო, რის გამოც მას შეუძლია 50 ლარზე მეტი თანხა გაიღოს შვილიშვილის სარჩენად. მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილიშვილის რჩენის ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა ვერ მიენიჭება. საბანკო სესხი, როგორც დროებითი მოვლენა, ვერ მიიჩნევა ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძვლად. აღნიშნული გარემოებების გამო სასამართლოს მიაჩნია, რომ ალიმენტი უნდა განისაზღვრის 120 ლარით, შესაბამისად დაკისრებული ალიმენტი უნდა შემცირდეს 130 ლარით.
შემცირებული ალიმენტის გადახდა უნდა დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან – 2018 წლის 24 ივლისიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ამ ნორმის საფუძველზე მოსარჩელე სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავიუსფლებულია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილს ”ა” ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. ამდენად, საქმეში ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რის გამოც ამ საქმეზე სასამართლო ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.
ამ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 247-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ნ--- ჩ------ის სარჩელი;
1.1. შემცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ--- ჩ------ისათვის (პ/ნ 6----------) დაკისრებული ალიმენტი 250 ლარი 130 ლარით და ნ--- ჩ------ეს არასრულწლოვანი შვილიშვილის 2012 წლის 06 აგვისტოს დაბადებული ო----- ნ--–-----ის სარჩენად დაეკისროს ყოველთვიურად 120 ლარის ალიმენტის გადახდა. შემცირებული ალიმენტის გადახდა დაიწყოს 2018 წლის 24 ივლისიდან;
2. მხარეები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გარდაბნის მუნიციპალიტეტში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი