გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-88-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30.10.2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნ---- თ----–---–ი
სხდომის მდივანი ე-–--- ო----ე
მოსარჩელე: მ----- ლ-----ე,წარმომადგენელი: მ--- ჩ----ე,მოპასუხე: ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია,წარმომადგენელი: ს------- დ--------ე,დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელე მოითხოვს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 23 მარტის №0------ რუსთავის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებაში არსებული ჩანაწერის ჩასწორებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას, კერძოდ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ქ. რუსთავი, თბილისის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსარჩელის სახელზე გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ფართის და მისამართის დაზუსტებას.
მოსარჩელის მითითებით, მუშაობდა რუსთავის საწარმოო გაერთიანება ქიმბოჭკოში, საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1982 წლის 20 სექტემბრის №644 დადგენილების, საქართველოს სსრ-ში ინდივიდუალური საბინაო მშენებლობის შესახებ შესრულების მიზნით, რუსთავის აღმასკომის 1988 წლის 17 აგვისტოს №7-- გადაწყვეტილების საფუძველზე, დაკმაყოფილდა რუსთავის საწარმოო გაერთიანება ქიმბოჭკოს ადმინისტრაციის და პროფკომიტეტის ერთობლივი შუამდგომლობა და სხვა თანამშრომლებთან ერთად გამოეყო მიწის ნაკვეთი ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის ქ. რუსთავში, თბილისის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნაკვეთის №1--, 400 კვ.მ, თუმცა გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული მიწის ფართობის ოდენობა და მისამართი. ამ მნიშვნელოვანი ფაქტის გამო, მოსარჩელე ვერ ახერხებს მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების დარეგისტრირებას. 2018 წლის 23 იანვარს მიმართა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც რუსთავის აღმასკომის სამართალმემკვიდრეს და ითხოვა რუსთავის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1988 წლის 17 აგვისტოს №7-- გადაწყვეტილების ჩანაწერში ჩასწორება, კერძოდ რეალური ფართის 400 კვ.მ დამატება, ან გაეცათ შესაბამისი ცნობა, რითაც დადასტურდებოდა აღნიშნული გარემოება და მიეცემოდა მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 23 მარტის №0------ გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა რუსთავის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებაში არსებული ჩანაწერის ჩასწორებაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებელით სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. მოპასუხის წარმომადგენლის მითითებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია საკუთარი კომპეტენციის ფარგებში და დღევანდელი მდგომარეობით მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხორციელებინა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანება) უსწორობის გასწორება ან ცვლილების შეტანა ქ. რუსთავის სახალხო დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და მოქალაქე მ----- პე-----ს ასული ლ-----ეს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ამსახველ დოკუმენტში. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს 1988 წლის 17 აგვისტოს №7-- გადაწყვეტილებაზე უსწორობის გასწორება, რაც განსახილველ შემთხვევაში არის არსებითი ხასიათის ცვლილება და ითვალისწინებს ახალი აქტის გამოცემას. არსებული მდგომარეობისა და განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ქალაქ რუსთავის მერია მოკლებული იყო შესაძლებლობას საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოეცა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უსწორობის გასწორების თაობაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. რუსთავის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 17 აგვისტოს №7-- (ოქმი №1-) გადაწყვეტილებით ს/გ ,,ქიმბოჭკოს" ადმინისტრაციისა და პროფკომიტეტის 1988 წლის ერთობლივი გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა და მ----- პე-----ს ასულ ლ-----ეს ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის გამოეყო მიწის ნაკვეთი №1--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი ( ტომი I, ს. ფ. 2-11);
-წერილობითი შესაგებელი (ტომი I, ს. ფ. 44-51)
-რუსთავის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 17 აგვისტოს №7-- (ოქმი №1-) გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 13);
- 2017 წლის 14 დეკემბრის №AA2----------03 საარქივო ცნობა (ტომი I, ს.ფ. 16);
3.1.2. 2017 წლის 22 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა მ----- ლ-----ემ, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ქონების, მდებარე: ქ. რუსთავი, თბილისის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, ნაკვეთი №1-- უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 ნოემბრის №892----------03 გადაწყვეტილებით რეგისტრაციაზე ეთქვა უარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ტომი I, ს. ფ. 2-11);
-წერილობითი შესაგებელი (ტომი I, ს. ფ. 44-51)
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 ნოემბრის №892----------03 რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 17-18);
3.1.3. 2018 წლის 23 იანვარს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით მიმართა მ----- ლ-----ემ და მოითხოვა რუსთავის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 17 აგვისტოს №7-- (ოქმი №1-) გადაწყვეტილებაში ჩასწორება, კერძოდ ხსენებულ გადაწყვეტილებაში მისამართისა და ფართის დამატება ან/და ცნობის გაცემა, რითაც დადასტურდება აღნიშნული გარემოება, რაზედაც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 23 მარტის №0------ რუსთავის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებაში არსებული ჩანაწერის ჩასწორებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებით, მ----- ლ-----ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს ცვლილება შეიტანოს რუსთავის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 17 აგვისტოს №7-- (ოქმი №1-) გადაწყვეტილებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი ( ტომი I, ს. ფ. 2-11);
-წერილობითი შესაგებელი (ტომი I, ს. ფ. 44-51)
- განცხადება (ტომი I, ს.ფ. 19);
-ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 23 მარტის №0------ რუსთავის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებაში არსებული ჩანაწერის ჩასწორებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება (ტომი I ს.ფ. 20-21);
4.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. მოპასუხე- ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 23 მარტის №0------ რუსთავის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებაში არსებული ჩანაწერის ჩასწორებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკლევისა და შეფასების გარეშე. ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოება არ ჩაუტარებია სრულყოფილად, არ გამოიკვლია მასალები, არ შეაგროვა ცნობები, არ გამოითხოვა დოკუმენტები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ რუსთავის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 17 აგვისტოს №7-- (ოქმი №1-) გადაწყვეტილებით მ----- პე-----ს ასულ ლ-----ეს ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის გადაეცა ნაკვეთი №1--, სადაც მითითებული არ არის მიწის ნაკვეთის ფართი და მისამართი.
მოპასუხე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად სასამართლო სხდომაზე მიუთითებს იმ გარემოების შესახებ, რომ მ----- ლ-----ეს მართალია გადაეცა მიწის ნაკვეთი ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის, თუმცა მას არ უდგინდება სადაო მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია იმ გარემოების შესახებ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლების შესაბამისად უფლება არ აქვს შეიტანოს ცვლილება ქ. რუსთავის სახალხო დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და მოქალაქე მ----- პე-----ს ასული ლ-----ეს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ამსახველ დოკუმენტში (გადაწყვეტილება №7--, გაცემული 17.08.1988წ)
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ საერთოდ არ ყოფილა გამოკვლეული საქმის გარემოებები, შეფასება არ მიუცია ადმინისტრაციულ ორგანოში დაცულ ისე მოსარჩელის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციისათვის, არ ჩაუტარებია ადმინისტრაციული წარმოება, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული იქნა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში სხვადასხვა პირის მიმართ მიღებული იქნა განსხვავებული გადაწყვეტილება, რითაც დაირღვა კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე თანასწორობის პრინციპი. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხე მხოლოდ ზოგადი ფრაზებით და ნორმის ზოგადი განმარტებებით შემოიფარგლა და არც ერთი წინადადებით არ დასახელებულა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები არის არასაკმარისი, რის გამოც საქმეზე დადგენილი ფაქტები ვერ იქნება მიჩნეული უტყუარად.
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოება ჩაატარა არასრულყოფილად, სრულად არ გამოიკვლია მასალები, სრულყოფილად არ შეაგროვა ცნობები, არ შეაფასა წარდგენილი დოკუმენტი, რის გამოც მ----- ლ-----ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონი; ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონი;
7. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 23 მარტის №0------ რუსთავის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებაში არსებული ჩანაწერის ჩასწორებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აღნიშნული აქტის კანონშესაბამისობა, მისი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 23 მარტის №0------ რუსთავის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებაში არსებული ჩანაწერის ჩასწორებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, კერძოდ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ქ. რუსთავი, თბილისის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსარჩელის სახელზე გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ფართის 400 კვ.მ და მისამართის ჩასწორების შეტანა. ზემოთ აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, დადგენილი უნდა იქნას, შეესაბამება თუ არა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს და აყენებს თუ არა იგი პირდაპირ და უშუალო ზიანს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.
,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-1- მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მიწის ნაკვეთი სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად რეგისტრირდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად. საჯარო რეესტრის წარმოადგენს რა მარეგისტრირებელ ორგანოს საკუთრების უფლებას არეგისტრირებს უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე, ხოლო ქ. რუსთავის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 17 აგვისტოს №7-- (ოქმი №1-) გადაწყვეტილება წარმოადგენს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, მასში ფართობის მიუთითებლობა კი ზღუდავს მოსარჩელის კანონიერ უფლებას საკუთრებაში აღრიცხოს უძრავი ქონება. სასამართლოს მოსაზრებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება თავისი შინაარსით ეწინააღმდეგება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მიზანს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული, საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისებისა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის შესახებ. აღნიშნული ასევე წინააღმდეგობაშია ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მიზანთან, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სპორადული რეგისტრაციის განხორციელების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ რუსთავის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 17 აგვისტოს №7-- (ოქმი №1-) გადაწყვეტილებით ს/გ ,,ქიმბოჭკოს" ადმინისტრაციისა და პროფკომიტეტის 1988 წლის ერთობლივი გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა და მ----- პე-----ს ასულ ლ-----ეს ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის გამოეყო მიწის ნაკვეთი №1--.
2018 წლის 23 იანვარს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით მიმართა მ----- ლ-----ემ და მოითხოვა რუსთავის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 17 აგვისტოს №7-- (ოქმი №1-) გადაწყვეტილებაში ჩანაწერის ჩასწორება, კერძოდ ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთის მისამართისა და ფართის დამატება ან/და ცნობის გაცემა, რითაც დადასტურდება აღნიშნული გარემოება.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 23 მარტის №0------ გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს, ქ. რუსთავის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და მოქალაქე მ----- პე-----ს ასულ ლ-----ეს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ამსახველ დოკუმენტში 1988 წლის 17 აგვისტოს გაცემულ №7-- გადაწყვეტილებაში არსებულ ჩანაწერში მისამართისა და ფართობის ჩაწერაზე ეთქვა უარი.
გადაწყვეტილების მიღების საფუძველია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლი, კერძოდ ის გარემოება რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს ცვლილება შეიტანოს რუსთავის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 17 აგვისტოს №7-- (ოქმი №1-) გადაწყვეტილებაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლი 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას''. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს''.
განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 23 მარტის №0------ გადაწყვეტილება არ შეიცავს წერილობით დასაბუთებას გასაჩივრებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მიღების საჭიროების შესახებ, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 97-ე მუხლების შინაარსს. გასაჩივრებული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი შესწორება შეიტანოს ქ. რუსთავის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და მოქალაქე მ----- პე-----ს ასულ ლ-----ეს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ამსახველ დოკუმენტში 1988 წლის 17 აგვისტოს გაცემულ №7-- გადაწყვეტილებაში თუმცა არ არის მითითებული აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოსარჩელე შესწორების შეტანას მოითხოვდა იმ საფუძვლით, რომ მოპასუხე წარმოადგენს ქ. რუსთავის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სამართალმემკვიდრეს, ხოლო მოპასუხე გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლის მითითებით შემოიფარგლა და არაფერი მიუთითებია სამართალმემკვიდრეობის არარსებობის შესახებ. საყურადღებოა აგრეთვე ის გარემოება, რომ მოსარჩელეს ასევე ჰქონდა ალტერნატიული მოთხოვნა ცნობის გაცემის შესახებ რაზეც მოპასუხეს საერთოდ არ უმსჯელია.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 09 ივლისის №ბს-898-880(კ-12) გადაწყვეტილების შინაარსზე სადაც სასამართლომ, მოსარჩელის მიერ მტკიცებულების წარუდგენლობა ობიექტური გარემოებებით განპირობებულად მიიჩნია ხელმოუწერელი და ბეჭდით დაუმოწმებელი დოკუმენტაციის არქივში დაუცველობისას. ის საკითხი, რომ ქ. რუსთავის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 17 აგვისტოს გაცემულ №7-- გადაწყვეტილებით მოქალაქე მ----- ლ-----ეს, ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის გამოეყო მიწის ნაკვეთი №1-- რომელსაც გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ფართობი და მისამართი არ აქვს მითითებული არ შეიძლება მოსარჩელის პასუხისმგებლობის საგანი გახდეს ვინაიდან, მისი სრული მონაცემების შევსება გადაწყვეტილების გამცემ პირს და არა მოსარჩელეს ევალებოდა. შესაბამისად, გაურკვეველია, მოპასუხის უარი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლზე მითითებით. ამასთან, მოსარჩელისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის მხოლოდ ფართობის მითითება არ წარმოადგენს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას ვინაიდან, ქალაქ რუსთავის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 17 აგვისტოს №7-- (ოქმი №1-) გადაწყვეტილების კანონიერება მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს.
ადმინისტრაციული ორგანო ფორმალურად მიუდგა საკითხს და არ გამოიკვლია გაცემული მიწის ნაკვეთის ფართობი. აღნიშნულის დადგენა კი შესაძლებელი იქნებოდა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში დაცული მასალების საფუძველზე, თუ რა ფართობის მიწის ნაკვეთის გაცემა ხდებოდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის დასახელებულ წლებში. ამასთან, სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით რომლებიც მოსარჩელის მეზობლად ფლობენ მიწის ნაკვეთს და გადაცემული აქვთ იმ საწარმოდან სადაც მოსარჩელე მუშაობდა დადგინდა, რომ მათი მიწის ნაკვეთის ფართობია 400 კვ.მ. რაც შეეხება მისამართს მხარეთა განმარტებით მისამართი უკვე დადგენილია.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას- გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონისმიერ განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი)
სასამართლოს მოსაზრებით სადავო შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ არ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები კერძოდ კი არ გამოიკვლია და დაადგინა გაცემული მიწის ნაკვეთის ფართობი.
საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის წესების დაცვისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და აქტის დასაბუთების ვალდებულება, ხოლო ასეთის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქტის სამართლებრივი შედეგების შესახებ, კერძოდ: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ" ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N ბს-246-243 (კ-14)).
საკასაციო სასამართლომ ამავე გადაწყვეტილებაში ასევე განმარტა, რომ ,,ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არაპირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოსმიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივიუსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია''.
ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას -ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.
სასამართლო კეთილსინდისიერი ადმინისტრირების სტანდარტის საფუძველზე განმარტავს, რომ პირი აღჭურვილია რა კანონიერი ნდობის უფლებით, ადმინისტრაციულ ორგანოში მისი განცხადების დარეგისტრირება (ასეთის უდავოდ დადგენის შემთხვევაში) იწვევს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების - განცხადების კანონით დადგენილ ვადაში განხილვა-გადაწყვეტის წარმოშობას, რის მიმართ პირის კანონიერი მოლოდინი პატივსადები და სამართლებრივი დაცვის ღირსია. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს ვინაიდან სახელმწიფომ კანონით უზრუნველყო მიწის ნაკვეთების მართლზომიერ მფლობელთათვის საკუთრების უფლების აღიარება, აღიარების პროცესში კი უფლებამოსილმა ორგანომ მაქსიმალურად უნდა შუწყოს ხელი ამ უფლების ეფექტურ რეალიზებას და არ უნდა დაუშვას მხოლოდ და მხოლოდ ფორმალური საფუძვლებით მოსარჩელის უფლების რეალიზაციაზე უარის თქმა. ასეთი მიდგომით შესაძლოა დადგეს ისეთი შედეგი, როდესაც პირს გააჩნია საკუთრების უფლების წარმომშობი დოკუმენტი, თუმცა, ვერ ახდენს ის აღრიცხვას საკუთრებაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს, განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა. გამონაკლისს ადგენს კანონი. მითითებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნულ მუხლში დეკლარირებული ნორმები მიეკუთვნება ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანეს პრინციპს, რომლის მიზანსაც წარმოადგენს იმ პირის ინტერესების მაქსიმალური დაცვა, რომლის უფლებებსაც შესაძლოა მითითებული აქტი შეეხოს. აღნიშნული პირი უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს ამ აქტის გამოცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და გავლენა მოახდინოს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებაზე, რაც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ დაინტერესებული მხარის უფლებების დაცვას, არამედ არსებითად სწორი გადაწყვეტილების მიღებას. მითითებული ნორმიდან გამონაკლისი დასაშვებია მხოლოდ კანონის საფუძველზე. სასამართლო გადაწყვეტილების მიღების პროცესში არსებითად მიიჩნევს, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დადგენილი და გამოკვლეული იქნეს, დაცულია თუ არა სადავო აქტის გამოცემისას ზემოაღნიშნული მუხლის დებულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს თუ არა კანონით განსაზღვრული საგამონაკლისო ხასიათის ნორმა, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა ამ ნორმებისაგან გადახვევის კანონისმიერ საფუძველს. სასამართლო ასევე მიუთითებს რომ აღნიშნული მუხლი წარმოადგენს ზოგად ნორმას და მასში წარმოდგენილი პრინციპის გამოყენება უზრუნველყოფილია იმავე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლით, რომლის მე-2 ნაწილის თანახმადაც, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ადმინისტრაციული აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს გასაჩივრებული აქტის შინაარსსა და ზემოაღნიშნული ნორმის იმპერატიულ ხასიათზე, არსებითად მიიჩნევს იმ გარემოების გამოკვლევას, უზრუნველყოფილი იქნა თუ არა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოსარჩელის მიმართ კანონით დადგენილი გარანტიები. საყურადღებოა, რომ დაინტერესებული მხარის უფლებათა დაცვის მიზნით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ შემოიფარგლება მხოლოდ მხარის უფლებით, გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს. მას უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, რაც გულისხმობს პირის უფლებას, წარადგინოს მტკიცებულებები, დააყენოს შუამდგომლობები და ა. შ. აღნიშნული რეგლამენტირებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98- 99-ე მუხლებით, რაც ასევე უნდა იქცეს ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობისა და შეფასების საგნად. ამდენად, სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ გარემოების დადგენა-გამოკვლევას, დაცულია თუ არა ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემისას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, კერძოდ: ეცნობა თუ არა ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე დაინტერესებულ მხარეს, მიეცა თუ არა ამ უკანასკნელს საკუთარი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა და გამოკვლეულია თუ არა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში საქმის გარემოებები. შესაბამისად, არის თუ არა სახეზე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლით გათვალისწინებული აქტის ბათილობისათვის დადგენილი საფუძვლები. სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება დაუსაბუთებლად.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი). ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მოპასუხეს სრულყოფილად არ ჩაუტარებია ადმინისტრაციული წარმოება, არ მოუწვევია დაინტერესებული პირები, მოწმეები, არ მოუპოვებია დამატებითი მტკიცებულებები, არ მოუხდენია მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება და მისი ფართობის შესწავლა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე. დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.
განსახილველ შემთხვევაში თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის 2007 წლის 7 აგვისტოს №11-- ცნობის შინაარსით, დგინდება, რომ მ-----ე ე------ეს ქ. რუსთავის აღმასკომის 1988 წლის 17 აგვისტოს №7-- გადაწყვეტილების საფუძველზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათის გამოეყო 400 კვ.მ. №168 მიწის ნაკვეთი. (ტომი I, ს. ფ. 229) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის 2016 წლის 28 სექტემბრის №02------ მიმართვის შინაარსიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში დაცული (არაოფიციალური) მონაცემებით (მიწის ნაკვეთების განაწილების რუკა, რომელზეც წარწერები დატანილია ფანქრით და საჟურნალო ჩანაწერები) ქ. რუსთავში, თბილისის ქუჩის მ/ტ განაწილებული მიწის ნაკვეთებს შორის №1-- ნაკვეთი აღრიცხულია ხ------–---–ი ი.გ. სახელზე. ამასთან გადაგზავნილი იქნა რუკის ფრაგმენტი. (ტომი I, ს. ფ. 167) იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მოითხოვდა მისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ფართის და მისამართის დაზუსტებას ან ცნობის გაცემას, რომელზეც მოპასუხემ პირველ მოთხოვნაზე უარი უთხრა, ხოლო ცნობის გაცემაზე საერთოდ არ იმსჯელა სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული იქნა კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე თანასწორობის პრინციპი, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში სხვადასხვა პირის მიმართ მიღებული იქნა განსხვავებული გადაწყვეტილება.
რაც შეეხება მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებას, მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობის დაუდგენლობასა და იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ახალი ფართის გადაცემას გულისხმობს სასამართლო ვერ დაეთანხმება და მიიჩნევს, რომ არ შეიძლება აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს ვინაიდან, მოსარჩელეს გააჩნია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - რუსთავის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 17 აგვისტოს №7-- (ოქმი №1-) გადაწყვეტილება, რომლითაც მას ჯერ კიდევ 1988 წელს ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის გამოეყო მიწის ნაკვეთი.
სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევეაში სახეზეა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4-ე მუხლის გამოყენება სასამართლოს შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო ეს გარემოებები იმდენად სპეციფიური, იმდენად არსებითი მნიშვნელობისაა, რომ მათი შემოწმება და შეფასება სასამართლოსათვის შეუძლებელია, კონკრეტული გარემოებების გამოკვლევა და შეფასება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას წარმოადგენს.
ამდენად, სასამართლოს მიერ მართალია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი, მაგრამ სასამართლო არ არის უფლებამოსილი, თავად მიიღოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის გამოცემის თაობაზე ანუ რუსთავის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 17 აგვისტოს №7-- (ოქმი №1-) გადაწყვეტილებაში მიწის ნაკვეთის მისამართისა და ფართობის მითითების თაობაზე. თუმცა უნდა განიმარტოს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მისი უფლებამოსილების განხილვისას დაიცვას კანონის მოთხოვნები და მოქმედებდეს კანონით დადგენილ ფარგლებში, მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელის მოთხოვნის განხილვა უნდა მოხდეს ყოველმხრივ, ყველა ფაქტობრივი გარემოების შესწავლა, შეფასების შედეგად. მოპოვებული უნდა იქნეს ყველა იმ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება რასაც სასამართლო მიუთითებს. მოიძიოს მიწის ნაკვეთების ფართობის შესახებ ინფორმაცია, კერძოდ ქ. რუსთავის, თბილისის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გაცემული მიწის ნაკვეთების მინიმალური ოდენობის შესახებ, შეფასება მისცეს იმ გარემოებას რომ შესაძლებელია თუ არა სადაო მიწის ნაკვეთის მომიჯნავე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ფართობის მიხედვით სადაო მიწის ნაკვეთის ფართობის დადგენა, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში დაცული (არაოფიციალური) მონაცემებით (მიწის ნაკვეთების განაწილების რუკა, რომელზეც წარწერები დატანილია ფანქრით და საჟურნალო ჩანაწერები) ქ. რუსთავში, თბილისის ქუჩის მ/ტ განაწილებული მიწის ნაკვეთებს შორის №1-- ნაკვეთი აღრიცხულია თუ არა მ----- ლ-----ის სახელზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანომ საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაადგინოს საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები; შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება განახორციელოს კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით, ხოლო უკვე არსებულ მტკიცებულებებს მისცეს სწორი და კანონშესაბამისი შეფასება.
სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ორგანოს ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება.
რაც შეეხება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხეს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა, კერძოდ კი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ქ. რუსთავი, თბილისის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსარჩელის სახელზე გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ფართის და მისამართის დაზუსტება, სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ამ ეტაპზე გამორიცხავს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
განსახილველ შემთხევაში მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ამასთან მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რის გამოც, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-10, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე, 368-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. მ----- ლ-----ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 23 მარტის №0------ გადაწყვეტილება და დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისთვის სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი;
2. მოპასუხეს მოსარჩელე მ----- ლ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით 14 დღის ვადაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).
მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი