გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.12.2018
საქმის ნომერი
820310018002502962
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
06.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820310018002502962 ( 3-54/18)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

06 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი თამარ ქართველიშვილი

მოსარჩელე - თე-------------ე

მოპასუხე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენილი- ლე----------ე

მესამე პირი: ა------–------ე

წარმომადგენელი- ჯუ---------------–-–--ლი

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის 2018 წლის 21 მაისის ოქმი N5, კერძოდ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანსიაზე ს------- ადმინისტრაციულ ერთეულში ა------–------ის წარდგენის ნაწილში.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 08 ივნისის N1105 ბრძანება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტად ს------- ადმინისტრაციულ ერთეულში ა------–------ის დანიშვნის შესახებ.

 

1.3. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს ვაკანტურ პოზიციაზე, ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე ს------- ადმინისტრაციულ ერთეულში საუკეთესო კანდიდატის ხელახლა შერჩევა ტესტირების გზით, აგრეთვე კანდიდატის კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევების, პროფესიული გამოცდილებისა და მოტივაციის შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი ბრძანება ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე ს------- ადმინისტრაციულ ერთეულში თე-------------ის დანიშვნის შესახებ.

 

სარჩელის მიხედვით, თე-------------ე 2014 წლის 22აგვისტოდან 2018 წლის 09 მაისამდე მუშაობდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის (მერის) წარმომადგენლად ადნისტრაციული ერთეულის სოფელ სარფში. აქვს შესაბამისი პროფესიული ცოდნა, სხვა საჯარო სამსახურებში და მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება. აქვს უმაღლესი იურდიული განათლება. 2018 წლის მაისის თვეში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში დაიწყო რეორგანიზაცია და გამოცხადდა ღია კონკურსი ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანსიაზე ს------- ადმინისტრაციულ ერთეულში. 19-20 მაისს ჩატარდა კონკურსი. აღნიშნული ვაკანსიის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობდა ორი კანდიდატი - მოსარჩელე თე-------------ე და ა------–------ე. საკონკურსო კომისიის 2018 წლის 21 მაისს N5 ოქმით საუკეთესო კანდიდატად მიჩნეული იქნა ა------–------ე და ზემოხსნებულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერს წარედგინა ა------–------ე, რომელსაც არ გააჩნია სამუშაო გამოცდილება, ის მუშაობდა მძღოლად, არ აქვს შესაბამისი პროფესიული ცოდნა, არ აქვს უმაღლესი განათლება.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება უკანონოა, რის შედეგადაც მის კანონიერ ინტერესს და უფლებას მიადგა პირდაპირი და უშუალო ზიანი. საკონკურსო კომისიამ დაარღვია კანონის მოთხოვნები, კომისია არ იყო ობიექტური, ადგილი აქვს მიკერძოებას, სათანადოდ არ შეფასდა მისი განათლება, სამუშაო გამოცდილება და პროფესიული ცოდნა. ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად საკონკურსო კომისიამ პროტექციით წარადგინა ახალი, აშკარად გამოუცდელი კადრი ა------–------ე, რომელსაც მასთათან შედარებით არცერთი ნიშნით არ აქვს უპირატესობა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია, სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ საკონკურსო კომისია მოქმედებდა კანონის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილება არის კანონიერი და კანონიერი შედეგის საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2018 წლის 08 ივნისს მიღებული იქნა კანონიერი ბრძანება ა------–------ის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტად ს------- ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშვნის შესახებ.

მოპასუხის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ თე-------------ის სარჩელის მოთხოვნები არის დაუსაბუთებელი, სამართლებრივ საფუძველს მოკლებული და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირის ა------–------ის წარმომადგენელი წარმოდგენილ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას არ დაეთანხმა სარჩელის მოთხოვნას, მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, ხელვაჩაურის მერიამ ჩაატარა ღია კონკურსი, რომელიც წარიმართა საჯაროდ ყოველგვარი დარღვევების გარეშე. კომისიამ როგორც კოლეგიალურმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება და მასში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არებობს. რაც შეეხება განათლებასაქვს ტექნიკური განათლება, რომელიც დღევანდელი კანონმდებლობით უთანაბრდება სრულ უმაღლეს განათლებას, რაშიც საკონკურსო კომისიას ეჭვი არ შეუტანია.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 4 აპრილის N690 ბრძანებით, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შეუქმნა საკონკურსო კომისია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტურ თანამდებობებზე კანონით დადგენილი წესით კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 12 აპრილის N726 ბრძანებით განისაზღვრა საკონკურსო შემადგენლობა.

განისაზღვრა მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, მათ შორის განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტისათვის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის საკითხებში, სადაც მოთხოვნას წარმოადგენს უმაღლესი განათლება, ეკონომიკის, ადმინისტრირების, იურიდიულ, აგრალურ და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში, მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება, კომპიუტერული პროგრამებისა და სამართლებრივი აქტების ცოდნა,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 4 აპრილის N690 ბრძანება.

-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 12 აპრილის N726 ბრძანება.

-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მიერ დამტკიცებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

 

4.1.2. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად შექმნილი საკონკურსო კომისიის 2018 წლის 11 აპრილის N1 საოქმო გადაწყვეტილებით გამოცხადდა ღია კონკურსი საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებ-გვერდის მეშვეობით, მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტურ თანამდებობებზე გამოსაცხადებელი კონკურსის პროგრამა განისაზღვრა მერის ბრძანებით დამტკიცებული საკვალიფიკაციო მოთხოვნის შესაბამისად, კონკურსის პროცესი გაიყო სამ ეტაპად: განცხადებების გადარჩევა, ზეპირი დავალება და გასაუბრება.

აღნიშნული კომისიის 2018 წლის 23 აპრილის ოქმი N2-ით განისაზღვრა გამოცხადებული კონკურსის მეორე და მესამე ეტაპის ჩატარების ფორმატი, კომისიის წევრთა მიერ კანდიდატთა შეფასება მოხდება 10 ქულიანი შეფასებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკონკურსო კომისიის 2018 წლის 11 აპრილის N1 საოქმო გადაწყვეტილება და 2018 წლის 23 აპრილის ოქმი N2.

 

4.1.3. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსში ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანსიაზე ს------- ადმინისტრაციულ ერთეულში მონაწილეობა მიიღო თე-------------ემ, რომელმაც კომისიას წარუდგინა უმაღლესი განათლების დიპლომი რიტაც დგინდება, რომ იგი 1979 წელს ჩაირიცხა ოდესის სახელმწიფო უნივერსიტეტში და 1987 წელს დაამავრა სამართალმცოდნეობის სპეციალობით, (დიპლომი აღიარებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებები მის სოფელ სარფში გამგებლის წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ და შრომითი ხელშეკრულებები, რიტაც დგინდება, რომ თე-------------ე 2014 წლის 22აგვისტოდან 2018 წლის 09 მაისამდე მუშაობდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის (მერის) წარმომადგენლად ადნისტრაციული ერთეულის სოფელ სარფში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თე-------------ის მიერ საკონკურსო კომისიაში წარდგენილი მასალები.

 

4.1.4. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსში ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანსიაზე ს------- ადმინისტრაციულ ერთეულში მონაწილეობა მიიღო ა------–------ემ, რომელმაც კომისიას წარუდგინა დიპლომი რითაც დგინდება, რომ იგი 1987 წელს შევიდა ოზურგეთის კვების მრეწველობის ტექნიკუმში და 1990 წელს დაამთავრა კვების მრეწველობის საწარმოთა მანქანა მოწყობილობების სპეციალობით. შპს ,,ხე-–-------------------------ის“ დირექტორის მიერ გაცემული ცნობა, რითაც დგინდება, რომ ა------–------ე ნამდვილად მუშაობს შპს ,,ხე-–-------------------------ში მთავარ მძღოლად კუთვნილი ავტომანქანით მარშრუტი ს-------ბათუმი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ა------–------ის მიერ საკონკურსო კომისიაში წარდგენილი მასალები.

 

4.1.5. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანსიაზე მონაწილე კონკურსანტთა გასაუბრება ჩატარდა 2018 წლის 19-20 მაისს. ს------- ადმინისტრაციულ ერთეულში ვაკანსიის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობდა ორი კანდიდატი - თე-------------ე და ა------–------ე. საკონკურსო კომისიის 2018 წლის 21 მაისს N5 ოქმით საუკეთესო კანდიდატად მიჩნეული იქნა ა------–------ე და ზემოხსნებულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერს წარედგინა ა------–------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკონკურსო კომისიის 2018 წლის 21 მაისის N5 ოქმი.

 

4.1.6. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 08 ივნისის N1105 ბრძანებით 2018 წლის 08 ივნისიდან ა------–------ე დაინიშნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტად ს------- ადმინისტრაციულ ერთეულში 12 თვით გამოსაცდელი ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 08 ივნისის N1105 ბრძანება.

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1.მოსარჩლე მხარე სადავოდ ხდის ა------–------ის კონკურსის პირველი ეტაპიდან გადაყვანის კანონიერებას, განმარტავს, რომ ის ვერ აკმაყოფილებდა კონკურსში მონაწილეობის მიღების პირობებს, არ აქვს უმაღლესი განათლება და სათანადო სამუშაო გამოცდილება.

 

მოპასუხე მხარე საპირისპიროს ამტკიცებს და აცხადებს რომ ა------–------ე კანონიერად იქნა მიჩნეული კონკურსში გამარჯვებულად და მიღებული აქტები კანონიერია.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებული სადავო საკითხი წარმოადგენს სამართლებრივი შეფასების საკითხს, რაზეც იქნება მსჯელობა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

-ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია,-საქართველოს კონსტიტუცია;

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

- ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი;

-„საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ “.საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის N204 დადგენილება.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით განსაზღვრულია რა ადამიანის უფლებათა ძირითადი პოსტულატები, ასევე რეგულირებული და დაცულია თანამედროვე კაცობრიობის არსებობისა და ყოფის უმნიშვნელოვანესი ელემენტი - შრომის უფლება. ამ საერთაშორისო დოკუმენტის 23-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება;

 

7.2. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.

საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას.

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

7.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

7.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძველებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. საჯარო სამსახურში მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ცხადდება კონკურსი. მითითებული კანონის 35-ე მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ სამუშაო აღწერილობას და უნდა განსაზღვრავდეს კანდიდატის მიერ ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჭირო მოთხოვნებსა და კვალიფიკაციას, რაც გულისხმობს კანდიდატის როგორც პიროვნული უნარ-ჩვევების, ისე პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტაციის ჩამონათვალის არსებობას.

აღნიშნული კანონის მე-40-ე მუხლის თანახმად, კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, რაც გულისხმობს კანდიდატების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გამოცხადებული ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ ძირითად მოთხოვნებთან, სპეციალურ მოთხოვნებთან და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას, საკონკურსო კომისიის დავალებით უზრუნველყოფს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეული. კანდიდატს, რომელმაც ამ კანონის 39-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკურსის ეტაპი ვერ გაიარა, საკონკურსო კომისია კონკურსის მომდევნო ეტაპამდე 7 კალენდარული დღით ადრე, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა − მომდევნო სამუშაო დღის ჩათვლით, ელექტრონულად ან/და წერილობით აცნობებს მის მიერ წარდგენილი განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ, ხოლო კანდიდატის მოთხოვნის შემთხვევაში – აგრეთვე შეუსაბამობის მიზეზს.

 

7.5 „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკონკურსო-საატესტაციო კომისიების (შემდგომში - კომისია) შექმნისა და საქმიანობის წესს, კონკურსის (შემდგომში - კონკურსი) ჩატარების პროცედურებს, ზოგად პირობებს, კონკურსის ეტაპებს, ასევე განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილებით განსაზღვრული -საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესი.

მითითებული წესის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, კონკურსი არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საუკეთესო კანდიდატის შერჩევა საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის გზით.

მესამე მუხლის მიხედვით, კონკურსის პრინციპები ეფუძნება კანონიერების, კანონის წინაშე თანასწორობის, ეკონომიურობისა და ეფექტიანობის, მიუკერძოებლობის, საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობის, ანგარიშვალდებულების, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, გამჭირვალეობისა და ღიაობის, და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით აღიარებულ სხვა პრინციპებს. კონკურსის ამოცანებია საუკეთესო კანდიდატების შერჩევა ვაკანტური პოზიციებისათვის განსაზღვრულ ძირითად, სპეციალურ და ასევე დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის გზით, კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევების, პროფესიული გამოცდილებისა და მოტივაციის შეფასების საფუძველზე.

 

7.6 სასამართლო განმარტავს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 12 აპრილის ბრძენებით განსაზღვრული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად, განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტისათვის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის საკითხებში, მოთხოვნას წარმოადგენს უმაღლესი განათლება, ეკონომიკის, ადმინისტრირების, იურიდიულ, აგრალურ და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება. კონკურსის პირველი ეტაპიდან ა------–------ე ისე იქნა გადაყვანილი, რომ არ შემოწმდა წარმოადგენდა თუ არა მის მიერ წარდგენილი განათლების დიპლომი უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს.

მოპასუხის წარმომადგენელმა და სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კომისიის თავმჯდომარემ მიუთითეს, რომ საჯარო სამსახურის ბიუროში შესაბამის მოხელესთან სატელეფონო საუბრით გაარკვიეს წარმოადგენდა თუ არა ა------–------ის მიერ წარმოდგენილი დიპლომი უმაღლესი განათლების დიპლომს, რაზეც მიიღეს თანხმობა და კონკურსანტი გადაიყვანეს მომდევნო ეტაპზე. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო დიპლომის შესაბამისობაზე ინფორმაცია მიეღო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან და დაედასტურებინა 1987-1990 წლებში ოზურგეთის კვების მრეწველობის ტექნიკუმში მიღებული განათლება წარმოადგენდა თუა არა საკონკურსო პირობაში ასახულ უმაღლეს განათლებას. მოპასუხე მხარის მიერ ასევე ვერ იქნა დასაბუთებული, რამდენად წარმოადგენდა მძღოლად მუშაობა ეკონომიკის, ადმინისტრირების იურიდიულ, აგრალურ ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში სამუშაო გამოცდილებას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საკონკურსო კომისიის მიერ არ იქნა დადგენილი კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან და კანდიდატის - ა------–------ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გამოცხადებული ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ ძირითად მოთხოვნებთან, სპეციალურ მოთხოვნებთან და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა.

სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო დაესაბუთებინა თუ რა კრიტერიუმების საფუძველზე მიენიჭა ა------–------ეს უპირატესობა და რა გახდა გადამწყვეტი ფაქტორი მისი შემდეგომ ეტაპზე გადაყვანის და კონკურსში გამარჯვებულად მიჩნევისათვის.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, ადმინისტრაციული ორგანო კონკურსის წესით საჯარო მოხელეთა შერჩევის პროცესში დისკრეციული უფლებამოსილებით სარგებლობს, თუმცა მასვე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. ბუნებრივია კანდიდატს, რომელსაც უარი ეთქვა თანამდებობაზე წარსადგენად, უჩნდება საფუძვლიანი უფლება გაეცნოს გადაწყვეტილების მოტივებს. მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილების შედეგებისა, დაინტერესებული მხარისთვის გასაგები უნდა იყოს რა მოტივით იქნა მიღებული მის მიმართ კონკრეტული გადაწყვეტილება.

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანობისა და კანონიერების განცდას უნდა ქმნიდეს.

 

7.7. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ... კანონის ისეთი დარღვევა, რომელიც არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის 2018 წლის 21 მაისის ოქმი N5 საოქმო გადაწყვეტილება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანსიაზე ს------- ადმინისტრაციულ ერთეულში ა------–------ის წარდგენის ნაწილში მიღებულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე (დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი). წინააღმდეგ შემთხვევაში კომისია არ მიიღებდა გადაწყვეტილებას ა------–------ის წარდგენის შესახებ.

 

7.8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ა------–------ის კონკურსში მონაწილეობით და ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენით, შემდგომ კი მისი დანიშვნის ბრძანებით პირდაპირი და უშუალო ზიანი მიადგა მოსარჩელე თე-------------ის კანონიერ უფლებას და ინტერესს, რის გამოც გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

7.9. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. იმავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია თავისი განჩინებით მოაწესრიგოს სადავო საკითხი, თუ აღნიშნული ითვალისწინებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას და არ საჭიროებს საქმის გარემოებათა დამატებით გამოკვლევას, ამასთანავე საკითხი არ მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას.

 

7.10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით დისკრეციული უფლებამოსილება განმარტებულია, როგორც – უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. მოსარჩელე ითხოვს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს ვაკანტურ პოზიციაზე, ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე ს------- ადმინისტრაციულ ერთეულში საუკეთესო კანდიდატის ხელახლა შერჩევა ტესტირების გზით, აგრეთვე კანდიდატის კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევების, პროფესიული გამოცდილებისა და მოტივაციის შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი ბრძანება ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე ს------- ადმინისტრაციულ ერთეულში თე-------------ის დანიშვნის შესახებ. სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენა და თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას მიეკითვნება, რის გამოც სასამართლო არსებითად ვერ გადაწყვეტს საკითხს თე-------------ის მოთხოვნაზე სარჩელის ამ ნაწილში, ამიტომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ ხელახლა უნდა იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსში გამარჯვებული კანდიდატის გამოვლენასა და თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენასთან დაკავშირებით.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისათვის წინასწარ გადახდილია სახ. ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ზემო დასახელებული ნორმის საფუძველზე გადახდილი ბაჟი მოსარჩელეს უკან უნდა დაუბრუნდეს .

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელთან დაკავშირებით უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-13, 22-23-ე 32-33-ე, სამოქალაქო საპროცესი კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. თე-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის 2018 წლის 21 მაისის ოქმი N5 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანსიაზე ს------- ადმინისტრაციულ ერთეულში ა------–------ის წარდგენის ნაწილში.

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 08 ივნისის N1105 ბრძანება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტად ს------- ადმინისტრაციულ ერთეულში ა------–------ის დანიშვნის შესახებ.

 

3. დაევალოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანსიაზე ს------- ადმინისტრაციულ ერთეულში გამოცხადებული კონკურსის ხელახლა ჩატარება და შედეგების შეჯამების შედეგად დასანიშნად კანდიდატის წარდგენა;

 

4. თე-------------ის სარჩელის მოთხოვნა მისი ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანსიაზე ს------- ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშვნის დავალდებულებაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

5. თე-------------ეს დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 20 ივნისს სს „საქართველოს ბანკის“ მეშვეობით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100 (ასი) ლარი, შეტანილი შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300733150.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე