გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.12.2018
საქმის ნომერი
330210017001777139
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
03.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2378-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

03 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი - თამთა ბარამიძე

 

მოსარჩელე - შპს ,,კ-------–ი“

წარმომადგენელი - შ-----------------ე

 

მოპასუხე - შპს ,,ს----------–-------------------–ი ს----–------–-------------ის კომპანია“

წარმომადგენელი - ზ------------ი, თ--------------–---ი, თ-------------–--ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს ,,ს----------–-------------------–ი ს----–------–-------------ის კომპანიას“ მოსარჩელე შპს ,,კ-------–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 202 963.85 ლარის გადახდა.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2014 წლის 19 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებულ იქნა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის თაობაზე, რომლის საგანსაც წარმოადგენდა "ხონი-სამტრედიის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის აღდგენა რეაბილიტაციის" სამუშაოების განხორციელება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მთლიან ღირებულება შეადგენდა 2 149 999 ლარს. ამავე ხელშეკრულების თანახმად სამუშაოთა შესრულების ვადად თავდაპირველად განსაზღვრულ იქნა 280 კალენდარული დღე.

 

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეებს შორის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა ვალდებულების შესრულების საბანკო გარანტია 53 750 ლარის ოდენობით და ავანსის საბანკო გარანტია 131118,85 ლარის ოდენობით, დადებულ იქნა რა შესაბამისი ხელშეკრულებები სს "ტე---------ა" და შპს "კ-------–ს" შორის ხელშეკრულების დადების მომენტში (სს კო-------------------ი). აღნიშნულმა ხელშეკრულებებმა მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე განიცადეს ცვლილებები მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადის შეცვლის ნაწილში.

 

მოსარჩელე სამუშაოების განხორციელებას შეუდგა დაუყოვნებლივ ხელშეკრულების გაფორმებიდან. აღნიშნული სამუშაოების განხორციელება მიმდინარეობდა საქართველოს ურთულესი მდინარის, მდ. ცხენისწყლის კალაპოტში. ვალდებულებების შესრულება ხორციელდებოდა სრულად მოპასუხის მიერ წარმოდგენილი პროექტის ზედმიწევნით დაცვით. სწორედ აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს სახელმძღვანელოს თუ როგორ უნდა განხორციელებულიყო სარეაბილიტაციო სამუშაოები. დროთა განმავლობაში ცხადი გახდა, რომ პროექტი ფაქტიურად მოწყვეტილი იყო რეალობას, არ იყო რა გათვალისწინებული მთელი რიგი სამუშაოები, მათ შორის უმნიშვნელოვანესი წყლის მოცილების სამუშაოები, რომელიც საკვანძო გარემოებას წარმოადგენდა შემდგომი საქმიანობისა და ვალდებულების შესრულების პროცესში, შესრულების ვადებზე. გარდა ამისა გამოვლინდა იმდაგვარი გარემოებები, რომლებმაც ობიექტურად გავლენა იქონიეს შპს "კ-------–ის" მიერ განსახორციელებელ სამუშაოთა ვადებზე, რაზეც იმთავითვე წერილობით ეცნობა მოპასუხე მხარეს. მნიშნელოვანია ის გარემოება, რომ მდინარის ამ ნაწილში, სადაც ხორციელდებოდა სამუშაოები, ხშირი იყო წყალმოვარდნები და ამ პერიოდში ადგილი ჰქონდა სტიქიურ მოვლენებსაც, რამაც რამოდენიმეჯერ გაანადგურა ამ დროს უკვე დასრულებული გარკვეული სამუშაოები. ყოველივე ეს კი ბუნებრივად ხელს უშლიდა სამუშაოთა განხორციელებას.

 

პროექტის მიხედვით განსაზღვრული იყო 312 გრძ.მ ნაბურღ-ნატენი ხიმინჯების მოწყობის სამუშაოების განხორციელება. ნაცვლად ამისა, მოსარჩელის მხრიდან განხორციელებულ იქნა 541,2 გრძ.მ. ნაბურღ ნატენ ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები, რომელიც სამშენებლო ნორმების და წესების მიხედვით აღნიშნული გაზრდილი მოცულობების მე-7 კატეგორიის გრუნტისათვის, ორი საბურღი აგრეგატის 20 საათიანი მუშაობის შემთხვევაშიც კი 294 დღით აღემატება პროექტით და შესაბამისად ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადას. ხოლო 24 სთ –იანი მუშაობის შემთხვევაში მთლიანობაში მოიცავს 277 დღეს. აღნიშნული კი შესაბამისად უნდა გაეთვალისწინებინა მოპასუხე მხარეს და ლეგიტიმური მოთხოვნა ხელშეკრულების მხარისა, რომ ხელშეკრულებაში ამ გარემოებას შესაბამისი ასახვა მოყოლოდა, უნდა დაეკმაყოფილებინა, ნაცვლად მისი ქმედებისა შეეწყვიტა ხელშეკრულება.

 

გარდა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა, პროექტის მიხედვით და შესაბამისი მცდარი გეოლოგიური დასკვნისა, გათვალისწინებული იყო წყალსაცემი ჭის ფსკერის რკინაბეტონის ფილის - ნაწილის დემონტაჟი, ნაბურღ-ნატენი ხიმინჯებით უწყვეტი ნარანდის მოწყობა და მათი თავების — რკინაბეტონის როსტვერკით გაერთიანება არსებული ფსკერის დონემდე. აღნიშნული სამუშაოების შესრულების პროცესში აღმოჩნდა, რომ წყალსაცემი ჭის ფსკერის დანგრეული რკინაბეტონის ფილის ნაცვლად ჩაყრილი იყო გრანიტის ლონდარები, რომელთა გაბურღვა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო და მასზე ბევრად მეტ დროს მოითხოვდა ვიდრე ეს პროექტით იყო გათვალისწინებული. აღნიშნულის თაობაზე ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე ეცნობა მოპასუხე მხარეს და პროექტის ავტორს. ეცნობა ასევე, რომ აღნიშნული სამუშაოები განსხვავებულ დროს და ძალისხმევას საჭიროებდა და ამის გამო ასევე „მოთხოვნილ იქნა ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა და დამატებითი ვადის განსაზღვრა, რაც ასევე იგნორირებულ იქნა მოპასუხე მხარის მხრიდან. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ამას უთითებს თვით პროექტის ავტორი შემსყიდელ ორგანიზაციას და გასცემს რეკომენდაციას, რომ შპს "კ-------–ის" მოთხოვნა არის საფუძვლიანი და აღნიშნული გაეთვალისწინებინა შპს "ს----------–-------–------–იას", თუმცა ეს საკითხიც ყურად არ იღო არავინ.

 

ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებში მოყვანილ ფაქტებს ამ პერიოდში დაერთო ისიც, რომ 2016 წლის 01 მაისს მოულოდნელად აზვირთებულმა მდინარემ მთლიანად წალეკა ბალასტისა და რკინაბეტონის დროებითი ძელყორები, რომელიც ხელახლა აღსადგენი გახდა და რომელთა გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა სამუშაოთა განხორციელება.

გარდა ზემოთ მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებისა, რომელიც ობიექტურად უნდა ყოფილიყო საფუძველი ხელშეკრულების მისადაგებისა შეცვლილი გარემოებისადმი, რაც თავის მხრივ განაპირობებდა ერთის მხრივ მოსარჩელე მხარის მხრიდან ვალდებულების სრულ შესრულებას, მეორეს მხრივ დაკმაყოფილებულ „იქნებოდა მოპასუხე მხარის ინტერესები და ხელშეკრულება შესრულდებოდა, თუმცა შპს "ს----------–-------–------–იის" შესაბამისი მუშაკების მიერ სამუშაოთა განხორციელების პროცესში, გამოვლენილ იქნა არაკომპეტენტურობა, გულგრილობა და იმდაგვარი ქმედებები, რომელიც ზიანის მომტანი გახდა შპს "კ-------–ისათვის", რომელიც ყველა ღონეს და ხერხს იყენებდა ვალდებულება რომ შესრულებულიყო სრულად. სწორედ ამის გამო 2016 წლის 18 მაისს მან წერილობით მიმართა მოპასუხე ორგანიზაციას დასაბუთებული წერილით და მოითხოვა ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილ გარემოებებთან, რომელიც მთლიანად ეყრდნობოდა ობიექტურ და იმ დროისათვის არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს, სამოქალაქო კოდექსისა და მოქმედი კანონმდებლობის ნორმებს, თუმცა შპს "ს----------–-------–------–იის" მიერ აღნიშნულიც იქნა უგულებელყოფილი. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ამ დროისათვის მიუხედავად მთელი რიგი წინააღმდეგობისა შპს "კ-------–ის" მხრიდან შესრულებულ იქნა.

 

ნაცვლად იმისა, რომ მოპასუხე მხარეს ობიექტურად შეეფასებინა რეალობა და ხელი შეეწყო მოსარჩელისათვის ვალდებულების შესრულებაში, გაეთვალისწინებინა წარმოშობილი გაუთვალისწინებელი გარემოებები, მან დაიწყო ჯარიმების დარიცხვა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.07% -ის ოდენობით. ჯარიმა ერიცხება მოსარჩელეს მთლიანი ღირებულებიდან, როდესაც ას უკვე ამ დროისათვის შესრულებული აქვს სამუშაოთა ღირებულების 75 %-ზე მეტი, რომელმაც ყოველდღიურად შეადგინა 1504,99 ლარი. საერთო ჯამში კი შპს „ს----------–-------–------–იის“ მიერ ჯარიმის სახით მიღებული აქვს 90299,95 ლარი. ამასთან მიუხედავად მოსარჩელის წერილობითი მოთხოვნისა და იმის განმარტებისა, რომ თუ ხელშეკრულება არ იქნებოდა მისადაგებული შეცვლილ გარემოებებთან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოპასუხე მხარეს უფლება არ ჰქონდა მოეთხოვა ხელშეკრულების პირობების ზედმიწევნით დაცვა, მან ცალმხრივად, ყოველგარი შეტყობინების გარეშე შეწყვიტა ხელშეკრულება და მიმართა სს „ტე---------“, როგორც გარანტიის გამცემს და მოითხოვა საგარანტიო თანხების უპირობოდ გადარიცხვა, რომლის თაობაზეც კანონმდებლობით დადგენილი წესით და დროში ეცნობა კიდეს შპს „კ-------–ს“ წერილობით ბანკის მიერ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შპს „ს----------–-------–------–იის“ მოთხოვნა იმდენად ბუნდოვანი იყო, რომ სს „ტე--------ა“ მოითხოვა აღნიშნული მოთხოვნის განმარტება. ამავე დროს მოსარჩელე მხარის მიერაც წარდგენილ იქნა წერილობითი პოზიცია, სადაც ცალსახად იქნა დაფიქსირებული, რომ მოპასუხის მოთხოვნა იყო უკანონო და დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო ბანკის მიერ, თუმცა იმის გათვალიწინებით, რომ აღნიშნული წარმოადგენდა უპირობო ვალდებულებას, სს „ტე---------ს“ მიერ გადარიცხულ იქნა საგარანტიო თანხები სრული მოცულობით, რაც შემდგომ გადახდილ იქნა შპს „კ-------–ის“ მიერ. მთლიანობაში აღნიშნულმა თანხამ შეადგინა 163829,5 ლარი.

 

მნიშნელოვანია ის გარემოება, რომ ჯერ კიდევ 2016 წლის 17 მაისს შპს „ს----------–-------–------–იის“ მიერ მიწერილ იქნა წერილი სს ,,ტე---------სადმი“, რომლის მიხედვითაც ეს უკანასკნელი ითხოვს საავანსოდ გაცემული საგარანტიო თანხის შემცირებას, ხოლო შემდგომ მოგვიანებით აღნიშნულის გაუთვალიწინებლად მთლიანად ითხოვს საგარანტიო თანხის გადარიცხვას, რაც კიდევ ერთი გაუგონარი უკანონო ქმედებაა მოპასუხის მხრიდან.

შპს „კ-------–ის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. მის მიერ, მიუხედავად იმისა, რომ პროექტის მიხედვით საერთოდ არ იყო გათვალიწინებული მდინარე ცხენისწყლის მოცილების სამუშაოები, აღნიშნული ურთულესი პრობლემა გადაჭრა თვითონ, აირჩია რა ურთულესი და ერთადერთი გზა, რაც გამოიხატა იმაში, რომ მის მიერ მოწყობილ იქნა 1,5 კმ. ბერმა, რომელიც საერთოდ არ იქნა გათვალიწინებული ხარჯთაღრიცხაში და რომელიც ფატობრივად მოსარჩელემ თავისი ხარჯით უზრუნველყო. აღნიშნული სამუშაოები მიმართული იყო მხოლოდ ვალდებულების შესრულებისაკენ და მისი განუხორციელებლობა საერთოდ გამორიცხავდა სამშენებლო ველზე ტექნიკისა თუ ადამიანური რესურსის გამოყენებას/მუშაობას. მოსარჩელის ყოველი ქმედება მიმართული იყო სამუშაოთა შესრულებისაკენ. რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, მან ერთი გონივრული ნაბიჯიც კი არ გადადგა იმისაკენ, რომ ხელი შეეწყო შპს „კ-------–ისათვის“ დაუბრკოლებლად შეესრულებინა ვალდებულება. სამუშაოთა განხორციელების პროცესში გამოვლენილ ახალი გარემოებებს თან დაერთო სტიქიური მოვლენები, სწორედ ამ პერიოდში ხონის მუნიციპალიტეტში მოვიდა უხვი ნალექი, რამაც გამოიწვია მდ. ცხენისწყლის ადიდება და კალაპოტიდან გადმოსვლა. დაიტბორა მიმდებარე სოფლები და შესაბამისად მდინარემ საერთოდ გაანადგურა ამ დროისათვის განხორციელებული სამუშაოები. აღნიშნული გარემოებაც არ იქნა გათვალიწინებული მოპასუხე ორგანიზაციის მიერ.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოპასუხე მხარის უკანონო ქმედების შედეგად მოსარჩელეს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, მთლიანობაში 394138.53 ლარის ოდენობით.

 

2018 წლის 09 ოქტომბრის სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მოსარჩელე მხარემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა 202 953.85 ლარის ოდენობით, საიდანაც ხარისხის 5% შეადგენს 79 979.8 ლარი, საგარანტიო თანხა 53 760 ლარი, პირგასამტეხლო 69 224 ლარი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1504.99 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს ,,ს----------–-------------------–ი ს----–------–-------------ის კომპანიამ“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არსებული პროექტის მიხედვით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო მდინარის კალაპოტში, სათავე ნაგებობის ზედა და ქვედა ბიეფში დროებითი ძელყორული ზღუდარების მოწყობა წყალარინების უზრუნველსაყოფად და წყლის ნაკადის მიმართვა სათავე ნაგებობის წყალსაშვიან ნაწილზე, რაც ჰიდროტექნიკურ მშენებლობაში ფართოდ გამოიყენება, მრავალგზის აპრობირებულია და გათვალისწინებულია სამშენებლო ნორმებით და წესებით. ზღუდარების პარამეტრები გაანგარიშებულია მდ. ცხენისწყალში 10 წელიწადში ერთჯერ განმეორებადი მაქსიმალური საანგარიშო ხარჯის (+730 კბმ/წმ) გათვალისწინებით. აღნიშნულ საპროექტო გადაწყვეტილებაზე მიღებულია ექსპერტიზის დადებითი დასკვნა.

დროებითი ზღუდარის კონსტრუქციული გადაწყვეტა მოცემულია პროექტის გრაფიკულ ნაწილში, შესასრულებელი სამუშაოების სახეობები და მოცულობები - გრაფიკულ ნაწილსა და სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში, სამუშაოთა წარმოების ძირითადი მოთხოვნები - ტექნიკურ სპეციფიკაციებსა და ეკოლოგიურ უსაფრთხოებაში. ყოველივე ზემოჩამოთვლილი მთლიანობაში სრულიად საკმარისია პროექტით გათვალისწინებული წყალარინების განსახორციელებლად. შპს „კ-------–მა“ სამუშაოთა პირველი და უმთავრესი ეტაპი - ძელყორული ზღუდარების მოწყობა - ფაქტობრივად დაიწყო 2015 წლის მარტის ბოლოს, ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის შემდგომ. დაუყოვნებლივ ხელშეკრულების გაფორმებიდან პრაქტიკულად ვერ დაიწყებდა იმ მარტივი მიზეზით, რომ მის მიერ ვერ იქნა მოძიებული ხის მორები. ძელყორის კონსტრუქციაში ცვლილების (ხის მორების რკინაბეტონის კოჭებით ჩანაცვლების) მოთხოვნით მოგვმართა 11.02.2015წ. 10 წერილით, ზღუდარის რკინაბეტონის კოჭის კონსტრუქციული ნახაზის წარმოდგენა მოეთხოვა მოპასუხის 19.02.2015წ. წერილით, ხოლო პროექტის ავტორის მიერ დადასტურებული ნახაზები წარმოდგენილია 20 თებერვალს. ამრიგად, მოპასუხემ გაითვალისწინა მოსარჩელის უშედეგო მცდელობა ხის მორების უკრაინიდან შემოტანაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობისა და მათი განსაზღვრულ დროში დასრულების ხელშეწყობის მიზნით, პროექტის ავტორთან შეთანხმებით განხორციელდა ცვლილება: დაერთო ნება შპს „კ-------–ს“, ძელყორული ზღუდარები მოეწყო ანაკრები რკინაბეტონის კოჭებით, ნაცვლად პროექტით გათვალისწინებული ხის მორებისა. ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა შესაბამისი ცვლილება. საწყისი ეტაპისათვის აუცილებელი რაოდენობის რკინაბეტონის კოჭების დამზადებას სამშენებლო მოედანზე კუსტარული წესით დასჭირდა დაახლოებით ერთი თვე, რის შემდგომაც დაწყებულ იქნა მდინარის კალაპოტის დარეგულირების (წყალარინების) სამუშაოები. აღნიშნული ფაქტი დასტურდება აგრეთვე პროექტის ავტორის, შპს „არგ-პროექტის“ მიერ განხორციელებული საავტორო ზედამხედველობის ანგარიშებით: 2015 წლის მარტის თვის ანგარიშში აღნიშნულია, რომ კონტრაქტორის მიერ დამონტაჟებული იყო მხოლოდ II სექცია, სიგრძით - 44 მეტრი, ნაცვლად საპროექტო 210 მეტრისა (ზედა ბიეფში).

 

მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ რეაბილიტაციის პროცესში გამოვლენილი, პროექტით გაუთვალისწინებელი სამუშაოების არსებობით განპირობებული დამატებითი დროის საჭიროება არაერთხელ იქნა გათვალისწინებული მოპასუხის მიერ. კერძოდ, შპს „კ-------–ის“ მიერ სატენდეროდ შემოთავაზებული მშენებლობის ხანგრძლივობა (286 კალენდარული დღე) 23.09.2015წ. #3, 31.12.2016წ. #5 და 19.02.2016წ. #6 შეთანხმებებით საერთო ჯამში გაიზარდა 172 დღით და შეადგინა 458 კალენდარული დღე, რაც სრულიად საკმარისი იყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა და ვადაგადაცილება გამოწვეულია იმით, რომ შპს „კ-------–ი“ სამუშაოებს აწარმოებდა წყვეტილად, მის მიერ წარმოდგენილი გეგმა გრაფიკის დარღვევით, არ იცავდა საპროექტო დოკუმენტაციის მოთხოვნებს, სამშენებლო ნორმებსა და წესებს, არ განახორციელა დროული მობილიზება წყალმცირეობის პერიოდში მდ. ცხენიწყლის კალაპოტში დროებითი ზღუდარების მოწყობის უზრუნველსაყოფად. მშენებლობის დაბალი ტემპი და ხარვეზები დაფიქსირებულია შპს „არგ-პროექტის“ საავტორო ზედამხედველობის მაისი–სექტემბრის პერიოდის ანგარიშებშიც. ხელშეკრულების გაფორმებიდან 400 დღის შემდეგ მოსარჩელეს კვლავ არ ჰქონდა დაწყებული ნაბურღ-ნატენი ხიმინჯების მოწყობამ რასთან დაკავშირებით დამატებით იქნა გაფრთხილებული 15.01.2016წ. გ-112 წერილით. ხიმინჯების მოწყობა ფაქტობრივად დაიწყო 2016 წლის იანვრის ბოლოს, რამაც სხვა ფაქტებთან ერთად განაპირობა მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა. ყოველივე ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელე არაერთხელ იქნა გაფრთხილებული წერილობით. კერძოდ: ზღუდარების თხემის ნიშნულები არ შეესაბამება საპროექტო ნიშნულებს (დაბალია). ორმაგი შეფიცვრის ნაცვლად მოწყობილია ერთმაგი შეფიცვრა ფილტრაციის საწინააღმდეგო შუასადების (ტოლის საფენის) გარეშე, რამაც გამოიწვია ზღუდარის გარეცხვა და დაზიანება (მოპასუხის წერილი 11.12.2015წ. გ-1484); სამუშაოები შეჩერებულია, არ გაუტარებია ღონისძიებები 11.12.2015წ. გ-1484 წერილში მითითებული დეფექტებისა და პროექტთან შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად; შექმნილია მდინარის წყალმცირეობის პერიოდის მაქსიმალურად გამოყენებისა და ნაკისრი ვალდებულებების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის რეალური საშიშროება; საჭიროა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დაუყონებლივ განახლება და წარმოება არსებული პროექტისა და სამშენებლო ნორმების განუხრელი დაცვით (15.01.2016წ. გ-112); არ გაუტარებია ღონისძიებები კომპანიის 11.12.2015წ. გ-1484 წერილში მითითებული დეფექტებისა და პროექტთან შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად. იმის გათვალისწინებით, რომ მოახლოებულია მდ.ცხენისწყლის გაზაფხულის წყალდიდობის პერიოდი, რეალური საფრთხის წინაშე დგას სარეაბილიტაციო სამუშაოთა დასრულება და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება (23.03.2016წ. გ-883). მოსარჩელის მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოება, რომ მოხდა ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა, არ შეესაბამება რეალობას: ხელშეკრულებას დაუსრულდა მოქმედების ვადა, რომლის განმავლობაშიც შპს „კ-------–მა“ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები.

 

მოპასუხის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ ზოგადად მშენებლობა, კერძოდ კი ჰიდროტექნიკური მშენებლობა განეკუთვნება არაზუსტ მეცნიერებათა კატეგორიას. მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება არსებული ნაგებობის რეაბილიტაციას. ამ შემთხვევაში ყოველი დეტალის წინასწარ დაგეგმვა პრაქტიკულად შეუძლებელია. ითვალისწინებდა რა აღნიშნულს, შპს „ს----------–-------–------–ია“, პროექტის ავტორთან ერთად, რეგულარულად ახდენდა საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებას რეაბილიტაციის პროცესში ფაქტობრივად გამოვლენილი გარემოებების შესაბამისად და ხელშეკრულების მისადაგებას შეცვლილი გარემოებებისადმი როგორც კონსტრუქციული თვალსაზრისით, ასევე ვადებთან მიმართებაში.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, შპს „კ-------–ის“ მიერ სატენდეროდ შემოთავაზებული მშენებლობის ხანგრძლივობა (286 კალენდარული დღე) 23.09.2015წ. #3, 31.12.2016წ. #5 და 19.02.2016წ. #6 შეთანხმებებით საერთო ჯამში გაიზარდა 172 დღით და შეადგინა 458 კალენდარული დღე, 2016 წლის 21 მარტის ჩათვლით. შესაბამისად, 2016 წლის 21 მაისის წყალდიდობისას სარეაბილიტაციო სამუშაოები 40 დღის დასრულებული უნდა ყოფილიყო. ზღუდარების პარამეტრები გაანგარიშებული იყო მდ. ცხენისწყალში მაქსიმალური საანგარიშო ხარჯის (=730 კბმ/წმ) გათვალისწინებით. ასეთი ხარჯი ხსენებული მომენტისათვის მდინარის კალაპოტში არ დაფიქსირებულა. ზღუდარების რღვევა გამოიწვია მათმა არასწორად მოწყობამ (ზღუდარების თხემის ნიშნულების შეუსაბამობა საპროექტო ნიშნულებთან, ორმაგი შეფიცვრის ნაცვლად ერთმაგი შეფიცვრის მოწყობა ფილტრაციის საწინააღმდეგო შუასადების (ტოლის საფენის) გარეშე), რაზეც მოპასუხე აფრთხილებდა მოსარჩელეს 11.12.2015წ. გ-1484 წერილით.

 

2016 წლის 18 მაისისათვის (ხელშეკრულების გაფორმებიდან 516 დღის განმავლობაში) მოსარჩელეს შესრულებული ჰქონდა სახელშეკრულებო ღირებულების 74%, რისი გათვალისწინებითაც შეუძლებლად იქნა მიჩნეული ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება. იმის მტკიცება, რომ შპს „ს----------–-------–------–იის“ შესაბამისი მუშაკების მიერ სამუშაოთა განხორციელების პროცესში გამოვლენილ იქნა არაკომპეტენტურობა, გულგრილობა და შპს „კ-------–ისათვის“ ზიანის მომტანი ქმედებები, არ შეესაბამება რეალობას: რეგულარულად ხდებოდა ობიექტზე ტექნიკური და საავტორო ზედამხედველობის განხორციელება, ფაქტობრივად გამოვლენილი გარემოებების შესაბამისი საპროექტო და ვადების ცვლილებების განხორციელება, ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილ გარემოებებთან. ასევე არ შეესაბამება რეალობას ის ფაქტი, რომ მოპასუხის მიერ იგნორირებულ იქნა მოსარჩელის 18 მაისის წერილობითი მომართვა. აღნიშნულ წერილზე გაცემულ იქნა არგუმენტირებული პასუხი კომპანიის 01.06.2016წ. გ-1758 წერილით, რომელიც ამავე დღეს ჩაბარდა ხელზე შპს „კ-------–ის“ წარმომადგენელს, ადვოკატ შ-----------------ეს.

ხელშეკრულების 14.2.1 პუნქტით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლოს დარიცხვა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 0,07%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვინაიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელების შედეგად მიიღებოდა ერთიანი ნაგებობა (კომპლექსი), რომელიც უზრუნველყოფდა ხონი სამტრედიის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის უსაფრთხო და გარანტირებულ ფუნქციონირებას. ცალ-ცალკე ვალდებულებებად სახელშეკრულებო ღირებულების დაყოფა არ იქნებოდა მიზანშეწონილი, რადგან ყოველივე ერთად წარმოადგენს ერთიანს და განუყოფელს. ამასთან, სამუშაოთა გარკვეული ნაწილი (მაგალითად, წყალარინება) წარმოადგენს წინმსწრებ სამუშაოს, რომელთა განხორციელება განმეორებით გახდა საჭირო დამატებით ჩატარებული ტენდერის ფარგლებში. მაგალითად, ჯამურად შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების ერთ მესამედზე მეტი (5572381 ლარი) გადახდილია მდინარეში დროებითი წყალამრიდი ძელყორული ზღუდარების მოწყობაზე, რაც წარმოადგენს მხოლოდ მშენებლობის პროცესის ხელშემწყობ ღონისძიებას. აღნიშნული სამუშაო შპს „კ-------–მა“ განახორციელა უხარისხოდ, პროექტისა და სამშენებლო ნორმების დარღვევით, რამაც გამოიწვია ზღუდარების რღვევა მცირე წყალმოვარდნებისას (იხილეთ ფაქტობრივი გარემოებები #4 და #6). მათი განმეორებით მოწყობა განხორციელდა დამატებით ჩატარებული ტენდერის ფარგლებში. ზემოთ მოყვანილი არგუმენტებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა მომხდარიყო მთლიან სახელშეკრულებო ღირებულებაზე. რაც შეეხება მოსარჩელის მტკიცებას, რომ შპს „ს----------–-------–------–იამ“ ცალმხრივად, ყოველგვარი შეტყობინების გარეშე შეწყვიტა ხელშეკრულება, არ შეესაბამება რეალობას შემდეგ მიზეზთა გამო: 2016 წლის 31 მაისს ხელშეკრულებას დაუსრულდა მოქმედების ვადა; ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებისა და საბანკო გარანტიის გამოთხოვნის შესახებ მოსარჩელეს ეცნობა კომპანიის 31.05.2016წ. #გ-1749 წერილით, რომელიც მეორე დღეს ჩაბარდა ხელზე შპს „კ-------–ის“ წარმომადგენელს, ადვოკატ შ-----------------ეს.

იმის მტკიცება, რომ შპს „კ-------–ის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, არ შეესაბამება რეალობას. მის მიერ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ იქნა განხორციელებული ისეთი სამუშაოებიც კი, რომელიც არანაირად არ უკავშირდებოდა მდინარის კალაპოტს და წყალმოვარდნებს. მაგალითად: ახლით არ იქნა შეცვლილი (მხოლოდ ზერელედ შეკეთდა) ლითონის ფარების დაზიანებული ამწე მექანიზმები. ხნლით არ იქნა შეცვლილი კაშხლის ძირითადი ფარების ამწე მექანიზმების ელექტროძრავები. ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულების შემდგომ მის მიერ მოტანილი ძრავები აღმოჩნდა პროექტთან შეუსაბამო. იმის მტკიცება, რომ მოსარჩელის მიერ საკუთარი სახსრებით იქნა მოწყობილი 1,5კმ ბერმა, არ შეესაბამება რეალობას. აღნიშნული სამუშაო გათვალისწინებულ იქნა ხელშეკრულების ცვლილებისას და 233 553 ლარი (დღგ-ს ჩათვლით) ანაზღაურებულია სრულად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 19 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებულ იქნა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის თაობაზე, რომლის საგანსაც წარმოადგენდა "ხონი-სამტრედიის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის აღდგენა რეაბილიტაციის" სამუშაოების განხორციელება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მთლიან ღირებულება შეადგენდა 2 149 999 ლარს. ამავე ხელშეკრულების თანახმად სამუშაოთა შესრულების ვადად თავდაპირველად განსაზღვრულ იქნა 280 კალენდარული დღე.

 

ხელშეკრულების 5.1 მუხლის თანახმად, სამუშაოს მიღება-ჩაბარება ხორციელდება შესრულებული სამუშაოების აქტის (ფორმა 2) საფუძველზე, მიმწოდებლის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ან მისი ნაწილის მოცულობის შესაბამისად.

ხელშეკრულების 6.6 მუხლის თანახმად, გარდა ავანსის დაქვითვისა, შემსყიდველი დაუკავებს მიმწოდებელს თითოეული გადახდიდან გადასახდელი თანხის 5%-ს სამუშაოს მთლიანად დასრულებამდე. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ობიექტის ჩაბარების შემდეგ მიმწოდებელს დაუბრუნდება დაკავებული თანხის ნახევარი, ხოლო მეორე ნახევარი დაუბრუნდება მას დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდის (1 წელი) გასვლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც შემსყიდველი დაამოწმებს, რომ მის მიერ მითითებული ყველა დეფექტი გასწორებულია მიმწოდებლის მიერ დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდის დასრულებამდე. სამუშაოს მთლიანად დასრულების შემდეგ მიმწოდებელს შეუძლია შეცვალოს თანხის დაკავება უპირობო ,,მოთხოვნამდე“ საბანკო გარანტიით.

ხელშეკრულების 6.9 მუხლის თანახმად, შემსყიდველის მიერ 2014 წლის 13 თებერვლის #258 განკარგულების ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა შეადგენს 500 000 ლარს, ხოლო დარჩენილი თანხის ანაზღაურება განხორციელდება 2015 წლის ასიგნებების ფარგლებში.

ხელშეკრულების 13.1 მუხლის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილია საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 2.5% 53 750 ლარის ოდენობით. საბანკო გარანტია მიმწოდებელს დაუბრუნდება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებისას.

ხელშეკრულების 4.2.1 მუხლის თანახმად, მიმწოდებელი კისრულობს პასუხისმგებლობას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში გადაუხადოს პირგასამტეხლო შემსყიდველს სახელშეკრულებო ღირებულების 0.07% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 19 დეკემბრის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-24);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2.დადგენილია, რომ 2015 წლის ივნისი, ივლისი და აგვისტოს თვეში შემსყიდველი ორგანიზაციისა და მუნიციპალიტეტის მოთხოვნით, მხარეთა შეთანხმებით სამუშაოები შეწყვეტილი იქნა მოსახლეობისათვის სარწყავი წყლის მიწოდების საჭიროების გათვალისწინებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (მხარეთა მიერ სასამართლო განხილვისას აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სადავო არ გამხდარა).

3.1.3. 2015 წლის 23 სექტემბრის შეთანხმების თანახმად, რომელიც დაიდო შპს ,,ს----------–-------–------–იას“ და შპს ,,კ-------–ს“ შორის, ცვლილება შევიდა #79-ბ/14 ხელშეკრულების პირველ მუხლში (,,ხელშეკრულების საგანი და ღირებულება“) და სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა 377 კალენდარული დღით (2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით); #79-ბ/14 ხელშეკრულების მეთხუთმეტე მუხლში (,,ხელშეკრულების მოქმედების ვადა“) შევიდა ცვლილება და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,15.1 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე და მოქმედებს 2016 წლის 28 თებერვლის ჩათვლით“.

 

შეთანხმება ძალაშია მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან, ამასთანავე ,,მიმწოდებელი“ კისრულობს ვალდებულებას ,,შემსყიდველს“ წარმოუდგინოს შეთანხმების გაფორმებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია 2016 წლის 28 მარტის ვადით, წინააღმდეგ შემთხვევაში ,,შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას იხელმძღვანელოს #79-ბ/14 ხელშეკრულების საბანკო გარანტიით და მოითხოვოს საგარანტიო თანხა. 2014 წლის 19 დეკემბრის ხელშეკრულების სხვა პირობები დარჩა უცვლელი. წინამდებარე შეთანხმება წარმოადგენს 2014 წლის 19 დეკემბრის ხელშეკრულების შემადგენელ და განუყოფელ ნაწილს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შეთანხმება #3 (ს.ფ. 159);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

3.1.4. 2015 წლის 31 დეკემბრის შეთანხმების ოქმი #5-ის თანახმად, რომელიც დაიდო შპს ,,ს----------–-------–------–იას“ და შპს ,,კ-------–ს“ შორის, ცვლილება შევიდა #79-ბ/14 ხელშეკრულებაში, შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შევიდა შემდეგი სახის ცვლილება: ხელშეკრულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების მიწოდების ვადა ნაცვლად 428 კალენდარული დღისა (2016 წლის 20 თებერვლის ჩათვლით) განისაზღვრა 458 კალენდარული დღით (2016 წლის 21 მარტის ჩათვლით).

 

შეთანხმება წარმოადგენს მხარეთა შორის 2014 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული #79-ბ/14 ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სხვა პირობა დარჩა უცვლელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 23 სექტემბრის შეთანხმება #3 (ს.ფ. 160);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

3.1.5. 2016 წლის 19 თებერვლის შეთანხმების ოქმი #6-ის თანახმად, რომელიც დაიდო შპს ,,ს----------–-------–------–იას“ და შპს ,,კ-------–ს“ შორის, შემდეგი ცვლილება შევიდა #79-ბ/14 ხელშეკრულებაში: პირველ მუხლში (,,ხელშეკრულების საგანი და ღირებულება“) და სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა ნაცვლად 428 კალენდარული დღისა (2016 წლის 20 თებერვლის ჩათვლით) 458 კალენდარული დღით (2016 წლის 21 მარტის ჩათვლით).

ხელშეკრულების მეთხუთმეტე მუხლში (ხელშეკრულების მოქმედების ვადა) შევიდა ცვლილება და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

15.1 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შევიდა ხელმოწერისთანავე და მოქმედებდა 2016 წლის 31 მაისის ჩათვლით.

 

შეთანხმება წარმოადგენს მხარეთა შორის 2014 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული #79-ბ/14 ხელშეკრულების საბანკო გარანტიით და მოითხოვოს საგარანტიო თანხა. 2014 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული #79-ბ/14 ხელშეკრულების სხვა პირობები რჩება უცვლელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 19 თებერვლის შეთანხმება (ს.ფ. 161);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

3.1.6. 2016 წლის 06 იანვარს, სს ,,კორ სტანდარტ ბანკს“ და შპს ,,კ-------–ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება საბანკო გარანტიის გაცემის შესახებ, რომლის თანახმად, გარანტმა პრინციპალის წინაშე აიღო ვალდებულება, ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, გაეცა საბანკო გარანტია შპს ,,ს----------–-------------------–ი ს----–------–-------------ის კომპანიის“ (ბენეფიციარი) სასარგებლოდ, ხოლო პრინციპალი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს გარანტს მომსახურების საზღაური, აუნაზღაუროს ყველა ხარჯი, რომლებიც დაკავშირებული იქნება საგარანტიო ოპერაციის განხორციელებასთან და სრულად შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.

ხელშეკრულების 1.3 მუხლის თანახმად, გარანტიის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 53 750 ლარის ოდენობით. 1.4 მუხლის თანახმად, გარანტიის მოქმედების ვადა წყდება 2016 წლის 28 მარტს (28 მარტის ჩათვლით).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 06 იანვრის ხელშეკრულება (ს.ფ. 25-28);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.7. 2016 წლის 06 იანვარს, სს ,,კორ სტანდარტ ბანკს“ და შპს ,,კ-------–ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება საბანკო გარანტიის გაცემის შესახებ, რომლის თანახმად, გარანტმა პრინციპალის წინაშე აიღო ვალდებულება, ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, გაეცა საბანკო გარანტია შპს ,,ს----------–-------------------–ი ს----–------–-------------ის კომპანიის“ (ბენეფიციარი) სასარგებლოდ, ხოლო პრინციპალი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს გარანტს მომსახურების საზღაური, აუნაზღაუროს ყველა ხარჯი, რომლებიც დაკავშირებული იქნება საგარანტიო ოპერაციის განხორციელებასთან და სრულად შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.

ხელშეკრულების 1.3 მუხლის თანახმად, გარანტიის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 131 118.84 ლარის ოდენობით. 1.4 მუხლის თანახმად, გარანტიის მოქმედების ვადა წყდება 2016 წლის 28 მარტს (28 მარტის ჩათვლით).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 06 იანვრის ხელშეკრულება (ს.ფ. 29-32);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.8. 18/05/2016 წლის აქტის თანახმად, ხონი-სამტრედიის სამელიორაციო სისტემის სათავე ნაგებობის უფროსმა მურმან თოდუამ, შპს ,,საქმელიორაციის“ ტექ. ზედამხედველმა რომან გოგინავამ, შპს ,,კ-------–ის“ მთ. ინჟინერმა ივ-----–---–---–მა და სამუშაოს მწარმოებელმა რომან შეროზიამ შეადგინეს აქტი მასზედ, რომ 01/05/2016 წელში დღის 12:00 სთ-ზე მოვარდნილმა აზვირთებულმა ცხენის წყალმა გაარღვია და მთლიანად წალეკა ბალასტისა და რკინა ბეტონის დროებითი ძელყორები. ასევე 18/05.2016 წელში კვლავ მოხდა ბალასტისაგან შექმნილი ძელყორის განგრევა. მთლიანობაში ცხენისწყალმა მოიტაცა 500 გრძ/მ ბალასტისა და 48 ჰრძ/მ რკ/ბეტ ძელყორი - მოცულობით 7500 მ3 და 80.6 მ3 რკ/ბეტ, რასაც ადასტურებენ ხელმოწერით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 18/05/2016 წლის აქტი (ს.ფ. 47);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

3.1.9. 2016 წლის 18 მაისს შპს ,,კ-------–მა“ წერილობით მიმართა შპს ,,ს----------–-------–------–იას“ და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების პროცესში წარმოქნილი სირთულეების (როგორიცაა მდინარე ცხენისწყალზე, მისი არაპროგნოზირებადობის გამო, ხშირი წყალმოვარდნები, რაც განაპირობებდა მიმდინარე სამუშაოების შეფერხებას), გათვალისწინებით, ხელშეკრულების პირობების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის საფუძველზე, რაზეც შპს ,,ს----------–-------–------–იამ“ უარი განაცხადა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,კ-------–ის“ წერილი (ს.ფ. 48-56);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

3.1.10. შპს ,,ს----------–-------–------–იამ“ შპს ,,კ-------–ს“ 2016 წლის მაისის წერილის საპასუხოდ წერილობით განუმარტა, რომ მხარეთა შორის 2014 წლის 19 დეკემბერს გაფორმებულ #79-ბ/14 ხელშეკრულებას (ხელშეკრულების 14.3.1 პუნქტით გათვალისწინებული ფორს-მაჟორული ან/და სხვა ობიექტური მიზეზით გამოწვეული ხელისშემშლელი გარემოებების არარსებობა) მიმდინარე წლის 31 მაისს ამოეწურა მოქმედების ვადა, რის საფუძველზეც კომპანიის მიერ განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები და აღნიშნულის შესახებ ეცნობა შპს ,,კ-------–ს“.

 

შპს ,,ს----------–-------–------–იამ“ შპს ,,კ-------–ს“ ასევე წერილობით განუმარტა, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე კომპანიას უკვე დაკავებული აქვს პირგასამტეხლო 69 224.02 ლარის ოდენობით, ხოლო მის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლოს თანხა 2016 წლის 31 მაისის მდგომარეობით შეადგენს 37 621.75 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,ს----------–-------–------–იის“ წერილები (ს.ფ. 162; 165);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

3.1.11. დადგენილია, რომ შპს ,,ს----------–-------–------–იამ“ შპს ,,კ-------–ს“ შორის 2014 წლის 19 დეკემბერს გაფორმებულ #79-ბ/14 ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები/სამუშაო ხელშეკრულების მოქმედების ვადაში სრულად შესრულებული არ იქნა. მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა რომ შესრულებული სამუშაოს მოცულობა საორიენტაციოდ შეადგენს 74%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 19 დეკემბრის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-24);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);

- შესრულებული სამუშაოს აქტი (ს.ფ. 167-182);

- შესრულებული სამუშაოს აქტი (გაუთვალისწინებელი სამუშაოები) - ს.ფ. 183;

 

3.1.12. დადგენილია, რომ ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოს ასანაზღაურებელი თანხიდან მოპასუხე მხარის მიერ დაკავებული იქნა პირგასამტეხლოს სახით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადაგადაცილების საფუძვლით 69 224 ლარი. აღნიშნული პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდი მოიცავს 2016 წლის 21 მარტიდან 31 მაისამდე პერიოდს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,ს----------–-------–------–იის“ წერილები (ს.ფ. 162; 165);

- მხარეთა ახსნა-განმარტება. (იხ. სასამარლო სხდომის ოქმი);

3.1.13. დადგენილია, რომ შპს ,,ს----------–-------–------–იამ“ შპს ,,კ-------–ს“ შორის 2014 წლის 19 დეკემბერს გაფორმებულ #79-ბ/14 ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხე შპს ,,ს----------–-------–------–იის“ მიერ გამოთხოვილი იქნა საბანკო გარანტია 53 750 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წერილები (ს.ფ. 57-67, 165);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

3.1.14. სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,კ-------–ის“ მიერ 19.12.2014 წლის ხელშეკრულების ფარგლებში, განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები არის შეთანხმებული ხარისხის და არ არსებობს ხელშეკრულების 6.6. პუნქტით გათვალისწინებული ხარისხის პროცენტის დაკავების ფაქტობრივი წინაპირობები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

 

აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია, მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ შპს „კ-------–ი“ სამუშაოებს აწარმოებდა წყვეტილად, მის მიერ წარმოდგენილი გეგმა გრაფიკის დარღვევით, არ იცავდა საპროექტო დოკუმენტაციის მოთხოვნებს, სამშენებლო ნორმებსა და წესებს, არ განახორციელა დროული მობილიზება წყალმცირეობის პერიოდში მდ. ცხენიწყლის კალაპოტში დროებითი ზღუდარების მოწყობის უზრუნველსაყოფად. მშენებლობის დაბალი ტემპი და ხარვეზები დაფიქსირებულია შპს „არგ-პროექტის“ საავტორო ზედამხედველობის მაისი–სექტემბრის პერიოდის ანგარიშებშიც. ხელშეკრულების გაფორმებიდან 400 დღის შემდეგ მოსარჩელეს კვლავ არ ჰქონდა დაწყებული ნაბურღ-ნატენი ხიმინჯების მოწყობამ რასთან დაკავშირებით დამატებით იქნა გაფრთხილებული 15.01.2016წ. გ-112 წერილით. ხიმინჯების მოწყობა ფაქტობრივად დაიწყო 2016 წლის იანვრის ბოლოს, რამაც სხვა ფაქტებთან ერთად განაპირობა მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა. ყოველივე ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელე არაერთხელ იქნა გაფრთხილებული წერილობით.

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას და მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი შესრულებული სამუშაოების აქტები, რომლებიც ადასტურებს, რომ მოსარჩელე კომპანიის მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა მოპასუხე მხარისთვის მისაღები ხარისხით. საგულისხმოა, რომ უხარისხოდ, პროექტის დარღვევით ნაწარმოები სამუშაოების და შესაბამისად, ხელშეკრულების შესაბამისი პუნქტით სამუშაოების ხარისხის შემოწმების მიზნით დაკავებული თანხის მართებულობის მტკიცების ტვირთი არსებული მდგომარეობით აწევს მოპასუხე მხარეს. წარმოდგენილ შემთხვევაში მხოლოდ მითითება, რომ სამუშაოები ნაწარმოებია უხარისხოდ ვერ იქნა აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად საკმარის და სარწმუნო მტკიცებულებად. დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოები სრულად შესრულებული, თუმცაღა ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული და მეორე მხარის მიერ მიღებული სამუშაოების ღირებულების დაკავების (6.6. პუნქტის შესაბამისად) საჭიროება სახელზე არ არის, თუკი დადასტურებული არ იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების უხარისხობის ფაქტი. მხარეთა შორის არ გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოების სრულად შეუსრულებლობის გამო და მეტიც, სახეზეა 6.6 პუნქტით დადგენილი რეალურად შესრულებული სამუშაოების მიმართ დეფექტებზე პასუხისმგებლობის 1 წლიანი პერიოდი. არსებული მდგომარეობით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამუშაოები მოპასუხე მხარეს მიღებული აქვს, ხოლო სათანადო ფორმით ხარისხის შემოწმების თაობაზე კომპეტენტური კვლევა და შედავება განხორციელებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შესრულებული სამუშაოს აქტი (ს.ფ. 167-182);

- შესრულებული სამუშაოს აქტი (გაუთვალისწინებელი სამუშაოები) - ს.ფ. 183;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა შპს ,,კ-------–ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 629-ე, 879-ე, 417-ემუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2014 წლის 19 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებულ იქნა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის თაობაზე, რომლის საგანსაც წარმოადგენდა "ხონი-სამტრედიის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის აღდგენა რეაბილიტაციის" სამუშაოების განხორციელება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მთლიანი ღირებულება შეადგენდა 2 149 999 ლარს. ამავე ხელშეკრულების თანახმად სამუშაოთა შესრულების ვადად თავდაპირველად განსაზღვრულ იქნა 280 კალენდარული დღე. ხელშეკრულების 5.1 მუხლის თანახმად, სამუშაოს მიღება-ჩაბარება ხორციელდება შესრულებული სამუშაოების აქტის (ფორმა 2) საფუძველზე, მიმწოდებლის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ან მისი ნაწილის მოცულობის შესაბამისად.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი.

 

ხელშეკრულების 4.2.1 მუხლის თანახმად, მიმწოდებელი კისრულობს პასუხისმგებლობას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში გადაუხადოს პირგასამტეხლო შემსყიდველს სახელშეკრულებო ღირებულების 0.07% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

სასამართლო მოსარჩელე კომპანიისთვის დაკისრებულ პირგასამტეხლოს თანხასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, შპს ,,კ-------–ს“ რამდენჯერმე გაუგრძელდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა სარეაბილიტაციო სამუშაოების საწარმოებლად. #6 შეთანხმების ოქმით, რომელიც მხარეებს შორის შედგა 2016 წლის 19 თებერვალს, შპს ,,კ-------–ს“ სარეაბილიტაციო სამუშაოების საწარმოებლად ნაცვლად 428 დღიანი ვადისა, მიეცა ვადა 2016 წლის 21 მარტის ჩათვლით და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი განისაზღვრა 2016 წლის 31 მაისამდე. დადგენილია, რომ არსებული პირგასამტეხლოს დარიცხვა მომხდარია ხელშეკრულების სრულ თანხაზე და მისი მოქმედების პერიოდში. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მოსარჩელე კომპანიამ დამატებით განსაზღვრულ ვადებში განახორციელა სამუშაოები, რაზეც შედგა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე შპს ,,კ-------–ს“ პირგასამტეხლოს თანხა უსაფუძვლოდ დაეკისრა. შესაბამისად, სარჩელი ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ასევე, გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შესაბამისად, დადგენილია, რომ შპს ,,კ-------–ის“ მიერ 19.12.2014 წლის ხელშეკრულების ფარგლებში, განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები არის შეთანხმებული ხარისხის და არ არსებობს ხელშეკრულების 6.6. პუნქტით გათვალისწინებული ხარისხის პროცენტის დაკავების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება უნდა მოხდეს სრულად, აღნიშნული დაკავებული პროცენტული წილის (5% - 79 979 ლარი) მოპასუხისათვის დაკისრებით.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეებს შორის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა ვალდებულების შესრულების საბანკო გარანტია 53 750 ლარის ოდენობით და ავანსის საბანკო გარანტია 131118,85 ლარის ოდენობით, დადებულ იქნა რა შესაბამისი ხელშეკრულებები სს "ტე---------ა" და შპს "კ-------–ს" შორის ხელშეკრულების დადების მომენტში (სს კო-------------------ი). აღნიშნულმა ხელშეკრულებებმა მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე განიცადეს ცვლილებები მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადის შეცვლის ნაწილში.

 

ხელშეკრულების 13.1 მუხლის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილია საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 53 750 ლარის ოდენობით. საბანკო გარანტია მიმწოდებელს დაუბრუნდება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებისას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა მიერ სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2014 წლის 19 დეკემბრის ხელშეკრულების სარეაბილიტაციო სამუშაოების საწარმოებლად განსაზღვრული ვადა რამდენჯერმე გაგრძელდა, შპს ,,კ-------–ის“ მიერ მისი დასრულების შეუძლებლობის გამო. სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა ნათელია და სადავო არაა გამხდარი, ხელშეკრულების ვადა ყველა გარემოების გათვალისწინებით არაერთხელ იქნა გაგრძელებული. შესაბამისად, ვინაიდან, ხელშეკრულების თანახმად, გარანტიის თანხის გაცემის საფუძველს წარმოადგენდა, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების ვადაში დაუსრულებლობა, გარანტიის გამოთხოვის სამართლებრივ წინაპირობას წამოადგენდა და სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

სსსკ-ის 39-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა.ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა იურიდიული პირებისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს ,,ს----------–-------------------–ი ს----–------–-------------ის კომპანიას“ შპს ,,კ-------–ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 3676 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე შპს ,,კ-------–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. შპს ,,ს----------–-------------------–ი ს----–------–-------------ის კომპანიას“ შპს ,,კ-------–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 149 203.80 ლარის გადახდა.

 

3. შპს ,,კ-------–ის“ მოთხოვნა 53 760 ლარის მოპასუხე მხარისათვის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

4. შპს ,,ს----------–-------------------–ი ს----–------–-------------ის კომპანიას“ შპს ,,კ-------–ის“დაეკისროს მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 3676 ლარის ანაზღაურება.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე