გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.12.2018
საქმის ნომერი
330210018002613934
კატეგორია
დავის ტიპი
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
თარიღი
12.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/25823-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მადი ჩანტლაძე

სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი

მოსარჩელე - თა------------–---–ი, გო----------–---–ი

წარმომადგენელი - რო---------ე

მოპასუხე - სს „მი--------------ი“

წარმომადგენელი - ან-------–---–ი

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნები:

 

1.1. სს "მი--------------ს“ 2016 წლის 27 დეკემბერს (გადახდის ვადით - 27.12.2017 წელი) გაცემული მარტივი საფინანსო (სოლო) თამასუქის (№A------------------) მფლობელის თა------------–---–ის სასარგებლოდ, 2018 წლის 03 სექტემბრის მდგომარეობით დაეკისროს ვადადამდგარი თამასუქის თანხის და წლიური 16%-ის ოდენობით თამასუქის საპროცენტო სარგებლის ერთი თვის დავალიანების, აგრეთვე, გადახდის ვადაგადაცილებისათვის თამასუქის თანხის ექვსი პროცენტის და სამი პროცენტი საურავის თანხის გადახდა, ჯამურად, 37 617,81 აშშ დოლარის/ექვივალენტით ლარებში (ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით) ოდენობით;

 

1.2. დაეკისროს მოპასუხე სს "მი--------------ს" თა------------–---–ის სასარგებლოდ 2018 წლის 03 სექტემბრის შემდეგ, თანხის ფაქტობრივად გადახდის დღემდე, შეუსრულებელ ვალდებულებისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დამატებით თამასუქის თანხის ექვსი პროცენტის და სამი პროცენტი საურავის თანხის გადახდა, ჯამურად, დღეში 8,63 აშშ დოლარის ოდენობით;

 

1.3. სს "მი--------------ს" 2017 წლის 15 მაისს (გადახდის ვადით - 15.11.2018 წელს) გაცემული მარტივი საფინანსო (სოლო) თამასუქის (№A------------------) მფლობელის გო----------–---–ის სასარგებლოდ 2018 წლის 03 სექტემბრის მდგომარეობით დაეკისროს გადახდის ვადადაუმდგარი თამასუქის თანხის და წლიური 16,50%-ის ოდენობით თამასუქის საპროცენტო სარგებლის ვადაზე ადრე გადახდა, ჯამურად, 100 859,78 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში (ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით) ოდენობით;

 

1.4. დაეკისროს მოპასუხე სს "მი--------------ს" გო----------–---–ის სასარგებლოდ 2018 წლის 03 სექტემბრის შემდეგ, თანხის ფაქტობრივად გადახდის დღის ჩათვლით, მაგრამ არაუმეტეს თამასუქით განსაზღვრული მისი განაღდების დასაშვები ვადის დღის - 2018 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით, დამატებით თამასუქით განსაზღვრული წლიური 16,50%-ის ოდენობით თამასუქის საპროცენტო სარგებლის თანხის გადახდა, დღეში 37,52 დოლარის ექვივალენტით ლარებში ოდენობით.

 

1.5. დაეკისროს მოპასუხე სს "მი--------------ს" გო----------–---–ის სასარგებლოდ 2018 წლის 15 ნოემბრის შემდეგ, უკვე ვადადამდგარი და გადაუხდელი თამასუქის თანხაზე, თანხის ფაქტობრივად გადახდის დღემდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, თამასუქის თანხის ექვსი პროცენტის და სამი პროცენტი საურავის თანხის - გადახდა, ჯამურად: დღეში 20,46 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი.

 

მოსარჩელე თა------------–---–მა სასარჩელო მოთხოვნა დაამყარა 2016 წლის 27 დეკემბერს მასსა და სს „მი--------------ს“ შორის გაფორმებულ თამასუქის ხელშეკრულებაზე, ასევე მოპასუხის მიერ თა------------–---–ზე გაცემულ სათანადო წესით გაფორმებულ, მარტივ (სოლო) თამასუქზე, 35 000,00 აშშ დოლარის ოდენობით, 12 თვის ვადით, განაღდების უპირობო ვალდებულებით; ემიტენტი თამასუქის მფლობელს გადაუხდიდა საპროცენტო სარგებელს ყოველთვიურად, წლიური 16%-ის ოდენობიდან გაანგარიშებით, ხოლო თამასუქის თანხას კი გადაუხდიდა ვადის ბოლოს - 2017 წლის 27 დეკემბერს.

 

მოსარჩელე გო----------–---–მა სასარჩელო მოთხოვნა დაამყარა 2017 წლის 15 მაისს მასსა და სს „მი--------------ს“ შორის გაფორმებულ თამასუქის ხელშეკრულებაზე, ასევე მოპასუხის მიერ გო----------–---–ზე გაცემულ, სათანადო წესით გაფორმებულ, მარტივ (სოლო) თამასუქზე, 83 000,00 აშშ დოლარის ოდენობით, 18 თვის ვადით, განაღდების უპირობო ვალდებულებით. ემიტენტი თამასუქის მფლობელს გადაუხდიდა თამასუქის თანხასა და საპროცენტო სარგებელს წლიური 16,50%-ის ოდენობით, ერთიანად, ვადის ბოლოს - 2018 წლის 15 ნოემბერს.

 

2017 წლის დეკემბრიდან სს "მი--------------მა", რთული ფინანსური მდგომარეობის მოტივით, შეუწყვიტა ყველა თამასუქის მფლობელს საპროცენტო სარგებლის გადახდა და ვადის დღეს წარდგენილ თამასუქშიც არ გადაუხადა თამასუქის თანხა.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. შესაგებელში განმარტებულია, რომ მოპასუხის წინაშე მესამე პირების მხრიდან არ ხდება ვალდებულებების შესრულება, რის გამოც სს „მი--------------ი“ვერ ასრულებს თამასუქის ძირი თანხის დაბრუნების ვალდებულებას.

 

მოპასუხემ მიუთითა, რომ გო----------–---–ის მიმართ ვალდებულების შესრულების ვადა არ არის დამდგარი, ამიტომაც მას არ უნდა დაეკისროს თანხის გადახდა. სს „მი--------------ის“ წარმომადგენელმა მიუთითა ასევე „მწვანე თამასუქის“ შეძენის №2--- ხელშეკრულების 3.11 და 3.10 პუნქტებზე, რომლის მიხედვით ბლოკირებული თამასუქი არ ექვემდებარებოდა დაბრუნებას/განაღდებას შემძენი პირისათვის გადაცემიდან 18 თვის შემდეგ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2016 წლის 27 დეკემბერს თა------------–---–სა და სს „მი--------------ს“ შორის გაფორმდა პროცენტიანი მარტივი - „მწვანე თამასუქის“ შეძენის ხელშეკრულება №1---, დამოწმებული სანოტარო წესით.

 

ხელშეკრულების მე-2 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების საგანი: თამასუქის ემიტენტი ახორციელებდა პროცენტიანი თამასუქის ემისიას, ხოლო თამასუქის შემძენი პირი ყიდულობდა თამასუქს, მხარეთა შორის შეთანხმებულ ფასში; ემიტენტი იღებდა ვალდებულებას განეხორციელებინა თამასუქის ემისია (გამოშვება) თამასუქის შემძენის სახელზე და შესაბამისად გადაეცა თამასუქიდან გამომდინარე, ემიტენტის მიმართ სათამასუქო მოთხოვნის უფლებები; თამასუქის შემძენმა პირმა აიღო ვალდებულება მიეღო თამასუქი და თამასუქიდან გამომდინარე ყველა უფლება და გადაეხადა ემიტენტისათვის თამასუქის საემისიო ღირებულება.

 

ხელშეკრულების მე-3 მუხლით განისაზღვრა თამასუქის პირობები: თამასუქის ტიპი - პროცენტიანი მარტივი „სოლო“; საემისიო ღირებულება - 35 000,00 აშშ დოლარი; წლიური პროცენტი - 16%, საპროცენტო სარგებლის გაცემის პერიოდულობა - ყოველთვიურად; დაფარვის თარიღი - 2017 წლის 27 დეკემბერი; თამასუქის განაღდების ვადა - შემძენი პირისათვის გადაცემიდან 12 თვის შემდეგ (3.10 პუნქტი). ხელშეკრულების 3.11 პუნქტით განისაზღვრა სპეციალური დათქმა, რომ თამასუქი იყო ბლოკირებული, ბლოკირებული თამასუქი არ ექვემდებარებოდა გასხვისებას, დაბრუნებას/განაღდებას და სხვა ნებისმიერი ოპერაციის განხორციელებას ამ ხელშეკრულების 3.10 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.

 

ხელშეკრულების მე-4 მუხლით განისაზღვრა თამასუქის გადაცემის წესი და პირობები: ემიტენტის მიერ თამასუქის გადაცემა თამასუქის შემძენი პირისათვის მოხდებოდა შემძენი პირის მიერ თამასუქის საემისიო ღირებულების გადახდის შემდეგ; თამასუქის შემძენი ვალდებული იყო გადაეხადა ემიტენტისათვის თამასუქის საემისიო ღირებულება მოცემული ხელშეკრულების გაფორმებისთანავე.

 

პროცენტის დარიცხვა დაიწყებოდა თამასუქის შემძენი პირისათვის გადაცემის მომდევნო დღიდან და დასრულდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დასრულებისთანავე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

2016 წლის 27 დეკემბრის „მწვანე თამასუქის“ შეძენის ხელშეკრულება №1--- (ს.ფ. 46-47).

 

3.1.2. 2016 წლის 27 დეკემბერს თამასუქის ემიტენტმა სს „მი--------------მა“ გასცა თამასუქი (ნოტარიუსის მიერ დამოწმებული) №A------------------, რომლის თანახმად ინდოსანტმა, თამასუქის ემიტენტმა, სს "მი--------------მა" უპირობოდ აიღო ვალდებულება გადაეხადა ინდოსატის თა------------–---–ისათვის 35 000,00 აშშ დოლარი, ვადა - 2017 წლის 27 დეკემბერი.

 

სს „მი--------------ის“ სალაროს შემოსავლის ორდერის თანახმად, №1--- თამასუქის შესაძენად თა------------–---–ის მიერ გადახდილია 35 000,00 ლარი. მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია გარემოება, რომ ინდოსატის მიერ თანხის გადახდა განხორციელდა მხარეთა შორის გაფორმებული პირობების შესაბამისად.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

2016 წლის 27 დეკემბრის თამასუქი (ს.ფ. 44-45).

სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 48).

მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ, 2018 წლის 14 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 16:28:58).

 

3.1.3. 2017 წლის 15 მაისს გო----------–---–სა და სს „მი--------------ს“ შორის გაფორმდა პროცენტიანი მარტივი - „მწვანე თამასუქის“ შეძენის ხელშეკრულება №2---, დამოწმებული სანოტარო წესით.

 

ხელშეკრულების მე-2 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების საგანი: თამასუქის ემიტენტი ახორციელებდა პროცენტიანი თამასუქის ემისიას, ხოლო თამასუქის შემძენი პირი ყიდულობდა თამასუქს, მხარეთა შორის შეთანხმებულ ფასში; ემიტენტი იღებდა ვალდებულებას განეხორციელებინა თამასუქის ემისია (გამოშვება) თამასუქის შემძენის სახელზე და შესაბამისად გადაეცა თამასუქიდან გამომდინარე, ემიტენტის მიმართ სათამასუქო მოთხოვნის უფლებები; თამასუქის შემძენმა პირმა აიღო ვალდებულება მიეღო თამასუქი და თამასუქიდან გამომდინარე ყველა უფლება და გადაეხადა ემიტენტისათვის თამასუქის საემისიო ღირებულება.

 

ხელშეკრულების მე-3 მუხლით განისაზღვრა თამასუქის პირობები: თამასუქის ტიპი - პროცენტიანი მარტივი „სოლო“; საემისიო ღირებულება - 83 000,00 აშშ დოლარი; წლიური პროცენტი - 16,50%, საპროცენტო სარგებლის გაცემის პერიოდულობა - ვადის ბოლოს; დაფარვის თარიღი - 2018 წლის 15 ნოემბერი; თამასუქის განაღდების ვადა - შემძენი პირისათვის გადაცემიდან 18 თვის შემდეგ (3.10 პუნქტი). ხელშეკრულების 3.11 პუნქტით განისაზღვრა სპეციალური დათქმა, რომ თამასუქი იყო ბლოკირებული, ბლოკირებული თამასუქი არ ექვემდებარებოდა გასხვისებას, დაბრუნებას/განაღდებას და სხვა ნებისმიერი ოპერაციის განხორციელებას ამ ხელშეკრულების 3.10 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.

 

ხელშეკრულების მე-4 მუხლით განისაზღვრა თამასუქის გადაცემის წესი და პირობები: ემიტენტის მიერ თამასუქის გადაცემა თამასუქის შემძენი პირისათვის მოხდებოდა შემძენი პირის მიერ თამასუქის საემისიო ღირებულების გადახდის შემდეგ; თამასუქის შემძენი ვალდებული იყო გადაეხადა ემიტენტისათვის თამასუქის საემისიო ღირებულება მოცემული ხელშეკრულების გაფორმებისთანავე.

 

პროცენტის დარიცხვა დაიწყებოდა თამასუქის შემძენი პირისათვის გადაცემის მომდევნო დღიდან და დასრულდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დასრულებისთანავე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

2017 წლის 15 მაისის „მწვანე თამასუქის“ შეძენის ხელშეკრულება №2--- (ს.ფ. 51-52).

 

3.1.4. 2017 წლის 15 მაისს თამასუქის ემიტენტმა სს „მი--------------მა“ გასცა თამასუქი (ნოტარიუსის მიერ დამოწმებული) №A------------------, რომლის თანახმად თამასუქის ემიტენტმა, სს "მი--------------მა" უპირობოდ აიღო ვალდებულება გადაეხადა ინდოსატის გო----------–---–ისათვის 83 000,00 აშშ დოლარი, ვადა - 2018 წლის 18 ნოებერი; წლიური საპროცენტი განაკვეთი - 16,50%.

 

სს „მი--------------ის“ სალაროს შემოსავლის ორდერის თანახმად, №2--- თამასუქის შესაძენად გო----------–---–ის მიერ 2017 წლის 15 მაისს გადახდილია 83 000,00 ლარი. მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია გარემოება, რომ ინდოსატის მიერ თანხის გადახდა განხორციელდა მხარეთა შორის გაფორმებული პირობების შესაბამისად.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

2017 წლის 15 მაისის თამასუქი (ს.ფ. 49-50).

სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 50).

მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ, 2018 წლის 14 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 16:28:58).

 

3.1.5. მხარეებს შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ თა------------–---–ისათვის სს „მი--------------ს“ არ გადაუხდია ბოლო, ერთი თვის საპროცენტო სარგებელი, ამასთან, მოპასუხეს არც თამასუქის ძირითადი თანხა დაუბრუნებია.

 

ასევე, სს „მი--------------ს“ არ გადაუხდია თამასუქის ძირითადი თანხა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი გო----------–---–ისათვის.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4-27).

მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ, 2018 წლის 14 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 16:41:14).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ თამარ და გო----------–---–ების სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე მუხლები.

 

საქართველოს კანონი „თამასუქის შესახებ“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია თამასუქის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე.

 

„თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს თამასუქის გაცემის, თავდებობის, გადახდის, გამოყენების, გადაცემის წესს, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო აქტებთან ერთად – თამასუქიდან გამომდინარე შედეგებსა და პრეტენზიებს. ამ კანონის თანახმად, თამასუქი ფასიანი ქაღალდია, იგი დოკუმენტია, რომლითაც მისი გამცემი პირი კისრულობს უპირობო ვალდებულებას გადაიხადოს თამასუქში ნაჩვენები თანხა პირადად ან სხვა პირს ავალებს მის გადახდას. თამასუქი ადასტურებს ქონებრივ უფლებებს, იგი წერილობითი სავალო ვალდებულებაა და უდავო უფლებას ანიჭებს იმას, ვისზეც ის არის გამოწერილი (თამასუქის მფლობელს), მოითხოვოს მოვალისაგან თამასუქში აღნიშნული ფულადი თანხის გადახდა (განაღდება) იმ ვადის ამოწურვისთანავე, რა ვადითაც ის არის გამოწერილი, თამასუქში მითითებულ ვადაში ფულადი თანხის მიღებაზე თამასუქის მფლობელის უფლება უდავოა.

 

2016 წლის 27 დეკემბერს თა------------–---–სა და სს „მი--------------ს“ შორის გაფორმდა პროცენტიანი მარტივი თამასუქის შეძენის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ინდოსანტმა მიიღო თანხა 35 000,00 აშშ დოლარი და იკისრა ვალდებულება 2017 წლის 27 დეკემბერს დაეფარა აღნიშნული თანხა, წლიურ პროცენტთან (16,00%) ერთად; 2017 წლის 15 მაისს გო----------–---–სა და სს „მი--------------ს“ შორის გაფორმდა პროცენტიანი მარტივი თამასუქის შეძენის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ინდოსანტმა მიიღო თანხა 83 000,00 აშშ დოლარი და იკისრა ვალდებულება 2018 წლის 15 ნოემბერს დაეფარა აღნიშნული თანხა, წლიურ პროცენტთან (16,50%) ერთად.

 

„თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მიხედვით, თამასუქი შეიძლება გაიცეს გადასახდელად შემდეგი ვადების გათვალისწინებით: ა) წარდგენისთანავე; ბ) წარდგენიდან განსაზღვრული დროის განმავლობაში; გ) გაცემიდან განსაზღვრული დროის განმავლობაში; დ) განსაზღვრულ დღეს. „თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მიხედვით, თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული თამასუქი გადახდილი უნდა იქნეს მისი წარდგენისთანავე. თამასუქის გამცემის მიერ ეს ვადა შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს. აღნიშნული ვადები შეიძლება შეამციროს ინდოსანტმა.

 

განსახილველ შემთხვევაში ემიტენტის მიერ თამასუქის გადაცემა განხორციელდა თამასუქის საემისიო ღირებულების გადახდის შემდეგ. თამასუქის შემძენი ვალდებული იყო გადაეხადა ემიტენტისათვის თამასუქის საემისიო ღირებულება მოცემული ხელშეკრულების გაფორმებისთანავე. მხარეთა შორის არაა სადავო ინდოსატების მიერ თანხის გადახდის განხორციელება მხარეთა შორის გაფორმებული პირობების შესაბამისად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება უნდა განხორციელდეს მხარეთა ხელშეკრულებით და კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

 

„თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის ??-12 მუხლით განსაზღვრულია ინდოსანტის პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს იმას, რომ ინდოსამეტი პასუხს აგებს აქცეპტისა და თამასუქის გადახდისათვის, თუ სხვა რამ არ არის დათქმული.

 

„თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის „ა)“ პუნქტის თანახმად, თამასუქის მფლობელს შეუძლია წარუდგინოს სარჩელი ინდოსანტს, თამასუქის გამცემს და სხვა ვალდებულ პირებს გადახდის ვადის დადგომისას.

 

დადგენილია, რომ თა------------–---–ზე გაცემული თამასუქის გადახდის ვადა დადგა 2017 წლის 27 დეკემბერს. ამასთან, მხარეთა შორის არ არის სადავო, რომ ბოლო თვის საპროცენტო სარგებელი მოპასუხეს არ გადაუხდია. შესაბამისად, ეს და ზემოთ აღნიშნული გარემოებები ანიჭებს თა------------–---–ს უფლებამოსილებას მოითხოვოს სს „მი--------------ისაგან“ თამასუქის ძირითადი თანხის 35 000,00 აშშ დოლარისა და საპროცენტო სარგებლის 460,27 აშშ დოლარის ანაზღაურება.

 

რაც შეეხება გო----------–---–ის მიერ წარდგენილ სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელი წარდგენილი იქნა 2018 წლის 03 სექტემბერს, №2--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თუმცა საქმის სასამართლოში განხილვის მიმდინარეობისას, აღნიშნული თამასუქის გადახდის ვადა დადგა, 2018 წლის 15 ნოემბერს.

 

მოსარჩელე გო----------–---–ი სასარჩელო მოთხოვნას განსაზღვრავს თამასუქის ძირითადი თანხითა (83 000,00 აშშ დოლარი) და 2018 წლის 03 სექტემბრის მდგომარეობით თამასუქის წლიური 16,50%-ის ოდენობით თამასუქის საპროცენტო სარგებლის, ჯამურად, 100 859,78 აშშ დოლარის ოდენობით; მოსარჩელე საპროცენტო სარგებელს განსაზღვრავს 476 დღის რაოდენობით, 2018 წლის 03 სექტემბრის მდგომარეობით, რაც შეადგენს 17 859,78 აშშ დოლარს. მოსარჩელე გო----------–---–ი სასარჩელო მოთხოვნას თამასუქის საპროცენტო სარგებლიდან გამომდინარე 2018 წლის 03 სექტემბრის შემდეგ განსაზღვრავს წლიური 16,50%-ის ოდენობით, დღიურად 37,52 ლარით 2018 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით (73 დღე).

 

გადახდის ვადის დადგომისას თამასუქის ძირითად თანხასთან ერთად სს „მი--------------ი“ გო----------–---–ს გადაუხდიდა საპროცენტო სარგებელს მთლიანად. მოსარჩელე გო----------–---–ი უფლებამოსილია მოითხოვოს თამასუქის ძირითადი თანხა და 2017 წლის 15 მაისიდან 2018 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით თამასუქის საპროცენტი სარგებლის გადახდა მთლიანად 20 598,75 აშშ დოლარის ოდენობით.

სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში სათამასუქო სამართალურთიერთობათა სუბიექტების უფლების დაცვა პროტესტის საშუალების გამოყენებით, რომლის შედგენის შემდეგ წარმოებს თამასუქის გამცემისაგან ფულის გადახდევინება იძულებითი წესით, არ არის აქტუალური, ვიანიდან არ არის აუცილებელი გადახდაზე უარის თქმის გარემოების ფიქსაცია სათანადო წესით შედენილ აქტში, რამდენადაც გადახდაზე უარის თქმის ფაქტი არ იწვევს ეჭვს განსახილველი სათასმასუქო ურთიერთობის სუბიექტებში.

 

6.2. „თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად, თამასუქის მფლობელს სარჩელის წარდგენისას შეუძლია მოითხოვოს გადახდა: ა) არააქცეპტებული ან გადაუხდელი თამასუქის თანხისა პროცენტებითურთ, თუ ასეთი გათვალისწინებული იყო. ბ) პროცენტებისა, ექვსი პროცენტის ოდენობით, რაც გადახდის ვადიდან გამოიანგარიშება; გ) პროტესტის, შეტყობინების გაგზავნასთან დაკავშირებული და სხვა ხარჯები; დ) საურავისა, თამასუქის თანხის სამი პროცენტის ოდენობით, რაც გამოიანგარიშება გადახდის ვადიდან.

 

გო----------–---–მა მოითხოვა სს „მი--------------ისათვის“ უკვე ვადადამდგარი და გადაუხდელი თამასუქის ძირითად თანხაზე, თანხის ფაქტობრივად გადახდის დღემდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, თამასუქის თანხის ექვსი პროცენტის და სამი პროცენტი საურავის გადახდა.

 

გო----------–---–ის თამასუქის გადახდის ვადა დადგა 2018 წლის 15 ნოემბერს. თამასუქის თანხის 83 000,00 აშშ დოლარის 6%-ისა და 3%-ის დღიურად დასარიცხი ოდენობა ჯამურად შეადგენს 20,46 აშშ დოლარს, რისი მოთხოვნის უფლებაც თამასუქის მფლობელს გოჩა მაჭარიშვილს გააჩნია, „თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად „ბ)“ და „დ)“ პუნქტების შესაბამისად, 2018 წლის 15 ნოემბრიდან თანხის ვალდებულების შესრულებამდე.

 

მოსარჩელე თა------------–---–ი ითხოვს თამასუქის თანხის 6%-ისა და 3%-ის, 8,63 აშშ დოლარის 250 ვადაგადაცილებულ დღეზე, 2017 წლის 27 დეკემბრიდან 2018 წლის 03 სექტემბრამდე, ჯამურად 2 157,54 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებას. ასევე თა------------–---–ი ითხოვს მოპასუხისათვის 2018 წლის 03 სექტემბრის შემდეგ თანხის ფაქტობრივად გადახდის დღემდე, შეუსრულებელ ვალდებულებისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე თამასუქის თანხის ექვსი პროცენტის და სამი პროცენტი საურავის თანხის გადახდის დაკისრებას. თა------------–---–ის თამასუქის გადახდის ვადა დადგა - 2017 წლის 27 დეკემბერს. თამასუქის თანხის 35 000,00 აშშ დოლარის 6%-ისა და 3%-ის დღიურად დასარიცხი ოდენობა ჯამურად შეადგენს 8,63 აშშ დოლარს, რისი მოთხოვნის უფლებაც თამასუქის მფლობელს თა------------–---–ს გააჩნია, 2018 წლის 27 დეკემბრიდან თანხის ვალდებულების შესრულებამდე, „თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად „ბ)“ და „დ)“ პუნქტების შესაბამისად.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ვინაიდან, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელეების სასარგებლოდ ამ უკანასკნელთა მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 200,00 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. თა------------–---–ისა და გო----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

 

1.1. სს "მი--------------ს“ თა------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს თამასუქის თანხის და თამასუქის საპროცენტო სარგებლის ერთი თვის დავალიანების, აგრეთვე, გადახდის ვადაგადაცილებისათვის თამასუქის თანხის 6%-ის, (ექვსი პროცენტი) და 3%-ი (სამი პროცენტი) საურავის თანხის, ჯამურად, 37 617,81 აშშ დოლარის გადახდა;

 

1.2. სს „მი--------------ს“ თა------------–---–ის სასარგებლოდ 2018 წლის 03 სექტემბრის შემდეგ, თანხის ფაქტობრივად გადახდის დღემდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დაეკისროს თამასუქის თანხის 6%-ის (ექვსი პროცენტი) და 3%-ი (სამი პროცენტი) საურავის თანხის, ჯამურად, დღეში 8.63 აშშ დოლარის გადახდა;

 

1.3. სს „მი--------------ს" გო----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს თამასუქის თანხისა და წლიური 16,50%-ის ოდენობით თამასუქის საპროცენტო სარგებლის 103 598,75 აშშ დოლარის გადახდა;

 

1.4. სს „მი--------------ს" გო----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 15 ნოემბრის შემდეგ, თანხის ფაქტობრივად გადახდის დღემდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, თამასუქის თანხის 6%-ის (ექვსი პროცენტი) და 3% (სამი პროცენტი) საურავის თანხის - გადახდა, ჯამურად: დღეში 20,46 აშშ დოლარი.

2. სს „მი--------------ის" მოსარჩელეების თა------------–---–ისა და გო----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 200,00 ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მადი ჩანტლაძე